ახალი ცხოვრების დასაწყისი

დასრულდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და მასთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თითქმის ცხრაწლიანი ერთმმართველობა.  საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულმა პოლიტიკურმა მარათონმა დაგვანახა ის განსხვავება, რომელიც ჯერაც არსებობს ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროსა და საქართველოს შორის.

ოცი წელია საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება „დემოკრატიის“ ძახილით ირთობს თავს, მაგრამ მათ ზედმიწევნით კარგად იციან, თუ რა დემოკრატიაა ქვეყანაში.

2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს წილად ხვდა ფათერაკებით აღსავსე, ეკლიან გზაზე სვლა. რა არ იყო ამ ოცი წლის განმავლობაში – საბჭოთა სივრცეში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნებით დაწყებული, შიდა ომებითა და „მხედრიონი“-ს ბანდიტური ჯგუფების თარეშით დამთავრებული, არჩეული პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს განდევნა და პრეზიდენტის საიქიოს გასტუმრება, მომდევნო პრეზიდენტის დაპირებული „საამური“ ცხოვრება – მილიონი სამუშაო ადგილით და იმავე პრეზიდენტის მიერ ახალი კლანური სისტემის ჩამოყალიბება – დაფუძნებული კორუფციასა და ერთმანეთის გადაგდებაზე, „ვარდების რევოლუცია“ და ახალი ხელისუფლების, უფრო მასშტაბური დაპირება „კარგ ცხოვრებასთან“ დაკავშირებით.

შემდეგ იყო ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა – შესაბამისი შედეგებით – პოლიციელთა მიერ ქუჩებში ხალხის ჩაცხრილვით, საპატიმროებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საზარელი ფაქტებით – უკანალში ცოცხის ტარის ტენით, ცემით და წამებით,  ადამიანის დაბეჩავებით და დამონებით.

იყო ხელისუფალთა აკვიატებული პროექტები სხვადასხვა სახის მშენებლობასთან დაკავშირებით. იყო ე.წ. „აღმშენებლობა“, რომელსაც ხალხთან არავითარი კავშირი არ აქვს. ის უმთავრესად მიმართული იყო ფულის გათეთრებისკენ, მმართველი პარტიის ჯიბეების ამოვსებისკენ.

„აღმშენებლობის“ პროცესს „ხალხზე ზრუნვის“ ყბადაღებული რიტორიკა ახლდა.

ამ ოცი წლის განმავლობაში იყო მრავალი პარტია, თავს რომ ოპოზიციად მოიხსენიებდა, მაგრამ კულმინაციურ მომენტში, დიდ თანხებზე, ხელისუფლებას რომ უკრავდა კვერს. „ოპოზიციური“ პარტიებიც უხვად არიგებდნენ დაპირებებს, მაგრამ მათი დაპირებები, ცხადია გამარჯვების შემთხვევაში, ისეთივე შეუსრულებელი იქნებოდა, როგორც ხელისუფლების.

იცოდა ხალხმა ყოველივე ეს და ამიტომაც თავს არ იკლავდა ოპოზიციის მხარის დაჭერით. მხოლოდ 2003 წელს მოხდა სასწაული და ხალხმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას, რომელმაც ისე, როგორც ადრე ხალხის ჯანყი გამოიწვია – ერთობ რომანტიული სახელით „ვარდების რევოლუცია“. და დაიწყო ახალი ისტორიის ფურცლების წერა.

ცხრაწლიანი „მუყაითი“ შრომის შედეგად შეიქმნა ახალი სადამსჯელო ინსტიტუტები, ხელისუფალთა მხარდამჭერი არასამთავრობოები, მედია და სხვა. საერთო ძალებით და დასავლელთა დახმარებით ხელისუფლებამ მიაღწია დაუსჯელობის მწვერვალს, ხალხის დამონების უკიდურეს ეტაპს, ისეთს, ყველაფერი რომ ხალხის არის, მაგრამ სინამდვილეში – არაფერი. ხალხი ამ არაფერზეც თანახმა იყო, ოღონდ სისტემატურად არ მოესმინა, რომ აშენებული სასტუმროები, შადრევნები, მინის ხიდები, სკვერები, საავადმყოფოები და ა.შ. მისია.

ხალხმა ვერ დაიჯერა, რომ საავადმყოფო მისია, ვინაიდან იქ შესული – გველის ნაკბენივით, უკან გამოვარდა – ასტრონომიული გადასახადის გამო. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი სასტუმროებთან მიმართებაში. იდგა ნერწყვმომდგარი ხალხი და შეჰყურებდა ამ ნაგებობებს, ისე, როგორც კატა ძეხვს.

და ბოლოს, როგორც იქნა მიხვდა – ხელისუფალთა ნახელავი მისი არ არის და არც არასოდეს იქნება. ყველაფერი ხელისუფლებისაა, იქ მყოფთა შვილებისა და ნათესავების. მისი რაც არის – საკუთარი მკლავი და გარჯაა, რომელიც ამ ქვეყანაში არავის სჭირდება.

იმედგაცრუებულმა ხალხმა დიდის გაჭირვებით უცხო ქვეყნების საზღვრები გადალახა და სხვათა მონობაში ჰკრა თავი, თუმცა გაცილებით უკეთესში, ვიდრე შინ. დარჩენილებმა იმედგაცრუებისა და ნიჰილიზმის მორევში ჩაყვინთა და ასე იქნებოდა, რომ არა რაღაც შეძახილი გამოფხიზლებისა.

შეძახილი ოპოზიციური იყო, თანაც დამაიმედებელი. და უკვე მერამდენედ, როგორც წყალწაყებული ხავსს, ჩამოეკიდა ოპოზიციურ მოწოდებას, თვალი გაახილა, გალაღდა და სულით მიენდო გადამრჩენელ ხმას. ოპოზიციამაც არ დააყოვნა – ხალხის გამოღვიძებით გახარებულმა, ძერწა და ძერწა ახალი გეგმები, ლოზუნგები, მოწოდებები.

ხალხმა გარკვეული დოზით შიშის ბარიერიც გადალახა და მიტინგებზეც გამოვიდა და ის-ის იყო ერთ მუშტად შეიკრა, რომ მზაკვრულმა ხელმა იდილია არია. ტელევიზიით გადაცემულმა ვიდეო სიუჟეტებმა სხვაგვარად გაახელინა თვალი და ბევრ „ახალ“ ოპოზიციონერში ძველი სახე დაანახა – ხელისუფალთა მსგავსი აპეტიტებით და სიურცხვით.

ის, რაც არჩევნების ფინიშამდე მოხდა – მსოფლიო პოლიტიკის ფენომენია. დემოკრატიულ ქვეყნებში და არა მარტო იქ, არამედ არადემოკრატიულშიც უცხო არ არის საარჩევნო ბატალიებში ერთმანეთის კრიტიკა, თუნდაც ლანძღვა, მაგრამ არსებობს დაუდგენელი ზღვარი, მორალური კოდექსი, რომელსაც არც ერთი მხარე არ ლახავს.

საქართველო უნიკალურია. და რომ ეს ასეა, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ კვირაში მთელი სიგრძე-სიგანით გამოჩნდა. ერთმანეთის შეურაცხმყოფელმა ვიდეო-კადრებმა წალეკეს ტელეეკრანები, ვიდეო-ფირების კომენტარებმა შეძრეს საზოგადოება. ორჭოფობაში ჩავარდნილმა ამომრჩეველმა, დაბნეულმა და უიმედოდ დარჩენილმა უმწეოდ დაიწყო აქეთ-იქით ყურება.

ამომრჩეველი შეაკრთო თვით მთავარ ოპოზიციაში გაჩენილმა ბზარებმა, რომელიც ნაპრალს უფრო წააგავდა, ოპოზიციონერთა გულახდილმა განცხადებებმა, ერთმანეთის დაუნდობელმა ლანძღვამ, ერთ წინადადებაში „ტყ-ს“ სამჯერ მოხსენიებამ და ა.შ.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამილიონერების ოცნება ისე, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მაგრამ ეს სახელმწიფო თანამდებობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როდესაც „შეურიგებელი“ ოპოზიციონერი პარლამენტში იმიტომ შედის, რომ მილიონი იშოვოს, რით არის ის განსხვავებული ხელისუფლებისგან? ხელისუფლებამაც ხომ იგივე პატიოსნების ლოზუნგით დააჩოქა წინა ხელისუფლება? და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წინამორბედზე მეტი მადით ეცა სალაფავს. თუმცა მაშინდელ ოპოზიციას, დღეს რომ ხელისუფლებაში უკანასკნელ წუთებს ითვლის, წინასწარ სიტყვაც არ დასცდენია სამომავლო მადასთან დაკავშირებით.

ქართველ პოლიტიკოსთა მიერ დადგმულ სატელევიზიო სპექტაკლს, მდარეს და ამაზრზენს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა ქვეყანაში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიები. ერთ-ერთის წარმომადგენელმა გაკვირვებულმა მკითხა – ფარული ვიდეო ჩანაწერების საყოველთაო სატელევიზიო ჩვენება ტრადიციაა ამ ქვეყანაშიო?

კომპრომატთა სატელევიზიო სპექტაკლებით ქართულმა პოლიტიკამ  მთელს მსოფლიოს დაანახა დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი სახე. ასეთთან მეგობრობა საჩოთიროა. ასეთის დაამხანაგება საერთაშორისო სტრუქტურებში სახიფათოა. ასეთის პატრიოტული ძახილი სამშობლოსა და ხალხის „კეთილდღეობაზე“ – სიცრუეა.

სწორედ ასეთმა ადამიანებმა შექმნეს „კარგი“ ქართული ცხოვრება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხაზი გადაესვა წარსულს, გამოიძერწა ახალი სახე, ახალი ქართველისა – საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებისთვის მიუღებელი.

დღეს ბევრი ამბობს, რომ გაშიშვლებული გინების ტელეეკრანზე გაშვება მიუღებელია, მაგრამ სახლში, ქუჩაში, საქალაქო ტრანსპორტში, საჯარო თავშეყრის ადგილებში, პარლამენტში ბილწსიტყვაობას რომ ფართო ასპარეზი აქვს დათმობილი?

საზოგადოება მიეჩვია დედის გინებას – იავნანასავით ჩაესმის „შენი დედა“, „ჩემი დედა“, „ყ-ე“ და სხვა „საამური“ სიტყვები, მაგრამ ის, რაც ბოლო ერთ კვირაში მოისმინა მომავალი პარლამენტარებისგან – მისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და არა იმიტომ, რომ მიჩვეული არ არის, არამედ იმიტომ, რომ ეხამუშა „ქვეყნის მხსნელთა“ მხრიდან.

პირველს, რასაც ახალმა პარლამენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება – ბილწსიტყვაობაა, თორემ ისედაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ პარლამენტართა დედის გინება მდუღარესავით გადაევლება ქვეყანას. ავადსახსენებელ რუსეთის დუმაში ერთ-ერთ პარლამენტარს დუმამ აუკრძალა დებატებში მონაწილეობა, ვინაიდან მან კოლეგებს ქურდები უწოდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში სატელევიზიო პროგრამა „საერთაშორისო დღიურში“ ჩემს მიერ გამოყენებული ამერიკული სიმღერის გამო გადაცემა ეთერში მხოლოდ სიმღერის შეცვლის შემდეგ გავიდა, ვინაიდან სიმღერის ტექსტში თითო-ოროლა ინგლისური უწმაწური სიტყვა იყო გაჟღერებული.

სულ ახლახანს, რადიო „მაესტროს“ ეთერში ერთი ქართული ჯგუფის მიერ შესრულებულ სიმღერა ისე უხვად იყო დახუნძლული დედის გინებითა და ადამიანის სასქესო ორგანოების ხსენებით, როგორც ნაყოფიერ შემოდგომაზე  ხეხილის ბაღი. სადამდე?!

ახალ პარლამენტს უამრავ მანკიერებასთან აქვს შესაჭიდებელი, მათ შორის დასაქმებასთან, ჯანდაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან და ა.შ., მაგრამ უპირველესად საკუთარ თავთან – ბილწსიტყვაობის ასალაგმად. ეს ის პრობლემაა, დიდ დანახარჯს ან ძალისხმევას რომ არ საჭიროებს.

კომპრომატთა ბრძოლაში „ოცნებამ“ ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს საპატიმროებში ასახული წამების და შეურაცხყოფის ფაქტების დემონსტრირებამ აავსო საზოგადოების მოთმინების ფიალა. ცხრა წლის განმავლობაში ივსებოდა ის, მაგრამ საბოლოო შევსება „ოცნების“ ლიდერის გამოჩენამდე არ მოხდა. სწორედ მან გამოაფხიზლა საღათას ძილს მიცემული საზოგადოება და არა კოალიციაში თავმოყრილმა სხვადასხვა პარტიებმა. ერთმა კაცმა მოახერხა ის, რაც შეუძლებელი იყო ქართული პოლიტიკისათვის მრავალი წლის განმავლობაში. სახელმწიფო მანქანას დაპირისპირებულმა ლიდერმა მძიმე ბრძოლაში შეძლო რეპრესიული სახელმწიფო სისტემის დამარცხება.

იწყება ახალი პოლიტიკური ცხოვრება და მასთან ერთად იბადება ახალი საზოგადოება ერთობ განსხვავებული და საიმედო, ვიდრე წარსული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.