10.08.2026

ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი

აგვისტო — მძიმე წარსულის გახსენებების თვეა. საქართველო იხსენებს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დაკარგვას — 2008 წლის ომიდან გამომდინარე, იაპონია — ჰიროსიმასა და ნაგასაკში ბირთვული ბომბების ჩამოყრას.

ცხინვალის ომი, მისი დაწყების ისტორია, ისე, როგორც გუშინ და გუშინწინ, 2008 წლიდან მოყოლებული, იწვევს დაპირისპირებას ორ ბანაკს შორის — ქოცების და ნაცების. „ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლიდან დღემდე აცხადებს, რომ ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო, რაც სინამდვილეს შეეფერება.

ნაცები, „ოცნებას“ არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ, დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.

2008 წლიდან მოყოლებული ვისმენთ მოსაზრებებს, ხშირად აბსურდულს, ტყუილებს, თვალთმაქცობას ცხინვალის ომის დაწყებასთან დაკავშირებით და ნაცვლად წერტილის დასმისა უსაგნო ლაპარაკისთვის, პირიქით ვირჯებით, რითაც ვშორდებით მთავარს — ომის შემდეგ რა გავაკეთეთ და რას ვაკეთებთ დაკარგული აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის შემოსაბრუნებლად.

საქართველოს პოლიტელიტამ, საზოგადოებამ ფუჭ ლაპარაკში დახარჯა დრო, რომელსაც ოქროს ფასი ჰქონდა და აქვს კაცობრიობის ისტორიაში. ფუჭი ლაპარაკის ნაცვლად, დიალოგი რომ დაგვეწყო ჩვენგან წასულებთან, მათ მფარველ რუსეთთან — რაღაც დონემდე მივიდოდით. დღეს რაც გვაქვს მათი დამოუკიდებლობის ქვეცნობიერი აღიარებაა.

გულზე მჯიღის ცემა და პატრიოტული რიტორიკა — გულის ფხანაა. წარსულის შემობრუნებას არც ნაურუს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო, რომ ნაურუმ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენს ყოფილ ავტონომიებთან და მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო უწყებას „უდიდესი დიპლომატიური გარღვევისთვის“.

ნაურუს სახელი რახანია გვესმის და რატომღაც ვთვლით, რომ ამ პატარა სახელმწიფოს ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე ისეთია, დედამიწას რომ აზანზარებს. საქართველოს მოსახლეობის 99% არც კი იცის ასეთი სახელმწიფოს არსებობის შესახებ. და რომ იცოდეს, ვეტყვი — ნაურუ პატარა კუნძულია ავსტრალიასთან — 21,3 კვ.კმ სიდიდის, 11300 მოსახლით. ნაურულები არ გამიწყრებიან, თუ ვიტყვი — ეს, ის შემთხვევა არ არის, ზოგიერთი ჩვენგანის მიერ ნათქვამს რომ მიესადაგებოდეს — ოქრო პატარაა, მაგრამ დიდად ფასობს.

როგორც ჩანს მინისტრმა და ქართველმა დიპლომატებმა ბევრი იღვაწეს ენით აუწერელი „წარმატების“ მისაღწევად. ისე კი უმჯობესი იყო ამ ენერგიის აქვე, ყურისძირში დახარჯვა — სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში.

„ოცნების“ ხელისუფლებამ და მისმა დამფუძნებელმა ივანიშვილმა ბევრი გააკეთეს რუსეთთან უაღრესად დაძაბული ურთიერთობებიდან, დღევანდელ დონემდე დასაყვანად, მაგრამ დაპირება — რუსეთთან ურთიერთობების „დასალაგებლად“ ვერადავერშეასრულეს.

„ოცნება“ მაინც დასავლეთისკენ იყურება იმის იმედით, რომ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები მოგვიგვარებენ ამ საქმეს, ანუ დაგვიბრუნებენ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს. „ოცნებას“ იმათი იმედი აქვს, ვინც სააკაშვილს ომი დააწყებინა.

სამხრეთ-ოსეთთან სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომით დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა დაადგინა მისთვის მნიშვნელოვანი რამ — უპასუხებდა თუ არა რუსეთი ქართულ აგრესიას და რა მასშტაბის იქნებოდა ის. გარდა ამისა, დასავლეთს სურდა რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი დაძაბულობის შექმნა საქართველოს ხელით.

არ გამოუვიდა. და საქართველოც მიივიწყა — წასულებთან არაფრის მომცემი ჟენევის შეხვედრების გამართვით.

დრო კი გადის. აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთში ახალი თაობაა, რომელმაც ცუდის მეტი არაფერი იცის საქართველოს შესახებ. არც აქაურებმა ვიცით, რით და როგორ ცხოვრობენ იქაურები, რით სუნთქავენ, რაზე ოცნებობენ, არის თუ არა ამ ოცნებაში ცოტა მაინც „მეზობელი“ საქართველოს შესახებ.

6 აგვისტო არის ის დღე, როდესაც იაპონიის ხელისუფლება, საზოგადოება აღნიშნავს ჰიროსიმის დაბომბვის დღეს — ტრაგედიას, რომელმაც ერთბაშად 200 ათასი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ჰიროსიმას, ნაგასაკი მოჰყვა — დიდი მსხვერპლით.

81 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ არავინ ამბობს ვინ ჩამოყარა ბირთვული ბომბები. ლაპარაკობენ ბირთვულ თავდასხმაზე, მაგრამ არა თავდამსხმელზე. იაპონიის სკოლის სახელმძღვანელოებშიც არსად არის ნახსენები აშშ-ი, რომელმაც ბირთვული იარაღის ძალა გამოსცადა მშვიდობიან ქალაქებზე.

არც ჰიროსიმა და არც ნაგასაკი არ იყო ცნობილი სამხედრო ობიექტებით, ბაზებით. არც ბირთვული იარაღის ჩაყრა იყო აუცილებელი მილიტარისტული იაპონიის კაპიტულაციისთვის, ვინაიდან წითელი არმიის იერიში იაპონიის კვანტუნის მილიონიან არმიაზე იმდენად სწრაფი და წარმატებული იყო, იაპონია რომ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ანტიჰიტლერულ კოალიციას.

პრეზიდენტ ტრუმენის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს დაანახა ძალა ბირთვული იარაღისა. ტრუმენის ბირთვული აფეთქება მარტო იაპონიისთვის არ იყო გამოწერილი, საბჭოთა კავშირის შესაშინებლად იყო მიმართული.

ჰიროსიმა-ნაგასაკის ტრაგედიას თან ახლდა შემთხვევით გადარჩენილი იაპონელების დაავადებები. დაბომბვის გამოძახილი დღესაც არის — დასნეულებული იაპონელების სახით. სტატისტიკის მიხედვით, ატომურმა ბომბებმა ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა — ერთბაშად 200 ათასი, დაავადებებით 300 ათასი.

ჰიროსიმაში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაი ტოკაიტომ გვირგვინით შეამკო მემორიალი და სიტყვაც წარმოთქვა — საერთო ფრაზებით, მთავარი დამნაშავის არ ხსენებით.

ილაპარაკა ჰიროსიმას მერმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე — რუსეთის გინებით. მან ისიც თქვა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღით ემუქრება ყველას. არც ერთი სიტყვა აშშ-ს პოლიტიკაზე, რომელმაც დიდი ტრაგედია აგემა იაპონიას.

შექმნილი ვითარება გვეუბნება იმას, რომ აშშ-ს ლანძღვა-გინება, დადანაშაულება არ შეიძლება, არც იაპონიის ჰიროსიმა-ნაგასაკის დაბომბვაში, არც 81 წლის განმავლობაში გაჩაღებულ ომებში, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. და არც ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულ სამხედრო ავანტურაში — მშვიდობიანი ირანელების დახოცვაში, მთელი რიგი ქალაქების განადგურებაში; ირანის მეთაურის აიათოლა ჰამენეისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობაში.

 მსოფლიო არაფერს ამბობს აშშ-ზე, მაშინ, როდესაც რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში პირზე აკერია. აშშ-ს არვინ უწესებს სანქციებს, რუსეთისგან განსხვავებით, რაც გვეუბნება — ის, რაც დასაშვებია აშშ-სთვის, დაუშვებელია სხვისთვის. და რახან აშშ-ს არ სჯის მსოფლიო საზოგადოება სიტყვით მაინც, ისიც, ხელ-ფეხ გახსნილი, თავს უფლებას აძლევს აკეთოს ის, რაც მოესურვება.

დავუბრუნდეთ იაპონიას. ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს ტრამპმა ბრძანა — წინათ ორ ქვეყანას შორის იყო უთანხმოება, კონფლიქტიც, მაგრამ დღეს მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ეს ქვეყანა გადაიქცა აშშ-ს სამხედრო ბაზად, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკული ბირთვული იარაღი.

იაპონია ფაქტიურად ოკუპირებული ქვეყანაა და სულაც არ არის გასაკვირი აშშ-ს არ დადანაშაულება ბირთვულ დაბომბვაში.

კაცობრიობის ისტორიაში არაერთ ომს ჰქონდა ადგილი. ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ხოცავდნენ ტერიტორიებისთვის, პრესტიჟისთვის, ერთის მიერ, მეორის დამონებისთვის.

აშშ-ს მრავალწლიანი ომი ჰქონდა ვიეტნამში, რომელიც მარცხით დასრულდა. ვიეტნამს კარგად ახსოვს აშშ-ს მიერ ჩაყრილი ტონობით ბომბები, მომწამვლელი ქიმიური იარაღი, ვიეტნამელთა მასობრივი ხოცვა. მაგრამ ყველაფერი ისტორიას ჩააბარა და პრაგმატული ურთიერთობა დაამყარა გუშინდელ მტერთან.

აშშ-ვიეტნამი, დღეს სტრატეგიული პარტნიორები არიან — გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვიეტნამს არათუ მჭიდრო ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა აგრესორ ამერიკასთან, არამედ არცკი უნდა გაეხედა მისკენ.

გაიხედა, ვინაიდან თანამედროვეობა მოითხოვდა ამას.

წარსული ისტორია მუდამ უნდა გვახსოვდეს, მუდამ უნდა ვსწავლობდეთ, ვიზიარებდეთ მას, მაგრამ ძველი ისტორიით არ უნდა ვცხოვრობდეთ — 21-ე საუკუნის ოციან წლებში.

18 წელი გავიდა სამხრეთ-ოსეთის ომის შემდეგ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ომი გუშინ იყო. ახალი თაობა, რომელიც ომს არ შესწრებია, ტყუილებზე იზრდება — წასული ავტონომიების სიძულვილზე, ისე, როგორც რუსეთის.

რადიო „მაესტროზე“ მოვისმინე ომთან დაკავშირებული განცხადება, რომელსაც ყველა თუ არა, მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს — რუსეთი აგრესორია, ის თავს დაესხა საქართველოს, მიიტაცა მისი ტერიტორიები და ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

არც ერთი სიტყვა — რამ გამოიწვია რუსეთის ჯარის შემოსვლა საქართველოში. არც ერთი სიტყვა — რუსი სამშვიდობოების დახოცვის თაობაზე. არც ერთი სიტყვა — რამ გამოიწვია საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის „გაწიწმატება“ ოსთა და რუსთა, აფხაზთა წინააღმდეგ, რამაც მას პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის დროს ხელი ჰკრა აგრესიაზე.

არც ერთი სიტყვა — რატომ გადახაზა სააკაშვილმა მედვედევ-სარკოზის დოკუმენტში მთავარი პუნქტი — საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან მოლაპარაკება ავტონომიების სტატუსის განსასაზღვრად.

არც ერთი სიტყვა — ლავროვის არაერთ შეხსენებაზე ავტონომიების სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა — ავტონომიების ძალით შემოერთებასთან დაკავშირებით.

არც ერთი სიტყვა — რატომ აღიარა რუსეთმა ავტონომიების დამოუკიდებლობა. იმიტომ ხომ არა, ამით თავიდან აირიდა ახალი აგრესია სააკაშვილის მუქარიდან გამომდინარე?!

საქართველოს ხელისუფლებას ვერადავერ მივაკერებთ რუსოფილობიას. მაგრამ მან სათქმელი უკვე თქვა ჯერ ივანიშვილის პირით, სულ ახლახანს — პრემიერ-მინისტრ კობახიძის პირით. ასე რომ, ნაცმოძრაობა, მისი მომხრე საზოგადოება უნდა იზიარებდნენ მათ ნათქვამს, ვინაიდან სიმართლეა. მაგრამ თუ არ იზიარებენ, მეზობელი რუსეთის მიმართ აგრესიულად განაწყობენ მოსახლეობას — ქვეყნის მიმართ, რომელზეც ჩამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა.

საქართველოს მეზობლებიდან რუსეთი არის ერთადერთი, რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია საქართველოსთვის. აკეთებს კიდევაც — დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე. რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ისეთივეა ან უფრო მეტი, ვიდრე თურქეთთან, რომელთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

რუსეთი ჩვენი მტერია, ხოლო თურქეთი კეთილისმსურველი?

რომ არა რუსეთის იმპერია, საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელი მიკროსკოპიულად მოკლე ექნებოდა.

თურქეთთან ომში გამარჯვებულმა რუსეთმა დაათმობინა მას ბათუმი და ბათუმის ოლქი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილის საქართველოსთვის შესაერთებლად.

თურქეთის ტერიტორიაზე საკმარისი სიდიდის არის საქართველოს ისტორიული მიწები, რაც მტკიცე საფუძველს უნდა გვაძლევდეს ვუძახოთ მას ოკუპანტი. მაგრამ არა! თურქეთი მეგობარია, რუსეთი — მტერი. თურქეთი ძველი ისტორიაა, რუსეთი ახალი. მადლობა ღმერთს, რომ თურქეთსაც არ ვიმტერებთ, ისე, როგორც რუსეთს, რითაც თურქეთიც ხარობს — აჭარაში ფესვების ღრმად გადგმით.

იცის ვინმემ, რატომ ვუძახით რუსეთს „ოკუპანტს“, თურქეთს არა?!

იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთი არის ამ საქმეში გარეული?

უდავოდ არის, ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ომის რეალურად გამჩაღებლის მხრიდან. ის არის მთავარი წამქეზებელი, ხელის მკვრელი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისა და ნაცმოძრაობისთვის რუსეთთან ომის გაჩაღებაში.

სააკაშვილი დამნაშავეა დასავლური „ომის ძალებისთვის“ თანხმობის გამოცხადების გამო. და რახან ასეა, ის ომის დაწყებისთვის, ავანტურისტული გადაწყვეტილების მიღებისთვის უნდა გასამართლდეს. გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია, ისე, როგორც მცირეტერიტორიან ქვეყნისთვის 20%-ს დაკარგვა, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვიტა ქვეყანასთან, რომლის წყალობით დღესაც სული გვიდგას — მასთან ოფიციალური ურთიერთობების არმქონეს.

საქართველოს გზა დასავლეთისკენაა — ევროკავშირ-ნატოსკენ, რამდენჯერ მოგვისმენია ეს სასიამოვნო სიტყვები. მერედა რა? მერედა ის — თუ დასავლეთი გინდა, რუსეთთან არ უნდა გქონდეს არავითარი ურთიერთობა — ასე ითხოვს დასავლეთი.

რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა საქართველოსთვის რომ კატასტროფის მომტანი იქნება, დასავლეთს არ ანაღვლებს, ისე, როგორც აქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, უპირველესად ნაცმოძრაობას, რომელმაც 5 აგვისტოს ყრილობა ჩაატარა, ნაცვლად კანონგარეშედ გამოცხადებისა. ხელისუფლება დაგვპირდა ამას, მაგრამ დაპირება არ სრულდება.

ლოზუნგი — დასავლეთისკენ — ძალაშია, მიუხედავად დასავლეთის დაჩაჩანაკებისა, დასავლური ფასეულობები უნდა გავიზიაროთ — აცხადებენ ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები, მათი ნათესავები და მათ მიერ მოტყუებული ხალხი.

მაინც ისეთი რა ფასეულობები აქვს დასავლეთს, თავგზა რომ აგვიბნია?

იქნებ ჩვენი გაუნათლებლობის ბრალია შევხაროდეთ ვირტუალურს, რომლის შესახებ არაფერი ვიცით?

სულ ახლახანს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვენსის სპეციალური გამოსვლა მოვისმინე აშშ-ის კორუფციასთან დაკავშირებით, რომელშიც მან თქვა — აშშ-ს ბიუჯეტის მიერ სოციალური ფონდისთვის გამოყოფილი ფულიდან 240 მილიარდი დოლარი ვიღაცამ (ვიღაცეებმა) ჩაიჯიბეს.

პენტაგონისთვის გამოყოფილი მილიარდებიდან, 30 მილიარდი თაღლითების მიერ იძარცვება. რაღა შორს წავიდეთ აშშ-ი დაკანონებულია ლობისტობა, რაც პირდაპირი კორუფციაა. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დაიქირაოს ლობისტი, რომელიც კონგრესში, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკვარახჭინებს საქმეს.

საქართველოსაც ჰყავდა ასეთი ლობისტები. შეიძლება დღესაც ჰყავს, მაგრამ მერედა რა?

აშშ-ს ადმინისტრაცია არაკეთილი თვალით გვიყურებს. თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ბოლო განცხადება.

ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუერი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები ლაპარაკობენ კორუფციაზე, არადემოკრატიულობაზე, სიტყვის თავისუფლების არ არსებობაზე. სად ნახეთ იმ შორეულ ქვეყანაში ფასეულობა?

საქართველოს პოლიტიკოსებს უკრაინისა შურით  ის უფრო დაფასებულია აშშ-ს ადმინისტრაციის მიერო. დაფასება რას ნიშნავს?

იმას ხომ არა, რომ უკრაინა ჩვენზე დიდია და წიაღისეულითაც მდიდარია, რომელსაც დასავლური კომპანიები თქვლეფენ?

იმას ხომ არა, რომ უკრაინას რუსეთთან აომებენ, ამ უკანასკნელის დასამარცხებლად და მისი სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად?!

ევროპული ფასეულობები რაღას ნიშნავს, თუ არა გაუთავებელ ომებს, ინკვიზიციას, ფაშიზმს, კოლონიალიზმს?

ეს არის ევროპული ფასეულობები — ისტორიულად სხვა ქვეყნების კოლონიზირებაზე დაფუძნებული. დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთის კოლონიზირებით 40 ტრილიონი დოლარი ჩაიჯიბა.

ევროპა არის სამშობლო ორი მსოფლიო ომის, ფაშიზმის. ევროპის წიაღში იშვა ჰიტლერი, რომელმაც ფაშისტური იდეოლოგიის ქვეშ დააყენა მთელი ევროპა და საბჭოეთის საზღვრებს მიაყენა — ტერიტორიისა და სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად.

მერედა რას გახდნენ დიდი ფასეულობების მატარებელი ევროპელი მწერლები, ფილოსოფოსები, მხატვრები, საზოგადო მოღვაწეები ჰიტლერიზმთან?

შეაჩერეს ფაშისტური გერმანია მისთვის და მსოფლიოსთვის დამღუპველი ნაბიჯის გადადგმაში?!

ჩვენ გვინდა ევროკავშირ-ელობა, ნატო-ელობა. უკრაინასაც უნდა და რა მიიღო?

რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებს — უპასუხოდ. უკრაინას პასუხი არ აქვს, ანუ უკრაინას აღარ აქვს ანტისარაკეტო სისტემისთვის რაკეტები, „პეტრიოტს“ რომ უძახიან. აშშ-ს აქვს, მაგრამ უკრაინას არ აძლევს, ისედაც მცირე რაოდენობის დაგვრჩა და ჩვენთვის გვინდაო.

საგონებელში ჩავარდნილი ზელენსკი ყველა ევროპელ ხელისუფალს მიმართავს — საწყობებში რომ გაქვთ, ის რაკეტები მოგვეცითო. მაგრამ უშედეგოდ. ასე იცის ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორობამ.

ხომ არ დაიღალნენ უკრაინის დასავლელი პარტნიორები?

ვგონებ, რომ ასეა. 4-წლიანი ომი, რომელშიც მთელი კოლექტიური დასავლეთია ჩართული — უკრაინის დასახმარებლად — გადაიღალა ეკონომიკურად, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით, სოციალურად. მან ვერ გაუძლო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ თავისსავე ეკონომიკურ სანქციებს; ვერ გაუძლო რუსეთის ენერგომატარებლების მიღებაზე უარის თქმას; ვერ გაუძლო და ბოლო ცნობების მიხედვით, საფრანგეთმა, ესპანეთმა, სხვა მტერმა ქვეყნებმა რუსეთისამ, დიდი რაოდენობის დაჭირხლული გაზი იყიდეს რუსეთისგან.

სუსტი გამოდგა ევროკავშირი, ისე, როგორც ნატო — რუსეთთან ირიბ ომში ვერ გაძლეს; ვერც ზელენსკიმ გაახარა რუსეთზე გამარჯვებით, რითაც იმედი გაუცრუა დასავლეთს. რუსეთი კი დგას და იმდენ ბალისტიკურ რაკეტას აყრის უკრაინას 24 საათის განმავლობაში, რომ ვერც ერთი დასავლელი ვერ გაბედავს. ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ რაკეტები არ აქვს. ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ რაკეტას დამზადება უნდა, დამზადებას საწარმო სიმძლავრეები და დრო.

დასავლური ვირტუალური ფასეულობები, სიკეთეები რუსულ სამხედრო კლდეს შეასკდა და დაიმსხვრა, მაგრამ ყოფილ საბჭოელებს, მათ შორის ჩვენც მაინც ურსულას და კაიას ევროკავშირი გვინდა.

ევროკავშირი და დასავლური „სიკეთეები“ უნდა ჩვენს მეზობელ სომხეთსაც, უფრო სწორად სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და მის გუნდს, რისთვისაც ისე იჭაკებიან. თითქოს მრავალტონიან ტვირთს ეწეოდნენ. ტვირთი მართლაც მძიმეა და მისი აწევის შემთხვევაში სომხეთი სხვა გზას დაადგება — დიამეტრალურად განსხვავებულს, რაც აქამდე იყო.

სომხეთს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს ეკონომიკურ ცხოვრებაზე, რომ ჰქონდეს, ნებაყოფლობით თავს არ გაჰყოფდა ყულფში. იქნებ სულაც არ არიან დილეტანტები ფაშინიანი და მისი გუნდის წევრები?

იქნებ ისინი დასავლეთის დავალებასა ასრულებენ — სომხეთის ჩამოშორებას რუსეთისგან? იქნებ ამ საქმის მოკვარახჭინებისთვის მათ მსუყე საჩუქარი ელოდება დასავლეთისგან?

სომხეთის მთავარი პრობლემა მისი ექსპორტის სტრუქტურაშია. წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარი სომხეთისთვის იყო არა უბრალო მიმართულება, არამედ მთავარი, რომელიც ყიდულობდა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის არმან ხოჯოიანის განცხადებით, 2025 წელს სომხეთმა განახორციელა 146,5 ათასი ტონა ხილის და  ბოსტნეულის ექსპორტი. უდიდესი ნაწილი რუსეთის ბაზრისკენ წავიდა — სომხეთის ექსპორტის 98% — საერთო თანხით 142,5 მილიონი დოლარი.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ ამ რაოდენობის სხვა ბაზარზე გადამისამართება იოლი საქმე არ არის. მას დრო სჭირდება უცხო ბაზარზე მყიდველის მოსაზიდად, კონტრაქტების გასაფორმებლად, სერტიფიკატის მისაღებად, ლოჯისტიკის განსახორციელებლად, საექსპორტო პროდუქციისთვის აუცილებელი კონტეინერების დასამზადებლად და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი ფასის დასაწესებლად.

რაც შეეხება მეყვავილეობას. 2025 წელს სომხეთმა გაყიდა 1320 ტონა ყვავილი, 2024 წლის 566 ტონასთან შედარებით. მოცულობის გაზრდა გამოწვეული იყო რუსული ბაზრის მოთხოვნით. რუსეთის მიერ შეზღუდვის დაწესების შემდეგ სომხეთი შეეცადა ლატვიაში, უკრაინაში, არაბთა საემიროებში, ევროკავშირში ექსპორტს, სადაც 5,5 ათასი ყვავილი შეიტანა, რაც ზღვაში წვეთია რუსეთში განხორციელებულ ექსპორტთან შედარებით.

მძიმე ვითარება შეიქმნა მეთევზეობაში. 2025 წელს სომხეთმა რუსეთში 9 ათასი ტონა თევზი და თევზის პროდუქცია გაყიდა — 72 მილიონი დოლარის. სომხური კალმახი იყო მთავარი პროდუქტი.

რუსული სანქციის შემდეგ, მეთევზეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. ცოცხალ თევზს სჭირდება წყალი, ელექტროენერგია, საკვები, მომსახურება. თევზი იზრდება და შორდება საექსპორტო პარამეტრებს. გარდა ამისა საჭიროა მომსახურე პერსონალის ხელფასით უზრუნველყოფა. ევროკავშირში სომხური კალმახი არავის სჭირდება, თავისიც თავზე საყრელი აქვს.

ის, რომ ევროკავშირის ბაზარი ღიაა სომხური პროდუქციისთვის, ჯერ-ჯერობით ნიშნავს იურიდიულ პროცედურებს და არა მასობრივ ექსპორტს. მთავარი ბარიერი არა მარტო რეგისტრაცია-სერტიფიცირებაშია, არამედ წყლის და საკვების ხარისხში, აგრეთვე სტანდარტებში, შეფუთვაში, ლოჯისტიკასა და თვითღირებულებაში.

რუსეთის ბაზრისთვის სომხური თევზი ზღვაში წვეთია, სომხეთისთვის კი — დიდი შემოსავლის წყარო. ევროპის ბაზარზე კარგა ხანია მუშაობენ თევზის მწარმოებლები ნორვეგიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც დაოსტატებული აქვთ საზღვაო და სახმელეთო ლოჯისტიკა. შეძლებს მათთან სომხეთის პროდუქცია კონკურენციაში შესვლას?

ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოჩნდა პრინციპული სხვაობა პოლიტიკურ დეკლარაციასა და ეკონომიკურ რეალობას შორის. განცხადება ევროკავშირის კარის გაღებისა ერთია, მაგრამ იქ შესასვლელად წლებია საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად — სერტიფიკაციის, ინვესტიციის მოსაპოვებლად, სავაჭრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად.

ასე რომ, ფაშინიანის ეიფორიული განწყობა, დაფუძნებული ურსულა ფონ დერ ლაიენის ლაპარაკზე — სომხეთისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით არაფერია — რუსეთის ბაზართან შედარებით, რომელიც ფაშინიანმა დაკარგა.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კატეგორიულად ითხოვს ფაშინიანისგან რეფერენდუმის ჩატარებას, დევიზით — უნდა თუ არა სომხეთის მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრება.

ბიშკეკში, გასულ კვირას შემდგარ ევრაზიული კავშირის მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეების შეხვედრაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი არ აქვს, ვინაიდან სომხეთმა არ იცის, მიიღებენ თუ არა მას ევროკავშირში.

არადა სომხეთის პარლამენტმა დააკანონა სომხეთის ევროკავშირში შესვლა. როგორც ჩანს, ფაშინიანს სურს იყოს ევრაზიულ კავშირში მანამ, ვიდრე გაწევრდება ევროკავშირში, რაც ორ სკამზე ჯდომას ნიშნავს, რაზეც კრემლი არ თანხმდება.

სომხეთის მაგალითი ჭკუის სასწავლებლად მოვიყვანე იმ „პატრიოტი“ ქართველებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ იმ ჭაში აფურთხებენ, საიდანაც წყალს სვამენ. რუსეთის ბაზარი ჩვენთვისაც ჰაერივით არის საჭირო და მას ლანძღვა-გინება არ სჭირდება.

P.S. ჰიროსიმას შემდეგ, 9 აგვისტოს ნაგასაკშიც გაიმართა სამგლოვიარო ცერემონიალი, რომლის დროს ნაგასაკის მერმა, 81 წლის შემდეგ დაარღვია იაპონიის ოფიციოზის სიჩუმე და თქვა — ბომბები აშშ-ა ჩამოყარეს.

ხომ არ ნიშნავს ეს პოზიციების გადახედვას?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

10/08/2026