26.12.2024

თანამედროვე ქართული რეალობა

საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ცოტა სჭირდება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასასვლელად. იქნება თუ არა ესოდენ არასახარბიელო პერსპექტივა მოულოდნელი საქართველოში მცხოვრებთათვის? უდავოდ არა, ვინაიდან, რასაც დამოუკიდებლობის წლებში ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ მიტინგი, დემონსტრაცია, ხელისუფლების დამხობაა, სხვაზე რა მოგახსენოთ — არ გამოგვდის.

განვლილი 30 წლის განმავლობაში ვერც დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ, ვერც სახელმწიფო და სასამართლო სისტემები ჩამოვაყალიბეთ, ვერც პატიოსანი ბიზნესი შევქმენით და ვერც ადამიანთა შორის ნორმალური ურთიერთობის უზრუნველყოფა მოვახერხეთ. ერთმანეთის მიმართ ჯაგარაშლილნი, როგორც მტაცებელი ცხოველნი, მზად ვართ ყელი გამოვღრნათ მოწინააღმდეგეს — ჩვენსავე ახლობელს, მეგობარს, ნათესავსაც კი, აღარაფერს ვამბობ მეზობელზე, მოშორებით მცხოვრებზე.

საბრძოლოდ გამზადებულ იარაღს ვგავართ ქუჩაში მოსიარულენი, საზოგადო ტრანსპორტში მყოფნი, ავტომანქანების საჭესთან მსხდომნი, საჯარო თავშეყრის მონაწილენი, სუფრასთან შემომსხდარნი. ყველა ჩვენგანში გაღიზიანებას იწვევს გვერდით ჩაქროლებული ავტომანქანა და „დამრღვევს“ გინების გამომხატველ გაბმულ სიგნალს მივაყოლებთ. არც ის გვრჩება ვალში, ასეთივე „კეთილშობილური“ ჟესტით გვპასუხობს.

არც ერთ ქვეყანაში არ შეინიშნება ისეთი დაძაბულობა, როგორც აქ. არც ერთ ქვეყანაში სუფრის დაწყების წინ, მოწვეული სტუმრები ერთმანეთს ისეთი კოცნა-ხვევით არ ხვდებიან, როგორც საუკუნის უნახავნი; არც ერთი სუფრა ისე არ მთავრდება, შეზარხოშებულმა სუფრის წევრებმა, ღრეობის დასაწყისში რომ ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ, ერთმანეთს არ აგინონ, არ დაჰკრან, ყელი არ გამოჭრან.

მძიმე ცხოვრების ბრალიაო — თავს ვიმართლებთ. მერედა, ვინ შექმნა მძიმე ცხოვრება? იმანო! და ხელს ვიშვერთ სხვისკენ — ვირტუალური დამნაშავისკენ. თითქოს მან ჩაგვძახა დედმამიშვილების სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით შესმა და ფიალაში, ყანწში ჩანატოვარი ღვინით ალავერდზე გადასვლა.

ალკოჰოლმოკიდებულებს აღარც მარტივი ჰიგიენის დაცვა გვახსოვს და აღარც კოვიდის მოთხოვნები, მთავარია ერთმანეთისთვის „ჭეშმარიტი ძმობის“ შეფიცვა.

ქართულ სუფრაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. თამადობის ინსიტუტს ხომ სრულიად საქართველო თავმოწონებით იჩემებს — ჩვენია, ქართველებმა შევქმენითო. ბარაქალა ჩვენს გონებას, მართლაც რა შესანიშნავი რამ შეგვიქმნია — ინსტიტუტი კი არა, აკადემიააო — ვამბობთ სიამაყით და წამითაც ვერ ვუშვებთ, რომ ეს ინსტიტუტი თუ აკადემია ვეღარ ჯდება თანამედროვეობაში, რომელიც დროის მომჭირნედ გამოყენებას მოითხოვს და არა თამადის გემოვნებით შერჩეული ხანგრძლივი, გაბმული სადღეგრძელოების მოსმენას.

ისტორიულად, ქართველობა საქვეყნო საქმეს სუფრაზე ვწყვეტდითო — ამაყად გავიძახით, თითქოს სხვა ერებში ამას ადგილი არ ჰქონია ან არ აქვს. არაერთხელ მიმიმართავს დიპლომატიაში ფართოდ გამოყენეული ამ ხერხისთვის უცხოელი სტუმრების სიმპათიების გამოსახატავად, საქვეყნო საქმეების განსახილველად.

სახელმწიფო ბანკეტზე, რომელიც ხშირად იმართება უცხო ქვეყნის დელეგაციის სტუმრობისას, მთავარი მასპინძელი და დელეგაციის ხელმძღვანელი წარმოთქვამენ სიტყვებს, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

საბჭოთა კავშირის დროს სიტყვები გაზეთებში იბეჭდებოდა. ასე, რომ სუფრაზე პოლიტიკური საკითხების გაჟღერება კაცობრიობისთვის სულაც არ არის უცხო, თუმცა უცხოა ისეთი სუფრა, როგორსაც აქ აქვს ადგილი და რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

აქაური, ხანგრძლივ ჭამა-სმას ითვალისწინებს, გვიანობამდე, დილით „პახმელიას“, ხშირად ხაშს, სამსახურის გაცდენას — არაუშავს, ის არსად გაიქცევაო — ვამბობთ.

კარგა ხნის წინათ გაზეთში წავიკითხე ინგლისში მცხოვრები ქართველის სტატია, სადაც გვთხოვდა არ მოვგვცეულიყავით ისე, როგორც ის მოიქცა. მას დაბადების დღეზე კოლეგები დაუპატიჟებია. კარგად მოულხენიათ. დილით მასპინძელს დაგვიანებია სამსახურში, რასაც კოლეგებში უკმაყოფილება გამოუწვევია.

ნეტავი, როგორ შეხვდნენ თანამშრომლები სახელმწიფო მოხელეებს, პარლამენტარებს, რომლებმაც კარანტინის დროს, მთელი ღამე იქეიფეს ერთ-ერთი პარლამენტარის ქალაქგარე სასახლეში? ან ნაქეიფარნი მივიდნენ სამსახურში?

ქართულ სუფრას ფეოდალიზმის ელფერი დაჰკრავს. ამ რიტუალით თანამედროვეობაში შეჭრა და იქ დამკვიდრება შეუძლებელია. იქ, მიუღებელია ზოგიერთი ქართული ტრადიცია, რაც გასათვალისწინებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის ყოველთვის ვიქნებით საშიში უცხო სხეული.

რაციონალური შრომა, საქმეზე კონცენტრაცია, არა ყალთაბანდობა და ფონს იოლად გასვლა არის იმ საზოგადოების უპირველესი მოთხოვნა, სადაც შეღწევას ვაპირებთ. და ვიდრე არ დავიწყებთ მათი დავალებების პირნათლად შესრულებას, არაფერი გვეშველება. ცხოვრებას ვერ ავაწყობთ, ცხოვრებისთვის საჭირო სოციალურ ვითარებას ვერ შევქმნით; სახელმწიფო სისტემას ვერ ჩამოვაყალიბებთ. ძნელია ამის გაკეთება?

იოლი არაფერია!

იოლი ისაა, როგორც ვცხოვრობთ — თანამედროვეობაში, ფეოდალური მადით, წეს-ჩვეულებებით, მიუღებელი ტრადიციებით. ვერაფრით შევურწყვეთ ერთმანეთს ძველი და ახალი, წარსული და თანამედროვეობა. რაც უცხოეთიდან გადმოვიღეთ ზედაპირულობა, უკუღმართი თვისებებია — იქაური საზოგადოების უმრავლესობისთვისაც მიუღებელი.

მივიღეთ ის, რაც იოლი მისაღები იყო და ჭკუა-გონების დაძაბვას არ მოითხოვდა, თან ჩვენს კუჭურ მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა, არ ემუქრებოდა. ჩვენი კუჭისთვის მიუღებელს, 30 წელია ვებრძვით — ფარულად თუ ღიად. სხვათა, ამ შემთხვევაში უცხოელ დამრიგებელთა მოსაჩვენებლად რა კანონებს არ ვქმნით, სადაც ისეთ ხვრელებს ვტოვებთ, საკუთარ კუჭს რომ არ ემუქრება.

 30 წლის განმავლობაში რამდენი საარჩევნო კანონი შევქმენით, ვინ მოთვლის? მაგრამ ამ კანონების მიხედვით ჩატარებული არჩევნები რომ ერთი მეორეზე უარესია, გასაკვირია? თითოეულში დატოვებულმა „შავმა ხვრელებმა“ გამოიწვია ყალბი არჩევნები და აქედან გამომდინარე მძიმე შედეგები — კორუმპირებული პარლამენტი, კორუმპირებული აღმასრულებელი ხელისუფლება, კორუმპირებული სასამართლო და ა.შ. და ბოლოს ცუდი ცხოვრება, რომელსაც სისტემატურად ვახსენებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ვერადავერ გადავლახეთ ის ბარიერი, რომელიც ყალბ და გამჭვირვალე არჩევნებს შორის დევს — გამჭვირვალისკენ, ვინაიდან საკუთარი კუჭი გვახსენებს თავს. მას დღევანდელი კვერცხი ხიბლავს. დღეს და ახლა მიღებული ძალაუფლება. ის უარს ამბობს ხვალინდელ ქათამზე — ყველას რომ დააკმაყოფილებს. მას, ყველას დაკმაყოფილების მაგივრად, საკუთარი კუჭის დაკმაყოფილება სურს.

2010 წლის ოქტომბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ კონსტიტუციაში — შეუფერებელი ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხისთვის. მისი მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ისეთ დონეზე დავიყვანეთ, არაფრის უფლება რომ არ აქვს. მეტი უფლებით აღვჭურვეთ პარლამენტი და პრემიერი. შდეგი?

საპარლამენტო ყაყანი — უსაგნო, გაუთავებელი. გაუკეთებელი საქმე.

უნებლიედ იბადება კითხვა — რა მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციას, კანონს, ბრძანებულებას, დადგენილებას თუ მას საყოველთაო კეთილდღეობა არ მოჰყვება? რა მნიშვნელობა აქვს ესოდენ „ჩამოყალიბებულ“ სახელმწიფო სისტემას, რომელსაც იოლად შეუძლია თვალის დახუჭვა და ქვეყნის განუსაზღვრელ ბატონ-პატრონად მილიარდერის გატარება?

2012 წლის არჩევნებმა ორი წლით ადრე მიღებული კონსტიტუციაც თავზე დაგვახია და პრეზიდენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტები, საკანონმდებლო ორგანო არარაობად აქცია. არც ერთ მათგანს არაფრის გადაწყვეტის უფლება არ აქვს იატაკქვეშელ მილიარდერთან შეუთანხმებლად; უფრო მეტიც, მათ ინიციატივის სურვილიც არ აქვთ. ინიციატივაც და სურვილიც, დირექტივების სახით მილიარდერისგან მისდით.

ამ ფონზე გასაკვირია რას ემსახურება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტები საზღვარგარეთის ქვეყნებში. რა შეიძლება ამ ვიზიტებმა მოუტანოს ქვეყანას?

არც არაფერი! უფლება-მოვალეობებით შეზღუდული პრეზიდენტის უცხოური ვიზიტების შედეგებს მთავრობა რომ არ გაიზიარებს, ფაქტია! პრეზიდენტის ვიზიტები, რომ მარტო მის გულს ახარებს, ესეც ფაქტია. რომ იტყვიან — ღმერთმა ხელი მოუმართოსო, მაგრამ რატომ საქართველოს მწირი ბიუჯეტის ხარჯზე?!

სახელმწიფო ფულის ჭამა ამ ქვეყანაში მიღებული რამ არის. ამას ჰქონდა ადგილი შევარდნაძის მმართველობის დროს, შემდეგ სააკაშვილის, ახლა ივანიშვილის, თუმცა ივანიშვილის პერიოდის სახელმწიფო ბიუჯეტის ჭამა მრავალჯერ აჭარბებს წინამორბედთა მადას. შედეგი?

გაჩანაგებული საქართველო. არადა, სუფრაზე რა პატრიოტები ვართ?!

„ოცნების“ ხელისუფლებამ ელიტარული კორუფციის თვალსაზრისით არა მარტო წინამორბედებს გაუსწრო, არამედ ამ საქმეში გამობრძმედილ ქვეყნებსაც. მან ისე ღრმად შეტოპა კორუფციულ ჭაობში, საცაა ჩაიხრჩვება, მაგრამ განგების მიერ იმ ქვეყნად გამწესებამდე თავდაუზოგავად ჭამს.

ცხრა წლის განმავლობაში მადიან ჭამას მიჩვეულს ვინ გამოგლეჯს პირიდან სამშობლოს ძუძუს?! ან დათმობს ასე იოლად?

არ დათმობს! და რომ არ, ამის მომსწრენი ვართ — სტატისტებად ქცეული ხალხი, მიჩვეული ყოველგვარ უკუღმართობას, უნამუსობას, თავხედობას, ტყუილს, … .

30-წლიანმა საზარელი ცხოვრების გამოცდილებამ გვასწავლა მოთმინებით შევეგუოთ ყველა ხელისუფლების ავკაცობას; არჩევნების წინ რაც მისაღებია, მივიღოთ — ქრთამის და პროდუქტების სახით. არჩევნების შემდეგ ვთქვათ — მძიმე ცხოვრებააო და ა.შ.

30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ბოლომ, თუ რა გვასწავლა — საკუთარ საარჩევნო ხმაში ფულის მიღებაა. ყველა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ბოლომ თუ რა ჩაგვინერგა თავში — ხელისუფალთა მუქთახორობასა და ღორობაზე თვალის დახუჭვაა. შედეგი?

კორუმპირებული ხელისუფლება — განუზომელი მადით, მოხვეჭილი ქონებით და კორუმპირებული საზოგადოება — ნაკლები ფულით და ქონებით.

რა დასამალიადა, ამ უკანასკნელს „ფულის დაზგასთან“ სიახლოვის შანსი რომ გასჩენოდა, ისეთივე იქნებოდა, როგორც ხელისუფლება. რუსული ანდაზისა არ იყოს — „უზნეო საქციელი, გადამდებიაო“. აი, ერთი მაგალითი — ინტელიგენციის წარმომადგენლები რომ მილიარდერის მიერ „ხელფასად“ დანიშნულ ფულს იღებენ ყოველთვიურად და ირგვლივ გამეფებულ საზარელ ცხოვრებაზე ხმასაც არ იღებენ, მოსყიდვა არ არის? სიმუნჯისთვის მიღებული ფული კორუფციაში არ გადის?!

„ცუდი“ ცხოვრების გამოსწორების ერთადერთი გზა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებია, რომელიც ქვეყნის საჭესთან მისვლის გზას გაუხსნის სხვა პოლიტიკურ პარტიებს და … და დაიწყება ან უფრო სწორად გაგრძელდება ის, რაც იყო.

„მორჩა კინო“, არ იქნება, ვინაიდან „ფულის დაზგასთან“ მისულს რა შეაკავებს?! ის, ხომ „ფულის დაზგასთან“ მისვლისთვის იბრძოდა და არა იმ დაპირებების განსახორციელებლად, უხვად რომ აფრქვევდა არჩევნების წინ?

რომ იტყვიან — საშველი აღარ ყოფილა. საშველი, სოციალური რევოლუციის მსგავსი მოვლენა და პატიოსანი რევოლუციონერების ქვეყნის სათავეში მოსვლა, მაგრამ არიან კი ასეთები ჩვენს კორუმპირებულ სინამდვილეში?!

ჩვენს რეალობაში შექმნილი ნეგატიური ვითარება არ მაძლევს ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის საშუალებას, თქვენ, პატივცემულო მკითხველო?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

17/10/2021