05.12.2024

ჰგვანან ქართველები სამხრეთ კორეელებს?

სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს სააკაშვილმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მტკიცედ გაგვანდო, რომ მის მიერ ამორჩეული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური კურსი სწორია და განხილვას არ ექვემდებარება. ამ ქვეყანაში ნანახმა საყოველთაო წარმატებამ აფიქრებინა მას, რომ აზიური „ვეფხვების“ მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოსთვისაც მისაღებია და არათუ მისაღები – სამაგალითოც.

რეგიონის ქვეყნების თვალშისაცემი მიღწევები ცხადია ხიბლავს ნებისმიერ უცხოელს, მათ შორის ამერიკელსაც და რა გასაკვირია, რომ მათ თავბრუდამხვევი შთაბეჭდილება მოეხდინა სააკაშვილზე.

სინგაპური, ტაილანდი, მალაზია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჰონ-კონგი ის ქვეყნები და ქალაქებია, სადაც გაცილებით თვალნათლივ იგრძნობა 21-ე საუკუნის მაჯისცემა.

ზედმიწევნით მაღალი წესრიგი, სისუფთავე, მოსახლეობის მორჩილება კანონებისადმი, ხელისუფალთა მუყაითი და შემოქმედებითი შრომა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოები, დაწესებულებები, კულტურისა და დასვენების ოაზისები, ყველგან და ყველაფერში რობოტისეული სიზუსტე, კომპეტენტურობა – არის დამახასიათებელი ამ რეგიონისათვის.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ფრანკფურტში – სინგაპურ-ჰონ-კონგიდან დაბრუნებულს, უპირველესად თვალში მომხვდა „უწესრიგობა“. და ეს ფრანკფურტში, პედანტიზმით, წესრიგით  სახელგანთქმულ გერმანიაში.

მკითხველი გაზვიადებულად ნუ ჩათვლის სააკაშვილისეულ აღტაცებას, რამეთუ ის გამოწვეულია შთაბეჭდილებებით, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდება უცხოელი. ასე, რომ სააკაშვილის აღტაცება სულაც არ არის შემთხვევითი, ის კანონზომიერია და ამ თვალსაზრისით გულწრფელად ვიზიარებ მის პათოსს.

თუმცა მეორე ნაწილს არ ვეთანხმები, ვინაიდან აშკარად ყურითმოთრეულია და საკუთარი თავისა და ქართველების გასამხნევებელი შემოძახილია, ვიდრე სინამდვილე.

მეორე ნაწილი მისი სიტყვისა კი იყო ასეთი – ქართველები თურმე ძალიან ვგავართ კორეელებს, ჩვენი ისტორიაც მსგავსია, რომ ოცი წლის წინათ სამხრეთ კორეა ისეთივე იყო ან უარესი, ვიდრე საქართველო, მაგრამ მან განახორციელა გიგანტური რეფორმები, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. ეს კი იმის მომასწავებელია, რომ აღმავლების მისაღწევად საქართველოს გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.

ქართველისა და კორეელის ან ქართველისა და სინგაპურელი ჩინელის (ამ ქალაქ-სახელმწიფოში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ჩინელია) გარეგნულ შედარებას, რომ თავი დავანებოთ, რა ვუყოთ ისტორიას, ცხოვრების წესს, საყოფაცხოვრებო კულტურას, საერთო საქმის ერთად, კოლექტიურად კეთების სურვილს, მუყაითობას, დისციპლინას და სხვა თვისებებს, რითაც ქართველი უაღრესად შორს არის არა მარტო კორეელისაგან, არამედ ნებისმიერი სამხრეთ-აღმოსავლელისგან. ამ ქვეყნებში ზედმიწევნით მაღლა დგას საერთო საქმე, სახელმწიფო საქმე, კოლექტიური, ჯგუფური კეთება საქმისა, რაც შორს არის დღევანდელი ქართული აზროვნებისაგან.

 ერთ ძველ ამბავს გავიხსენებ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიიდან. თბილისის „დინამო“ გამორჩეული იყო ტექნიკით და ინდივიდუალური თამაშით, მაგრამ არა გუნდურითა და კოლექტიურით. და ეს მაშინ, საბჭოეთის დროს, რომელმაც მოახერხა ძალისმიერი პოლიტიკით, ინდივიდუალურად მოთამაშე ქართველებისთვის კოლექტივიზმის გაღვივება.

ამ თვალსაზრისით საბჭოური 70-წლიანი ცხოვრების ისტორია გამოირჩევა ქართველთა ცხოვრების სხვა ისტორიებისგან.  ქართველები ინდივიდუალური მოთამაშეებია და არა კოლექტიური, რაც თვალნათლად დადასტურდა „დამოუკიდებლად“ არსებობის 20-წლიან პერიოდში.

სააკაშვილის მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ფაქტორის გაუთვალისწინებლობა საკუთარი ხალხის ცხოვრების წესის არცოდნას ნიშნავს, ვერც ისტორიის ცოდნა არის საპრეზიდენტო დონეზე. დავუშვათ მან ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისას მიერეკება იმის იმედით, რომ აიძულებს ხალხს შრომისაკენ, თანაც კოლექტიურისაკენ. ვერ აიძულებს! ვინაიდან ასეთს ყველგან და ყველაფერში ძალიან დიდი კონტროლი სჭირდება. ძალით კი ხარისხიანი შრომის ნაყოფის მიღება, უნაყოფობის ტოლფასია.

სამხრეთ-აღმოსავლელი ის ფენომენია, რომელიც დავალებას ხუთიანზე კი არა, ათიანზე ასრულებს. მუყაითი შრომა არის მთავარი დამახასიათებელი ამ რეგიონში მცხოვრები ხალხებისათვის. ისინი შესანიშნავად ეგუებიან მკაცრ სახელმწიფო სისტემას, თუნდაც დიქტატურას, მაგრამ აქაც არის ნიუანსები. ისინი ეგუებიან პატიოსან დიქტატურას, ისეთს, რომელიც წურბელასავით არ სწოვს სისხლს საკუთარ ხალხს.

სულ ახლახანს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ პოლიტოლოგი დიმიტრი მონიავა წერდა სამხრეთ კორეის დიქტატორ პაკ ჩონ ხის პირად ცხოვრებაზე, მის მოკრძალებულ ყოფაზე, პატიოსნობაზე, რაც სამაგალითო იყო ყველა სამხრეთ კორეელისთვის.

ვერც ერთი ქვეშევრდომი ვერ აიტანს (გარდა ქართველისა) ხელისუფლების ისეთ მოჭარბებულ მადას, რაც დამახასიათებელია სააკაშვილისა და მისი კლანისთვის, მთლიანად ხელისუფლებისათვის.

პირად პატიოსნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შენების საქმეში. სამწუხაროდ, ქართველ ხალხს ამ მხრივაც არ გაუმართლა – შევარდნაძე-სააკაშვილის თვალსაზრისით. ორივემ იმდენი ჭამა და ჭამს, რომ ლამის კანი გაუსკდეთ.

ასეთი ლიდერები ცუდი მაგალითის მიმცემია. სწორედ ამ ცუდ მაგალითზე გაიზარდა ახალი თაობა, რომელმაც არ იცის რა არის პატიოსანი, მუყაითი, ხარისხიანი შრომა. ერთადერთი, რაც მან იცის არის დროსტარება, მცირე გონებრივ-ფიზიკური დატვირთვით დიდი ფულის შოვნის სურვილი, ფულის საშოვნელად კი არავისთვის საჭირო პროექტების გამოჩხრეკა და მისი განხორციელება – გზის დაგებით დაწყებული, ფასად-შადრევნის მშენებლობით დამთავრებული.

მთავარია ფული და ფულის მიღებისთვის რაღაც პროექტის მოგონება, რომელიც არც ერს და არც ბერს არ არგია. ასე და ამრიგად თბილისის ქუჩებზე გაიდო რკინის უფუნქციო ხიდები, ძველი ქალაქი მოითხარა არსად მიმავალი მინის ხიდით, გმირთა მოედნის განტვირთვისთვის აშენდა ესტაკადა, რომელიც სატრანსპორტო საცობის ცენტრია, შენდება ახალი ქალაქი ლაზიკა და სხვა.

მსგავს პროექტებს არც სინგაპურსა და არც სამხრეთ კორეაში ადგილი არ აქვს და არც არასოდეს ექნება, ვინაიდან, როგორც ხელისუფლება, ისე ხალხი ამას არ დაუშვებს. ნებისმიერი პროექტი მხოლოდ ხალხთან შეთანხმების შემდეგ ხორციელდება. იქ უცხოა სააკაშვილის მსგავსი ვოლუნტარიზმი, ერთი კაცის ხუშტურზე მთელი ქვეყნის სიარული.

სამხრეთ კორეაში ვინმე წარმოიდგენს, რომ პრეზიდენტმა ერთპიროვნულად გადაწყვიტოს სეულიდან პარლამენტის სხვა ქალაქში გადატანა?

ჩვენი ოპოზიცია, ცხადია სააკაშვილის სამხრეთ-აღმოსავლური აზრების დისკრედიტაციისთვის, ხშირად შეურაცხყოფს რეგიონის ქვეყნებს, ეძახის რა მათ ავტორიტარებს, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი – ქვეყნების ფეხზე დაყენება, ხალხისთვის ჯანსაღი სოციალური პირობების შექმნა და სხვა სიკეთეები. მაგალითად სინგაპური დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქალაქი-სახელმწიფოა, სადაც არ არსებობს უბინაო მოქალაქე.

აზიის ქვეყნების მოსახლეობა გამორჩეულია. მას სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისადმი, რის შესახებაც გაოცებული წერდა ერთი ამერიკელი ჟურნალისტი გასული საუკუნის სამოციან წლებში – თუ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში უკეთესი პირობების შესაქმნელად მუშა-მოსამსახურეები ხშირად იფიცებიან, იაპონიაში პირიქით – ათჯერ უკეთესად მუშაობენ, რათა დაანამუსონ მეპატრონეო.

სამხრეთ კორეა რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამონაკლისი არ არის. იქაც დამნაშავე ან ხელმრუდე მაღალჩინოსანი, მათ შორის პრეზიდენტიც სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ზოგი სიკვდილითაც ისჯება, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.

საქართველოსთვის მისაღებია, რომ კორუმპირებული პრეზიდენტი, ომის დამწყები და ტერიტორიების ფაქტიურად დამკარგავი არხეინად სახლში იჯდეს და საზოგადოებას მოძღვრავდეს.

საქართველოსთვის მისაღებია, რომ ომის დამწყები და ფაქტიურად დაკარგული ტერიტორიების იურიდიულად დამკარგავი პრეზიდენტი გამარჯვებულივით მთელს მსოფლიოს მერამდენე წრეს უვლიდეს, უზომოდ ჭამდეს, აჩანაგებდეს ქვეყანას და სამომავლო გეგმებს ქსოვდეს უფრო მეტი ჭამისათვის.

საქართველოსთვის მისაღებია, რომ ამ აღვირახსნილობის ფონზე ოპოზიცია არხეინად იყოს, ყველაფერს „გაგებით“ ეკიდებოდეს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდეს, როგორ მოხვდეს პარლამენტში.

ამას წინათ პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ზემოთნახსენებ გაზეთში წერდა თანამედროვე საქართველოს ცხოვრების შესახებ. ღრმაშინაარსიან სტატიაში სრული ჭეშმარიტებით მიუთითებს ის ჩვენში არსებულ ნაკლოვანებებზე, ახალ მენტალიტეტზე და იმაზე, თუ როგორ იკვლევს მავანი „პოლიტიკოსი“, საკუთარი კუჭის ამოსაყორად, გზას ერთი პარტიიდან მეორისკენ.

პატივცემული ალექსანდრე წერს, თუ რა ტემპით მივარდნენ ქართველი „ანალიტიკოსები“, საზოგადოების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლა გამოაცხადა.

არც ერთ მათგანს არ უკითხავს, რა უნდა ივანიშვილს, რა იდეოლოგიის მატარებელია, როგორ აპირებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას. ერთი სიტყვით, არავინ დაინტერესებულა ივანიშვილის სამომავლო გეგმით. არც ივანიშვილს დაუსვია მათთვის კითხვა, რატომ მივარდნენ ისინი მას.

თუ თვალს გადავავლებთ საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრების მაგალითებს, მსგავს ვერსად ამოვიკითხავთ. რუსეთი, რომ რუსეთია ათჯერ მეტი მილიარდის პატრონ პროხოროვისადმი ინტერესი ისეთი არ ყოფილა, როგორიც ივანიშვილის მიმართ, რაც აშკარად მეტყველებს „პოლიტიკოსებსა“ და საზოგადოებაში ღრმადგამჯდარ საკუთარი კუჭის ფილოსოფიაზე.

ბიძინა სწორედ ისაა ვინც მისულები მატერიალურად დააპურა და მომავალში (გამარჯვების შემთხვევაში) უფრო მეტსაც დაჰპირდა. ჰოდა რაღა უნდათ საკუთარი კუჭის ამოყორვის მსურველებს? არავითარი სამშობლო, არავითარი სამშობლოს ბედით თავის ატკივება, მთავარია საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა.

ტელემაყურებლებისათვის ჩვეულებრივ ამბავად არის ქცეული სამხრეთ კორეელთა სისტემატური საპროტესტო მანიფესტაციები, თავდაუზოგავი შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. კორეელები იბრძვიან ქვეყნისა და საკუთარი თავის სიკეთისთვის და არა საკუთარი თავის და შემდეგ ქვეყნისთვის, რასაც ჩვენში აქვს ადგილი.

წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რა მიტინგებსა და სახალხო გამოსვლებს ექნებოდა ადგილი, კორეელებს, რომ გაეგოთ ბენზინის ფასების ვოლუნტარისტული ზრდით პრეზიდენტს ყოველწლიურად 23 მილიონი დოლარის მოგება რომ შესდიოდეს ისე, როგორც სააკაშვილს.

რომ იტყვიან სრულ განუკითხაობასთან, უკონტროლობასთან გვაქვს საქმე და ამ უკონტროლობაში დიდი წვლილი შეაქვს ე.წ. ოპოზიციასაც, რომელსაც სულაც არ აინტერესებს ხალხი და ქვეყანა, მათი გასაჭირი და პრობლემები. ერთიც და მეორეც სიტყვის მასალა, ამომრჩეველი და ის ტერიტორიაა, სადაც არჩევნები ტარდება.

დასასრულს, ერთის თქმა შეიძლება – ქართული საზოგადოება მზად არ არის შენებისთვის, მას დღემდე ვერ გაუაზრებია, რომ ამ ქვეყანას მოვლა-პატრონობა, მუხლმოდრეკილი შრომა, ბევრი ოფლის ღვრა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პატრონი გამოჩნდება. იქნებ გამოჩნდა კიდეც, სხვა აზროვნებით, არაქართული შემართებით, რომლისთვის აბორიგენი მოსახლეობა რეზერვაციაში ცხოვრების ღირსია ისე, როგორც ამას ადგილი აქვს აშშ-ი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.