05.12.2024

ვის „აწუხებს“ სირიის ბედი

სირიის თემა დიდხანს დარჩება განსჯის საგანი. არ არის გამორიცხული, რომ მან მეზობელი ლიბანის ბედი გაიზიაროს, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი. დღეს იქ შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, რომ სირიის კონფლიქტმა არა მარტო ლიბანზე პოვოს ასახვა, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზეც.

არაბულ სამყარაროში სირიას გამორჩეული პოზიცია უკავია – უპირველესად პალესტინის საკითხში. სირია ქედუხრელად უჭერს მხარს პალესტინელთა სამართლიან ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ, კარგი ურთიერთობა აქვს პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასთან“ და ლიბანში არსებულ ორგანიზაცია „ჰესბოლასთან“.

სირიის ხელისუფლების მეგობრული დამოკიდებულება ირანთან ცნობილია. ირანთან მსგავსი ურთიერთობით არც ერთი სხვა არაბული სახელმწიფო არ გამოირჩევა. სწორედ ამან განაპირობა რუსეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის პოზიცია – სირიის საკითხების მოწესრიგებაში ირანის აუცილებელი ჩართვის თაობაზე. რუსეთის წინადადება უპირველესად აშშ-ა არ მიიღო და ჟენევის ამასწინანდელი მოლაპარაკება სირიასთან მიმართებაში, ირანის გარეშე ჩატარდა.

სირიის ხელისუფლების პოზიცია კარგა ხანია აშფოთებს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს, მათთან ერთად, ახლო აღმოსავლელ პარტნიორებს, უპირველესად ისრაელს. ამ ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან, რაც გამორიცხავდა დამასკოს მხრიდან ისრაელის მიმართ მოულოდნელ სვლებს, თუმცა დამასკო-თეირანის სტრატეგიული პარტნიორობა ბევრ რამეზე აფიქრებს თელ-ავივს.

ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა სერიოზულ თავსატეხს შეუქმნის ისრაელს, ვინაიდან ასეთის განხორციელების შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული სირიის სათავეში რადიკალი მუსლიმანების გამოჩენა. ისრაელი ორჭოფობს. მას შეჩვეული ჭირი (ასადის სახით) ურჩევნია, რადიკალ მუსლიმანებს.

სირიის საწინააღმდეგო სამხედრო აქტში პირდაპირი მნიშვნელობით ჩართულია თურქეთი და საუდის არაბეთი. ორივესთვის სირიის კონფლიქტი საუკეთესო პოზიციების განმტკიცების წყაროა. საუდის არაბეთი არც იარაღს იშურებს და არც ფინანსებს ბაშარ ასადის ჩამოსაგდებად. ანალოგიური პოზიცია აქვს თურქეთს. თუ გუშინ ის პრაგმატულ ურთიერთობებს იჩემებდა ასადის მთავრობასთან, დღეს – საუდის არაბეთს ეცილება ასადის ჩამოგდებაში. ორივეს,  ახლო აღმოსავლეთის ერთპიროვნული ლიდერობა იზიდავს.

სირიის საკითხით დიდად არის დაინტერესებული აშშ-ი. ბაშარ ასადის ჩამოგდება მისთვის მთავარი მიზანია, ვინაიდან ასადის სირია ირანის გასაღებად არის მიჩნეული და თუ მოხდება სირიის ხელისუფლების ცვლა, გაწყდება სირია-ირანის ჯაჭვი, ერთობ მტკიცე და ანტიამერიკული, ოდესმე არსებული ამ რეგიონში.

არაბულმა რევოლუციებმა სერიოზული თავსატკივარი გაუჩინა აშშ-ს ადმინისტრაციას, თუმცა ის გამოდის შოკური მდგომარეობიდან და რეალური ვითარებით ნაკარნახევ ნაბიჯებსაც დგამს. ხშირად ეს ნაბიჯები მცდარია და დიდი რისკის შემცვლელი, მაგრამ ის ჩათრევას, ჩაყოლას ამჯობინებს, თანაც არც მღვრიე წყალში თევზის ჭერაზე ამბობს უარს.

სირიაში მიმდინარე პროცესებში გათვითცნობიერებულმა მკითხველმა იცის, რომ მეამბოხეთა ბრძოლა ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ შიშველი ხელებით არ მიმდინარეობს. სირიის არმიას კბილებამდე შეიარაღებული სხვადასხვა ჯურის ტერორისტი-ბოევიკი ებრძვის – ავღანეთისა და ლიბიის ომებში გამოწრთობილი. მათი ბანაკები სირია-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, თურქეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ბოევიკებს სამხედრო წვრთნებს დასავლელი სპეციალისტები უტარებენ. ბოევიკთა შორის ბევრია ალ-კაიდელი. ბოევიკთა შორის არიან სირიიდან გაქცეული სირიის არმიის ყოფილი სამხედროები და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ანტიბაშარულად არის განწყობილი. ფრანგული პრესის მიხედვით, ბოევიკებს აქვთ ამერიკული იარაღი, რაც არ არის გასაკვირი სირიის მიმართ ამ ქვეყნის პოლიტიკური განწყობიდან გამომდინარე.

რუსეთის პოზიცია სირიის მიმართ დღეს-დღეობით ისეთივე რჩება, როგორც კონფლიქტის დასაწყისში. სირიის ხელისუფლების სასიხარულოდ, რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ლიბიის მიმართ. ლიბიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ამერიკა-ევროპის გეოპოლიტიკურმა ზრახვებმა აიძულეს რუსეთი სერიოზული დასკვნების გამოტანაში, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომის დროს, რომელიც სირიის საკითხს მიეძღვნა. ინგლისის მიერ შეტანილ რეზოლუციის პროექტს ლეიტმოტივად გასდევდა ასადის დამხობა და ამისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება, თუნდაც გარედან ხელისუფლების ჩამოგდება. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს პროექტს, რაც სულაც არ იყო მოულოდნელი. არც რუსეთ-ჩინეთის კრიტიკა იყო მოულოდნელი, რომელიც დასავლეთმა, კერძოდ ინგლისმა, აშშ-ა, სხვებმა მოაყოლეს ვეტოს დადებას.

უშიშროების საბჭოს სხდომა ნათელი მაგალითია იმისა, რასაც ჰქვია სირიელი ხალხის „უფლებების“ დაცვა. რუსეთი და ჩინეთი, ისე, როგორც ადრე, დაბეჯითებით მოითხოვეს სირიის საკითხებში შუამავლის – კოფი ანანის გეგმის განხორციელებას კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის – ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ. კოფი ანანის გეგმა მოიწონა პრეზიდენტმა ასადმა, მაგრამ ცეცხლი არ წყდება, ვინაიდან ის იძულებულია უპასუხოს ბოევიკთა შეტევას.

უშიშროების საბჭოს სხდომა სხვა რამითაც იყო გამორჩეული, რატომღაც მან გვერდი აუარა დამასკოს ტერაქტს, რომელმაც თავდაცვის მინისტრი და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები შეიწირა. არც ერთი სიტყვა ტერაქტის დაგმობის თაობაზე მარტივ ჭეშმარიტებაზე მეტყველებს – ტერაქტად ითვლება აშშ-ზე თავდასხმა, ისეთი, რასაც ადგილი ჰქონდა 2001 წელს, ლონდონისა და სხვა დასავლური ქალაქების ტერაქტები, მაგრამ არამც და არამც დასავლეთისთვის მიუღებელი რეჟიმების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები, რაც თავისთავად ორმაგი სტანდარტების მაჩვენებელია. და როდესაც ესოდენ „გულახდილობას“ აქვს ადგილი დასავლელთა მხრიდან უნებლიედ მოუვა მავანს თავში აზრი – ხომ არ იყო ყოველივე დასავლური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ღონისძიება?

დამასკოს სამთავრობო სხდომაზე შეღწევა რიგითი თვითმკვლელისთვის ნულის ტოლფასია ისევე, როგორც მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება.

ტერაქტი – ტერაქტია და მას არ უნდა ჰქონდეს გამართლება, თუნდაც ის მიმართული იყოს მიუღებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. დასავლეთი არ გმობს ტერორისტთა და ბოევიკთა მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ დაბეჯითებით გაჰყვირის ბაშარ ასადის საპასუხო რეაქციასთან დაკავშირებით. დასავლური მედიის მიხედვით, ყველაფერი სირიის ხელისუფლებას ბრალდება.

სულ ახლახანს ცნობილი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის ობამას განკარგულება, რომლის მიხედვით აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ევალება დახმარება გაუწიოს სირიელ მეამბოხეებს. მსგავსი გადაწყვეტილება აშკარა დასტურია იმისა, თუ რას აკეთებს დასავლეთი სირიის ხელისუფლების დასამხობად.

არანაკლები ლანძღვა-გინებაა ატეხილი რუსეთ-ჩინეთის მისამართით, განსაკუთრებით რუსეთის, რომელსაც სირიის ხელისუფლებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ. ფრანგული გაზეთის „ფიგაროს“ მიხედვით კი სირიელი მეამბოხეები იარაღს აშშ-ნ ღებულობენ.

სირია დასავლეთ-აღმოსავლეთის მთავარი განხეთქილების ვაშლად რჩება. აღმოსავლეთის, მხედველობაში მაქვს რუსეთ-ჩინეთი-ირანი პოზიციების ოდნავი დათმობა სირიის და მასთან ერთად ახლო აღმოსავლეთის დაკარგვის ტოლფასი იქნება. ერთ ასეთ დათმობას, ლიბიიდან გამომდინარე, უკვე ჰქონდა ადგილი. რუსეთისთვის ამ ეტაპზე დაიკარგა ლიბია და მასთან ერთად ამ ქვეყანაში ჩადებული რუსული მილიარდები.

სირიის ომი დასავლეთ-აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ჯდება, რაც აღინიშნა კიდევაც გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ჩურკინის განცხადებაში, ცხადია აღმოსავლეთის გამოკლებით. უშიშროების საბჭოში რუსულ-ჩინური ვეტოს შემდეგ აშშ-ს კონგრესმა აუკრძალა ამერიკულ დაინტერესებულ უწყებებს რუსული იარაღის შეძენა.

ცნობისათვის, პენტაგონი ავღანეთის არმიისათვის ყიდულობს რუსულ სამხედრო შვეულმფრენებს, სხვა იარაღს.

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ სირიის ხელისუფლებისთვის იარაღის მიწოდება. არადა ამ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე აშშ-ს ოფიციალური პირები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ფარნბოროს ავიასალონზე რუსი ოფიციალური პირის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის არსი ასეთია – რუსეთი არ მიაწვდის სირიას ახალ შეიარაღებას, ვიდრე ამ ქვეყანაში ვითარება სტაბილური არ გახდება. დასავლურმა პრესამ „ახალი შეიარაღება“ მთლიანად შეიარაღების მიწოდებისგან თავის შეკავებაში აურია. „შესანიშნავი ამბავია“, – აღნიშნა რუსეთში აშშ-ს ელჩმა მკფოლმა.

სინამდვილე კი ასეთია – რუსეთმა გადადო სირიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ისეთ საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით, როგორიცაა „იაკ-130“, მაგრამ, რაც შეეხება გარემონტებულ სამხედრო შვეულმფრენ “მი-25“ – დამასკო აუცილებლად მიიღებს.

ამ მფრინავი აპარატების ისტორია კი ასეთია – ერთი თვის წინათ დაქირავებული გემი „ალაედი“, რომელსაც რუსეთიდან სირიაში გადაჰქონდა სამი გარემონტებული შვეულმფრენი, შოტლანდიის სანაპიროსთან დააკავეს. ბრიტანული სპეცსამსახურების ზეწოლით გემის კომპანიას ათქმევინეს, რომ გემი არღვევს სირიის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. არ დააყოვნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც რუსეთი დაადანაშაულა სირიისთვის ახალი იარაღის მიწოდებაში, რაზეც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი ასრულებს სირიასთან 2008 წელს დადებულ კონტრაქტს, რომლითაც ის ვალდებულია გაარემონტოს სირიისთვის მიყიდული შვეულმფრენები.

გემი, რომელსაც არ ჰქონდა დაზღვევა, ვერც ერთ პორტში ვერ შევიდოდა, ამდენად ის დაბრუნდა მურმანსკში.

ლავროვმა მტკიცედ განაცხადა, რომ „სირიასთან დადებული კონტრაქტი შესრულდება“. ამ დაპირებამ ექსპერტთა ვარაუდების კორიანტელი გამოიწვია. ისინი არ გამორიცხავდნენ ტრანსპორტირებისთვის საჰაერო გზის გამოყენებას, თუმცა ბოლო დროს ეს ვარაუდი ისევ საზღვაო გზამ ჩაანაცვლა. სამხედრო ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ სევერომორსკიდან, რომელიც 25 კილომეტრით არის დაშორებული მურმანსკიდან, მთელი რიგი სამხედრო გემები გავიდნენ ზღვაში ე.წ. საზღვაო მოგზაურობაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვების სამხედრო გემები, მიზანი – ხმელთაშუა ზღვის მანევრებია. ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება სირიის პორტ ტარტუსში შესვლა, რომელიც რუსეთს ეკუთვნის. სულაც არ არის გამორიცხული, რომ დაბრუნებული სამხედრო ტვირთი სწორედ ამ გემებმა ჩაიტანონ სირიაში. სამხედრო გემების დაკავება ომის ტოლფასია, ამდენად ამას არავინ ჩაიდენს.

გააფთრებული ომია სირიის მეორე ქალაქ ალეპოში. სამხედროები მძიმე ტექნიკის საშუალებით ცდილობენ გაანთავისუფლონ ბოევიკთა მიერ დაკავებული უბნები. იზრდება მსხვერპლი. გეოპოლიტიკურ ომს ათასობით მშვიდობიანი სირიელი ეწირება. იმ შემთხვევაში, თუ ბაშარ ასადის რეჟიმი წარმატებას ვერ მიაღწევს ალეპოს ომში, გამოიკვეთება ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რომელიც მიწასთან გაასწორებს სირიის ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს, მოშლის ქვეყნის ეკონომიკას.  სირია ლიბანს დაემსგავსება. ისე, როგორც ლიბანში, სირიაშიც ადგილი ექნება სუნიტებისა და შიიტების სისხლიან დაპირისპირებას, ქრისტიანი მოსახლეობის შევიწროებას, დიდი ქვეყნებისა და რეგიონის სახელმწიფოების ინტერესთა შეტაკებას, რაც მრავალი წლით გაამწვავებს ახლო აღმოსავლეთის ისედაც დაძაბულ ვითარებას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.