გზა საქართველოს ხსნისა – რუსული ბაზარია

რუსეთის პრეზიდენტის ტრადიციული შეხვედრა ჟურნალისტებთან ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას, ვინაიდან სუპერ სახელმწიფოს ლიდერის განცხადება, ათას ხუთასზე მეტი რუსი და უცხოელი ჟურნალისტის წინაშე, თავისთავად ასახავს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას არა მარტო საშინაო, არამედ მსოფლიოს საკითხებისადმი.

იშვიათად მახსენდება პრეზიდენტის პრეს-კონფერენცია, რომლის დროს ის საქართველოს არ შეხებოდეს. ასე იყო ამჯერადაც, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტმა ჰკითხა მას საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე, მათ შორის სავიზო საკითხზე.

თავს არ შეგაწყენთ პრეზიდენტ პუტინის ერთობ თავაზიანი პასუხის ციტირებით, რამეთუ ის, არაერთხელ მოისმინა საქართველოს მოსახლეობამ ელექტრონული მედიის საშუალებით, წაიკითხა პრესაში. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მეზობელი, მძლავრი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადება ნაკლებად წააგავს იმ ურჩხულის და ბოროტი ადამიანისას, რომელიც დღენიადაგ ფიქრობს, როგორ უმტროს საქართველოს.

რუსეთის პრეზიდენტის ავი სატელევიზიო იმიჯის შექმნაში დიდი დამსახურება მიუძღვნის „ნაციონალური მოძრაობის“ უკლებლივ ყველა წევრსა და ლიდერს. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, მაშინდელი „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთა, შემდგომში “ნაციონალური მოძრაობა“, ბილწ სიტყვას არ იშურებდა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სალანძღავად. განსაკუთრებული რისხვის ობიექტები იყვნენ პრეზიდენტები ელცინი, პუტინი, მედვედევი. ამ სამეულიდან ჭარბი ყურადღება ექცეოდა პუტინს, ვინაიდან მასთან ასოცირდებოდა ცხინვალის ომში „გამარჯვება“ და სხვა „სიკეთეები“.

საქართველოს ხელისუფალთა მოჭარბებულმა ანტირუსულმა, ანტიპუტინურმა განწყობამ, ამ თვალსაზრისით მედიაზე ზეწოლამ (არა მარტო ქართულზე, არამედ უცხოურზეც), არაობიექტიური ზეგავლენის ქვეშ მოაქცია ქართული საზოგადოება.

სატელევიზიო სივრცეში არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური გადაცემა, რომელშიც ლანძღვა-გინებით არ მოეხსენიებინოთ რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი. არათუ პოლიტიკური გადაცემა, არამედ იუმორისტულიც კი უხამსი, უკბილო „შაყირით“ იხსენიებდა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს. მახსოვს, ვანო ჯავახიშვილის ერთ-ერთი შოუ, რომელშიც მოსკოველი პოლიტიკოსი გარი კასპაროვი (ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი) იღებდა მონაწილეობას. ჯავახიშვილმა, შოუს დასასრულს, სტუმარს, საჩუქარი შესთავაზა – გარეგნობით პუტინის მსგავსი ადამიანი – შემდეგი სიტყვებით – „შეგიხვიოთ, თუ ისე წაიყვანთო“.

უბადრუკი შთაბეჭდილება დატოვა ამ უკბილო „შაყირმა“ არა მარტო მაყურებელზე, არამედ სტუმარზეც, რაც კარგად აისახა მის გაოცებულ სახეზე. აი ასე „ვშაყირობდით“ და დავცინოდით რუსეთს და მის პრეზიდენტს. ბოლოს გაშაყირებული ჩვენ გამოვედით.

რად ღირს ნაციონალთა მიერ დაპურებული „უდიდესი ისტორიკოსის“ სვიმონ მასხარაშვილის ნაამბობი მეზობელი რუსეთის ისტორიაზე, რომელიც ციკლებად გადაიცემოდა ელექტრონული მედიით. ერთ-ერთში ის „ბრძნულად“ გვიმტკიცებდა, რომ წარსულ საუკუნეებში რუსი მამაკაცები მამათმავლები იყვნენ, ხოლო ქალები – მეძავები, ორივენი კი – ლოთები.

რუსეთის ისტორიის ტენდენციური, უსამართლო განხილვა არა მარტო ტაკიმასხარა მასხარაშვილის ლუკმაპურის შოვნის წყარო იყო, არამედ ბევრი ქართველი პოლიტოლოგის – „დაბრძენებულის“ და ამ პროფესიაში „ჩახედულის“. ზოგი მათგანი ისტორიის „ღრმა ცოდნიდან“ გამომდინარე გვიმტკიცებდა, რომ ვერ მოვძებნით თუნდაც ერთ მეზობელს, ვისთანაც რუსეთს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და აქვს. ამის თქმამდე, ერთი წუთით, თვალის გადავლებაც არ უნდოდათ სხვა ქვეყნების გუშინდელი ან დღევანდელი ისტორიისთვის.

დავუბრუნდეთ პრეზიდენტ პუტინის პრეს-კონფერენციას და თბილ სიტყვებს, ნათქვამს ჩვენს მიმართ. ბევრმა ამ ნათქვამში ახალი მზაკვრული ჩანაფიქრი აღმოაჩინა – რაღაცას გვიმზადებსო, ზოგმა ეჭვი გამოხატა – ისე თქვა, თორემ კარგს არაფერს გაგვიკეთებსო, ზოგმაც გაიხარა ნათქვამით – იქნებ რამე გვეშველოსო.

ის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს მეზობელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონა – NDI-ის გამოკითხვაც ასახავს, მაგრამ მერე რა?!

მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას სახალხო დიპლომატია ვერ შეძლებს, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები, მითუმერტეს ეს უკანასკნელნი აშკარად მტრულად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს – ისინი ხომ აშშ-ნ არიან დაფინანსებული და ამერიკულ შეკვეთებს ასრულებენ!

რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება მხოლოდ ხელისუფლების საქმეა. მან უნდა მოაბას თავი ამ ერთობ რთული პრობლემის გადაწყვეტას. რომ იტყვიან – „ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოს“. სწორედ ხელისუფლებამ გააუარესა მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა – ჯერ ვერბალურად, შემდეგ ომით, სამარცხვინო შედეგითა და ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვით. მანამდე კი იყო ის, რის შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა არაორაზროვნად თქვა – საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა.

ხურჩისა და ცხინვალის ავანტიურას, ანუ იქ ჩადენილი დანაშაულების რუსეთზე გადაბრალებას ჰგავს ყოველივე ეს. ხურჩისა და ცხინვალის ფაქტებს საქართველოს წინანდელი ხელისუფლება რუსეთს აბრალებდა. ოპოზიციაში მყოფი, დღესაც იგივეს აკეთებს, რითაც სამარცხვინოდ ტყუის. თუმცა ამ ტყუილს აქვს გასავალი საქმეში ჩაუხედავ მოსახლეობაში. ისინიც, ნაცების მსგავსად,  აცხადებენ – ომი იყო, მაგრამ რუსეთმა წამოიწყო და საქართველო ჩაითრია ავანტიურაშიო.

არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის შემოღებაც მსგავს ტყუილზეა დაფუძნებული. დღეს, ყველა ერთად, როგორც ყოფილი, ისე დღევანდელი ხელისუფლება, მთლიანად პოლიტიკური სპექტორი, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, იმეორებს „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის მიერ შემოგდებულ ტყუილს –  რუსეთის მიერ, საქართველოსთან, სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატორები „მოქალაქეთა კავშირის“ სწორედ ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით ნაციონალების დროშით თავს მოაჯდნენ საქართველოს და 10 წელი უმოწყალოდ აჭენეს.

ამ უმოწყალობაზე ქვემოთ მოგახსენებთ, ახლა კი იმ მზაკვრული გეგმის თაობაზე, რომელმაც აიძულა რუსეთი შემოეღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. რა იყო ამაში ჩადებული? უპირველეს ყოვლისა რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა. არაერთხელ მსმენია „მოქკავშირის ახალგაზრდული“ ფრთის წარმომადგენლების ლაპარაკი, რომ რეალური დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ იქნება, როდესაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესდებაო.

ამ იდეის სულისჩამდგმელი იყვნენ აშშ-ს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რუსეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილნი. რუსეთის რეაქცია იყო გაოცებული. მან ვერაფრით დაადგინა სავიზო რეჟიმის შემოღების მოტივი. კარგად მახსოვს საქართველოში რუსეთის ელჩის ფელიქს სტანევსკის გაკვირვებული სახე ჩემთან საუბრის დროს და ერთადერთი კითხვა – რაში გჭირდებათ სავიზო რეჟიმის შემოღებაო.

რუსეთის საგარეო უწყება მზად იყო ყველა დეტალის განსახილველად, მაგრამ ქართული მხარე თავს იკავებდა, არ აპირებდა მოსკოვში გამგზავრებას, არც რუსეთის მხარეს იწვევდა სალაპარაკოდ. და როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერაფერს გახდა კოლეგა ქართველებთან, „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოაქვეყნა საქართველოში გამოგზავნილი ნოტის ასლი – რუსული მხარის მოლაპარაკების მზადყოფნასთან დაკავშირებით. არც ამ არაორდინარულ დიპლომატიურ ნაბიჯს უპასუხა თბილისმა. მხოლოდ მოგვიანებით, 1999 წლის დეკემბერში, ინება და მოსკოვს გაემგზავრა საგარეო უწყების დელეგაცია, მაგრამ შეგნებულად, დათქმულ დღეზე ორი დღის დაგვიანებით.

მოლაპარაკება არ შედგა. რუსეთი იძულებული გახდა გაეზიარებინა საქართველოს წინადადება, თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა – რუსეთმა სთხოვა ქართულ მხარეს დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის დაწესება, რაზეც თბილისმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ასე და ამრიგად დაიწყო ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის, მკაცრი სავიზო რეჟიმით შეცვლა, რამაც მართლაც დააშორა ერთმანეთს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები, გაართულა ნათესაური კავშირები, უდიდესი პრობლემები შექმნა ბიზნესურ ურთიერთობებში, ბანდიტურად ხელი ჩაუყო საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს ჯიბეში – ვიზის ღირებულების გადასახდელად.

პარლამენტის თავგახურებული ყმაწვილები კი თავს იქებდნენ თავიანთი ამერიკული დამრიგებლების წინაშე, თან „მზაკვარ“ რუსეთს აძაგებდნენ სავიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამ ყმაწვილების აღშფოთებას საზღვარი არ  ჰქონდა, როდესაც აჭარის მეთაურმა ასლან აბაშიძემ მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის, დახმარებით აჭარაში მცხოვრებთათვის, ბათუმიდან მოსკოვში, ჩაფრენისას, აეროპორტშივე გააცემინა მოსკოვს მოკლევადიანი ვიზები. ეს პროცედურა აჭარიდან ასლან აბაშიძის გაძევებასთან ერთად დასრულდა.

სავიზო რეჟიმის დანაშაულებრივმა შემოღებამ არანაკლებ ნეგატიურად იმოქმედა საქართველოს მოსახლეობის სოციალურ პირობებზე, ვიდრე სააკაშვილის სხვა ბარბაროსულმა ქმედებამ. სულ ახლახანს გაზეთ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, შოთა ჩხეიძის წერილი, რომელიც საქართველოს სოციალურ ყოფას და იმ „ბედნიერ ცხოვრებას“ ეხება, რომელიც ნაცებმა და მათმა ბელადმა სააკაშვილმა შეუქმნა ქვეყანას.

გაგაცნობთ ზოგიერთ ამონარიდს ამ სტატიიდან: „FAO-ს მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანაა და დღის წესრიგში დგას მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა. სიღარიბის დაძლევის პროგრამა საქართველოში ჩავარდა. სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვმა კატასტროფულად იმატა და 2012 წლისათვის მოსახლეობის 80% მიაღწია.

გაეროს „მსოფლიოს მოსახლეობის ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში 600 ათას ადამიანს დღეში შეეძლო მხოლოდ 1.25 დოლარის, ანუ 2 ლარის დახარჯვა. საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის რეალური რაოდენობიდან გამომდინარე (3.8 მილიონი) კი ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა 16% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასეთი კატეგორიის მოსახლეობის რიცხვი სომხეთში 4%-ია, აზერბაიჯანში – 2%, რუსეთში – 2%.

გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი შიმშილობს, თუ დღეში ის 1800 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს. საქართველოში ამ კატეგორიის მოსახლეობა 35%-ია, 50% კი ისეთი კატეგორიაა, რომელიც გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე -2100 კკალ-ზე ნაკლებს ითვისებს, თანაც საშუალო მომხმარებლის საკვები რაციონის 60%-ზე მეტი პურ-პროდუქტებზე მოდის, რაც მოსახლეობის ძალზე დაბალი სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელია (ნორმალურ ქვეყნებში პურის მოხმარება 12-15%-ია). და  ა.შ.“

რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენთვის მეტად კარგი რამ თქვა, რაღა საჭიროა მისი ლანძღვა ან რაღაც ცუდი ჩანაფიქრის ძებნა ერთობ სასარგებლო განცხადებაში?! ეს ყველაფერი ერთ ძველ ანეკდოტს მაგონებს – მძღოლი რომ შუქნიშანთან დგას და მანქანას არ ძრავს – არც მწვანე, არც წითელ და არც ყვითელ ნიშანზე და მეორე მძღოლი, რომ გაბრაზებული ეკითხება – რაშია საქმე, შენი მოსაწონი ფერი არ აინთოო.

როგორც ჩანს, რაც არ უნდა კარგი რამ თქვას რუსეთმა ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ მაინც „ხიშტით“ შევხვდებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ არ გვსურს მასთან დალაპარაკება, არ გვსურს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ გვსურს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ერთი სიტყვით, არ გვსურს რუსეთისკენ გახედვა.

ქართული პოლიტიკა მხოლოდ ერთი მიმართულებით – დასავლეთისკენ იყურება, ვინაიდან იქიდან იკვებება, იმ ამერიკულ ძუძუს წოვს, რომელმაც არა მარტო რუსეთი, არამედ ჩვენი წარსული ისტორიაც დაგვავიწყა და მასთან ერთად ენა. როდესაც ილიას უნივერსიტეტის ნაცი რექტორი თევზაძე იტყვის – ინგლისური დედა ენა უნდა გახდესო, როდესაც სააკაშვილის ბრძანებით ბავშვებს პირველი კლასიდანვე ინგლისურს ასწავლიან, როდესაც ინგლისურის გარეშე ზედაც არავინ შეგხედავს, მთლად კარგად არ უნდა იყოს ჩვენი საქმე.

ათმა ნაცურმა წელმა არა მარტო უცოდინარი თინეიჯერები გადააგვარა, არამედ საშუალო ასაკის ადამიანებიც, დააკარგვინა რა მათ ანალიზის, გაგების უნარი. ამ დაავადებაშეყრილი ვერაფრით მიმხვდარა, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, ვერასდროს გადაწყდება დასავლეთში, რომ დასავლეთი უძლურია მათ მოგვარებაში, ვინაიდან მას არც ძალა შესწევს და არც სურვილი აქვს ერთი მტკაველი საქართველოსთვის რუსეთს დაეჭიდოს.

ტყუილია გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლების განცხადება, რომ „ჩვენი მეგობარი დასავლეთი“ გადაგვიჭრის რუსეთთან არსებულ პრობლემებს, რომ ნატოში, ევროკავშირში შესვლა მოაგვარებს ამ საკითხებს. ზღაპარია ხელისუფალთა დაპირება, მაგრამ ესმის საზოგადოებას ეს?

„ოცნებელთა“ განცხადებას, რომ რუსეთთან არ დაილაპარაკებენ, ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საელჩოები იქნება, მხოლოდ ემოციური დატვირთვა აქვს და მეტი არაფერი. მასში იოტისოდენადაც არ იგრძნობა გონიერება. პრობლემის მოგვარებას ლაპარაკი სჭირდება და არა გაბუტული, მოფარებულში დგომა. პრობლემის მოგვარებას შემართება სჭირდება და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარული, თუმცა ზოგიერთ დღევანდელ და გუშინდელ ხელისუფალთა სამშობლო ისაა, ფულს რომ იძლევა.

პრობლემის მოგვარება გაჭირდება ნატოსა და ასოცირებულ წევრობის დოკუმენტის პარაფირებაზე ბღავილით. ასოცირებული წევრობა სულაც არ  ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, ხოლო ევროკავშირის წევრობა ნამდვილად არ ნიშნავს ნანატრ ბედნიერ ცხოვრებას.

გაახილეთ თვალი, წაიკითხეთ ან მოისმინეთ რა ხდება „ბედნიერ“ ევროპაში, რა პირობებში არიან ბულგარელი, რუმინელი, პორტუგალიელი, ესპანელი, ბერძენი, სხვა ქვეყნების მოქალაქეები – განახევრებული პენსიებით, უმუშევრობის კოლოსალური რაოდენობით, გაუარესებული სოციალური ყოფით – სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ გახსნილი სამოწყალო სასადილოებში სირბილით.

ევროკავშირმა სიტყვის გარდა არაფერი გაიღო უკრაინისთვის. დაპირდა შუამდგომლობას სავალუტო ფონდთან, რომელმაც თავის მხრივ, ნაცვლად კრედიტის გამოყოფისა, უკრაინას ურჩია მოსახლეობისთვის გაზზე გადასახადების გაზრდა, პენსიებისა და ხელფასების 40%-ით შემცირება. ნეტავ ვინმემ იფიქრა იმ „დალოცვილ“ დასავლეთში, რა დღეში ჩააგდებდა უკრაინელებს ხელფასებისა და პენსიების შემცირება.

ცნობისთვის გთავაზობთ უკრაინა-რუსეთის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს: საშუალი ხელფასი უკრაინაში – 394 დოლარია, რუსეთში – 903 დოლარი, კიევში – 606 დოლარი, მოსკოვში – 1545 დოლარი.

საშუალო პენსია უკრაინაში – 178 დოლარია, რუსეთში – 312 დოლარი. ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტი უკრაინაში – 7.5 დოლარია, რუსეთში – 18.0 დოლარი, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი – 12.7 დოლარი.

ბრიუსელმა ასოცირებული წევრობის დოკუმენტში ისიც ჩაწერა, რომ უკრაინის ეკონომიკა ევროპულ რელსებზე უნდა გადავიდეს, ანუ მისი მრეწველობა უნდა დაიხუროს და მის ნაცვლად ისეთი დარგები განვითარდეს, რომელიც ევროკავშირს მოაწყობს.

ე.ი. უნდა დაიხუროს აეროკოსმოსური საწარმოები, საავიაციო და გემთმშენებელი ქარხნები, ავტოსამშენებლო საწარმოები და ა.შ. ამ ქარხნების დახურვა ნიშნავს მრეწველობასთან დაკავშირებული სამეცნიერო-საინჟინრო კადრების უხელფასოდ დატოვებას, მათ ფაქტიურ განადგურებას.

ევროპას არ სჭირდება უკრაინული მრეწველობა, მაგრამ რუსეთს სჭირდება და რომ სჭირდება, ამიტომაც მისცა სტიმული, ფულის სახით, ქარხნების სრული დატვირთვით ასამუშავებლად, რუსეთის შეკვეთების შესასრულებლად. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი შეაქონ უკრაინისთვის დახმარების გაწევისთვის, პირიქით უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ – ამას იმიტომ აკეთებს, უკრაინა რომ ევროკავშირში არ შევიდესო.

კეთილი, თუ რუსეთის დახმარება არ მოსწონს დასავლეთს, თვით დაეხმაროს უკრაინას. არა, ეს არ აწყობთ, ვინაიდან არ შეუძლიათ. თვით კრიზისში არიან. რაც მათ სურთ – უკრაინული ბაზარია, საკუთარი საქონლის გასასაღებლად. არის თუ არა ეს ეგოიზმი?

და როდესაც ბრიუსელი ასე ექცევა 45-მილიონიან უკრაინას, რას უზამს მიკროსკოპიულ საქართველოს? საქართველოს პოლიტიკას ეს კითხვა არ აღელვებს ერთი უბრალო მიზეზის გამო – თვითონ ხომ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნება! იმ ანეკდოტისა არ იყოს, ცირკის მასხარა რომ განავლით სავსე ბუშტს ტყვიას ესვრის – ბუშტი სკდება და მაყურებელი განავალში იგვანგლება, ხოლო გახარებული მასხარა რომ გაჰყვირის – შეხედეთ ხალხი განავალშია, მე კი სულ ქათქათა თეთრ კოსტუმშიო.

საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქცია (ან რას ვაწარმოებთ?) არ სჭირდება ევროპას, ისე, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ერთადერთი გზა საქართველოს ხსნისა რუსული ბაზარია, რუსეთთან ურთიერთობა და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესი.

წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში შემორჩენილი 3 მილიონიც უცხოეთის გზას დაადგება, სხვა სამშობლოს ძებნაში. ნამდვილი სამშობლო, სხვის სამშობლოდ გადაიქცევა. ნურვინ იფიქრებს, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ ამას მოვესწრებით, მაგრამ ვერ მოვესწრებით ევროკავშირში შესულ (ან ვის შევყავართ?) ბედნიერ, დაპურებულ, აყვავებულ, ამაყ საქართველოს.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.