22.12.2024

რა გზას დავადგეთ?

Forked roads in green forest

წინა სტატიებში ვწერდი, რომ 2022 წელი მძიმე იქნებოდა. იმასაც ვწერდი, რომ პესიმისტური პროგნოზის გაკეთებაში, საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება მკარნახობდა. ისიც დავწერე, რომ გასული წლის დეკემბერს რუსეთის მიერ დასავლეთისთვის, კერძოდ აშშ-ა და ნატოსთვის წარდგენილი წინადადებები (რუსეთის უსაფრთხოებისთვის) ჩიხში მოამწყვდევდა კოლექტიურ დასავლეთს და ისეთ ნაბიჯს გადაადგმევინებდა, გონიერებისა და საღი აზრისგან დაშორებული რომ იქნებოდა.

დარწმუნებული ვარ ზემოთ მოყვანილ ჩემს მოსაზრებას, დასავლეთის ჩიხში მომწყვდევასთან დაკავშირებით, ხარხარით თუ არა ღიმილით შეხვდებით, რაც არ გამიკვირდება, ვინაიდან 30-წლიანმა ჭურში ცხოვრებამ გონება გამოგაცალათ, ობიექტურობის შეგრძნება დაგაკარგვინათ და ისე „გაგაევროპელათ“ — ყოველ შემთხვევაში თქვენ ასე გგონიათ, რომ სინამდვილის აღქმის უნარი დაგაკარგვინათ.

ჩემი სიტყვები ყველას არ ეხება, მხოლოდ იმათ, ძალიან პატრიოტად რომ მოაქვთ თავი და უკრაინაში რუსეთს რომ ებრძვიან — ოქრუაშვილისa და სხვათა მსგავსად.

„პატრიოტი“ ოქრუაშვილი ავტოპორტრეტებს, „ავტო-ვიდეოებს“ დებს ინტერნეტში — ნახეთ რა მაგარი ვარ, მე და ჩემმა მეომრებმა რუსული ტანკი გავანადგურეთო.

ჩემი სტყვები იმათაც ეხებათ, ვინც თითქმის ყველა ტელეარხით კაჭკაჭივით იმეორებს უკრაინის ხელისუფალთა და მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებასა და საცხოვრებელი სახლების ნგრევასთან დაკავშირებით.

იმ ე.წ. ექსპერტებსაც, ვინც ტელეეკრანებიდან გვიმტკიცებენ, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვა, რუსეთის არმია დამარცხების პირასაა  — ათასობით დაღუპული მეომრებით; რუსეთმა ყოველმხრივ წააგო ავანტიურა, რომელიც წამოიწყო „მშვიდობის მტრედ“ უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ეკონომიკა შავ დღეშია — დეფოლტის წინაშე. და ამას ამბობენ ისინი, ვინც განვლილი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და ზეთავდაჯერებით არ უნდა ლაპარაკობდნენ ტელეეთერში.

თუმცა არც ეს არის გასაკვირი, ვინაიდან ისინი ხომ მუდამ დასავლური ხელშეწყობით, ფინანსებით იყვნენ და არიან დაპურებულნი და რახან ასეა, სიცრუის ტირაჟირება უნდა მოახდინონ საზოგადოებასა და პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელ ხალხში.

წინა სტატიაში ერთი ასეთი მოვიხსენიე, გვარად პეტრიაშვილი, მეორეს დღეს ვახსენებ — გვარად ჩეჩელაშვილს. ორივენი ერთ დროს დიპლომატიაშიც იყვნენ, პარლამენტშიც და მინისტრადაც, რაც თავისთავად დაღვინებული აზრის გამოთქმის გარანტია უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. რომ იტყვიან — „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.

ორივემ ისეთი ანტირუსული ცეცხლი გააჩაღეს ეთერში და ისე დატვირთეს მსმენელი ცრუ ინფორმაციით, დარწმუნებული ვარ დღესაც შოკში იქნება, ცხადია მსმენელი და არა ანტირუსულად მოჭიკჭიკე „ექსპერტები“.

მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს, რომ მე პირწავარდნილი რუსოფილი, ანუ რუსეთის მოყვარული, ვერ ვიტან რუსეთის გინებას და კბილებით ვიცავ მას. რუსეთს ჩემი დაცვა არაფერში სჭირდება. ის იმდენად დიდი და ძლიერია, უჩემოდაც გაართმევს თავს, საკუთარ პრობლემებს. მე ჩემი მტკივა — ქვეყანა, სამშობლო რომ ჰქვია. ცხადია, ჩემთვის და ჩემისთანებისთვის და არა იმათთვის, ვისთვისაც სამშობლო რახანია ევროატლანტიკური სივრცეა, ვისთვისაც გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია ღვიძლი შვილებივითაა, ლგბტ-ობა მისაღები და მისაბაძია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა და ა.შ.

რუსეთს არ სჭირდება ჩემი დაცვა; ვატყობ არც ჩემს ქვეყანას სჭირდება დასავლური და აქაური პროპაგანდისგან გონებადაბინდულს, მაგრამ იმედი მაქვს, ერთი მაინც გამოჩნდება, ვინც გაიზიარებს ჩემს აზრს, დაფიქრდება და სხვას ეტყვის, ისიც დაფიქრდება და …

შუასაუკუნეებს წააგავს დღევანდელი ვითარება. ინტერნეტის საუკუნეში, ტელეკომპანიებით დახუნძლულში, როდესაც ინფორმაციას — ობიექტურს, მრავალმხრივს ვერ იღებ და ერთმანეთს სიტყვით გადასცემთ. როდესაც საკაბელო ტელეოპერატორები, საკუთარი გადაწყვეტილებით მომხმარებელს არ აწვდიან მის მიერ შერჩეული და ანაზღურებული ტელეარხების გადაცემების მიღების საშუალებას — შუასაუკუნეებია.

მძიმედ დაიწყო 2022 წელი, რომელსაც ნეგატიური ფონი შეუქმნა რუსეთ-ამერიკის, რუსეთ-ნატოს მოლაპარაკებებმა. თავისთავად მოლაპარაკებები პოზიტიური რამ არის, მაგრამ ნეგატიურია თუ მათ იოტისოდენა ურთიერთგაგება არ ახლავს თან. სამწუხაროდ, გამართულ მოლაპარაკებებს ვერაფრით მოვუძებნით მინიმალურ დადებითს.

შედეგიც სახეზეა — ლამის მესამე მსოფლიო ომამდე მისული სამყარო, თუმცა რაღა მისული, მესამე მსოფლიო ომი უკვე მძვინვარებს — ეკონომიკურის სახით. ავტორი ეკონომიკური ომისა ისევ ისაა, ვინც სხვისი ხელით ცდილობს ნამდვილი ომის წამოწყებას, ამერიკიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული მონათესავე ხალხების ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაჭიდებით.

რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება დასავლური მენტალიტეტის აღმოსავლურთან შეტაკებაა. რახანია ცდილობს დასავლეთი რუსეთის მორჩილ ქვეყნად გადაქცევას, მაგრამ უშედეგოდ. ისტორიულ სინამდვილეში ჩაღრმავებით თავი რომ არ  შევიწუხოთ, გვიანდელის გახსენება უდავოდ არ გვაწყენდა — თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული.

თეირანის, იალტის, პოტსდამის კონფერენციების შედეგად სამთა — აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთის კავშირმა შეაძლებინა მსოფლიოს ფაშიზმის დამარცხება და ახალი მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მეტნაკლები რყევების მიუხედავად მდგრადობას ინარჩუნებდა ამ კავშირიდან ერთის — სსრკ-ს გასვლამდე.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მისი მემკვიდრე რუსეთი დასუსტებული და შეკვეცილი, საკუთარ პრობლემებში ჩაფლული, არათუ საზღვრებს გარეთ, საკუთარ საზღვრებშიც ვერ ახერხებდა სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის გატარებას. აშშ-ს მიმართ იმჟამინდელი  რუსეთის ხელისუფლების მაამებლურმა პოლიტიკამ მადა გაუღვიძა უმეტოქეოდ დარჩენილ იმპერიას, განეხორციელებინა დასავლური ისტორიული ოცნება — რუსეთის დამონება, დაქუცმაცება, მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება. რუსეთი ახალი საფრთხის წინაშე დადგა — მსოფლიო რუკიდან გაქრობის.

მხოლოდ ხელისუფლების შეცვლამ, საკუთარ ძალებზე დაყრდნობის ტაქტიკამ, პატრიოტულმა სულისკვეთებამ შეაძლებინა რუსეთს ჩეჩნეთის ომის მოგება, ცენტრალური ხელისუფლების დაკარგული ავტორიტეტის აღდგენა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამერიკელი, დასავლელი „კეთილისმსურველების“ კრემლის კარიდან დათხოვნა, საერთაშორისო არენაზე ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება.

რუსეთი, ამერიკელ პოლიტიკოსთა მიერ დაცინვით „ბენზინგასამართ სადგურად“ წოდებული, ახალ-ახალი წარმატებების არენად გადაიქცა. მომხმარებელი ქვეყანა, მწარმოებლად მოევლინა მსოფლიოს, რითაც გააძლიერა კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური განწყობა მის მიმართ.

რუსეთისადმი შური და მასთან ერთად დასავლური ქედმაღლობა სხვა ერის მიმართ, როგორც მდაბიოს, არასრულყოფილის, არაცივილიზებულის თვალსაზრისით მიდგომა ცხოვრებისეული კულისებიდან სცენაზე გამოვიდა და მსოფლიო მაყურებელს, ხშირ შემთხვევაში კოლექტიური დასავლეთის პროპაგანდით გონდაბინდულს, ახალი სპექტაკლი წარუდგინა — ბოროტი რუსეთის და კეთილი დასავლეთის პერსონაჟებით, და რაც მთავარია დაჩაგრული უკრაინით.

ბოროტი რუსეთის მცნებამ უმალ დაიწყო ანტირუსულ ნიადაგზე სწრაფი აღმოცენება. უკრაინის მოვლენებმა კოლექტიურ დასავლეთს გაუღვიძა შურისძიების გრძნობა — დამარცხებულის შურისძიების. ევროპამ ფაშიზმის დამარცხება არა მარტო ამ საშინელი სენის დამარცხებად მიიჩნია, არამედ საკუთარ დამარცხებად.

ფაშიზმზე გამარჯვებაც საკუთარ გამარჯვებად არ ჩათვალა. ის უფრო სხვის, საბჭოეთის მიერ თავსმოხვეულ გამარჯვებად ჩათვალა, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა თქმას მოერიდა. მრავალი წლის თავშეკავება, პროვოკაციული ვერსიით ჩაანაცვლა, მეტადრე საბჭოეთის დაშლის შემდეგ. აი, ასეთი ვერსიით — ომი ორმა დიქტატორმა, მანიაკმა სტალინმა და ჰიტლერმა დაიწყეს და ორივენი დამნაშავენი არიან კაცობრიობის წინაშე.

დასავლეთმა მსუყე თანხები გადაიხადა რუსი „მწერლების“, სუვოროვის მსგავსის მოსახიბლად, რათა მათ „რუსულ არქივებზე“ დაყრდნობით სენსაციური ისტორიული რომანები, „ლედოკოლის“ მსგავსი დაეწერათ, სადაც „დეტალებშია“ ასახული სტალინის მიერ „კრავი“ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომის გაჩაღება.

რევანშმოწყურებულმა ევროპარლამენტმა ფაშიზმი და კომუნიზმი ერთმანეთს გაუთანაბრა, რითაც ევროპის ხალხებს ტვინი გამოურეცხა და არა მარტო გარდაცვლილი საბჭოეთის წინააღმდეგ მომართა, არამედ მისი მემკვიდრე რუსეთის.

ანტირუსული პროპაგანდით გაღვიძებულმა, სანქცია-სანქციაზე აცხო რუსეთის დასასჯელად და ისე გაერთო, ვერ შეამჩნია გაზის ფასების კატასტროფული ზრდა — 380 დოლარიდან 4000 დოლარამდე. საწვავზე — გაზზე, ნავთობზე, ქვანახშირზე ფასების ზრდამ უკვე გამოიწვია მსოფლიოს ენერგეტიკული კრიზისი. ფასების მატება ელექტროენერგიაზე, ნებისმიერ პროდუქციაზე, საწარმოების გაჩერებაზე, ინფლაციაზე, უმუშევრობის ზრდაზე და ა.შ.

რუსეთის დასასჯელად, რუსულ ენერკომატარებლებზე სანქციების მოთხოვნამ გამოიწვია მსოფლიო კრიზისი და ეს მაშინ, როდესაც დიდსულოვან რუსეთს არც გაზის მიწოდება შეუწყვეტია ევროკავშირისთვის, არც ნავთობის და არც ქვანახშირის.

დაფიქრდით, რა მოყვება რუსეთის მიერ ყოველივე აღნიშნულის გადაკეტვას?!

ცხადია, რუსეთიც იზარალებს, მაგრამ მისი ზარალი მიზერული იქნება იმ ზარალთან, რასაც ევროპა იგემებს.

რევანშის მსურველი ევროპა ჯერ-ჯერობით იმას ახერხებს, რაც მის სულშია ჩაბუდებული — ევროპის ქვეყნებში მყოფი რუსების მიმართ ანტაგონიზმის გამოვლინებას. იქ მცხოვრები რუსების შეურაცხყოფას, უმაღლესი სასწავლებლებიდან რუსი სტუდენტების დათხოვნას, სამედიცინო დაწესებულებებში მათთვის მომსახურეობის არ გაწევას, სასტუმროებსა და რესტორნებში არ შეშვებას და ა.შ.

რა ჰქვია ამას — შურისძიება თუ ფაშიზმის გამოღვიძება? ერთიც და მეორეც. შურისძიება 1945 წლის დამარცხებისა. მეორე მსოფლიო ომში ხომ მილიონნახევარი ევროპელი იბრძოდა ჰიტლერის მხარეს საბჭოეთის წინააღმდეგ! მილიონნახევარი იარაღით იბრძოდა, ათჯერ და ასჯერ მეტი მენტალურად, ისინი ვერასდროს შეეგუებოდნენ საბჭოეთით მიყენებულ მარცხს.

მათი შვილები და შვილიშვილებია დღეს რომ ევროპაში მყოფ რუსებს დევნიან, შეურაცხყოფას აყენებენ. ამდენად მათთვის სულაც არ არის უცხო უკრაინელი ფაშისტებისთვის დახმარების გაწევა. უკრაინა — ფაშიზმით დაავადებული, მათი, ანუ კოლექტიური დასავლეთის შემოქმედებაა — ძველი, ისტორიული მიზნების აღსრულების სურვილით გაჟღენთილი.

სურვილი კი მარტივია — რუსეთის განადგურება. ანტირუსული უკრაინა განსაკუთრებული აქტიურობით ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა „დემოკრატი“ კოლექტიური დასავლეთის უშუალო დახმარებით და მეცადინეობით. დასავლეთმა მოახერხა უკრაინული ფაშიზმის აღორძინება, უკრაინელთა ახალი თაობის ანტირუსულად გამოზრდა, და მტკიცე პლაცდარმის შექმნა, მათ შორის ბირთვულის, რუსეთთან, უკრაინის დასატაკებლად.

კოლექტიური დასავლეთის თვალწინ მიმდინარეობდა ფაშისტური უკრაინის ხელისუფალთა, პოლიტიკოსთა ხმამაღალი განცხადებები — ტანკებით წითელ მოედანზე გაჯირითების შესახებ, სხვა „პატრიოტული“ ლოზუნგები. არც ერთ დასავლელს ყური არ შეუბერტყავს, ვინაიდან ნაცი უკრაინელების ნათქვამი მათთვის უცხო არ იყო. ასეთად ზრდიდნენ ისინი უკრაინას და შედეგიც შესაფერისია, თუმცა მათთვის აშკარად არგასახარი, დასავლეთის ჯილა — ფაშისტური უკრაინა აგებს ომს, დასავლეთის ისტორიულ მტერ რუსეთთან.

რამდენჯერ უნდა გაიმეოროს კოლექტიურმა დასავლეთმა ანტირუსული ლაშქრობა?! ეს კითხვა მრავალჯერ დაისმება, მაგრამ ჯეროვანი პასუხი დასავლეთისგან არ იქნება. ამჯერადაც, ისე, როგორც 1945 წელს, ლოკოკინას მსგავსად საკუთარ „მუზარადში“ შეძვრება დასავლეთი და ხელსაყრელი ვითარების შექმნამდე ანტირუსული პროპაგანდის ახალ ღრუბელში გაეხვევა და გაახვევს სხვას, მათ შორის ჩვენც — ანტირუსულად განსაწყობად — უფრო მეტად, უფრო ძლიერად, ვიდრე დღეს. და ჩვენც თავდახრილები, ყურებდაგრძელებულები, ოთხფეხა ცხოველის მსგავსად, ავყვებით კოლექტიური დასავლეთის ზღაპრებს. დაუფიქრებლად შევითვისებთ მის მიერ კერძად მორთმეულ რუსოფობიას.

დაგვაპურებს კი რუსოფობია? — ამ კითხვას პირდაპირი მნიშვნელობით ვსვამ და რატომ?! იმიტომ, რომ დაწყებულ ეკონომიკურ მსოფლიო ომში საქართველოს გადარჩენა მრავალ კითხვას აჩენს. ზემოთ მოგახსენეთ ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული პრობლემების თაობაზე.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავისას არაფერს ქმნის, სხვაგან დამზადებულს ინელებს. ეს „სხვაგან“, ევროპული ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი, თურქეთია. ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპაში პროდუქციაზე ფასები კატასტროფულად გაიზრდება; გაიზრდება ფასები საწვავზეც. შეძლებს ქართული ბიზნესი იმპორტის ისე წარმართვას, რომ ქვეყნის მოსახლეობას შეძენის საშუალება ჰქონდეს? პირადად მე ძალიან მეეჭვება, ვინაიდან ეს ბიზნესი, ჩვენ რომ ჩვენი გვგონია, სწორედ ჩვენს მიმართ არის დაუნდობელი. ის „დაუნდობლობის“ პოლიტიკას არ უღალატებს.

არც ევროპელი დაგვიკლებს ფასებს. მაშ, რა გზას დავადგეთ? იმ გზას, რაზეც წინა სტატიებში მოგახსენებდით — რუსეთის გზას. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის გადასარჩენად უნდა გადაიდგას პოლიტიკური ნაბიჯი — რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით დაწყებული, სავაჭრო-ეკონოიკური კავშირების დამყარებით დამთავრებული.

ამ ეტაპზე ასეა საჭირო და თუ კრიზისს გავართმევთ თავს, სხვა საკითხებზე საუბარიც გახდება შესაძლებელი. საქართველომ უნდა აღადგინოს კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. დაბრუნდეს დსთ-ში, შევიდეს სხვა კავშირებში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულში და დაიწყოს ახალი ცხოვრება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

12/03/2022