29.09.2026

უნდა იყოს თუ არა გაერო

გასული კვირის მსოფლიოს მოვლენათა შორის განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი აშშ-ს ორი ქალაქისკენ — ნიუ-იორკისა და ვაშინგტონისკენ. პირველში — გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის კულმინაციური ერთი კვირა — 21-26 სექტემბერი იყო. მეორეში — ვაშინგტონი, სადაც მიმდინარეობდა ჩინეთის მეთაურის სინ ძინპინის ოფიციალური სხელმწიფო ვიზიტი.

მეორე მსოფლიო ომის პირმშო გაერო მუდამ იწვევდა და იწვევს სკეპტიციზმს მის არსებობასთან დაკავშირებით. ძნელად მოიძებნება პოლიტიკოსი, საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედული ექსპერტი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, რომელიც არ წიხლავდეს ამ ორგანიზაციას; არ უწოდებდეს მას იმპოტენტს, არამოქმედს განსაკუთრებით მსოფლიო მშვიდობის დამყარებასა და ომის თავიდან აცილების საქმეში.

განუწყვეტელი დარტყმის ქვეშ არის უშიშროების საბჭო 5 მუდმივი და 10 არამუდმივი წევრით, რომლებსაც მსოფლიოს რეგიონების მიხედვით როტაციული წესით, 2 წლით ირჩევენ.

გაეროს შესახებ „დიდმა სამეულმა“ სსრკ-აშშ-დიდმა ბრიტანეთმა „იალტის კონფერენციაზე“ იმსჯელეს, ისე, როგორც „პოტსდამის“ და მიიღეს გადაწყვეტილება მისი შექმნის თაობაზე.

სსრკ-ს ხელმძღვანელის სტალინის წინადადებით შეიქმნა გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო —უშიშროების საბჭო, რომლის 5 მუდმივ წევრს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს და საბჭოთა კავშირს მიეცათ ვეტოს გამოყენების უფლება.

უშიშროების საბჭოს მუშაობის განმავლობაში 3000-ზე მეტი რეზოლუცია იყო მიღებული. ვეტოს გამოყენების შემთხვევა ესოდენი სიუხვით არ გამოირჩეოდა — გაცილებით ნაკლებით, მაგრამ ამ ორგანოს მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ვეტოს უფლებით ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთი გამოირჩეოდა და გამოირჩევა, რაც ხელს უშლიდა და უშლის უშიშროების საბჭოს მიერ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას.

დიპლომატიურ წრეებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პიროვნებას თან ახლდა დანამატი — „მისტერ ნოუ“, რომელსაც ის იყენებდა ვეტოს დადების დროს.

სტალინის მიხედვით ვეტო არათუ საჭირო, აუცილებელიც იყო ისეთი საკითხის განხილვისას, რომელიც მსოფლიო მშვიდობას, საომარი მოქმედების შეწყვეტას, ერთი ქვეყნის მიერ მეორის მიმართ აგრესიის შეჩერებას ეხებოდა.

ვეტოს არ არსებობას უდავოდ მოჰყვებოდა დაინტერესებულ მხარეთა გარიგება, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი. გარიგებას კი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ცხელი წერტილების შექმნა-გაფართოება.

გაეროს ზოგიერთი წევრი-ქვეყანა, მაგალითად თურქეთი მოითხოვს, რომ უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის ნაცვლად უფრო ფართო უშიშროების საბჭო იყოს, ცხადია თურქეთის ჩათვლით.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება თავის მოხსენებაში..

უკვე მერამდენე წელია გაეროს წევრი სახელმწიფოები ლაპარაკობენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის მიცემაზე გერმანიისთვის, იაპონიისთვის, ბრაზილიისთვის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის, ინდოეთისთვის, მაგრამ საკითხი გადაუწყვეტელია ობიექტურ-სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე.

რუსეთი თვლის, რომ არც გერმანია და არც იაპონია არ უნდა იყვნენ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის, ვინაიდან მე-2 მსოფლიო ომის გაჩაღება მათი უშუალო „დამსახურებაა“. ამ აზრს სხვებიც იზიარებენ, ამასთანავე მხარს უჭერენ, რეგიონული პრინციპებიდან გამომდინარე, ინდოეთის, ბრაზილიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შესვლას უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედთა შემადგენლობაში.

უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სავალდებულოა, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად შესრულებადი. მთელი რიგი ქვეყნები, განსაკუთრებით ისრაელი არ ასრულებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.

რაც შეეხება გენერალურ ასამბლეასს, მის მიერ მიღებული რეზოლუცია საერთოდ არ არის აუცილებელი. ის რეკომენდაციის სახეს ატარებს. გაეროს სკეპტიკოსები  სწორედ ამას იშველიებენ ამ ორგანოს კრიტიკის დროს — სიტყვა „უმოქმედოს“ სისტემატური გამოყენებით.

81 წლის წინათ შექმნილი გაერო თითქოს დღევანდელობის შესაფერისი არ არის, მაგრამ არის მსოფლიოს სხვა ორგანიზაცია, რომელიც 193 წევრ სახელმწიფოს აერთიანებდეს?

არ არის. და რახან ასეა, მსოფლიოს სჭირდება ორგანიზაცია, სადაც ამ რაოდენობის ქვეყანა იქნება გაერთიანებული, თუნდაც მარტივი მიზნის გამო — წევრი სახელმწიფოების წინაშე საკუთარი ჭირ-ვარამის გასაზიარებლად.

მავანი იტყვის — საკუთარი პრობლემის გასასაჯაროებლად, საკუთარი ქვეყნის მედიაც საკმარისია, რასაც ვერ დავეთანხმები, ვინაიდან მიუხედავად საინფორმაციო სფეროს არნახული შესაძლებლობისა მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა შეუძლებელია. გაერო კი იძლევა ასეთს, ვინაიდან იქ გამოთქმულს 193 ქვეყნის წარმომადგენელი უსმენს, თანაც იმ ენაზე, რომელიც მისთვის ადვილად აღსაქმელია — ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად, ჩინურად — ძირითად სამუშაო ენებად აღიარებულზე, ისე, როგორც ნებისმიერს სხვა ენაზე — თარჯიმნის დახმარებით.

იკითხავთ — შეიძლება თუ არა ქართულად გამოსვლა?

შეიძლება, მაგრამ გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე საქართველოს დელეგაციამ უნდა უზრუნველყოს თარგმანი ინგლისურზე, რუსულზე, ფრანგულზე, ჩინურზე.

გენერალური ასამბლეა ის პლატფორმაა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან წევრი სახელმწიფოების მეთაურები და არა მარტო , ხვდებიან, მოლაპარაკებასაც მართავენ. სხვა შემთხვევაში ერთმანეთთან მოსალაპარაკებლად ვიზიტები უნდა გამართონ, რაც მთელ რიგ პროტოკოლურ საკითხებთან არის დაკავშირებული.

გაეროს შემქმნელებმა ისეთი წესდება შეიმუშავეს, რომელიც იდეალურია, საოცნებოა, ნაკლებად მიწიერია და გათვლილია ადამიანზე, რომლის აღქმა, თვითშეგნება იდეალურია, დემოკრატიულია. ნამდვილი დემოკრატიული და არა ისეთი, როგორიც დღეს — ყავლსგასული სიტყვა „დემოკრატიის“ სისტემატური ხსენებით.

81 წლის განმავლობაში ასეთი ადამიანის შექმნა არ განხორციელდა. სიტყვა „ჩემი“, „ჩვენით“ არ შეიცვალა; „საკუთარი ინტერესი“, „საერთო ინტერესმა“ არ ჩაანაცვლა. 81 წლის განმავლობაში, რასაც გაეროში ჰქონდა და აქვს ადგილი „დიდისა“ და „ძლიერის“ მიერ ძალისმიერი გზით, დაპირებით, ფინანსური დაინტერესებით, სხვა მეთოდებით მხარის დაჭერას ჰქონდა და აქვს ადგილი, მაგრამ ასეთს გაეროს არსებობა სასწორზე არ დაუდია.

გაერო და მისი ორგანოები უდიდეს როლს ასრულებენ განათლების, კულტურის, რეგიონული დაპირისპირების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

გაერო, რომ ისეთი იყოს, როგორიც ყველასთვის სასურველი იქნებოდა, მისი წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები უნდა იყვნენ სულიერად ამაღლებულები. მათ არ უნდა მისცენ თავს უფლება მოიქცნენ ისე, როგორც იქცევიან. მათ არ უნდა თქვან, რომ საერთაშორისო სამართალი მე ვარ. მათ უარი არ უნდა თქვან გაეროს საწევროს გადახდაზე, თუნდაც დროებით შეჩერებაზე სუბიექტური მოსაზრებით, გაეროს მიმართ უკმაყოფილების გამოსახატავად. ასეთს არაერთხელ ჰქონდა ადგილი აშშ-ს მხრიდან, რომელსაც არ მოსწონდა და არ მოსწონს გაეროს მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.

ტრამპმა თავის მოხსენებაში მთელი რიგი კრიტიკული საკითხები გაასაჯაროა გაეროსთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს რეფორმა და მასში აშშ-ს მუშაობა. მისი განცხადებით, გაეროს ხარჯები 2026 წლისთვის 15%-ით შემცირდა, ხოლო აპარატი — 4000 თანამშრომლით. მან, განსხვავებით წინა განცხადებებისგან თქვა, რომ გაეროს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ გააკრიტიკა მისი  ხელმძღვანელობა — „გლობალური ბიუროკრატიისთვის“ ხელშეწყობაში.

განმარტებისთვის —გაეროს ხარჯების შემცირება თვით გაეროს ხელმძღვანელობამ შეიმუშავა, ბიუჯეტი კი დაამტკიცა გაეროს წევრმა ქვეყნებმა.

ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ გაეროს წარმომადგენლები ადანაშაულებენ მას მიგრანტებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერს ამბობენ ქრისტიანთა დევნაზე.

იუნესკოსთან მიმართებაში მან თქვა — იუნესკო მოწოდებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, რომელსაც ძირს უთხრის მასობრივი მიგრაცია.

ტრამპმა გააკრიტიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს დატოვონ ეს ორგანიზაცია. მან თქვა, რომ არ დაუშვებს გამოძიებას აშშ-ს სამხედრო-მოსამსახურეების.

ტრამპის მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოებისადმი ეხებოდა ირანს. მან მოუწოდა ყველას იზოლაციაში მოაქციონ ირანი, ვიდრე ის არ შეწყვეტს თავდასხმებს სავაჭრო გემებზე და უარს არ იტყვის ბირთვულ იარაღზე.

ტრამპის მიხედვით, ირანი 51 წლის განმავლობაში, ანუ ისლამური რევოლუციის შემდეგ შიშის ზარს სცემს რეგიონის ქვეყნებს. ემუქრება მათ რაკეტებით, ბირთვული იარაღის გამოყენებით და ა.შ.

ჩემი განმარტება — ირანს არავითარი დამპყრობლური პოლიტიკა არ განუხორციელებია ისლამური რევოლუციის შემდეგ. პირიქით, თვით ის იყო მსხვერპლი სადამ ჰუეინის ერაყის აგრესიის, რომელიც თითქმის 10 წელი გრძელდებოდა — დიდი მსხვერპლით. მაშინ სადამ ჰუსეინს მხარს უჭერდა აშშ-ი და 50 სხვა ქვეყანა.

ირანის სულიერმა ლიდერმა და სახელმწიფოს მეთაურმა აიათოლა ჰამენეიმ გამოსცა ფეტვა, რომლის მიხედვით ირანს ეკრძალება მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება. ურანის გამდიდრება კი მას სჭირდება სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ტრამპი იძულებულია ირანს დააბრალოს ის, რაც თვით ირანისთვის მიუღებელია — თავის გასამართლებლად. ტრამპი თავისივე გადაწყვეტილების ხაფანგშია მოქცეული. ტრამპმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს წაქეზებით ომი დაუწყო ირანს. დაბომბა ამ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, ისე, როგორც სამოქალაქო, მაგრამ ირანი ვერ დააჩოქა. დღემდე დაკეტილია ორმუზის სრუტე, რომლის გავლით მსოფლიოს მიეწოდებოდა ნავთობის 30%.

ნავთობის დეფიციტმა გამოიწვია მსოფლიოს ენერგეტიკულ-ეკონომიკური კრიზისი. ბენზინზე, დიზელზე, გაზზე ფასების თავბრუდამხვევი ზრდა. ენერგეტიკულ გაუსაძლისობას მოჰყვა ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და ა.შ. რაც უპირველეს ყოვლისა ტრამპის მცდარი გადაწყვეტილებების შედეგია.

თავის გასამართლებლად ტრამპი მსოფლიოს ეუბნება, რომ მან გაათავისუფლა სამყარო ირანის ბირთვული თავდასხმისგან, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

ტრამპმა ბრძანა, რომ თუ ირანი არ დათანხმდება აშშ-ს წინადადებებს, ის გააგრძელებს ირანის დაბომბვას და საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ირანის მრავალსაუკუნოვან არსებობას.

და ამას აცხადებს ის გაეროს ტრიბუნიდან, დამსწრე საზოგადოების მეთაურების წინ, რომლებსაც ხმაც არ ამოუღიათ ტრამპის აგრესიული რიტორიკის გასაკიცხად. ნიშნავს თუ არა ეს მონურ მორჩილებას „დიდისა“ და „ძლიერი“ ქვეყნის წინაშე?

თუმცა, როგორც რეალობა გვკარნახობს „დიდი“ და „ძლიერი“ მარტო ამერიკა არ არის, რაც დამტკიცდა კიდევაც ჩინეთის მეთაურის სი ძინპინის აშშ-ი ვიზიტის დროს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაიმართა.

რაზე შეთანხმდნენ სუპერ-სახელმწიფოების მეთაურები, არვინ იცის. მაგრამ პროტოკოლური მასპინძლობიდან გამომდინარე ტრამპმა არნახული მასპინძლობა გაუწია ამხანაგ სის — კომპარტიის ლიდერს.

კომპარტიას, საერთოდ კომუნიზმს ტრამპი უარყოფითად მიიჩნევს და სახელმწიფო რეზოლუციაც შეიყვანა ძალაში — აშშ-ი კომუნისტური იდეების გაშლის საწინააღმდეგო მოქმედებისთვის.

ტრამპი უძლურია მასზე დიდთან და ძლიერთან დაპირისპირებაში. ჩინეთი ეკონომიკური ზრდის ტემპით უსწრებს აშშ-ს, ისე, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს.

 დენ სიაოპინის მიერ დაწყებულმა რეფორმებმა ისეთი შედეგი გამოიღო, არვინ რომ არ მოელოდა. მისი გამოთქმა — „არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის არის კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“ მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე მყარად ჩაჯდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ავტორი.

ჩინეთმა ახალი ცხოვრება დაიწყო — კომუნისტურ-კაპიტალისტური — ერთი მმართველი პარტიით — კომუნისტურით და მასთან ერთად შეხამებული კაპიტალისტურით, ბიზნესით, კერძო საკუთრებით. დღევანდელ ჩინეთს იმდენი, თუ არა მეტი მილიონერი და მილიარდერი ჰყავს, ვიდრე აშშ-ს, ერთად აღებულ სხვა ქვეყნებს.

ძნელია ჩაწვდე ჩინურ ფენომენს, მიზეზს იმისა, რამ გამოიწვია ესოდენ სწრაფი პროგრესი, მშიერი ქვეყნის მაძღრად გადაქცევა, სიღარიბის დაძლევა. ჩინეთი, სწრაფმავალი მატარებლების მსგავსად, 300-ზე მეტი კილომეტრის სისწრაფით მიექანება წინ. სწრაფმავალი 40 ათასი კმ-ის სიგრძის რკინიგზა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის აშშ-თვის სიზმარშიც წარმოუდგენელია.

არ არის დარგი, სადაც თავბრუდამხვევ წინსვლას არ ჰქონდეს ადგილი. ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა მსოფლიოში სახელგანთქმულ რუს პიანისტს დენის მაცუევს — რას იტყვით ჩინელ პიანისტებზეო. კარგის მეტს ვერაფერს, ვინაიდან მათი რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებსო — უპასუხა მან.

21-ე საუკუნე ჩინეთისაა, მის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტისაა, მისი ტექნოლოგიებისაა, ახალი აზროვნებისაა.

თანამედროვე ჩინეთმა აფიქრებინა ტრამპს დაერღვია სახელმწიფო პროტოკოლი და თვითმფრინავის ტრაპთან დახვედროდა სი ძინპინს — ჩინეთის ხელმძღვანელს, მეუღლესთან ერთად.

მაღალი სტუმრის აეროპორტში დახვედრა არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. მაღალ სტუმარს მასპინძელი ქვეყნის მაღალჩინოსანი ხვდება და არა მეთაური. მეთაური ოფიციალურ პროტოკოლურ ცერემონიალს მასპინძელი ქვეყნის პირველი პირის სასახლესთან მართავს.

ტრამპმა დაარღვია პროტოკოლი მეორედ. პირველი, ანკორიჯი იყო, სადაც სტუმარ-მასპინძელი ერთდროულად ჩაფრინდა და ტრამპი მაშინ გადმოვიდა თვითმფრინავიდან, როდესაც პუტინის თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე დაჯდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტრამპ—სის მოლაპარაკება საიდუმლოებით არის მოსილი, მაგრამ სის ვიზიტმა ტრამპს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.

მედიის  და ექსპერტების წინასწარმეტყველებით რესპუბლიკელები წააგებენ არჩევნებს, რაც ტრამპისთვის დიდი პრობლემების მომასწავებელია, ამდენად მისი საგარეო აქტიურობა შემთხვევითი არ არის.

გაეროს გენერალური ასამბლეა ნაყოფიერი არ გამოდგა უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის, ზელენსკისთვის. მის მიმართ გაეროს წევრთა ინტერესი ისეთი აღარ იყო, როგორც გასულ წლებში.

ზელენსკის სიტყვას ცარიელი დარბაზი შეეგება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უკრაინის თემამ თავი მოაბეზრა მსოფლიოს. არც ტრამპთან მოლაპარაკებამ მოუტანა მას რაიმე დამაიმედებელი, განსაკუთრებით რაკეტებთან დაკავშირებით.

რახანია ზელენსკი ითხოვს „პეტრიოტის“ რაკეტებს რუსული სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად, თუმცა ამაოდ.

რაც შეეხება ევროკავშირს — ზელენსკისთვის ვერბალური მხარდაჭერა ისევ გრძელდება, მაგრამ სიტყვით „პეტრიოტი“ ვერ დაიტენება, ვერც რუსული თავდასხმის მოგერიება შეიძლება.

ზელენსკიც და ევროკავშირიც არასახარბიელო ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ — უსუსურობის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

28/09/2026