სინამდვილედ ქცეული ზღაპარი
იყო და არა იყო რა, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, გვარად ჰერჩინსკი, რუსულად „ხერჩინსკი“ (Павел Херчински), რომელმაც თავისი განცხადებებით ისე შეაზანზარა ქართული ფეოდალური საზოგადოება, „მტერი“ რუსეთიც კი ვერ ინატრებდა.
რუსეთი, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მტერია, ქართველებს შორის შეთანხმება რახანია მიღწეულია, ანუ ქართულად „კონსენსუსი“, რაც არაერთხელ დაადასტურეს ქართველმა თანამედროვე მეფეებმა, განსაკუთრებით სააკაშვილმა, აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის თბილისში ვიზიტის დროს.
თავისუფლების მოედანზე გამართული ტრიბუნიდან ქვეყნის ხელმწიფე სააკაშვილმა, თავის სიტყვაში გაიხსენა საქართველოს ისტორია, ცხადია ბედკრული და ჩამოთვალა მომხდურები საქართველოსი სპარსეთ-არაბეთიდან დაწყებული, მონღოლ-თურქეთით, ანუ ოსმალეთით დამთავრებული.
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთზე, მის აგრესიულ, დამპყრობლურ პოლიტიკაზე, რითაც ენით აუწერელი სიამოვნება მიანიჭა აშშ-ს პრეზიდენტ ბუშს და მის მრავალრიცხოვან მხლებლებს. სააკაშვილმა ახალ ბატონსაც მოულბო გული, აურაცხელი ქათინაურით, რაც აშშ-ს პოლიტიკამ უმაღლეს დონეზე შეაფასა.
ლირიული გადახვევის შემდეგ ვუბრუნდები ჰერჩინსკის, რუსულად ხერჩინსკის. რატომ რუსულად — თუ იკითხავთ, — რუსული უფრო მომწონს, თან ჩემის აზრით შესაფერისია ამ პიროვნებისა. შეგახსენებთ სიტყვა „ხერ“ ასოს ნიშნავს, რაც მისი საქციელის ჭეშმარიტი დამახასიათებელია.
ჰოდა, ამ ხერჩინსკის ისეთები უთქვია საქართველოზე, მთელი „ოცნება“ რომ დაუზაფრავს და ისიც თავდავიწყებით ლანძღავს მთქმელს — ეს რა თქვა, როგორ გაბედაო.
გასული კვირა ხერჩინსკის ხსენების კვირა იყო, მისი გვარისა და განცხადების წაღმა-უკუღმა ტრიალით.
ჭორების მოტრფიალე მედიას რაღა დააკავებდა და 24-საათიან რეჟიმში გვასმენინებდა ხერჩინსკის განცხადებას და მასზე პასუხს „ოცნებისა“ და ოპოზიციისას.
ძალაუნებურად დავინტერესდი ხერჩინსკის სიტყვით, გულმოდგინედ გავეცანი, თანაც რამდენჯერ, მაგრამ ვერაფერი საგანგაშო ვერ ამოვიკითხე. არადა, „ოცნების“ გამხმოვანებლები ერთხმად აცხადებენ ტექსტის უკან (თვით ტექსტში ასეთი რამ არ არის) არსებულ მუხანათობაზე, რევოლუციისკენ მოწოდებაზე, მოსალოდნელ უბედურებაზე, ხერჩინსკი და ევროკავშირი რომ გვპირდებიან დაუმორჩილებლობის გამო.
რაც ხერჩინსკიმ ბრძანა, არის ასეთი შინაარსის — საქართველოს თუ ევროკავშირში გაწევრების სურვილი აქვს, უნდა შეასრულოს ბრიუსელის მიერ მოცემული დავალება, რის შემდეგაც გაიხსნება ევროკავშირის კარი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დაბრუნდება ბნელ წარსულში, ერთმანეთთან დაპირისპირებაში, სიღარიბეში, ენით აუწერელ ვითარებაში. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის სურვილი ვიცით — ევროკავშირში გაწევრება, რომელიც განხორციელდება ხელისუფლების მიერ ბრიუსელის დავალებების შესრულებისთანავეო.
რაც ერჩის ხერჩინსკის „ოცნება“ — განა, რა თქვა ისეთი ელჩმა, ასე რომ გადარია ის?
ჩემის აზრით, არც არაფერი, თუმცა ჩემი აზრი რა მოსატანია „ოცნების“ კორიფეების კობახიძის, კალაძის, ვოლსკის, სხვათა აზრთან. ისინი, ერთხმად გაიძახიან — ელჩის დაბარება უნდა მოხდესო!
ანალოგიური აზრისაა საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი, რომელმაც ათენის კონფერენციიდან გვითხრა, რომ ხერჩინსკის ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე, საგარეო უწყებაში დაბარება არ აცდებაო.
ისეთი სურათი შეიქმნა „ოცნების“ უნიჭო მხატვრების მიერ, შეხედვისთანავე რომ მეორედ შეხედვის სურვილი აღარ გაგიჩნდება. დარწმუნებული ვარ, ხერჩინსკი ისე შეშინდება, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ გაბედავს.
დიპლომატიასა და ელჩის სამინისტროში დაბარებაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისთვის ელჩის „დაბარება“ გილიოტინის მსგავსი რამაა.
არა, მეგობრებო, დაბარება მიღებული პრაქტიკაა დიპლომატიაში. დაბარებული ელჩი მიდის სამინისტროში მინისტრთან ან მოადგილესთან, რომელსაც უმარტავს განცხადების შინაარსს, არსს. მინისტრი ან მოადგილე უკმაყოფილებას გამოთქვამენ და თხოვენ ელჩს მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებისგან.
მაგრამ ამ შემთხვევაში ხერჩინსკის, რომ ქვეყნის დამაზიანებელი არაფერი უთქვამს?
პირიქით, თქვა — თუ თქვენ ბრიუსელის დავალებებს შეასრულებთ, ევროკავშირში მიგიღებთო. ასეთ შემთხვევაში მინისტრის ან მოადგილის ჩაკირკიტება განცხადების შინაარსში, რომ ნათქვამის უკან შაბ-ბნელი გეგმებია, სრული აბსურდია.
„ოცნებას“ არ მოეწონა „ბნელი წარსული“ — ხერჩინსკის განცხადებიდან. ელჩმა თქვა ის, რაც იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში — კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, ძმათა მკვლელი ომი, შიმშილი, სიღარიბე, უშუქობა, უპურობა და სხვა მრავალი ნეგატიური მოვლენა, რასაც ჰქონდა ადგილი.
ოპოზიციონერმა გვარამიამ ხერჩინსკის ნათქვამი „სიბნელე“ საბჭოთა საქართველოს მიაწერა — ის, იგულისხმაო, ვინაიდან მაშინ იყოო სიდუხჭირე და ა.შ.
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არასდროს ჰქონია ისეთი მრავალწახნაგოვანი განვითარება, როგორც საბჭოთა 70-წლიანი მმართველობის დროს. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ნამდვილი სახელმწიფოებრივი მართვის სისტემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ელმავალმშენებლობა, ჩარხთმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტები — მეჩაიეობის, მევენახეობის, ვეტერინარიის კვლევა-განვითარებისთვის.
მაშინ გაიფურჩქნა ქართული კულტურა, ხელოვნება, მრეწველობა, მეცნიერება. მაშინ დაარსდა მეცნიერებათა აკადემია და უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც პროფესიონალი კადრებით ამარაგებდნენ როგორც საქართველოს, ისე საბჭოთა კავშირს.
განვითარდა სპორტი, თითქმის ყველა დარგი. მაშინ გახდა საქართველოს ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონი, ისე, როგორც თბილისის ფეხბურთელთა გუნდი „დინამო“ — საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
მაშინ დაიდგა რუსთაველის თეატრის სახელოვანი სპექტაკლები. მაშინ ჰქუხდა საქართველოს საოპერო და საბალეტო შემსრულებლების სახელები სსრკ-ში, ისე, როგორც მსოფლიოში.
საბჭოთა პერიოდი ოქროს ხანა იყო საქართველოს ისტორიაში, მსგავსი რომ არ ჰქონია წინა წლებსა და საუკუნეებში.
გვარამიამ თქვა ის, რაც მას დასავლეთმა ასწავლა და დაავალა — ასე თქვიო და მანაც თქვა, ისე, როგორც მისმა პოლიტიკურმა შემქმნელმა სააკაშვილმა, არაერთხელ, მათ შორის ბუშის ვიზიტის დროს.
დავუბრუნდეთ ელჩის „დაბარების“ თემას. ხერჩინსკი გამოცხადდება სამინისტროში და ვითომც არაფერი, ისე დატოვებს მას, ქართველები რომ ვამბობთ — ყურებზე ხახვდაუჭრელად, ვინაიდან მან იცის, რომ ეს სამინისტრო იმ ქვეყნისაა, რომელსაც არ შეუძლია ევროკავშირის ელჩისთვის ყურებზე ხახვის დაჭრა.
საქართველო მთხოვნელის როლშია, ანუ ევროკავშირში გაწევრების მსურველის, მიუხედავად „ოცნების“ უკმაყოფილო წუწუნისა ამ ორგანიზაციის მიმართ. ასეთ როლში მყოფი ქვეყანა ყურს არ და ვერ დაახევს ევროკავშირის ელჩს. და არა მარტო მას, არამედ სხვა ქვეყნის ელჩებსაც, ვინაიდან დღევანდელი საქართველო თავისი სუსტი ეკონომიკით, სუსტი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობით, საერთაშორისო სარბიელზე უღიმღამოებითაა ცნობილი.
ერთადერთი, რაც მას აქვს დავალებული დასავლელთა მიერ, იმის შესრულების თავიც არ აქვს — რუსეთთან დაპირისპირება, რაც უმძიმეს შედეგს მოიტანს „ოცნების“ თანხმობის შემთხვევაში.
ნაცმოძრაობა რომ ყოფილიყო ქვეყნის სათავეში ბელადი სააკაშვილით, 2008 წლის ომის გამეორებას ექნებოდა ადგილი, რამეთუ ხათრს ვერ გაუტეხდა ევროპა-ამერიკას და ისე გაწირავდა თავის ქვეყანას, როგორც ზელენსკიმ უკრაინა — 52 მილიონი მოსახლიდან, რომ 19 მილიონამდე დაიყვანა.
სტატიის წერისას ჩიტმა მამცნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოჭორიშვილმა, ათენის კონფერენციიდან დაბრუნებულმა ხერჩინსკისთან შეხვედრა გამართა, მედიის მიხედვით, სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეში, რომელსაც „ოცნება“ საზეიმო ღონისძიებებისთვის იყენებს.
საუბრის დეტალები უცნობია. ხერჩინსკის კომენტარი არ გაუკეთებია, ისე დატოვა სასახლე. ჟურნალისტთა მიხედვით, ყურებზე ხახვდაუჭრელად. ნაცვლად ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოხატა აზრი, ცხადია შეთანხმებული ბრიუსელთან და წყლის წვეთებით მსგავსი იმისა, რაც ხერჩინსკიმ გვითხრა.
„ქატო იქა, ფქვილი აქა“ … ასე დასრულდა ხერჩინსკის გაწკეპლვა. ბოჭორიშვილის ნაამბობი წყლის წვეთებივით მსგავსია იმისა, რაც „ოცნების“ კორიფეებმა თქვეს.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ დიპლომატიაში უცხო არ არის მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყებაში ელჩის დაბარება. თუმცა აქაც არის განსხვავება, რაც გამოიხატება საერთაშორისო სარბიელზე ქვეყნის წონაში. როდესაც რუსეთის საგარეო უწყებაში დასავლეთის რომელიმე ქვეყნის ელჩს იბარებენ — სენსაციაა, რასაც თან ახლავს დამბარებელისა და დაბარებულის ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვა.
ბოჭორიშვილმა ბრძანა, რომ მიუხედავად ხერჩინსკის გამომწვევი განცხადებისა საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას და შეეცდება გაწევრდეს ევროკავშირში, მიუხედავად ბრიუსელის ნეგატიური დამოკიდებულებისა საქართველოს მიმართ.
რაო, რაო, საქართველო მაინც შევა ევროკავშირშიო?
იხუმრა ალბათ. სხვათა შორის „ოცნების“ ელიტაც სულ ამას გაიძახის — ევროკავშირში შევალთო 2030 წელს ან შემდეგო, მაშინ სხვა ევროკავშირი იქნებაო. მსგავსი ვირტუალური განცხადებების მიზანი ერთია, მოსახლეობის დამშვიდება პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადების შემდეგ — ვწყვეტთ თანამშრომლობას ევროკავშირთანო, რასაც მოჰყვა ბრიუსელის მკვახე რეაქცია — ვიზა-ლიბერალიზაციის გადახედვით, რაც ნიშნავს მუქარას — თუ გონს არ მოეგებით, ევროპაში უვიზოდ აღარ შემოგიშვებთო.
ხალხს ამ შეღავათის გაუქმებისა ეშინია, ვინაიდან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ შეღავათის წყალობით იქაა წასული, დასახლებული და უკან გამოხედვაც არ სურს. ნაწილი ჩემოდნებზე სხედან და წასვლისკენ უჭირავთ თვალი.
„ოცნებამ“ მიაჩვია ხალხი ამ „სიკეთეს“ და სულაც არ დარდობს, რომ დემოგრაფიულად რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა, დაიცლება მოსახლეობისაგან.
არ დაიცლებაო — გვეუბნება ხელისუფლება და ორი წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს გვამცნობს. 4 მილიონი ვართო. ორი წლის წინანდელი აღწერის მონაცემების დამუშავებას და დასკვნის გაკეთებას მოხმარდა ამდენი დრო? იქნებ იმას, როგორ გაეზარდათ რაოდენობა?
ის აღწერა ისეთი იყო, არვინ, ანუ აღსაწერი რომ არ შეუწუხებიათ, არ უკითხავთ ჰყავთ თუ არ უცხოეთში მცხოვრები ახლო ნათესავები.
დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს, დაკავშირებულს დიპლომატიასთან. საქართველოს დიპლომატია მთლად ნორჩიაო — ვერ ვიტყვით, მაგრამ საყმაწვილო სენი ვერადავერ მოიშორა.
საქართველოს დიპლომატია გასული საუკუნის 40 წლებში, უფრო ზუსტად 1944 წელს აღსდგა, სტალინის გადაწყვეტილებით. იალტის „სამეულის“ სსრკ-ს, აშშ და დიდი ბრიტანეთის კონფერენციაზე, რომელზეც იმსჯელეს მსოფლიო ორგანიზაციის, ანუ გაეროს შექმნის თაობაზე. მას უნდა შეეცვალა ერთა ლიგა, რომელმაც თავისი მუშაობით მშვიდობა ვერ მოუტანა მსოფლიოს. სტალინმა მოითხოვა ყველა საბჭოთა რესპუბლიკის ახალ ორგანიზაციაში გაწევრება, რაც აშშ-ს პრეზიდენტის რუზველტის თქმით, კენჭისყრის დროს უპირატესობას მოუტანდა საბჭოთა კავშირს. საპირისპიროდ მან მოითხოვა აშშ-ს ყველა შტატის გაწევრება გაეროში.
სტალინის წინადადება არ იქნა მიღებული, მაგრამ უკრაინა-ბელორუსიის გაწევრება შესაძლებელი გახდა, როგორც ომში ყველაზე მეტად დაზარალებული რესპუბლიკის.
იალტის კონფერენციამდე, სტალინის გადაწყვეტილებით, ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში აღდგა საგარეო საქმეთა სამინისტრო. დამტკიცდა დებულება და საშტატო განრიგი, რომელმაც 160 თანამშრომელი შეადგინა. მოსკოვის დიპლომატიურ სასწავლებელში გაიგზავნა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებიც დიპლომატიური განათლების მიღების შემდეგ იმუშავებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამწუხაროდ, სტალინის წინადადება მხოლოდ ზემოხსენებულ რესპუბლიკებს შეეხოთ, თუმცა უარყოფით შედეგს არ გამოუწვევია დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში შექმნილი საგარეო საქმეთა სამინისტროების გაუქმება. შემცირდა საშტატო ერთეული. რესპუბლიკის საგარეო სამინისტრო გახდა ორმაგი დაქვემდებარების სამინისტრო — საკავშიროს და რესპუბლიკურის, რომელსაც დაეკისრა საკონსულო და საოქმო (პროტოკოლური) ფუნქციები.
რესპუბლიკის საგარეო სამინისტროს თანამშრომლების შერჩევა და თანამდებობაზე დანიშვნა, რესპუბლიკის ხელისუფლების პრეროგატივა იყო. რაც შეეხება დიპლომატიურ რანგებს — მათი მინიჭება ხდებოდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის მიერ განხილვისა და მინისტრის ხელის მოწერით, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილობითი წარდგენის შემდეგ. საკავშირო საგარეო უწყების კოლეგიას და მინისტრს დიპლომატისთვის რანგის მინიჭება შეეძლოთ ატაშედან დაწყებული, დესპანამდე დამთავრებული. დესპანობას და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგის მინიჭებას წყვეტდა უმაღლესი ხელისუფლება საკავშირო საგარეო უწყების ხელმძღვანელის (მინისტრის) წარდგინებით.
საკავშირო საგარეო უწყება სისტემატურად იწვევდა რესპუბლიკის საგარეო უწყებათა დიპლომატებს კონფერენციებზე, შეკრებებზე, ტრენინგებზე, საზღვარგარეთის დელეგაციების სსრკ-ში ვიზიტების დროს პროტოკოლური სამუშაოების შესასრულებლად მოსკოვსა და სხვა საბჭოთა ქალაქებში მოგზაურობის დროს.
სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკუთარი სახსრებით ამარაგებდა რესპუბლიკის საგარეო უწყებას დასავლური ჟურნალ-გაზეთებით: „ლაითით“, „ტაიმით“, „ჰერალდ ტრიბიუნით“, „ნიუ-იორკ ტაიმსით“, „მონდით“, საინფორმაციო ყოველკვირეული ბროშურებით: „კომპასით“, ატლასით, რომელიც მოიცავდა უცხოეთში არსებული სსრკ-ს საელჩოების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას მასპინძელი ქვეყნების შიდა პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებზე.
რესპუბლიკის დიპლომატებს შეეძლოთ სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ერთწლიან, ორწლიან ან სამწლიან კურსებზე სწავლა. ადგილი ჰქონდა რესპუბლიკის დიპლომატების ხანგრძლივ მივლინებას უცხოეთში არსებულ სსრკ საელჩოებში, გენერალურ საკონსულოებში.
1944 წლიდან მოყოლებული, გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ რესპუბლიკაში ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, განათლებით ისეთი პიროვნებები იყვნენ, პატივს რომ იმსახურებდნენ იმჟამინდელ საზოგადოებაში. ცხადია, მათ არ ჰქონდათ მიღებული დიპლომატიური განათლება, მაგრამ საერთო განათლება, კულტურა, ძირითადი საქმის ცოდნა აძლევდა მათ შესაძლებლობას შეესრულებინათ დიპლომატიური სამუშაოც.
განმარტებისთვის — ძირითადი საქმე ნიშნავს ყოვლისმომცველ სამეურნეო საქმიანობას.
1944 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრობა ჰქონდა შეთავსებული მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიტროფანე კუჭავას, რომელიც არჩილ გიგოშვილმა, სოცუზრუნველყოფის მინისტრმა ჩაანაცვლა. ის დაინიშნა სსრკ საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად.
1965 წელს, არჩილ გიგოშვილის მინისტრობის დროს, მისი თანაშემწის პროფესორ ილია ტაბაღუას ინიციატივით თქვენი მონამორჩილი, საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილების გიდ-თარჯიმანი, გადამიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივნის თანამდებობაზე. მას შემდეგ, რაც ზურაბ შოშიტაშვილმა დაიწყო სწავლა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში, რომლის დამთავრებისთანავე გაიგზავნა არგენტინაში სსრკ საელჩოში.
არჩილ გიგოშვილის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტერიტორიულად განთავსებული სოლოლაკში, მახარაძის ქუჩაზე, გადაყვანილ იქნა ორბელიანების სასახლეში, სადაც ფუნქციონირებდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოება. ამჟამად ეს შენობა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა.
გიგოშვილის მუშაობის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები მეცნიერების, ხელოვნების მუშაკების, საზოგადო მოღვაწეების დაინტერესება საქართველოს ისტორიით, კულტურით, ხელოვნებით, რამაც დიდი შედეგი გამოიღო. საქართველოს სტუმრობდნენ მეცნიერები, მათ შორის ქართველოლოგები, ინგლისელი დევიდ ლენგი, ალენი, სხვა ბრიტანელი მეცნიერები. დევიდ ლენგმა 2 წიგნი მიუძღვნა საქართველოს და მის ისტორიას. ორივე გამოიცა ლონდონში.
გახშირდა გერმანელი, ფრანგი, უნგრელი, სხვა ქვეყნის მეცნიერებისა და მწერლების ვიზიტები საქართველოში. საქართველოს სტუმრობდა სახელგანთქმული მოგზაური თურ ჰეიერდალი. ყველას ჩამოთვლას სტატია ვერ დაიტევს.
იყო თუ არა აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობის და მისი ხელმძღვანელების ნაყოფიერი მუშაობის შედეგი საქართველოთი უცხოელთა დაინტერესება?
უდავოდ იყო.
არჩილ გიგოშვილის გარდაცვალების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრობა შეუთავსეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს რევაზ ფრუიძეს, თუმცა ცოტა ხნით. ის გარდაიცვალა გულის შეტევით — თავის კაბინეტში.
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა გიორგი ჩოგოვაძე. გიორგი ჩოგოვაძის შვილი დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი იყო საფრანგეთში.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო შალვა კიკნაძე, რომელმაც ჩოგოვაძე შეცვალა. მან ბევრი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი თანამშრომლებისთვის. მისი ინიციატივით სამინისტრო გამოვიდა ძველი შენობიდან და განთავსდა პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „რუსთავის“ შენობაში.
საელჩოებში მუშაობის მსურველი ახალგაზრდები მივლინებული იქნენ სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლევადიან კურსებზე, რომლის გავლის შემდეგ გაიგზავნენ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საელჩოებში სამუშაოდ.
შალვა კიკნაძე, რომელიც გადაყვანილ იქნა პროფკავშირების თავმჯდომარედ, ჩაანაცვლა უნივერსიტეტის პროფესორმა გოგი ჯავახიშვილმა.
ამ უკანასკნელის გამოკლებით, ჩემს მიერ ჩამოთვლილი მინისტრები უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. მათი ავტორიტეტი, ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი დაფასებული იყო. ისინი პიროვნებები იყვნენ, რომლებიც ქმნიდნენ თანამდებობას და არა თანამდებობა — პიროვნებას. ნებისმიერი მათგანი, დაბალ თანამდებობაზე მყოფი, დაბალს, მაღალ თანამდებობად აქცევდა. ისინი, იმიტომ კი არ სარგებლობდნენ პატივისცემით, რომ მაღალი თანამდებობა ეკავათ, არამედ იმით, რომ პიროვნებები იყვნენ.
დამოუკიდებლობის ჟამს ასეთი მხოლოდ ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო. ის, 1992 წელს, თბილისის ომის დამთავრებისთანავე ჩამოიყვანეს სამშობლოში „სამეულის“ სიგუას, კიტოვანის, იოსელიანის თხოვნით. იმჟამად ჩიკვაიძე რუსეთის ფედერაციის ელჩი იყო ნიდერლანდებში, მანამდე, საბჭოთა კავშირის ელჩი კენიაში, გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ინდოეთისა და დიდ ბრიტანეთში დიპლომატიურ სამსახურში, სსრკ კპ ცკ-ს აპარატში ინსპექტორის თანამდებობაზე, იმავდროულად სსრკ ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე.
ჩიკვაიძეს დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დიპლომატიური აკადემიის კურსები. ჩიკვაიძე და გორბაჩოვი ერთ ჯგუფში სწავლობდნენ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში.
სამშობლოდან მრავალი წლით განშორებული ჩიკვაიძე დგამს სარისკო ნაბიჯს და აბურდულ საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობას უცხადებს ტრიუმვირატს. ჩამოსვლისთანავე ის დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და საგარეო საქმეთა მინისტრად.
მისი მინისტრობის დროს ჩამოყალიბდა სამინისტროს სტრუქტურა, დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა. საქართველო მიიღეს გაეროში. მიღების ცერემონიალზე მან წარმოთქვა სიტყვა.
ჩიკვაიძე შეყვანილია იმჟამინდელი მსოფლიო 100 პოლიტიკოსთა სიაში. ტომი გამოიცა უცხოეთში.
ჩიკვაიძის შემდეგ მინისტრები იყვნენ მენაღარიშვილი, ზურაბიშვილი, სხვები, რომელთა სახელები აღარავის ახსოვს. ყველა ისინი იყვნენ სავარძლის მიერ შექმნილები და არა პიროვნებები, რომელთა სახელები ემახსოვრება საზოგადოებას.
თანამდებობის დევალვაციის თემა სიღრმისეულ ახსნას საჭიროებს, ვინაიდან სახელმწიფო თანამდებობა — მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, კომიტეტის და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ქვაკუთხედია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის.
სახელმწიფო თანამდებობისადმი ზერელე, აგდებული დამოკიდებულება ქვეყნის სისუსტის გარანტიაა. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თავისი ზერელე დამოკიდებულებით სახელმწიფო თანამდებობის მიმართ, დააკნინა სახელმწიფო სისტემა.
მოდით დავსვათ კითხვა — იყო თუ არა სააკაშვილის გადაწყვეტილება მისი „სიმჩატით“ გამოწვეული თუ სერიოზული რამ — საკუთარი თავის განდიდება, ღმერთთან გატოლება, ბელადთან, რომელიც ღრუბლებს ზემოდან დაჰყურებს ქვეყანასა და ხალხს, აღქმულს მის მიერ მასად, რომლის სამართავად სჭირდებოდა არა პროფესიონალი, განსწავლული, გამოცდილი, პატრიოტი, არამედ მისი დავალებების შემსრულებელი ადამიანი — ერთი პრინციპის გამომხატველი — სააკაშვილისადმი მონური მორჩილება.
ასეთი ხელქვეითები, სააკაშვილის ნდობით აღჭურვილები არაფრად აგდებდნენ დაკავებულ თანამდებობას, საქმეს, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ. მათთვის უმთავრესი არა ქვეყანა, არამედ ქვეყნის თავში მყოფი პრეზიდენტი იყო. მისი გულის მოლბობა. საქართველოს საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა ხელისუფალთა ზერელობა, უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და გული აიცრუა არჩევნებზე, მთავრობაზე, პოლიტიკაზე.
ანალოგიურის გაგრძელებას ჰქონდა და აქვს აგილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, რომელსაც სათავეში მილიარდერი ივანიშვილი ედგა.
პრემიერ-მინისტრად, მოკლევადიანი მუშაობის შემდეგ, ის გადადგა და ქვეყნის მართვის სადავეები ჩააბარა გამოუცდელ, საზოგადოებისთვის უცნობ კადრებს, არაპროფესიონალებს, მისი დავალებების შემსრულებელ ახალგაზრდებს.
ივანიშვილისთვისაც გამოცდილი, პროფესიონალი მინისტრი, სახელმწიფო მოხელე თავის ტკივილის გამომწვევია, ვინაიდან ასეთის მიერ ივანიშვილს არაკომპეტენტური დავალებების შესრულება შეუძლებელია.
სახელმწიფო სტრუქტურა აეწყო არა ქვეყნის სასიკეთო საქმის კეთებაზე, არამედ მილიარდერი ივანიშვილის ლოკვაზე. თუ ამას დავუმატებთ ივანიშვილსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის „შავ“ გარიგებას, რაზეც საზოგადოება სისტემატურად ლაპარაკობს, მივიღეთ ისეთ ქვეყანას, რაც გვაქვს.
აღნიშნულის თაობაზე იცის თუ არა ევროატლანტიკურმა სივრცემ? და თუ იცის, რეაგირებას რატომ არ ახდენსო? — იკითხავთ.
ცხადია იცის. თბილისში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობები სისტემატურად აწვდიან თავიანთ ქვეყნებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, მიუხედავად მათი მხრიდან ავი კრიტიკისა, აწყობთ აქაური მდგომარეობა. რომ არ აწყობდეთ, უმალ გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯს აქაური ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სისტემის დასაშლელად.
ევროკავშირს აწყობს ის, რაც დღეს აქ არის. შიშით იმისა, უარესი არ იყოს და საქართველომ რუსეთისკენ ნაბიჯი არ გადადგას. „ოცნების“ ხელისუფლება დასავლურია, მას რუსოფილობის არაფერი სცხია. აქვს მას კრიტიკული დამოკიდებულება ევროკავშირისადმი. მაგრამ ამასთანავე აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა.
იცის ეს ევროკავშირის ელჩმა ხერ-ჩინსკიმ და გულში სიმღერ-სიმღერით მიდის რიგით მერამდენე საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოჭორიშვილთან, რომელსაც თავისსავე ქვეყანაში არც არავინ იცნობს. და ვერც გაიცნობს, ვინაიდან ივანიშვილი წყვეტს მისი მინისტრობის ხანგრძლივობას და არა პარლამენტი, მინისტრთა საბჭო.
ბოჭორიშვილმაც იცის, რომ მისი მინისტრობა ივანიშვილის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რამდენად საქმიანად იღვაწებს თანამდებობაზე, რომელიც უკავია. ბოჭორიშვილი, ისე, როგორც ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილები უსახო, უისტორიო ადამიანია, რომლის სახელიც ისე გაცამტვერდება თანამდებობიდან წასვლისთანავე — სახელიც რომ არვის გაახსენდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
02/05/2026
