22.11.2024

გადის თუ არა ევროპული გზა საჯდომზე?!

ყველა „სიკეთესთან“ ერთად წარმატებული მოქმედებისთვის შესაფერისი დროის შერჩევის უნარიც დაგვიკარგავს, თორემ ევროკავშირში შესვლის გადაწყვეტილებას „ახლა და ამ წუთს“ არ მივიღებდით.

ცოტათი მაინც დაგვეცადა, კარგად შეგვეთვალიერებინა იქ მიმდინარე პროცესები და მერე გვეთქვა — შევდივართო! ასე არ აჯობებდა? მაგრამ რა გაეწყობა სულსწრაფ ხელისუფლებას, მითუმეტეს ოპოზიციას რა დააკავებს?

ორივემ ერთხმად აიჩემა ახლა უნდა შევიდეთ ევროკავშირში, ვინაიდან ასეთი ისტორიული შანსი მომავალში არ გვექნებაო. თითქოს ევროკავშირი სადმე მიდიოდეს; თითქოს მტკიცე რკინა-ბეტონით არ იყოს ნაშენი; თითქოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ისეთი მოხელეები არ ისხდნენ, ჭკუა რომ გადმოსდით და ამ ლამაზი ქალაქის ქუჩებში მოედინება, როგორც ანკარა ნაკადული.

მათი სახელების ხსენებაც კი უდიდეს პატივისცემას, მოკრძალებას, სიმპათიას იწვევს ნებისმიერში, განსაკუთრებით ჩვენში. მათი სიბრძნე, პოლიტიკური ალღო, ისე, როგორც პოლიტიკური სიმწიფე საყოველთაოდ ცნობილია.

შეხედავთ ბატონ შარლ მიშელს და გული გაგინათდებათ; მოუსმენთ — და გონება.

ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ხომ მოკაშკაშე ვარსკვლავია — გინეკოლოგიის დარგში, თან მრავალშვილიანი დედა. აფსუს, გამქრალი საბჭოთა სისტემა, თორემ ქალბატონი ურსულა ხომ იქნებოდა გმირი დედა?!

დინჯ, სანდომიანი გამომეტყველების მატარებელ ჟოზეფ ბორელზე ლაპარაკიც ზედმეტია — უსიტყვოდ, ანუ პირის დაუღებლად, რომ განაწყობს საზოგადოებას ევროპული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების „დიდოსტატის“ მიმართ — დადებითად თუ უარყოფითად, სხვა საკითხია.

ევროპისდა სამწუხაროდ, მეორე, რომ აჭარბებს პირველს, გასაკვირიც არაფერია, ვინაიდან ზემოხსენიებული ორიც არ ჩამოუვარდებიან მას — უაზრობაში, უსაგნო ლაქლაქში, აბსტრაქტულ გეგმებში და ვიღაცის ჯიბრზე ავი საქმის კეთებაში, რომელიც ევროკავშირსავე უბრუნდება.

ამ სამეულს აჩემებული აქვს რუსეთის დასჯა — ეკონომიკურად, ფინანსურად, სამხედრო გზით — სხვისი ხელით, რისთვისაც არც ფულს იშურებენ და არც სამხედრო იარაღს, მითუმეტეს ცოცხალ ძალას — უკრაინელის სახით.

ერთი სიტყვით ამ „რესპექტაბელურ“ ორგანიზაციაში ისეთი ატმოსფეროა, უგუნურების ზეიმს რომ ჰგავს — გონიერი მავანის გადასახედიდან, თორემ ქარაფშუტა ხალხისთვის, განსაკუთრებითი მათი ელიტარული ნაწილისთვის, ედემის ბაღს, პოლიტიკურ სამოთხეს.

ასეთ „წინწაწეულად“ მოვიაზრებით ჩვენც, ჩვენივე გაგებით — ნიჭიერი, ჭკვიანი ხალხი. ჰოდა, რახან ასეა, რატომ ვმჩატდებით დინჯი, ტვინით დატენილი ხალხი და სასწრაფოდ ვლამობთ ევროკავშირში შესვლას?

რომ დაგვიჩემებია — ასეთი ისტორიული შანსი აღარ გვექნებაო, იქნებ გვქონდეს?! არ იქნება უკრაინის ომი და იქნება სხვა, იქნებ საკუთარი? „ჭკუით“ თუ მოვიქცევით, სხვისი ომის ნაცვლად, ჩვენი ომით შევალთ ევროპაში. ჩვენი ომით დავბრუნდებით „შინ“.

არადა რა ბედნიერებაა ნაომარის შინ, ევროპაში დაბრუნება?! აი, ნახეთ მაშინ, როგორ გაგვიღებს კარს ის სამი, ზემოთნახსენები. არათუ გაგვიღებენ, ჩვენს საცეკვარ „შალახოსაც“ თვითონ გვიცეკვებენ. აპა, არა! ასე იცის რუსეთთან ომმა! ოღონდ ერთია — დავბრუნდებით მაშინ „შინ“, ევროპაში?!

უკრაინაც — ჩვენი „ძმა და მეგობარი“, ასე გაჰყვიროდა — „უკრაინა ცე ევროპაო“, მაგრამ რაღაც ევროპულობის პირი არ უჩანს. განადგურების, გაპარტახების კი! მანაც ევროკავშირში შესვლა სისხლიანი „პროპუსკით“ სცადა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

ათეულ—ათასობით უკრაინელი შეეწირა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. კიდევ რამდენი შეეწირება — შოიგუმ იცის უკეთ, ვიდე ნატოელმა სტოლტენბერგმა, ამერიკელმა ბაიდენმა, ფრანგმა მაკრონმა, გერმანელმა შოლცმა, ინგლისელმა ჯონსონმა; იმ სამეულმა, ზემოთ რომ ვახსენე, სხვებმა, თუმცა მათთვის ომში დაღუპულ უკრაინელთა სტატისტიკა ნაკლებად სადარდელია, ვინაიდან უკრაინის ევროპულობას ცინიკურად უყურებენ და არა ისე, როგორც უკრაინელი — „უკრაინა ცე ევროპააო“ რომ გაიძახის.

ამ დასავლური გუნდის შეძახილები — „მიდი, მოდიო“, უკრაინელთა გასამხნევებლად ჰქუხს საომარი მოქმედების თეატრში — ფეხბურთის სტადიონის მსგავსად და ძალაგამოცლილი, დაქანცული უკრაინელი მებრძოლი ლამის მოედნის შუაგულში გაიშოტოს.

ერთხელ თბილისის „დინამოს“ ცუდი თამაშის შემყურე ირაკლი აბაშიძემ ენამოსწრებულად თქვა —მაყურებლების გამაყრუებელი ძახილი „დინამო-დინამოო“, უშველის საქმეს. ეს, ისაა, ახლა მე რომ შემომძახონ „ირაკლი, ირაკლიო“.

შეძახილებს დაპირებებიც ახლავს, რაც ნატოს მადრიდის სამიტზე გაჟღერდა. აშშ-ს მიერ ლენდ-ლიზით გამოყოფილი 40 მილიარდ დოლარს აშშ-ს პრეზიდენტმა 800 მილიონიც დაუმატა; 140000 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, 600 ტანკი, 500 საარტილერიო დანადგარი, 600000 ჭურვი, დახვეწილი რეაქტიული ზალპური სახმელეთო, საზღვაო, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები — თან ნებისმიერი სიშორისა და სიძლიერის. არის ლაპარაკი საბრძოლო თვითმფრინავების F-16-ს გადაცემაზეც. და ამას ყველაფერს არა მარტო აშშ-ი, არამედ უკრაინის დასახმარებლად შეკრული 40-ზე მეტი ქვეყანა გაიღებს.

მსუყე დაპირებაა, მაგრამ აბსტრაქტული. გარდა ამისა გაახსენდება თუ არა დემენციით შეპყრობილ ბაიდენს დანაპირები, არვინ იცის. შეახსენებენო — მეტყვით. მეც მაგის იმედი მაქვს. „შპარგალკას“ გაუმზადებენ — ტრადიციულად, სადაც დასაჯდომი სკამის მინიშნებასთან, კითხვებზე პასუხთან და სხვა ქცევასთან ერთად, იარაღის თემასაც ჩაწერენ, თუმცა მოიქცევა თუ არა ბაიდენი „შპარგალკის“ მიხედვით, სხვა საქმეა. ამასწინათ დაჯილდოების დროს, მკერდის ნაცვლად, ლამის ზურგზე მიაბნია სახელმწიფო ჯილდო დაჯილდოებულს.

ბაიდენს, გარდა დემენციისა, სხვა პრობლემებიც აქვს წამოკიდებული — ქვეყნისა რომ ჰქვია, თუმცა ავადმყოფობის გამო გრძნობს თუ არა, ძნელი სათქმელია.

ხალხი კი გრძნობს და 77% აცხადებს, რომ ის უნდა გადადგეს, ვინაიდან ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, რამაც ქვეყანა უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა — გაძვირებული კვების პროდუქტებით, საწვავით და სხვა მრავალით, რაც აუცილებელია ადამიანის ცხოვრებისთვის.

არ არის დარგი, სადაც კრიზისი არ ბობოქრობდეს, გარდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა, სადაც ზეიმია უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღის დამზადების შეკვეთის გამო.

ლენდ-ლიზით გათვალისწინებული 40 მილიარდიდან, 17  მილიარდი ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ჩაიხუტა. მდიდრდებიან მდიდრები, ხალხი ღარიბდება. უკრაინის ხსენებაც არ უნდათ, ვინაიდან თვლიან, რომ ამ ქვეყნის ომს მათი ფული ხმარდება, მათი ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომლის შევსებაშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას.

ამერიკელს აღარ სჯერა, რომ საწვავზე მომატებული ფასები, ისე, როგორც კვების პროდუქტებზე, პუტინის ბრალია; რომ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია აშშ-სა და მსოფლიო კრიზისი.

ასე გაიძახოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონიც და თავისი ორწლინახევრიანი პოლიტიკური მოღვაწეობა კრახით დაასრულა. ის, საკუთარმა პარტიამ აიძულა გადამდგარიყო. მიზეზი? მრავალია, მაგრამ კონკრეტულად ერთი, რაც აშკარად გვახსენებს საჯდომის, ანუ ტრაკის ძალას არა მარტო სექსუალურ ურთიერთობაში, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჯონსონის პროტეჟე მაღალპარტიელმა, შეზარხოშებულმა და სექსუალური ჟინით ანთებულმა მხარზე ხელი გადახვია კოლეგა მამაკაცს, შემდეგ წელს ქვევით ჩაუცურა და თან ყურში ჩასძახა — თუ დამნებდები, მაღალ თანამდებობას მოგცემო.

ჰოი, სასწაულო. არ დანებდა, ნაცვლად, იყვირა და ამ ერთის ხმას, მეორემაც მიამატა — ასევე შეწუხებულმა სექსობრივი მოფერებით.

როგორც ამბობენ ეს ამბავი — ინგლისურ კლუბში მომხდარი, უხმაუროდ ჩაივლიდა, ვინაიდან მამათმავლობა სულაც არ არის უცხო ინგლისელთათვის, რომ არა ორივე „დაზარალებულის“ განცხადება — საჯარო და ხმამაღალი —თანამდებობას დაგვპირდაო.

სექსისთვის თანამდებობა კი „სერიოზულმა“ ინგლისურმა პოლიტელიტამ კორუფციად ჩათვალა და პრემიერის გადადგომა მოითხოვა — საკუთარ პარტიაში სრული უწესრიგობის გამო.

ასე, რომ ჯონსონი საკუთარი პარტიელის სექსუალური ჟინის მოძალებას გადაჰყვა. სინამდვილეში კი აუტანელ ეკონომიკურ კრიზისს, 10%-იან ინფლაციას, უკრაინისთვის უზომო სამხედრო-ფინანსურ დახმარებას, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლებმაც მძიმედ იმოქმედეს ინგლისელებზე.

უკრაინაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 4 თვის თავზე გამოჩნდა კოლექტიური დასავლეთის სამხედრო, ეკონომიკური, მორალური დეგრადაცია. ერთი რამ, რაც აშკარად თვალშისაცემია აშშ-ს მიმართ მონური მორჩილება და ახალი ლიბერალური იდეოლოგიის — ლგბტ-ობის თაყვანისცემაა.

მკითხველი ლგბტ იდეოლოგიას გადაჭარბებულად ჩამითვლის, მაგრამ შეცდება, ვინაიდან ღრმა კრიზისში შესულმა იმპერიალიზმმა აგრესიული ლიბერალიზმი, ლგბტ-ობა აირჩია თავის გადარჩენის გზად, რომელსაც მიაბა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლების შეუზღუდავობა და ა.შ. ასე რომ, ლგბტ სულაც არ არის ხელწამოსაკრავი რამ. თანამედროვე ამერიკულ—ევროპული ცივილიზაცია და ღირებულებები, ჩვენ რომ გავიძახით, ამაზე ტრიალებს, ანუ საჯდომზე.

ის, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში ხდება უდავო ანტიპათიას იწვევს — სხვაგვარად, ნორმალური ადამიანი ვერ შეხედავს კაცის-კაცზე დაქორწინებას, ქალის-ქალზე, ან თუნდაც ჯგუფურ ოჯახს, დანომრილ მშობლებს — დაქორწინებული მამაკაცების ოჯახში, სადაც ნაშვილებ ბავშვს ასწავლიან, რომ „დედობას“ ნომერ ერთი „მამაკაცი“ გაუწევს, „მამობას“— ნომერი ორი.

ევროპაში ჩვეულებრივად ითვლება ბავშვის მიერ სქესის არჩევა. მაგალითად, თუ 10-12 წლის ბიჭს მოუნდა გოგოდ გადაქცევა, მას შეუძლია ოპერაციისთვის მიმართოს კლინიკას.

გაქალებული მამაკაცების რაოდენობა სახელმწიფო დაწესებულებებსა და არმიაში დღითიდღე მატულობს. აშშ-ს პრეზიდენტის პრეს-მდივანს, ქალად დაბადებულს, მაგრამ კაცად ქცეულს, საამაყოდ მიაჩნია ლესბოსელობა, ისე, როგორც ტრანსპორტის მინისტრს ცისფერობა. ის გათხოვილია და მეუღლე მამაკაცთან ერთად აყვანილ შვილსაც ზრდის.

მკითხველი იტყვის — თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ ის აკეთონო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ლგბტ-ობა მოითხოვს არა მარტო სოლიდარობას, არამედ მორჩილებას იმათ მხრიდან, ვინც ნეგატიურად უდგება ამ ორგანიზაციას.

თავი დავანებოთ ზნეობრივობას და ყურადღებით დავაკვირდეთ სოციალურ ყოფას — ასერიგ მომნუსხველს ჩვენთვის. ევროკავშირში შესვლის მსურველნი დაბეჯითებით ატყუებენ ხალხს — იქ რომ შეხვალთ, რძის მდინარეში იბანავებთო, ისეთი პენსიები და ხელფასები გექნებათ, თქვენ რომ ვერც ინატრებდითო და ა.შ.

სინამდვილე სხვაა, ერთობ სავალალო ევროპელისთვის. ენერგეტიკულმა კრიზისმა აიძულა გერმანიის, სხვა ქვეყნების ხელისუფლება ხელმომჭირნეობა გამოევლინა გაზის მოხმარებაში — ნაკლებად ებანავა, არ ჩაერთო ჰაერის გამაგრილებელი, არ ეყიდა ძვირადღირებული კვების პროდუქტი და სხვა.

წინ ზამთარია და მოსახლეობა იძულებული იქნება აიტანოს სიცივე. აიტანს?! უნდა აიტანოო — ეუბნება ხელისუფლება, იმიტომ, რომ რუსეთს გაზის საფასური არ გადავუხადოთო და ვაიძულოდ უკრაინაში ომის შეწყვეტა, 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებაო.

ხუმრობს ხელისუფლება. სხვას ვერაფერს დაარქმევ ამ მოწოდებას. რუსეთი არც ომის შეწყვეტას აპირებს და არც ჩაფიქრებული დენაციფიკაცია—დემილიტარიზაციაზე ხელის აღებას. პირიქით! პუტინის განცხადებით, რუსეთს საომარი მოქმედება სრული მასშტაბითა და ძალით ჯერ არ დაუწყია. და რომ დაიწყებს, სად იქნება ან რა იქნება ჩვენგან გაფეტიშებულ ევროპა — ამერიკაში?

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ევროპაზე უზომოდ შეყვარებულებო, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლებო, ევროპაში „დაბრუნებაზე“ იქნებ მაშინ გეფიქრათ, როდესაც უკეთესი ვითარება იქნება და არა დღეს — ევროპა—ამერიკისთვის უმძიმესი — კრიზისის დროს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

10/07/2022