პარაფირებული საქართველო
მე ქართველი ვარ, მაშასადამე – ევროპელი, თანაც კოჰაბიტირებული, პარაფირებული.
მაინც რამდენი ახალი სიტყვა ვისწავლეთ დამოუკიდებლობის წლებში. უსმენ ჩვენს „პოლიტიკოსებს“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – თითქოს ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ არ გესმის. კეკლუცობენ უცხო სიყვებით, უფრო სწორად, ჟონგლიორობენ, რომ მსმენელმა ვერაფერი გაიგოს, თუმცა გასაგებიც არაფერია, თვითონაც არ იციან, რას ლაპარაკობენ.
ლაპარაკობენ იმიტომ, რომ უნდა ილაპარაკონ, რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი, ეკრანზე დიდხანს იქნებიან, ბრძნული გამომეტყველებით. ის, რომ ხალხის დიდ ნაწილს არ ესმის რაზე ლაპარაკობენ, მათ არ აწუხებთ – ისწავლიანო – ფიქრობენ. ძველ ანეკდოტს ჰგავს ყოველივე ეს – ერთი, მეორეს ეკითხება ასოციაცია რას ნიშნავსო – „ბრძენი“ მეორე პასუხობს – „ასო“ ვიცი რა არის, მაგრამ „ციაცია“ ალბათ ყვერები იქნებაო.
ასე მარტივად რომ იყოს ჩვენი საქმე, რა გვიჭირს. „პარაფირების“ მნიშვნელობა კი აგვიხსნეს ჩვენმა „ბრძენმა“ ახალგაზრდა „ბელადებმა“, მაგრამ ის აღარ გვითხრეს, რა დატვირთვას ატარებს ის. ვერც ის გვითხრეს, რას წარმოადგენს „ის“, რასაც „პარაფირება“ გაუკეთეს. ერთი სიტყვით, პარაფირება კი გაუკეთეს, ანუ ხელი მოაწერეს ყველა გვერდს, დასტურად იმისა, რომ ტექსტს გაეცნენ. მაგრამ გაეცნენ თუ არა, არავინ უწყისს.
გავეცანითო, ამბობენ – გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ასეთია ნაქები დასავლეთის, ნაქები დემოკრატია. რუსული გამოთქმისა არ იყოს – შემოგვაჩეჩეს „კატა ტომარაში“. არადა კაცმა რომ თქვას, ინგლისურ ენაზე, თანაც სპეციფიკური, იურიდიული ტექსტის გაცნობა, ათას გვერდიანის, სახუმარო საქმეა?
ხელისუფლებამ იყიდა „კატა ტომარაში“, რა ენაღვლება. მისგან რა მიდის. ხალხმა იკითხოს, ვის ზურგზეც გადაივლის „პარაფირებული“ ტექსტის სიმძიმე.
ხელისუფალთა უპასუხისმგებლობა, საერთაშორისო იურიდიულ ტექსტებთან მიმართებაში, საზოგადოებამ არაერთხელ იწვნია. ერთ-ერთი ერთგვერდიანი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ტექსტი იყო, რომელიც ვერა და ვერ ამოხსნა ჩვენმა „მამა-მარჩენალმა“ და მსუყე ხაზი გადაუსვა პუნქტს, რომელმაც დააქცია საქართველო, დაანგრია მისი ტერიტორიული მთლიანობა. მას, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სტატუსის გარკვევისთვის მოლაპარაკების დაწყება ტრაგედიად მოეჩვენა და ამოშალა.
არადა, რომ არ ამოეშალა, ისინი დღესაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ, იურიდიულად და არა ფაქტობრივად, მაგრამ მაინც. და თუ სტატუსის განხილვა განსწავლული კადრებით მოხდებოდა, შესაძლოა – ფაქტობრივადაც.
და ეს ყველაფერი ერთი გვერდის „სიღრმისეული“ გაცნობის შემთხვევაში. აქ კი, 1000 გვერდიან ინგლისურ ტექსტთან გვაქვს საქმე. მავანი შემედავება – ჩვენმა ყმაწვილმა გოგო-ბიჭებმა მთავრობიდან ხომ კარგად იციან ინგლისური ენაო. იციან, სატლიკინო, მაგრამ არა ტერმინოლოგიური. ამ უკანასკნელს ჩაჯდომა, სწავლა სჭირდება, მაგრამ როდის? როდისღა მოასწრებ, როდესაც თინეიჯერულ ასაკში მინისტრის თუ არა მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა გიხმობს?
და კიდევ ერთი რამ, „უმნიშვნელო“, მაგრამ მნიშვნელოვანი. ევროკავშირის წესის მიხედვით, ფართო საზოგადოებამ ანუ ხალხმა ტექსტის შესახებ პარაფირების შემდეგ უნდა გაიგოს. ამაშიც იყო რაღაც „შეღავათის“ გაწევის მსგავსი – ამას, ქართველები რომ ხართ, იმიტომ გიკეთებთ, თორემ სხვები რომ იყოთ, ნურას უკაცრავადო. რამდენად შეესაბამება ქართული მედიის მიერ მოწოდებული ეს დაყვედრება სინამდვილეს – ღმერთმა იცის.
ისე კი, კაცმა რომ თქვას, რა იქნებოდა , ხელმოწერამდე ხალხი რომ გაცნობოდა ტექსტს? არც არაფერი, ვინაიდან ინგლისურის არაშესაბამის დონეზე ცოდნა შესაძლებლობას არ მოგვცემდა ჩავწდომოდით თითო სიტყვის არსს, რაც აუცილებელია მსგავსი დოკუმენის საფუძვლიანი გაგებისთვის. ვინც გაიგებდა, იჟივჟივებდა და ბოლოს მაინც ამ ჟივჟივში ხელისუფლება გაიმარჯვებდა – თქვენ კარგად ვერ კითხულობთ ტექსტსო, იტყოდა.
გახსოვთ ალბათ ტალიავინის ტექსტით გამოწვეული ჟივჟივი ქართულ ტელევიზიებში. ისიც გემახსოვრებათ, მაშინდელი მინისტრი იაკობაშვილი რა დაბეჯითებით და თავხედურად აწვებოდა ოპონენტებს, შესაბამისად ხალხს – თქვენ რომ კითხულობთ – პირველად საქართველომ გაისროლა – ასე არ არისო. ტალიავინი ამას არ გულისხმობსო.
რაღა მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო პაქტი და რაღა ევროკავშირის მიერ შეთხზულ დოკუმენტზე ხელის მოწერა. რამდენი ათეული წელი გალია კაცობრიობამ, მათ შორის ევროპამ იმ პაქტიდან დღემდე, მაგრამ გრიფი „საიდუმლო“ ვერ გადალახა. არადა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი რომ დროებითი და არა სამარადისო იყო, ორივე ხელმომწერმა იცოდა, რასაც წერს თავის მოგონებებში უინსტონ ჩერჩილი.
ევროკავშირის დოკუმენტი ხომ დროებითი არ არის? როგორც ბრიუსელი და თბილისი აცხადებს – სამარადისოა. და როდესაც სამარადისოა, ვისთვისაც ეს კეთდება ანუ ქვეყნისა და ხალხისთვის ცნობილი უნდა იყოს – წინასწარ!
უკრაინა, რომელმაც პარაფირება კარგა ხნის წინათ მოახდინა, მიხვდა, რომ საქმე არც ისეა, როგორც ბრიუსელი ქადაგებს. „უკრაინისთვის შეურაცხმყოფელია 600 მილიონი ევროს დახმარების შემოთავაზება“, – თქვა ვილნიუსის სამიტის მონაწილე უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა.
საქართველო იმიტომ არის მოხიბლული ევროკავშირით, რომ დემოკრატიულად მიიჩნევს მას. განვლილმა დღეებმა დაგვანახა, რომ არც ისეა საქმე, როგორც გვეგონა. ჯერ ერთი დემოკრატიულმა კავშირმა წინასწარ, სახალხოდ უნდა წარმოადგინოს ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ტექსტი, სადაც მარტო ის კი არ უნდა იყოს აღნიშნული, შესვლის მსურველმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს, არამედ ისიც, ევროკავშირი რას გააკეთებს მასთან მიმართებაში.
უკრაინისთვის მიუღებელია ტექსტის მბრძანებლური კილო – ბრძანა იანუკოვიჩმა. ის მართალია. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა არ უნდა იტანდეს სხვისი მხრიდან თითის ქნევას და მენტორულ ტონს. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, მაგრამ როგორც ჩანს ის მონაგონია ევროკავშირთან შედარებით. და რომ მონაგონია, კარგად ჩანს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობიდან. სწორედ ვილნიუსის სამიტის დღეებში, ევროკავშირის წევრმა დიდმა ბრიტანეთმა, პარლამენტის სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება 2017 წელს რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. თემა – ევროკავშირში ყოფნა-არყოფნა.
რახანია ბრიტანეთის პარტიები დაბეჯითებით მოითხოვენ ევროკავშირიდან გამოსვლას, ვინაიდან მათი აზრით, ქვეყანა, იქ ყოფნით, კარგავს სუვერენიტეტს, თვითმყოფადობას. რატომ უნდა გადაწყვიტოს ბრიუსელელმა მოხელემ ჩვენი საშინაო საკითხებიო? რატომ უნდა აფათურებდნენ ხელს ისინი ჩვენს საქმეებშიო? – ამბობენ პარტიები.
დიდ ბრიტანელ პოლიტიკოსებს არც ფრანგი მემარჯვენეები ჩამორჩებიან. მარინ ლე პენი რახანია კატეგორიულად ითხოვს საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლას. ეს პოლიტიკოსი მალე ევროპარლამენტის წევრიც გახდება და დარწმუნებული ვარ, მსგავსი იდეების მატარებელ სხვა ქვეყნების პარლამენტარებთან ერთად, ასეთები ბევრია, ისეთ საქმიანობას გააჩაღებს, თანაც ევროკავშირის შიგნით, ამ ორგანიზაციას კარგი ნამდვილად არ დაადგება.
უკმაყოფილებას იწვევს ბევრი რამ – სუვერენიტეტის დაკარგვიდან დაწყებული, თითო-ოროლა ქვეყნის დიქტატით, ორგანიზაციის მოუქნელი მუშაობით, ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისით, უმუშევრობით, მრავალი სხვა ნეგატიური ასპექტით დამთავრებული. დემოკრატიულ კავშირში, რომ გერმანიის პირველობა სახეზეა, ფაქტია. ამიტომაცაა, მის მიმართ „თბილი“ დამოკიდებულება კრიზისით მოცულ ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, იტალიაში, სხვაგან.
„დემოკრატიულ“ ევროკავშირში ზემოთჩამოთვლილი ქვეყნები მეორეხარისხოვნად ითვლებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე – ბულგარეთზე, პოლონეთზე, რუმინეთზე, ბალტიისპირა ქვეყნებზე, სხვებზე.
კარგად ვიცი (პირადი საუბრებიდან) აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეთა განწყობა ევროკავშირის მიმართ. ბევრი მათგანი წარსულ ცხოვრებას მისტირის, საწარმოებსა და ქარხნებს, რომლებიც დაიხურა. სატელევიზიო ინტერვიუს დროს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეჰ ვალესამ, პოლონეთის რევოლუციის გმირმა, განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაწყვეტამ პოლონეთის მრეწველობის 70% გააჩერა.
სწორედ ამის გამო დაამუხრუჭა უკრაინამ. მისი ეკონომიკა ისეა ინტეგრირებული რუსეთთან, კომპენსაცია ევროკავშირის მხრიდან შეუძლებელია. უხეში, წინასწარი მონაცემებით უკრაინას 170 მილიარდი ევრო დასჭირდება რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. კრიზისში მყოფ ევროკავშირს მსგავსი დახმარების გაწევა არ შეუძლია. დიდი-დიდი მილიარდ ნახევარი ევროს, ისიც 7 წლის განმავლობაში.
ევროკავშირი, რომელიც ეკონომიკური კავშირისგან კარგა ხანია პოლიტიკურ კავშირადაა ქცეული, ნაკლებად ღელავს პრობლემებზე, რომლებიც უდავოდ, შეექმნება უკრაინას. იქნებ აღელვებს და იმიტომაც აწვება უკრაინას ესოდენ „დემოკრატიულად“.
რა გამოდის? რუსეთიდან ჩამოშორებული და ევროკავშირში ასოცირებულ წევრად შესული უკრაინა კარგავს ქარხნებს, საწარმოებს და აქედან გამომდინარე მუშახელის დასაქმებას. იზრდება უმუშევრობა, სოციალური უკმაყოფილება. ხალხი ქუჩაში გამოდის და ამხობს იანუკოვიჩის ხელისუფლებას. ციხიდან გამოდის „ნარინჯისფერი“ რევოლუციის გმირი ტიმოშენკო, რომელიც ციხეში უშვებს იანუკოვიჩს.
სცენარი ისეთია, ბრიუსელს რომ წაადგება. მას არ მოსწონს იანუკოვიჩი. მოსწონს ტიმოშენკო, ამიტომაც დასვა საკითხი ასეთ ჭრილში – უკრაინა გახდება ასოცირებული წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტიმოშენკო გამოვა ციხიდან და ჩაერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ბრალდება, რომელიც ტიმოშენკოს აქვს წაყენებული, ყველა ნორმალურ ქვეყანას უნდა აფიქრებდეს, მითუმეტეს ქვეყნების კავშირს, თანაც დემოკრატიულად აღქმულს. მაგრამ არა – ამ შემთხვევაში „ჩვენი ძაღლიშვილობაა“ მთავარი და არა კორუფციონერობა, კრიმინალობა. „დემოკრატიულმა“ ევროკავშირმა, რომელმაც უკრაინის ხელების გრეხვით, ვერაფერს მიაღწია, ბოლოს დაყვავებაზე გადავიდა – ოღონდ ხელი მოაწერეთ და იულიას დედაცო.
ასეთია ევროკავშირული დემოკრატია. ჩვენ არ ვერევით უკრაინის საშინაო საქმეებშიო – აცხადებდნენ ევროკავშირელი პოლიტიკოსები. არც ზეწოლას ვახორციელებთო. კეთილი, მაგრამ რა შეიძლება დაერქვას ევროკავშირელი ემისრების კვასნევსკისა და კოქსის 27 ვიზიტს კიევში ან ფულეს პერმანენტულ წინ და უკან მოგზაურობას ან ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარის „მგზნებარე“ სიტყვას – კიევის მომიტინგეებთან ან მოწოდებებს მიტინგისკენ, სისტემატურად რომ ჰქონდა ადგილი, ან მომიტინგეთა დაფინანსებას?
მასპინძელი რომ ძალით მიგათრევს სახლში, მასპინძლობა აღარ ქვია. ეს უფრო გაუპატიურების მცდელობაა.
ამ ისტორიაში მთლად მართალი არც უკრაინაა. ნაცვლად ბრიუსელ-მოსკოვთან ვაჭრობისა, დროულად უნდა აეწონ-დაეწონა შესვლა-არშესვლის საკითხი და თავიდანვე განეცხადებინა ის, რაც ვილნუსის სამიტის წინ თქვა. არც მომიტინგეები გაჩნდებოდნენ და არც ახალგაზრდობა იყვირებდა – „უკრაინა ევროპაა“.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ მათაც ისე სურთ ცხოვრება, როგორც ევროპელებს. არადა იქაური ცხოვრება რომ ისეთი მომხიბლავი ვეღარაა, როგორც წინათ, გაგონება არ სურთ.
ევროპული ფასადი იზიდავს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რაც არ არის გასაკვირი. დასუფთავებული ქუჩები, გამართული საქალაქო ტრანსპორტი – ზუსტ გრაფიკში ჩამჯდარი, ყურადღებიანი, კვალიფიციური მოპყრობა საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში, სუფთად ჩაცმული, თავაზიანი ტაქსის მძღოლები და ა.შ. მაგრამ ყოველივე ამისთვის საჭიროა ისეთ კავშირში შესვლა, საკუთარი „მეს“ დაკარგვით ინგლისსაც რომ ემუქრება?
მცდარია იმაზე ფიქრი, რომ ევროკავშირში შესვლით, ჩვენთან ევროკავშირელი ჩამოვა და ქუჩებს დაგვიგვის, კანონს გაგვიკეთებს, ჩვენს მაგივრად იმუშავებს და ა.შ. ჩვენ კი ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ვინებივრებთ, ვიმარიაჟებთ, მოკლედ გავაკეთებთ იმას, რაც მოგვეპრიანება. ასე იფიქრეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა იაპონიაში და სამარცხვინოდ გამოაძევეს.
ჩვენ, ჩვენი ქცევით, შრომისმოყვარეობით, წესრიგით, კანონისადმი პატივისცემით აშკარად შორს ვართ ევროკავშირისგან. ევროპელი ამას ვერ გვასწავლის, ვინაიდან ეს ისეთი თვისებებია, რომელიც სახლში და სკოლაში აღზრდიდან იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება – სიკვდილამდე.
ამას წინათ, სუპერმარკეტ „გუდვილში“ ყურადღება მიიპყრო ორი ქართველი ქუჩის ოპოზიციონერის ხმამაღალმა ლაპარაკმა, რომელიც გამიზნული იყო მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად. შესაბამისი პროდუქტის აღემის შემდეგ ორივენი დიპლომატთა სალაროს მიადგნენ, თუმცა დანარჩენ სალაროებთან ხალვათობა იყო. იკადრებს ამას ევროპელი?
ხალხმა არ იცის სად შევდივართ და შევდივართ, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ელიტას ასე სურს, საკუთარი ბედნიერებისთვის. ჩვენი საქონელი გაიყიდებაო ევროპაში – ამბობს ის, მაგრამ არ აკონკრეტებს, რა. ის საქონელი ხომ არა, რომლის მწარმოებელი ქარხანა, ჩანასახშიც რომ არ არის? ინვესტიციებს ჩადებენ, ქარხნებს აგვიშენებენო. კეთილი, მაგრამ რა უშლიდათ ხელს 20 წლის განმავლობაში?
პარაფირება ასოცირებულ წევრობას არ ნიშნავს, ასოცირებული წევრობა კი – წევრობას. თურქეთი 1962 წლიდან არის ასოცირებული წევრი, მაგრამ გაწევრებას ვერ ეღირსა. ისინი თურქები არიან, ჩვენ – მაგარი ქართველები. ახალი სატყუარა გადმოგვიგდო ხელისუფლებამ, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში გვეყოფა.
და მაინც, ვინ და რატომ მოიგონა აღმოსავლეთის პარტნიორობა? აშშ-ა და მისმა მოკავშირე ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგოდ. არ გამოვიდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვება, რუსეთის მტკიცე პოზიციის გამო. ნაცვლად ამისა გადაწყვიტეს ეკონომიკით მოხიბლვა. ეს გეგმა უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. დასავლეთი უწინდებურად აგრძელებს კულუარულ ომს რუსეთთან, მისი დასუსტების და დაქუცმაცებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენი უთავობით, გაჩხერილი ვართ ორთა ჭიდილსშუა.
„ადამიანის მთელი სიცოცხლე, დაბადებიდან სიკვდილამდე, ბედნიერებისკენ სწრაფვაა. ყველას სურს ბედნიერი იყოს, და არ არსებობს უფრო მძაფრი, უფრო უძღები სურვილი. ყველანი ვირჩევთ მხოლოდ იმ გზას, რომელიც ბედნიერებისკენ მიგვიძღვის და ხალისით აღვსილთ საგზლად მიგვაქვს ერთადერთი საზრდო – იმედი. მაგრამ იწყება მგზავრობა, თანდათანობით უკან გვრჩება, ილევა გზა და მასთან ერთად, ჩვენი იმედიც, რადგან ის, რასაც გზაში ვხვდებით, ყველაფერია, ბედნიერების გარდა. უკან მიხედვასაც ვერ ვასწრებთ, რომ გაზაფხულის სიმწვანეს, სილაღეს და სიკისკასეს შემოდგომის სიყვითლე, ჭკნობა და დაღლილობა ცვლის და ბოლოს თავადაც დამჭკნარნი, დაღლილ-დაქანცულნი და გამოფიტულნი სამსხვერპლო ზვარაკივით ვიჩოქებთ გზის პირას, რათა სათითაოდ შევემატოთ ჩვენსავე უნუგეშოთა და უსასოთა საკრებულოს – პესიმისტთა მსოფლიო ძმობას. რატომ მოხდა ეს? დილა, ისეთი უღრუბლო იყო გზის დასაწყისი – ისეთი მომხიბლავი და მრავლის მთქმელი! პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ გზა შეგვეშალა! იმიტომ, რომ ბედნიერების ბილიკს კი არ ვადექით, არამედ ტკბობისა და განცხრომის, ხოლო ტკბობა კი, არ ემთხვევა ბედნიერებას“ – პლატონი, „ადრეული დიალოგები“.
ვგონებ კომენტარი ზედმეტია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.