27.12.2024

წინაპართა დანატოვარს გაფრთხილება სჭირდებოდა!

ქართული ანდაზაა ასეთი — „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. ურემიც გადაბრუნდა, ლამის ქვეყანაც, მაგრამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზა არათუ არ გამოჩნდა, დროთა განმავლობაში ხავსით დაიფარა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არც ყოფილა. არადა ბევრი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ ამ გზას მიზნამდე მიეღწია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკოსთა ინდიფერენტული, არაპროფესიონალური მოქმედების წყალობით დავრჩით შეკვეცილი ტერიტორიების ამარად.

საქართველოს გამთლიანების თემა დროდადრო ახსენებს თავს საკუთარ მოსახლეობას, თუმცა შეხსენების გარდა სხვას ვერაფერს აღწევს და უსაგნო რიტორიკაში გადადის ხელისუფალთა მხრიდან, რაც მავანს აფიქრებინებს ზემდგომთა  ხელოვნურობაზე და არა გულწრფელობაზე ამ საკითხთან მიმართებაში.

მავანი ხვდება, რომ ხელისუფლება, გამთლიანების თემის დროდადრო წამოწევით, ანგარიშს აბარებს არა ხალხს, არამედ ოპოზიციას — ხომ ხედავთ, მუდამ ვფიქრობ გამთლიანებაზეო. სინამდვილეში სხვაგვარადაა საქმე — არცთუ სანუგეშოდ გამთლიანებისთვის.

ამ შემთხვევაში „გამთლიანებას“, როგორც სულიერს მოვიხსენიებ. ნამდვილ სულიერს — საქართველოს მოსახლეობას, ზოგიერთთა გამოკლებით, დაკარგულთან მიმართებაში, ისეთივე ინდიფერენტიზმი შეეპარა, როგორც ხელისუფლებას, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დრო არის „მკურნალი“, ჩვენს შემთხვევაში ნეგატიურად მოქმედი.

საზოგადოების ნაწილმა, 50 წელს გადაბიჯებულმა, იმ სისხლიანი დაპირისპირების მომსწრემ და მონაწილემ, რომ გულწრფელი სურვილი გამოთქვას დაკარგულის დაბრუნებისთვის, გასაკვირი არ არის. გასაკვირი ახალგაზრდა თაობის სწრაფვა იქნებოდა ამ საშური საქმის განხორციელებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი არ ჩანს და აქაც დრო არის „მკურნალი“.

თუ ძველი თაობის ნოსტალგია დაკარგულის მიმართ აბსტრაქტულის ნაცვლად რეალურს, განცდილს, ხელშეხებულს მოიცავს, ახალგაზრდა თაობას ასეთი არ აქვს. ის, არასდროს ყოფილა დაკარგულ ყოფილ ავტონომიებში, არ უსუნთქია იქაური ჰაერით, არ დამტკბარა მოხატული მთებისა და ცისფერი ზღვის ჰარმონიული შეხამებით, არ გაუვლია, არ უცხოვრია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სოფლებსა და ქალაქების ქუჩებში, არ შეუგრძვნია იქაურთა მასპინძლობა, ნათესაობა, მეგობრობა, ომახიანი ცეკვა-სიმღერა — ესოდენ შინაური, გულში ჩამწდომი.

მისთვის დაკარგულის დაბრუნებაზე ლაპარაკი პირით ხდება და არა გულით, გონებით. ის, ისე ლაპარაკობს, როგორც მთავრობა, ანუ ლაპარაკობს, ლაპარაკისთვის. განსხვავება მათ შორისაც არის. ხელისუფლება თუ შიგადაშიგ ლაპარაკობს, იმიტომ, რომ იძულებულია ილაპარაკოს. ახალგაზრდა თაობა — იშვიათად. მას არვინ აიძულებს ილაპარაკოს. ანდა რაზე უნდა ილაპარაკოს, რაც არ იცის?!

საქართველოს საზოგადოებამ — ძველმა და ახალმა თაობამ აღარაფერი იცის დაკარგულზე, მათ დღევანდელ ცხოვრებაზე; მათ ყოფაზე, სულიერებაზე, აწმყოსა და მომავლისადმი დამოკიდებულებაზე. რაც იცის მავთულხლართებია, მათი საზღვრების დამრღვევ ქართველთა დაკავება, საერთაშორისო ორგანიზაციების „მკაცრი“ განცხადებები, სეპარატისტთა გამუდმებული გინება, იქ მცხოვრებ ქართველთა დევნა-შევიწროება, უამრავი უარყოფითი და არც ერთი დადებითი.

საქართველომ სხვა არაფერი იცის დაკარგულ ყოფილ ავტონომიებზე. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ საქართველოს საზოგადოებამ უფრო მეტი იცის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე, ევროკავშირზე, ვიდრე ყოფილ თავის ავტონომიებზე.

მეზობელ ქვეყნებზე — სომხეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთზე, რუსეთზე. ყოფილი ავტონომიებისა და მეზობელი ქვეყნების ცხოვრების თაობაზე სისტემატურად უნდა მოგვითხრობდეს საზოგადოებრივი ტელევიზია, იქ აკრედიტებული ჟურნალისტები.

თბილისმა, სადაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, არაფერი იცის რეგიონების შესახებ. ნუთუ ძნელია ტელესიუჟეტების გაკეთება — არა ზედაპირულის, არამედ ღრმა შინაარსის მატარებელის და მათი ეთერში გაშვება?

ჩვენ ვლანძღავთ რუსეთს და არაფერი ვიცით, როგორ და რით ცხოვრობს ის. ისევ დრომოჭმულ, გაცვეთილ მოსაზრებას ვატრიალებთ — მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის გარდა, დანარჩენ რუსეთში რომ ცხოვრება ჩამკვდარია. არაფერი ვიცით სხვა ქალაქების, სხვა რეგიონების შესახებ. არაფერი ვიცით რუსეთის „პერიფერიებში“ გაშენებული გიგანტური სასოფლო-სამეურნეო კომპლექსების შესახებ, კომპიუტერით რომ მართავს სამუშაო პროცესს, გიგანტური სამრეწველო ცენტრების და მათ ირგვლივ გაშენებული ქალაქების თაობაზე.

ცნობილი ისტორიული ფაქტია პეტერბურგისკენ მიმავალი დატყვევებული შამილის მიერ ნათქვამი სიტყვები, გაოცებულმა რომ თქვა — რამხელა ყოფილა რუსეთიო. დარწმუნებული ვარ, რომ ცოდნოდა, ომს არ დაუწყებდა. 

საქართველოს ხელისუფლების ვალია მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არა მისი ჩაკვლა. ხელისუფლებამ, ნაცვლად რუსული ტელეარხების საქართველოზე მაუწყებლობის გაზრდისა, პირიქით გათიშა ყველა საინფორმაციო, სამთავრობო არხი და მოსახლეობა არა მარტო რუსული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისგან დააშორა, არამედ უცხოურისგან, რასაც სისტემატურად გადასცემს რუსული ტელეარხები.

თანამედროვე ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მიღებას. ვისაც დროულად მიეწოდება ინფორმაცია, ის მოგებულია. საქართველოს საზოგადოებას აწოდებენ მდარე ხარისხის, უმეტესად ცრუ ინფორმაციას, გაჯერებულს საშინაო ცხოვრებით, „პოლიტიკოსთა“ ჭორიკნობით, ბილწსიტყვაობით.

და რაც საგანგაშოა პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი გაუთავებელი „ტყუილ-მართლით“, მის მიერ შექმნილი პარტიის წევრთა „თავდადებული“ ბრძოლით „ბელადის“ დასახსნელად. არც ერთი სიტყვა „ბელადის“ დანაშაულზე — ცხინვალის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე და საქართველოს ტერიტორიების 20%-ს დაკარგვაზე.

არადა სააკაშვილის ავანტიურისტული, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო, ყოფილი ავტონომიების დაკარგვას დე-ფაქტოდ და დე-იურედ ადგილი არ ექნებოდა.

სააკაშვილმა მოახერხა თავისი წინამორბედის მიერ დაშვებული შეცდომისთვის ახალი სულის შთაბერვა არა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ მისი სულიერი, ამერიკელი დამრიგებლების საამებლად. ხშირად მსმენია, სააკაშვილის გადაწყვეტილება ახალგაზრდული გამოუცდელობის ბრალი იყოო. რაც შეეხება შევარდნაძისას, მის ნაბიჯს არც შეცდომად მიიჩნევენ და არც დანაშაულოდ, ზოგიერთთა გამოკლებით, რომელთა შორის მეც ვარ.

მას ისეთ აბურდულ ვითარებაში მოუწია ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაო, უმალ ალღო ვერ აუღო და გადადგა ნაბიჯი, რომელმაც ქართველთა და აფხაზთა ომი გამოიწვიაო — დიდი მსხვერპლით და ნგრევით, აფხაზეთის ფაქტობრივი დაკარგვით, ამბობენ მისი გულშემატკივრები. შევარდნაძე სამარადისო სასუფეველსაა, სააკაშვილი სასჯელს იხდის საავადმყოფოს პალატაში.

ტერიტორიებშეკვეცილი საქართველო, როგორც ხეიბარი, აგრძელებს არსებობას, მაგრამ წარსულის შეცდომები შავი ღრუბელივით აწევს თავს და სულს უხუთავს, ძალაუნებრივად ჩასჩიჩინებს — ხელი გაანძრიე, რაღაც იღონე წასულთა დასაბრუნებლადო და ისიც, ხელისუფალთა სახით, სპონტანურად, იქაური ვითარების შეუსწავლელად, „გრანდიოზულ“ გეგმებს სთავაზობს მათ, ისეთს, აქ რომ მართლაც გრანდიოზულად მიიჩნევა, იქ კი — ქრთამად. აქ, რომ ამბობენ — მეტი რა უნდათ, აყვავებას ვპირდებით და უნდა დაგვთანმხდნენო, რუსთან ყოფნას, ჩვენთან ყოფნა არ ურჩევნიათო?!

დიახ! ვიომეთ, სისხლი დავღვარეთ, მაგრამ დღეს სხვანი ვართ ქართველები და ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად გვინდა ცხოვრებაო; ფართო ავტონომიასაც მოგცემთ, სხვა ბევრსაც, ოღონდ დაგვთანმხდით საქართველოს საზღვრებში შემოსვლაზეო. და ამას ვეუბნებით დამოუკიდებელ ქვეყნებს — რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის რუსეთის — ასეთად აღიარებულებს.

მესამე პრეზიდენტმა, გარდა იმისა, რომ ომი გააჩაღა სამხრეთ ოსეთთან და აღიარა კიდევაც ეს ფაქტი, თავისი წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნაზე ხელის მოწერით, ისიც მოახერხა, რომ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან მნიშვნელოვანი პუნქტი ამოაღებინა, რომლის მიხედვით, საქართველოს, უნდა განესაზღვრა აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის სტატუსი მის შემადგენლობაში, რისთვისაც მოლაპარაკებები უნდა დაეწყო მათთან.

რუსეთმა კარგა ხანს დააცადა სააკაშვილს, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის, რის პასუხად სააკაშვილის მუქარა მიიღო — დაკარგულის ძალით დაბრუნებაზე და ისიც, ახალი ომის თავიდან აცილების მიზნით, იძულებული შეიქმნა ეღიარებინა აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და გაეფორმებინა მათთან ხელშეკრულება, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და თან წაიღო თბილის—სოხუმის, თბილის—ცხინვალის მოლაპარაკებების ფორმატები, მათ შორის შლაინინგის პროცესი, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. ხელში შემოგვრჩა ე.წ. ჟენევის ფორმატი, რომელშიც საქართველო—აფხაზეთის და საქართველო—სამხრეთ ოსეთის მხარეთა გარდა იმდენი შუამავალი ქვეყანა მონაწილეობს — საკუთარი ინტერესებით და არა ჩვენით, ზედმეტია ლაპარაკი სამომავლო გეგმებზე — შერიგების საკითხის წინა პლანზე წამოწევაზე.

სამხრეთ-ოსეთთან გაჩაღებული ომის შემდეგ მრავალი წელი გავიდა — ერთმანეთთან გაუცხოების, ერთმანთისგან დაშორების წლები. გაიზარდა ახალი თაობა, რომელმაც ცოტა თუ იცის ან საერთოდ არ იცის საქართველოს შესახებ, ისე, როგორც ჩვენ, მათ შესახებ. და თუ იცის — ნეგატიური. ამას ასწავლიან საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. ამას ისმენენ ოჯახში.

აფხაზეთის, ისე როგორც სამხრეთ ოსეთის ყველა ოჯახს შეეხო ომი და მისი შედეგების წაშლა შეუძლებელია ერთი ან ორი თაობის განმავლობაში, რაც გასათვალისწინებელია ყველა იმათ მიერ, ვინც დაბეჯითებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფალთ და საზოგადოებას იაქტიურონ შესარიგებლად, თითქოს ის მხარე (მხარეები) მზად იყვნენ ამისთვის, სულმოუთქმელნი ელოდებოდნენ ჩვენს ნიშანს და როგორც კი შენიშნავენ, უმალ გამოიქცევიან ჩასახუტებლად.

ვითარება უფრო პროზაულია, ვიდრე ვიდეო-კლიპში, რომელსაც ჩვენი ტელევიზიები სისტემატურად ატრიალებდნენ ეთერში — მასში მონაწილე მომღერალი სეფაშვილი, რკინიგზის სადგურის ბაქანზე მავალი, რომ მოგვიწოდებდა — „წავიდეთ ერთად ჩვენთან, აფხაზეთში“.

სხვათა შორის, ამ „პატრიოტულმა“ კლიპმა, მწვავე რეაქცია გამოიწვია „ჩვენს აფხაზეთში“.

არანაკლები რეაქცია მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის მიმართვას ყოფილი ავტონომიების მოსახლეობისა და პოლიტიკოსებისადმი, არა ისეთი, როგორსაც ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლება მოელოდა. ვიდრე აფხაზთა რეაქციაზე გადავალ, შეგახსენებთ ღარიბაშვილის საქმიან წინადადებას — საქართველო მზადაა ყოფილ ავტონომიებში განახორციელოს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის გამთლიანებისთანავე.

„აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო; სოხუმი — მეორე მონტე-კარლო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთის პოტენციალი იძლევა ამის შანსს. ჩვენ გვინდა მოვაშუშოთ ამდენი ომის იარა. ჩვენი პოლიტიკა გადაიხედება. ჩვენ გვინდა გადავჭრათ კონფლიქტი, წერტილი დავუსვათ შიშს“, — განაცხადა მან და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლება იოლად მოაგვარებს (3 წლის განმავლობაში) აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

პასუხი სამხრეთ-ოსეთიდან: „თუ თქვენ გსურთ ისწავლით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობა არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან; თუ თქვენ გინდათ, რომ ვინმე დაგელაპარაკოთ, დაივიწყეთ სიტყვა „სამაჩაბლო“. ეს დასახელება თბილისის მიერ იყო მოგონილი ერთადერთი მიზნისთვის — ხაზი გაესვა იმისთვის, რომ არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს; რომ ეს სახელი საბჭოთა ხელისუფალთა (რუსი ოკუპანტების) შეთხზული ადმინისტრაციული ერთეულია. მანამდე კი საზოგადოებას ჩასძახოდნენ, რომ საქართველოში ოსები არ არიან და თუ არიან, შეუძლიათ როკის გვირაბით წავიდნენ რუსეთში. ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა პირველ ომამდე — 1990-1992 წ.წ. შემდეგ იყო მეორე ომი, 2008 წელს, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაცია.

სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ასეთ ტერმინებს, გვეუბნება იმას, რომ ის მზად არ არის ჩვენთან დიალოგის საწარმოებლად.

საერთოდ გაუგებარია — ვისთვის არის ეს განცხადება გაკეთებული? აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დევნილობაში მყოფი ხელისუფლებისთვის, რომლებსაც ის თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, რომლებიც არაფერს აკონტროლებენ, გარდა თბილისში არსებული საკუთარი კაბინეტებისა?

თუ განცხადება მიმართულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეალური ხელისუფლების მიმართ, რომელსაც თბილისი 30 წლის განმავლობაში არ ცნობს და არასდროს უცდია მათთან მოლაპარაკება?“

გვახარებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო პოლიტიკა აირჩია. მაგრამ შეიძლება ენდო მას? საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლობის წლებში მუდამ აცხადებდა სამშვიდობო პოლიტიკას, მაგრამ მსოფლიომ უკვე დაინახა როგორ ასრულებს ის ამას.

გვახარებს ის, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო არ ხსნის მეორე ფრონტს და არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს, მაგრამ ეს პოზიცია შეიძლება ავხსნათ პრაგმატული მოსაზრებებით: ახალი ომი საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, მინიმუმ ახალი ტერიტორიების დაკარგვის პერსპექტივით ან მაქსიმუმ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით. რაც შეეხება სანქციებს, მათ შეუძლიათ რუსულ ეკონომიკაზე მიბმული ქართული ეკონომიკის განადგურება.“

აი, რას ამბობს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი შამბა: „აქ, არავითარი რეაგირება ამ განცხადებაზე არ არის. ვერ ვხედავ, რომ ვინმემ ამას მიაქცია ყურადღება. ეს ხომ არარეალურია. ცარიელი სიტყვებია. ის, რასაც ისინი გვთავაზობენ ომის შემდეგ უნდა ყოფილიყო. მაშინ, შეესატყვისებოდა ნგრევას ეს ციფრები. ეს თანხა წავიდოდა ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რომელიც მათ დაანგრიეს ომის დროს. ალბათ უნდათ დაგვანახონ როგორი კონსტრუქციულები არიან, როგორი დემოკრატიულები, რათა თავი მოაწონონ მსოფლიო საზოგადოებას.“

კან ტანია, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „სასაცილოა, 10 მილიარდი. აფხაზეთისთვის მიყენებული ზარალი რომ 17 მილიარდია? თქვენ უფრო მეტი ფული გაქვთ გადასახდელი, ყოველგვარი „თუს“ გარეშე. და საერთოდ აფხაზეთის რესპუბლიკა არავითარ ფულზე არ გაერთიანდება საქართველოსთან“.

სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტი კოკოითი: „საინტერესოა ამ ფულის პატრონი საქართველო მონაკოს ნაცვლად, რატომ იქცა რუსეთის მოღალატეთა თავშესაფრად?“ მან გვირჩია, მოვინანიოთ ოსი და აფხაზი ხალხის წინაშე, ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა და ოფიციალურად ვცნოთ დოკუმენტი, რომელიც აღიარებს საქართველოს აგრესორად, ომის გამჩაღებლად, გენოციდის ავტორად.

აფხაზებმა გაიხსენეს 2019 წლის ინიციატივა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს. ინიციატივის მიხედვით, ხელი უნდა შეწყობოდა სასაზღვრო ვაჭრობას, სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყოფილი ავტონომიების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ყველა იმ სიკეთის მიღებას, რაც იყო საქართველოში, მათ შორის ევროინტეგრაციის საკითხებში, უვიზო მიმოსვლაში და სხვა.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხებს, თბილისმა მხედველობაში არ მიიღო ის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, რუსეთის მოქალაქეები არიან, რაც აძლევთ მათ უცხოეთში მოგზაურობის საშუალებას. მათ ასევე შეუძლიათ ისწავლონ რუსეთის 1100 უმაღლეს სასწავლებელში, ისე, როგორც უცხოეთის. ასე რომ, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შეტყუება შეუძლებელი გახდა არა მარტო ქართულის არცოდნის გამო. რაც შეეხება ევროპასთან ვაჭრობას, თვით საქართველოსთვის შეზღუდულია, მისთვის მთავარი, რუსული ბაზარია. ასე რომ, რატომ უნდა შევცვალოთ აფხაზური პასპორტი ქართულზე?“ — ამბობენ ყოფილი ავტონომიის წარმომადგენლები.

საყურადღებოდ მომეჩვენა რუსი ჟურნალისტისა და ექსპერტის დიმიტრი როდიონოვის სტატია, რომლიდან ამონარიდს წარმოგიდგენთ: „წლების განმავლობაში მრავალჯერ ვყოფილვარ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისე, როგორც სხვა არაღიარებულ და ნახევრად აღიარებულ საბჭოთა ნამსხვრევებში და მინდა გამოგიტყდეთ, რომ ისეთი ნეგატიური განწყობა, როგორიც იქ აქვთ თბილისის მიმართ, არსად მიგვრძნია.

როდესაც იღებდნენ ფილმს აფხაზეთის ომთან დაკავშირებით „ოლიმპიუს ინფერნო“ აფხაზეთში, ფილმის ავტორები დიდხანს ეძებდნენ აფხაზ მსახიობებში იმათ, ვინც განასახიერებდა ქართველ მეომრებს. ყველამ კატეგორიული უარი განაცხადა.

ხშირად მსმენია აფხაზებისგან, მათ შორის იმათგან, ვინც დამოუკიდებლობის მომხრეა, უმალ გახდებიან რუსეთის სუბიექტები ან სომეხთა მხრიდან დაუშვებენ დემოგრაფიულ უპირატესობას, მაგრამ საქართველოს არასდროს შეუერთდებიან — „არავითარი ფულით“. და ეს არის აფხაზთა უმრავლესობის აზრი.

30 წლის განმავლობაში, ცხოვრებისადმი 2 საწინააღმდეგო მოსაზრება ჩამოყალიბდა დნესტრისპირეთსა და მოლდოვას, მოლდოვასა და რუმინეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ერთ ერთთან გვაქვს საქმე, ხელოვნურად გაყოფილთან, მაგრამ ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტი ეთნიკურია, ღრმა ისტორიული ფესვებით.

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლება? ცხადია არა უვიზო მიმოსვლით ევროპაში, მითუმეტეს არც აფხაზს, არც ოსს და ქართველსაც კი მოგზაურობის ფული არ აქვს. არც საზღვარზე ბაზრობის მოწყობით და არც ფულით, რომელსაც თბილისი გამოძებნის.

2 გზა არსებობს — ძალისმიერი გზით დაბრუნების და ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებით. პირველი, გამორიცხულია — 2008 წლის ომის შედეგების გათვალისწინებით; მეორეს, თბილისი არც იხილავს. თბილისმა სჯობს ყური დაუგდოს ლავროვის რჩევას და აქტიურად ჩაერთოს ყოფილ ავტონომიებთან დიალოგში, ნაცვლად მათი „შესყიდვისა“.

კითხულობ რუსი ჟურნალისტის მოსაზრებას და ცდილობ ნაკლი უპოვო, თუმცა უშედეგოდ. მისი ნათქვამი ემთხვევა შერიგების პროექტს, რომელიც გერმანიაში შეხვედრის დროს ჩამოვაყალიბეთ აფხაზებთან ერთად 2003 წელს. ყველა დეტალი გავიანგარიშეთ, მჭიდრო კავშირებით დაწყებული — კულტურულით, ეკონომიკურით, სავაჭროთი, ბიზნესურით, მედიურით და ა.შ. გარდა პოლიტიკურისა. და ამ გზაზე უნდა გვევლო 10 წლის განმომავლობაში.

ურთიერთობების მონიტორინგისთვის შეიქმნებოდა ქართველთა და აფხაზთა შერეული კომისია — პერმანენტული სხდომებით თბილისსა და სოხუმში (მორიგეობით).

მეათე წლისთავზე თუკი დავინახავდით, რომ დაახლოება შედგა, ვიმსჯელებდით აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში. ათწლიანი დაახლოების მცდელობის ნეგატიურად დამთავრების შემთხვევაში დავშორდებოდით ერთმანეთს. აფხაზთა მხარემ ამ პროექტის  შედგენისას ისიც თქვა, რომ 5 წელიც საკმარისი იქნება ინტეგრაციისთვისო.

2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ არა მარტო ამ პროექტს დაუსვა წერტილი, არამედ აფხაზებთან შეხვედრებსაც. ხოლო 2008 წლის ცხინვალის ომმა, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აქცია.

შეიძლება თუ არა იმ ძველი პროექტის გათვალისწინებით ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება?

მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაშინ ისინი დე-იურე დამოუკიდებლები არ ყოფილან. დღეს, მათ აქვთ ეს სტატუსი — გაცილებით მაღალი, ვიდრე თბილისი სთავაზობს — საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომია. დამოუკიდებლობის მწერვალზე ასული ჩამოქვეითდება?

თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს დავინახავთ, რომ საქართველო, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აფხაზეთთან ერთად იყო შესული — აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკით და არა ავტონომიურით. საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირო ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

თითქმის 10 წელი ვიცხოვრეთ ასე და ბოლოს აფხაზთა ლიდერმა ნესტორ ლაკობამ ბრძანა — მაინც საქართველოსთან ვართ და ჩვენთვის, საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით ყოფნა აჯობებსო. ვეჭვობ, დღეს ასეთი ლიდერი გამოჩნდეს აფხაზეთში თან არა ერთი, არამედ მრავალი, ვინაიდან დაბრუნებას მრავალი სჭირდება.

გასათვალისწინებელია მაშინდელი პოლიტიკური ვითარებაც, როგორც კავკასიაში, ისე საბჭოთა კავშირში, საბჭოეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართველი ბოლშევიკების აქტიური მოღვაწეობა. მხედველობაში მყავს სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია, სხვები. სწორედ სტალინის ინიციატივით განხორციელდა დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან ქართველთა აფხაზეთში ჩასახლება, რამაც კარდინალურად შეცვალა აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი.

აქვე აღვნიშნავ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს. ერთიანი საქართველოს სამეფო 1490 წელს დაიშალა. 1555 წელს, ოსმალეთ—სპარსეთის ხელშეკრულებით, დასავლეთი საქართველო ოსმალთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთი — სპარსეთის.

გეორგიევსკის ტრაქტატმა ქართლ—კახეთი დააახლოვა რუსეთს, რასაც მოჰყვა იმერეთის სამეფოს და სხვა სამთავროების რუსეთთან მიერთება.

აფხაზეთს, ისე, როგორც სამხრეთ ოსეთს, კარგა ხნის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ დამყარებული რუსეთთან, ჩრდილო კავკასიის ხალხებთან და არა თბილისთან, მაგრამ ქართველი ბოლშევიკების, უპირველეს ყოვლისა სტალინის წყალობით აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.

სამწუხაროდ, დამოუკიდებელმა საქართველომ და მისმა „პოლიტიკოსებმა“ 1921 წელს შექმნილი საქართველო ვერ შეინარჩუნეს. საკუთარ ამბიციებსა და პოლიტიკურ სიბეცეს გადააყოლეს, რითაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/02/2023