04.10.2026

რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირ-ნატოში შესვლა?

ვერადავერ ველევით ევროკავშირს — იქ შესვლა გვინდა. გვინდა, მაგრამ რომ არ გვიღებენ რა უნდა ვიღონოთ? როგორ უნდა მოვახერხოთ იქ შესვლა?

ერთხელ „უცნობმა“ ბრძანა — საქართველო თავისი კულტურით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილებით, წეს-ჩვეულებებით გაამდიდრეს ევროპასო.

კეთილი, მაგრამ უნდა ევროკავშირს ქართული „სიმდიდრე“?

დღევანდელობა გვკარნახობს — არ უნდა! რა იქნება ხვალ და მოუნდება თუ არა ევროკავშირს ჩვენი ხილვა მის ოჯახში, ანუ როგორც ევროკავშირის ყოფილი კომისარი ჟოზეპ ბორელი ამბობდა „ედემის ბაღში“, ხვალ ვიკითხოთ, ანუ 2030 წლის დადგომამდე, მანამდე კი აზრი არ აქვს იქ შესვლაზე გამუდმებულ ლაპარაკს.

ერთმა „ოცნებელმა“ ბრძანა — 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში შესასვლელადო. რას ნიშნავს მზადყოფნა?

ბრიუსელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა იმ კანონის გაუქმებას, რასაც იქაური მოხელეები მოითხოვენ, ლგბტ-ობის აღიარებას, გეი-პარადების ჩატარებას,  ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებას, ისე, როგორც ტრანსვესტიტობის, სქესის გადაკეთების და ა.შ.

2030 წელი კარს არის მომდგარი და აღნიშნული „სიკეთეების“ საქართველოში შემოღებისთვის ერთობ მცირე დროა დარჩენილი. შეძლებს ქართველი, საქართველოში მცხოვრები სხვა ერის წარმომადგენელი კაცის, კაცზე გათხოვებასთან შეგუებას ან ვაჟიშვილის მიერ ქალიშვილად გადაკეთებისთვის ოპერაციის გაკეთებას? ან ყველა იმ „სიკეთის“ გაზიარებას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე?

ოპოზიცია შეძლებს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ასეთი „პროგრესული“ რომ არ არის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა?

„ოცნებელის“ განცხადების მიხედვით, 2030 წლისთვის ხალხის უმრავლესობა მზად იქნება შეასრულოს ევროკავშირის ბრძანება. თუ „ოცნებელი“ 2008 წლის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში შესვლა, მცდარი მოსაზრებაა. მაშინ არც ერთ ხმის მიმცემს არ უფიქრია რას უჭერდა მხარს, არ უფიქრია იმიტომ, რომ მთავარი საკითხი ჰქონდა გადასაწყვეტი — სააკაშვილის არჩევა-არარჩევა.

მეორე საკითხი — ნატოში შესვლა, მან არაფრად ჩათვალა და ყასიდად დაუჭირა მხარი. 2008 წელს საქართველოს მოსახლეობას არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა არც ნატოზე და არც ევროკავშირზე, ევროკავშირს და ევროსაბჭოს ერთმანეთში ურევდა.

2008 წლიდან, დღემდე არა მარტო მრავალმა წელმა ჩაიარა, არამედ კარდინალურად შეიცვალა მსოფლიოს ხალხთა ცხოვრება, მათ შორის ჩვენიც. შეიცვალა საერთაშორისო ვითარება — უარესობისკენ, დაიძაბა დამოკიდებულება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობაზე. ბოლოს და ბოლოს შეიცვალა თაობა, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია 2008 წლის არჩევნებში. მან ისიც კი არ იცის ვის მისცეს ხმა მისმა წინაპრებმა.

როგორც მაშინ, ისე დღეს საქართველოს მოსახლეობამ არაფერი იცის ნატოზე, ევროკავშირზე, გარდა სახელწოდებისა, არ იცის რას ემსახურებიან ეს ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციების მუშაობის შესახებ. არც იმათ იციან, ვინც უნდა იცოდეს, მხედველობაში მყვანან ექსპერტობა და პოლიტოლოგები. და თუ იციან და ხალხს ატყუებენ, ეს დანაშაულია, ჩადენილი ერის წინაშე, ვინაიდან მათმა ნათქვამმა საზოგადოების დიდი ნაწილი ჭეშმარიტების გზიდან გადაიყვანა და იმ გზას გაუყენა, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ნატოს აგრესიული ქმედების შედეგად დაიშალა იუგოსლავია, დაშლამდე ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაუნდობლად ბომბეს ბელგრადი. ნატო ედგა მხარში აშშ-ს, ავღანეთის 20-წლიან ომში, რომელიც მათთვის კატასტროფით დასრულდა.

ნატომ დაბომბა ლიბია და წამებით მოკლა მისი ლიდერი მოამარ კადაფი. მანამდე შეიჭრა ერაყში და მისი ლიდერი სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩო.

რაღა შორს წავიდეთ, ნატო იყო სულისჩამდგმელი უკრაინაში ომის გაჩაღების, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აშშ-ი და ნატო აქეზებდა „მაიდნის რევოლუციას“ და არა მარტო ფუნთუშებით ამარაგებდა პროტესტანტებს (გავიხსენოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიქტორია ნულანდის კიევში ვიზიტი), არამედ ფულით. თვით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით „მაიდნის რევოლუცია“ აშშ-ს 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა — 2014 წლისთვის საკმაოდ დიდი ფული, რაც აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დახარჯეს — თვლა არ აქვს.

კოლექტიურმა დასავლეთმა, ნატომ, ევროკავშირმა, აშშ-ა რუსეთის დაშლა-განადგურების სურვილით შეპყრობილმა წადილი ვერ აისრულეს, მაგრამ შეძლეს საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკის უკრაინის მიწასთან გასწორება.

სულ ახლახანს, მოვისმინე ინგლისელი ექსპერტის, ყოფილი დიპლომატის  იან პრავუდის განცხადება უკრაინასთან მიმართებაში — დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტების მთავარი მიზანი იყო არა ქვეყნის მართვა, არამედ ფულის კეთება. ყველა ისინი კორუმპირებულები იყვნენ, მაგრამ ზელენსკი და მის ხელისუფლება ერთად აღებულ ყველა ყოფილ პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე კორუმპირებულია.

უკრაინაში იბრძვიან კოლუმბიელი „ბოევიკები“, რომლებსაც უკრაინა აფინანსებს. კოლუმბიელებს ახალი დამფინანსებლები გამოუჩნდნენ მექსიკური კარტელების სახით, რომლებიც სიამოვნებით იხუტებენ უკრაინის ომში გაწვრთნილ კოლუმბიელებს და მათთან ერთად უკრაინელ სამხედრო სპეციალისტებს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ნარკოტიკების გადაზიდვაში. იკითხავთ — სად?

აშშ-ი. ნარკოტიკებთან ერთად იარაღით ვაჭრობა ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. იკითხავთ — რომელი იარაღით? აი, იმ იარაღით, აშშ-ა, ნატომ და მსოფლიოს „მშვიდობის მოყვარე“ ქვეყნებმა უკრაინას რომ გაუგზავნეს, რუსების დასახოცად.

შეგახსენებთ, აწ განსვენებული ამერიკელი სენატორის, ექსტრემისტის ლინდსი გრემის სიტყვებს — აშშ-ს თავის ისტორიის მანძილზე ისეთი სასარგებლო ინვესტიცია არ განუხორციელებია, როგორიც უკრაინაში, უკრაინელის მიერ რუსის ხოცვა.

ვისი იარაღით ხოცავდა და ხოცავს უკრაინელი „ბოევიკი“ რუსებს?

ამერიკული იარაღით, ევროპაში დამზადებული იარაღით.

რა მოუტანა ნატო-ევროკავშირ-აშშ-ს დახმარებამ უკრაინას?

ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა; მოსახლეობის 52 მილიონიდან, 19 მილიონამდე შემცირება; განადგურებული ქარხნები, ქალაქები, დასახლებული პუნქტები; კორუფცია ყველა დონეზე, დაჭრილი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობა, ისე, როგორც მცირეწლოვანი ბავშვების უცხოეთში გაყიდვა, ქვეყნიდან გადასახლება, ფაშიზმის აღორძინება.

უკრაინა ნეოფაშისტური სახელმწიფოა, ჰიტლერთან მოთანამშრომლე ბანდერას, შუხევიჩის, კონოვალეცის, სხვა ფაშისტი უკრაინელების ძეგლებით „დამშვენებული“. სულ ახლახანს, ზელენსკის თაოსნობით, კიევში გაიხსნა ფაშისტი უკრაინელების პანთეონი, სადაც დაიკრძალნენ ევროპაში გარდაცვლილი და დამარხული ფაშისტები.

უკრაინა ისაა, სადაც იქ მცხოვრებს ეკრძალება რუსულად ლაპარაკი — სახლშიც. უკრაინის ხუნტის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაევალა აღკვეთოს მშობიარობის დროს ქალის რუსულ ენაზე, ანუ მშობლიურზე ყვირილი. მშობიარემ სახელმწიფო ენაზე, ანუ უკრაინულზე უნდა იყვიროს.

უკრაინა აგებს ომს, მაგრამ არ თანხმდება მოლაპარაკებას. ზელენსკი სიტყვით აცხადებს, რომ სურს ხელშეკრულების დადება, მაგრამ საქმით საწინააღმდეგოს აკეთებს. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს მან ტრამპს „პეტრიოტის“ რაკეტები სთხოვა, სხვა სამხედრო დახმარებაც. მშვიდობის მსურველი სხვაგვარად მოიქცეოდა. რა ურჩია ტრამპმა?

მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან მოლაპარაკება.

რას ნიშნავს ზელენსკისთვის რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება?

არჩევნების ჩატარებას, რომელშიც თვით უკრაინელი და დასავლელი ექსპერტების აზრით, ზელენსკი დამარცხდება. დამარცხებული ზელენსკის კი ისეთი ბედი ეწევა, როგორიც თვით მან თქვა ერთ-ერთი დასავლური გაზეთის კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს — სიკვდილი.

ზელენსკის არვინ შეარჩენს უკრაინელთა ხოცვას, უკრაინელთა ხარჯზე გამილიარდერებას, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას.

თითქმის ორი წელია ვადაგასული „პრეზიდენტი“ ზელენსკი იმყოფება ქვეყნის სათავეში, რაც არავითარ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება. აღმოსავლეთ უკრაინაში, ანუ დონბასში ომის მიმდინარეობა ხელს არ უშლის არჩევნების ჩატარებას, რაზეც დასავლელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ. ომის მიმდინარეობა არჩევნების არ ჩატარების საბაბია.

სულ ახლახას, რუსეთმა ჩაატარა დუმის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის მაცხოვრებლებმა, ანუ იმ ტერიტორიების, სადაც ომია. ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა რუსეთში არსებულ იმ პარტიებს, მათ შორის მმართველს, რომლებიც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას.

არჩევნების ჩატარებას ითხოვს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, მაგრამ არა ევროკავშირი, მასში შემავალი ქვეყნებით. ევროკავშირის შტაბ-ბინას, რომელიც ბრიუსელშია, ზომაზე მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს ზელენსკისა და მის გუნდთან — ქართული ანდაზიდან გამომდინარე: „ხელი-ხელს ბანს, ორივე პირსო“.

უკრაინელი ექსპერტების მიხედვით, კიევში ევროკავშირელთა გახშირებული ვიზიტები სულაც არ ნიშნავს უკრაინის ბედით დაინტერესებას, საკუთარი ჯიბით დაინტერესებაა. თითო ჩასვლაზე, ჩემოდანში ჩალაგებული ფულის წამოღებაა.

ზელენსკი ფულის გამანაწილებელია, ანუ ევროკავშირიდან წამოსული ფულის, ისევ ევროკავშირში დამბრუნებელი, მაგრამ არა ევროკავშირის ბიუჯეტში, არამედ ბობოლა ევროკავშირელის ჯიბეში.

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, ისე, როგორც გერმანიის კანცლერის მერცისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონისთვის ზელენსკი და უკრაინის ომი მეწველი ძროხაა. ომის შეწყვეტა და სამშვიდობო ხელშეკრულება წერტილს უსვამს ფულის ტრიალს.

იკითხავთ — ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გერმანიას, საფრანგეთს, სხვებს ფული საიდან აქვთ, მათი ბიუჯეტი ხომ გასაჯაროებულია?

გასაჯაროებულია, თითო ევრო მიზნისთვის გამოყოფილი, მაგრამ, როდესაც პროპაგანდისტული მანქანა ხელისუფალთა ხელშია და ისინიც მას იქით მიაქანებენ, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა რომ ჰქვია, სხვაგვარი სურათი იქმნება, ერთობ შემაშფოთებელი, მოსახლეობის დასაშინებელი.

ევროკავშირში კარგა ხანია აღარ არსებობს რუსეთის ტელეკომპანიების მაუწყებლობა, რუსი ტურისტების ნაკადიც ნულზეა დასული, სიტყვის თავისუფლებაც ნულზეა. თუ რომელიმე ევროპელმა ჟურნალისტმა, დონბასში ყოფნის შემდეგ ობიექტური მასალის გამოქვეყნების სურვილი გამოთქვა, მასალას არ გამოუქვეყნებენ — უკეთეს შემთხვევაში, უარესში — სამსახურიდან დაითხოვენ.

ევროპელი ჟურნალისტი ვალდებულია უკრაინაზე და ზელენსკიზე მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია გაასაჯაროოს, რუსეთი კი ლანძღოს. აქედან გამომდინარე ევროპელებმა არ იციან სინამდვილე. მათ, ჭურში მსხდომთ, ხელისუფლება ეუბნება, რომ რუსეთი მათზე თავდასხმას აპირებს; რომ უკრაინის შემდეგ ბალტიისპირა ქვეყნებს შეუტევს, შემდეგ პოლონეთს, სხვებს. და რომ ასეთს არ ჰქონდეს ადგილი საჭიროა მობილიზაცია, შეიარაღება, სამრეწველო საწარმოების სამხედრო წარმოებაზე გადაყვანა, სოციალური ხარჯების შემცირება და ა.შ. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეიტინგდაკარგული პოლიტიკოსების მიერ სავარძლების შენარჩუნება.

გერმანიაში მმართველმა პარტიამ ზედიზედ წააგო არჩევნები ზოგიერთ რეგიონსა და ქალაქში, რამაც კანცლერ მერცს პოლიტიკიდან გასვლისკენ მიუთითა, მაგრამ ის ჯიქურ აცხადებს, რომ არსად წავა და დარჩება მომავალ საყოველთაო არჩევნებამდე.

დავუბრუნდეთ ქართველთა ევროპისკენ ლტოლვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას. რატომღაც გვგონია, რომ ევროკავშირში ან ნატოში შესვლა გადაგვარჩენს აგრესიისგან, ყოველმხრივ დაიცავს ჩვენს სუვერენიტეტს.

ევროკავშირში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის საქართველოში შემოსვლას, ევროკავშირის კანონმდებლობის დასადგურებას ნაცვლად ქართულისა, ევროკავშირის საზოგადოების გაფართოებას საქართველოს ხარჯზე.

მოდით დავსვათ კითხვა — რომ არ ყოფილიყო რუსეთი ჩვენს მეზობლად, დასავლეთისთვის მიუღებელი სახელმწიფო, ვინმე გაიხსენებდა საქართველოს?

რუსეთის მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ მოაძებნინა ევროპას საქართველო, ისე, როგორც სომხეთი. და მოაძებნინა იმიტომ, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პრობლემები შეექმნათ, ისე, როგორც უკრაინაში.

საქართველო და სომხეთი ავი პლაცდარმია, როგორც რუსეთისთვის, ისე სომხეთ-საქართველოსთვის. ევროკავშირ-ნატოს არც ქართველი და არც სომეხი ხალხების კეთილდღეობა აინტერესებს, არც ტრადიციები და წეს-ჩვეულებები — სისტემატურად რომ ვახსენებთ ნებისმიერი საუბრის დროს.

მათ თავიანთი ინტერესები აქვთ — სამხრეთიდან რუსეთზე შეტევა, ვერბალურად, პროვოკაციულად, პერმანენტულად, რუსეთის ხელისუფლების ყურადღების სამხრეთისკენ გადასატანად. მათ იმედი აქვთ, რომ ჩრდილოეთ-დასავლეთ-სამხრეთის მიმართულებით ყურადღების გამახვილება კრემლს გაუჭირდება და ბოლოს და ბოლოს შეეგუება დამარცხებას.

ევროკავშირში გაწევრება სუვერენიტეტის სრული დაკარგვას ნიშნავს, იქაური დაბალი ხარისხის საქონელით, კვების პროდუქტებით აქაური ბაზრის გამოტენას, რასაც უკვე აქვს ადგილი.

საქართველო აღარაფერს ამზადებს; ნიორი, ხახვი, ხილი და ყურძენიც კი გარედან შემოაქვს. არა ქარხანა, არა წარმოება და ნაცვლად მრავალპარტიული უაზრო ლაქლაქი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ამერიკულ-ევროპული „არასამთავრობო“ ორგანიზაციების ფილიალების ზეიმი, რომელთა მიზანი მარტივია — „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ვინაიდან პრორუსულია, პუტინის დავალებების შემსრულებელია, რაც ისეთივე სიცრუეა, როგორც მთვარეზე სიცოცხლის აღმოჩენა.

თუ დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ — პრორუსულობაა?

თუ ხელისუფლებას არ უნდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება — პრორუსულობაა?

თავის გადარჩენაა, ვინაიდან ფრონტის გახსნა გამოიწვევს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას, რაც საქართველოსთვის მომაკვდინებელი იქნება. საქართველომ ერთხელ უკვე იწვნია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება სააკაშვილის „მეფობის“ დროს, რომლის ინიციატორი აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაცია იყო.

ტყუილია მტკიცება იმისა, რომ მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ბევრი ეხვეწა სააკაშვილს ომი არ დაეწყო, მაგრამ სააკაშვილმა არ დაუჯერა.

ასეთი სიბრიყვე იმან შეიძლება თქვას, ვისაც წარმოდგენაც არ აქვს აშშ-ს პოლიტიკაზე. ერთ მაგალითს მოვიყვან — აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა უბრძანა უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინის გენერალური პროკურორის გათავისუფლება, მაგრამ, როდესაც მის ბრძანებას უმალ არ მოჰყვა შედეგი, კიევში ჩავიდა, შეჰყარა უკრაინის მთავრობა და სათათბირო მაგიდის თავში მჯდომმა უბრძანა — აქედან არ ავდგები, ვიდრე პროკურორს არ გაათავისუფლებთო.

სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან რას ნიშნავს — ჩვენს თავზე გამოვცადეთ, გარდა ამისა უკრაინის მაგალითიც ბევრს გვეუბნება, უფრო სწორად უნდა გვეუბნებოდეს, მაგრამ ვისმენთ?

ისევ უკრაინის დახმარებაზე გავიძახით — ნეოფაშისტური ქვეყნის, კორუმპირებულის, ნარკოტიკებით, იარაღით და არასრულწლოვანი ბავშვებით მოვაჭრის, რის შესახებ არაერთხელ განაცხადა გაეროს შესაბამისმა ორგანომ.

ისევ უკრაინის  დროშებს ვფენთ აივნებიდან, შენობების კედლებზე ვხატავთ უკრაინის დროშებს. რა ჰქვია ამას — სოლიდარობა? ზელენსკის ხუნტასთან სოლიდარობა?

საქართველოს მოსახლეობამ, ცალმხრივი ინფორმაციის გამო, თანაც მარტო უკრაინულის, სინამდვილე არ იცის. მას არვინ ეუბნება, თუნდაც ამერიკელი მედია-მუშაკების, ექსპერტების დამოკიდებულებას უკრაინის კორუმპირებულობის თაობაზე.

გაეროს გენერალური ასამბლეის ჩარჩოებში ზელენსკის მოლაპარაკება ურსულა ფონ დერ ლაიენთან ნეგატიურად დასრულდა. ქალბატონმა ურსულამ უთხრა ზელენსკის — ვერავითარ ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს, თუ გადამჭრელ ზომებს არ გაატარებს ფართოდ გაშლილი კორუფციის შესაჩერებლად.

ურსულასთვისაც კი აუტანელია კორუმპირებული უკრაინა, პიროვნებისთვის, რომლისთვისაც კორუფცია უცხო არ არის.

რას ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოდან ახალი აგრესიის წამოწყება, იმას, რაც პუტინმა „ვალდაის“ შეკრებაზე ბრძანა ა.წ. 2 ოქტომბერს. მისი ნათქვამი კალინინგრადზე ნატოს სავარაუდო თავდასხმას პასუხობდა, მაგრამ ჩვენთვისაც გასაგები უნდა იყოს — რუსეთი გამოიყენებს მის არსენალში არსებულ ყველა სახის იარაღს, ანუ ბირთვულსაც თავდასხმის მოსაგერიებლად.

რაც შეეხება ნატოს წევრობას და იქ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოებას, ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში დანარჩენების მხრიდან სამხედრო დახმარებას — კონფლიქტში ჩართვით. ლოზუნგს — „ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის“, განმარტა ნატოს გენერალურმა მდივანმა რიუტემ — ნატოს წესდების მუხლები აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნდოვანი და არაკონკრეტულია, ამასთანავე სულაც არ ნიშნავს მყისიერ რეაგირებას. ასეთი შესაძლებელი გახდება ყველასთან შეთანხმების შემდეგ.

საქართველოს მოსახლეობას ჰგონია, რომ ნატოში შესული საქართველო ისეთი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იქნება, რომ ვერვინ ვერაფერს გაუბედავს. მცდარი აზრია. აღნიშნული ზღაპრის განმარტებისთვის ორ მაგალითს მოვიყვან. სირიაში მიმდინარე ომის დროს თურქეთმა ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რამაც მძაფრი რეაქცია გამოიწვია კრემლში. რუსეთის მკაცრი პასუხით შეშინებულმა ერდოღანმა ნატოს მიმართა დახმარებისთვის და მერე რა?

ნატოს პასუხი იყო შემდეგი — ნატო არაფერ შუაშია, დაპირისპირება თქვენ ორს შორის მოხდა და თქვენვე უნდა მოაგვაროთო.

აშშ-ა არაერთხელ სთხოვა ნატოს წევრ ქვეყნებს დახმარება ირანთან ომში, მაგრამ ამაოდ. ტრამპის თხოვნას ასე უპასუხეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა — ირანთან ომი, ჩვენი ომი არ არისო და არათუ სამხედრო დახმარება გაუწიეს ტრამპს, არამედ ზოგიერთმა ნატოს წევრმა (ესპანეთი) აეროდრომიც არ დაუთმო ირანისკენ მფრინავ აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებს.

დავუშვათ, შეგვიშვეს ნატოში და ერთ მშვენიერ დღეს ნატოს წევრ საქართველოს თავს დაესხა ასევე ნატოს წევრი ქვეყანა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნატოს შტაბ-ბინა?

ილაპარაკებს, წუხილს გამოთქვამს აი ასეთს, როგორსაც ადგილი ჰქონდა თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო დაპირისპირების დროს. სხვა მაგალითებიც არსებობს, თუმცა ვგონებ ესეც საკმარისია.

და ბოლოს ევროკავშირ-ნატოში გაწევრებამდე ხალხის აზრის გაგებაც არის საჭირო — რეფერენდუმით, ოღონდ მიუკერძოებლით, გამჭვირვალით, დემოკრატიულით და არა ისეთით, როგორსაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

03/10/2026