31.10.2024

აშშ-ი არც ერთი პროექტისთვის ფულს არ იშურებს

ქართულმა მედიამ ისე, როგორც ყოველთვის „საკადრისი“ პასუხი გასცა ოკუპანტ რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრს – სიტყვებისათვის, რომელიც მათ წარმოთქვეს სხვადასხვა შეხვედრების დროს. შესაბამისი პასუხისათვის ჯიბეში ხელი არც პარლამენტის წევრებს, სხვა პოლიტიკოსებს ჩაუყვიათ. რუსეთი ისეთი თემაა, რომელიც ასულდგმულებს ნაციონალურ მოძრაობას და მის გულშემატკივარ საზოგადოებას. ამ თემაზეა აგებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, საერთოდ მისი არსებობა. და აქედან გამომდინარე ქვეყნის ბედიც. რუსეთი მუდმივი, თან უკვდავი თემაა, რომელსაც ოსტატურად იყენებს სააკაშვილი დასავლეთთან, კერძოდ აშშ-ნ ურთიერთობაში. რუსეთი დიდი სპეკულაციის საგანია, არა მარტო სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ხელში, არამედ ამერიკელ პოლიტიკოსთა ხელშიც. რუსულ საფრთხეზე იგება ახალ-ახალი პროექტები დასავლეთის თავდაცვის უზრუნველყოფისათვის. რუსული საფრთხის გამო იქმნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ევროპაში, თუმცა ამ შემთხვევაში მას ნაცვლად რუსულმა ირანული ჰქვია. რუსულმა საფრთხემ შეუნარჩუნმა მსოფლიოს ცივი ომის პერიოდის პირმშო – ნატო. რუსულ საფრთხეს უნდა უმადლოდნენ ნატოელი მოხელეები თავიანთ არსებობას, მაღალ ხელფასს. არც აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეთქმის აუგი რუსულ საფრთხეზე, ვინაიდან სწორედ საფრთხის არსებობა, თუნდაც ვირტუალური, აძლევს მას საშუალებას შეასრულოს მსუყე სამხედრო შეკვეთები. რუსული საფრთხე მთავარი კოზირია დასავლეთის ხელში, პოლიტიკური დებატებისა და მოლაპარაკებების დროს. ამ საფრთხეზე არის ჩამოკიდებული დიდი რაოდენობა დასავლელი პოლიტიკოსებისა, სამხედრო სპეციალისტებისა, ჟურნალისტებისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა ამით ჭამენ ისინი პურს. რუსული საფრთხე ის საკითხია, რომელიც აახლოებს სააკაშვილის ხელისუფლებას აშშ-ს ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სახის ორგანიზაციებთან ღია თუ დახურულთან ამერიკულ კვლევით ცენტრებთან.

ერთი სიტყვით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნისათვის რუსეთი არის წყალი, ჰაერი, პური არსებობისათვის. რომ არ ყოფილიყო რუსეთი ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. სააკაშვილისა და ნაცებისათვის რუსული ბუა, თუნდაც დათვი, სიცოცხლის სტიმულია, ის წამალია, რომელიც ახალისებს, ახალ ენერგიას მატებს, საბრძოლველად აწყობს მათ. რუსეთის ფაქტორი, ცხადია ნეგატიური გაგებით, დამოუკიდებელი ცხოვრების ის ატრიბუტია, რომლის გარეშე საქართველოს მოსახლეობას სიცოცხლე არ შეუძლია. 20 წელია სხვადასხვა ხელისუფალის ხელში რუსული ფაქტორი სხვადასხვა დატვირთვას იღებს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რუსეთის ხსენების ტემპერატურას დაეწიოს. ტემპერატურა ყოველთვის მარალია ამ უფრო მაღალი. ანტირუსული განწყობის შემომღები და გამღვივებული ეროვნული ხელისუფლება და მისი ლიდერი გამსახურდია იყო. მის მიერ დაწყებულ „მამულიშვილურ“ საქმეს თავისებური „პეწი“ შესძინა შევარდნაძემ,ხოლო სააკაშვილმა ზენიტში აიყვანა, ისეთში, რომლის იქით არაფერია, გარდა ავის მომასწავებელი ღრუბლებისა, რომელიც ერთხელაც იქნება წვიმასა და ქართან ერთად სეტყვასაც დაგვაყრის, გაცილებით ძლიერს, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი 2008 წელს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.