რუსი ქალისთვის გამეტებული მუშტი საქართველოს მოხვდა
ჩიტმა ამბავი მოგვიტანა — საქართველო კეთილდღეობის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებშიაო. გასახარი ამბავია უდავოდ. რა სჯობს იმას, როდესაც ხალხის, ხელისუფლების ნაღვაწს მსოფლიო დადებითად აფასებს.
ეს, ის კეთილდღეობაა, რომელსაც ჩვენ არ ვაფასებთ, მაგრამ ისინი აფასებენ. საინტერესო რამ არის, ხალხი, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს ვერ ხვდება, რომ ასეთში იმყოფება, მაგრამ ისინი ხედავენ, დასავლელები, რომლებიც აქაურ კეთილდღეობაში არ ცხოვრობენ.
მაინც რას ნიშნავს კეთილდღეობა მათი გაგებით? — ეს კითხვა ებადება ყველა იმას, ვინც ამ კეთილდღეობაში ცხოვრობს, ვინაიდან ვერადავერ შეუგრძვნია კეთილდღეობა, რომელშიც ცხოვრობს. მას, ამ სასიხარულო ამბის მომსმენს ებადება კითხვა — რა საზომით იზომება კეთილდღეობა? ვინ არის ამ საზომის გამომგონებელი? ვინ ჩათვალა, რომ ის და მისნაირები კეთილდღეობაში ცხოვრობენ?
ყველა იმას, ვისაც ეს კითხვა ებადება, პასუხიც გამზადებული აქვს — ხელისუფლება, ბიზნესმენები, ბანკის მოხელეები არიან. ისინი, ვინც კეთილდღეობაში ცხოვრობენ, სხვას ვერაფერს იფიქრებს, როდესაც თვით ხელისუფლების ძალისხმევით და ხელმრუდეების ქონების გამოქვეყნებით აკეთებს შესაბამისს დასკვნებს.
ჩვენ, რომ ყველაზე უსპეტაკეს და უპატიოსნეს ორგანოდ მივიჩნევდით სუს-ის სამსახურს, ხოლო მის ხელმძღვანელს — ფრთაშესხმულ ანგელოზად, კორუფციონერი ყოფილა. უფრო მეტიც, არა მარტო ის, არამედ მისი ნათესავები. ერთ-ერთის უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე ამასწინათ გვახარეს. ამ პიროვნების სახელი არ მახსოვს, მაგრამ ბინებისა და ავტომანქანების რაოდენობამ დატოვა კვალი ჩემს მეხსიერებაში, რომელშიც უკვეჩაბეჭდილი იყო კომუნიკაციების ყოფილი შეფის ბექაურის 22 ბიძა, აგარაკები და მიწის ნაკვეთები, ისე, როგორც ავტომანქანები.
გვეგონა, რომ ბექაური რეკორდსმენია და მას ვერვინ დაამარცხებდა უახლოეს მომავალში. მაგრამ შევცდით. ლილუაშვილის ნათესავმა დაამარცხა. შესაძლოა თანამდებობაზე მყოფმა სხვებმაც, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათი სახელები არ ვიცით. ვიცით პრემიერ-მინისტრის, ცხადია ყოფილის სახელი — ღარიბაშვილი, რომელსაც მობეზრდა „ხელის ჭუჭყთან“ — ასე ეძახდნენ საბჭოთა კავშირის დროს ფულს, თამაში და ოქროს ზოდებზე გადავიდა.
ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმარისია იმისთვის, ვინც კეთილდღეობაში მცხოვრებთ ასახელებს, ანუ მოსახლეობის 90%-ში. მათ მართლაც კეთილდღეობაში მოუწევდათ ცხოვრება, რომ არა წურბელები, რომლებმაც მათი კეთილდღეობისთვის განკუთვნილი თანხები ჩაიჯიბეს — სამარადისოდ.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათი ცხოვრება კეთილდღეობის ამსახველი იქნება — გადამალული ფულითა და ქონებით.
აი, ეს კატეგორია ცხოვრობს კეთილდღეობაში. მათი ცხოვრების ასახვა ხდება რეიტინგებში და საქართველოს სახელს „მაღლა წევს“ საერთაშორისო არენაზე. დავსვათ კითხვა — რას ნიშნავს კეთილდღეობაში ცხოვრება? და ნიშნავს თუ არა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას?
ელემენტარულობაში ვგულისხმობ სასმელი წყლით, ელექტროენერგიით მომარაგებას.
როდესაც კვირის განმავლობაში ორჯერ, ხან 3-ჯერ მობოდიშებით გატყობინებენ, რომ წყალი შეგიწყდებათ, ვინაიდან დაზიანებული მილების შეკეთება მიმდინარეობს; ან შუქი არ მოგეწოდებათ — მსგავსი საბაბით. ლიფტის უმოქმედობაზე აღარაფერს ვამბობ, ისე, როგორც მცირე წვიმის შემდეგ დატბორილ ქუჩებზე; დილით, არც ერთ სუპერმარკეტში ახალი პური რომ არ არის და პურის შეტანა 9 საათიდან იწყება; კვების პროდუქტებს, განსაკუთრებით ყველს ცეცხლი რომ ეკიდება, ხაჭაპურს ახლოსაც რომ ვერ გაეკარებით — ყველიანი მაქვს მხედველობაში, თორემ უყველო ყველა ჯიხურშია, ხაჭაპურს რომ შეგაზიზღებთ.
მედიკამენტებზე ფასებმა ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომც შეამცირონ ხელმისაწვდომ დონემდე ვერადავერ დაიყვანენ.
საქალაქო ტრანსპორტი, რომ პიკის საათებში ვერ აკმაყოფილებს მგზავრთა მოთხოვნებს, რომლებსაც ყურყუტი უწევთ გაჩერებებზე, სულაც არ ნიშნავს კეთილდღეობაში ცხოვრებას.
გასულ კვირას 2-ჯერ, 3 დღის ინტერვალით გაითიშა შუქი მთელს საქართველოში. პირველი გათიშვის დროს ჟურნალისტმა ჰკითხა ენგურჰესის დირექტორს ლევან მებონიას — რაშია საქმეო. არაფერი ვიცი, დისპეტჩერს დაუკავშირდითო — უპასუხა მან.
მეორე გათიშვის დროსაც არაფერი იცოდა დირექტორმა, რომელსაც საქართველოს ელექტრომომარაგების პულსზე მუდმივად უნდა ეჭიროს ხელი.
არ უჭირავს! და რომ არ უჭირავს — ხელისუფლებას არ ადარდებს.
ავარიის შედეგად ქვეყანა დარჩა სასიცოცხლო ობიექტების გარეშე. გაითიშა ბანკომატები, საბანკო ფილიალები, ბენზინგასამართი სადგურები; შეჩერდა მეტროს, რკინიგზის მუშაობა. შეჩერდა ცხოვრება. რატომ?
იმიტომ, რომ სისტემა არ მუშაობს — სახელმწიფო სისტემა. არ არის სახელმწიფო კონტროლი. არვინ ისჯება ცუდი მუშაობისთვის. ხელისუფლების არგუმენტი ასეთია — კრიპტოვალუტას მიაქვს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაო. მერედა რა იღონა ხელისუფლებამ ვითარების გამოსასწორებლად?
არც არაფერი.
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში უამრავი რაოდენობის ფაბრიკა-ქარხანა მუშაობდა, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორებიც იყო რუსთავის მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, 31-ე საავიაციო ქარხანა, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი და ელმავალმშენებელი ქარხნები, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხანა, მსუბუქი მრეწველობისა და კვების მრეწველობის ფაბრიკები, … ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საქართველოს მოსახლეობის იმჟამინდელი რაოდენობა 5,5 მილიონი იყო — გაცილებით მეტი, ვიდრე დღევანდელი, მაგრამ ელექტრომომარაგებაზე პრობლემები არ იყო. თვით ელექტროენერგიის ფასი კაპიკები იყო (4 კაპიკი), სიმბოლური. მაშ რაშია საქმე?
ის, ვინც მოესწრო საბჭოურ ცხოვრებას, გაოცებული იგონებს იმ წლებს სიტყვებით — კომუნიზმში ვცხოვრობდითო. დამოუკიდებლობის მიღებიდან 30 წელზე მეტი გავიდა — საკმაო დრო იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება გადაგვეწყვიტა. ვერ გადავწყვიტეთ.
უშუქობა, უგაზობა, უწყლობა იყო და არის ის პრობლემა, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.
ჯერ დაგვაზეპირებინეს ბლოკების სახელები — მე-8 ბლოკი, მე-9 ბლოკი, შემდეგ დივერსიები ელექტროგადამცემ ხაზებზე. შემდეგ რა?
და აი, ამ კეთილდღეობაში გვაცხოვრეს 30 წელზე მეტი. და როგორც ვატყობ იმდენივეს გაიმეტებენ ჩვენთვის — ხალხისთვის, რომელიც კეთილდღეობაში ვცხოვრობთ.
და როდესაც კეთილდღეობაში ვიხრჩობოდით — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მართლაცდა კეთილდღეობაში მყოფი სინგაპურიდან პრემიერ-მინისტრი კობახიძე პერსპექტიულ კავშირ-ურთიერთობებზე გველაპარაკებოდა მასპინძელ ქვეყანასთან.
ის, რომ სინგაპური უდავოდ წარმატებული ქალაქი-სახელმწიფოა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თანაც 4-ჯერ, სხვადასხვა დროს. სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის დროს, გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს სტუმრობდა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ მრავალრიცხოვანი დელეგაციით. ეს, ის პიროვნებაა, რომელმაც შექმნა სინგაპური — მალაიზიიდან გამოყოფილი უპოვარი ტერიტორია, თავისუფალი ყოველგვარი წიაღისეული სიმდიდრისგან.
სინგაპურის სიმდიდრე იყო ხალხში, ჩინელში, ინდოელში და ა.შ. ამ ქალაქ-სახელმწიფოს მოსახლეობის თითქმის 70% ჩინელია. ჩინური წარმოშობის, ლი კუან იუმ ქვეყნის მართვა ააგო ცენტრალიზებულ ერთპარტიულ მმართველობაზე. და როდესაც ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში ნელ-ნელა დაუშვა მრავალპარტიულობა, ოღონდ არა ლაქლაქი, არამედ საქმიანი პროექტების წარდგენა.
ლი კუან იუ აღარ არის, მაგრამ მის მიერ შექმნილი სინგაპური სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. რას აკეთებს სინგაპური და რით არის სახელგანთქმული ეს ქალაქი-სახელმწიფო უხვადაა ინტერნეტში, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ.
შეიძლება თუ არა სინგაპურის გამოცდილების, მოდელის გაზიარება?
ვეჭვობ, რომ შეიძლებოდეს. იმ მოდელს სინგაპურელი ჩინელი სჭირდება, მხოლოდ ის მოერგება და არა ქართველი. სინგაპურელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ანუ დასვენების დროსაც მისი ტვინი მუშაობაშია.
სინგაპურელი უზომოდ დისციპლინირებულია, მუდამ გამოწკეპილი მოხელე. სინგაპურელი საღეჭ რეზინას არ ღეჭს. ასეთი იქ აკრძალულია. არ ეწევა. ალკოჰოლს არ ეტანება. სინგაპურელმა არ იცის „პახმელია“. სინგაპურელი თავაზიანია. ქუჩაში არვის ეჯახება. არ აფურთხებს, ნაგავს ქუჩაში არ აგდებს — ასეთი ქმედება დასჯადია — 500 სინგაპურული დოლარი სიგარეტის ნამწვავის გადაგდებაში.
სინგაპურელი, სარეცხი ფხვნილებით ისე რეცხავს ტროტუარებს, როგორც საკუთარ სახლში. მან იცის, რომ სინგაპური მისი სახლია. მან იცის, სინგაპურის კეთილდღეობა — მისი კეთილდღეობაა.
სინგაპურიდან გერმანიის ფრანკფურტში მომიწია ჩაფრენა — წესრიგით სახელგანთქმულ გერმანიაში. და ჰოი, საოცრებავ! სინგაპურთან შედარებით ფრანკფურტი და გერმანია მოუწესრიგებლად აღვიქვი.
სხვათა შორის სააკაშვილსაც სურდა სინგაპურის მსგავსის აქ გაკეთება, მაგრამ არ გამოუვიდა. ვერც გამოვიდოდა, ვინაიდან ის ცხოვრება სინგაპურელზეა გათვლილი და არა ქართველზე, რომელიც მუშტს ურტყამს ქალს სახეში და ნოკდაუნში აგდებს. ვერადავერ წარმომიდგენია სინგაპურელი კაცი ასეთი მოკრივის როლში. ვერც ის წარმომიდგენია, რომ ასეთი სინგაპურელის დასაცავად ასობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში ლოზუნგებით — თავისუფლება დამნაშავეს.
ვერც ის წარმომიდგენია, რომ დამნაშავე 5000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლონ დაკავების ადგილიდან და დამნაშავემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა განაცხადოს — მე, ჩემს ღირსებას დავიცავო.
რა ღირსებაზე შეიძლება ილაპარაკოს დამნაშავემ, რომელმაც გამეტებით მუშტი უთავაზა ქალა. იქნებ გამამართლებელი არგუმენტი ის არის, რომ დაზარალებული რუსია?
მომიტინგეებიც იმიტომ მოითხოვდნენ დამნაშავის გათავისუფლებას, რომ მათთვისაც რუსის მიმართ ჩადენილი დანაშაული, დანაშაული არ არის?!
„დამნაშავე“ რომ ამერიკელი ან ევროპელი ქალი ყოფილიყო, იმათაც მუშტით გაუმასპინძლდებოდა ჯან-ღონით სავსე ქართველი „ვაჟკაცი“?
დავუშვათ, „დამნაშავე“ ქართველი ქალი ყოფილიყო, რას იზამდა დამრტყმელი?
როგორც რეალობა მკარნახობს, ვცდები, როდესაც ვფიქრობ თავს შეიკავებდა-თქო, ვინაიდან ქართველი ქმრები ისე უბრაგუნებენ თავიანთ ცოლებს, როგორც მოკრივეები სავარჯიშო „გრუშას“.
ამას წინათ ერთი ქალბატონი, რომლის მეუღლე პოლიციამ დააკავა, სამართალდამცველებს თხოვდა არ განეთავისუფლებინათ — 13 წელია მისი ცოლი ვარ და ერთი დღეც არ ჩაუგდია ჩემი ცემის გარეშეო — მოთქვამდა გულდათუთქული.
ქმრების მიერ ცოლების ცემა ლამის სავალდებულო რიტუალადაა ქცეული. ასეთ ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე, მაღალ ტექნოლოგიებზე ლაპარაკი წაწყმენდაა, რეალობის გაუთვალისწინებლობაა. რეალობა კი სავალალოა — გაუნათლებელი ხალხის დოღი, რომელიც ითხოვს ქართველი „მაგარი ვაჟკაცის“ გათავისუფლების. და არა მარტო ისინი, ვინც მიტინგობდნენ, არამედ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ციხეშია ვითომ, მაგრამ ისეთ პირობებში, თავისუფლებაში მყოფს რომ შეშურდება. სააკაშვილი არც ერთ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო მოვლენას უკომენტაროდ არ ტოვებს. ის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩართული, „ბრძნულ“ დავალებებს აძლევს თავისსავე პარტიას. მნახველებიც ჰყავს.
რა ჰქვია ამას — სასჯელის მოხდა თუ კურორტზე ყოფნა?
სააკაშვილი — დამნაშავე 2008 წლის ომის გაჩაღებაში, ქვეყნის ღალატისთვის უნდა იყოს გასამართლებული და არა რაღაც ჭინჭების შეძენისთვის. ქვეყნის მოღალატე სააკაშვილი ციხეშიც პრიორიტეტულ ვითარებაშია სხვა პატიმრებთან შედარებით. ვინ შეუქმნა ასეთი სამოთხე>
ხელისუფლებამ, რომლის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ დასდო ბრალი სააკაშვილს ომის გაჩაღებაში. მერე-და რა?
არც არაფერი! სააკაშვილის მოღალატეობა წყალმა წაიღო, ისე, როგორც საქართველოს პარლამენტის სპეცკომისიის მუშაობის შედეგი, რომლიც მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ფილიალებიანად კანონგარეშედ უნდა გამოცხადებულიყო.
რუსი ტურისტი ქალის ცემის ფაქტმა სააკაშვილიც შეაწუხა, ცხადია არა იმ კუთხით, ნორმალური ადამიანი რომ შეწუხდება, შებრუნებით. მან დაგმო დამნაშავე „ვაჟკაცის“ დაკავება და თქვა — ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რუსეთი ამდენს ვერ გაბედავდაო.
მაინც რა გაბედა ნაცემმა რუსმა ქალმა ისეთი? რომ არ დაცემულიყო, სახის გარდა, სხეულის რა ნაწილი უნდა მიეშვირა ქართველი „ვაჟკაცისთვის“ დასაბეგვად?
სააკაშვილი, რომ პრეზიდენტობდა, რატომ გაბედა რუსეთმა ცხინვალში შევარდნილი ქართული ჯარის იქიდან გამოყრა? შეშინებულმა, რატომ დაღეჭა საკუთარი ჰალსტუხი ან რატომ იფორთხიალა მიწაზე რუსული თვითმფრინავების გადაფრენის დროს?!
მიზეზი ყოყლოჩინობისა არის რუსეთის შემნდობი პოლიტიკა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, რამაც ზომაზე მეტად გაათამამა ისინი. შედეგი ისაა, რაც ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინაში.
ჩამოთვლილი ქვეყნები ისე ეპყრობიან რუსეთს, თითქოს მათი ტოლი ან მათზე ნაკლები იყოს ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობით; თითქოს რუსეთი ბირთვულიარაღიანი სახელმწიფო არ იყოს. იკითხავთ — რაშია საქმე?
გიპასუხებთ — რუსეთის მიერ უკრაინაში ცალი ხელით ომში. ეს იმას ჰგავს რინგზე მყოფი ერთი მოკრივე, რომ მეორეს ერთი ხელით ეპაექრებოდეს.
რუსული დამნდობი პოლიტიკა ყოფილმა საბჭოელებმა, ევროპელებმა სისუსტედ აღიქვეს და იმასაც აცხადებენ, რომ უკრაინა ომს უგებს რუსეთს. ამ თემაზე შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ, ნაცვლად გავაგრძელებ საუბარს რუსი ქალის ცემის ფაქტზე. ამ ამბავმა არასახარბიელო რეაქცია გამოიწვია რუსეთში. ამ ქვეყნის ტელეკომპანიებმა დეტალურად გააშუქეს ქალზე თავდასხმის მომენტები.
ტელეკომპანია „პირველმა არხმა“ თავის პოლიტიკურ თოქ-შოუში საკმაო დრო დაუთმო ინციდენტს. თოქ-შოუს წამყვანმა ნიკონოვმა, რომელიც რუსეთის დუმის წევრია და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, თოქ-შოუში თბილისიდან ჩართო ბიზნესმენი ქაშაკაშვილი, რომელმაც ბოდიში მოიხადა ერის სახელით რუსი ქალის გალახვისთვის და თქვა, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. თან ისიც თქვა, რომ რუსეთის და რუსი ხალხის მიმართ ქართველობა მუდამ დადებითად იყო, არის და იქნება განმსჭვალული, რაშიც მას (ქაშაკაშვილს) ვერ დავეთანხმები.
დღევანდელი საქართველო მთლიანობაში ნეგატიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ, რაც უპირველესად ანტირუსული პროპაგანდის ბრალია — 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რომ ეხვევა თავს საქართველოს მოსახლეობას ტელერადიო ეთერიდან.
არის მცირე ნაწილი რუსოფილებისა, რომლებიც შიშით ხმას ვერ იღებენ რუსეთის მიმართ პოზიტიურის სათქმელად. ეს, ისეთი რეალობაა, რომლის გამოსწორებას წლები დასჭირდება. თუმცა გამოსწორების მსურველი არც ხელისუფლებაშია და არც საზოგადოებაში. პირიქით კი, ვინ მოთვლის. არადა, რუსეთი ისეთი საჭიროა ქვეყნისთვის, როგორც ჰაერი და წყალი, მაგრამ ვინ არის ამის მთქმელი?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
28/07/2026
