ვის უფრო დააზარალებს ევროკავშირის სანქციები?

ის, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერდა აშშ-ს წინადადებას ირანის წინააღმდეგ, ენერგეტიკული სანქციების დაწესებაში, საეჭვო ნაკლები იყო, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარის, ბაროზუს ნაადრევმა განცხადებამ პატარა იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო. ამჯერად ჯერი ირანზეა. დაპირების, უფრო სწორად, დაქადნების თანახმად გადაკეტავს ის თუ არა ორმუზის სრუტეს და თუ გადაკეტავს, ასევე დაპირების თანახმად, აშშ-ი და მისი მოკავშირეები განახორციელებენ თუ არა  ირანის სამხედრო-საზღვაო გემებისგან სრუტის გათავისუფლებას?

ეს კითხვები ისე, როგორც არასოდეს აქტუალურია და პასუხის გაცემას მოითხოვს. არის კიდევ ერთი კითხვა – შესაძლებელი იქნება თუ არა უაღრესად დაძაბული ვითარების განმუხტვა?

განმუხტვისათვის თითქოს რაღაც გაკეთდა – ირანის მეთაურის აიათოლა ჰამენეისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ობამას წერილის სახით, სადაც ობამა მოუწოდებს ჰამენეის პირდაპირი დიალოგისკენ.

გარდა ამისა ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განმარტებით, სანქციები მანამ არ შევა ძალაში, ვიდრე ირანის ნავთობის მომხმარებელი ქვეყნები არ მოძებნიან ალტერნატიულ მიმწოდებელს. ასე რომ, თოფის გავარდნამდე, არის მოსაფიქრებელი დრო.

ამერიკელთათვის თავის დაკვრა განსაკუთრებულ პრობლემებს  შეუქმნის იაპონიას, რომლის ნავთობის იმპორტის 12 პროცენტი ირანზე მოდის. არანაკლებ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამხრეთ კორეა, სამხრეთ ევროპის ქვეყნები. მაგრამ, როდესაც ისეთ ქვეყანას, როგორიც აშშ-ია, სურს საკუთარი ამბიციური კაპრიზის დაკმაყოფილება, მოკავშირე უნდა დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს დიდი „ძმა“, არავინ იცის.

დიდი და პატარა „ძმის“ ურთიერთობა, საბჭოთა ცხოვრებაგამოვლილთათვის არ არის უცხო, მაგრამ არის განსხვავებაც – ცენტრს არასდროს ჩაუყენებია რესპუბლიკები კრიზისულ ვითარებაში, ისეთში, როგორშიც აშშ-ი საკუთარ მოკავშირეებს, საერთოდ მთელს მსოფლიოს აყენებს, თანაც ისეთ შეუფერებელ დროს, როგორიცაა მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ნაცვლად იმისა, შეღავათი გაეწია ცუნამით დაზარალებული იაპონიისათვის, პირიქით, ხელის გრეხა დაუწყო ტოკიოში სპეციალურად მივლინებული ფინანსთა მინისტრის გაიტნერის მეშვეობით. შეასრულებს თუ არა იაპონია დიდი „ძმის“ დავალებას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ის, რომ სამხრეთ კორეა შეასრულებს – ცხადია. ასე განაცხადა ოფიციალურმა სეულმა.

სანქციების წინადადებით გაიტნერმა პეკინიც შეაწუხა, თუმცა ამაოდ. ჩინეთი ირანული ნავთობის სერიოზული მომხმარებელია – 23%. და ის არ აპირებს ირანის დასჯას, მითუმეტეს, როდესაც პეკინის აზრით, ირანი არაფერს აშავებს. ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ბლოკირების შემთხვევაში, ჩინეთის ბაზარი ძველებურად შენარჩუნდება, თუმცა მყარი ვალუტის მოსაპოვებლად ევროპის ბაზარი შეუდარებელია.

ევროკავშირის სანქციების ამოქმედებით, ირანის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგება. ამ ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი (60%) მსუყე არხი – ნავთობის ექსპორტია. სანქციებით აშშ-ი ცდილობს ირანის ეკონომიკურ დასუსტებას, ვითომდა იმისათვის, რომ მან ხელი აიღოს ბირთვული იარაღის შექმნაზე, სინამდვილეში ფარულად ის ცდილობს ირანის მოსახლეობის სოციალური პირობების იმ დონეზე გაუარესებას, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს საკუთარი ხელისუფლების დასამხობად.

დაზარალდება დასავლეთიც, ვინაიდან მწვავე ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისს ენერგეტიკულიც დაემატება.

ირანის იზოლაციაში მოქცევით აშშ-ი მეორე კურდღლის დაჭერასაც ცდილობს – ჩინეთის სახით. ჩინეთი დიდიხანია თვალში არ მოსდის აშშ-ს. ის საკუთარ ზურგში გრძნობს თითქმის წამოწეული მეტოქის გახშირებულ სუნთქვას. აშშ-ს ნაკლებად დასამშვიდებელი ეკონომიკური ზრდის ტემპის ფონზე ჩინეთის მიღწევები თვალშისაცემია. ჩინეთი გამოირჩევა ამბიციური სამხედრო მშენებლობითაც. გარდა ამისა, თვით ამერიკელი ექსპერტების პროგნოზით, 1.35 მილიარდიანი ჩინეთი 15-20 წლის შემდეგ უკან ჩამოიტოვებს აშშ-ს და მსოფლიოს პირველ ეკონომიკად იქცევა. ეს პერსპექტივა აშშ-ს პოლიტიკოსებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ასეთად ირან-ჩინეთის ენერგეტიკული კავშირის გაუარესება მიიჩნევა.

ჩინეთის მთავარმა რეფორმატორმა დენ სიაოპინმა ქვეყნის გარდაქმნის გარიჟრაჟზე ერთობ საინტერესო კონცეფცია ჩამოაყალიბა, რომლის არსი შორიდან მაყურებლის როლის შესრულება იყო. „ჩვენ უნდა ვიჯდეთ მთის წვერზე და ვუმზიროდ ერთმანეთთან მებრძოლ ორ ვეფხვს“, – თქვა მან. ამ ორიდან ერთი „ვეფხვი“ ისტორიას ჩაბარდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული მტრის ხატი „მუსლიმანურმა ვეფხვმა“ ჩაანაცვლა.

ამერიკელთა სავალალოდ, „მუსლიმანური ვეფხვი“ ძლიერი აღმოჩნდა, თანაც ძვირადღირებული. მარტო ერაყის ომი რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ ავღანურზე. ამერიკამ ორივე ქვეყანაში ერთობ სუსტად წარმოაჩინა თავი. მან ვერაფრით მოახერხა თალიბთა დამარცხება და რომ ვერ მოახერხა, მასთან მოლაპარაკებას მიჰყო ხელი. როგორც ჩანს, აშშ-ი დაიღალა ხანგრძლივი ავღანური ომისგან, დაიღალა მილიონობით დოლარის ამ საქმეში ყრისგან. ის ცდილობს მოძებნოს ავღანეთიდან შეურცხვენლად გამოსვლის გზა.

და ასეთ დროს ოფიციალური ვაშინგტონი ბეწვის ხიდზე გადის – ძაბავს რა ირანთან ურთიერთობას. სპარსეთის ყურეში თავმოყრილ სამხედრო გემთა სიჭარბე თვალშისაცემია. პატარა პროვოკაციასაც  შეიძლება მოჰყვეს სერიოზული ხანძარი.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ვითარების კრიტიკულობის თაობაზე – ირანზე თავდასხმის შემთხვევაში მოულოდნელ-მოსალოდნელ უმძიმეს შედეგებზე.

მაგრამ აშშ-ს სჭირდება ძალის დემონსტრირება – მსოფლიო ჰეგემონიზმის განმტკიცებისთვის. ამ მიზნისთვის საჭიროა ამერიკელთა შეკავშირება არა მარტო „ისლამური მტრის ხატის“ გამო, არამედ „მეორე ვეფხვის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასეთ „ვეფხვად“ ჩინეთი მოიაზრება. ჩინური „მტრის ხატობა“ პეკინში ობამას უშედეგო ვიზიტის შემდეგ შეიქმნა. მაშინ ობამამ მასპინძლებს ამერიკა-ჩინეთის მიერ მსოფლიოს ბატონობა შესთავაზა. ამ ტანდემში აშშ-ს „დიდი ძმის“ როლი ჰქონდა დაკისრებული, ჩინეთს – უმცროსის. ვაშინგტონმა, როგორც ჩანს, ვერ გამოიცნო ჩინური სამხედრო-პოლიტიკური და ნაციონალური გრძნობები. ობამა სამშობლოში გაწბილებული დაბრუნდა. მას შემდეგ დაიწყო ვაშინგტონიდან იუანის რევალვაციის ულტიმატუმები. აღნიშნულის განხორციელება მკვეთრად დასცემს ჩინური პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. საბოლოო ჯამში, შეასუსტებს ქვეყნის ეკონომიკას.

დიდი ახლო აღმოსავლეთი სერიოზული განსაცდელის წინაშეა. და რომ ეს ასეა, არაერთხელ ითქვა  რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების მიერ. როგორც ჩანს, რუსეთს ირიბად მაინც მოუწევს პროცესში ჩართვა. თუ ასეთს ექნა ადგილი, ვითარების საომარში გადაზრდა, არც საქართველოს დატოვებს გვერდზე, ვინაიდან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენგანაც მოითხოვს გარკვეული ხარკის გადახდას.

არ არის გამორიცხული, რომ რეგიონულ საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება ობამა-სააკაშვილის მომავალ შეხვედრაზე.

ამ შეხვედრის დღის წესრიგზე მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ყველა თავის სასარგებლო დასკვნებს აკეთებს. განსაკუთრებით ოპოზიცია – შეხვედრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას შეეხება და სააკაშვილისთვის, ობამას მხრიდან იმის თქმას, რომ დაასრულოს ხელისუფლებაში ყოფნაო, ასე ამბობენ ოპოზიციონერები.

ნაციონალები კი თვლიან, რომ საუბრის ძირითადი თემა რეგიონული უსაფრთხოება იქნება, ცხადია მათ მხედველობაში რუსეთი ჰყავთ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სააკაშვილის ანტიპუტინური განცხადებით.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე სხაპა-სხუპით მოუყვება ობამას რუსეთის ხელისუფლების, განსაკუთრებით პუტინის, ანტიქართული პოლიტიკის შესახებ. იმ აგრესიული გეგმების შესახებ, რასაც რუსეთი ქსოვს საქართველოს წინააღმდეგ.

სააკაშვილთან შეხვედრით ობამა ორ კურდღელს მოკლავს. ერთს – სააკაშვილის მხარდამჭერ რესპუბლიკელ სენატორთა და კონგრესმენთა სახით, რომლებიც ობამას კარგახანია ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არაჯეროვანი ყურადღებისათვის.

მეორეს – რეგიონული დაძაბულობის შემთხვევაში, ირანთან სავარაუდო კონფლიქტიდან გამომდინარე, სააკაშვილის დაბევებას  სარეზერვო პლაცდარმისათვის. ვინ იცის რა დროს დასჭირდება საქართველოს ტერიტორია? სააკაშვილი „საკუთარი ძაღლის შვილია“. ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე დათანხმდება ამერიკის პრეზიდენტის ნებისმიერ სურვილს.

რეგიონული კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის როლი და პოზიცია ანგარიშგასაწევი იქნება. სააკაშვილი მაქსიმალურად შეეცდება რუსეთისგან საშიში მტრის ხატის შექმნას და სტრატეგიული პარტნიორის დარწმუნებას საქართველოსთვის გაცილებით მეტი სამხედრო დახმარების გაწევისათვის.

სააკაშვილს რუსეთზე სალაპარაკოდ ახალი საბაბიც აქვს. ის გააჩინა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პუტინის გამონათქვამმა 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყების მოტივთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ნათქვამმა სააკაშვილის დამნაშავეობის შესახებ.

18 იანვარს, გამართული პრეს-კონფერენციის დროს, ლავროვი არც ილაპარაკებდა საქართველოსა და სააკაშვილის შესახებ, რომ არა გაზეთ „ზავტრას“ და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების შეკითხვები.

პირველს აინტერესებდა, თუ როდის დაიწყება დამნაშავე სააკაშვილის საერთაშორისო სასამართლო, მეორეს – გაუმჯობესდება თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ლავროვმა, პირველს ხაზგასმით განუცხადა, რომ პროცესი მიმდინარეობს და რუსული მხარე ძალას არ იშურებს მისი სამართლიანი დასრულებისთვის.

მეორეს უთხრა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს რაღაც ურთიერთობები. ძნელია სრულ ურთიერთობებზე ლაპარაკი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს დამნაშავედ მიიჩნევენ.

რაც შეეხება პუტინის განცხადებას – რუსეთის ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ქართული მხარე დაბეჯითებით ცდილობს რუს პოლიტიკოსთა ნათქვამის მთლიანი ტექსტიდან ამოგლეჯას და ნიშნის მოგებით იმის მტკიცებას, რომ ომი რუსეთმა და არა საქართველომ დაიწყო.

სამ წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი აგვისტოს შემდეგ. მთელმა მსოფლიომ გაიგო და დაიჯერა ომის დამწყების ვინაობა. დაიჯერეს ამერიკელებმა, ევროპელებმა, სხვებმა და დაიჯერეს არა იმიტომ, რომ „გაზპრომმა“ ფულით ანუ მოქრთამვით ათქმევინა ეს. „გაზპრომის“ ყოვლისშემძლეობის შესახებ ხშირად გველაპარაკებოდა ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს ელჩი აშშ-ი იაკობაშვილი. დაიჯერეს იმიტომ, რომ ფაქტი ასეთია.

ყველას სჯერა, ჩვენ – არა. ნაციონალებს რომ არ „სჯერათ“ გასაგებია, ვინაიდან მათი პოზიცია პირდაპირ პროპორციულია თავის გადარჩენასთან, მაგრამ ე.წ. „ობიექტურ“ პოლიტოლოგებს, რომ არ სჯერათ – გასაკვირია. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც ბრძანა: „ხომ ვამბობდი, რომ ომი რუსეთმა დაიწყოო“. ვითომ შორს წავალთ ამ „სიმართლით“. ტყუილს დაჩვეულ პოლიტიკოს-პოლიტოლოგობას გაუჭირდება სამართლიანი ქვეყნის შექმნა. გარდა ამისა გასაკვირია ის, რომ პატივცემული „დამოუკიდებელი“ პოლიტოლოგის ეს მოსაზრება რადიკალურად განსხვავდება მისი „ნაჩალნიკის“ მოსაზრებიდან.

როგორც ჩანს, ქვეყანა უფრო სერიოზულად არის დაავადებული, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.