04.12.2024

ფათერაკიანი აგვისტო

საქართველოსთვის, ფათერაკიანად დაბედებულ აგვისტოს, მშვიდობიანად ვერც წელს ავცდით. 1992 წლის აგვისტოდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით, ეს უწყინარი დასვენების თვე ლამის კოშმარად ექცეს ქვეყანას. როგორც „ავი“ ხმები ამბობენ, ფათერაკებისა და თავგადასავლების მაძიებელი ხელისუფლების ხელში არა მარტო უწყინარი, დეპოლიტიზირებული აგვისტო გახდა თავსატეხი, არამედ წლის თორმეტი თვიდან ყველა.

არამგრადი, ქარაფშუტა და რაც მთავარია ავანტიურისტი ხელისუფლების წყალობით ვერასდროს ვიქნებით დაზღვეული რაიმე სერიოზული ექსცესებისგან, მეზობელ რუსეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო. ცინცხალი დაძაბულობა, რომელსაც „ვიღაც“ ბოევიკებთან შეტაკება მოჰყვა, საქართველოსთვის სამი მებრძოლის სიცოცხლით დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მაღალი მთების სიახლოეს ზურგით მდგომმა, ტრადიციულად აამეტყველა საკუთარი სააგიტაციო მანქანა, ასევე ტრადიციად ქცეული რუსეთის ლანძღვით. პრეზიდენტის მიერ შეთხზული ვერსია – რუსეთის მხრიდან ბოევიკთა გაწვრთნა და დივერსიის მიზნით საქართველოში შემოგზავნა, მხოლოდ საქართველოში მცხოვრები გაუთვითცნობიერებული ადამიანების გონებაზეა მორგებული. სხვა მხრივ ეს ვერსია იმდენად სუსტია, რომ საზოგადოების გათვითცნობიერებულ ნაწილში ხელისუფლების მიმართ ეჭვს და უნდობლობას იწვევს.

 პრეზიდენტის სიტყვაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ მთებს იქით არის არეულობა, აქეთ სიმშვიდე და აღმშენებლობა და რომ ამ სიმშვიდეს, კეთილი საქმეების კეთებას, ქვეყანას ვერავინ დაუშლის, ვერც რუსეთის მიერ შემოგზავნილი ბოევიკები და ვერც სხვაგვარი დივერსიულ-პროვოკაციული გამოხდომები.

დავუშვათ, ყველაფერი ისეა, როგორც სააკაშვილმა ბრძანა – რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივ „პროვოკაციას“ ადგილი არ ჰქონდეს? კაცმა რომ თქვას არც არაფერს – გარდა მკვახე, უწმაწურობაში გადასული განცხადებებისა. საქართველოს ხელისუფლება არ აწარმოებს არავითარ მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან, პირიქით, 2004 წლის აგვისტოში დანთებულ კოცონს დაბეჯითებით ასხამს ნავთს.

დღე ისე არ ჩაივლის რუსეთი და კრემლი მრავალჯერ არ გაილანძღოს და გაქილიკდეს ქართველი „პოლიტიკოს-პოლიტოლოგების“ მხრიდან. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ამჯერადაც. სააკაშვილის ვერსია უმალ აიტაცა „პოლიტოლოგმა“ ჩიტაძემ თუ ჩიტიძემ და ისეთი ბრიყვული ბუღი დააყენა „მაესტროს“ ეთერში – მხოლოდ შეფს, რომ გაახარებდა აქ, იქ კი – შეფის დამრიგებელ რესპუბლიკელ სენატორ მაკკეინს.

პატივცემულ ნიკას პირიდან ბევრი ითქვა რუსთა მიერ ჩრდილოეთ ირლანდიელ სეპარატისტებთან, წითელ ბრიგადებთან, „ჰამასთან“ თანამშრომლობის შესახებ და აქედან გამომდინარე დასკვნაც გააკეთა – რუსთა კავშირზე საქართველოში შემოგზავნილ ბანდასთან. მიზანი – საქართველოს დესტაბილიზაცია.

ნიკას და მიშას ნათქვამი ზედმიწევნით დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია ანუ საზოგადოების მორიგ აღშფოთებას რუსეთის მიმართ. მიშიკოებო და ნიკებო (თავს დამცირებულად ვგრძნობ, როდესაც პატივცემულ ნიკას ესოდენ ბევრ დროს ვუთმობ), არაობიექტურობამ, უაზრო ფანტაზიორობამ ხომ არ გამოიწვია საზოგადოების მოჭარბებული უნდობლობა თქვენი ვერსიების მიმართ?

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რუსეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. ამ ქვეყნის მუდმივი კრიტიკოსი ამერიკელი ბჟეზინსკიც კი ასე წერდა 1999 წელს ამ ქვეყანაზე: „რუსეთი რჩება მსხვილ გეოსტრატეგიულ მოქმედ პირად, მიუხედავად დასუსტებული სახელმწიფოსი“. დღევანდელ რუსეთს, 1999 წლის რუსეთთან შედარებით, ძლიერს, სხვაგვარი დამოკიდებულება ესაჭიროება არშემდგარი ქვეყნის პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა მხრიდან.

ლოპოტის ხეობის მწარე ზღაპარი ჯერ-ჯერობით ამოუხსნელი რჩება საზოგადოებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხელისუფლების ცვლის შემდეგ არა მარტო ამ სპეცოპერაციას მოეფინება ნათელი, არამედ ბევრ სხვასაც. მანამდე კი მიშა ქვეყნის გადამრჩენი, მშვიდი ძილის გარანტორი იქნება – ასე თვლის ის.

საინტერესოა, რა შეფასებას მისცემს ლოპოტას ბუნებრივ თუ პოლიტიკურ ქარიშხალში გახვეული დიდი დამრიგებელი? საქართველოს ხელისუფალთა ძალისხმევით სპეცოპერაციას ანტირუსული შეფასება მისცა ებრაულმა ტელეკომპანია RTVI. რაღა „რუსთავი-2“ და რაღა ეს ტელეკომპანია. ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს – მიშიკოს ქებაში და რუსეთის ხელისუფლების, განსაკუთრებით პუტინის ლანძღვაში.

ხელისუფლების სპეცოპერაცია ისე, როგორც 4 წლის წინათ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს დაემთხვა, კერძოდ რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატად რომნი დაამტკიცა, ვიცე-პრეზიდენტობის – კონგრესმენი პოლ რაიანი.

ყრილობის მონაწილეემა არაფერი დაიშურეს დღევანდელი პრეზიდენტის კრიტიკისთვის. ობამაზე განსაკუთრებული იერეში მიიტანა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა რაინმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ 4 წელია თეთრი სახლიდან ისმის გაუთავებელი ლაპარაკი, მაგრამ საქმე არ ჩანს, რომ ობამა უაღრესად რბილი პრეზიდენტია და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მთელ რიგ საკითხებში მეტად დამთმობია რუსეთ-ჩინეთის მიმართ, რომ აშშ-ს ეკონომიკას ვერაფერი ეშველა, არ ჩანს დანაპირები ეკონომიკური აღმავლობა, ახალი სამუშაო ადგილები.

ობამას კრიტიკას სხვაგვარი ელფერი შესძინა თვით პრეზიდენტობის კანდიდატმა რომნიმ. მან ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკელთა გაჭირვება პრეზიდენტის უნიათო პოლიტიკას მიაწერა. რომნიმ ობამა დაადანაშაულა უმუშევრობის ზრდაში (23 მილიონი), მოსახლეობის საშუალო ფენის გაჭირვებაში, სახელმწიფო ვალის (16 ტრილიონი) ზრდაში და ამომრჩევლებს აღუთქვა საამური მომავალი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მას დაუჭერენ მხარს.

რომნი საგარეო პოლიტიკასაც შეეხო და იმ ქვეყნებზე ილაპარაკა, სადაც ამას წინათ ჰქონდა ვიზიტი (პოლონეთი, ისრაელი). მან ადმინისტრაციის შეცდომად ჩათვალა ამ ქვეყნების მიმართ არასათანადო ყურადღება. რომნიმ რუსეთიც გაიხსენა ერთობ მკვახე სიტყვებით, რაც მისი გამარჯვების შემთხვევაში კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიოს.

ცხადია აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად შეუფერებელია ნომერ პირველი ქვეყნისათვის, დიდია უმუშევრობაც, მაგრამ სტაგნაცია დემოკრატების მმართველობის განმავლობაში არ დაწყებულა. ის ოთხი წლის წინათ, რესპუბლიკელთა მმართველობის დროს დაიწყო – გაუმართლებელი ომების (ერაყი, ავღანეთი) წამოწყებით და ამ საქმეში მილიარდობით დოლარის ყრით.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი ამერიკა ის არ არის, რაზეც 1999 წელს წერდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“ – „ამერიკული გზის მიბაძულობაში ნელ-ნელა მთელი მსოფლიო ეხვევა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობას ირიბი და ერთის შეხედვით კონსენსუსური ამერიკული ჰეგემონიის დასამყარებლად“.

დღევანდელი მსოფლიო ნაკლებად ცდილობს კოპირება გაუკეთოს ამერიკული ცხოვრების წესს. მას თავისი გაჭირვება აქვს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს. სწორედ ამერიკის მიბაძვამ მიიყვანა ევროკავშირი, დანარჩენი ქვეყნები რეცესიამდე და ეკონომიკურ სტაგნაციამდე.

მიუხედავად ამისა ამერიკა მაინც რჩება ნომერ პირველ ქვეყნად, სახელმწიფოდ, რომელსაც აშკარად სურს მარადჟამს იყოს ასეთი, თანაც მსოფლიოს ჰეგემონი, თუმცა მის ნათქვამს, რჩევას და დირექტივას სულ უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. საილუსტრაციოდ – ირანში გამართული მიუმხრობლობის ქვეყნების კონფერენციაც კმარა. აშშ-ა ყველა ღონე იხმარა, რათა კონფერენციაში არავის მიეღო მონაწილეობა, მაგრამ არ გაუმართლა. თეირანის კონფერენცია მასშტაბური გამოდგა – მასში მონაწილე ქვეყნების სახით. გარდა ამისა კონფერენციაში მონაწილეობდა გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი.

შეძლებს რესპუბლიკელთა კანდიდატი, რომნი აშშ-ს სახელის უწინდებურ განდიდებას – ძნელი სათქმელია. მან უპირველესად არჩევნები უნდა მოიგოს, რაც არცთუ იოლია, მიუხედავად იმისა, „რბილ“ ობამასთან აქვს თუ არა საქმე.

ექსპერტთა ვარაუდით, ამ ეტაპზე შეინიშნება ძალთა თანაფარდობა, რაც იმის მომასწავებელია, რომ თითოეული ხმისათვის მწვავე ბრძოლას ექნება ადგილი. მოპაექრენი და მათი გუნდის წევრები, ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის გაიხსენებენ ყველაფერს, მათ შორის რელიგიასაც  და ეს გაგრძელდება 6 ნოემბრამდე – პრეზიდენტის არჩევნებამდე.

 რელიგიის თვალსაზრისით ობამა არაერთხელ გამხდარა საგაზეთო სტატიის „გმირი“, თუმცა არც რომნი იყო უყურადღებოდ – მორმონობის გამო.

ობამას სამწუხაროდ, თანამემამულეებში მის რელიგიურობასთან დაკავშირებით ბევრი რამ რჩება გაურკვეველი. ოფიციალური ვერსიით ბარაკ ჰუსეინ ობამა დაიბადა 1961 წლის 4 აგვისტოს ჰონოლულუში (ჰავაის კუნძულები). მისი მამა იყო კენიელი სტუდენტი ჰუსეინ ონიაგო ობამა, დედა – კანზასელი სტენლი ენ დანჰემი. როგორც სტენლის მეგობრები ამბობენ – ის იყო პირწავარდნილი ათეისტი, ხოლო მისი მშობლები უნიატური ეკლესიის მიმდევრები.

ჰუსეინ ობამაც ათეისტი იყო. ბარაკის დაბადების შემდეგ დედამ თავი დაანება სწავლას, ხოლო მამამ გადაწყვიტა ჰარვარდში ესწავლა. ქორწინება დაიშალა. 1967 წელს ობამას დედა ცოლად გაჰყვა ინდონეზიელ სტუდენტს – ლოლო სუტოროს, რომელმაც ცოლი და 6 წლის ბარაკი საცხოვრებლად ინდონეზიაში გადაიყვანა. იქ ობამას – ბარი სუტოროს ეძახდნენ. ორი წლის განმავლობაში ობამა დადიოდა კათოლიკურ სკოლაში, შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდა ინდონეზიის სახელმწიფო სკოლაში – სხვა ვერსიით  მუსლიმანურ სასწავლებელში.

ინდონეზია მუსლიმანური ქვეყანაა. ობამას მამინაცვალი ეკუთვნოდა იავის სოციო-კულტურულ ჯგუფს აბანგანს, რომელიც ინდონეზიის ყველაზე მრავალრიცხოვან მუსლიმანურ ჯგუფად ითვლება.

ყოველივე აღნიშნულმა ამერიკულ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ ობამა მუსლიმანია. „მე ყოველთვის ვიყავი ქრისტიანი. ერთადერთი რაც მაკავშირებს ისლამთან, არის ბაბუა მამის მხრიდან, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ მუსლიმანი“, – განაცხადა ობამამ.

მიუხედავად ამისა, საყოველთაო გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 34% თვლის მას ქრისტიანად. რაც შეეხება დაეჭვებულ ამერიკელთა რაოდენობას – იმატა 34-დან 43%-მდე. ცხადია ამერიკის ამომრჩევლისთვის უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება არა რელიგიას, არამედ ეკონომიკას, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რელიგია რაღაცნაირად განსაზღვრავს ადამიანის იდენტიფიკაციის საქმეს. დასტურად ამისა საკმარისია ერთი ამერიკელი ჟურნალისტის ციტირება: „არ აქვს მნიშვნელობა ობამა ქრისტიანია თუ არა, მთავარია, რომ ის მუსლიმანი არ არის“.

 ასე, რომ ნოემბრის არჩევნებში რელიგიას შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. საზოგადოებისთვის ორივე კანდიდატის რელიგიური მრწამსი ბევრ კითხვას ბადებს. თვით კანდიდატები ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ამ თემას – ვინაიდან საპასუხო დარტყმა იქნება მოსალოდნელი, მაგრამ რაც შეეხება ამომრჩევლებს –  მალე გამოჩნდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.