„ან უნდა მივიღოთ წარსული ისეთი, როგორც არის — კრიტიკის გარეშე, ან ავყვეთ დასავლეთს და ვაგინოთ“

18 იანვარს მასობრივი გაფიცვები გაიმართა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში მოთხოვნით — უარი საპენსიო რეფორმას, ანუ საპენსიო ასაკის გაზრდას, რასაც გეგმავს საფრანგეთის ხელისუფლება.

გაფიცული ტრანსპორტის მუშაკები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები კატეგორიულები იყვნენ თავიანთ მოთხოვნებში, რასაც მოჰყვა პოლიციასთან შეჯახება, ამ უკანასკნელთა მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება და რაც თვალშისაცემია — ძალის, ერთობ გადაჭარბებულის.

დიდია დაკავებულ გაფიცულთა რაოდენობაც, მაგრამ პროფკავშირები არ ცხრება. ახალი გაფიცვით იმუქრება, რომელიც 31 იანვარს გაიმართება.

გაფიცულები პრეზიდენტსა და მთავრობას ადანაშაულებენ უმოქმედობაში, ზედაპირულობაში, ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესებაში. ფრანგული პრესა აკრიტიკებს ხელისუფლებას ფუქსავატობაში, ჭარბ უცხოურ მოგზაურობებში დიდი ფულის ხარჯვაში.

არანაკლები მასობრიობა იყო დიდი ბრიტანეთის ქალაქებში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში. იქ მედიცინის მუშაკები აქტიურობდნენ. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ხელფასების მომატებას, გაზრდილი ინფლაციის შესაკავებელი ღონისძიებების გატარებას, სხვა სოციალური პრობლემების გადაჭრას.

იქაც, ისე, როგორც პარიზში, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტებისა და პოლიციელების ერთმანეთთან შეჯახებას, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ხელკეტების, გადაჭარბებული ძალის გამოყენებას პოლიციელთა მხრიდან.

პარალელურად, შვეიცარიის დავოსში მიმდინარეობდა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი — ყოველწლიური ღონისძიება, მსოფლიო ლიდერთა და ბიზნესმენთა მონაწილეობით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი დავოსი მჭლედ გამოიყურებოდა სახელმწიფოთა ხელმძღვანელების არ ყოფნის გამო.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერ შოლცს მოუწია ჟურნალისტთა არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა.

დავოსის ფორუმზე რუსეთს არ მისცეს დასწრების უფლება უკრაინაში სპეცოპერაციის გამო. ფორუმს არც რუსი ბიზნესმენები დაასწრეს, რითაც დავოსმა ბევრი დაკარგა — ხმაურიანი, ხელგაშლილი რუსი ოლიგარქების სადილებისა და ვახშმების სახით, წინა წლებში რომ უხვად ჰქონდა ადგილი ფეშენებელურ რესტორნებში.

წინა წლების მსგავსად, დეფიციტი არც წელს შეინიშნებოდა — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მეძავთა თვალსაზრისით. თუმცა წლევანდელი „მომსახურების“ ტარიფი გაზრდილად ეჩვენათ ესკორტის სამსახურის პერმანენტულ მომხმარებელ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს — 700 ევრო ერთი საათით, 2500 — მთელი ღამით.

დავოსი, დღიდან დაარსებისა ელიტარული მსოფლიოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას უფრო ემსახურება, ვიდრე ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას თუ არა, შემცირებას მაინც.

მილიარდერების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია „Oxfam”-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, „თითოეული მილიარდერი არის სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნა. ეკონომიკურმა უთანასწორობამ უაღრესად სახიფათო ზღვარს მიაღწია. ყოველი 100 დოლარიდან 54,4 დოლარი წავიდა ყველაზე მდიდარი 1%-ის ჯიბეში. გაორმაგდა მილიარდერთა ქონება, გაიზარდა მილიარდერთა რაოდენობა.

2020 წლიდან 42 ტრილიონი დოლარის ახალი სიმდიდრე შეიქმნა, რომლიდან 26 ტრილიონი, ანუ 63% მოდის ერთ პროცენტ უმდიდრეს ადამიანებზე. სიმდიდრის უკიდურესი კონცენტრაცია აფერხებს ეკონომიკურ აღმავლობას, ხრწნის პოლიტიკასა და მედიას, ჭამს დემოკრატიას და აძლიერებს პოლარიზაციას.“, — ჩაწერილია ანგარიშში.  

„Oxfam”, ისე, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები — წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებულნი, პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობას აყენებენ პირველ პლანზე, ვიდრე მშიერ-მწყურვალთა დაპურებას. ცნობილი მილიარდერების გეიტსის, ცუკერბერგის, სხვების ფულით ხდება საქველმოქმედო ფონდების დაარსება, რომლებიც ჩარიცხულ თანხებს იყენებენ არა მიზნობრივად (ღარიბთა დახმარება), არამედ სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად — ფულის მოგების მიზნით.

„Oxfam”-ს მთელს მსოფლიოში 1200 მაღაზია აქვს გახსნილი. ერთ-ერთმა ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა ONE-მ ჩარიცხული ფულის 1,2% მოახმარა უპოვართა დახმარებას , 98,8% კი ფონდის თანამშრომელთა გამდიდრებას.

თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო ღრმავდება. „Oxfam”-ი და  მსგავსი ორგანიზაციები კი იმისთვისაა შექმნილი, რომ ღარიბების ბუნტი შეაკავოს.

აქვე აღვნიშნავ, დავოსის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მსუყე ფულის გადახდა. ასე რომ ფორუმში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გარდა ოფიციალური მიწვევისა, ფულსაც იხდიან ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

სხვათაშორის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მეუღლის დავოსის ფორუმში მონაწილეობის გამო. ზელენსკაია ლონდონში ცხოვრობს და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით იმყოფებოდა დავოსში, სადაც სიტყვაც წარმოთქვა. ბრიტანელები აპროტესტებდნენ დავოსში მისი ვიზიტის ხარჯებს —  „ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულიაო“, — აცხადებდნენ ისინი.

წლევანდელი დავოსი, რომელშის მონაწილეობა უნდა მიეღოთ მსოფლიო ქვეყნების მეთაურებს, ჩალაგამოვლებული დარჩა. გერმანიის კანცლერის შოლცის გარდა იქ არვინ იყო. როგორც ჩანს, მძიმე ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ძვირადღირებული დავოსის ფორუმი, მათ არ ჩათვალეს ისეთად, რომელსაც ეკონომიკური შვების მოცემა შეეძლო.

ბობოლათა არყოფნამ „დუბლებში“ მყოფ დამსწრე პოლიტიკოსებს ფართოდ გაუღო კარი რუსეთის სალანძღავად. ქვეყნების მეთაურთა დასწრების შემთხვევაში ლანძღვის ტემპერატურა თუ მეტი არა, ნაკლები არ იქნებოდა.

განსაკუთრებული სიკაპასით ევროკავშირის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოირჩეოდა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკას სამომავლო დაქცევა უწინასწარმეტყველა და ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-10 პაკეტს ამზადებს, რომელსაც სულ მალე იხილავს მზის სხივი, მეტადრე ადრესატი რუსეთი.

ამ ქვეყნის გასაჩანაგებელ ეკონომიკურ სანქციებს ბოლო არ უჩანს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კოლექტიური დასავლეთი მხოლოდ სანქციების შეთხზვით არის დაკავებული და არა საკუთარი გაძვალტყავებული ეკონომიკის გამოსწორებით. ხუმრობა ხომ არ არის 10000-ზე მეტი სანქციის გამოგონება?

დავოსში არვის უთქვამს იმ რიკაშოტის შესახებ, კოლექტიურმა დასავლეთმა რომ იგემა რუსეთის ეკონომიკის დასაქცევად. აი, სწორედ ამ სანქციებმა — სხვისთვის დაწესებულმა, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის, გააუარესა კოლექტიური დასავლეთის მოსახლეობის სოციალური პირობები და პარიზის, ლონდონის, ბერლინის, სხვა ქალაქების ქუჩებში გამოიყვანა.

კაპიტალისტური სისტემა ღრმა კრიზისში შედის, რის შესახებაც ბევრი იწერება „დემოკრატიის სავანეში“, თუმცა როდის მოხდება კრიზისიდან გამოსვლა — არვინ უწყისს. იმას კი ამბობენ, რომ კაპიტალიზმმა ასე იცის დროდადროო. აფსუს, საბჭოთა სისტემა — გამყიდველი საბჭოელი ლიდერების მეცადინეობით დანგრეული?! ნგრევაში კაპიტალიზმიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას, თუმცა ვერაფერს გახდებოდა შიდა მოღალატეების გარეშე. დაანგრიეს სისტემა, რომელიც შორს იყო დავოსის „იდეალებისგან“, უფრო სწორად მტერი იქნებოდა მისი და მისთანების.

საბჭოთა სისტემის ჯეროვანი შეფასების მიზნით მისი სიღრმისეული შესწავლაა საჭირო, რასაც არვინ აკეთებს მშობელ ქვეყანაში — საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთში. არათუ შესწავლას არვინ კადრულობს, არამედ დამცინავად უყურებენ საკუთარ წარსულს — ერთობ საინტერესოს და თანამედროვე ცხოვრებაში დიდად გამოსადგარს, განსაკუთრებით დღეს, რუსთა სახელმწიფოს კრიტიკული არსებობის ჟამს.

დღევანდელი რუსი პოლიტიკოსებისთვის, მითუმეტეს პრეზიდენტისთვის, საბჭოეთის ხშირი გახსენება — პოზიტიურ კონტექსტში დაეხმარებოდა მათ, დააყენებდა იმ ხალხის გვერდით, რომელიც უდიდესი პატივისცემით არის განმსჭვალული წარსული სისტემისადმი. ასეთთა რაოდენობა დიდია, გაცილებით მრავალრიცხოვანი, ვიდრე ანტისაბჭოელები.

საბჭოური პატრიოტიზმი უდავოდ ასაღორძინებელია უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, მანიშნებელი ამისა საბჭოთა წითელი დროშების გამოფენაა დონეცკის მცხოვრებთა მიერ, უკრაინელი ნეოფაშიზმის ამათუიმ სოფელში და ქალაქში დამარცხება—განდევნის შემდეგ.

საბჭოთა კავშირის მეთაურმა, კომუნისტმა სტალინმა ჰიტლერული გერმანიის თავდასხმის დროს, 1941 წელს, საბჭოთა ხალხისადმი მიმართვაში, პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო გაღვივების მიზნით,  ისტორიული გმირები ნეველი და სხვები გაიხსენა, რაც მისაბაძია დღევანდელ პოლიტიკოსთათვის.

თუ სტალინს და საბჭოეთს ხშირად გაიხსენებენ, ცხადია დადებითად და არა უარყოფითად, პრეზიდენტი და ხელისუფლება, მოიპოვებს საზოგადოების უმეტესი ნაწილის ნდობასა და მხარდაჭერას. ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვას საბჭოთა წარსულის, სტალინის აუგად, ცინიკური ღიმილით, ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკით მოხსენიებას და უშიშრად განაცხადოს, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფო კი არა, მდიდარ ისტორიულ წარსულზე, მათ შორის კომუნისტურზე არის დაფუძნებული, რომლის მტკიცე ფუნდამენტი, ახალი, მტკიცე, ურყევი ქვეყნისა და მომავლის საფუძველია.

პატივცემულო მოსკოველებო, კრემლში მოღვაწე პოლიტიკოსებო, თუ საბჭოთა კავშირის პირწავარდნილი მტერი, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ლიტვა საბჭოთა კავშირის დროს უკეთესად ცხოვრობდა, თქვენ რა გაკავებთ სინამდვილის აღიარებაში? მითუმეტეს დღეს, როდესაც კოლექტიური დასავლეთისკენ მიმართული გზა ერთი წელია აღარ არსებობს, აოხრებულია უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დაწყებით და მასთან ერთად იმ ფაქტების გამოვლინებით, რასაც კოლექტიური დასავლეთი უპირებდა რუსეთს.

ნაკლებად მოიძებნება პოლიტიკოსი, ექსპერტი, პოლიტოლოგი, რომელიც იტყვის, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ან რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებიდან ხელის აღების შემდეგ რუსეთ—დასავლეთის ურთიერთობები 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობას დაუბრუნდება. რუსეთ—დასავლეთის ურთიერთობები ისეთ ჩიხშია შესული, რომ თაობათა ცვლა არ ეყოფა მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას.

არადა, როგორ ცდილობდა ხელისუფლებაში მისული პუტინი აშშ და მის „სატელიტებთან“ ნორმალური, საქმიანი კონტაქტების დამყარებას? პრეზიდენტობის დასაწყისში მან ნატოში შესვლის სურვილც გამოთქვა. წაიყრუეს! არასერიოზულად მიიღეს პუტინის წინადადება. სხვაც ბევრი იყო, როგორც პოლიტიკურ ველზე, ისე ბიზნეს ურთიერთობებში. 2022 წლის 24 თებერვლამდე რუსეთში 29700 უცხოური კომპანია მუშაობდა. დღეს, მათი რიცხვი ისეა დამდნარი, როგორც თბილისში მოსული თოვლი. დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტა უნდა იყოს თვით რუსეთში მცხოვრებთა შეკავშირების, ერთ მუშტად შეკვრის საფუძველი.

დავუბრუნდეთ კუბილიუსს. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კუბილიუსს უკითხავს შეკრებილი ამომრჩევლისთვის — ისინი საბჭოთა კავშირის დროს კარგად ცხოვრობდნენ თუ ცუდათ.

კუბილისუსი იხსენებს: „კითხვაზე პასუხის შედეგი დავმალეთ, ვინაიდან დამოუკიდებლად ცხოვრების 14 წლის შემდეგ მოსახლეობის 54% განცხადება, რომ საბჭოთა კავშირში უკეთესი ცხოვრება იყო, მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის“.

კუბილიუსმა ისიც თქვა, რომ მაშინ, 2004 წელს, ლიტვა უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრი იყო.

ის, რომ ლიტვა საბჭოთა კავშირში უკეთ ცხოვრობდა 2020 წელს ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედმაც აღნიშნა. მან აღიარა, რომ დამოუკიდებელმა ლიტვამ ბევრი შეცდომა დაუშვა. „დასავლურ ჯუნგლებში“ მოხვედრილმა ქვეყანამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რამაც გამოიწვია სოციალური უთანასწორობა.

გასული წლის 30 დეკემბერს რუსეთს უნდა აღენიშნა საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლისთავი, მაგრამ თავი შეიკავა, რითაც დაამტკიცა, რომ წინამორბედის ჯეროვანი გახსენება მისთვის მიუღებელია.

როგორ არ ჰგავს დღევანდელი რუსეთი ჩინეთს, რომლის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსეთში ჩჟან ხანხუეიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა საბჭოთა კავშირის შექმნის საიუბილეო დღეს — 2022 წლის 30 დეკემბერს.

„საბჭოთა კავშირს ჩინეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ოქტომბრის რევოლუციის ზალპმა ჩინეთს მარქსიზმ—ლენინიზმი მოუტანა. საბჭოთა კავშირმა დახმარება გაუწია ჩინეთის კომპარტიას ჩამოყალიბებაში და მრავალრიცხოვანი პარტიული კადრების აღზრდაში. საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო, რომლის დაარსებამ წერტილი დაუსვა კაპიტალიზმის უკიდეგანო ბატონობას და გამოაცხადა, რომ სოციალიზმი იდეალისგან, რეალიზმად გადაიქცა.

საბჭოთა კავშირის შექმნამ გამოიწვია უდიდესი გარდაქმნები საერთაშორისო ურთიერთობათა სტრუქტურაში; სული შთაბერა მსოფლიოს პროლეტარულ რევოლუციებს, ეროვნულ—განმანთავისუფლებელ, ჩაგრულ ხალხთა მოძრაობას; ხელი შეუწყო მსოფლიოში მარქსიზმ—ლენინიზმის გავრცელებას; შეიტანა ფასდაუდებელი წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში“.

ელჩმა განაცხადა, რომ 1949 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებისთანავე საბჭოთა კავშირი პირველი იყო ვინც ცნო ის, დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა, დადო მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, დაეხმარა მას 156 მსხვილი პროექტის განხორციელებაში, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ეროვნულ მრეწველობას.

„ჩინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს საბჭოთა ხალხის დახმარებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩინეთის 68 ქალაქში დაიდგა საბჭოთა მეომრის 100-ზე მეტი ძეგლი. მათ ყურადღებას არ აკლებს ჩინელი ხალხი“, — განაცხადა ელჩმა.

ჩინეთში 22 სამეცნიერო—კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს, რომელიც სწავლობს საბჭოთა კავშირს და  იმას, რამ გამოიწვია მისი ნგრევა. სსრ კავშირის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი უ ენიუანი კითხვაზე — რამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის ნგრევა, მოკლედ პასუხობს — „გორბაჩოვმა“.

რუსული გაზეთის „ტრუდის“ კორესპონდენტი მიხეილ მოროზოვი გულდაწყვეტით წერს: „რუსეთში საბჭოეთის დაარსების 100-წლისთავის იუბილემ შეუმჩნევლად ჩაიარა, მარტო ტელევიზიებმა მიკერძოებული პროგრამებით აღნიშნეს ეს თარიღი. მიზანი იყო მარტივი — ჩაეტენათ ხალხის თავში სნობისტური აზრი საბჭოეთის დანგრევასთან დაკავშირებით; რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ ნაკლებად გონებაგახსნილი ხალხი —  ავტოკრატიული პრესის ქვეშ. დღეს კი, ის კარგად ცხოვრობს. მართალია, საბჭოთა კავშირმა გაუშვა პირველი „სპუტნიკი“ და კაცი კოსმოსში, მაგრამ ცხოვრება ვერ ააწყო.

დადებითს — უამრავ უარყოფითს აყოლებენ, რაც სწორედ ისტორიული ხსოვნის არდავიწყების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც ვითომ ებრძვის ხელისუფლება. ან უნდა მივიღოთ წარსული ისეთი, როგორც არის — კრიტიკის გარეშე, ან ავყვეთ დასავლეთს და ვაგინოთ“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

23/01/2023