27.12.2024

იარაღი, რომელიც ცვლის სამხედრო პარიტეტს?

აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ფილიალმა გასული წლის 7-13 დეკემბერს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) საშუალებით ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით და გვახარა, რომ შედეგები გამოკითხვისა არ შეცვლილა და ისეთია, როგორიც 2021 წლის აგვისტოში, ანუ ნატოში შესვლას მოსახლეობის 77%-ი უჭერს მხარს, ხოლო ევროკავშირში 83%.

ცნობის მიხედვით, რესპონდენტების შერჩევას ადგილი არ ჰქონია — ნებისმიერი უცნობი ტელეფონის ნომრებზე განხორციელდა სატელეფონო ზარები. გამოკითხულთა რაოდენობამ 2099-ი შეადგინა, საშუალო ცდომილება — 1,4%-ი იყო.

პატივცემულო მკითხველო, გჯერათ? პირადად მე, არ მჯერა და რატომ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რაც ეს ამერიკული ორგანიზაცია საქართველოში გამოკითხვებს ატარებს, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ჩემი ნაცნობი, მეგობარი, მეზობელი გამოეკითხათ. ნეტავი, ვინ არის ის „ბედნიერი“, ვინც 2099 კაცში თუ ქალში მოხვდა?

ხუმრობა იქით იყოსდა, ფალსიფიკაციის სურნელი დატრიალებს NDI თავს და ისიც მისთვის ჩვეული თავდაჯერებით, მიზანსწრაფულობით ატრიალებს ამ ტყუილს ჩვენს თავებზე.

სერიოზული პოლიტიკური ფუნდამენტის მქონე ქვეყანაში მსგავსი გამოკითხვის შედეგებს შეისწავლიდნენ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოები და გამყალბებელს პასუხისგებაში მისცემდნენ, რამეთუ ყალბი შედეგები აბნევს მოსახლეობას, საქართველოს სინამდვილეში, გზაკვალს უმრუდებს და არწმუნებს მას შემდეგში — მაინც არაფერი გამოვა ჩვენი ბრძოლით, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თურმე მომხრეა ამ ორ ორგანიზაციაში შესვლისაო.

საქართველო, უდავოდ არის ის ქვეყანა, რომელსაც ასევე უდავოდ, არათუ მყარი პოლიტიკური ფუნდამენტი, არამედ სუსტი, მარტივი ფუნდამენტიც არ გააჩნია.

NDI მიზანი არის შორსმიმავალი — საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ მის მიერ ამორჩეული გზა — ევროატლანტიკური სივრცე ერთადერთი და სწორი გზაა.

ისე, ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რაც წინა სტატიებში გითხარით — ევროატლანტიკური, უფრო ზუსტად ნატოს გზა ამერიკელმა „დიპლომატმა“, მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის მეგობარმა ბრაისამ ამოგვირჩია, პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენში, ნატოში შესვლის კითხვის შეტანით და პროცენტების — 77% განსაზღვრით.

ეს არჩევნები 2008 წელს გაიმართა, ცხინვალის ომამდე გაცილებით ადრე, მაგრამ არც ცხინვალის ომის სამარცხვინო შედეგებმა, არც ევროატლანტიკური სივრცის დაპირების შეუსრულებლობამ — ომში დახმარებასთან დაკავშირებით, არც მომდევნო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, ნატო-ევროკავშირისთვის არცთუ სახარბიელო იმიჯის შემქმნელმა, არა და ვერ იმოქმედა მოსახლეობის აზრზე?!

რა ისეთი ტვინგაყინული უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს მოსახლენი, რომ 2008 წლის 77%-ი ურყევად დაეტოვებინათ?! ქართველთა ტვინგაყინულობა შეიძლება ზოგმა დაიჯეროს, მაგრამ უმრავლესობამ?

NDI — „კეთილო“, „პატიოსანო“, „სამართლიანო“ ორგანიზაციავ, იქნებ ერთხელ მაინც დაგეწერა 76 ან 78 პროცენტი დამაჯერობლობის მიზნით? მაგრამ არა, თქვენ ამას არ გააკეთებთ, ვინაიდან პოლიტიკური დავალება გაქვთ მიღებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თქვენი დამპურებლიდან და მის ბრძანებას ვერ გადაუხვევთ, თუნდაც 77% ქართველი წინააღმდეგი იყოს ნატოში შესვლის.

77%-სა რა მოგახსენოთ, მაგრამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი რომ ამ ორი ორგანიზაციით იმედგაცრუებულია და დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს უარს განაცხადებდა იქ შესვლაზე, სიახლეა თქვენთვის?

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ — არის ასეთი ქართული გამოთქმა და აქედან გამომდინარე „პატრიოტთა ალიანსი“, კიდევ 40 პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია მართლაც ხავსს ეჭიდება, როდესაც ნეოტრალიტეტს მოითხოვს? ალბათ, რაღაცაზე, თუნდაც ხავსზე მყარს იგულებენ ხელმოსაჭიდად?

მეორე ქართული გამოთქმა უხამსოა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენი ქცევისთვის შესაფერისი — „ეს, ჩემი ასო კიტრია და უნდა ჭამოო“. ეს ანდაზა თავიდან-ბოლომდე ზუსტად ისაა, თქვენ რომ პოლიტიკას ეძახით. ამ პოლიტიკას ძალისმიერი ჰქვია და ადამიანურ ურთიერთობებთან, დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. ვაშინგტონს ასე უნდა და რახან უნდა, უნდა გაიზიარო, ვინც არ იზიარებს — ისჯება.

არ გაიზიარა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ — ფორტეპიანოზე იმ ორგანოთი უბადლო დამკვრელმა, რომელიც ზემომოყვანილ ანდაზაში გავაჟღერე და ლამის ოთხში ამოიღო ვაშინგტონურმა თეთრმა სახლმა, რომლის მთავარმა ბინადარმა, პრეზიდენტად წოდებულმა, ბაიდენმა სატელეფონო საუბარში სცადა ზელენსკის დარწმუნება ომი გეწყებაო, ანუ რუსის ჯარი შემოვარდება უკრაინაშიო, რაზეც გაოცებულმა ზელენსკიმ მიუგო — არაფერს მსგავსს აქ ადგილი არ აქვს, თქვენ, ჩვენზე კარგად როგორ ხედავთ — აქედან 12000 კილომეტრზე დაშორებულებიო?

ბაიდენმა იწყინა, როგორ თუ არ იჯერებს ზელენსკიო და ისეთი წიოკი ატეხა დემენციით შეპყრობილმა, ახალგაზრდასაც რომ შეშურდებოდა.

რაშია საქმეო? — იკითხავთ. იმაში, პატივცემულო მკითხველო, რომ ვაშინგტონი ვერ იტანს შელაპარაკებას. ის მიჩვეულია ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ევროპის სხვა ქვეყნები და არა მარტო ევროპის, თავის მიერ გაცემული ბრძანებების უყოყმანო შესრულებას.

აშშ-ი, ღმერთთან გაიგივებული მცნებაა, მსოფლიოს ბატონ-პატრონია, განსხვავებული, გამორჩეული სახელმწიფოა — ასე ბრძანა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ერთხელ.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს ავალდებულებს მოიქცეს ისე, როგორც მას სურს. მაგალითად „მოკავშირე“ ევროკავშირს აწვება, რომ გაზი რუსეთიდან არ შეიძინოს, სანაცვლოდ ის მისცემს გაზს. ძვირია თქვენი გაზი — შიშშეპარული წკავწკავებენ ევროპელები, ამიტომაც ვყიდულობთ რუსეთისგანო.

რუსეთისგან არ უნდა იყიდოთ, ვინაიდან რუსეთი, გაზის გაყიდვით მიღებული ფულით ახალ-ახალ იარაღებს ამზადებსო — პასუხობს ის.

აშშ-ს სურვილია საკუთარი პროდუქციის გასაღება, რაშიც მას არც ევროკავშირი ჩამორჩება. რა გაეწყობა, ასეთია კაპიტალისტური ფილოსოფია და მისი ცხოვრებაში გასატარებლად მუდამ შეტევაზეა. ევროატლანტიკურ სივრცესთან 30-წლიანმა „პარტნიორულმა“ ურთიერთობებმა ის მაინც გვასწავლა, რომ საკუთარი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლება, … არ უნდა გვქონდეს. რად გვინდა ჩვენი, როდესაც მათსას შემოვიტანთ? რატომ უნდა დავხარჯოთ ენერგია, რატომ უნდა ვიშრომოთ, როდესაც მათ ნაშრომს გამოვიყენებთ, თუნდაც ძველს, ჩაწოლილს, ვადაგასულს?

ასოცირების ხელშეკრულებამ ისიც გვასწავლა, რომ ევროკავშირში საექსპორტო ქართულ პროდუქციას მკაცრი შეზღუდვა აქვს, მათსას აქ, უკიდეგანო, უკონტროლო სივრცე.

ისინი, რომ დაამზადებენ და ჩვენ შევჭამთ — პოლიტიკამ, უდავოდ მარცხი განიცადა, თან მრავალმხრივი. უპირველესად დადუმდა „სახალხო მეურნეობა“. ეს ტერმინი საბჭოეთში გამოიყენებოდა და წარმატებებიც ახლდა თან, ტერმინის ცხოვრებაში გატარებას.

მეორე, რაც დადუმებას მოჰყვა — უმუშევრობაა. უმუშევრობას რა მოჰყვა? შიმშილი, ნაგვის ყუთებში გადაყუდება, ათასი სახის დაავადებები, ერის დაჭიანება; სულიერ-მორალური ავადმყოფობა, დეგრადაცია და უმძიმესი დემოგრაფიული სურათი, სასოწარკვეთილთა სამშობლოდან გაქცევა ლუკმა-პურის საძიებლად.

სუპერმარკეტების დახლები სავსეა, თუმცა მყიდველი ნაკლები და რაც თვალშისაცემია, მხოლოდ იაფი პროდუქტების მაძიებელი, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება.

აშშ-ს ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა არ დაუნდვია, ჩვენ დაგვინდობს? დავუსვათ ეს კითხვა ჩვენსავე თავს და 30-წლიანი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული შედეგების გათვალისწინებით გავცეთ პასუხი, არა ისე, როგორც ზოგიერთი ბრიყვი ქართველი, რომელიც შემედავება — რას ბრძანებთ, ნახეთ ცხოვრების დონე ამერიკაში და შეადარეთ სხვასო.

ვნახე და იმიტომ ვწერ, დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. თუ აშშ-ს მოსახლეობის ცხოვრების დონე სხვა ქვეყნის მოსახლეობისას აღემატება, გასაკვირი არ არის, ვინაიდან იმათი ექსპლუატაციისა და ძარცვის ხარჯზეა, მაგრამ თუ თვალს შევავლებთ CNN-ის, Fox-News-ის, სხვა ამერიკული ტელეკომპანიების მიერ დაფიქსირებულ სუპერმარკეტების დაცარიელებულ დახლებს და ბაიდენისთვის ჟურნალისტების მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებს ამასთან დაკავშირებით — არც ისე კარგად უნდა იყოს საქმე „დაპურებულ“ ამერიკაში.

მაგრამ ვინ გაუბედავს ამერიკას კრიტიკას? არც არავინ, გარდა რამდენიმე ჯიუტი ქვეყნისა — ერთი ხელის თითებიც რომ ეყოფა მათ ჩამოთვლას. აი, ისინიც: რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა.

რუსეთი გამორჩეულია არა მარტო სიჯიუტით, ტერიტორიის სიდიდით, შეიარაღებით, სხვა პარამეტრებით, ამიტომაც თვლის მას აშშ ნომერ პირველ მტრად, ტერორისტულ ორგანიზაციებზეც უფრო მაღლა მდგომადაც.

თვით რუსეთი როგორ მიიჩნევს ამერიკას? რუსეთის პრეზიდენტის მუდმივი განცხადებით — „პარტნიორად“. არადა, ყველა რუსი პოლიტიკოსისთვის სიტყვა „პარტნიორი“ აშშ-ნ მიმართებაში წაწყმენდაა.

პრეზიდენტმა პუტინმაც იცის, რომ ეს ასეა, მაგრამ ცდილობს დიპლომატიური ეტიკეტის დაცვას, კორექტულობის შენარჩუნებას. არის თუ არა პროტოკოლის დაცვა იოლი პუტინისთვის, რომელსაც აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი საჯაროდ „მკვლელს“ უწოდებს, ხოლო ამერიკელი სენატორები „ხულიგანს“? უდავოდ, არა! მაგრამ ის მაინც არ აძლევს თავს უფლებას შეურაცხჰყოს მოწინააღმდეგე — ეს, ხომ საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნის შეურაცყოფა იქნება? მსოფლიოს ჯერაც ახსოვს და როგორც ჩანს მუდამ ემახსოვრება რუსეთის მეთაურის ხრუშჩოვის ფეხსაცმლის ბრახუნი გაეროს ტრიბუნაზე.

რისი თქმის უფლებას აძლევს პუტინი თავის თავს?

მოპოვებული უპირატესობის — შეიარაღებაში მოპოვებულის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად ბირთვული იარაღის გამოგონებამ, კარდინალურად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა.

ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები — თითზე ჩამოსათვლელნი, რომ პრიორიტეტულ მდგომარეობაში არიან, მტკიცება არ სჭირდება. ნახეთ, როგორი მოწიწებით ეპყრობიან ისრაელს, პაკისტანს, ინდოეთს, ჩინეთს, სხვებს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-სა და რუსეთზე?

ამ ორს იმდენი ბირთვული ბომბი აქვს, რომ თავისუფლად შეუძლიათ დედამიწის ამოტრიალება — თითოეულს, თანაც არაერთხელ. ბირთვულმა იარაღმა, რომ მსოფლიოს საყოველთაო მშვიდობა და თავშეკავება მოუტანა, ფაქტია. ცხადია, მას არ შეუჩერებია მცირე, ლოკალური ომები, მაგრამ დიდი, მსოფლიო ომი შეაჩერა, ანუ ბირთვულ სახელმწიფოთა ომი — ერთმანეთში, რამეთუ მათ იციან, რომ ასეთი, თვითმკვლელობის ტოლფასია.

თუმცა ბოლო წლებში, თვით  ამ იარაღის დახვეწამ გამოიწვია ომთან, თანაც ბირთვულთან დაკავშირებული მსოფმხედველობის ცვლა, ანუ ლოკალური ბირთვული დარტყმის დაშვება, შედარებით ნაკლები დამანგრეველი ძალის მქონე ბირთვული ბომბებით.

ამ ვარაუდით გათამამებულმა აშშ-ა, ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გადაწყვიტა უპირველესი მეტოქის, რუსეთის ნატოს ალყაში მოქცევა და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებამდე ისეთ მანძილამდე მიღწევა, რაც აიძულებს რუსეთს ომისგარეშე კაპიტულაციას, ანუ ვაშინგტონის მიერ გაცემული ყველა დავალების შესრულებას.

რა მოჰყვება ასეთ ამერიკულ პროგრამას? რუსეთის — ამერიკის დღევანდელი მეტოქის, კრავად გადაქცევა. რუსეთის იმ ჯიუტი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოგდება, ზემოთ რომ ვახსენე. რუსეთის სახის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაკარგვა.

რას მოუტანს ეს მსოფლიოს? — უდიდეს იმედგაცრუებას.

მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც აშშ-ი მტარვალს ხედავენ, ხოლო რუსეთის სახით, შვებას და იმედს, დაკარგავენ რწმენას. ერთხელ უკვე ჰქონდა ამას ადგილი, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხოლო ელცინის რუსეთმა ზურგი შეაქცია აზია-აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და ხალხებს; შეწყვიტა მათთან ეკონომიკურ-ფინანსურ-სამხედრო თანამშრომლობა.

რუსეთმა სხვა გამოსავალი მოძებნა — შეიარაღებაში არსებული თანაფარდობის დარღვევის გზა. ისეთი იარაღის წარმოება, რომელიც აღემატება ამერიკისას. ეს, ის იარაღია, რომელმაც პუტინს მისცა საშუალება ჩამოეწერა იმ წინადადებების სია, რომლებმაც შოკი გამოიწვია აშშ-ი და რომლებსაც ულტიმატუმი შეარქვეს, როგორც აშშ-ი, ისე სხვა ქვეყებში და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთშიც.

პუტინის წინადადებებს უტოპიური უწოდეს და მართლაც ვინ იფიქრებს, რომ ნატო უკან დაიხევს და გავა აღმოსავლეთ ევროპიდან ან უკრაინასა და საქართველოს რუსეთის შიშით არ მიიღებს ნატოში? მაშ, რისი იმედი ჰქონდა პუტინს, როდესაც ულტიმატუმით მიმართავდა ვაშინგტონ-ბრიუსელს?

ახალი იარაღის, რომელიც რუსმა მეცნიერებმა გამოიგონეს და რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდა.

ახალი იარაღი რუსეთს აქვს, მაგრამ ამერიკას არა და როგორც პუტინი ასაბუთებს კარგა ხნის განმავლობაში არ ექნება, რაც რუსეთს აძლევს ამერიკასთან რიხით ლაპარაკის საშუალებას.

დააკვირდით მკითხველო, გასული იანვრის განმავლობაში რამდენჯერ გაიმართა აშშ-რუსეთის მოლაპარაკება. ასეთ ინტენსიურობას წინათ არ ჰქონია ადგილი. ანდა როგორ ექნებოდა, როდესაც თავდაჯერებული ამერიკა არაფრად აგდებდა რუსეთის თხოვნას განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართავად?!

ახლა კი ინება და ტელეფონს ჩამოეკიდა — ხან ბაიდენი, ხან სახელმწიფო მდივანი ბლინკენი. ცხადია მათი განცხადებები უწინდებურად რუსეთის ლამძღვით არის გაჯერებული, მაგრამ იხტიბარს ხომ არ გაიტეხენ? „რუსეთს დავნებდითო“, — ხომ არ იტყვიან? არადა, რაღაც ამგვართან გვაქვს საქმე.

მაინც რა არის ის წამალი, რომელმაც ესოდენ ძლიერ იმოქმედა ამერიკულ ორგანიზმზე?

2001 წელს აშშ-ი ცალმხრივად გავიდა ანტისარაკეტო თავდაცვის ხელშეკრულებიდან, რომელსაც 1972 წელს მოაწერეს ხელი საბჭოთა ლიდერმა ბრეჟნევმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა. რა იყო ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზი?

პასუხი — პრიორიტეტულობის მოპოვება. ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ აშშ-ა დაიწყო ანტისარაკეტო სისტემების რუსეთის საზღვრებისკენ გადაწევა, რამაც რუსეთს შეუქმნა საფრთხე, რაც გამოიხატებოდა 2 ქვეყანას შორის მანამდე არსებული პარიტეტის დარღვევაში.

სსრკ, ხოლო შემდეგ რუსეთი დიდის გაჭირვებით ახერხებდნენ ამ პარიტეტის შენარჩუნებას, მიწის ზედაპირზე ბაზირებული ბირთვული იარაღით. ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა დაემუქრა შახტებში განლაგებულ საკონტინენტთაშორისო რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ჩამოგდებით, სტარტის აღებისთანავე. ფაქტიურად სტარტის აღებისთანავე ბალისტიკური რაკეტების გაუვნებელყოფა ყოველგვარ შანსს უკარგავდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას.

როდესაც ვაშინგტონმა დაინახა, რომ რუსული ბალისტიკური საფრთხე განეიტრალებულია, უმალ დაიწყო რუსეთის დამცირება — დაარქვა რა მას რეგიონული სახელმწიფო, ბენზინგასამართი სადგური, არაფრის მკეთებელი ქვეყანა, რომელმაც ენა უნდა ჩაიგდოს მუცელში და ა.შ.

გასაკვირი ისაა, რომ ელცინის ხელისუფლება დაყაბულდა ამერიკელთა მიერ შერქმეულ დამამცირებულ სახელებს და ნაცვლად წინააღმდეგობის გაწევისა, სიტყვიერი, თანაც სუსტი პროტესტის გამომხატველი განცხადებებით შემოიფარგლა, როდესაც აშშ-ა ანტისარაკეტო სისტემები განალაგეს რუმინეთსა დ პოლონეთში. არც პუტინის ხელისუფლების მკაცრმა განცხადებებმა უშველეს საქმეს, ანალოგიური სისტემები განლაგდა იაპონია-სამხრეთ კორეაში. მოდერნიზაცია ჩაუტარდა გერმანია-ესპანეთში განლაგებულ სარაკეტო სისტემებს. ყოველივე ამან აშშ-ს მისცა შანსი ემოქმედა ძლიერის პოზიციიდან, რომელმაც მოწინააღმდეგე დაამარცხა „ცივ ომში“.

და ამ დროს რუსეთმა მოძებნა გამოსავალი „სარმატის“ სახით. ეს არის სარაკეტო სისტემა, მიწის სიღრმეში ბაზირებული, მძიმე, მრავალსაფეხურიანი სტრატეგიული იარაღი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, თხევად საწვავზე მომუშავე, რომელსაც შეუძლია თავისუფლად გადალახოს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ბადე.

მიზნის მიღწევამდე „სარმატი“ 10-15 ქობინად ქუცმაცდება, თითოეული თავისი არაპროგნოზირებადი ფრენის ტრაექტორიით, რომლებსაც ასევე შეუძლიათ მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო ბადის გარღვევა.

„სარმატის“ წონა 200 ტონაა და მიუხედავად ამისა მას ნაკლები სასტარტო მანძილი სჭირდება წინამორბედ „ვოევოდასთან“ შედარებით, რომლის ფრენის რადიუსი 11 ათასი კილომეტრია. „სარმატის“ ფრენის რადიუსი კი განუსაზღვრელი.

რაკეტა „ცირკონი“ — არის ჰიპერზებგერითი იარაღი სამხედრო გემების, განსაკუთრებით ავიამზიდების რისხვა. 11 ავიამზიდი ჰყავს აშშ-ს, რითაც თავი მოაქვს მთელ მსოფლიოში. ავიამზიდები აღჭურვილია „იჯისის“ სისტემის ანტირაკეტებით. მათ მიერ შექმნილ ბადეს „ცირკონი“ თავისუფლად აპობს, ისე, როგორც ავიამზიდებს.

რაკეტის სიგრძე 8-9 მეტრია, საბრძოლო ნაწილის წონა 300-400 კგ, სიჩქარე 9 მახი (Mach), ფრენის რადიუსი 1000 კმ. ამ რაკეტას შეუძლია, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ბაზირების ობიექტების განადგურება. მისი გასროლა შეიძლება წყალქვეშა ნავებიდან, წყლის ზედაპირზე მცურავი ობიექტებიდან. რაკეტა იცვლის ფრენის ტრაექტორიას, რაც ანტისარაკეტო სისტემებს არ აძლევს მისი ლიკვიდაციის საშუალებას, ანდა როგორ გაანადგურებს 10,2 ათას კმ/სთ-ში მფრენს?

ჰიპერბგერით სიჩქარეს საბჭოთა რაკეტები გასული საუკუნის 70-იან წლებში აღწევდნენ, მაგრამ აღწევდნენ იმით, რომ მათ გაქანებაში ხელს უწყობდნენ ბალისტიკური რაკეტები ან თვითმფრინავები, მაგალითად „МИГ-31“, რომელიც დაფრინავს 3000 კმ/სთ-ში, სწორედ მას იყენებს რაკეტა „კინჟალი“, სასტარტო სისწრაფის მოსაპოვებლად, შემდეგ ის თვით ანვითარებს სიჩქარეს 10-12 მახამდე (Mach).  მისგან განსხვავებით „ცირკონი“ სტარტს იღებს და ფრინავს დაუხმარებლად.

ამ და სხვა იარაღებმა მისცეს პუტინს საშუალება ელაპარაკა ძალის პოზიციიდან, რამაც არა მარტო გაღიზიანება გამოიწვია აშშ-ს ადმინისტრაციაში, არამედ შეშფოთებაც და ეს შეშფოთება გაცილებით ძლიერია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში გამოხატული შეშფოთება.

რა გაეწყობა, ასეთია დღევანდელი მსოფლიოს დამახასიათებელი თვისება, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომელიც თავს დემოკრატად და სამართლიანობის მებრძოლად თვლის, მაგრამ თავის პოლიტიკას ძალას უკავშირებს. გაქვს ძალა, გაქვს პატივისცემა, მოჭარბებული ყურადღება, რიდი. თუ ძალა არ გაქვს — ხელწამოსაკრავი ხარ.

პოლიტიკური ჯუნგლების კანონი ხელმისაწვდომი გახდა პუტინისთვის, რომელიც დღეს დასავლეთს, უპირველესად ამერიკას, მათი მენტალური მეთოდებით ეომება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/02/2022