22.12.2024

თურქეთში მიმოსვლის წესები იცვლება

დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა. . . რაც მართალია, პატარას ვერ იტყვი მაღალ სააკაშვილზე, თუმცა გონებით „მაღალი“ მას ისე შეეფერება, როგორც ძროხას უნაგირი, სიბრძნეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ასე და ამრიგად დახტის „ჩვენი“ პრეზიდენტი ქალაქებსა და სოფლებში და საკუთარი თავის ქებით აყრუებს გარემოს.

ჭრიჭინთან ერთად ისეთ აწმყოს და მომავალს გვპირდება, უკეთესს რომ ვერ ინატრებს ქართველი, ოღონდ ერთია ამ ჭრიჭინში მცირედიც დაუჯერებელია. ის უფრო ზღაპრულ-ვირტუალურია, თანაც მომაბეზრებელი და თუ ჩვენთვის – ჭრიჭინის მომსმენთათვის მოსმენა გარდაუვალია, უცხოელისთვის – არა. უცხოელს შეუძლია სხვა გზას მიმართოს, ვინაიდან ასეა დაჩვეული იმ სანატრელ დემოკრატიაში.

მთლად დემოკრატიულს ვერ დაარქმევთ მეზობელ თურქეთს, მაგრამ ჩვენთან შედარებით დემოკრატიულიც არის და ნაკლებად მომთმენიც, არა მარტო საკუთარი ხელისუფლების, არამედ სხვათა მიმართ.

სწორედ აქედან გამომდინარე მეზობელი თურქეთი ვეღარ იტანს ვეღარც ჩვენი ჭრიჭინობელას ჭრიჭინს, ვეღარც მეზობელი საქართველოდან შესულთა აღვირახსნილობას და აიძულებს საკუთარ ხელისუფლებას გაამკაცროს სავიზო რეჟიმი. საქართველოს კი დასამშვიდებლად იმას ეუბნება, რომ ის გამონაკლისი არ არის და შეზღუდვა ყველა ქვეყანას ეხება.

ასეთი განმარტება მოგვცა სულ ახლახანს საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით მყოფმა თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტი) დელეგაციამ.

საქართველო თუ არ არის გამონაკლისი, გამონაკლისი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანელები თურქეთში უწინდებურად მისაღები სტუმრები იქნებიან. რა გაეწყობა აზერბაიჯანი და თურქეთი, გეიდარ ალიევის არ იყოს – „ერთი ერი, ორი სახელმწიფოა“.

მაინც რამ აიძულა მეზობელი თურქეთი ცივი წყალი გადაესხვა საქართველოს პრეზიდენტის მცდელობისთვის, ისე ჩაეხუტებინა საქართველო თურქეთთან, რომ ჩახუტების დროს პატარა საქართველოს სული ამოხდომოდა?

როგორც ამბობენ გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე გამაღიზიანებელი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა კრიმინალური ვითარება. ქართველთა დიდი ნაწილი, როგორც თურქეთში, ისე სხვა ქვეყნებში, ცხადია არალეგალური გზით მოხვედრილნი, თავჩაქინდრულნი, უფლებააყრილნი, მძიმე შრომას ეწევიან – დამამცირებელს და მიუღებელს ადგილობრივთათვის. ნაშოვნი ფულით კვებავენ შინ დარჩენილ შვილებს, მშობლებს, ახლობლებს. ასეა  ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ზოგმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ზოგმა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, მაგრამ უდიდესი უმრავლესობისთვის ასეთი, მიუღწეველ ოცნებად რჩება.

უცხოეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრებ ქართველობას არ სჯერა პრეზიდენტის განცხადების, რომ საქართველოში კარგი სამუშაო პირობების გამო უფრო მეტი ბრუნდება, ვიდრე პირიქით.

შრომისუნარიანი მოსახლეობის სამშობლოდან გადახვეწა უარყოფით გავლენას ახდენს ისედაც გაუარესებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე. იშვიათობას არ წარმოადგენს მეორე ოჯახის გაჩენის ფაქტებიც, ფიქტიური ქორწინების ფაქტიურად გადაქცევა და სხვა. ამ მხრივ გამოირჩევა რუსეთში მცხოვრები ქართველობა.

ლუკმა-პურის საძებრად უცხოეთში გადახვეწილ ქართველობას კრიმინალიც შეუერთდა. დღეს უკვე ჩვენთვის ჩვეულებრივად ჟღერს უცხო ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში მყოფი ქართველი ქურდების, ბანდიტების, მეძავების, ნარკომანებისა და ნარკოტრეფიკერების არსებობა.

ჩვენს ყურს აღარ ეხამუშება მათი “საგმირო საქმეები“ და ამ სიბინძურისთვის დაკავება, დაპატიმრება, გასამართლება, გამოძევება და ა.შ. აღარც ის გვაკვირვებს, როდესაც საქართველოს მოქალაქე მასპინძლებს სიკვდილით ემუქრება ან წამებით, სისასტიკით კლავს, ხოლო გვამს ანაწევრებს და კვალის დამალვის  მიზნით სხვადასხვა ადგილას მიწაში ფლავს.

დიახ! ჩვენს ყურს შემზარავი ამბების მოსმენა აღარ ეხამუშება, მაგრამ იქ ეხამუშებათ და რახან ეხამუშებათ, ზომებსაც იღებენ. თურქეთი, მსხვერპლი ქვეყნების რიცხვში გამონაკლისი არ არის, პირიქით, მოწინავეა. თუ იქ ქართველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ქურდობას, ძარცვას, ბინების გატეხვას და სხვა „სიკეთეებს“, გასულ წელს მკვლელობების სერიაც დაემატა, რამაც მოთმინებიდან გამოიყვანა თურქეთის მოსახლეობა. შედეგი – საქართველოს მოქალაქისთვის თურქეთში ყოფნის ვადის შეზღუდვა.

გადაწყვეტილება ძალაში ა.წ. პირველი თებერვლიდან შედის. მისი მიხედვით, უცხოელებს უფლება აქვთ იყვნენ თურქეთში სამი თვის განმავლობაში, რის შემდეგ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა და დაბრუნდნენ სამშობლოში. მხოლოდ სამი თვის გავლის შემდეგ ექნებათ მათ თურქეთში დაბრუნების შესაძლებლობა.

ახალი გადაწყვეტილება გაართულებს თურქეთში მომუშავე ქართველთა მდგომარეობას. ცხადია, ბევრი მათგანი დაკარგავს სამუშაოს, აქედან გამომდინარე შემოსავალს, ხოლო ოჯახი საარსებო ლუკმა-პურს. რა გაეწყობა, პატიოსანი მშრომელი ბინძურ თანამოქალაქეთა ბინძურ „საქმიანობას“ შეეწირება.

რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება? როგორც ამბობენ, სააკაშვილმა ხვეწნით გული გაუწვრილა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოგანს, მაგრამ ვერაფერს გახდა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან თვით სააკაშვილის გაუთავებელი ბაქი-ბუქი საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით და რეგიონსა და მსოფლიოში პირველობაზე ლაქლაქი ნაკლებად სიამოვნებს თურქეთის ხელისუფალთა ყურს, მითუმეტეს თუ თვით აქვთ მოწინავეობის ამბიცია.

როგორც ჩანს, თურქეთის მიერ შემოღებული წესი ცალმხრივად იმოქმედებს, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, ვიდრე საქართველო არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯს. ასე გააკეთებდა ნებისმიერი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ხომ „ნებისმიერი“ არ ვართ, ამ ხელისუფლების ხელში უფრო თავმოყვარეობადაკარგულები ვართ. და რახან ასეა, ადეკვატური ნაბიჯიც გამორიცხულია იმის შიშით, მეზობელმა უფრო მკაცრი წესი არ შემოიღოს. ყველასთან ხომ არ ვიჩხუბებთ?!

ზემოთ აღვნიშნე, რომ წესი აზერბაიჯანს არ შეეხება და ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯან-თურქეთს შორის სულაც არ არის შემოღებული ისეთი უვიზო მიმოსვლა, რასაც ადგილი აქვს საქართველო-თურქეთს შორის. ოფიციალური ანკარა ვერაფერს გახდა ბაქოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებისათვის.

აზერბაიჯანი მზად არ არის კარი მოუბდღვნას თურქეთს ისე, როგორც საქართველომ. ოფიციალური ბაქოს თავშეკავების მიზეზი აზერბაიჯანში ისედაც მოჭარბებული თურქული გავლენის შეზღუდვაა. ბაქო მიიჩნევს, რომ საზღვრის ოდნავი გაღება საკმარისია, მაგრამ მთლად მოშლა ისე, როგორც საქართველოში, მიუღებელია.

თურქეთის გადაწყვეტილებამ წყალი შეუყენა არა მარტო საქართველო-თურქეთის ერთიანი საბაჟო სისტემის ყბადაღებულ სააკაშვილისეულ გეგმას, არამედ „საერთო კავკასიურ სახლის“, ანდა რა „საერთო სახლზეა“ ლაპარაკი, როდესაც ამ „სახლის“ მთავარ მასპინძელთან სტუმრობა მხოლოდ სამი თვით შეიძლება, მას კი შენთან განუსაზღვრელად?

ანკარის გადაწყვეტილება უცბათ, დაუფიქრებლად, აუწონ-დაუწონავად არ იყო მიღებული. მსგავსი, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებს. ის უფრო ხანგრძლივი დაკვირვების, საკითხის ღრმა, საფუძვლიანი შესწავლის შედეგია, გამოწვეული ქართველთა მხრიდან კრიმინალური ქმედებით, გარდა ამისა სხვა ისეთი ნიუანსებით, რომლებიც ჩვენთვის უცნობია.

თურქეთის გადაწყვეტილება სააკაშვილის პროთურქული პოლიტიკის სრული თუ არა სერიოზული ფიასკოა. და იმის მაუწყებელი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ურთიერთობას უნდა ჰგავდეს – სოლიდურს, პარიტეტულს და არა დამთმობსა და ქარაფშუტულს.

ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როდესაც ფამილარობაში გადადის და სწორედ ასეთს აქვს ადგილი საქართველოს მხრიდან – შედეგიც არ აყოვნებს.

მიუხედავად „ერთი ერის, ორი სახელმწიფოს“ ფორმულისა, სხვა ურთიერთობაა აზერბაიჯან-თურქეთს შორის. თავმოყვარე აზერბაიჯანთან თურქეთის რევერანსული დამოკიდებულება მარტო ენერგომატარებლებით არ არის გამოწვეული, თუმცა ნავთობისა და გაზის გავლენის გამორიცხვა არ შეიძლება.

მთავარი სხვაა და ეს სხვა ქვეყნის მართვის სოლიდურობაა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავს უფლებას არ მისცემს მოულოდნელად აჯახოს ქვეყანას „სიახლე“, თუნდაც ისეთი, ახალი ქალაქის აშენებას რომ ეხება. მან იცის, რომ თავქარიანული განცხადებები, მითუმეტეს ფაცი-ფუცით დაწყებული მშენებლობა, განწირული იქნება.

გასულ წელს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა მოსკოვის სიახლოვეს ახალი ცენტრის აშენების თაობაზე. მას შემდეგ რუსეთის ტელეარხებზე მიმდინარეობს დებატები ახალმშენებლობასთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობას ღებულობენ არქიტექტორები, მშენებლები, არქიოლოგები, სეისმოლოგები, თითქმის ყველა დარგის სპეციალისტები, პოლიტიკოსები. იქმნება სამუშაო ჯგუფები: პარიზელი, ბერლინელი, ლონდონელი სპეციალისტების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფებს დავალებული აქვთ ა.წ. შემოდგომისთვის პროექტების წარდგენა საჯარო განხილვისათვის.

უყურებ და უსმენ ყოველივე ამას და უმალ იხსენებ სააკაშვილს და ლაზიკას, სადაც მშენებლობა საცაა დაიწყება. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? ვოლუნტარიზმი? თანამდებობის ბოროტად გამოყენება? ქვეყნის აზრის ფეხებზე დაკიდება? ალბათ ყველაფერი ერთად. მსგავს ვერ ნახავთ ვერსად, ვერც თურქეთში, ვერც რუსეთში, ვერც სომხეთში და ვერც აზერბაიჯანში, სხვაზე, განსაკუთრებით ევროპა-ამერიკაზე აღარაფერს ვამბობ.

რით არის ყოველივე გამოწვეული? მარტო სააკაშვილის თაცხედობით? არა მარტო ამით. საზოგადოებრივი აზრის არ არსებობით, ოპოზიციის დოყლაპიობით და უსაქმურობით, საკუთარი ქვეყნისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებით. ქვეყანა უფსკრულშია და ასეთს ისე ექცევიან, როგორც თურქეთი.

როდესაც ქვეყნის პირველი პირი სრულიად საქართველოსთვის ოფიციანტობას, მძღოლობას, შავ მუშობას, მეძავობას, დამლაგებლობას ნატრულობს, სხვა რაღას გაკადრებს? და ამას აკადრებენ საბჭოთა პერიოდის მოწინავე ქვეყანას – მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, სპორტში.

საქართველო მოწინავე იყო საბჭოთა კავშირში და რაღა თქმა უნდა ამიერკავკასიაში. დღეს? დღეს, სააკაშვილი და მასთან ერთად საქართველო მომსახურე, მესამე ქვეყნის სტატუსის მოპოვებისათვის ოცნებობს, მაშინ, როდესაც სხვები სხვანაირად ოცნებობენ და არა მარტო ოცნებობენ, არამედ სამომავლო გეგმებსაც ქსოვენ.

„ცხადია, მე მაქვს აზერბაიჯანის განვითარების გეგმა – „აზერბაიჯანი-2050“, მაგრამ დღეს უფრო მეტად დაკავებული ვარ გეგმაზე – „აზერბაიჯანი-2023“. ამ გეგმის განხორციელება ორი წლის შემდეგ დაიწყება და მისი წარმატებული შესრულება უზრუნველყოფს 2060, 2070 აზერბაიჯანის შექმნას. ის ინფრასტრუქტურული გეგმები, რომლებსაც ამჯერად ვახორციელებთ, მაგალითად წყალმომარაგება გათვლილია 2035 წლამდე, ცხადია მოსახლეობის, მრეწველობის, საწარმოების ზრდაზე.

ჩვენ დღეს ვმუშაობთ 2035 წლისათვის, გზას ვუკალავთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა და იმუშავებს 2060-70 წლებისათვის. მხოლოდ ასე შეიძლება განვითარდეს ქვეყანა. მსოფლიო წინ მიდის და ჩვენ უნდა მოვასწროთ. ცხადია, ძნელია იმის მოლოდინი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აზერბაიჯანი მოდის კანონმდებელი იქნება უმაღლეს ტექნოლოგიებში, ნანოტექნოლოგიაში, თანამედროვე წარმოებაში, მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან უნდა ვიყოთ იმათგან, ვინც ამას ქმნის.

იმისთვის, რომ ამას მიაღწიო მარტო მატერიალური შესაძლებლობა არ არის საკმარისი. უნდა გყავდეს კადრები, გქონდეს ინფრასტრუქტურა,კონცეფცია, სტრატეგია. და მოვა დღე, როდესაც ჩვენც რაღაცას გავაკეთებთ, ისეთს, რასაც მსოფლიო მნიშვნელობა ექნება“.

ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეკუთვნის, წარმატებული მეორე მეზობლის დაფიქრებულ პრეზიდენტს, მოკრძალებული სამომავლო გეგმებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.