16.10.2026

არის თუ არა საჭირო სხვა პოლიტიკური კურსი?

3x3 formati

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 35 წელი გავიდა — ისტორიისთვის არცთუ დიდი დრო, რამაც დასავლეთი სხვაგვარად აალაპარაკა, სწორედ ის, ვინც გამარჯვებას ზეიმობდა „საშინელი ურჩხულის“ გაქრობის აღსანიშნავად.

ქვემორე სტატიას არავითარი პრეტენზია არ აქვს გიგანტი სახელმწიფოს დაშლის პროცესის შეფასების, მაგრამ ზედაპირული, სუბიექტური მოსაზრების გამოხატვის უფლება აქვს, მითუმეტეს თუ ასეთისგან დასავლელი ექსპერტები, პოლიტიკოსები თავს არ იკავებენ. ყველა მათგანის გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, აი, მათი ნათქვამი კი საყურადღებოა, ისე, როგორც ანგარიშგასაწევი ნებისმიერი პოლიტიკური დისკუსიისა და კამათის დროს.

საერთაშორისო არენაზე გამართული პროსაბჭოური პოზიტიური განცხადებები ძველს ვერა და ვერ დააბრუნებს, მაგრამ სამომავლო ცხოვრებისთვის აუცილებელ პლაცდარმს შექმნის ასეთს — ვიდრე რაღაცის გაკეთებას დაიწყებ, იფიქრე, რამდენად წაგადგება, მოგიტანს თუ არა სიკეთეს, რისთვისაც გადადგი ნაბიჯი.

1991 წლის დეკემბრის გამოსვლა, გაკეთებული საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის მიერ დასავლეთთან მრავალწლიან ომში — დამარცხების აღიარება იყო.

დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაშლილის მემკვიდრედ რუსეთის ფედერაცია გამოცხადდა, რომლის პრეზიდენტმა ელცინმა თავი ვერ გაართვა უზარმაზარი ქვეყნის, საბჭოეთზე ნაკლების, მაგრამ მაინც მსოფლიოში ყველაზე დიდის მართვას. და რუსეთი, რუსები რომ იტყვიან — „დოვიოლ დო რუჩკი“ (довёл до ручки).

თავის გადასარჩენად, მოსახლეობის გამოსაკვებად საბჭოეთის დროს აშენებული გიგანტი საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები, მათ შორის სამხედრო მრეწველობის კაპიკებად გაიყიდა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ სახელგანთქმული ხელოვნების მუშაკები სახელდახელო ბაზრებზე გავიდნენ — სახლში არსებული ძვირფასი ნივთების გასაყიდად, შემოსული ფულით, ასევე კაპიკებით კვების პროდუქტების შესაძენად.

გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთი ქაოსში იყო გახვეული. და არა მარტო ის, არამედ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის ჩვენიც. ძვირადღირებულ ავტომანქანებზე წამოსკუპებულ დღევანდელობას წარმოდგენა არ აქვს რა ხდებოდა საქართველოში.

არ იცის უმძიმესი ძმათაშორისი სისხლიანი დაპირისპირების თაობაზე; არ იცის ავტონომიურ ფორმირებებთან გამართული ომის შესახებ; არ იცის უშუქობის, უგაზობის, უპურობის, კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების არ არსებობის შესახებ; არ იცის პურზე გრძელი რიგები, უტრანსპორტობა.

თბილისი და საქართველო ის უნიკალური ადგილი იყო, სადაც მსუბუქი ავტომანქანა კანტიკუნტად დადიოდა; ტაქსი საერთოდ გამქრალი იყო იმჟამინდელთა ცხოვრებიდან. არ იცის მასობრივი ქურდობის, ბინების გატეხვის, ძარცვის შესახებ; არ იცის, რომ თბილისელები სამსახურში ფეხით დადიოდნენ — ყოველგვარი ხელფასის გარეშე.

თბილისის ომის შემდეგ უზენაესი საბჭოს შენობიდან გამოძევებულმა საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ, ოპოზიციასთან შეთანხმებით და უსაფრთხო დერეფნით სომხეთისკენ გასწია. არ იცის, რომ ის, სომხეთმა არ მიიღო. არ იცის, რომ სომხეთის ხელისუფალთა მიერ გაწბილებულმა, დუდაევის ჩეჩნეთს მიაშურა.

ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი გახლდით, უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული, მხილველი იმ უბედურებისა, რაც ქვეყანაში დატრიალდა. მხილველი მთავრობის სახლის ნგრევისა ოპოზიციონერთა შეტევით. მხილველი ნახევრად დანგრეულ-დამწვარი შენობისა, მმართველობითი ორგანოს შედევრისა — ხუროთმოძღვრების და ფუნქციონალურობის თვალსაზრისით.

ყოფილი მთავრობის სახლი, დღევანდელი პარლამენტის შენობა ერთადერთია საქართველოში თავისი სიდიდით და გრანდიოზულობით — სვეტიცხოვლის მსგავსი — არქიტექტურიდან, დანიშნულებიდან გამომდინარე.

თბილისის ომის შემდეგ, არც მანამდე, საქართველოს მოსახლეობამ არ იცოდა პარლამენტის ფუნქცია, რასაც უნდა მივაწეროთ მეამბოხე გენერლებისა და მათზე აყოლილი საზოგადოების განცხადებები შენობის დანგრევასთან დაკავშირებით. არგუმენტი?

შენობა ეკლესიის ადგილზეა აშენებული კომუნისტების მიერ და შენობაში იმყოფებოდა „სატანა“ გამსახურდია.

თბილისელები გულგრილად ისმენდნენ ავის მომასწავლებელ უმეცრებას, ბოროტებას. არვის სიტყვაც არ დასცდენია შენობის დასაცავად. უზენაესი საბჭოს გარეშე დარჩენილმა თქვენმა მონამორჩილმა მიაღწია გამარჯვებულ „ტრიო“ — სიგუა-კიტოვან-იოსელიანამდე და დაბეჯითებით მოითხოვა შენობის შენარჩუნება.

მინისტრთა საბჭოს დროებითმა თავმჯდომარე სიგუამ, მინისტრთა საბჭოს სხდომა გამართა თბილისის დანგრეული ცენტრის აღდგენითი სამუშაოების დაწყებისთვის.

განიხილეს მთავრობის სახლის საკითხიც. თბილისის მერის ლითანიშვილის განცხადებით, მთავრობის სახლი არ დაინგრეოდა, მაგრამ პროფილი შეეცვლებოდა. სახლი ბიზნეს-ცენტრად გადაკეთდებოდა.

მისი მოსაზრებით, რუსთაველის პროსპექტზე არ უნდა ყოფილიყო არც ერთი სამთავრობო დაწესებულება. პროსპექტი უნდა ყოფილიყო სალაღობო, სასეირნო ზონა, რესტორნებით, კაფე-ბარებით, საკონცერტო დარბაზებით. ჩემს შეკითხვაზე — სად იქნებოდა უზენაესი საბჭო? მან მიპასუხა — თბილისის ზღვაზე.

რატომ?

იმიტომ, რომ მომავალში გამორიცხული იყო თბილისის ცენტრში მიტინგების გამართვა.

ამ ბრიყვული პროექტის მოსმენის შემდეგ მოვითხოვე შენობის აღდგენითი სამუშაოების დაწყება და უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, არჩეულების მიერ იმ საკითხის გადაწყვეტა, სად უნდა ყოფილიყო უზენაესი საბჭო — რუსთაველის პროსპექტზე თუ თბილისის ზღვაზე.

ჩემი წინადადება მისაღები გახდა სიგუასთვის. მშენებლობის სამინისტროს დაევალა აღდგენითი სამუშაოების დაწყება, მე კი ზედამხედველობა სამუშაოს მიმდინარეობაზე.

ეს ისტორია იმისთვის გავიხსენე, რომ მკითხველს წარმოდგენა შეექმნას იმჟამინდელ ვითარებაზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე თავისი ისტორიისადმი, ისტორიული ძეგლებისადმი. იმასაც გეტყვი, რომ უფანჯროდ, უკაროდ, დაუცველად დარჩენილ შენობაში შესული „ამაყი“ თბილისელები, სუფრაზე პატრიოტები გულმოდგინედ ძარცვავდნენ ინტერიერში არსებულ ქონებას.

გასული საუკუნის 90-იანმა წლებმა უმძიმესი დაღი დაასვა ჩვენ ცხოვრებას — პიონერული ჰალსტუხები ჩამოხსნა სკოლის მოსწავლეებს, კომკავშირლებს —სამკერდე ნიშნები, ნაცვლად საღეჭი რეზინები, ჯინსები და დემოკრატია უბოძა — ახალი ცხოვრება, რომლის შესახებ არვინ არაფერი იცოდა. უპატრონოდ, ურუსეთოდ დარჩენილმა ახალმა საქართველომ ერთადერთი რაც მოიფიქრა — საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ქარხნების დანადგარების გაყიდვა იყო.

ასე გაიყიდა კიროვის ჩარხთმშენებელი ქარხნის სანიმუშო დანადგარები. დაინგრა და გაპარტახდა საწარმოები, კომბინატები, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები, მათთან ერთად ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, კვალიფიციური მუშათა კოლექტივები.

თავისთავად გაწყდა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ნაცვლად ევროპისკენ დავიწყეთ ყურება. გამოვხატეთ სურვილი ევროკავშირ-ნატოში გაწევრების.

ეს სურვილი დღემდე შემოგვრჩა და მასთან ერთად იმედი იქ შესვლის. როგორც მაშინ, ისე დღეს საქართველოს პოლიტიკამ საფუძვლიანად არ იცის აღნიშნულ ორგანიზაციათა შესახებ. რომ იცოდეს, ისეთ სისულელეს არ იტყოდა — ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები ხელისუფლებას არ აინტერესებსო.

ოპოზიციამ ხელზე დაიხვია რუსეთის მიერ ზოგიერთ ქართულ პროდუქციაზე ბარიერის დაწესება და თქვა — ნაცვლად რუსეთისა ყურადღება ევროპაზე უნდა გაემახვილებინათო.

ოპოზიციამ არ იცის, რომ ქართული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

ასეთ მაგალითს მოვიყვან მეფუტკრეობასთან და თაფლის წარმოებასთან დაკავშირებულს. ევროექსპერტებმა დაგვიწუნეს თაფლი — ფუტკარი ეზოებში დადგმულ „ჩეჩმებზე“ იკვებებაო. ზონაში, სადაც მეფუტკრეობაა, არავითარი ღია ტუალეტი არ უნდა იყოსო. ხილი ერთი ზომის უნდა იყოსო და ა.შ.

უკრაინას, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ნებას არ რთავენ რუმინეთ-პოლონეთში ტრანზიტად გაატაროს უკრაინული ხორბალი, იმის შიშით, რომ ნაცვლად ტრანზიტისა უკრაინის ხორბალი არ გაყიდოს მათ ტერიტორიაზე.

ქართული მინერალური წყალი, ღვინო, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტი ევროპას არ სჭირდება, თავისიც თავზე საყრელი აქვს.

თავისით დაინგრა თუ შეგნებულად დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი — იოლი გამოსაცნობი არ არის. წერილში, რომელიც ინტერნეტშია განთავსებული, გორბაჩოვი წერს, რომ მისი სურვილი იყო დასავლური სახის ქვეყნის შექმნა. ექსპერიმენტი სავალალო გამოდგა.

„გლასნოსტმა“, „პერესტროიკამ“ მიწასთან გაასწორა ძველი და მასთან ერთად მოიტანა ქაოსი. შექმნა მსოფლიო დაძაბულობა, ერთმანეთს დაუპირისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. წაახალისა სეპარატიზმი, დაარღვია ბალანსი, მანამდე არსებული — კაპიტალისტურ და სოციალისტურ სახელმწიფოთა შორის.

ყოფილი საბჭოთა სივრცე, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები კაპიტალისტურად იქცნენ. გორბაჩოვსა და მის თანამებრძოლებს, რომლებსაც დასავლურ „თეთრთა კლუბში“ შესვლა მოუნდათ, ყველაფერს აკეთებდნენ იქაური პოლიტიკოსების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

გულუბრყვილო მმართველმა ვერ დაინახა, რომ დასავლეთი, საბჭოთა კავშირის დაშლით არ დაკმაყოფილდებოდა, მას რუსეთის დაშლაც მოუნდებოდა. ჩეჩნეთის ომიც იქითკენ იყო მიმართული.

სამხრეთ რუსეთში აგიზგიზებულმა სეპარატიზმმა უმძიმეს დღეში ჩააგდო რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტი ელცინი. და რომ არა პატრიოტი რუსების ძალისხმევა, რომლებმაც აიძულეს ელცინი გადამდგარიყო, ერთიან რუსეთს წყალი შეუდგებოდა.

დასავლეთი დაბეჯითებით აკრიტიკებს პუტინს — საბჭოთა კავშირის დაშლას ტრაგედიად მიიჩნევსო.

პუტინს არ უთქვამს — საბჭოთა სისტემის დაშლა ტრაგედია იყოო. მან თქვა, რომ დაშლამ ტრაგიკულად იმოქმედა რუსებზე, რომლებიც გორბაჩოვის განცხადებისთანავე უცხო სახელმწიფოებში აღმოჩნდნენ — ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გადაიქცნენ დამოუკიდებელ ქვეყნებად, რომელთა დამოკიდებულება იქ მცხოვრები რუსებისადმი არცთუ სახარბიელო გამოდგა.

ამ შემთხვევაში 100-ზე ან 1000-ს რუსული ეროვნების ადამიანზე არ არის ლაპარაკი — 25 მილიონზეა. 25 მილიონი რუსი, უმთავრესად კვალიფიციური ინჟინერი, მეცნიერი, სამედიცინო დარგის მუშაკი, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი, საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად იყვნენ მივლინებულნი.

ერთ მაგალითს მოვიყვან. რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, რომლის ამუშავებაში და შემდგომ ექსპლუატაციაში რუსი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

25 მილიონის სამშობლოში დაბრუნებამ უდიდესი ეკონომიკურ-ფინანსური, სოციალური პრობლემები გაუჩინა ისედაც ქაოსში მყოფ რუსეთს.

რუსი და უცხოელი ექსპერტების კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა მცდარი ნაბიჯი, რომელმაც არა მარტო რუსეთი დააბეჩავა, არამედ ყველა საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც არაფერი იცოდა ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის საქმისა და ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სურდა თავის დახსნა კატასტროფიდან.

1993 წლიდან 1999 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის პერიოდში, არაერთხელ მიმიღია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, რომელსაც ერთვოდა საქართველოს მინისტრების მიერ მოსკოვს გაგზავნილი თხოვნის წერილები დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

ნოტაში მინიშნებული იყო, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ნებისმიერი საკითხი თვით უნდა გადაჭრას, რუსეთის დარგობრივი სამინისტროების დაუხმარებლად.

დამოუკიდებლობის აღიარებას უმალ მოჰყვა საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნება.

მიზანი მათი იყო და არის საქართველოს მოსახლეობის მიერ დასავლური „ფასეულობების“ გაზიარება, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ცხელი წერტილის შექმნა. 2008 წლის აგვისტოს ომიც ამის დასტურია.

საბჭოთა კავშირის დაშლამ დაარღვია ძალთა ბალანსი. მსოფლიოს მშვიდობას პრობლემები შეუქმნა. უკრაინის ომიც საბჭოთა კავშირის დაშლის ნაყოფია, ისე, როგორც ცხინვალისა და აფხაზეთის ომები, მთიანი ყარაბაღის, რომელიც გორბაჩოვის დროს დაიწყო და ელცინ-პუტინის პრეზიდენტობისას გაგრძელდა; ჩეჩნეთის ომი, გენერალ დუდაევის სეპარატიზმი, ჩრდილო კავკასიაში არაბი ტერორისტების მოძალება და ა.შ.

ყველა ამ კონფლიქტში, განსაკუთრებით ჩეჩნეთისაში, თვალნათელი იყო „დემოკრატიული“ დასავლეთის ხელი, რომელიც ამარაგებდა სეპარატისტებს იარაღით, ფულით. მიზანი დასავლეთისა იყო ის, რაც დღეს არის — რუსეთის დაშლა. მაშინაც და დღესაც რა ხერხს არ იყენებდა და იყენებს „მშვიდობისმყოფელი“ დასავლეთი — ეკონომიკურ სანქციებს, ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ანტირუსულად წამლავს მსოფლიოს.

ბოლო მაგალითს მოვიყვან. ერთი კვირის განმავლობაში დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები, ისე, როგორც უკრაინისა ავრცელებენ ციმბირში „შავი ჭირის“ ეპიდემიის შესახებ. მოჰყავთ გარდაცვლილი ქალის მაგალითი, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობდა. მოუწოდებენ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან.

ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა თხოვს ბრიუსელის შტაბ-ბინას აკრძალოს რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლა. რა ამოძრავებთ მათ?

რუსეთის იზოლაციაში მოქცევა. ეკონომიკური სანქციებით, რომ არაფერი გამოუვიდათ, სხვა გზა გამოძებნეს — რუსის, როგორც დაავადებულის გარიყვა. რით განსხვავდება რუსის „ტოქსიკურობა“ გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანული ფაშიზმის მოწოდებისგან?

მაშინ გერმანელებმა ებრაელები „ტოქსიკურად“ გამოაცხადეს — ადამიანებად, რომლებიც დაავადებული იყვნენ გადამდები ავადმყოფობით და მათთან მიკარება სახიფათო იყო.

დასავლეთი ისტერიულად აღიქვამს ფრონტზე უკრაინის დამარცხებას, ვინაიდან თვლის, რომ უკრაინის დამარცხება ევროპის დამარცხებაა, რაც სიმართლეს შეეფერება. რუსეთს ევროკავშირი და აშშ-ი ეომებიან უკრაინელთა ხელით. აწვდიან მას იარაღს, ფინანსებს, უწევენ საინფორმაციო დახმარებას, მორალურ მხარდაჭერას.

ისინი არავითარ ყურადღებას არ აქცევენ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებას, რომ არავითარი „შავი ჭირი“ რუსეთში არ არის. მთავარია, ტყუილის გავრცელებით რუსეთის მოქალაქეებს აუკრძალონ ევროპაში შესვლა.

რუსის წინააღმდეგ აგორებული ცრუ საინფორმაციო ტალღა მიმართულია იქითკენ, რომ ევროპელებმა შეიძულონ ის, გარიყონ მსოფლიო ცივილიზაციისგან, როგორც კეთროვანი ერი, გაუნათლებელი, მდაბიო, უარი თქვან ყოველივე რუსულზე — ხელოვნებაზე, მწერლობაზე, განათლებაზე; აფიქრებინონ ყველას, რომ რუსი არის აგრესიული ადამიანი, მტაცებელი ცხოველის მსგავსი, რომელსაც სურს ევროპული ფასეულობების, დემოკრატიის, სუვერენიტეტის დანგრევა, მათი საცხოვრისის მითვისება.

ევროკავშირი ტყუილად არ ავრცელებს ჭორს, რუსეთის ევროპაში შეჭრის თაობაზე. ამ ჭორით ხდება ევროპელთა მოტყუება, რომ უკრაინა ეღობება რუსეთს აგრესიული გეგმების აღსრულებაში. ამდენად ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინის ხელისუფლების ყოველმხრივი დახმარება, განსაკუთრებით იარაღით და ფულით.

ევროპული ტყუილის მთავარი შემოქმედები არიან გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელის მაღალჩინოსნები, ისე, როგორც ნატო.

მიუხედავად იმისა, რომ იარაღის რაოდენობით ნატო აღემატება რუსეთს, არ იძლევა რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შესაძლებლობას. იმისთვის, რომ ევროპა მზად იყოს რუსეთთან საომრად გამალებული შეიარაღებაა საჭირო, რასაც ადგილი აქვს ევროპაში.

ევროპელი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ რუსეთთან საომრად 2030 წლისთვის იქნებიან მზად. მილიტარისტულ განცხადებებთან ერთად ლაპარაკობენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.

ერთი დასავლელი სამხედრო ექსპერტი აცხადებდა, რომ არვინ იცის რა მდგომარეობაშია საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ბირთვული არსენალი. თუ დასავლეთი გამოიყენებს მას, რუსეთს ვერაფერს დააკლებს, რომელიც უეჭველად უპასუხებს, რაც დამღუპველი იქნება მჭიდროდ დასახლებული ევროპის კონტინენტისთვის.

ცივი ომის შემდეგ მსოფლიო არასდროს მდგარა ახალი მასშტაბური ომის დაწყების წინაშე, როგორც დღეს. პოლიტიკაში გაუწაფავი ევროპელი ლიდერები, რომლებსაც წაკითხულიც არ აქვთ რა უბედურება დაატეხა მათ წინაპრებს გერმანულმა ფაშიზმმა. ისინი უპასუხისმგებლოდ აცხადებენ, რომ რუსეთს ომს მოუგებენ. ევროპისგან განსხვავებით, პოზიციები შეიცვალა აშშ-ს რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც უკრაინის ომის გაჭიანურებაში ზელენსკის ადანაშაულებს. ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს და უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს.

ტრამპის ნათქვამმა გაღიზიანება გამოიწვია ევროპელ ლიდერებში მაკრონში, მერცში, ბერნემში (Andy Burnham) ტუსკში, სხვებში,  მათ უმალ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ზელენსკის, რომელიც მზად არის გააგრძელოს ომი რუსეთთან.

ზელენსკიმ და უკრაინის ომმა ერთმანეთს დაუპირისპირა ევროპა და აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაცია. როგორც ჩანს, ევროპელები ფიქრობენ, რომ შუალედურ არჩევნებში, რომელიც ა.წ. ნოემბრის პირველ დეკადაში გაიმართება, დემოკრატები გაიმარჯვებენ, რაც ტრამპს ხელს შეუშლის თავისი პოლიტიკის გატარებაში. ორი წლის შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი აღარ მიიღებს მონაწილეობას.

მაკრონსა და მერცს პრობლემები აქვთ. მაკრონს — სტუდენტთა ამბოხი, გაუარესებული სოციალური ვითარება. დემონსტრანტები ითხოვენ მაკრონის გადადგომას. არადა  მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნებია, მაკრონი ისედაც ვეღარ მიიღებს მასში მონაწილეობას.

მერცსაც არა აქვს საქმე კარგად. უსუსური კანცლერობის გამო მისი რეიტინგი 13%-ა დასული. გერმანელები უკმაყოფილებას გამოხატავენ არა მარტო კანცლერის მიმართ, არამედ პარტიის, რაც აისახება ადგილობრივი არჩევნების დროს.

ქრისტიან-დემოკრატებმა ზედიზედ წააგეს არჩევნები პოპულარულ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ითხოვს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონას;  რუსული გაზის მიღებას და უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას.

თვით ქრისტიან-დემოკრატებშიც ნეგატიური განწყობაა მერცის მიმართ.

მომავალ წელს არჩევნებია იტალიაში. ესპანეთში კი ა.წ. ნოემბრის ბოლოს ვადამდელი არჩევნებია დანიშნული. ასე რომ, რაღაც ცვლილებას ექნება ადგილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ შეიცვლება თუ არა ძირფესვიანად ანტირუსული, ანტიამერიკული პოლიტიკა ძნელი სათქმელია.

ესოდენ რთულ ვითარებაში ევროკავშირის მიერ სქართველოს ლანძღვას სხვა თვალით უნდა შევხედოთ, უფრო პრაგმატულად და არა აბსტრაქტულად, ისე როგორც დღეს. იმედი იმისა, რომ ბრიუსელში 2030 წლისთვის ვითარება შეიცვლება საქართველოს სასარგებლოდ აბსურდია.

არ შეიცვლება! და რახან არ, სხვა პოლიტიკურ მიმართულებაზე უნდა ვიფიქროთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

15/10/2026