„დიდი ნაბუკო“ და კავკასიის პრობლემები
თითქმის 10 წელია საქართველოს მოსახლეობას პერმანენტულ რეჟიმში ჩასძახიან გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც შვებას მოუტანს საქართველოს და მაქსიმალურად შეზღუდავს რუსეთის ენერგეტიკულ გავლენას ევროპის ქვეყნებზე. ამ ორი კომპონენტიდან საქართველოს ხელისუფალთათვის მეორეს ჰქონდა და აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე პირველს, რაც ანტირუსულად განწყობილი საქართველოს ხელისუფლებისთვის უმთავრესი მიზანია.
საქართველო ხარობს, როდესაც რუსეთს უჭირს ან პრობლემები ექმნება. ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა სწორედ ის სფეროა, სადაც მსგავსი „სიხარული“ ბევრის მომასწავებელია, გარდა ამისა თუ სიხარულის საგანი ემთხვევა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის სიხარულის საგანს, სიხარულისგან ზეცაში ფრენას ხომ წინ აღარაფერი დაუდგება. მაგრამ, რომ იტყვიან – ხარობს ის, ვინც ბოლოს ხარობს. საქართველოს ხელისუფალთა სამწუხაროდ ათწლიანი სიხარული დასასრულს უახლოვდება.
საქმე ეხება ერთობ გაპიარებულ გაზსადენს – „ნაბუკოს“. სწორედ წელს შეუსრულდებოდა ამ პროექტს ათი წლისთავი, ნაადრეულად რომ სული არ დაელია. „ნაბუკოს“ დასაწყისი კი ასეთი იყო – უნგრეთ-ბულგარეთის ენერგოკომპანიეების წარმომადგენლები ვენის რესტორანში, სადილობის დროს, ვერდის ოპერა „ნაბუკოს“ მუსიკის თანხლებით, შეთანხმდნენ გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც 2014 წელს უნდა დასრულებულიყო.
მაგისტრალის სიგრძე – 3.900 კილომეტრით განისაზღვრა და მას უნდა გაეტარებინა ირანის და აზერბაიჯან-თურქმენეთის გაზი ევროპისათვის. რომ იტყვიან, ზღაპრები ითხზვება, მაგრამ საქმეები სწრაფად არ კეთდება. პროექტის ავტორები თავიდანვე იყვნენ შეფიქრიანებული მილსადენის დატვირთვით, ანუ საიდან მიეღოთ გაზი მილსადენის დასატვირთად და ბიზნესის რენტაბელურად წარსამართად. ეკონომისტებმა დასაბამიდანვე ეჭვის ქვეშ დააყენეს გაზსადენის რენტაბელურობა, მაგრამ იქ სადაც პოლიტიკაა ეს რა მოსატანია?!
ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირეს პროექტს, ჩათვალეს, რა ის ევროკავშირისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად, მისი უსაფრთხოების დიდ გარანტად. პროექტს უმალ დაუჭირა მხარი აშშ-ა, ვინაიდან ის ამცირებდა ევროპაზე რუსეთის ენერგეტიკულ გავლენას.
დასაწყისში მილის შევსების წყაროდ ირანი მოიაზრებოდა, მაგრამ ამ ქვეყნის ბირთვულმა პროგრამამ ირანი ავტომატურად გამორთო პროექტიდან.
პროექტის ღირებულებამ 7.9 მილიარდი ევრო შეადგინა, მაგრამ მოგვიანებით ფასი გაორმაგდა. პროექტში ჩაერთნენ უნგრული, ბულგარული, რუმინული, გერმანული, ავსტრიული და თურქული კომპანიები. ირანის პრობლემებიდან გამომდინარე, 2006 წელს გადაწყდა ეს ქვეყანა თურქმენეთით, უზბეკეთით და აზერბაიჯანით ჩაენაცვლებინათ. არ გამართლდა ვარაუდი მილსადენის მთლიანად აზერბაიჯანის გაზით დაკმაყოფილების თაობაზე.
ათი წლის განმავლობაში, ენერგეტიკულ ბაზარზე არაერთ ქარიშხალს ჰქონდა ადგილი, რაც მთავარია მათში პოლიტიკური უფრო სჭარბობდა, ვიდრე ენერგეტიკულ-ეკონომიკური. პოლიტიკურისათვის უმთავრესი – რუსეთის ენერგომატარებლებისთვის ალტერნატივის გამოძებნა იყო, ეკონომიკისათვის – მილსადენის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები და ამ ხარჯების შემდგომი ამოღება.
ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისმა სერიოზულად შეურყია საფუძველი „ნაბუკოს“ და მანაც ნელ-ნელა დაიწყო რღვევა – დიდი „ნაბუკოდან“ პატარ-პატარა “ნაბუკოებამდე“. ერთ-ერთი მათგანი თურქმენეთ-აზერბაიჯანს შორის მილსადენის მშენებლობაა, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე უნდა გავიდეს თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშიდან ბაქომდე, თურქმენეთ-აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სექტორში.
მაგრამ რომელ სექტორზეა ლაპარაკი, როდესაც კასპიის ზღვა ჯერაც არ არის სექტორებად დაყოფილი ზღვისპირა მდებარე 5 ქვეყანას შორის? თანაც კასპიის ზღვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რუსეთი აცხადებს, რომ არავითარ მშენებლობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ვიდრე ზღვა სექტორებად არ დაიყოფა.
მიუხედავად ამისა თურქმენეთ-აზერბაიჯანი აქტიურად არის ჩართული შესაბამისი დოკუმენტების შედგენაში. მაშინ, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, სამხედროსაც კი, პროექტის დასაბლოკად.
„კასპიის ზღვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მიღებული 5 კასპიისპირა ქვეყნის მოსაზრების გარეშე – მიუღებელია“, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლავროვმა.
მიუხედავად ამისა ვაშინგტონმა ბაქო-აშხაბადს მიანიშნა, რომ მათ ყურადღება არ უნდა მიაქციონ მოსკოვის მკაცრ განცხადებებს, ვინაიდან მილსადენი მათ წყლებში გაივლის და არა რუსეთის. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ამ ორ ქვეყანას თავისუფლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ენერგორესურსების გამოყენების შესაძლებლობა.
მილსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში გაზი შეუერთდება თბილისი-ერზერუმის მაგისტრალს, რაც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს მიიღოს თურქმენულ-აზერბაიჯანული გაზი, რუსეთის გარეშე. პროექტი მტკივნეულად ეხება რუსეთს და მისი გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში.
„დიდი ნაბუკოს“ მშენებლობას წერტილი დაუსვეს უნგრულმა, გერმანულმა, ინგლისურმა კომპანიებმა. მათი ენთუზიაზმი მიწასთან გაასწორა არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, გაზზე მოთხოვნილების კლებამ, მთელმა რიგმა სხვა საკითხებმა, რომელთა შორის გამოიკვეთა დაჭირხლულ გაზზე მოთხოვნილების ზრდა და მიწის ფიქალური ქანებიდან გაზის მიღება.
არცთუ დიდი ხნის წინათ ფიქალური გაზი აბსტრაქტული თემა იყო, დღეს სხვა ვითარებაა. ტექნოლოგიის განვითარებამ გააჩინა ახალი ენერგეტიკული რევოლუციის შანსი. ამ რევოლუციის საწყისი შედეგი თვალნათელია – აშშ-ი გაზზე ფასების კლება. თუ 2008 წელს ფიქალის გაზზე აშშ-ი მოპოვებული გაზის 11% მოდიოდა, 2011 წელს – უკვე ორი მესამედი. 2035 წლისათვის მისი ხვედრითი წილი 60%-ით გაიზრდება. სპეციალისტების მიხედვით, ფიქალის გაზი აშშ-ს მომავალი 100 წელი ეყოფა დღევანდელი მოთხოვნილების დონის გათვალისწინებით.
თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ეს დარგი ციფრები თავად გვიკარნახებენ. 2010 წელს ფიქალური გაზის მოპოვებაში 600 ათასი კაცი იყო დასაქმებული. 2015 წლისათვის ეს სექტორი აშშ-ს ეკონომიკას 118 მილიარდ დოლარს მისცემს.
პროფესიონალურ დონეზე ფიქალური გაზის არსებობა შეინიშნება ჩინეთში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში. ასე, რომ აშშ-ს გამოცდილება ამ ქვეყნებში შესაძლოა იყოს მისაღები, რაც თავისთავად გამოიწვევს ბუნებრივ გაზზე ფასების დაწევას, რუსეთის მონოპოლიის შემცირებას.
ცნობისათვის, რუსეთი გაზის მოპოვების დარგში პირველია მთელს მსოფლიოში.
ფიქალური გაზი არა მარტო ხვალინდელი, არამედ უკვე დღევანდელი დღეა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის სრულ კონკურენციას ვერ უწევს ბუნებრივ აირს და ვიდრე ეს ასეა, რუსეთი შეეცდება ხელიდან არ გაუშვას ამ დარგში მოპოვებული მონოპოლია.
კასპიის ზღვის აუზში რუსეთის ინტერესები ემთხვევა ირანის ინტერესებს, რომელიც ისე, როგორც რუსეთი წინააღმდეგია თურქმენეთ-აზერბაიჯანის მილსადენის მშენებლობის. ირანს არ მოსწონს კასპიის ზღვის აუზში მესამე ქვეყნის, აშშ-ს გამოჩენა, ვინაიდან ის, როგორც რუსეთი, თვლის, რომ აშშ-ს გამოჩენას უდავოდ მიჰყვება კასპიის ზღვის ქვეყნების მშვიდი ცხოვრების რღვევა, და მათი დაპირისპირება.
ვაშინგტონის ძალისხმევით ვითარება უკვე დაძაბულია. თეირანი დიდი ეჭვის თვალით უყურებს ვაშინგტონ-თელ-ავივის სამხედრო სპეციალისტების მუდმივ მიდი-მოდის აზერბაიჯანში, ამ ქვეყნის ერთობ სწრაფ მილიტარიზაციას, ანტიირანულ განცხადებებს და ქმედებას ირანელ „ჯაშუშთა“ წინააღმდეგ და სხვა.
ვითარება იმ ფაზაშია შესული, საიდანაც გამოსვლა არცთუ იოლი ხდება. ტრაფარეტულად წარმოთქმული სიტყვები – დაძაბულობა ნელ-ნელა იმუხტება და მალე ისტორიას ჩაბარდება, სულ უფრო არარეალური ჩანს. და ეს ყველაფერი აშშ-ს სტრატეგიული ინტერესებიდან არის გამომდინარე. ის, რომ ირანზე აშშ-ისრაელს შეიძლება ჰქონდეს თავდასხმა არახალი თემაა, თუმცა ამ ეტაპზე, აშშ-ი პრეზიდენტის არჩევნებიდან გამომდინარე, შეუძლებელი.
ირანზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის სადარია და არა მარტო რეგიონული. მაგრამ ლოკალური ომი? ვთქვათ ირან-აზერბაიჯანს შორის ხომ შეიძლება? მითუმეტეს, თუ მან ირანზე, ეკონომიკურ სანქციებზე მეტი ზეწოლა შეიძლება მოახდინოს?
ასეთი ომი, მას-მედიის ინფორმირებით, უდიდეს ზეწოლას მოახდენს ირანზე, რომელმაც დაჩაგრა მშვიდობისმოყვარე პატარა აზერბაიჯანი. ასეთი ომი გააღვივებს მთელ რიგ კონფლიქტურ სიტუაციებს, არა მარტო კასპიის ზღვის აუზში, არამედ ყარაბახთან მიმართებაში და სხვა, გადაჭრის კასპიის ზღვაზე აშშ-ს და ნატოს კონტიგენტის გამოჩენის საქმეს, ხელს შეუწყობს ზღვაზე, განსაკუთრებით მის სამხრეთში, მუდმივი კონტროლის დაწესებას, დაასრულებს კოალიციის მიერ ირანის ალყაში მოქცევის გეგმას.
კასპიის ზღვის კონფლიქტის ამოქმედება, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან ერთად ნულამდე დაიყვანდა ირანის წარმატებას ამერიკა-ისრაელ-ირანის ომში. მოვლენების მსგავსი განვითარება იზოლაციაში მოაქცევდა რუსეთს, გათიშავდა არსებულ სატრანზიტო მარშრუტს – „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ და სხვა.
ცხადია, ეს გეგმა დიდი აბსტრაქციის მატარებელია, მაგრამ ძნელად მოიძებნება სამხედრო წრეები, მითუმეტეს ამერიკული, ვინც მსგავსი „თამაშებით“ ახალ გათვლებს არ აკეთებდეს. ამ გათვლებით, ენერგეტიკის საკითხებიც წყდება და გეოპოლიტიკურიც. აშშ-ი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც მუდამ ამუშავეს ათასნაირ პროექტებს, ვინ იცის რა დროს და რა შემთხვევაში იქნება გამოსადეგი.
მაგრამ ვიდრე აბსტრაქტული გეგმა რეალურად ამოქმედდება, კავკასია ძველი ცხელი წერტილების ბუდედ რჩება – ყარაბახიდან დაწყებული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთით დამთავრებული. რეგიონის დაძაბულობაზე მეტყველებს აზერბაიჯან-სომხეთს შორის ბოლო დროს შექმნილი სიცხარე. თუ აქამდე ადგილი ჰქონდა მთიანი ყარაბახის საზღვრებთან შეტაკებას, ამჯერად სომხეთის საზღვრებში შეჭრამ გამოიწვია სისხლი და ეს ყველაფერი ემთხვევა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს რეგიონში.
„ჩვენი არმია მზადაა 10 დღეში გაანთავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები და სომხეთ-ირანის საზღვრამდე ჩავიდეს. ერთადერთი რაც გვაფერხებს არის ის, რომ არ გვინდა სისხლის ღვრა“, – განაცხადა აზერბაიჯანის გენერალურმა შტაბმა.
ყარაბახის წარმომადგენელმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სისტემატურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ხოცავს სომეხ ჯარისკაცებს,და ეს ხდეაბ მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი გაეროს უშიშროების საბჭოს დროებითი წევრია.
ყარაბახის მონაცემებით, რომელსაც აზერბაიჯანი არ აბათილებს, ა.წ. იანვრიდან ივნისამდე აზერბაიჯანმა 5 ათასჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მარტო ივნისში მან 6 დივერსიული ოპერაცია ჩაატარა, რასაც 20 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მთლიანობაში მარტო წელს აზერბაიჯანმა 52 სამხედრო დაკარგა.
ყოველივე აღნიშნული ნათლად მეტყველებს იმ დაძაბულ ვითარებაზე, რასაც ადგილი აქვს კავკასიაში, კერძოდ კასპიის ზღვის აუზში, ყარაბახთან მიმართებაში და სხვა. ნაცვლად იმისა, რომ დიდმა ქვეყნებმა ენერგია არ დაიშურონ რეგიონში მშვიდობის დასადგურებისათვის, პირიქით ცდილობენ გააღვივონ ძველი თუ ახალი კონფლიქტები. რაოდენ სავალალო არ უნდა იყოს აშშ-ს მიდგომა კავკასიის საკითხებისადმი რეგიონში მცხოვრები ხალხებისათვის, მათ შორის ჩვენთვის, ამერიკის პოლიტიკა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, რომელშიც უმთარესია წყლის ამღვრევა თევზის ადვილად დასაჭერად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.