მექსიკის G-20 სამიტი და მისი შედეგები

მესამე ვადით შემობრუნებულ პუტინს მსოფლიოს ლიდერთა კლუბში ახალი სახეები დახვდა – სხვაგვარი შეხედულებებით, საკითხებისადმი სხვაგვარი მიდგომით. კლუბს გამოაკლდნენ პუტინისთვის მისაღები ლიდერები სარკოზი და ბერლუსკონი. პუტინის დებიუტი, როგორც ჩანს, არცთუ იოლი გამოდგა მისთვის, რაც მოკლედ გამოხატა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის – ვისთან წავიდოდა დაზვერვაში, პასუხში. პასუხი კი იყო მოკლე და გულწრფელი – არავისთან. მართალია, ამ მოკლე პასუხს მან შემდეგ ვრცელი მოაყოლა – მე დაზვერვაში რახანია არ ვმუშაობო, მაგრამ გამგებმა გაიგო. პუტინი, როგორც ჩანს, არც ერთი მათგანით მოხიბლული არ არის.

მავანი შემედავება – პუტინისთვის ესოდენი ყურადღების გამოჩენისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, სააკაშვილის წყალობით, ისე ვართ გაკვეხებული ორ გიგანტს შორის, როგორც კვახი ღობეში. სააკაშვილსა და მის ნაცებს უნდა ვუმადლოდეთ იმ ნერვიულ სტრესს, რასაც იწვევს ორთა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დიახ, საქართველოს და არა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.

ამერიკა-რუსეთს შორის შექმნილი აზრთა სხვაობა, თუნდაც რბილი კონფრონტაცია, მძიმედ ირეკლება ჩვენზე. რაც შეეხება სააკაშვილს – ის ლაღობს, მისთვის ვაშინგტონ-მოსკოვის დაძაბულობა მხოლოდ სიხარულია, ანუ ანტირუსული პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარება, მისი პერმანენტულობა და აქედან გამომდინარე საკუთარი ლიდერობის პერმანენტულობა. რომ იტყვიან – რაც ცუდი, მით  უკეთესი, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

პრეს-კონფერენციაზე პუტინმა მოკლედ, მაგრამ გადამჭრელად თქვა, რომ აშშ-ი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას მაინც განალაგებს, მიუხედავად იმისა ობამა იქნება თეთრ სახლში, თუ სხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული მხარე არ იზიარებს რუსეთის შეშფოთებას. მას თავისი საქმის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი და ამაში რუსეთი ხელს ვერ შეუშლის.

რუსეთს ისღა რჩება ვერბალური მუქარიდან გადავიდეს რეალურ ქმედებაზე, ანუ სისტემის საწინააღმდეგო რაკეტების შექმნაზე, ახალი თავდაცვითი იარაღის მშენებლობაზე, საერთაშორისო არენაზე საკუთარი პოზიციების უფრო მტკიცედ დაცვაზე, ანტიამერიკული პროპაგანდის გაშლაზე და სხვა ისეთ ქმედებაზე, რომელიც დამახასიათებელი იყო „ცივი ომის“ პერიოდისთვის.

არის თუ არა ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთისთვის საფრთხის შემცველი? ეს კითხვა არაერთხელ დასმულა, როგორც რუსეთში, ისე სხვაგან. ამერიკელთა განმარტებით, სისტემისთვის მთავარია ირანის არარსებული რაკეტების ნეიტრალიზება. რუსეთი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და თვლის, რომ ასეთი სისტემის შექმნა არა ირანის, არამდ რუსეთის რაკეტების განეიტრალების მომასწავებელი იქნება. და თუ ეს მოხდება, მაშინ სხვა ამერიკული რაკეტები იოლად შეძლებენ რუსული არსენალის განადგურებას.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ აშშ-რუსეთს შორის ერთობ დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება შექმნა, რაც მექსიკის G-20 სამიტის დროსაც დამტკიცდა. სამიტის ფარგლებში გამართულმა ორსაათიანმა საუბარმა ობამა-პუტინს შორის დიდი ვერაფერი შედეგი მოიტანა. მსოფლიო მიჩვეულია ამერიკა-რუსეთის, მანამდე საბჭოთა კავშირის ვერბალურ დაპირისპირებას და ამდენად დღევანდელ, გაციებულ ურთიერთობებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

ცხადია, საგანგაშოდ შეიძლება არც ეს შეხვედრა მივიჩნიოთ, მაგრამ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა ბარომეტრი სწორედ პირველ პირთა კონსტრუქციული თანამშრომლობაა, რასაც სამწუხაროდ ამჯერად ადგილი არ აქვს. პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებამ მნიშვნელოვნად აწეწა აშშ-ს ადმინისტრაციის გეგმები, ეჭვქვეშ დააყენა ობამასეული პროექტი – „გადატვირთვა“.

ობამას პარტნიორად პუტინზე მეტად მედვედევი აწყობდა და ამდენად თავს უფლებას აძლევდა გამოეხატა თავისი პოზიციები, რასაც არ შეიძლება არ მოჰყოლოდა პუტინის გულგრილობა აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ. ობამასთვის მედვედევი არ ყოფილა კირკიტი კაკალი, მაგრამ პუტინი არათუ კირკიტი კაკალია, არამედ ძნელად დასაყოლიებელი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ჯეკსონ-ვენიკის ყბადაღებული თემა და არანაკლებ გაზვიადებული მაგნიტსკის საკითხი, ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაყენება, სირიის, საქართველოს, ირანის თემები და სხვა.

ის, რაც პრესისთვის გახდა ცნობილი – ყველა ჩამოთვლილ საკითხში მკვეთრად განსხვავებული პოზიციები გააჩნია ორივე მხარეს. ობამა თვლის, რომ ბაშარ ასადის წაუსვლელად სირიის საკითხი არ მოგვარდება. პუტინი კი მიიჩნევს, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა წყვეტდეს სხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საკითხს.

ობამას ადმინისტრაციამ ბევრი იღონა, რომ პუტინი არ გაპრეზიდენტებულიყო, თუმცა ამაოდ. რუსეთში აგორებულ საპროტესტო, ანტიპუტინურ გამოსვლებში პუტინი აშშ-ს ადანაშაულებს, მიიჩნევს რა სახელმწიფო დეპარტამენტს პირველ ამბოხებლად. საწინააღმდეგო დამოკიდებულება აქვს პუტინს მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით ანუ თვლის, რომ ეს საკითხი თითიდან არის გამოწოვილი და კარგს არ მოუტანს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

როგორც ჩანს, მხარეები ძველ პოზიციაზე დარჩნენ ანუ არ მოხდა შეთანხმება, თუნდაც დროებითი, ამოსასუნთქი. არც G-20-ს ორდღიანი სამიტი იყო პროდუქტიული. ეკონომიკური კრიზისის ამოხსნის გასაღები არც ევროპაშია და არც ამერიკაში. ოცი ქვეყნის ლიდერები და მათი გუნდები ავტომატურად მიჰყვებიან დინებას და ნაცვლად გადამჭრელი ზომების მიღებისა, პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებით იიმედებენ თავს.

G-20 ვერაფერი საიმედო უთხრა მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური ვითარების გამოსწორებასთან დაკავშირებით, ვერც ობამა-მედვედევის შეხვედრამ მოიტანა შედეგი.

სააკაშვილსა და მის გუნდს მტკიცედ სჯერა, რომ თუ ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტი გამოჩნდება ქვეყანაში, საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, რაც ცხადია მცდარი აზრია. მიუხედავად სააკაშვილის ხვეწნა-მუდარისა, ვეჭვობ, რომ აშშ-ა სისტემის რაღაც ნაწილი საქართველოში განალაგოს. მაგრამ თუ ამას ექნა ადგილი, საქართველო რუსეთის ბირთვული თავდასხმის სამიზნე გახდება, რაც არცთუ დასამშვიდბელი პერსპექტივაა.

მექსიკის შეხვედრა ნაკლებშედეგიანი აღმოჩნდა, რაც განაპირობა როგორც სუბიექტურმა, ისე ობიექტურმა მოვლენებმა. გავიხსენოთ პუტინის არ წასვლა კემპ-დევიდში და ობამას საპასუხო უარი ვლადივოსტოკს, გავიხსენოთ ობამას გადაჩურჩულება მედვედევისთვის, რომელიც რესპუბლიკელთა სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა და ობამას ქვეყნის ღალატში დადანაშაულებით დასრულდა. ჩურჩულის შინაარსი კი ასეთი იყო – უთხარი ვლადიმერს, რომ მოვილაპარაკებთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებითო. მაგრამ შედგა მოლაპარაკება და არაფერი.

გადაჩურჩულებასა და მექსიკას შორის იყო აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, რომნის მკაცრი ანტიობამური განცხადება, რამაც, როგორც ჩანს, ვითარება კარდინალურად შეცვალა. პრეზიდენტობის მარათონში ჩართული ობამასთვის თითო ქულასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მის დადებით გადახრას რუსეთისკენ,  შეიძლება ბევრი ქულის დაკარგვა მოჰყვეს, რაც ობამასათვის წაგების ტოლფასი იქნება, მითუმეტეს საშინაო საქმეებში ობამას პოლიტიკა წარუმატებელია.

ამერიკისათვის დიდი რამ არის 8.3 პროცენტიანი უმუშევრობა, ეკონომიკური ჩავარდნები და სხვა. რომნი თვლის, რომ რუსეთი არის ამერიკის ნომერ პირველი მტერი და თუ ის გახდება პრეზიდენტი, სწორედ მტრობიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბებს აშშ-ს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.

იქნებ ის, რაც მექსიკაში მოხდა, სულაც პოლიტიკური სპექტაკლის დემონსტრირებაა, ისეთის, რომელმაც ხელი შეიძლება შეუწყოს ობამას მეორედ მოსვლას, ვიდრე აგრესიული რომნის გაპრეზიდენტება? დიდ პოლიტიკაში მსგავს პოლიტიკურ მანევრებს არაერთხელ ჰქონდა ადგილი. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამჯერად სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და არა „ცივი ომის“ აღორძინებასთან.

ახლა კი თვალი შევავლოთ რესპუბლიკელთა ბანაკს, მათ ლიდერებს და პოლიტიკას, რითაც ისინი აპირებენ თეთრი სახლის დაპყრობას. რესპუბლიკელთაგან საპრეზიდენტო ბრძოლისთვის ფოვარიტი გახდა მიტ რომნი. ტეხასის შტატში ჩატარებული პრაიმარისის შედეგად მან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის 1144 დელეგატის ხმა დააგროვა და რესპუბლიკელთა ბანაკში პირველობა გაინაღდა. ჯერი რესპუბლიკელთა ყრილობაზეა, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, დაასახელებს რომნის კანდიდატურას პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში.

ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა რესპუბლიკელთა კანდიდატებს შორის პაექრობა. გასული წლის აგვისტოს ტეხასის შტატის გუბერნატორის რიკ პერის საპრეზიდენტო მარათონში გამოჩენამ დიდი იმედი შესძინა რესპუბლიკელებს. გამოცდილმა პოლიტიკოსმა, კონსერვატორი რესპუბლიკელების კლასიკურმა წარმომადგენელმა უმალ მიიპყრო ყურადღება. ის გამოდიოდა გადასახადების გაზრდის, ერთსქესა ქორწინების და აბორტის წინააღმდეგ და სხვა. მაგრამ ეროვნულ სცენაზე პერიმ დატოვა ერთობ პროვინციული შთაბეჭდილება, რასაც მოჰყვა ქულების კარგვა და საბოლოოდ კანდიდატურის მოხსნა.

რესპუბლიკელთა იმედი ვერც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა გაამართლა და ვერც პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანტორუმმა. ეს უკანასკნელი ყველაზე ახლოს მივიდა ლიდერ რომნისთან. სანტორუმის გეგმებმა აბორტების გაუქმებასთან დაკავშირებით ან გაპრეზიდენტების შემთხვევაში ირანზე თავდასხმის თაობაზე დიდი ენთუზიაზმი არ გამოიწვია. მიუხედავად ამისა ყოფილმა სენატორმა თითქმის ბოლომდე იბრძოდა და ბოლოს იძულებული შეიქნა მიეტოვებინა პრაიმარისი.

აშშ-ი ჩამოყალიბდა ერთობ გასაოცარი ვითარება, ერთის მხრივ ამერიკული საზოგადოება აშკარად იხრება ობამას შეცვლისკენ. რას არ უწოდებენ მას – „კომუნისტს“, „ფაშისტს“, „არალეგალ პრეზიდენტს“. ობამას ოპონენტები დღესაც გაჰყვირიან, რომ ობამა არ არის ამერიკაში დაბადებული. ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ისაა, რომ ობამა რბილია. სენატორი მაკკეინი ხშირად ამბობს, რომ ობამა ჯეროვნად ვერ აფასებს, თუ რა მძლავრი ქვეყნის პრეზიდენტია, სწორედ ამიტომ მუდმივად იხდის ბოდიშს საერთაშორისო არენაზე.

„ობამა შესანიშნავი ორატორია, მაგრამ ცუდი პრეზიდენტი, ვისაც მე ოდესმე ვიცნობდი. ის სისტემატურად თავს არიდებს პრობლემეის ახსნას, რომელსაც ხალხი საჭიროებს, ვერ ამყარებს საზოგადოებასთან კონტაქტებს, ვერ უხსნის მას საკუთარ მიღწევებს“. ეს სიტყვები „ნიუ იორკ ტაიმსის“ ანალიტიკოსს თომას ფრიდმანს ეკუთვნის.

კონსერვატორი რესპუბლიკელები ბევრს შეეცადნენ, რათა ობამას წინააღმდეგ ძლიერი და მათთვის მისაღები ფიგურა დაეყენებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს.

ორ კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება დიდი განსხვავების აღმოჩენა. 50 წლის აფრო-ამერიკელი ობამა, ზომიერი ლიბერალ-დემოკრატი, არის შერეული ოჯახის შვილი, თანაც არცთუ წარმატებულის. მუშაობდა სენატში და არის ამერიკის პრეზიდენტი.

64 წლის რომნი არის მორმონი, ზომიერი კონსერვატორი. ის წარმატებულ ოჯახში დაიბადა, თანაც შეძლებულში. არის ბიზნესმენი. მას აღმასრულებელ ორგანოში მუშაობის მხოლოდ 4 წლის სტაჟი აქვს.

ორივეს დამთავრებული აქვს პრესტიჟული ჰარვარდის უნივერსიტეტი, ორივეს შეუძლია ინფორმაციის გაანალიზება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

ობამას მიერ განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმა, რომლის არსი მილიონობით ამერიკელისთვის სამედიცინო დაზღვევის მინიჭებაა – ოთხი წლით ადრე გაატარა რომნიმ მასაჩუსეტის შტატში.

რომნის კონსერვატორი რესპუბლიკელები მაინც არ მიიჩნევენ თავისად, მაგრამ რა გაეწყობა, ისინი იძულებული არიან მხარი დაუჭირონ მას.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რომნი თვლის, რომ ეს ქვეყანა აშშ-ს პირველი მტერია და აქედან გამომდინარე შეეცდება საერთაშორისო არენაზე რუსეთის დასუსტებას. რომნი არამარტო ამერიკული სარაკეტო ფარის განლაგების მომხრეა, არამედ რუსეთის წინააღმდეგ რაკეტების დამიზნების.

რომნის არც ირანი ეხატება გულზე და ამბობს, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში უმალ დაბომბავს ირანის ბირთვულ ობიექტებს. რომნი არც სირიის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლაზე იტყვის უარს.

ერთი სიტყვით, რომნის გამარჯვების შემთხვევაში პუტინის თავსატკივარი იზრდება, ხოლო სააკაშვილის – მცირდება. რომნის სახით სააკაშვილი დიდ მხარდაჭერას იგრძნობს. თუმცა ვინ იცის, როგორ დატრიალდება საერთაშორისო ვითარება. ტრადიციულად რუსეთი გაცილებით იოლად პოულობდა ენას მკაცრი კრიტიკის მატარებელ რესპუბლიკელებთან, ვიდრე დემოკრატებთან. არც ახლაა გამორიცხული, მსგავსი რამ, თუმცა მანამდე არჩევნებია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.