22.12.2024

წასულთა შემობრუნებისა და ავღანეთით გამოწვეული პრობლემები

სტატიამ, რომელშიც ვწერდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავიც არ ექნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მართვის, თუკი ისინი დაუბრუნდებიან საქართველოს იურისდიქციას დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მაშინ ასეთი კითხვაც დავსვი — დავუშვათ, დაგვიბრუნდნენ, მერე? ისეთი ვითარება ხომ არ გვექნება, რაც აჭარაში გვაქვს მეზობელი თურქეთის წყალობით?

ზომაზე მეტად „პატრიოტები“ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდნენ. რა გაეწყობა, ადამიანებს არ უყვართ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. ყველას ჭირს ეს დაავადება, მაგრამ ჩვენ მოჭარბებულად. კარდაგ მახსოვს ერთი ახალგაზრდა კაცის ვაი-პატრიოტული ნათქვამი — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი სამხრეთ ოსეთში, მაინც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთმა დაიწყო.

მკითხველმა, როგორც ჩანს ნათქვამში, უფრო სწორად შეკითხვაში — გვაქვს თუ არა დაბრუნებულთა მართვის თავი, ეჭვი შეიტანა ჩემში, რომ ამის სურვილიც (დაბრუნების) არ მაქვს.

ცდებით, ბატონებო! მაქვს, მაგრამ პოლიტოლოგობა მავალდებულებს ღრმად განვიხილო დაბრუნების, ხოლო შემდეგ დაბრუნებულთან თანამშრომლობის პროცესი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სამართავად.

მე ვიზიარებ მედიცინის მუშაკების ნათქვამს, განსაკუთრებით ქირურგების, რომ წარმატებულ ოპერაციას თუ არ მოჰყვება წარმატებული მკურნალობა — პაციენტი ვერ გამოჯამრთელდება. ცუდ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დავსვათ კითხვა — შევძლებთ თუ არა დაბრუნებულის ისე ამუშავებას, როგორც ჩვენ გვსურს? რა მაიძულებს ამ კითხვის დასმას? ის რეალობა, რასაც ადგილი აქვს საქართველოში.

30 წლის წინ გვიბოძა კრემლმა დამოუკიდებლობა. 30 წელია ერთმანეთს ვებრძვით ქართველები, აფხაზები და სამხრეთ ოსეთელები. უახლოესი პერიოდის ბრძოლები მაქვს მხედველობაში, თორემ ისტორიული იმდენი იყო, ჩამოთვლაც შეგვზარავს.

იყო სიმშვიდის პერიოდიც — საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობისას, თუმცა მაშინაც კი ვერბალურ ომებს არაერთხელ ჰქონდა ადგილი და „დიდი ძმის“ წყალობით ფართო გასაქანი არ მიეცა.

ორივე ავტონომიური ფორმირება მოსკოვის მიერ საქართველოსთვის ნაბოძებ დამოუკიდებლობას ნეგატიურად შეეგება და რატომ? მარტივი მიზეზის გამო. მათ ჩათვალეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა მათთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა — ენის, კულტურის, თვითმყოფადობის, სხვა პარამეტრების შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთანავე, უკმაყოფილების შემთხვევაში მათ ხელიდან ეცლებოდათ მოსკოვში ჩივილის შანსი. დამოუკიდებელ საქართველოში მთავარი არბიტრი თბილისი და არა მოსკოვი ხდებოდა, თბილისის ობიექტურობისა კი მათ არ სჯეროდათ, რაც თვალნათლივ დამტკიცდა მომდევნო წლებში — არაერთი სამხედრო კონფლიქტის სახით.

გასაბჭოებამდე აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც ჩვენგან დამოუკიდებლად ყოფნას ისე შეეჩვივნენ, რომ საბჭოთა საქართველოს ავტონომიური სტატუსი მათთვის მძიმე უღლის დადგმას ნიშნავდა.

მონღოლთა შემოსევის შედეგად ერთიანი, მაგრამ დაუძლურებული საქართველო 1490 წელს სამეფოებად და სამთავროებად დაიშალა, ხოლო 1555 წელს გაყოფილი აღმოჩნდა ორ მუსლიმურ ვეშაპს შორის — ოსმალეთი და სპარსეთი მყავს მხედველობაში. ისტორიული ობიექტურობა  გვკარნახობს მისთვის თვალის გასწორებას და არა ვაიპატრიოტული ლოზუნგების ფრქვევას.

ქართული სამეფოები და სამთავრობოები ზოგი სპარსეთის, ზოგი თურქეთის, ზოგიც რუსეთის ქოლგის ქვეშ შეყუჟულები, თავიანთ თავს სამეფოებს და სამთავროებს უწოდებდნენ, მაგრამ მათი სახელმწიფოებრივი ფუნქციები შეზღუდული და დაკნინებული იყო. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო სპარსეთ-ოსმალეთის პირობებში.

აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავს მიხედეს და მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს რუსეთთან. მათთვის რუსეთთან ცხოვრება უცხო არ იყო, მაგრამ უცხო გამოდგა საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში შემობრუნება.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და მორიდების გარეშე უნდა ვაღიაროთ, რომ არა ბოლშევიკების ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის საქართველოს სსრ ავტონომიური ფორმირებების დამაგრება. თუმცა დასაწყისში, სტატუსთან მიმართებაში ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწიათ ბოლშევიკებს: სამხრეთ-ოსეთი ითხოვდა ნაცვლად ავტონომიური ოლქისა, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, ხოლო აფხაზეთი — სსრ სტატუსს, ნაცვლად ავტონომიური რესპუბლიკისა.

ვიმეორებ! საბჭოთა საქართველოს  შემადგენლობაში ამ ორი ავტონომიური ფორმირების მშვიდობიან არსებობას მოსკოვი უზრუნველყოფდა. მათ ყოველთვის ჰქონდათ მოსკოვში ჩასვლის შესაძლებლობა, რაც გაათმაგდა სსრკ კპ ცკ გენერალურ მდივნად მიხეილ გორბაჩოვის არჩევის შემდეგ.

გორბაჩოვისეულმა „პერესტროიკის“ და „გლასნოსტის“ პროგრამები, რომლებმაც წყალი შეუყენეს საბჭოთა სისტემას და ქვეყანას, ფართო გასაქანი მისცეს ნაციონალური სულისკვეთების აღზევებას, როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, ისე მათ შემადგენლობაში მყოფ ავტონომიურ ფორმირებებში. შედეგი? ცენტრისა და ავტონომიური ფორმირებების დაპირისპირება არა მარტო სოციალურ, არამედ ნაციონალურ საკითხებში.

კრემლიდან ნაბოძებმა დამოუკიდებლობამ ფართო გასაქანი მისცა სოხუმ-ცხინვალის თბილისთან დაპირისპირებას და პირიქით. შედეგი? სავალალო თბილისისთვის — 30-წლიანი განშორება, რასაც ცხადია ხელი შეუწყო ომებმაც.

30 წლის შემდეგ თბილისი ითხოვს ყოფილი ავტონომიების დაბრუნებას, არ აქცევს რა ყურადღებას 2008 წლის აგვისტოს ომით გამოწვეულ შედეგებს, რაც მთავარია რუსეთის მიერ ამ ორის დამოუკიდებლობის აღიარებას. დავუშვათ დაბრუნდნენ. შევძლებთ თუ არა ორი სხვადასხვა სისტემის ერთმანეთთან შერწყმას?

რა მაქვს მხედველობაში? უპირველესად ის, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველო — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, შეეჩვია ისეთ ცხოვრებას, როგორიც ევროატლანტიკურ სივრცეშია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი ისეთს, როგორიც რუსეთშია. ჩვენთვის ჩვეულებრივად ითვლება აღვირახსნილი „დემოკრატია“, მათთავის ეს მიუღებელია; ჩვენთვის მთავარი მიზანი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაა, მათთვის ეს ორგანიზაციები მიუღებელია. ისინი რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის მიმდევრები არიან, ჩვენ არც თანამშრომლობა გვინდა და არც რუსეთის ხსენება. მათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, ჩვენ არა! 2008 წლის ომის შემდეგ გავწყვიტეთ, ჩვენი მოთხოვნით.

ჩვენ თავს ევროპელებად მივიჩნევთ, ყველა იმ მანკიერების მოტრფიალედ, რასაც ევროპა-ამერიკაში აქვს ადგილი. ისინი ამის კატეგორიული მოწინააღმდეგენი არიან — კონსერვატიული სულისკვეთება ჭარბობს მათში. ამ და სხვა განსხვავების შეჯვარება არის თუ არა შესაძლებელი?!

დავუშვათ, მოხერხდა, მაგრამ ვინ არის „მომხერხებელი“, ცენტრალური ხელისუფლება — თინეიჯერებით დაკომპლექტებული და უცოდინარი? ასეთებს გაუჭირდებათ იმათ კონსერვატორებთან დალაპარაკებაც კი, არათუ მოლაპარაკების გამართვა. ისინი ძველი ყაიდისანი არიან და პატივს სცემენ გამოცდილებას, ასაკს, რაც ცენტრალურ ხელისუფლებაში დეფიციტია.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ რაც იცის — ევროატლანტიკური მიმართულების განუხრელი განხორციელებაა, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის ისტორიასა და ეროვნულ საკითხებზე. მან საქართველოს ისტორიაც არ იცის. ასეთ ვითარებაში რამდენ ხანს გაგრძელდება ერთმანეთთან დაახლოება? და გაგრძელდება თუ არა? შერიგების პროცესში ადგილი ექნება კინკლავს, ჩხუბს, გაწევ-გამოწევას?

სამივენი კავკასიელები ვართ — ჭარბი ტემპერამენტით, თავშეუკავებლობით „შემკობელნი“ და დაიწყება ისევ ის, რაც 1992-2008 წლებში გვქონდა. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ არასრულ საკითხებს, უფრო ზუსტად გამაღიზიანებელ ფაქტორებს ადგილი არ ექნება, თვალის დაუხამხამებლად ვიტყვი იმას, რასაც ყველა ამბობს — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე.

ჩვენგან წასულების დასაბრუნებლად, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მზად — ეკონომიკურად, ფინანსურად, მენტალურად, სოციალურად, ბოლასდაბოლოს ადამიანურად, სულიერად, პოლიტიკურად. და როდესაც ეს მზაობა გვექნება, მაშინ ვიქნებით მომხიბლავი მათთვის, თანაც ისეთი, ხვეწნაც არ დაგვჭირდება — თვით დაგვიწყებენ ხვეწნას — შემოგვიშვითო.

გარდა შიდა ცხოვრების მოწესრიგებისა, პარალელურად საჭიროა დიალოგის წარმოება — საქმიანის, პრაგმატულის და არა ისეთის, როგორიც ჟენევაშია. საჭიროა სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ჰუმანიტარული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც რუსეთთან დიპლომატიური კავშირების არ არსებობის პირობებში შეუძლებელია.

შეუძლებლის, შესაძლებლად გადაკეთებას მონდომება, დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რაც არ ჩანს. საქართველო იმ წყვიადით მოცულ გვირაბშია მოქცეული, რომლის ბოლოს სინათლის ნატამალიც არ არის. განა, ეს არ დაგვანახა 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენებამ, ამ თარიღის აღსანიშნავი სტატიებისა და განცხადებების შინაარსმა?

ჩვენი მხრიდან იყო გამეორება ძველისა — არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს „ოკუპირებული“ ტერიტორიებიდან და არ გააუქმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

რა მოგვესმა მოსკოვიდან? მოსკოვი ყოველთვის მზად იყო და არის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ ისევ დარწმუნებული ვართ დასავლელი ე.წ. პარტნიორების „მარიფათში“, მათ სიმტკიცესა და კატეგორიულობაში, რაც რუსეთს აიძულებს დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მართლა? ვინმეს, ჩვენს გარდა სჯერა ამ სისულელის?

დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენს პოლიტიკას სჯერა, მაგრამ ჩვენ გვატყუებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოაკლდებად ის მსუყე თანხები, ამერიკიდან რომ იღებენ. ჩვენი პოლიტიკისთვის მთავარი ისაა, რამდენად ძვირად გაყიდიან საკუთარ სულსა და ქვეყანას, და ამ პროსეცში რიტორიკული პატრიოტიზმიც გამოიყენება, საქართველოს გამთლიანებაც და სხვა მრავალიც, ერთობ აბსტრაქტული და შეუფერებელი ვითარებისთვის.

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველა ქვეყანაზე თვალის ახელის მსგავსი რეაქცია მოახდინა, მაგრამ საქართველო აღმოჩნდა ყრუ და ბრმა. მან ვერ აღიქვა მძიმე ვითარება, გამოწვეული ამერიკელთა პოლიტიკური ნაბიჯით ავღანეთში. საქართველო ისე, როგორც წინათ, ამერიკას, კოლექტიურ დასავლეთს უპირველესად, უძლიერესად, დაუმარცხებლად, უკეთილშობილესად, უდემოკრატიულესად აღიქვამს. არადა, რაც არის ყველამ იხილა, ყველას ეჭვის ჭია ღრნის, გამოსავალს ეძებს. ჩვენ არა! ისევ ძველზე ვდგევართ მყარად, მტკიცედ, ამაყად. ისევ დასავლეთის, კერძოდ ამერიკის იმედზე ვართ. ამერიკელთა იმედით და წაქეზებით ვლანძღავთ და ვლანძღავთ რუსეთს. ვინც ამას აკეთებს რა უჭირს, მილიონები დააგროვეს დაბეჩავებული ხალხის ხარჯზე და თავს შეაფარებენ ევროპა-ამერიკაში ნაყიდ სახლებს — რუსეთის სამხედრო პასუხის შემთხვევაში.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი 2008 წლის აგვისტოში წითელ ხიდთან აზერბაიჯან-სომხეთში გასაქცევად რიგში ჩამდგარი ვაი-პოლიტიკოსებისა და მოხელეების შავი „ჯიპები“.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ისე გადააგდოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორიც, როგორც გემოგამოცლილი საღეჭი რეზინა. ჩვენ არა, ვერ ვხედავთ! კიდევ იმის იმედი გვაქვს, ვისაც საკუთარი თავის იმედიც აღარ აქვს.

20 წლის წინათ, ავღანეთის ომის ახალი ტალღის წამომწყებმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ სიამაყით ახარა ამერიკასა და მსოფლიოს „თალიბანის“ განადგურება. აი, იმ „თალიბანის“, ვინც უბრძოლველად დაეუფლა დედაქალაქ ქაბულს და სრულიად ავღანეთს.

დღეს, ხშირად ისმის კითხვა — რისთვის შესწირა ამერიკამ საკუთარი და მოკავშირეების, მათ შორის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე? რისთვის გადაყარა 3 ტრილიონზე მეტი დოლარი სამხედრო ავანტიურაში, რომელსაც დასაწყისიდანვე სასიკეთო პირი არ უჩანდა?

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავის გამართლების მიზნით აცხადებს, რომ ამერიკამ შეასრულა თავისი მისია „ალ-ქაიდას“ და უსამა ბენ ლადენის განადგურებით.

პირველი არგუმენტი ტყუილია. „ალ-ქაიდა“ ისევ არსებობს, თანაც ავღანეთის მსგავს ქვეყნებში, ისეთებში, სადაც სუსტი სახელმწიფო სტრუქტურა და კონტროლია. ეს ორგანიზაცია ავღანეთშიც არის, თანაც „თალიბანთან“ შერწყმული.

ამერიკელები ამჟამინდელ პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას თხოვენ პასუხს იმ ენით აუწერილ მძიმე ვითარებაზე, რასაც ავღანეთში აქვს ადგილი. თავის მართლების მიზნით ადმინისტრაცია აცხადებს — სადამდე უნდა ვყოფილიყავით ავღანეთში? და ამ კითხვას თვითონვე პასუხობს — ჩვენ შევქმენით სახელმწიფო სტრუქტურები, 300000-იანი არმია, პოლიცია და ახლა დროა მათ მიხედონ საკუთარ ქვეყანასო. თან იმასაც ამატებენ, რომ ავღანეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მოვალეობაა საკუთარი თავის მართვა.

ადმინისტრაცია არ ლაპარაკობს მარცხზე, რომელიც აშშ-ა განიცადა. არ ლაპარაკობენ ამერიკის დამარცხებაზე მისი მოკავშირეებიც, მათ შორის ჩვენც, მაგრამ აღარც ხბოს აღტყინებით შესცქერიან, უწინდელ იმედიან მზერაში ეჭვის შავმა ლაქებმა ჩაიბუდა, მაგრამ არა ჩვენში. უკრაინის ხელისუფალთა მსგავსად, ისევ გვჯერა ვითომ სტრატეგიული პარტნიორის; ისევ დარწმუნებულები ვართ, რომ ის არასდროს გვიღალატებს. იმასაც არ ვფიქრობთ თუ ავღანეთს უღალატა, სადაც ტრილიონობით დოლარი ჩაყარა და თან საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე მოაყოლა, ჩვენ რას გვიზამს?

ერთ მშვენიერ დილას შეიძლება გავიღვიძოთ და ამერიკის საელჩო აღარ ვიხილოთ, ისე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ავღანეთში. გაუბედურებული ავღანელები, ისინი, ვინც ამერიკელ ოკუპანტებთან და მათ მოკავშირეებთან თანამშრომლობდნენ სიკვდილის წინაშე დადგნენ. თვით აშშ-ს მონაცემებით ასეთთა რაოდენობა 300000-ს აჭარბებს. თითქოს არასდოს ყოფილაო თავის ქების პროპაგანდისტული სატელევიზიო სიუჟეტები ავღანეთში წარმოებული საბრძოლო ოპერაციების თაობაზე. ჩვენც რა პათოსით ვაცხადებდით — ავღანეთში ქართველ მეომართა გმირობას. ისინი ხომ საქართველოს, მსოფლიოს იცავდნენ ტერორიზმისგან?!

ასეთი იყო საქართველოს ხელისუფალთა განცხადებები. ახლა ვინღა გადაგვარჩენს ტერორიზმისგან — მთელი ავღანეთი რომ ტერორისტების ხელში აღმოჩნდა?

ასე იცის ბრიყვულმა პოლიტიკამ, სხვაზე ჩამოკიდებამ, სხვისი დავალების უყოყმანო შესრულებამ. იმ 59 ქვეყნიდან, ვინც ავღანეთში აშშ-ნ ერთად იდგა, თითზე ჩამოსათვლელები თუ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. მათი ყოფნა სამედიცინო დახმარების გაწევით, ტექნიკური საქმის შესრულებით ამოიწურებოდა. ჩვენი?

ლამის აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემდეგ მეორე იყო.

ავღანეთიდან სამარცხვინო გამოქცევის შემდეგ, თავის მართლების მიზნით ითხზვება კონსპიროლოგიური ზღაპრები — თითქოს აშშ-ა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რათა პრობლემები გაუჩინოს ჩინეთსა და რუსეთს. ნუთუ, ასე სიღრმისეულად გეგმავს აშშ-ს სპეცსამსახურები მზაკვრულ ნაბიჯებს?

ვეჭვობ! ამის დასამტკიცებლად აშშ-ს ტელეკომპანიებმა გაიხსენეს საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გამოსვლა — იქ განცდილი „მარცხის“ შემდეგ. ეკრანზე გამოჩნდნენ ჯორჯ ბუშ უფროსი — მაშინდელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, ჰილარი კლინტონი, სხვები, რომლებიც მტვერს აყრიდნენ ამერიკელებს და მსოფლიოს თვალში — საბჭოთა კავშირი ჩვენ ჩავითრიეთ ომში ავღანეთშიო; მილიარდობით დოლარი მოვახმარეთ ამ საქმესო. შედეგიც მივიღეთო — დაიშალა საბჭოთა კავშირიო და ა.შ.

მოდით სერიოზულად შევხედოთ წარსულს. დიახ! აშშ-ა მართლაც მილიარდები შეალია საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. მას „თალიბანი“ ერქვა. ამასთანავე მთელს მსოფლიოში ატეხა ანტისაბჭოთა ბღავილი — უარი თქვა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, შემოიღო ათასი სახის სანქციები, მაგრამ საბჭოთა ჯარის ავღანეთში სამსახურს სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა.

აშშ-გან განსხვავებით, საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჩამოაყალიბა სახელმწიფო მართვის ახალი სისტემა, ააშენა საავადმყოფოები, სკოლები, კულტურის ცენტრები, სპორტული მოედნები, საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები.

საბჭოთა ჯარი ავღანეთში არ დამარცხებულა. ის, ახალმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაამარცხა, როდესაც ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით გორბაჩოვმა გასცა ჯარის გამოყვანის ბრძანება.

დოკუმენტურმა კინომასალამ შემოგვინახა ჯარის გამოყვანის კადრები. რა ეტყობა ჯარს გამოქცევის ან სატანკო ბრიგადებს უთავბოლო მოძრაობის ისეთის, რასაც ამჟამად აქვს ადგილი ამერიკული სამხედრო „ჰამერებით“?!

სამი წელი იარსება საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით შექმნილმა ავღანეთის ხელისუფლებამ ნაჯიბულას ხელმძღვანელობით და ალბათ მეტსაც იარსებებდა, რომ არა გორბაჩოვის, შემდეგ ელცინის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა.

ნაჯიბულას შეუწყვიტეს ყველა სახის დახმარება, მათ შორის სამხედროც. არ მიაწოდეს საწვავი და საპოხო მასალა ტანკებისთვის, ტყვია-წამალი. ერთი სიტყვით გაწირეს, მასთან ერთად საერო, სოციალისტური მშენებლობის გზაზე შემდგარი ავღანეთი.

გორბაჩოვმა, შევარდნაძემ, ელცინმა ქულები ჩაიწერეს საკუთარ აქტივში — დასავლური, მეტადრე ამერიკული ქულები. დასავლეთმა აისრულა საწადელი — სოციალიზმის გზაზე შემდგარი ავღანეთი ისევ დააბრუნა შუასაუკუნეების წყვდიადში, ოღონდ საკუთარ გავლენაში. მისთვის შიშის მომგვრელი იყო ცენტრალურ აზიაში ისეთივე სახის ახალი სახელმწიფოს შექმნა, როგორებიც მეზობელი საბჭოთა რესპუბლიკები — უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი იყვნენ.

ვიმეორებ! საბჭოთა ჯარი ავღანეთში არ დამარცხებულა. ის ამაყად, თავაწეული გამოვიდა ავღანეთიდან. ის არ გამოქცეულა ისე, როგორც ამჟამად აშშ-ს და მისი მოკავშირეების ჯარები.

აბსტრაქტული აზროვნების ნაყოფია ისიც, თითქოს ეს ნაბიჯი აშშ-ს ადმინისტრაციამ შეგნებულად გადადგა. თავის გასამართლებლად სხვა რაღა დარჩენია, თუ არა „ბურუსით მოსილი საიდუმლოების“ განდობა.

თუ პირველ შემთხვევაში, აშშ-ს მიერ ავღანეთის ომში საბჭოთა კავშირის ჩათრევით დაიშალა საბჭოთა კავშირი, მეორე შემთხვევის მიხედვით, ანუ ამერიკელთა ავღანეთიდან გამოქცევით, „თალიბების“ ქვეყანა ისეთ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, რომ დაშლამდე მიიყვანს. სჯერათ ამ ვერსიის ავტორებს ამის?

დარწმუნებული ვარ არ სჯერათ, მაგრამ ავღანეთში განცდილი მარცხის გამართლება სურთ. ცხადია, „თალიბების“ ხელისუფლებაში მოსვლას სერიოზული პრობლემები მოჰყვება, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთისთვის. ეს უკანასკნელი იძულებული იქნება სამხედრო დახმარება გაუწიოს მათ. ამას ავალდებულებს ოდკბ-ს წევრობა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება. მაგრამ ყველაფერი ეს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ავღანეთი შეეცდება მტრული ნაბიჯები გადადგას მეზობლების მიმართ. ვეჭვობ მან ეს გააკეთოს.

რაც შეეხება ლტოლვილებს — უდავოდ იქნება, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ, ისე რუსეთისკენ, ევროპის ქვეყნებისკენ. ძველ ლტოლვილებს, ახლებიც დაემატება — ავღანელთა სახით. გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე განიხილა ავღანეთის საკითხი და ყველაფერთან ერთად 9 მილიონი დოლარი გამოჰყო ახალი ლტოლვილების პრობლემების მოსაგვარებლად.

ხუმრობთ, პატივცემულებო! ეს მიზერული თანხა ეყოფა ამ ზღვა პრობლემას? შეადარეთ ეს თანხა აშშ-ს მიერ ე.წ. რუსული „რბილი ძალის“ შესაკავებლად გამოყოფილ მილიარდებს, რათა დარწმუნდეთ დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს ცინიზმში — მარტო საქართველო იღებს 88 მილიონზე მეტს ამ „კეთილშობილურ“ ღონისძიებაში, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

დიახ! ასეთია დემოკრატი, ადამიანის უფლებების განუხრელი დამცველი აშშ-ი. ქვეყანა, რომლის ჯარისკაცები  ტყვიებით უმასპინძლდებიან სასოწარკვეთილ პროამერიკელ ავღანელებს, რომლებიც ქაბულის აეროპორტში, თავის გადარჩენის მიზნით მიაწყდნენ ასაფრენად გამზადებულ ამერიკულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს.

აი, ესეც თქვენი ამერიკა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

18/08/2021