04.12.2024

გზა დემოკრატიისკენ სამართლიანობაზე გადის

თამაში ნეიტრალურ მინდორზე – ასე შეიძლება ვუწოდოთ ქართველ პოლიტიკოსთა ლამის ვერბალურ ჩხუბში გადასულ პაექრობას, რასაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი ბრიუსელ-პრაღაში. აქვე დავძენ, რომ ოცნებელთათვის ნეიტრალური პოლიტიკური მინდორი ნაკლებად შეღავათიანი გამოდგა, ვიდრე მოწინააღმდეგე ნაცებისათვის. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მასპინძლებით გამხნევებულმა ნაციონალებმა მოწინააღმდეგე საკუთარი რინგის კუთხეში მიიმწყვდიეს და გამეტებით დაუწყეს აკრძალული ილეთებით რეპუტაციის შელახვა.

ევროკომისარი ბაროზუ, ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი, სხვა მაღალჩინოსანი ევროპელები გულისწყრომას ვერ მალავდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო.

მათი აღშფოთების საგანი – „პოლიტიკური“ დაჭერები იყო, გარდა ამისა, გამარჯვებული „ოცნების“ მიერ, დამარცხებული „ნაციონალების“ „პოლიტიკური“ შევიწროება, სახელმწიფოს მართვაში საერთო ენის გამოუნახაობა და სხვა ისეთი მომენტი, რასაც აქვს ადგილი. დასავლელთათვის მიუღებელი აღმოჩნდა ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრება, საზოგადო ტელევიზიაში საფინანსო შემოწმების დაწყება და სხვა.

ოცნების მხარდამჭერი ქართული საზოგადოება სამართლიანად აღაშფოთა  ევროპელ მაღალჩინოსანთა საყვედურებმა: „ეს მამაცხონებულები ცხრა წლის განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ ნაცთა მიერ ჩატარებულ რეპრესიებზე – დაჭერებით, წამებით, ხოცვით და როდესაც ქართველმა ხალხმა მოიშორა მტარვალი ხელისუფლება და დაიწყო ჯალათების „ვირის“ აბანოში გასტუმრება, მთელი დასავლეთი ყალყზე დადგა – როგორ შეიძლებაო. ვინ ჰკითხავს ბაროზუს ან რასმუსენს, შევა თუ არა ფინანსური შემმოწმებელი საზოგადოებრივ მაუწყებელში“, – გაიძახოდნენ განაწყენებული ქართველები.

ასეა თუ ისე, ნაციონალებმა და მათმა ლიდერმა მორიგი წარმატებული PR-ოპერაცია ჩაატარეს ევროპაში, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი მზაკვრობა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის ბრძოლასთან, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან, ქართველი ხალხის კეთილდღეობასთან. მიზანი – იყო და არის საკუთარი ნაცური თავის გადარჩენა, საკუთარი პოლიტიკური არსებობის გახანგრძლივება, საკუთარი არსების გადარჩენა კარზე მომდგარი პასუხისგებისაგან.

დანაშაული, რომელიც ნაცებმა ერის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს – განუზომელია და მას პასუხისგება სჭირდება – წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ხალხი ვერ გაიგებს დამნაშავეთა შენდობას. საკუთარი ხალხის რისხვა კი გაცილებით ძნელად გადასატანია, ვიდრე ევროპელ ლიდერთა.

გასულ კვირას სააკაშვილმა ყველაფერი იღონა ევროპელთა დასარწმუნებლად, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მძიმე ვითარებამ დაისადგურა, რომ პროცესმა პოლიტიკური ოპონენტების დასჯის სახე მიიღო. სააკაშვილს გარკვეული მხარდაჭერაც აღუთქვეს – საკუთარი უსაფრთხოებისთვის.

ხომ არ გამოიწვევს ევროპელთა გაგულისება ახალი ხელისუფლების მიერ წამოწყებული სამართლიანობის კამპანიის შეფერხებას?

ევროპა ის ძალაა, რომელსაც უდავოდ შეუძლია ბრჭყალების გამოჩენა ისეთი სუსტი ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა – ქვეყნის, რომლის წინა ხელისუფლება სიტყვითა და საქმით უმტკიცებდა მას, რომ ევროპის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ანალოგიური მიდგომა აქვს ახალ ხელისუფლებას, მაგრამ სააკაშვილის მეცადინეობით აზრჩამოყალიბებული ევროპა დაუჯერებს ივანიშვილს?

არავინ იცის, როგორ წარიმართება ივანიშვილ-ევროპის თანამშრომლობა, მაგრამ ევროპა ხვდება, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა უპრეცედენტო იყო და მისი დაკარგვა საგრძნობი იქნება მისთვის.

ივანიშვილმა თავით კაკლები რომ დაუმტვრიოს ევროპას, მაინც ვერაფრით დააჯერებს, რომ ის და მისი საქართველო უკეთესია, ვიდრე წინამორბედის. როგორც ჩანს სხვა ტაქტიკაა შესამუშავებელი, რომლითაც უნდა განელდეს ოფიციალური თბილისის მხრიდან ევროპელ პოლიტიკოსთა ოჯახის წევრთათვის დაბადების დღეებზე ძვირფასი ძღვენის გაგზავნა, თითო-ოროლა დღით ამ საქმისთვის ევროპაში „ჩარბენა“, საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობების მხოლოდ ამ „საშურ“ საქმეზე მომართვა და სხვა.

ეს ის მინდორია, ივანიშვილი რომ აშკარად წააგებს სააკაშვილთან პაექრობას. შეძლებს ივანიშვილი სააკაშვილივით შუბლის ძარღვის გაწყვეტას და იანუკოვიჩისთვის დაბადების დღის მილოცვას, გაუფრთხილებლად  იალტაში ჩასვლით და იანუკოვიჩის კარზე მიდგომით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ორი ათასი ჯან-ღონიანი მუტრუკი მიავლინა უკრაინას, არჩევნებში იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ?

სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დამახასიათებელი ფასადურობა, უბრალო ნაბიჯი არ ყოფილა. შეღებილი ფასადის მიღმა არც ერთ უცხოელს არ შეუხედავს. შეღებილ ფასადებს ახალი, თვალშისაცემი ნაგებობები დაემატა, პლიუს ადამიანის ცხოვრების „გასაიოლებელი სერვისები“ – საჯარო რეესტრის სახით და სხვა. და ეს ყველაფერი სააკაშვილის სავიზიტო ბარათი გახდა.

რას ხედავდა და ხედავს თბილისში ჩამოსული უცხოელი? ახალ, თანამედროვე აეროპორტში ღვინის ბოთლით დახვედრას, „ტოიოტა“ ტაქსებს, აეროპორტ-თბილისის რკინიგზას (მერე რა, რომ დაუტვირთავია და სამ საათში ერთხელ გადის), ხუთვარსკვლავიან სასტუმრომდე მინის შსს შენობას, შეღებილ ფასადებს და ა.შ. მოლაპარაკების დროს – პრეზიდენტის სასახლეს, პარლამენტის შენობას, მაღალფასიანი რესტორნის დახუნძლულ სუფრას, ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის შვეულმფრენით ან თვითმფრინავით კახეთსა და ბათუმს.

ხანმოკლე ვიზიტად მყოფ უცხოელთათვის სააკაშვილმა მოახერხა ისეთი საქართველოს დახატვა, რაც აშკარად დისონანსურია რეალობასთან. თუ ამას დავუმატებთ დასავლურ მედიაში მოსყიდული ჟურნალისტების მიერ შეთხზული ქართული საოცრების მოთხრობას, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში „მოპოვებულ წარმატებას“, ქართული საოცრების ზღაპარი რეალობად იქცევა. სწორედ ასეთ „საოცრებაზე“ წერდნენ რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტები ერთი თვის წინათ.

თუ რამდენად შეესაბამება სააკაშვილის ფასადური ზღაპარი სინამდვილეს, საქართველოს მოსახლეობის გარდა არავინ იცის, მაგრამ არის ეს საკმარისი ევროპასთან ჩასახუტებლად?

ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ თავქუდმოგლეჯილი მსრბოლელ­ის­თვის მთავარი მიზანი უნდა იყოს ისე გაევროპელება, რომ ერთსქესიანი ქორწინება ჩვეულებად იქცეს, გარდა ამისა ამტანები უნდა გავხდეთ სექსუალური უმცირესობის,  სხვა აღმსარებლობისა და ეროვნების წარმომადგენელთა ან თუნდაც დამარცხებული პარტიის მიმართ.

ევროპელთათვის მიუღებელია პოლიტიკური ნიშნით გამარჯვებული პარტიის მხრიდან დამარცხებულის დევნა, დამარცხებული პარტიის სამართალში მიცემისათვის სუსტი არგუმენტების წარმოდგენა. უტყური მტკიცებულების შემთხვევაშიაც კი იოლი არ იქნება ევროპის დარწმუნება, რომ მისი საფიცარი „დემოკრატიის შუქურა“ – მრავალი დანაშაულის ჩამდენი – კრიმინალია. ევროპა სააკაშვილს არ იცნობს კრიმინალად, მას დემოკრატად იცნობს, რაც არაერთხელ აღინიშნა ევროპის მაღალრანგოსანთა მხრიდან ბრიუსელსა და პრაღაში.

            ცხრა წლის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ მოახერხა დასავლეთისთვის სააკაშვილის ნამდვილი პორტრეტის წარდგენა. ვერაფრით შეაცვლევინა მას აზრი, ვინაიდან მცდელობა იყო ზედაპირული, პრიმიტიული, ნაკლებად დასაბუთებული.

სამწუხაროდ მსგავსი რამ დღესაც გრძელდება. ოცნებელი სესიაშვილი და დოლიძე, რომლებიც ესწრებოდნენ ევროპელთა მაღალ ფორუმს, ჟურნალისტებთან ამბობდნენ – ერთ მომენტში მოვადუნეთ ყურადღება და ნაცი კანდელაკი ისე გაგვეპარა, ვერ შევნიშნეთო. გურულები რომ იტყვიან – თურმე გაშპა ყაძახი და მოგვჯაყა თავი. ანუ ისეთი რამ შეატანინა ევროპელებს დოკუმენტში, საქართველოს რომ აშავებს.

საერთაშორისო არენაზე დაპირისპირებული ხელისუფლება – ოპოზიციის დამალობანა-დაჭერობანა მინიმუმ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში არაერთი კვისლინგი (მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ნორვეგიელი მოღალატე), კანდელაკის სახით, გახდება ცნობილი. ამ პრობლემას სხვაგვარი მიდგომა სჭირდება და არა ერთმანეთის დევნა საერთაშორისო ორგანიზაციების კულუარებში.

20 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში თითქოს რაღაც შეიცვალა საქართველოში, მაგრამ მთავარი – გაუტანლობა დარჩა. თეთრიწყაროს ინციდენტმა შეგვახსენა, რომ ნაცების ადგილობრივი მმართველობის ძალისმიერი გაყრის მცდელობა წვეთი წყალივით წააგავს გამსახურდიას დროინდელ კარის აჭედვას, ადგილობრივი მმართველობის სირცხვილის დერეფანში გატარებას და სხვა.

საქართველოსთვის მიუღებელია გამარჯვებულ-დამარცხებული პარტიების თანაარსებობა, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს აშშ-სა და ევროპაში. აშშ-ს გამარჯვებულ პრეზიდენტს დამარცხებული პარტიის უმრავლესობა უწევს ოპონირებას კონგრესში. შეიძლება თუ არა მსგავსი მაგალითის ხილვა აქ? ამ ეტაპზე არა, ვინაიდან დამარცხებულ ნაცებთან ასოცირდება საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება, შიმშილის პირას მიყვანა, შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა, ხოცვა, ეკონომიკური დანაშაულის ჩადენა.

ყოველივე აღნიშნულს პასუხი სჭირდება და არა იმიტომ, რომ ხალხს სისხლი სწყურია, არამედ იმიტომ, რომ სამართალმა პური ჭამოს.

ბერლუსკონის რომ იმდენი დანაშაული ჩაედინა საკუთარი ხალხის მიმართ, სამუდამო პატიმრობა არ ასცდებოდა. მისი დანაშაული სასაცილოა სააკაშვილის დანაშაულებთან შედარებით. მაგრამ ერთია – ის საზოგადოება არ გააჯეჯილებს მის მიერ არჩეულ პოლიტიკოსს, რაც არ უნდა ქარიზმატული იყოს ის. პირველსავე გადაცდომაზე ქუჩაში გამოვა და არ იტყვის – „ვაცადოთ“.

ევროპას უკვირს საქართველოს ახალი ხელისუფლების საქციელი და გამოსასწორებლად თითსაც უქნევს, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ის საქართველოს ადგილზე? თუ ევროპა მინიმალური გადაცდომისთვის არ პატიობს ბუმბერაზ პოლიტიკოსებს კოლს და შირაკს, უამრავი დანაშაულისთვის თავზე ხელს გადაუსვამდა სააკაშვილსა და მის ნაცებს?

ევროპის ვერც ერთი ქვეყანა ვერ „დაიკვეხნის“ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებით, ვინაიდან იქ სხვაგვარი ცხოვრებაა, სხვა ტრადიციებია, სხვაგვარი მიდგომაა საკითხებისადმი. საქართველო სხვაა – თავისებური მენტალიტეტით, ევროპელთა მენტალიტეტისგან ძალიან შორს მდგომით. და რაც არ უნდა ვიძახოთ – „ქართველები ვართ ანუ ევროპელები“ – არაფერი გამოვა.

გზა დემოკრატიისკენ სამართლიანობაზე გადის, რაც თავისთავად მიგვანიშნებს დამნაშავის დასჯას.

ბრიუსელში მყოფმა ივანიშვილმა საყვედურით შეპარული მესიჯი გაუგზავნა რუსეთს – ჩემს ინიციატივას არ გამოეხმაურაო. მხედველობაში ჰქონდა სპეცწარმომადგენლის დანიშვნის იგნორირება. ჩემის აზრით გაცილებით უმჯობესი იქნებოდა საყვედურის თბილისში და არა ბრიუსელში გახმოვანება. ბრიუსელი სხვაგვარად აღიქმება ოფიციალური მოსკოვის მიერ. გარდა ამისა არც ისეთი გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, რომ ვიფიქროთ ჩვენს ნათქვამს უმალ მოჰყვება რუსთა ვაშა. მსგავს წაყრუებას არაერთხელ ექნება ადგილი.

სააკაშვილის წყალობით საქართველო მთხოვნელის როლშია ანუ გაცილებით სავალალო მდგომარეობაში, ვიდრე 2008 წლის ომამდე. არც ზაქარეიშვილის განცხადებას მოჰყოლია კრემლის აღფრთოვანება რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. პირიქით, ამ განცხადებამ აფხაზეთის ხელისუფალთა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. არანაკლები წინააღმდეგობა გაჩნდა სახლშიც, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დაკარგულის შემოსაბრუნებლად ქართული საზოგადოება მზად არ არის.

საქართველოს წინაშე უამრავი პრობლემაა, რაც იოტისოდენადაც არ იძლევა ნატოში, მითუმეტეს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობას. ერთობ მიამიტი უნდა იყოს კაცი, რომ ეს ყველაფერი დაიჯეროს. სააკაშვილმა ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე პედალირება მხოლოდ ერთ მიზანს – საკუთარი სავარძლის განმტკიცებას მოახმარა. ამჯერად ის ამ ორგანიზაციების მხრიდან საკუთარი პერსონის ხელშეუხებლობის მოპოვებისთვის იღვწის, რასაც კარგად ართმევს თავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.