„მობაირამე“ საქართველო

გასულ კვირას ჩემი ყურადღება მიიქცია სპარსეთის ყურის ქვეყნის – ბაჰრეინის მასობრივმა გამოსვლებმა. ბაჰრეინი არაბული სამყაროს უნიკალური წევრი არ არის, იქაც არაბული გაზაფხულის დაწყებიდან დემონსტრაციები და მიტინგები იმართება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – შიიტები, დაპირისპირებული არიან სუნიტურ მონარქიასთან და ეს დაპირისპირება ხშირად მსხვერპლით თავდება.

ასე იყო სულ ახლახანს „ფორმულა-1“-ის  ჩატარების წინ, როდესაც მასობრივმა დემონსტრაციებმა შეაზანზარა ბაჰრეინი. საბედნიეროდ ამჟამად მსხვერპლი არ ყოფილა. ერთი წლის წინათ დაწყებულ პირველ მანიფესტაციებს მსხვერპლიც და ნგრევაც მოჰყვა, და რომ არა საუდის არაბეთის სამეფო კარის სამხედრო დახმარება  ბაჰრეინი არაბული ქვეყნების იმ ნაწილს შეუერთდებოდა, სადაც წარმატებით განხორციელდა რევოლუცია.

დღევანდელ „სტაბილურობას“ ბაჰრეინის მონარქი საუდის არაბეთს უნდა უმადლოდეს და როგორც ამბობენ უმადლის კიდეც – სხვას ვერაფერს იტყვი ორ ქვეყანას შორის ჩაფიქრებულ კავშირზე, რომელმაც ბაჰრეინელები ისევ გამოიყვანა ქუჩაში. დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ, რომ საუდის არაბეთსა და ბაჰრეინს შორის დაგეგმილი სამოკავშირო ხელშეკრულება ნიშნავს ბაჰრეინის მიყიდვას საუდის არაბეთისთვის, რომ ბაჰრეინელები სამშობლოს გაყიდვას არავის აპატიებენ და ა.შ.

შედგება თუ არა ორი ქვეყნის მჭიდრო ინტეგრაციის ხელშეკრულება, უახლოეს მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ბაჰრეინელთა მაგალითმა დაანახა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, რომ ისინი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე.

დღე ისე არ ჩაივლის, ამის დამადასტურებელი მაგალითებით არ „გავმხნევდეთ“ – ხან აჭარაში აზიზეს მეჩეთის მშენებლობით „გვახარებენ“ და აქედან გამომდინარე თურქეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე არსებული, უკვე დანგრეული ძეგლების რესტავრაციით, ხან აჭარის „თურქიზაციის“ შესანიშნავი პროექტებით, ხან ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობით, ხან კიდევ რით – უბრალო ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს.

განსაკუთრებული სიხარული მოგვგვარა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ, როდესაც „ყრუ და ბრმა“ ქართულ საზოგადოებას ჯიქურ აჯახა – თქვენ, რომ თქვენად მიიჩნევთ დავით გარეჯს, რახანია კომუნისტებმა აზერბაიჯანს აჩუქესო. ხელისუფლების წარმომაგდენლის მიერ გაკეთებული უტუხი განცხადება ზუსტად ისაა, რაც სააკაშვილის – აფხაზეთი სულაც არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაშიო.

თუ ამ ორს დავუმატებთ 2008 წლის ომის შედეგად დაკარგული სოფლებისა და ტერიტორიების გრძელი ჩამონათვალის სააკაშვილისეულ შეფასებას – თითო-ოროლა სოფლის მეტი არაფერი დაგვიკარგავსო, უმალ მივხვდებით საით მივექანებით. ხელისუფლებას ოპოზიციაც მხარს უჭერს. გავიხსენოთ რესპუბლიკელი დ.ბერძენიშვილის მახვილგონივრული ნათქვამი – იქ ვყვირივართ სადაც არ უნდა ვიყვიროთო (აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით) და მივიღებთ საქართველოს „სიყვარულით“ გაჯერებულ კოქტეილს.

ყველაფერი დაიკარგა კომუნისტების და შევარდნაძის დროს, ყველაფერი გაოხრდა და გაპარტახდა 2004 წლამდე ანუ ნაცების ხელისუფლებაში მოსვლამდე. ნაცები კი ცდილობენ დაკარგულის დაბრუნებას, დანგრეულის აღდგენას, მაგრამ ამისათვის დრო არის საჭირო – ანუ გასაკეთებელი ბევრია და რომ გააკეთონ, უნდა ავირჩიოთ ანუ უნდა ვაცალოთ. და ამ ლოზუნგს – „ვაცალოთ“ გაიძახიან, როგორც ნაცთა მომხრეები, ისე სხვებიც.

გარეჯის ამბავმა აადუღა საზოგადოება. შეშინებულმა კალანდაძემ სამთავრობო ვერსია უმალ სათავისოდ შეცვალა – გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოსიო. აბა სამარეში ხომ არ ჩაჰყვებოდა სააკაშვილს?! და ისე, როგორც ბაჰრეინში – ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ გარეჯი სააკაშვილმა აზერბაიჯანელებს მიჰყიდა, რაც არ არის საფუძველს მოკლებული.

ამჯერად არ შევუდგები საკითხის დეტალურ განხილვას ან იმას თუ, როგორ უნდა იმუშაოს საზღვრის დამდგენმა კომისიამ, მოკლედ ვიტყვი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ კომისიას დიდ ყურადღებას აქცევენ.

საზღვრის დამდგენი კომისიების შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, 1994 წელს მივმართე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, შესანიშნავ დიპლომატს, დიდ პროფესიონალს, აწ გარდაცვლილ ალექსანდრე ჩიკვაიძეს, რომელმაც უმალ შექმნა საქართველო-რუსეთის, საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენი კომისიები და ის-ის იყო ისინი შეუდგნენ მუშაობას, ქვეყნის პრეზიდენტმა უსუსური, სუბიექტური მოსაზრებით ჩიკვაიძე მინისტრობიდან გაათავისუფლა და საბერძნეთში ელჩად გაამწესა.

ახალი მინისტრის „დიპლომატიურ გეგმებში“ კომისიებმა ვერ პოვეს ჯეროვანი ადგილი. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები მეორეხარისხოვნად იქნა მიჩნეული. მენაღარიშვილის უნიათო ესტაფეტა აიტაცა ნაცთა სამინისტრომ და თუ რაოდენ კარგად, სახეზეა.

კომისიები არსებობენ, მაგრამ მათი მუშაობის შედეგი არ ჩანს. არც არავინ იცის, როდის გამოჩნდება. მოლაპარაკება გრძელდებაო – გვითხრა კალანდაძემ, კეთილი, მაგრამ ის, რაც უკვე მოლაპარაკებულია, საჯარო რატომ არ არის?! სხვა ქვეყნების გამოცდილებით – კომისიის მუშაობის თუნდაც შუალედურ შედეგებს უმალ აცნობენ ხალხს – ცხადია რეაგირებისათვის. თორემ საბოლოო ხელშეკრულებას, რომ მხარეები ხელს მოაწერენ, მას ვეღარაფერი შეცვლის.

ასე, რომ – ის, რაც კალანდაძემ ბრძანა – 60%-ი შეთანხმებულიაო – უნდა გამოქვეყნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული საზოგადოების ეჭვის გაზრდა.

განვლილმა რვა წელმა საზოგადოება დაარწმუნა სააკაშვილის მზაკვრობაში. მისი მართალი ყოველთვის ტყუილია. დაიჯერებს ვინმე სააკაშვილის აღშფოთებას საქართველოს მოხელეთა უცხოურ ვოიაჟებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც თვით ის აკეთებს ანალოგიურს ან უფრო ძვირადღირებულს? დაიჯერებს ვინმე სააკაშვილის ცრემლების გულწრფელობას – წყალმოვარდნის შემდეგ მილანში „მოშოპინგე“ პრეზიდენტისგან.

საშუალოზე ოდნავ ძლიერმა წვიმამ ლამის მთელი ქალაქი წაიღო და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება თავაუღებლად შრომობდეს თბილისის წყლის კოლექტორების მოწესრიგებისთვის, ისევ ძვირადღირებულ საზღვარგარეთულ მოგზაურობებში გარბის.

თხა-თხაზე ნაკლებიო და ოპოზიციონერმა ივანიშვილმა საკმაოდ ძვირი მოგზაურობა მოუწყო პატრიარქსა და მის 200-კაციან ამალას საფრანგეთში –  პატრიარქის მუსიკალური შემოქმედების მოსასმენად, თითქოს თბილისში ვერ მოისმენდნენ. ივანიშვილს აწყობს არჩევნების წინა PR, მაგრამ კათოლიკოსს? არადა ამ ფულის გონივრულად გამოყენება უდავოდ წაადგებოდა დამშეულ საქართველოს.

20 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არასდროს გამოირჩეოდა მომჭირნეობით. მაშინ როდესაც ლიტვის პრეზიდენტი ბრაზაუსკასი შვიდკაციანი დელეგაციით სტუმრობდა საქართველოს, შევარდნაძე 120-კაციანი ამალით თვალს უბრმავებდა გაოგნებულ მასპინძლებს. ცხადია ხარჯებს საქართველოს მწირე ბიუჯეტი იხდიდა.

ცუდი ტრადიცია დღესაც გრძელდება, თანაც წარმოუდგენელი ინტენსიობით, ერთმანეთში გადაზელილი ოფიციალური თუ კერძო ვიზიტებით, ზომაზე მეტად ფეშენებელური სასტუმროებითა და რესტორნებით, დროსტარების ექსკლუზიური ადგილების მონახულებით და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მჭლე და მშიერი საქართველო ყატარი ან არაბული საამიროები იყოს და ეს ხდება მაშინ, როდესაც „ღარიბი“ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე სერიული „სიტროენით“ მიემგზავრება, მუშაობის პირველსავე დღეს პრეზიდენტისა და მინისტრების ხელფასებს 30% ამცირებს და ამას აკეთებს არა მარტო იმიტომ , რომ ევროკავშირი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მოკრძალებულად უნდა იცხოვროს და ემსახუროს საკუთარ ხალხს.

ევროპის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებიც თავს უფლებას არ აძლევენ სახელმწიწოს ხარჯზე „ბაირამობის“ და თუ ხელი წაუცდებათ, უმალ სარკოზის ბედს გაიზიარებენ. „მდიდარი“ საქართველოს პრეზიდენტი უფრო მეტად უცხოეთში ცხოვრობს, ცხადია ფუფუნებაში, ვიდრე ბედკრულ საქართველოში, თუმცა ფუფუნება არც საქართველოში აკლია.

„მდიდარი“ საქართველო „იავნანობს“ პარიზში არა სახელმწიფოს ფულით, არამედ ივანიშვილის და ამ ღონისძიებაზე იმდენს ხარჯავს, ერთ უბინაო ოჯახს კი არა, მრავალს რომ დააკმაყოფილებდა. პარიზის ღონისძიება ხელისუფლება-ივანიშვილის ერთობლივ წარმატებულ პროექტად ითვლება, რაც დაამტკიცა კიდევაც პარლამენტის სპიკერის, ბაქრაძის იქ ყოფნამ. რუსები რომ იტყვიან „так держать“ – ჩვენი კულტურა ხომ უნდა გავიტანოთ უცხოეთში და ამით მილიონობით ტურისტი ხომ უნდა მოვიზიდოთ?

და როდესაც ხელისუფლება, ბიზნესი, ეკლესია ამგვარადაა განწყობილი – გარეჯიც დაიკარგება, აჭარაც და მთლიანად საქართ. . . 

19 აპრილს მადრიდში გაიმართა წიგნის ფესტივალი, რომელშიც სიტყვით გამოვიდა სომეხთა კავშირ „არარატის“ თავმჯდომარე გუკასიანი. მან სინანულით აღნიშნა, რომ სამცხეთ-ჯავახქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია. მეორე გამომსველმა ა.სოსნოვსკიმ, რომელსაც საქართველოს საზოგადოება იცნობს ტელეკომპანია RTVI-ის გადაცემა „Германия за неделю“ გულისდამთუთქავი განცხადება გააკეთა, თუ როდის უნდა აღდგეს უსამართლობა ჯავახეთთან დაკავშირებით და როდის უნდა დაუბრუნდეს ის მშობლიურ სომხეთს. ავტორის ეს მოსაზრება ხაზგასმითაა აღნიშნული მისსავე წიგნში, რომელიც გამოიცა ინგლისურ და გერმანულ ენაზე.

ქართული რეაქცია არ ჩანს,  ჩვენ პარიზისკენ მივექანებით პატრიარქის მუსიკის მოსასმენად, გულს ვიმშვიდებთ – ბათუმში „აზიზიეს“ მეჩეთს აღარ ააშენებენო, გარეჯის საკითხიც მოგვარდება და ოშკისაცო და ა.შ. არადა არც ერთი პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე – ნატოს და ევროატლანტიკური ღირებულებების მოტრფიალე, აინუნშიც არ აგდებს იმ პროცესებს, რომელსაც 2008 წლის ომმა ჩაუყარა საფუძველი.

ომის დამთავრებისთანავე ნაცთა გულშემატკივარი ქართველობა უსინდისოდ აცხადებდა – მერე რა, რომ დავკარგეთ, ის ტერიტორიები ისედაც დაკარგული იყოო. და თუ მართლაც დაკარგული იყო, რაღა საჭირო იყო ლომის ხახაში თავის შეყოფა და მსხვერპლი?

ერთ დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორმა რუსეთმა სააკაშვილის გაუთავებელ ავანტიურისათვის წერტილის დასასმელად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი წაგგვლიჯა, იქ თავისი ჯარი ჩააყენა და დამოუკიდებლობაც უბოძა მათ.

თურქეთმა გააათკეცა საკუთარი ეკონომიკურ-პოლიტიკური ექსპანსია აჭარაში და მთლიანად საქართველოში.

სომხეთი იღვწის სამხრეთ საქართველოს ხელში ჩასაგდებად ისე, როგორც აზერბაიჯანი ტერიტოტიულ-ეკონომიკური გავლენის გასაფართოებლად.

აშშ-ი და ისრაელი დაბეჯითებით ცდილობენ და აღწევენ კიდეც საქართველოს, სტრატეგიული თანამშრომლობის ღვედი-ხელშეკრულებით, მოგუდვას.

ერთი სიტყვით, ისეთი ვითარებაა შექმნილი ლეშად ქცეული ნადირის სუნზე, აფთრები რომ შეიყრებიან – უკეთესი ლუკმის დასათრევად. საქართველოს ხელისუფლება ამ დროს სხვა საქმით არის დაკავებული – მეტი ფულის მოხვეჭა და საზღვარგარეთ ნავარდი რომ ჰქვია.

ცხადია, ვერც ის და ვერც სხვა მისი შემცვლელი მარტო ვერ გაუმკლავდება აფთრების შემოტევას. ასე იყო ერეკლეს დროს. მაშინ ბრძენმა მეფემ რუსეთს მიმართა და გადაარჩინა საქართველო.

დღეს, სტრატეგიული პარტნიორის იმედი გვაქვს, პარტნიორისა, რომელიც არასდროს ჩაერევა ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-თურქულ ტერიტორიულ თუ სხვა პრობლემებში. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს 20-წლიანი მრუდე პოლიტიკის მომზირალი, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს საბოლოო დაქუცმაცებაში ხელის შეწყობისთვის. საქართველოს პოლიტიკის წყალობით რუსეთი ვეღარ გამოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტად.

მძიმე პერსპექტივაა, მაგრამ არცთუ რეალობას მოკლებული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.