ვილნუსის სამიტის მოლოდინში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის პრეზიდენტის, ანქვაბის შეხვედრამ, რომელიც ამასწინათ გაიმართა, შესაბამისი რექცია გამოიწვია საქართველოს პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებში. რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი, მიუხედავად საუბრის თემისა და შინაარსისა.

ქართული მხარისთვის შეხვედრაც კი ნეგატიურ განწყობას და აქედან გამომდინარე, ნეგატიური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. დასკვნები კი ასეთია – რუსეთს, საქართველოს ახალი პოლიტიკიდან არაფერი დაუნახავს, მისი მიდგომა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი ძველებურია და საქართველო მისგან კარგს არაფერს უნდა ელოდეს. ნაადრევი დასკვნების გაკეთება, საჩოთირო საქმეა და აქეთა მხარის ოპტიმიზმს ძირშივე კლავს.

საქართველო-რუსეთის განახლებული დიალოგიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა. დრო არის საჭირო, კარგა ხნის წინათ შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. მრავალწლიანმა დაშორებამ, ურთერთის აუგად მოხსენიებამ, სერიოზული დაღი დაასვა ორი ქვეყნის ურთიერთობას – პოლიტიკურს თუ ეკონომიკურს. მეტი მოთმინება, მუდმივი მუშაობა, ნაკლები ლანძღვა-გინება, ბოლოსდაბოლოს მიგვიყვანს იმ ნიშნულამდე, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჰქვია.

მაგრამ სულსწრაფი პოლიტიკოს-პოლიტოლოგობა ვეღარ ითმენს – მას უმალ სურს „აქ და ახლა“ ყოველგვარი სიკეთის მიღება, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნება. მათი კომენტარებიდან ჩანდა შემდეგი – მეტი რაღა უნდათ, ღვინო და „ბორჯომი“ შევიტანეთ რუსეთის ბაზარზე, მაგრამ პუტინი მაინც ელაპარაკება ანქვაბსო. პატივცემულო პოლიტიკოს-პოლიტოლოგებო, ღვინო და მინერალური წყალი კი „მივართვით“, მაგრამ მარტო რუსეთს გავუწიეთ ამით ანგარიში? ალბათ არა. უპირველესად საკუთარ თავს.

რაც შეეხება რუსეთს, მას კარგა ხანია დაავიწყდა ქართული ღვინისა და „ბორჯომის“ გემო, სხვა ქვეყნების ანალოგიური და თანაც ხარისხიანი პროდუქციის ფონზე. რუსეთს სახვეწი არაფერი ჰქონდა, ვინაიდან, ის მინიმალური პროცენტი, რომელიც ქართულ პროდუქციაზე მოდის, ვეება რუსული ბაზრისთვის უმნიშვნელო რამ არის. ასე რომ აპრიორი ნუ ვამადლით მას ჩვენი ღვინის შეტანას.

და კიდევ ერთი რამ, როგორც ჩანს პატივცემულო პოლიტიკოს-პოლიტოლოგებო რუსულ პოლიტიკურ ელიტას ჯერ არ დაულევია ქართული ღვინო და „პახმელიაზე“ არც „ბორჯომი“ დაუყოლებია, თორემ არც ანქვაბს მიიღებდა და არც აფხაზეთის გაერთიანებული პოლიტიკოსების გუნდს.

ისე კი ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ორი ქვეყნის ჩასვრილი მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ის, რაც მოხერხდა – დიდი წარმატებაა. ცხადია, ჩვენ უფრო მეტი გვსურს, სწრაფად და წინათ რომ იტყოდნენ – „იაფად“, მაგრამ მსგავსი რამ მხოლოდ საამურ სიზმარშია. ცხადს, ხელდაკაპიწებული შრომა სჭირდება. მეტადრე – ტვინდაკაპიწებული, ვინაიდან კრემლის შეფასებით, ივანიშვილი წინგადადგმული ნაბიჯია და ის არ არის სააკაშვილი, მაგრამ არც ისაა, მას რომ გაუხარდებოდა.

კრემლი აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ფიქრობს, რომ ჩახუტებამდე ჯერაც ბევრია გასაკეთებელი, ცხადია ქართული მხარედან. კრემლს არ მოსწონს დაბიჯითებული ძახილი იმისა, რომ პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი არ შედგება, ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში რუსული დიპმისიიები მოქმედებენ, ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია და ა.შ.

კრემლს არსად ეჩქარება. საქართველოს ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი მას ნატოს საწინააღმდეგო პლაცდარმი – აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სახით შექმნილი აქვს. თუ ვინმეს უნდა ეჩქარებოდეს – საქართველოა.

აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან მრავალწლიანმა დაშორებამ სერიოზული გაუცხოება გამოიწვია ორივე მხარეს. აქეთა მხარის ახალგაზრდობამ ცოტა თუ იცის ყოფილი ავტონომიების შესახებ. იქეთა მხარემ გაცილებით მეტი იცის ჩვენს შესახებ, თუმცა ნეგატიური. უფსკრულის ამოვსებას, თუკი გაჩნდა ამის ორმხრივი სურვილი, მრავალი წელი დასჭირდება. დღეს, ეს სურვილი იქითა მხარეს არ აქვს – ერთობ ღრმაა 2008 წლის აგვისტოს და მანამდე გაჩენილი იარები. რუსეთის შერიგების პროცესში ჩართვა ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

რუსეთს თავისი თავსატკივარიც მრავალი აქვს. ის დიდი პოლიტიკის დიდი მოთამაშეა – ჩართული მეტოქეებთან მუდმივ ჭიდილში. რუსეთის პოლიტიკური ინტერესი მარტო დსთ ან პოსტსაბჭოთა სივრცით არ შემოიფარგლება. მისი მზერა მიპყრობილია ევროკავშირისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ, ლათინური და ჩრდილო ამერიკისკენ.

მზერის მიპყრობა თავისთავად ნიშნავს გარკვეული პოლიტიკის შემუშავებას, გეგმებს ეკონომიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დარგებში, პოლიტიკურ კავშირებს. გამართული მექანიზმის მუშაობას, მთელი რიგი ინსტიტუტები და სახელმწიფო დაწესებულებები ესაჭიროება, რომელთა ნაკლებობა არ შეინიშნება რუსეთში. მაგრამ ერთია, ინსტიტუტები და ორგანიზაციები, მათ მიერ ჩატარებული კვლევები, მიღებული დასკვნები და ხელისუფლებისთვის მიცემული რჩევები და მეორეა, თვით ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. მრავალწლიანი დაკვირვება გვიკარნახებს, რომ ამ მხრივ გასაკეთებელი ბევრია, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

გუშინდელი საბჭოთა რესპუბლიკები, დღევანდელი დამოუკიდებული ქვეყნები, სერიოზულ თავსატკივარს უქმნიან მოსკოვს და არა იმიტომ, რომ ისინი კარგები არიან და რუსეთი ცუდი ან პირიქით – დღემდე ვერ გამოიძებნა საურთიერთობო ენა ყოფილ „დიდ და პატარა ძმებს“ შორის, დღემდე „პატარა“ ძმები შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ ნებისმიერ მოსკოვურ წამოწყებას, მის ქმედებაში მხოლოდ ძალისმიერს ხედავენ, წარსული თანაცხოვრების სადარს. დიდიც, ნაკლები დიდსულოვნების გამოვლინებით, პატარაში პროვოკაციულ ქმედებას ხედავს.

1991 წლის დეკემბერის ბოლო დეკადიდან აღარ არსებობს საბჭოთა კავირი. მის ნაცვლად შემოღებული დსთ-ა არსებობს, თუმცა ნაკლები ფუნქციებით, მოსკოვის მხრიდან ნაკლები გავლენით. უდიდესი საბჭოთა იმპერიის მემკვიდრე რუსეთს, გაუჭირდა დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა. დრო იყო და არის საჭირო.

ის რაც საუკუნეთა განმავლობაში აშენა ევროპამ, რუსეთისთვის მსგავსის შექმნა უცბათ, შეუძლებელი გამოდგა, ისე, როგორც ნებისმიერი საბჭოთა რესპუბლიკისთვის. პროცესი „გადემოკრატებისა“ შესაძლებელია, მაგრამ შედეგი, ხშირ შემთხვევაში – დასაფიქრებელი. მაგალითიც სახეზეა – არაბული რევოლუციების სახით. ძველის, ახლით შეცვლამ იქ, ძველის, რადიკალურის მომძლავრება გამოიწვია და თითქმის ერთი წლის თავზე ახალი რევოლუცია შვა.

სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ მოდერნიზაციის გზა, სხვებმა რომ ათეული წლების განმავლობაში გაიარეს, საქართველომ სულ რაღაც 5-6 წელში გაიარა. თუ როგორ გაიარა გასულმა 17 მაისმა გვაჩვენა. ეს დღე არ იყო მარტო მამათ- და დედათმავალთა წინააღმდეგ ამხედრების დღე, არამედ დაწიხლული ტრადიციების პატივისცემისა და დაცვის დღეც იყო.

ახლის ჩამოყალიბებას, ხალხის მიერ გათავისებას არა ერთი და ორი წელი დასჭირდება, შესაძლოა თაობაც, მანამდე კი ცხოვრება, არსებობაა საჭირო, რაც ვერც ნაცებმა გათვალეს და ვერც მათმა დასავლელმა მასწავლებლებმა.

ჩრდილოეთისკენ მიმავალი მდინარის დასავლეთისკენ გადაგდება კი მოახერხა ნაცურმა ხელისუფლებამ, მაგრამ ის ვერ გათვალა (უცოდინრობის გამო), რომ ხალხი უსულო საგანი არ არის, არც მდინარეა, რომ მას შეიძლება პრობლემა შექმნოდა სხვა ახალთან ურთიერთობაში.

70 წლის და კიდევ საუკუნეზე მეტის განმავლობაში ყალიბდებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობა, ისე, როგორც ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებისა და რუსეთის ურთიერთობები – თავისი უარყოფითი და დადებითი მომენტებით და უცბათ სხვა, სრულიად განსხვავებული სამყარო – შესაძლოა უფრო განვითარებული, შორიდან თვალის მომჭრელი, მაგრამ არა ყოფილ საბჭოელების მენტალიტეტზე გათვლილი.

ფასადურმა სიკაშკაშემ არა მარტო სააკაშვილი და ნაცები მოხიბლა, არამედ მისი მსგავსნი უკრაინაში, მოლდოვაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სხვაგან. მოხიბლა და ძალაუფლების მიღებისთანავე აფიქრებინა, რომ რით არის საქართველო ან უკრაინა, ან სხვა ყოფილი მათზე ნაკლები? თუ მათ შეძლეს, ესენი რატომ ვერ შეძლებენ? მათაც ხომ ორი ხელი, ორი ფეხი და ორი თვალი აქვთ?

დიახ! გარეგნულად იდენტურობა არსებობს, მაგრამ ტვინი? ტვინი სხვაა და მის გადაბრუნებას ისე, როგორც ეგვიპტეში, ტუნისში, თურქეთში და ა.შ. ნახევარზე მეტმა საუკუნემაც ვერ უშველა. გარეგნული ნიშან-თვისებები იოლად გადმოვიღეთ – „ვაუ“-სა და „კოჰაბიტაციის“ ყვირილით, უამრავ ინგლისურ სიტყვასაც ვაჟღარუნებთ, თუმცა მათი არსიც არ ვიცით, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა – მან ვერ გაუძლო დედმამიშვილების სადღეგრძელოს – ყანწით შესმულს.

დიახ! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, მაგრამ გვინდა რომ „ის“ სხვამ მოგვართვას, მაგალითად, აშშ-ა, ევროკავშირმა, თუნდაც „ნატომ“, მაგრამ უფასოდ მიღება რომ შეუძლებელია – ამის გაგება არ გვინდა. ფასი მარტო ფულს არ გამოხატავს, ფასი გეებთან შეგუებასაც ნიშნავს, ზოგ შემთხვევაში თავზე დასმასაც, ბანდიტთან „კოჰაბიტაციასაც“ და სხვა მრავალ ისეთსაც, რომელიც ჩვენს აზროვნებაში ვერ ჯდება.

დასავლეთს, მეტად კეთილშობილური საქმისთვის აქვს ხელი მოკიდებული – აღმოსავლეთის ხალხთა უკეთესობისკენ გარდაქმნა. მისიას, უდავოდ ვერაფერს დასწამებ, თუმცა ერთის შეხედვით. ღრმად ჩახედვისთანავე, იგრძნობთ სხვადასხვა დინებებს პოლიტიკურად მომართულს და სხვის საწინააღმდეგოდ ამოქმედებულს. ეს სხვა კი რუსეთია – დასავლეთის ისტორიული მეტოქე. საბჭოთა კავშირის დაშლის პირველსავე დღეებიდან დასავლეთს ძალა არ დაუშურებია ამ პროცესის რუსეთის ფედერაციაში გაგრძელებაზე.

აშშ-ი და მისი ევროპელი პარტნიორები ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსული გავლენის მოშლისთვის ხან რევოლუციებს მიმართავდნენ და ხან სამხედრო რკალში მოქცევას. მათ ამ მიმართულებით ბევრი რამ შეძლეს, თუმცა არა ყველაფერი. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას სრულად ვერ მიაღწიეს, მაგრამ სხვა გზა გამოძებნეს – ეკონომიკური კავშირები – აღმოსავლეთის პარტნიორობა. არცთუ დიდი ხანია მიმდინარეობს ამ თემის PR-კამპანია, თუმცა შედეგები თვალნათელია. ევროკავშირთან აღმოსავლეთის ასოცირებული წევრობის კანდიდატები ყველაფერს ღონობენ ევროკავშირთან ჩასახუტებლად.

ასოცირებული წევრობა არ ნიშნავს სრულ წევრობას, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება – ასე ფიქრობენ უკრაინელები, მოლდოველები, ამიერკავკასიის ქვეყნები, ბელორუსები – იქნებ ფორტუნამ გაუღიმოთ და თავი ევროკავშირში ამოყონ. და ეს ვირტუალური მოლოდინი იმდენად ძლიერია, ყოველი მათგანი ცდილობს დაუფიქრებლად აკეთოს ბრიუსელის დავალება. დავალება კი მარტივია – რუსეთიდან დისტანცირება, გარდა ამისა ისეთი პირობების შექმნა ევროკავშირის ექსპორტისთვის – შეუფერხებელი, უკონკურენტო რომ ჰქვია.

პირველი დავალება – რუსულ-ბელორუსულ-ყაზახური ერთიანი საბაჟო სისტემიდან დისტანცირება მათთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რას მოუტანს ასოცირებული წევრობა საკუთარ ეკონომიკას, ამაზე ფიქრს ხვალისთვის დებენ.

უკრაინაში ლიტვის ელჩმა, ვაიტეკუნისმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება, უკრაინისთვის რუსეთისკენ შებრუნების საკითხს საბოლოო წერტილს დაუსვამს. ეს მარტო უკრაინას არ ეხება.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები წლების განმავლობაში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. დასტური ამისა, ის „შოკოლადური“ ამოცანაა, რასაც ორ ქვეყანას შორის აქვს ადგილი. გენადი ონიშენკოს განცხადებით, უკრაინული კონფეტები უმალ დაბრუნდება რუსულ ბაზარზე, თუ უკრაინა გაითვალისწინებს „როსპოტრებნადზორის“ შენიშვნებს.

რუსეთს აღიზიანებს უკრაინის ხელისუფალთა დასავლეთისკენ ლტოლვა: „ევროპასთან ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტებია უკრაინისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა. რუსეთის გაღიზიანება არ აღელვებს კიევს, მთავარია ბრიუსელი არ გაღიზიანდეს, არადა მას მრავალი ასეთი აქვს უკრაინიდან – ტიმოშენკოს ციხეში ყოფნა, არადემოკრატიული განვითარება. მაგრამ, როგორც ჩანს, ბრიუსელი თვალს დახუჭავს. მთავარია ეკონომიკური ზეგავლენის მოპოვება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის უკრაინაზე.

უკრაინის და დანარჩენი ქვეყნების მიერთება ევროკავშირის საბაჟო ზონასთან ევროპელ მწარმოებელს შეუქმნის დამატებით მოგებას, ვინაიდან ბაზრების ლიბერალიზაციით იგებს ის ქვეყნები, რომლებსაც განვითარებული ეკონომიკა აქვს. ექსპერტების მონაცემებით, ევროპული ექსპორტი ამ ქვეყნებში გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპაში.

აღმოსავლურ პროდუქციას მრავალი წინააღმდეგობა დახვდება – სხვადასხვა კვოტების, შეზღუდვების, დაბალი ხარისხის სახით. გარდა ამისა ევროზონის რეცესია და აღმოსავლური პროდუქციის, მათ შორის უკრაინის დაბალი რეიტინგი, არ მისცემს საშუალებას აღმოსავლეთს ოპტიმიზმით იფიქროს მნიშვნლოვანი ინვესტიციების მოზიდვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ტრადიციულ დარგებს, მაგალითად, უკრაინის მანქანათმშენებლობას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას, ლიკვიდაციაც კი.

რუსეთი ძალას არ იშურებს უკრაინის გადაბირებისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ხდება, არადა ნოემბრის 28-მდე, ანუ სამიტამდე ცოტა დროა დარჩენილი. და მაინც რატომ ვერ ახერხებს რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ისეთი ენის გამოძებნას, მასაც რომ წაადგება და სხვასაც?

როგორც ჩანს, საბჭოური ცენტრალიზმის შიში დღესაც აფიქრებთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მაგრამ რუსეთი ხომ საბჭოთა კავშირი არ არის, ის ისეთივე კაპიტალისტურია, როგორიც დასავლეთი, ერთის შეხედვით. . . მაგრამ რუსეთი მაინც სხვაა და ეს სხვაობა შეინიშნება ყველა სფეროში, თუნდაც მარტივ ადამიანურ ურთიერთობებში. ამავდროულად რუსეთი ყოფილი „პატარა ძმებიდან“ ბევრს იტანს და მომავალშიც აიტანს, რასაც ევროპაში ვერ აიტანენ.

რუსეთს, თითო-ოროლა ქალაქის გამოკლებით, არ აქვს მიმზიდველი ფასადი – რუსეთი შენების პროცესშია. მას კარგახანს არ ექნება ისეთი ექსტერიერი, როგორც დასავლეთს. რუსული ინტერიერიც შენების პროცესშია – ახალი საპენსიო სისტემით, სოციალური უზრუნველყოფით, დასაქმებით. ის გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ რომ იტყვიან „შინაურ ცოცხს შენდობა არ აქვს“. ის დასავლეთი, ყოფილი საბჭოელებისთვის მაინც სხვაა – მერე რა, რომ იქ საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი და დიდი უმუშევრობაა?! ის მაინც ევროპაა.

და კიდევ ერთი რამ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან დაწყებული რუსეთმა ვერფრით ჩამოაყალიბა, რა უნდა დსთ-სგან, როგორ უნდა თანამშრომლობდეს ის ყოფილ საბჭოელებთან, რა ენა იხმაროს მათთან ურთიერთობაში და ა.შ.

ნულს უტოლდება მოსკოვის PR-მუშაობაც. რუსეთი დროულად ვერ რეაგირებს დსთ-ში მიმდინარე პროცესებზე. პოლიტიკურ ურთიერთობებს ვერ უხსნის ფართო საზოგადოებას, ყურადღებას არ აქცევს ყოფილ საბჭოელებში ანტირუსულ (ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელ) კამპანიას. კრემლის აკადემიურმა სიჩუმემ მთელ რიგ საკითხებში, აფიქრებინა ყველას, რომ მოსკოვი ტყუის და ამიტომაც ხმას არ იღებს. როგორც ჩანს PR-ი რუსეთისთვის ახალი ხილია და ვიდრე ის გემოს გაუგებს, ირგვლივმყოფები გვერდიდან შემოეცალება.

ვილნიუსის სამიტი არასასურველი შედეგით შეიძლება დასრულდეს რუსეთისთვის, მაგრამ ცხოვრება ამით არ ჩერდება. ერთ დღეს, სრული შესაძლებელია ევროპისკენ გადახრილმა ყოფილმა „პატარა ძმებმა“ ისევ რუსეთისკენ მიაპყრონ მზერა. რა გაეწყობა, კაცობრიობა მუდმივ ძიებაშია, მხოლოდ ამან შეიძლება დაამშვიდოს რუსეთი. 

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.