19 აპრილის გამოძახილი

როდესაც ხმამაღლა ვაცხადებთ ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, ბევრი რამ უნდა გაგვახსენდეს, უპირველესად, ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ვერავინ, ვერავის ხელს ვერ შეუშლის რომელიმე გეოპოლიტიკური სივრცისკენ სვლას.

გეოპოლიტიკური სივრცისკენ სწრაფვა ნაციონალური ხელისუფლების მიერ იყო აკრძალული, მხედველობაში მაქვს რუსეთი და დსთ. ამდენად 19 აპრილის მიტინგი ღია კარის მტრევა იყო და მეტი არაფერი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა მოუწოდებდეს საზოგადოებას ევროპული „ღირებულებებისაკენ“ (მაინც რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები?) სერიოზული დაფიქრების საგანია.

ჩემის აზრით, ნაციონალური პარტიის მხრიდან ორიენტაციის მინიშნება, მითუმეტეს ევროპულის, მკრეხელობაა. მკრეხელობაა ისიც, როდესაც ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილს, ევროპული ფასეულებების მატარებლად, სააკაშვილი და მისი ნაცები მიაჩნიათ.

იმას, რასაც საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი თუ ევროპიზაცია ჰქვია, საქართველოს მოსახლეობას სრული უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს ევროპულ „ღირებულებებში“. თუ პოლიტიკოსების, მომიტინგეების ცემა-ტყეპას და ხოცვას, უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩაყრას ევროპული „ღირებულებები“ ჰქვია, მაშინ საქართველოს მოსახლეობას აქვს დაფიქრების უფლება – სურს თუ არა ასეთი ევროპა.

თუ ქვეყნის ძარცვას, ნაძარცვი ფულით ნაციონალთა დროსტარებას, ავხორცობას, საზღვარგარეთ გამუდმებულ ხეტიალს, ფეშენებელურ სასტუმროებში დროსტარებას, სასახლეების, ვილების შენებას, ძვირადღირებული ავტომანქანების, სამკაულების შეძენას – ევროპული გზა ჰქვია, საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობას აქვს უფლება დაფიქრდეს – სურს თუ არა მას ასეთი ევროპა.

ევროპის გზა არ უნდა ნიშნავდეს მეზობლებთან ურთიერთობის გაუარესებას, გაწყვეტას, ომის ატეხვას და შემდეგ მეზობლის დადანაშაულებას – ომი მან ატეხაო. როდესაც დამნაშავე ნაცური ხელისუფლება სრულიად უტუხად სხვას ადებს ხელს ომის გაჩაღებაში და ამ საქმეში მას მხარს უჭერს ევროატლანტიკური სივრცე, ქართველ ხალხს აქვს უფლება დაფიქრდეს – უნდა თუ არა მას ასეთი ხელისუფლება ან მისი მხარდამჭერი ევროპა.

ხელისუფლებამ, რომელმაც დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, დარჩენილი კი ინდოელებზე, პაკისტანელებზე, არაბებზე, ებრაელებზე გაყიდა; ხელისუფლებამ, რომელმაც გააღატაკა ხალხი და იძულებული გახადა ქვეყნიდან გადახვეწილიყო; ხელისუფლებამ, რომელმაც შეურაცხყო ქართული კულტურა, ხუროთმოძღვრება, ტრადიციები და მხოლოდ საკუთარ თავს, ნათესავებს და ახლობლებს მიხედა, სამართლიანად დაიმსახურა ხალხის რისხვა.

ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ნახევრის-ნახევარი, ევროპაში რომ ვინმეს ჩაედინა, მარადიული ციხე არ ასცდებოდა. მაგრამ იგივე ევროპელები, ნაცთა მხრიდან ხელის „გამართვით“ მოხიბლულები, თავზე ხელს უსვამენ ნაციონალებს, რაც აფიქრებინებს ხალხს, რომ ე.წ. ევროპული გზა უფრო ეკლიანია, ვიდრე ვარდიანი.

გზას ევროპისკენ რუსეთი არ უშლის ხელს. ევროპისკენ გზა არ უნდა ნიშნავდეს სამხედრო ბლოკ ნატოში შესვლას. სამხედრო ბლოკი კი ისაა, რაც რუსეთის საზღვრებთან ნეგატიურად აღიქმება.

ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ყოფნა სახიფათოა. მათ აზრს იზიარებენ, მათ აზრს პატივს სცემენ, მათი აზრის გარეშე იქ არ შეგვესვლება. და რახან ეს ასეა, რატომ ვიღლით თავს აბსტრაქტული ლაპარაკით, მიტინგზე ხმის ჩახლეჩამდე ბღავილით? უმჯობესი იქნებოდა დაქცეული ქვეყნისთვის მიგვეხედა.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.