05.12.2024

რა მოგვიტანა ავადსახსენებელმა თებერვალმა

ქართულმა მედიამ, ისე, როგორც ყოველთვის, „საკადრისი“ პასუხი გასცა ოკუპანტ რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს – სიტყვებისთვის, რომელიც მათ წარმოთქვეს სხვადასხვა შეხვედრების დროს. შესაბამისი პასუხისთვის ჯიბეში ხელი არც პარლამენტის წევრებს, სხვა პოლიტიკოსებს ჩაუყვიათ.

რუსეთი ისეთი თემაა, რომელიც ასულდგმულებს ნაციონალურ მოძრაობას და მის გულშემატკივარ საზოგადოებას. ამ თემაზეა აგებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, საერთოდ მისი არსებობა და აქედან გამომდინარე ქვეყნის ბედიც. რუსეთი მუდმივი, თან უკვდავი თემაა, რომელსაც ოსტატურად იყენებს სააკაშვილი დასავლეთთან, კერძოდ აშშ-ნ ურთიერთობაში.

რუსეთი დიდი სპეკულაციის საგანია, არა მარტო სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ხელში, არამედ ამერიკელ პოლიტიკოსთა ხელშიც. რუსულ საფრთხეზე იგება ახალ-ახალი პროექტები დასავლეთის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.

რუსული საფრთხის გამო იქმნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ევროპაში, თუმცა ამ შემთხვევაში მას, ნაცვლად რუსულისა, ირანული ჰქვია. რუსულმა საფრთხემ შეუნარჩუნა მსოფლიოს ცივი ომის პერიოდის პირმშო – ნატო.

რუსულ საფრთხეს უნდა უმადლოდნენ ნატოელი მოხელეები თავიანთ არსებობას, მაღალ ხელფასს. არც აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეთქმის აუგი რუსულ საფრთხეზე, ვინაიდან სწორედ საფრთხის არსებობა, თუნდაც ვირტუალური, აძლევს მას საშუალებას შეასრულოს მსუყე სამხედრო შეკვეთები.

რუსული საფრთხე მთავარი კოზირია დასავლეთის ხელში, პოლიტიკური დებატებისა და მოლაპარაკებების დროს. ამ საფრთხეზე არის ჩამოკიდებული დიდი რაოდენობა დასავლელი პოლიტიკოსებისა, სამხედრო სპეციალისტებისა, ჟურნალისტებისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, ამით ჭამენ ისინი პურს.

რუსული საფრთხე ის საკითხია, რომელიც აახლოებს სააკაშვილის ხელისუფლებას აშშ-ს ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სახის ორგანიზაციებთან ღია თუ დახურულთან, ამერიკულ კვლევით ცენტრებთან.

ერთი სიტყვით, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის რუსეთი არის წყალი, ჰაერი, პური არსებობისთვის. რომ არ ყოფილიყო რუსეთი – ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. სააკაშვილისა და ნაცებისთვის რუსული ბუა, თუნდაც დათვი, სიცოცხლის სტიმულია. ის წამალია, რომელიც ახალისებს, ახალ ენერგიას მატებს, საბრძოლველად აწყობს მათ.

რუსეთის ფაქტორი, ცხადია ნეგატიური გაგებით, დამოუკიდებელი ცხოვრების ის ატრიბუტია, რომლის გარეშე საქართველოს მოსახლეობას სიცოცხლე არ შეუძლია.

20 წელია სხვადასხვა ხელისუფალის ხელში რუსული ფაქტორი სხვადასხვა დატვირთვას იღებს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რუსეთის ხსენების ტემპერატურას დაეწიოს. ტემპერატურა ყოველთვის მაღალია ან უფრო მაღალი.

ანტირუსული განწყობის შემომღები და გამღვივებული ეროვნული ხელისუფლება და მისი ლიდერი გამსახურდია იყო. მის მიერ დაწყებულ „მამულიშვილურ“ საქმეს თავისებური „პეწი“ შესძინა შევარდნაძემ, ხოლო სააკაშვილმა ზენიტში აიყვანა – ისეთში, რომლის იქით არაფერია, გარდა ავის მომასწავებელი ღრუბლებისა, რომელიც ერთხელაც იქნება წვიმასა და ქართან ერთად სეტყვასაც დაგვაყრის, გაცილებით ძლიერს, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი 2008 წელს.

რუსული თემის სისტემატურობას ამჟამად ძველიც უკავშირდება ანუ ძალად გასაბჭოების თებერვალი. იმ თებერვლის გახსენებისთვის საქართველოს ხელისუფლება ალისფერი ყაყაჩოებით იმკობს მკერდს. და ასე გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. ყაყაჩოიანი ტელეჟურნალისტები არა მარტო იმ ავადსახსენებელ თებერვალს იხსენებენ, არამედ დღევანდელ დღესაც. ამ გახსენებას თავისებურ სტიმულს აძლევს, ცხადია ნეგატიური თვალსაზრისით, რუსეთის ტანდემის გამონათქვამები.

ბოლო დღეების სატელევიზიო საინფორმაციო ბლოკები ამ გამონათქვამებით და მათზე „პატრიოტი“ ქართველი პოლიტიკოსების პასუხებით იყო გაჯერებული. როდესაც საინფორმაციო გადაცემის პირველი ხუთი სიუჟეტი რუსეთს ეძღვნება, სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ – საქართველო იმ მიტოვებულ ცოლს ჰგავს, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება გაქცეული ქმარი, სიბრაზისგან თავს ვერ იკავებს და უაზროდ ლანძღავს მას.

ტანდემის განცხადებამ „გააბრაზა“ პარლამენტარი წიკლაური, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სხვები და თქმა არ უნდა, ისე, შემოსძახეს, არათუ მედვედევ-პუტინს, არამედ ყვავსაც ჩამოაგდებდა ხიდან.

ყვავის რა მოგახსენოთ, მაგრამ მედვედევ-პუტინი ჯერ-ჯერობით ადგილზე არიან და როგორც წინასწარმეტყველებენ, ასეც იქნებიან 4 მარტამდე. 4 მარტის შემდეგ კი, იმავე წინასწარმეტყველთა მიხედვით, პუტინი კრემლში გადაინაცვლებს, მედვედევი – მოსკოვის თეთრ სახლში.

გადანაცვლების შემდეგ პოლიტიკაც შეიცვლება, მაგრამ ნაკლებად დასაჯერებელია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ის ისე შეიცვალოს, როგორც სააკაშვილსა და მის ნაცებს სურთ. პირიქით კი ანუ კიდევ უფრო გაუარესებისკენ მოსალოდნელია.

და მაინც რა თქვეს ასეთი მედვედევ-პუტინმა, ქართველთა მორიგი წყრომა რომ გამოიწვია?  ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, არაფერი, უფრო სწორად არაფერი ისეთი, რაც წინათ არ მოგვისმენია. საქართველოსთვის ახალი არ უნდა იყოს 2008 წლის მოვლენებში სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დადანაშაულება, რამეთუ ეს თემა ევროკავშირის სპეციალური კომისიის მიერ შესწავლილ-დადასტურებულია, მედვედევ-პუტინის სასარგებლოდ.

არც ის არის გასაკვირი ან გასაქილიკებელი, როდესაც მათი მხრიდან ითქმის ის, რომ უყვართ და პატივს სცემენ ქართველ ხალხს და რომ არა სააკაშვილის ხელისუფლება. რუსეთს პოზიტიური ურთიერთობა ექნებოდა საქართველოსთან.

ნახეთ, როგორ მიჯნავენ ერთმანეთისგან საქართველოსა და მის ხელისუფლებასო, – გაჰყვირიან ნაცები და მათი ჟურნალისტები, თითქოს ეს ხელისუფლება ისეთი საყვარელია ქართველი ხალხისათვის, რომ გამიჯნვა მიუღებელი ყოფილიყოს მისთვის.

რუსეთს აქვს საბაბი სხვაგვარად მოიხსენიოს საქართველოს ხელისუფლება იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ის მიმართავს წლების განმავლობაში. მარტო 2008 წელი რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ პროპაგანდისტულ საქმიანობაზე, რასაც სააკაშვილი და მისი ნაცები ეწევიან რუსეთისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

სააკაშვილი წამს არ კარგავს რუსეთის ლანძღვისთვის, რითაც უდიდეს სიამოვნებას გვრის ამერიკელ პატრონებს.

ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების სულისჩამდგმელი, დემოკრატიის შუქურად წოდებული სააკაშვილი არც პრეზიდენტ ობამას დროს განიცდის დისკომფორტს, მისი ყველა უცხოური გამოსვლა გამაგრებულია ობამასთან შეხვედრის ვერბალური სიუჟეტებით. და რაც არ უნდა ნეგატიურად შეაფასოს ოპოზიციამ ობამა-სააკაშვილის ლაპარაკი, მის დივიდენდებს უკვე იმკის სააკაშვილი.

შეხვედრით გახარებულმა სააკაშვილმა უმალ მისცა ობამას თანხმობა ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნისათვის. შინ დაბრუნებულმა კი ბათუმში შემორჩენილი გმირთა მემორიალიც ისე გაუყენა ქუთაისის მემორიალის გზას და გორში სტალინის ძეგლს, თითქოს სრულიად საქართველოს ჰქონდა ასეთი სურვილი.

სააკაშვილისა და ნაცების ომი ძეგლებთან კარგა ხანია მიმდინარეობს. და ამ ომში სააკაშვილი მარტო არ არის. მის უკან დიდი „დემოკრატი“ აშშ-ა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყანა. თუმცა, როგორც ჩანს, არც მას და არც ვინმეს ევროპიდან არ აღელვებს სააკაშვილის თავხედობა. რატომღაც ძეგლების აღებას – რუსეთთან დაპირისპირებად აღიქვამენ, რაც ახალისებთ მათ.

თებერვლის ბოლო კვირა დიდი და პატარა ოკუპაციის შეფასებით იყო აღსავსე. დიდი ოკუპაცია და ანექსია 1921 წელს განხორციელდა, პატარა – 2008 წელს. ქართველი ხალხისთვის –  ორივე დიდია და ერთმანეთისგან განსხვვებული. ბევრი მიიჩნევს, რომ არა 1921 წლის ოკუპაცია-ანექსია საქართველო წარმატებული ქვეყანა იქნებოდა.

პოლიტიკაში ვარაუდი დასაშვებია, თუმცა შედეგი – აბსტრაქციულია. რეალობა კი გვკარნახობს სხვას – საქართველო, ისე, როგორც მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი თავს ვერ აარიდებდა ბოლშევიკურ მართველობას. მცირედი პაუზა, რომელიც გაჩნდა რუსეთის იმპერიის დამხობასა და ბოლშევიკების კავკასიაში შემოსვლას შორის, აუცილებლად შეივსებოდა რუსეთის და არა სხვა სახელმწიფოს მიერ.

თუ რა მოუტანა საქართველოს რუსეთის იმპერიამ და კომუნისტურმა წყობამ – ცნობილი ფაქტია, მაგრამ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული დემოგრაფიული სურათი, კარდინალურად უკეთესობით შეიცვალა, ესეც ფაქტია.

ფაქტია ისიც, რომ საბჭოთა საქართველოს განათლების დონე არა მარტო საბჭოთა კავშირში იყო სამაგალითო, არამედ მსოფლიოში. საქართველოში შეიქმნა მეცნიერებათა აკადემია უამრავი ინსტიტუტით, ქართველი მეცნიერების სახელი შორს გასცდა საქართველოს.

ქვეყანამ მანამდე არარსებულ წარმატებებს მიაღწია თითქმის ყველა დარგში. საქართველოში წარმოებული 70 სხვადასხვა დასახელების პროდუქცია მსოფლიოს ქვეყნებში იგზავნებოდა. აგრარულ-სამრეწველო საქართველო, წარმატების თვალსაზრისით, საჩვენებელი რესპუბლიკა იყო სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში და რაც მთავარია, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონე სამაგალითოდ ითვლებოდა. მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ უმეცარს შეუძლია უარყოს ყოველივე ეს.

დაიხ, საბჭოთა კავშირს ჰქონდა მანკიერი მხარეები, ისე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, მაგრამ მას დადებითიც ჰქონდა, რომელიც ობიექტურ შეფასებას მოითხოვს და არა ქარაფშუტული დასკვნების გაკეთებას.

20 წელია საქართველო ვითომ დამოუკიდებლად ცხოვრობს. 20 წელია საქართველოს სამი ხელისუფლება ანგრევს ყოველივე იმას, რაც შეიქმნა საბჭოთა მმართველობის დროს – უფასო განათლებას, უფასო სამედიცინო მომსახურებას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, მეცნიერებას, კულტურას, ადამიანთა სულს.

მძიმე 20-მა წელმა 5 მილიონ ხუთასი ათასი მოსახლე 3 მილიონამდე დაიყვანა. გამათხოვრებულმა ქართველობამ გადაავსო თბილისის ქუჩები, დიასახლისი ქალები უცხოეთის გზას გაუყენა – უცხოელთა უკანალის საწმენდად, ჯან-ღონით სავსე მამაკაცები იმავე უცხოეთში გადახვეწა შავ მუშებად.

ქვეყნის ახალგაზრდობა ამერიკულ საზარბაზნე ხორცის როლს ასრულებს ავღანეთში, ისე, როგორც მანამდე ერაყში.

აკადემიკოსი, მეცნიერი და დიპლომატი ვალერიან ადვაძე იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის სიტყვებს ამერიკელებთან დაკავშირებით: -„მათი თანხმობის გარეშე ტუალეტში ვერ შევსულვარო“.

განვლილმა „დამოუკიდებლობის“ 20 წელმა უამრავი სიბინძურე მოუტანა ერს, რაც გაცილებით დიდია, ვიდრე 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები – მას ერის თვითშეგნების, შემართების, პატრიოტული სულისკვეთების დაცემა ჰქვია.

და ეს ყველაფერი მოხდა „დამოუკიდებლობის“ დროს. „დამოუკიდებელი“ საქართველო, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს აღნიშნავს დიდი ზარ-ზეიმით, ენის მოჭარბებული სავსავით. რომ იტყვიან ენას ძვალი არ აქვს – სწორედ ამაზე იტყვიან.

ამას წინათ ცნობილი მეცნიერი, დიპლომატი, სპარსოლოგი ჯემშიდ გიუნაშვილი ამბობდა – იყო დრო, როდესაც ისპაჰანში, სპარსეთის მაშინდელ დედაქალაქში, ადგენდნენ თბილისის გოგირდის აბანოში მობანავეთა გრაფიკსო.

რა გაეწყობა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან საერთო ჯამში მხოლოდ 100 წელი თუ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილი დამოუკიდებლობის წლებად. დანარჩენი – სხვისი ბატონობის ქვეშ გავლიეთ – ხან სპარსეთის, ხან თურქეთის, რომ აღარაფერი ვთქვათ მონღოლეთზე, ხან რუსეთის, ახლა ამერიკის ვართ. რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან პატარა, სუსტ საქართველოს არ შეეძლო სათანადო თავის დაცვა.

დავით ბერძენისვილმა ბრძანა – ის, რომ გამარჯვების აღსანიშნავად თურქეთმა აზიზიეს მეჩეთი ააშენა ბათუმში – თურქეთის ბრალი კი არა, საქართველოს სისუსტის ბრალიაო. ბატონი დავითის განცხადება თავისთავად ბადებს კითხვას – თუ ასეა, მაშინ რატომ არის რუსეთი ოკუპანტი – 1921-2008 წლებში? თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები არ ჩამოუვარდება 2008 წლის ომის შედეგად დაკარგულს.

გარდა ამისა, როგორ უნდა მოეგო პატარა საქართველოს ვეება ოსმალეთის იმპერიისთვის, რომელმაც ჩვენზე დიდი და ძლიერი ევროპისა და ჩრდილო აფრიკის სახელმწიფოები დალაშქრა?

წარსულ ისტორიაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

ობიექტური შეფასებისას წარსულ წლებს მრავალი გასამართლებელი მოეძებნება, მაგრამ რა ვუყოთ გასული საუკუნის 90-იან წლებს ან მიმდინარე განვითარებულ-დემოკრატიული საუკუნის პირველ დეკადას და მის მიერ მონიჭებულ ფსევდო თავისუფლებას? დავიჯეროთ, შორეული ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს დამოუკიდებლობას?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.