01.11.2026

ევროკავშირული კრიზისი ჭკუათხელი პოლიტიკოსების ბრალია

EU crisis

თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება პოლიტიკური მოვლენები საერთაშორისო არენაზე, რაც თავისთავად იწვევს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის არასტაბილურობას, ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გადახედვას, თვით ქვეყნების შიდაცხოვრების დაძაბულობას, არსებული სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ძალების გააქტიურებას, იერიშზე გადასვლას, რისი მოწმენიც გავხდით სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების — გასულ კვირას ჩატარებულის დროს.

პრეზიდენტი ვუჩიჩი — დარწმუნებული გამარჯვებაში, გადადგა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ვუჩიჩს პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ. ასე ეგონა მას, მაგრამ წინასწარმეტყველებამ უმტყუნა.

სამთავრობო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩევლების უმრავლესობა მას დაუჭერდნენ მხარს — ის ამომრჩევლები, რომლებიც მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ანუ ტრადიციონალი ვუჩიჩელები, მაგრამ სერბეთში ანტივუჩიჩელებიც არიან, რომლებიც ასევე ტრადიციულად არ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ისინი, ისე, როგორც წინათ, თავს აარიდებდნენ  არჩევნებს, ვუჩიჩის მომხრეები კი პირიქით. შეცდნენ!

არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა ვუჩიჩის საწინააღმდეგოდ. მათ, მხარი დაუჭირეს ახალ პარტია „სტუდენტიურ სიას“ და თვით სტუდენტთა გასაკვირად დიდი ანგარიშით დაამარცხეს მმართველი პარტია.

ვუჩიჩი საკუთარ მახეში გაება — საკუთარ თვითდარწმუნებაში, რამაც პირადად მას და მის პარტიას დამარცხება აგემა. ვუჩიჩის დამარცხებას უდავოდ მოყვება სერიოზული ძალთა გადანაწილება ევროპაში.

გახარებულმა ევროკავშირის ბრიუსელურმა შტაბ-ბინამ, ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის, სხვა მაღალჩინოსანთა სახით,  გამარჯვებულებს უმალ მიულოცეს წარმატება, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა კი განაცხადა, რომ გამარჯვება დააჩქარებს სერბეთის ევროკავშირში შესვლას.

ვუჩიჩის პრეზიდენტობის პერიოდში ბელგრადი დაბეჯითებით ითხოვდა ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ ბრიუსელის პასუხი იყო ასეთი — რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა, მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, ევროპული ფასეულობების სრული გაზიარება, ლგბტ-ს აღიარება და სხვა.

სერბეთის ისტორიული კავშირები რუსეთთან სიღრმისეულია და ზედაპირულ განხილვას ვერ დაექვემდებარება. სერბები თვლიან, რომ რუსები მოძმეები არიან და მას ვერაფერი დაუდგება წინ.

კრემლი ყოველთვის მხარს უჭერდა სერბეთს ტერიტორიულ საკითხებში, ეწინააღმდეგებოდა სერბეთის ისტორიული ტერიტორიის, კოსოვოს სერბეთიდან ჩამოჭრას, კატეგორიული წინააღმდეგი იყო და არის კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადებას.

სერბეთისა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მჭიდრო კავშირები პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველია. სერბეთსა და რუსეთს შორის არსებული ენერგეტიკული ხელშეკრულება — შეღავათიან ფასებში რუსული გაზის მიღება სერბეთის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სტაბილურობის გარანტიაა. რა იქნება ახალი ხელისუფლების პირობებში ძნელი სავარაუდო არ არის.

სერბეთი გაიზიარებს ბრიუსელის მოწოდებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე, ისე, როგორც რუსული გაზის არმიღებაზე. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ძალაში შევა რუსულ ენერგეტიკაზე უარი.

სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ სურვილი აქვს იყოს.

ეს სურვილი ჰქონდა სერბეთს ვუჩიჩის დროს. ეს სურვილი გაცილებით მძაფრი იქნება ახალი ხელისუფლების დროს. „ახლები“, ვუჩიჩის პრეზიდენტობისას დაბეჯითებით მოითხოვდნენ ყველა ბრიუსელური დავალების შესრულებას, ევროკავშირში შესასვლელად, ხელისუფლებაში მოსულებს რაღა დაუდგებათ წინ?

იყო თუ არა ევროკავშირული ჩარევა სერბეთის არჩევნებში?

რომ იყო, თვით დამარცხებულმა ვუჩიჩმა განაცხადა არჩევნების დამთავრებისთანავე.

ევროკავშირი წლების განმავლობაში ამზადებდა ნიადაგს სერბეთის პოლიტიკური სისტემისა და ვექტორის შეცვლისთვის, ოპოზიციური ძალების, განსაკუთრებით სტუდენტობის გადაბირებით, დასავლური ცხოვრების წესების მათთვის თავსმოხვევით, „ტკბილი“ ცხოვრებით დაიმედებით და ა.შ. მაგრამ რამდენად „ტკბილი“ ცხოვრება ექნება სერბეთს ევროკავშირში შესვლით და იქნება თუ არა ის მომავალი „სიტკბო“, იმაზე უკეთესი, ვიდრე სერბეთში, ძნელი სავარაუდოა — ევროკავშირში არსებული დღევანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ენერგეტიკულ-სოციალური ვითარების გამო.

ამ სტატიის წერის პროცესში ახალი ინფორმაცია მივიღე — 1000 კუბ. მ გაზზე 1226 დოლარი, რაც ექსპერტების განცხადებით, გაზის ღირებულების ის მწვერვალი არ არის, რის შემდეგ ფასების კლება დაიწყება.

პირიქით, ექსპერტები აცხადებენ, რომ წინ ზამთარია, რაც თავისთავად გაზრდის გაზზე მოთხოვნებს, ფასს. ენერგორესურსებზე ფასების მატება ენერგორესურსების დეფიციტით არის გამოწვეული. დეფიციტი კი ევროპელი ჭკუათხელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით რუსულ გაზზე, სხვა ენერგომატარებლებზე ეკონომიკური სანქციების დაწესებით.

რუსული იაფი გაზის, ძვირი ამერიკული დაჭირხლულით ჩანაცვლებამ მძიმე შედეგი გამოიღო. გაძვირებული ამერიკული გაზი ისეთი აღმოჩნდა, რომ შეაფერხა ევროკავშირული სამრეწველო მანქანის მუშაობა. მის მიერ წარმოებული პროდუქცია ნაკლებ კონკურენტუნარიანი გახდა, გამოიწვია გიგანტი საწარმოების დახურვა, უმუშევრობა, სოციალური გაუსაძლისობა.

გერმანიის ავტომშენებლობის გიგანტები აშშ-სა და ჩინეთს მიადგნენ „თავშესაფარად“. აი, ასეთ „მომხიბლველ“ ედემის ბაღში მოუწევს სერბეთს, ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ცხოვრება, თუკი მას იქ შეუშვებენ.

ევროკავშირი, რომ არავითარი „ედემის ბაღი“ არაა, ყველა ჭკვიანმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა იცის, მაგრამ არა მათმა ქართველმა კოლეგებმა ოპოზიციიდან. ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დიდი ჭკუა-გონებით რომ არ გამოირჩევიან, საყოველთაოდ ცნობილია. დაბალი პოლიტიკური განათლება, დაბალი პოლიტიკური კულტურა, რეალობის ადეკვატური აღქმის უუნარობა, არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს, არამედ გარემოზე, სადაც ისინი ცხოვრებენ, „მოღვაწეობენ“.

 ხუთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური არენიდან ჩამოშორება ხელს შეუწყობს შექმნილი ვაკუუმის შევსებას. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ახალი პოლიტიკური პარტიები, პრაგმატული გეგმებით — სახელმწიფოს განვითარებისთვის გამოსადეგით, გაცილებით წაადგება ქვეყანას, ვიდრე გამუდმებული, უსაგნო ლაქლაქი, ჭორიკნობა, ევროპული ე.წ. ფასეულობებისადმი თაყვანისცემა.

პოლიტიკური პარტიის უმთავრესი მიზანი საკუთარი ფასეულობების დაცვა უნდა იყოს და არა სხვისი ფასეულობების ბრმა გაზიარება — აშკარად გამოუსადეგარის საკუთარი ქვეყნისთვის.

არაერთხელ აღმინიშნავს წინა სტატიებში ევროპოლიტიკოსთა უნიათო მმართველობის თაობაზე. ყველა ისინი ერთ თარგზე არიან მოჭრილი ე.წ. დიპ სტეიტის თარგზე. ყველა ისინი ებრძვიან რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლით თვით განიცდიან სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ ჩავარდნებს.

ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის შესახებ ობიექტურად ილაპარაკა პუტინმა გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“-ის ავტორთან ინტერვიუს დროს, რომლის ნახვა (თუკი ამის სურვილი გაგიჩნდებათ) შეგიძლიათ ჩვენსავე საიტზე. მე კი შემოგთავაზებთ ჩემეულ ხედვას, დასავლელი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით.

ა.წ. 25 აგვისტოს მოსკოვს იმყოფებოდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი. მისმა ვიზიტმა, რომ კოლექტიურ დასავლეთში, ევროკავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებში  დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, გასაკვირი არ არის, ვინაიდან აშშ-რუსეთს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება ჯერ-ჯერობით დიდი სითბოთი არ გამოირჩევა. პირიქით, რუსოფობ ამერიკელ პოლიტიკოსთა წყალობით ცივია, როგორც აისბერგი და მის გალღვობას, სურვილის შემთხვევაში დიდი დრო დასჭირდება.

ევროპელები, რომლებიც ტრამპის მხრიდან ვერ გრძნობენ მოკავშირული ურთიერთობის სითბოს, აშშ-ს ადმინისტრაციის, თუნდაც მინიმალური ინტერესის გაჩენისთანავე რუსეთის მიმართ,  ეჭვით სკდებიან და საგონებელში ჩავარდნილები ისეთ ჭორებს ავრცელებენ, ნებისმიერ გონიერ ადამიანს რომ გადააქანებს.

რეტკლიფი — აშშ-ს პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი იმიტომ იმყოფებოდა მოსკოვში, რომ თვალი აეხილა პუტინისთვის რუსეთში მიმდინარე პროცესებში, განსაკუთრებით უკრაინის ფრონტზე.

ჭორის მიხედვით, რუსი გენერლები და მინისტრები ატყუებენ რუსეთის პრეზიდენტს, არ ეუბნებიან მას, რომ რუსეთის არმია უკან იხევს დიდი დანაკარგებით — როგორც მეომართა, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით; რომ რუსეთის ეკონომიკა დაქცევის პირასაა, ამიტომ აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის მთელს პერიმეტრზე და დაიწყოს მოლაპარაკება.

რეტკლიფისეული ზღაპარი თუ სინამდვილეა — მოსაწონი უნდა იყოს აშშ-სთვის, რომელიც აქტიურად ეხმარება უკრაინას — ბაიდენის დროს პირდაპირ, ტრამპის დროს ირიბად. ტრამპმა უკრაინის დახმარება ევროკავშირ-ნატოს გადააბარა. აშშ-ს ისღა დარჩენია წყნარად იჯდეს მდინარის პირას და უყუროს მეტოქე რუსეთის ომში დამარცხებას, პატარ-პატარა ნაწილებად დაშლას. ლეგენდის მიხედვით, რეტკლიფი მოსკოვში რუსეთის გადასარჩენად ჩავიდა?!

ესოდენ „ეგზოტიკური“ დასკვნის გაჟღერება აშკარად მანიშნებელია პროგრესირებული ტვინის დაავადების ან გათვლილია იდიოტებზე. ცეცხლის შეჩერება ხელს აძლევს უკრაინას და დასავლეთს, ვინაიდან ზელენსკის მიერ გამოცხადებული სამხედრო კამპანია, რუსეთის იძულებითი მეთოდით მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მისაყვანად — ჩაიფარცხა.

კიევის მიერ რუსეთის გემებზე იერიშის მიტანამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია კრემლში, რასაც მოჰყვა კიევის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, სხვა ქალაქების სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა.

კიევის მოსახლეობამ 4-წლიანი ომის შემდეგ ახლა იგრძნო უსინათლობა, უტრანსპორტობა, პროდუქტების დეფიციტი, სიცივე საცხოვრებელ სახლებში, ანუ ყველა ის „სიკეთე“, რაც ომის თანმხლებია.

40-დღიანი ზელენსკისეული გეგმის მთავარი მიზანი იყო რუსეთის მოსახლეობის ანტიპუტინურად განწყობა, ამბოხების გამოწვევა, ხელისუფლების დამხობა. კიევის მიერ რუსეთის რეგიონების საცხოვრებელი სახლების დაბომბვამ გააღიზიანა რუსეთის მოსახლეობა — კრემლის რბილი დამოკიდებულების გამო უკრაინის მიმართ.

რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მოითხოვს ხისტ, მკაცრ დამოკიდებულებას უკრაინისადმი, სწრაფ იერიშს საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, უკრაინის კაპიტულაციას.

კრემლში იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ბოლო დრომდე თავშეკავებულად იქცეოდნენ, რაც თავისთავად აჭიანურებდა ომს, ზრდიდა დანაკარგებს, მაგრამ ზელენსკის 40-დღიანმა კამპანიამ მაღვიძარასავით იმოქმედა მასზე და გააფართოებინა შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე.

რა მოიტანა რუსეთის მასირებულმა საჰაერო თავდასხმამ?

ის, რომ რუსეთის სამხედრო ძალები, ცოცხალი და საბრძოლო იარაღის რესურსით მრავალჯერ აღემატება უკრაინულს, რომ რუსეთს თავისუფლად შეუძლია ბომბებით დაფაროს მთელი უკრაინა, უკრაინას კი ამის შესაძლებლობა არა აქვს, მიუხედავად ევროპა-ამერიკის დახმარებისა.

ის, რომ ევროპა, სამხედრო თვალსაზრისით, არც ისეთია, როგორც მათი ლიდერები აცხადებდნენ, რუსეთისთვის კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ეკონომიკური სისუსტე მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ლეგენდის მიხედვით, ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით ევროკავშირი, დიდ ბრიტანეთთან და ნორვეგიასთან ერთად ჩამორჩება ჩინეთს, მაგრამ უსწრებს აშშ, ხოლო რუსეთს 5-ჯერ. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მისი ეკონომიკა ისეთივე საპნის ბუშტია, როგორც სამხედრო ძლიერება.

ევროპამ თავისი უგნური პოლიტიკით, „მწვანე ენერგეტიკის“ აჩემებით თვით გამოიწვია დეინდუსტრიალიზაცია. მისი ეროვნული პროდუქტის წარმოების 80%-ზე მეტი მომსახურების სფეროზე მოდის, ძირითადად საფინანსოზე, ანუ ჰაერიდან ფულის კეთებაზე.

თვით ევროპელთა განცხადებით, მათი ეკონომიკური წინსვლა, ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირზე, შემდეგ რუსეთისგან მიღებულ იაფ ენერგომატარებლებზე იყო დამოკიდებული, უსაფრთხოება კი აშშ-ზე.

როდესაც პირველი, ისტორიას ჩაბარდა, ხოლო მეორე, მნიშვნელოვნად შემცირდა, გაირკვა, რომ მას უჭირს არა მარტო პარაზიტი მიგრანტების გამოკვება, არამედ აბორიგენი მოსახლეობის.

ევროპა არჩევანის წინაშე დადგა — საკუთარი მოსახლეობის სოციალური პროგრამების დაფინანსება, მიგრანტების თუ უკრაინისთვის აშშ-გან იარაღის შეძენა.

ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა კარგა ხანია დაკარგა საწარმო სიმძლავრე და კვალიფიციური კადრები. ასე რომ, მსუყე დაფინანსების შემთხვევაშიც კი მას გაუჭირდება საკუთარი ჯარის სამხედრო ტექნიკით აღჭურვა, ისე, როგორც უკრაინის.

იარაღი მიწიდან არ ამოვა, რაც არ უნდა წყალი დაასხა, მას დამზადება სჭირდება. დამზადებას დრო და დიდი ფული.

სამხედრო მრეწველობის გამართული მუშაობით ვერც აშშ-ი იყოყოჩებს. ის ვერ ასწრებს, ირანთან ომში ჩართული, საკუთარი ჯარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამ ფონზე რუსეთი უკეთ გამოიყურება. ირკვევა, რომ ვერც გასული საუკუნის ქაოსურმა 90-იანმა წლებმა, ვერც 21-ე საუკუნის გამოწვევებმა ვერ გაანადგურა რუსეთის ეკონომიკა, პირიქით განაახლა და „გადატვირთა“. საბედნიეროდ, მან ვერ შეძლო დასავლურ ეკონომიკაში ჩართვა, რაც ისეთივე კრიზისს გამოიწვევდა, როგორსაც ევროპაში აქვს ადგილი.

რუსეთის მოსახლეობა ითხოვს დარტყმების ინტენსიურობის გაზრდას და არა შემცირებას — დაუნდობლად, კაპიტულაციამდე.

1 ნოემბერი ევროკავშირის დაბადების დღეა. ის, 1952 წელს დაიბადა — ქვანახშირისა და ფოლადის კავშირად.

1995 წელს, როდესაც ორგანიზაცია წარმოუდგენლად გაიზარდა, გაჩნდა ე.წ. საერთო ფასეულობების იდეა, რომელმაც ეკონომიკური კავშირი, იდეოლოგიურად აქცია. 2019 წელს კი „ევროპულმა ფასეულობებმა“ „მწვანე“ რევოლუცია გამოაცხადა და უარი თქვა ნავთობზე, გაზზე, ქვანახშირზე, ატომურ ენერგიაზე. შედეგი?

სავალალო. დაქცეული ეკონომიკა, უმუშევრობა, საპროტესტო გამოსვლები თითქმის ევროპის ყველა ქვეყანაში, დანგრეული მაღაზიები, დამწვარი ავტომანქანები, ომი პოლიციასა და პროტესტანტებს შორის.

აი, ასეთი ევროპა არის დღეს — მძიმე სოციალური პირობებით, სხვა „სიკეთეებით“, რომელიც მას არაპროფესიონალმა, გონებაშეზღუდულმა პოლიტიკოსებმა მოუტანეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

01/11/2026