რას მოგვიტანს სამთავრობო როტაცია?
მიმდინარე წლის ივლისმა ახალი ამბებით „გაახარა“ საქართველოს მოსახლეობა და დიდი სალაპარაკო თემა გაუჩინა ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ექსპერტობას. გულწრფელი თუ ვიქნებით, საზოგადოებას ნაციონალთა მორიგი სამთავრობო როტაცია არც გახარებია და არც წყენია, მითუმეტეს, არც იმედი გასჩენია დანაპირები „კარგი“ ცხოვრების მიმართ. ხალხი მიეჩვია დაპირებას და მათ შეუსრულებლობას, სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა, რამეთუ 20 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში თუ რამე შეიგნო და შეისისხლხორცა მან (ხალხმა) დაპირების შეუსრულებლობაა.
საზოგადოებას გუშინდელივით ახსოვს შევარდნაძის მიერ გაგორებული მამალი ტყუილი – „მილიონი სამუშაო ადგილი“-ს თაობაზე, მოგვიანებით – „მამა-მარჩენალის“ ბრიყვული განმარტება – მიწები რომ დაგირიგეთ, სამუშაო ადგილებს ნიშნავსო.
თუ ვინმეს ახსოვს 2003 წლის წინასაარჩევნო მარათონი, იმასაც გაიხსენებს, რა გულმოდგინებით დახტოდა სახურავიდან-სახურავზე ნაციონალთა ბელადი სააკაშვილი და უხვ დაპირებებს აფრქვევდა შევარდნაძის შეუსრულებელი დაპირებებით გაბეზრებულ ხალხს. და მაინც, ხალხმა დაიჯერა, ენდო ახალ ბარონ მიუნჰაუზენს, მაგრამ, როდესაც ტკბილი ნამცხვრის მაგივრად 2007 წლის შემოდგომით ზურგზე გადაჭირებული პოლიციელის კვერთხის სიმწარე შეიგრძნო, გამწარებული ქუჩაში გამოვიდა.
და იყო ახალი არჩევნები, იმჯერად ვადამდელი, გადამდგარი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის სავარძლისთვის მებრძოლი იგივე გადამდგარი სააკაშვილი, უამრავი დაპირებით, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებით, ლოყაზე ჩამოგორებული სატელევიზიო ცრემლით – თურმე რა მძიმედ ყოფილა საქმე, მე რომ კარგად მეგონაო. და ხალხმა დაიჯერა. არჩეულმა ისევე, როგორც 2004 წლის არჩევნების შემდეგ, ფართოდ გაშალა ფრთები და პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით იმდენი იფრინა ცაში, ძნელი გახდა დაპირების არათუ შესრულება, არამედ გახსენებაც.
და კვლავ მოახლოებული არჩევნები – ახალ-ძველი დაპირებებით, ახალ-ძველი გეგმებით – ამჯერად არა პრეზიდენტის მხრიდან, არამედ მისი მარჯვენა, მარცხენა ხელის, ფეხის და ტანის სხვა ორგანოს მხრიდან. შეუსრულებელ დაპირებათა გრძელ, მრავალწლიან ჯაჭვში სიახლეც შეინიშნება – პრემიერის დაპირების სახით. სააკაშვილმა კარგად გათვალა, რომ მის დაპირებას ფასი აღარ აქვს და შედეგს არ მოიტანს ანუ საარჩევნო ქულებს. ამდენად დაპირებას ამჯერად ახალი პრემიერ-მინისტრი აკეთებს.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ყველაზე დამახასიათებელი თვისება – თანამდებობის დევალვაციაა. არის აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, მაგრამ არ არის დანაპირების აღსრულება, საქმის ეფექტიანად კეთება, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მარტივი პასუხისმგებლობა. ყოველივე აღნიშნული შეიძლება მივაწეროთ, როგორც გამოუცდელობას, ახალგაზრდულ ასაკს, არაპროფესიონალიზმს, უცოდინარობას და სხვა ნეგატიურ „სიკეთეებს“, ისე ერთი კაცის განუსაზღვრელ ძალაუფლებას, რომელიც ვერ ეგუება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ინიციატივას, შედარებით დამოუკიდებელ მოქმედებას.
სააკაშვილისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედი პირები ის ადამიანები არიან, ვინც მხოლოდ თანამდებობებს იკავებენ და თავიანთ საქმეს კი არ ასრულებენ, არამედ სააკაშვილის ბრძანებას – ხშირ შემთხვევაში აუწონ-დაუწონავს, მოუფიქრებელს და ქვეყნისათვის საზიანოს.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჟვანიას შემდეგ არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია შესაბამისი ავტორიტეტი, ზოგი გაუგებარ ვითარებაში „ტოვებდა“ თანამდებობას, ზოგიც გალახულ-შეურაცხყოფილი, ზოგიც გაოგნებული – მათ რომ ეგონათ ქათინაურებს იმსახურებდნენ, ნაცვლად გაგდებისა.
და აი ასეთ ფონზე პრემიერ-მინისტრის სავარძელს იკავებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველაზე ეფექტიანი რეფორმების გამტარებელი, ცხადია ამ ორგანოში, მერაბიშვილი. ამ პიროვნებაზე ბევრი რამ დაიწერა და ითქვა, უპირველესად კარგი მენეჯერი, ორგანიზატორი, ავტორიტეტის მქონე და სხვა. ეს რაც შეეხება დადებითს. უარყოფითი მეტია – სადამსჯელო ორგანოს ჩამომყალიბებელი, უდანაშაულო ყმაწვილების ჩამხოცი, საკუთარ ბიზნესში ობობასავით გაბმული, შავ-ბნელი საქმეების შემსრულებელი და სხვა.
მერაბიშვილი ერთადერთია ნაცთა რიგებში, ვისაც ავტორიტეტი აქვს – ასე თვლიან თვით ნაცები. ამ გუნდში მძიმე განსაცდელის ჟამს მასზე უკეთესი ვერავინ მოიძებნება. განსაცდელი კი არჩევნებია და მასში მოსალოდნელი დამარცხება. ნაცთა აზრით – განსაცდელი ქვეყნის პრობლემებიდან არ გამომდინარეობს. ნაცთათვის ქვეყანა ის მეწველი ძროხაა, რომელიც უნდა მოწველო, თანაც თივის მიუცემლად.
ნაცებს საკუთარი ბედნიერების შეწყვეტა აფიქრებთ – ძალაუფლების დაკარგვა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მძიმე არტილერია ჩართეს მერაბიშვილის სახით – მანაც არ დააყოვნა, ახალ-ძველი პროგრამა შესთავაზა საზოგადოებას – ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი – სამუშაო ადგილებით, საყოველთაო დაზღვევით, პენსიის გაზრდით, ათასლარიანი ვაუჩერით და სხვა.
ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული სამომავლო სურვილები ისეთივეა, როგორიც ადრე – პრეზიდენტის ბაგეთაგან არაერთხელ წარმოთქმული და ცხადია არ შესრულებული. მაშ რატომ უნდა დაიჯეროს ხალხმა, უფრო სწორად ამომრჩეველმა, ამ სასწაულის? მარტო იმიტომ, რომ ის ამჯერად არა პრეზიდენტის, არამედ მერაბიშვილის ბაგეთაგან იღვრება? და საერთოდ ამდენჯერ მოტყუებულმა ამომრჩეველმა მაინც ნაცებს უნდა დაუჯეროს? დაიჯერებს თუ არა – არჩევნების დროს გამოჩნდება, მაგრამ გამოჩნდება? გამჭვირვალე, ობიექტური არჩევნების ნიშან-წყალი არსად ჩანს, რაც ჩანს ნაცთა მხრიდან მოწინააღმდეგის უმოწყალო შევიწროებაა. გარდა ამისა ქვეყანას, რომელსაც 20 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში არც ერთი არჩევნები არ ჩაუტარებია დემოკრატიულად, რაღა ოქტომბერში ჩაატარებს?! გარდა ამისა, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ნაცები გაიმარჯვებენ არჩევნებში და პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი უდრტვინველად გააგრძელებს პრემიერობას?
მერაბიშვილმა კი გაგვაცნო სამომავლო გეგმა, მრავალწლიანი, რომელიც სულ მალე, ოქტომბერში შეიძლება შეწყდეს. მერაბიშვილს ერთხელაც არ დასცდენია, თუნდაც სიტყვისათვის, ყასილად – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიო. მან ისე მოგვახარა ოთხწლიანი გეგმა, თითქოს არჩევნებში გამარჯვებული იყოს. როგორც ჩანს, მან უკვე წინასწარ იცის, რომ ნაცები გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებენ.
მერაბიშვილის დაპირებიდან ისევ ყბადაღებული სამუშაო ადგილები. მერაბიშვილი ილუზიონისტი კიო არ არის – ჯადოსნური ჯოხი აიქნიოს და ქარხანა-ფაბრიკები შექმნას – დასაქმების მთავარი წყარო. ის, რაც ოცი წლის, განსაკუთრებით ბოლო რვა წლის განმავლობაში არ შექმნილა, 4 წლის განმავლობაში შეიქმნება? თუ განვლილ წლებში ფული ვერ გამოიძებნა პენსიებისთვის, ვაუჩერებისთვის, საყოველთაო დაზღვევისთვის – ახლა გამოიძებნება? და სეროჟას არ იყოს, რომელი „ტუმბოჩკიდან“? დეკლარაცია ადვილია, შესრულება – ძნელი.
საქართველო, რომ ისეთი დემოკრატიული ქვეყანა იყოს, როგორსაც ვიჩემებთ, მაშინ განცხადებაც და დაპირებაც თავშეკავებული იქნებოდა, რამეთუ შეუსრულებლობის შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი არ აცდებოდა.
როცა ისეთი ქვეყანა ხარ, როგორიც ხარ – თქვი, რაც გინდა. და მერაბიშვილმა თქვა, თქვა, როგორც არჩევნებში გამარჯვებულმა, დაუსჯელობის სინდრომით დაავადებულმა.
ის, რაც სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გახდა ცნობილი, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებია. მათ მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ ექსპლუატაციაზე უნდა დასაქმდეს ათასობით ადამიანი. და ეს მაშინ, როდესაც თვით ელექტროსადგურების ჭარბ მშენებლობას აშკარად ნეგატიურად განიხილავს დასაქმებას მოწყურებული საზოგადოება. დარგის მცოდნე სპეციალისტების აზრით, ელექტროსადგურების ეგზომ გაუთვლელი მშენებლობა გამოუსწორებელ ეკოლოგიურ შედეგს მოუტანს საქართველოს.
მერაბიშვილის გეგმა ხალხის გულის მოგებაზეა გათვლილი, ხალხის წუხილის დაკმაყოფილებაზე, ცხადია სიტყვით, ნაკლებად საქმით. ნაცებს და სააკაშვილს ხალხის წუხილი რომ ადარდებდეთ 2004 წლიდან გადადგამდნენ შესაბამის ნაბიჯს. რასაც ისინი აკეთებდნენ და აკეთებენ, არათუ ამცირებს წუხილს, არამედ აასმაგებს.
და მაინც რა აწუხებს ხალხს? ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზოგიერთს ჩამოვთვლი – უპირველესად უმუშევრობა, ხელოვნურად გაზრდილი გადასახადები ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე, ნაგავზე, ფასების მატება ბენზინზე, კვების პროდუქტებზე, პირველი მოთხოვნილების საგნებზე.
მავანი შემედავება მსგავსი პრობლემები ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და საქართველო იძულებულია ძალაუნებურად გაიზიაროს ყოველივეო. შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ მოქნილი, ეფექტიანი და რაც მთავარია ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების ხელში ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი.
ხალხს აწუხებს პრეზიდენტის ვოლუნტარისტული მიდგომა ისტორიისადმი, თუნდაც ხვალინდელი დღისადმი, აგდებული დამოკიდებულება ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლებისადმი, ტრადიციებისადმი, ნაცთა მმართველობის პერიოდის გაფეტიშება, ისტორიის 2004 წლიდან დაწყება, მანამდე არსებულის წაშლა, საზოგადოებასთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე დიდების მემორიალის აფეთქება, სტალინის ძეგლის გაქრობა, დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრიდან გაძევება, მის ნაცვლად ველოსიპედის ძეგლის დადგმა, პარლამენტის ქუთაისში გადატანა, ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა და ამ საქმისათვის მილიონების ხარჯვა, ყოვლად უხამსი და მიუღებელი ძეგლების, ხიდების აგება, გაკეთებული გზების უმალ მწყობრიდან გამოსვლა, მრავალწლიანი ხეების უმოწყალო ჩეხვა, სტიქიით განადგურებული რაიონებისათვის ტყუილი დაპირება, ბობოლა ნაცთა მიერ სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების მიტაცება, ისედაც გაღატაკებული გლეხების საძოვარი მინდვრების გარეშე დატოვება და ამ მიწების ბეჟუაშვილების, ოქრიაშვილების, სხვათა ხელში ჩაგდება, წამლებზე და მკურნალობაზე ასტრონომიული გადასახადების დაწესება, ჩოჩელისა და მისი მსგავსი წურბელების ხელში საქონლის დაკვლა-დაფასოების საქმის გადაცემა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული გაუსაძლისობა, პატიმართა ჭარბი სიკვდილიანობა, გლეხის მიერ რის ვაი-ვაგლახით მოწეული ხილის, ბოსტნეულის, ყურძნის გაუსაღებლობა, გასაღების შემთხვევაში მიზერულით ანაზღაურება, სოფლებში, რაიონულ ცენტრებში სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის უქონლობა, უგზობა.
დედაქალაქის მოსახლეობას ყველაფერთან ერთად აწუხებს მტვრიანი, ტალახიანი ქუჩები, ჭუჭყიანი, ფეკალით გაჯერებული მიწისქვეშა გადასასვლელები, გაუმართავი კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა, ქალაქის მესვეურთა უდარდელობა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე განცდა იმისა, რომ მას დასჯის – პატრული, ვიდეო-თვალი, „სიტი-პარკი“.
საზოგადოებას აწუხებს თინეიჯერი ხელისუფლების აღვირახსნილობა, ქედმაღლობა, დაუსჯელობა, ღორმუცელობა, დიდი ფულის ფლანგვა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საზღვარგარეთ სისტემატური ხეტიალი.
საზოგადოებას აწუხებს ასეთი ხელისუფლების გაუთავებელი ბაქი-ბუქი ტელეეკრანებზე, პრესაში და მტკიცება იმისა – რა კარგები, რა წარმატებულები ვართ.
გრძნობს ხელისუფლება ხალხის ამ და სხვა წუხილს, არის ის მზად იმისათვის, რომ ყოველივე შეცვალოს, ანუ შეცვალოს მთავარი – საკუთარი მიდგომა ხალხისადმი? ძნელი დასაჯერებელია სააკაშვილის ყოყოჩობის, სიჯიუტის, სულელური განცხადებების და გადაწყვეტილებების ფონზე, და არა მარტო სააკაშვილის, არამედ მისი ოჯახის, ნათესავების, ახლობლების ფონზე.
და ბოლოს, მიიღებს შეცვლილ სააკაშვილს და მის ნაცთა გუნდს აშშ-ი? იქნებ სწორედ ევროატლენტიკური სივრცეა მთავარი შემოქმედი ისეთი სააკაშვილისათვის, როგორიც გვყავს? იქნებ მისი წყალობით ვართ ესოდენ „განებივრებულები“ ნაცების ამდაგვარი ბატონობით?
საზოგადოებას დიდი ხანია ეჭვი ეპარება აშშ-ს, დასავლეთის გულწრფელობაში, რაც მთავარია იმაში, რომ მას სიკეთე უნდა საქართველოსთვის.
საქართველოს მოსახლეობა წუხს ხელისუფლების მიერ იმ ერთადერთი ამორჩეული გზის გამო, რასაც ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ბრმა თაყვანისცემა ჰქვია, მისგან ყოველგვარი მიუღებლის გადმოღებაა და ამით ყოველივე საკუთარის, ტრადიციულის დაკნინება-გაბათილება.
საზოგადოება დარწმუნდა, რომ დასავლურმა ორიენტაციამ ავნო ქვეყანას, წაართვა მას ტერიტორიები, საუკუნეთა ქარტეხილებში რის ვაი-ვაგლახით გამოტარებული მეობა. ამის შემხედვარე საზოგადოება სვამს ობიექტურ კითხვას – დამოუკიდებლობა ნუთუ ასეთ ცხოვრებას ნიშნავს?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.