და ისევ ყბადაღებული ნატოს თემა

გასული კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას, ქართულმა პოლიტიკამ და მედიამ, ტრადიციულად თავს დაატეხა ნატოში შესვლა-არშესვლის თემა – მეტადრე შესვლის და თანაც მედიის ეგზალტირებული ტიტინით – უახლოეს პერიოდში. უსმენ მორიგ მედიურ შეტევას ადამიანთა ტვინებზე და თავისთავად გებადება აზრი, რომ საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, პირიქით, თუ რამე შეიცვალა – აღნიშნული თემის ჭარბი რეკლამაა და მეტი არაფერი.

საქართველოს ახალ ხელისუფლებას უდავოდ ესაჭიროება (თვით ასე თვლის) საკუთარი დასავლურობის დამტკიცება, თან დასავლეთისთვის თავის ისე გაცნობა, რომ ის გაცილებით დასავლურია, ვიდრე წინამორბედი. დასავლეთიც ყველაფერს ღონობს საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსადრეკად და ამ საქმეში თაფლაკვერასა და ჯოხს ეფექტიანად იყენებს. თაფლაკვერა ის გაუთავებელი დაპირებებია, რომლებიც რახანია ყურებს გვიხვრიტავს. ჯოხი – იქაური პოლიტიკოსების დიდაქტიკური განცხადებები – პლიუს, რესპექტაბელურ გაზეთებში ახალი ხელისუფლების პოლიტიკის ლანძღვაში გადასული კრიტიკა.

ქართული ელექტრონული მედიის მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ერთობ გულთბილი მიღება მოუწყვეს ნატოს შტაბ-ბინაში, მრავალჯერ გვაჩვენეს ფანჯიკიძე-რასმუსენის „გულისამაჩუყებელი“ ვიდეო-კადრები, რასმუსენის „ღრმადშინაარსიანი“ განცხადება ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით – კატეგორიული ხაზგასმით (ჩვენი მედიის მიერ), რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

რასმუსენის ნალაპარაკის ამ ნაწილს ქართული მედია ერთობ მაჟორულ ტონში ახმოვანებდა, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნაწილზე ანუ „მაგრამ“-ის შემდეგ, რომ ითქვა გენერალურის პოლიტიკურ ბაგეთაგან – „თუ საქართველო დააკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს“.

რომ იტყვიან კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო. გენმდივნის „კარგ“ ნათქვამში, რაღაც არ ჩანს საქართველოს ნატოში ხვალ გაწევრების პერსპექტივა და არათუ ხვალ, ზეგაც. ის, რაც ჩანს არის ნატოს მოთხოვნები, რომლის შესრულება საქართველოს ძალიან, ძალიან გაუჭირდება. და არათუ გაუჭირდება, ვერც ვერასდროს შეძლებს.

შეუსრულებელ პრობლემათა შორის (ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერსპექტივაში) ტერიტორიული მთლიანობის, მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების, ქვეყნის დემოკრატიზაციის და სხვა საკითხებია. გარდა ამისა, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის უსერიოზულესი საკითხი, თავი რომ დავანებოთ ობიექტურ სასამართლო სისტემას, ეკონომიკას და სხვა. ასეთ ფონზე ცოტა არ იყოს ნაკლებად რეალურად მოსჩანს რასმუსენის „ოპტიმიზმი“.

იბადება კითხვა – რას უნდა ემსახურებოდეს საქართველოსთვის გამოწერილი დაპირება? იმას ხომ არა, რომ საქართველომ, მუდმივ მოლოდინში მყოფმა, არასდროს მიაპყროს მზერა რუსეთს. ამასობაში განხორციელდება ქვეყნის „გადემოკრატება“, „გალიბერალება“, „გაევროპელება“ და სხვა „გა-“. ეს პროცესი ხანგრძლივია და მისი სწრაფად დასრულება წარმოუდგენელია.

ზემოთმოყვანილი, ჩვენს მიერ ნავარაუდევი შესასრულებელი საკითხები, ნატოს შტაბ-ბინის დასტურს საჭიროებს. გარდა ამისა საქართველოს მოსახლეობისთვის საჭიროა კონკრეტული და არა ზედაპირული ახსნა იმისა, რა საკითხების პირნათლად შესრულების შემდეგ გაიღება (რეალურად და არა რიტორიკულად) ნატოს კარი.

საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნატოში შესასვლელი საკითხების ცოდნას, რამეთუ მასზეა (ხალხზე) დამოკიდებული და არა ხელისუფლებაზე, შეძლებს თუ არა ამ საკითხების მოგვარებას ან უღირს თუ არა ეს საკითხები ნატოდ. ვიდრე ჩამონათვალი  ოფიციალურად არ გამოქვეყნდება არასერიოზულად ჩაითვლება რასმუსენის დაპირება გაწევრების თაობაზე.

ქართული მედია ერთობ შეწუხებული ჩანს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეშფოთებას გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები. შეშფოთების წყარო „პოლიტიკური დევნა და დაჭერებია“ – ყოველივე ამან ხელი არ შეგვიშალოს ნატოში შესვლაშიო, – აცხადებენ ისინი.

უფრო მეტიც ედპ-ს ლიდერმა დაგმო პოლიტიკური პატიმრების ამნისტიის საკითხი – სხვაგვარად დაერქმიათ, თორემ ამდენი პოლიტიკური პატიმრის პატრონ ქვეყანას ვინ შეუშვებს ნატოშიო – გულდათუთქულად აცხადებდა ის, თანაც „ოცნებას“ თავაზობდა ამნისტიის სხვა სათაურით განხორციელებას. ქარდავას ნათქვამი „ქეთო და კოტეს“ მაგონებს – „ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს“ ანუ ნატომ არ გაგვიგოს.

მართალია ქარდავა, ოღონდ მხოლოდ ერთში – აურაცხელი პოლიტპატიმრის პატრონი ქვეყნის ნატოში შესვლა-არშესვლას კარგახნისწინათ უნდა დასმოდა მსუყე უარყოფითი წერტილი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, ნატო რომ მართლაც ის ორგანიზაცია ყოფილიყო  (ბუნჩულა, კეთილი, სამართლიანი, მშვიდობისმოყვარე), ზოგ გულუპყვრილოს რომ წარმოუდგენია.

ნატოს თავისი მიზნები აქვს, რომლებშიც გამოკვეთილად მოსჩანს დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფრონტაცია, ცხადია შენიღბული, მაგრამ მაინც. ნატოს სჭირდება საქართველო, უფრო სწორად, ტერიტორია, რუსეთის მეზობლად, საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, თან რუსეთიც სჭირდება ავღანეთიდან გამომდინარე. ამ არჩევანში ავღანეთი სჭარბობს, ამდენად მას არ სურს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, გარდა ამისა საკუთარი წესის (ნატოში შესვლასთან დაკავშირებით) უგულებელყოფა.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების თემას. ნუთუ უცნობი იყო ეს ნატოსთვის? ძალიან საეჭვოა. მაშ რით ხელმძღვანელობდა ბრიუსელი, როდესაც გუნდრუკს უკმევდა პოლიტპატიმრებიან სააკაშვილის საქართველოს? როგორც ჩანს მისთვის მთავარი იყო ის, თუ რამდენ საზარბაზნე ხორცს გააგზავნიდა სააკაშვილი ავღანეთის სასაკლაოზე, ვიდრე ის, რომ საქართველოს პირნათლად შეესრულებინა ნატოს მიერ მიცემული საშინაო დავალება.

პატივცემულო მკითხველო – შეიძლება თუ არა სასურველად ჩაითვალოს ის ორგანიზაცია, რომელიც თვალს ხუჭავს ხელისუფალთა ბოროტებაზე, რეპრესიებზე და ა.შ., ხელისუფლებაზე, რომელსაც ციხეებში ჰყავს გამომწყვდეული ასობით პოლიტპატიმარი? დარწმუნებული ვარ ბრიუსელი უტუხად იტყვის – არ ვიცოდიო. ნეტავ ისიც არ იცოდა, რომ 2008 წელს, ომი, სააკაშვილმა დაიწყო? იქნებ ისიც არ იცოდა, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომი შევარდნაძემ გააჩაღა?

ნათქვამია – არცოდნა, არცოდვააო, მაგრამ მსგავსი რამ ერთობ ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის უცხო უნდა იყოს. დროის უმოკლეს პერიოდში ორი ომის გამჩაღებელ სახელმწიფოს, თუ სხვა მზაკვრული მიზნები არ გამოძრავებს, როგორ უნდა დაჰპირდე „ბუნჩულა“ ნატოში გაწევრება?

 2008 წლის ომის გამომწვევი ფაქტორების შემსწავლელი ევროკავშირის კომისიის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს დიდი წერტილი უნდა დასმოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, ნატოს ანტირუსული გეგმებიდან გამომდინარე და ამ გეგმებში სააკაშვილის როლის გათვალისწინებით.

ომის თემამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა პარლამენტის უმცირესობის მხრიდან ომბუდსმენობის კანდიდატ ნანუაშვილთან შეხვედრის დროს. უმცირესობამ კრიტიკულად გამოავლინა ნანუაშვილის „დანაშაული“ – ომის გამჩაღებლის მიერ (საქართველო) აფხაზთათვის ბოდიშის მოხდის თაობაზე. ნანუაშვილის ნათქვამში ახალი მხოლოდ რისკი იყო. ნაციონალთა ზეობის დროს მსგავსი რამ ქვეყნის ღალატად კვალიფიცირდებოდა. სხვა მხრივ, მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს მიერ ბოდიშის მოხდას. გერმანია-იაპონიის მაგალითებიც კმარა, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ.

ის, რაც მისაღებია ცივილიზებული მსოფლიოსთვის, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ სულ თავის მართლებაში და სხვის დადანაშაულებაში ვართ. თავის მართლების მიზნით იმასაც ვამბობთ – „ჩაგვითრიესო“.

„ბოდიშის მოხდის“ საკითხი ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსთა ე.წ. „შლაინინგის პროცესის“ დროს შემუშავდა. 2002-2003 წლებში მოვილაპარაკეთ ბოდიშის მოხდის პროცედურაზე და მასთან მიბმულ მთელ რიგ საკითხებზეც. შევარდნაძის სატელევიზიო ბოდიშთან ერთად გაჟღერდებოდა საქართველო-აფხაზეთის შერიგების გეგმა: აფხაზეთის საწინააღმდეგო ეკონომიკური ბლოკადის მოხსნით, კომუნიკაციების აღდგენით და სხვა. სამწუხაროდ, ამ გეგმით არ დაინტერესდა საქართველოს ხელისუფლება.

„ჩვენ დავუმტკიცეთ დასავლეთს, რომ დასავლური ორიენტაცია გვაქვსო“, – ბრძანა თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ. დასავლეთი კმაყოფილია საქართველოს საგარეო კურსის შენარჩუნებით, მაგრამ საქართველოს რა? დასავლეთი იმითაც კმაყოფილია, რასაც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რუსეთთან მიმართებაში. „გვსურს, რუსეთი დავაყენოთ კუთხეში, რომ იგი იძულებული იყოს პოზიტიურად უპასუხოს ჩვენს პოზიტიურ ნაბიჯებს, მათი უგულებელყოფა ნეგატიურად აისახება მის იმიჯზე“, – თქვა ალასანიამ.

ვინმეს წარმოუდგენია, პატარა საქართველო როგორ აყენებს კუთხეში ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს? მსგავსი არადიპლომატიური ლექსიკა უდავოდ არ უწყობს ხელს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, რაც აღნიშნა კიდევაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლავროვმა.

კატეგორიული იყო მინისტრის ნათქვამი რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს თანხმობის შემდეგ გახდა შესაძლებელი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაო. კეთილი, მაგრამ საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთს ვერ გააწევრიანებდნენ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში?

თუ ვინმეს სურდა რუსეთის ამ ორგანიზაციაში შეყვანა – აშშ-ი იყო, ცხადია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არა მარტო ამერიკა, სხვა ქვეყნებიც დაბეჯითებით ითხოვდნენ ამას. ასე, რომ ქართული თანხმობის გარეშეც რუსეთს თავს უკრავდნენ სავაჭრო ორგანიზაციაში, რის შესახებაც არაერთხელ ითქვა რუსული მხარის მიერ.

რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, როგორც ჩანს ამ ეტაპზე წვრილი ვაჭრობის დონეს ვერ გასცდება, ვინაიდან მხარეები არ არიან მზად ამისთვის. რუსეთის მიერ საქართველოს ყოფილი ავტონოიების დამოუკიდებლობის აღიარება არის მთავარი დამბრკოლებელი ამ საკითხში. ჩემის აზრით, ესეც რომ არყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა ორი ქვეყნის კონსტრუქციული ურთიერთობა, ვინაიდან დასავლეთი უმალ გამოძებნიდა სხვა საბაბს ვითარების დასაძაბად.

დავუშვათ, საქართველომ მოაგვარა მის წინაშე მდგარი საკითხები და გამზადდა ნატოში შესასვლელად, შეყვება იქ აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთი? ძნელად დასაჯერებელია. განდგომილთა გარეშე შესვლა თავისთავად ხომ არ ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას? თუ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რატომ არ უნდა ნიშნავდეს პირველი კითხვა ამას? რომ იტყვიან – „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“ – ვითარებაა შექმნილი, რომლიდანაც გამოსვლა არც ერთ მთავრობას არ აწყობს, მაგრამ საქართველოს?

საქართველო მოითმენს. მას მომავალი წლის ოქტომბერში გაიხსენებენ – საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შემდეგ, მოგვიანებით – საპარლამენტო არჩევნებისას. და ამ შუალედში უხვად იტყვიან – „ქართველი ხალხის კატეგორიულ არჩევანზე – ნატოო“. არადა 2008 წელს ხალხს ნატოს თემა ერთ ადგილას ეკიდა. მისთვის მთავარი იყო სააკაშვილის ჩამოშორება. არ გაუმართლა – სააკაშვილიც ვერ მოიშორა და ნატოც აიკიდა, უფრო სწორად – ააკიდებინეს.

მაინც ვინ მოიფიქრა პრეზიდენტის არჩევნების საკითხთან, ნატოში შესვლის თემის მიტმასნება? ცხადია, დასავლეთმა, ვინაიდან სააკაშვილის არ არჩევის შემთხვევაში დასავლეთი – ქართველი ხალხის „სურვილს“ მაინც მიიღებდა  ნატოში შესვლის სახით. 2008 წლის იანვარში დასავლეთმა ორივე მოიგო – სააკაშვილის პრეზიდენტობაც და ქართველი ხალხის ნატოში შესვლის „სურვილიც“.

დასავლეთი დღესაც იგებს – მისთვის ლოიალური ხელისუფლების მოსვლით და ამ ხელისუფლების ევროატლანტიკური სივრცისკენ თავქუდმოგლეჯილი სწრაფვით. საქართველო? საქართველო დაიცდის ანდა, კაცმა რომ თქვას, სად ეჩქარება? ნატოში შესვლა მას უდავოდ არ აჩქარებს. რაც აჩქარებდა – ტარიფების შემცირება, სხვა უამრავი წვრილმანი საკითხის (წვრილმანებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება) მოგვარება იყო, რომლის საპასუხოდ ცივი შხაპი მიიღო – „არაო“, „ვერაო“, – უთხრეს მას.

საზოგადოებას არც გაეროს კენჭისყრა ადარდებდა – ერთი ამბავი, რომ ატყდა მედიაში. ბუნტის ამტეხი ნაცები იყვნენ – ეს როგორ შეიძლებაო, ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებული უხეში შეცდომააო – გაისმოდა მათი მხრიდან. გახსოვთ ალბათ, გაეროს გენერალურ ასამბლეიაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა და პალესტინისთვის საქართველოს მხარდაჭერა.

ერთის შეხედვით, თითქოს ცუდი ამაში არაფერია, ან რა უნდა იყოს ცუდი, როდესაც გაეროს 193 წევრი სახელმწიფოსგან, 160-ზე მეტი მხარს უჭერს პალესტინას. ვინც მხარს არ უჭერს – 9 სახელმწიფოა, მათ შორის – აშშ-ი და ისრაელი. ნაცთა განცხადებით, საქართველოს მხარი უნდა დაეჭირა ამერიკა-ისრაელისთვის, როგორც სტრატეგიული პარტნიორებისთვის. და მართლაც, როდესაც გადაწყვიტე ამერიკაზე მიბმა, სხვაგვარად უნდა მოიქცე.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, ვინც მეტნაკლებად ჩახედულია პალესტინა-ისრაელის ისტორიაში (ასეთები თითზე ჩამოსათვლელია), უცნაური აღმოჩნდა ქართული მხარის გადაწყვეტილება, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა საგარეო უწყების მაღალრანგოსანთა ბუნდოვანი განმარტება, რომ საქართველომ კენჭისყრამდე კონსულტაციები გამართა ამერიკელ და ებრაელ დიპლომატებთან.

პალესტინელთა სამართლიანი საქმისთვის მხარის დაჭერა ნამდვილად არ არის საძრახი საქმე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რომ პროამერიკულია? ოპონენტები გაჰკივოდნენ – საგარეო უწყებამ მხარი „ჰამასს“ დაუჭირა, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობაო. კეთილი, მაგრამ „ჰამასი“ პოლიტიკური ორგანიზაციაა და არა პალესტინა. „ჰამასი“ ღაზის სექტორშია და არა დასავლეთ სანაპიროზე ანუ იქ, სადაც პალესტინის მთავრობაა. „ჰამასი“ ის ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ი ტერორისტულად თვლის და ცდილობს მის წინააღმდეგ ყველა ღონის გამოყენებას.

ოპონენტთა მიერ ახალი ხელისუფლების კრიტიკა ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა – ამერიკისთვის იმის თქმას, რომ ივანიშვილი სანდო არ არის, რომ მისი პოლიტიკა პროდასავლური კი არა პროირანულ-პრორუსულია.

ცნობისათვის მოგახსენებთ – „ჰამასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ირანს, რაც ორივე მხარემ ხმამაღლა დააფიქსირა ისრაელ-ღაზის სექტორის სულ ახლახანს მიმდინარე საჰაერო კონფლიქტის დროს. „ჰამასისთვის“ ირანის მიერ მიცემული ნახაზების მიხედვით გაკეთდა რაკეტები, რომელსაც „ჰამასი“ უშენდა ისრაელს. „ჰამასთან“ კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთსაც. რუსეთი, ირანი, „ჰამასი“ და სირია ერთი ჯაჭვით არის დაკავშირებული.

ნაცთა კრიტიკას ჰქონდა საფუძველი და ამ საფუძვლის შესაქმნელად, როგორც ჩანს ბევრი იღონეს მათ. პალესტინისთვის მხარის დასაჭერად გარკვეული ნაბიჯები გადადგა საგარეო უწყებისა და მის გაეროს წარმომადგენლობაში მომუშავე ნაცური დიპლომატიის წარმომადგენელებმა, რომლებმაც შესანიშნავად გამოიყენეს გამოუცდელი მინისტრის „ცოდნა“ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და ისეთი ფინტი ჩაატარეს, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა სეირის მაყურებელი. ესეც თქვენი კოჰაბიტაცია – ქართულად. ფინტს კი მოჰყვა ნაცთა კოკისპირული კრიტიკა – ეს რა გააკეთესო!

ახალი ხელისუფლების გაშავებას ემსახურებოდა სააკაშვილის ვიზიტი პოლონეთში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლონეთის საზოგადოებასთან შეხვედრების დროს სააკაშვილმა აღნიშნა იმ აღმშენებლობის შესახებ, რასაც მისი მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი: წინსვლა ეკონომიკაში, წინსვლა დემოკრატიის მშენებლობაში, წარმატებები არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებაში და ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემაში. სააკაშვილის მიღწევებს კვერს უკრავდნენ პოლონელი მასპინძლები, რომლებიც აღნიშნავდნენ ახალი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში დამარცხებულთა დევნას.

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ფართოდ აღინიშნა ევროატლანტიკური ქვეყნების პოლიტიკოსთა მიერ. ამის შესახებ კიდევ ერთხელ თქვა რასმუსენმაც. თუმცა არჩევნებამდე მანვე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართა, ნატო კი არსად ჩანს და რომ არ ჩანს ივანიშვილს ბრალდება.

ახლა, რაც შეეხება განვლილი არჩევნების დემოკრატიულობას. არჩევნები მარტო ერთი დღე არ არის. არჩევნებს წინ უძღვის წინასაარჩევნო მარათონი, რომელიც, რასმუსენის სამწუხაროდ, ვერაფრით შეფასდება დემოკრატიულად.

წინასაარჩევნო მარათონის დროს ხელისუფალთა მიერ ჩადენილი დანაშაულებანი მხოლოდ დიქტატურული მმართველობის სადარია.

დემოკრატიულ არჩევნებში ყველაფერი იგულისხმება – არჩევნების დღეც და არჩევნების მზადების პერიოდიც. მარტო ერთი დღით არჩევნების „დემოკრატიულად“ ცნობა – თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.