ე.წ. წარმატებების ფონზე

„ოცნების“  ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სიტყვა აღსავსე იყო რიგი მოსაზრებებით – უპირველესად, ის, რომ „ოცნება“ ხანგრძლივი პოლიტიკური არსებობისთვის ემზადება, თან არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ მას შემდეგ, ოპოზიციაში.

ითქვა ისიც, რომ იდეის გარეშე შექმნილი პარტიების დიდი რაოდენობა პოლიტიკური არენიდან გაქრა და ამის მთავარი მიზეზი სუსტი იდეოლოგიური საყრდენია. მართლაცდა, თვალის დახამხამებაში იქმნება და ქრება პოლიტიკური პარტიები. ქრება ფაქტიურად, ფიქტიურად ჯერაც ცოცხლები არიან.

საქართველოს რეალობაში პოლიტიკური პარტიის შექმნა მხოლოდ თითო-ოროლა ცნობილი პიროვნების პოლიტიკურ ამბიციას უკავშირდება. მას არანაირი კავშირი არ აქვს იდეოლოგიასთან. მთავარი „იდეოლოგია“ პარლამენტში შესვლაა, რაც მეტნაკლებად შესაძლებელი ხდება უკვე ფონს გასულ მართველ პარტიასთან გარიგებით ან შესაბამისი დაფინანსების წყაროს მოპოვებით.

„ოცნება“ გამონაკლისი არ არის. სწორედ დიდმა ფულმა და ბიზნესმენის ავტორიტეტმა მიიზიდა დღეს „ოცნება“-სთან კოალიციაში მყოფი პარტიები და არა იდეოლოგიამ. რა იქნება მომავალში, ძნელი გამოსაცნობია. მაგრამ ერთი რამ ცხადია – ჩამოშორდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც ის გვპირდება,, დღევანდელი „ოცნება“, წარსულ ოცნებად იქცევა.

ლიდერის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. იქნება ლიდერი, იქნება პარტიაც, არ იქნება ლიდერი – პარტია დარჩება იმ მრავალ რეგისტრირებულ, მაგრამ ფაქტიურად უმოქმედო პარტიათა შორის, რომელთა რაოდენობა ზომაზე მეტია.

            თავის გამოსვლებში პატივცემული ივანიშვილი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დანაპირებს ასრულებს. ამ მხრივ არც შაბათის გამოსვლა ყოფილა განსხვავებული. პრემიერ-მინისტრმა მოკლედ თქვა წარმატებებზე – უკვე გაკეთებულზე, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ჯერაც უხილავზე.

ითქვა ფასების შემცირებაზეც, რომელსაც ადგილი ჰქონია, მაგრამ საზოგადოება ვერ გრძნობს. ძველი ხელისუფლებისავით მალე გვეტყვიან – ცხოვრება საამურია (ქართული ტელევიზიებისა არ იყოს) , მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთო. ხომ არ აჯობებდა ნაკლები აქცენტი გაკეთებულიყო წარმატებებზე, ვინაიდან ბოლო ცხრაწლიანმა „წარმატებებმა“ იმდენად გადაჭამა ხალხს თავი, ამ სიტყვის ხსენაბაც კი უსიამოვნო გაჟრჟოლებას იწვევს.

წარმატებას, თუ მას მართლაც ექნა ადგილი – ხალხი ისედაც დაინახავს, ბოლოსდაბოლოს იგრძნობს – ისე, როგორც „იგრძნო“ პენსიების მომატება, ბენზინზე ფასების დაკლება, ელექტროენერგიის საფასურის შემცირება და სხვა. ამ „წარმატებებით“ გამოწვეული  მცირედი პოზიტიური შეგრძნება, თანაც ერთობ დაშორებული დაპირებიდან, ხომ არის? და რახან მცირედი მაინც არის, ხომ შეიძლება საგრძნობსაც ვეღირსოთ?

წარმატებულად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები, მათ შორის თურქეთშიც, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელმაც პრეზიდენტს აუშალა საღერღელი. შეთანხმების მიხედვით, გარემონტდება თურქეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, ბათუმში კი აშენდება მეჩეთი.

გახსოვთ ალბათ ბათუმში მეჩეთის აშენების იდეას რა რეაქცია მოჰყვა სააკაშვილის ხელისუფლების ზეობისას. ერთ-ერთი თავგადაკლული კრიტიკოსი მაშინდელი ოპოზიციონერი, დღევანდელი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე იყო. დღეს პატივცემული მურმანი დიდ კმაყოფილებას გამოხატავს მიღებული შეთანხმებით, რაც აშკარად მიანიშნებს არამყარ იდეოლოგიაზე, დასაწყისში რომ აღვნიშნეთ. და რაზეც ნიშნისმოგებით ალაპარაკდა სააკაშვილი.

არადა წინა ნათქვამსა და დღევანდელს შორის ერთი წელიც არ არის გასული. არ მინდა დავიჯერო, რომ სხვაობა ვიცე-სპიკერობის ბრალია. მეჩეთის აშენების თემა იმდენად გახმაურებული იყო, მეგონა რეფერენდუმს ვერ გადაურჩებოდით. მსგავსი არაფერი. შეხვდნენ, მოილაპარაკეს, გადაწყვიტეს.

იმჟამინდელ აღშფოთებულ აჭარელთა დასამშვიდებლად, ახალი მეჩეთი, „აზიზეს“ არ იქნება (დიდი შეღავათია) თან აჭარის ბიუჯეტით აშენდება. „ხალხს სალოცავი სჭირდებაო“, – ბრძანა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თითქოს აჭარა მეჩეთების ნაკლებობას განიცდიდეს. მაგრამ ჩვენ ხომ ვართ დემოკრატები და რახან ასეთები ვართ, არ უნდა ჩამოვრჩეთ ევროპას, სადაც სოკოებივით მრავლდება მეჩეთები. მსგავსი ტენდენციის კრიტიკას სისტემატურად აქვს ადგილი იმავე ევროპაში, თუმცა მათი და აჭარის მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება.

სააკაშვილის ხელისუფლების და ოჯახის წყალობით პატარა აჭარა (მოსახლეობით მხოლო 350 ათასი) სწრაფად იძრება დიდი სამხრეთელი მეზობლის ძმობა-მეგობრობაში. დღეს ამას ახალი მეჩეთიც ემატება. საინტერესოა მცირემოსახლიანი აჭარის რა პროცენტია მუსლიმანი?

            ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.