17.03.2026

პასუხი „მეზღაპრეს“

სტატიაში, რომელსაც ვთავაზობ პატივცემულ მკითხველს, მსურს იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ყველა ჩვენგანის ყურადღებას იპყრობს, ვინაიდან ქვეყნის ბედი, აწმყო და მომავალი მათზეა დამოკიდებული. და არა მარტო ქვეყნის, პირადად ნებისმიერი ჩვენგანის — ქვეყნის შემადგენელი ნაწილის.

დავიწყებ ახლო აღმოსავლეთით, ამერიკა-ისრაელის მიერ მშვიდობიანი ირანის წინააღმდეგ გაჩაღებული ომით. ა.წ. 28 თებერვლიდან, დღემდე საკამაო დრო გავიდა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა და მომავალში კიდევ უფრო შეცვლის ცხოვრებას. აშშ-ა და ისრაელმა ისეთი მზაკვრული ნაბიჯი გადადგეს, რომ ისედაც ბობოქარ, გაუსაძლის ცხოვრებას ნავთი გადაასხეს, ხანძარი გააჩინეს, რომლის ჩაქრობა შეუძლებელია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ქვეყნის მეთაურის, რახბარის აიათოლა ხამენეის მკვლელობა, ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურის მკვლელობა არ არის ისლამის მიმდევართა სულიერი მეთაურის მკვლელობაა, რაც შესაბამისად ისჯება მუსლიმთა, შიიტთა მხრიდან. ასე რომ ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება, რაც არსებულ ვითარებაში წარმოუდგენელია, მხოლოდ დროებითი რამ იქნება შიიტთათვის, რომლებიც შურისძიების გრძნობით არიან განმსჭვალულნი და ნებისმიერ შესაძლებლობას არ გაუშვებენ ხელიდან სამაგიეროს გადასახდელად.

დარწმუნებული ვარ ირანის ხელისუფლებას ანალოგიური გრძნობა ამოძრავებს, განსაკუთრებით ირანის ახალარჩეულ სულიერ ლიდერს, ქვეყნის მეთაურს მოჯთაბა ხამენეის. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევეს, გამძლეობას, წარმატებებს დიდი წინაპრების აიათოლების, ქვეყნის მეთაურების, რახბარების ხომეინისა და ხამენეის მიერ დაწყებული საქმის ჯეროვნად გასაგრძელებლად.

დარწმუნებული ვარ, ახალი სულიერი ლიდერი და ქვეყნის მეთაური გაუძლებს ამერიკა-ისრაელის აგრესიას, მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს მათ ირანისა და ირანელი ხალხის საკეთილდღეოდ.

ვულოცავ ირანელ ხალხს ლიდერის არჩევას. გამძლეობას ვუსურვებ მას და შემოსეული მტრების დამარცხებას.

ომი კი ისეთ სტადიაშია, რომ არც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ არ იციან რა იქნება ხვალ, ისე ისრაელის ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ. მათ მიერ შემუშავებულმა „ბლიცკრიგის“ (Blitzkrieg — „ელვისებური ომი“) გეგმამ მარცხი განიცადა. ირანი არ გამოდგა იოლად გასატეხ კაკლად. ორ კვირაზე მეტია ირანი იგერიებს ამ ორის შეტევას და თვით გადადის შეტევაზე — სარაკეტო თავდასხმის სახით, ანადგურებს რა მეზობელი არაბული ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

შეშინებულმა ამერიკამ მოუწოდა ამ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ მისიებს დატოვონ რეგიონი და სამშობლოში დაბრუნდნენ. დიპკორპუსის ევაკუაცია სასწრაფოდ განხორციელდა, თუმცა რეგიონში მომუშავე ამერიკელების დღესაც გრძელდება შესაბამისად იმისა, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ფრენა.

 ერთ-ერთი ბოლო პრეს-კონფერენციის დროს ტრამპმა ბრძანა, რომ ომს წარმატებით დაასრულებს რამდენიმე დღეში. ეს განცხადება ძირფესვიანად განსხვავდება ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადებისგან, სადაც ის მტკიცედ ამბობდა, რომ ომი სექტემბრამდე გაგრძელდება.

ტრამპის სლალომურ აზროვნებას მსოფლიო ისე შეეჩვია, რომ ყურადღებასაც არ აქცევს. არც იმას აქცევს ყურადღებას პრეზიდენტისა და ომის მინისტრის განცხადებები, რომ სხვადასხვაა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სამხედროებმა სროლა არ იციან, აქეთ-იქით უმიზნოდ ისვრიან და შედეგიც სახეზეა — გოგონათა სკოლის დაბომბვა, 175 მოსწავლის მსხვერპლით.

ტრამპმა ირანს დააბრალა სკოლის დაბომბვა. არადა საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს მედიას. მაგალითად, გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“, რომელმაც დიდი სტატია მიუძღვნა საკუთარი ხელისუფლების მზაკვრობას ფოტოსურათების დართვით, რომელზეც გამოკვეთილად ჩანს რაკეტა, ხოლო დაბომბვის შემდეგ ჭურვის დამამზადებლის  წარწერა და ნომერი.

ბოლო პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ისე აღარ უპასუხა, როგორც ადრე, მაგრამ თქვა — „ტომაგავკის“ (Tomahawk) რაკეტა სრულიად თავისუფლად შეიძლება აღმოჩენილიყო ირანელთა ხელში. ვინც სამხედრო საქმეშია ჩახედული აუცილებლად იტყვის, რომ ტრამპი ტყუის. და ტყუის თვალის დაუხამხამებლად, ვინაიდან „ტომაგავკის“ რაკეტა ჯერ-ჯერობით მხოლოდ საზღვაო ბაზირებისა და არა სახმელეთო, ანუ ამ რაკეტის გასროლა მხოლოდ წყალქვეშა ნავიდან ან ამერიკული სამხედრო კატარღიდან არის შესაძლებელი და არა მიწიდან. ასე რომ, ირანს არა მარტო „ტომაგავკი“ უნდა ჩაეგდო ხელში, არამედ წყალქვეშა ნავიც, რაც აბსურდია.

როგორც ჩანს ტრამპზე სერიოზულ გავლენას ახდენს ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვა და არაბული ნავთობის „სახლში“ დამწყვდევა, ნაცვლად მსოფლიო ბაზრის მომარაგებისა. ნავთობის ფასები ნახევრად შექმნილი დეფიციტის გამო, კატასტროფულად იწევს. 2 დღის წინ მან ბარელზე 120 დოლარის ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.

ირანი არ აპირებს ბლოკადის მოხსნას, ვიდრე ამერიკა-ისრაელი არ შეწყვეტენ ომს; არ გამოაცხადებენ კაპიტულაციას და არ მისცემენ ირანს მყარ გარანტიას მორიგი ომის არ დაწყებასთან დაკავშირებით.

მავანს შეიძლება ირანის ულტიმატუმი ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ საქმეში ჩახედულებს არა. და რატომ?

იმიტომ, რომ ფასები არა მარტო ევროპაში იზრდება, არამედ თვით აშშ-ი. სულ ახლახანს, კალიფორნიის ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებმა ერთ გალონზე (1 გალონი (ბრიტანული) = 4,546 ლიტრი; 1 გალონი (ამერიკული) = 3,785 ლიტრი) 8 დოლარი შეადგინა, სხვა შტატებში — 4,5 დოლარი, საშუალოდ 3,5 დოლარი, რაც ამერიკელში აღშფოთებას იწვევს.

აშშ-ს მოსახლეობა, რომელიც ავტომანქანებზეა მიბმული, ბენზინის ფასების აწევას სერიოზულად განიცდის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს. შემოდგომით კი შუალედური არჩევნებია — კონგრესსა და სენატში. თუ მანამდე ნავთობის ფასები არ დარეგულირდა ამომრჩეველი რესპუბლიკელებს მხარს არ დაუჭერს. მათი ხმები დემოკრატებისკენ წარიმართება, რაც გამოიწვევს წარმომადგენელთა პალატაში, ანუ კონგრესში დემოკრატების უმრავლესობაში მოსვლას, ისე, როგორც სენატში.

ამ შემთხვევაში სრული შესაძლებელია, რომ დაისვას ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი. და თუ ამას არ ექნა ადგილი, ტრამპი გახდება „კოჭლი ბატი“ — ასე ჰქვია პრეზიდენტს, რომელსაც ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და კონგრესის სრულ კონტროლქვეშ იმყოფება.

ტრამპს ამჯერად ორივე პალატა უჭერს მხარს, რამაც ის ისე გაათამამა, რომ ვენესუელას დაეტაკა, შემდეგ გრენლანდიის დაპყრობა გამოაცხადა, რასაც ირანზე თავდასხმა მოაყოლა. ტრამპი, რომელიც თავს თვლის გაფოფრილ, მედიდურ მამლად, დედლებში, ცაიტნოტში აღმოჩნდა, ანუ ირანის მიერ დაგებულ მახეში, საიდანაც გამოძრომა არცთუ იოლი იქნება.

საქართველოში ირანის მიმართ დამოკიდებულება არაცალსახაა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მას აშშ-ს აგრესიის მსხვერპლად აღიქვამს, უმრავლესობა საქართველოს ისტორიულ მტრად. ამ პოზიციას ზურგს უმაგრებს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ლანძღავენ და აგინებენ ამ ქვეყანას; იხსენებენ შაჰ-აბასისა და აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმებს საქართველოზე და ა.შ.

განსაკუთრებული ანტიირანული, ანტიმუსლიმური პოზიციების გამომხატველია დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, ნებისმიერი სხვა ჟურნალისტი „ობიექტივისა“, რომლებიც, ტელეკომპანიის სახელიდან გამომდინარე, იოტისოდენა ობიექტურობას მაინც უნდა იჩენდნენ საკითხის განხილვის დროს, მაგრამ როგორც ჩანს ობიექტურობისა არაფერი გაეგებათ.

იკითხავთ — რაშია საქმე, რამ  გაამწარა ისინი, რამ გამოიწვია მათში ისტორიაში უაზრო ხელის ფათური, როდესაც თანამედროვეობა ისეთია, სერიოზულ ყურადღებას რომ მოითხოვს ნებისმიერი ჟურნალისტისგან.

 თარხან-მოურავს არ მოსწონს „არაბული დასახლებების“ მშენებლობა საქართველოში. მაგრამ მარტო მას არ მოსწონს?!

მას აქვს ტელეეთერი, რომლითაც სარგებლობს სუპერმარკეტების წარწერების მსგავსად — ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში და ტყვიამფრქვევივით აფრქვევს ანტიირანულ განცხადებებს; ცდილობს ხალხს წარსული ისტორია თანამედროვედ მოაჩვენოს. წინ საპარლამენტო არჩევნებია და როგორც ჩანს „პატრიოტული“ თემა, რომელსაც ის და მისი კოლეგები აჟღერებენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლოზუნგი იქნება. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, ვინაიდან მიუხედავად ამ პარტიის სახელისა — საქმე პატრიოტული ვერც მე დავინახე და ვერც ხალხმა, თორემ ერთ პროცენტს მაინც დააგროვებდა გასულ არჩევნებში.

განვლილი პერიოდი იმითაც იყო საყურადღებო, რომ ანტირუსულმა, ანტისაბჭოურმა ძალებმა გაიხსენეს 8 მარტი — ქალთა საერთაშორისო დღეც და 9 მარტიც. 1956 წელს, 9 მარტს საბჭოთა ჯარმა ტყვიები შეაგება ამბოხებულ სტუდენტობას, რომლებსაც სურდათ რუსთაველის პროსპექტზე არსებულ კავშირგაბმულობის სახლში შეჭრა, რათა მსოფლიოსთვის ეცნობებინათ ქართველი ხალხის სურვილი საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ.

თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს. რა მოვისმინე ქართულ რადიოში?

რა მოვისმინე-და, თურმე ევროპელი ბოზები შეკრებილან მეტი თავისუფლების მისაღებად, რომელთაც შეუერთდნენ ცნობილი რევოლუციონერები კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი. ისინი, თურმე ტროცკის მეგობრები ყოფილან და მათი გავლენით და კარნახით ბოლშევიკებმა შემოიღეს 8-მარტობა.

არც ერთი სიტყვა, რომ 8 მარტი საერთაშორისო დღესასწაულია; რომ ამ დღეს აღნიშნავენ მსოფლიოს ქვეყნებში; რომ 8 მარტმა დააფიქსირა ქალისა და მამაკაცის თანაბრობა, ქალთა ემანსიპაცია, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების ხელმძღვანელობა და სხვა.

ბოლშევიკურ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში ქალის როლი საზოგადოებაში დაფასებული იყო და ამ საკითხს დიდი ყურადღება ექცეოდა. ქალები იყვნენ და არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. დიდი იყო ქალთა როლი კომპარტიაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ქალი არ ყოფილა ისე გათანაბრებული მამაკაცთან, როგორც ბოლშევიკურ რუსეთში, საბჭოთა კავშირში. დემოკრატიით თავმომწონე აშშ-ი — ქალს მრავალი წელი დასჭირდა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად.

საქართველოში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარების შემდეგ, პირველად მრავალპარტიულის — საბჭოურ ცხოვრებაში,  გამარჯვება მოიპოვა პარტიათა კოალიციამ „მრგვალი მაგიდის“ სახით, რომელმაც უზენაესი საბჭოს პირველივე სხდომაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია დისიდენტი გამსახურდია.

უზენაესმა საბჭომ აქტიურად იღვაწა საქართველოს სსრ კანონების ახალი ქვეყნის კანონებით ჩანაცვლების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომუნისტური ქვეყნის სადღესასწაულო თარიღების გაუქმებას და ახლის შემოღებას. პირადად გამსახურდიას ინიციატივით გაუქმდა 8 მარტის აღსანიშნავი დღეც.

ამ თემასთან დაკავშირებით იყო კამათი, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. სამწუხაროდ, ჩვენ, 8 მარტის დღესასწაულის შენარჩუნების მსურველებს, გვაჯობეს გაუქმების მომხრეებმა. ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ 8 მარტი კომუნისტური კი არა, საერთაშორისო დღესასწაულია.

გამსახურდიამ, ქალთა პატივისცემად „დედის დღის“ დღესასწაული შემოიღო — აქაოდა მდედრობით სქესს პატივს ვცემ „დედის დღით“ ვცვლით 8 მარტის დღესო.

ასე და ამრიგად გაუქმდა „ 8 მარტი“ და მის ნაცვლად შემოვიდა „3 მარტი“ — „დედის დღე“.

ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, მისივე ინიციატივით აღდგა 8 მარტის დღესასწაული, „დედის დღის“ პარალელურად. მას შემდეგ საქართველო ყოველი წლის მარტის 3-სა და 8-ში 2-ჯერ აღნიშნავს ქალთა დღეს.

დღევანდელი ექსპერტების მიერ 8 მარტის ქილიკით გახსენება და თქმა იმისა, რომ ბოზებმა დაუდეს სათავე ამ დღის აღნიშვნას, შემთხვევითი არ არის, შეგნებული პოლიტიკაა ანტისაბჭოური, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება. მათი მიზანია — 8 მარტის დღესასწაულის დისკრედიტაცია, „საზარელი“ საბჭოთა კავშირის დღესასწაულად აღქმა და არა საერთაშორისოდ. და რახან საბჭოთა კავშირმა აიყვანა 8 მარტის დღესასწაული ზენიტში, დამოუკიდებელი საქართველოსთვის 8-მარტობა მიუღებელია.

რაც შეეხება 9 მარტის ამბვებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1956 წელს, ვრცლად ილაპარაკა მავანმა ისტორიკოსმა, ახალგაზრდამ, ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდულად მომეყურა მისი ხმა ავტომანქანის რადიოში. მთხრობელი ყვებოდა 1956 წლის სტუდენტურ მასობრივ საპროტესტო გამოსვლების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 1956 წლის მარტის დასაწყისიდან 9 მარტამდე და რაც მიმართული იყო სტალინის დასაცავად საბჭოთა კავშირის კომპარტიის ლიდერის ხრუშჩოვის ანტისტალინური პოლიტიკისგან.

მთხრობელმა გვითხრა, რომ სტუდენტები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებოდნენ სანაპიროს პარკში — სტალინის ძეგლთან, მართავდნენ მიტინგებს, რომელზეც სიტყვით გამოდიოდნენ სტალინის დიდებით და ხრუშჩოვის ლანძღვით. მასობრივი მიტინგები იმართებოდა საქართველოს ქალაქებში. შეწყდა სწავლა არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ საშუალო სკოლებშიც. მიტინგებზე გაისმა მოწოდება საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის, ხრუშჩოვის გადაყენების შესახებ და აღნიშნულის გასაჟღერებლად დემონსტრანტები დაიძრნენ კავშირგაბმულობის სახლის ასაღებად, მსოფლიოს ქვეყნებისთვის ხმის მისაწვდენად.

შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევის მიზნით, კრემლის გადაწყვეტილებით თბილისთან დაბანაკებულ საბჭოთა არმიის მე-8 პოლკს გაეცა ბრძანება ამბოხებულთა წინააღმდეგ იარაღის გამოყენების. მე-8 პოლკმა ბრძანება აღასრულა — დახვრიტა რა სტუდენტები, რომლებიც „დომ სვიაზში“ შეჭრას ლამობდნენ.

მთხრობელმა თქვა ისიც, რომ საბჭოთა ჯარმა ასობით მეამბოხე დახოცა, დიდი რაოდენობა მტკვარში გადაყარა და ა.შ. შემდეგ მოაყოლა, რომ სტუდენტთა მიერ სტალინის დაცვა შეცდომა იყო; რომ სტალინი —  საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი, წარმოშობით იყო ქართველი, მაგრამ თვითშეგნებით, სულისკვეთებით — რუსი და რუსულ საქმეს აკეთებდა. მას საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია.

მთხრობელმა გადმოაფრქვია ანტისტალინური ბოღმა, რაც არსებობს საქართველოში, ილაპარაკა სკკპ მე-20 ყრილობაზე, რომელზეც ხრუშჩოვმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა სტალინის პიროვნების კულტზე, შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ის ვერასდროს შეეგუებოდა საბჭოთა კავშირში ძალით შეყვანას და ეს ბრძოლა ბოლოსდაბოლოს წარმატებით დასრულდა გამსახურდიას ძალისხმევით, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.

მთხრობელმა 9 მარტის ამბვები მოგვიყვა, რომლის მიზანი იყო — ნაკლებად  სტუდენტური ამბოხი, მეტად — სტალინის და საბჭოთა კავშირის ლანძღვა — კიდევ ერთხელ დასავლეთის მიერ მოცემული დაფინანსების შესაბამისი ანტისაბჭოური, ანტისტალინური ზღაპრების გასავრცელებლად, საზოგადოების მოსაწამლად, საზოგადოების, რომელიც ნოსტალგიას განიცდის საბჭოური ცხოვრების მიმართ, ადარებს რა მას „დამოუკიდებელი“ საქართველოს გაუსაძლის ყოფას.

საბჭოთა კავშირის მიმართ თბილი დამოკიდებულება სუფევს რუსეთში, სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ხოლო სტალინის პოპულარობა რეკორდებს ხსნის. რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 70% სტალინს თვლის ყველაზე კარგ ხელმძღვანელად რუსეთის ისტორიაში და ეს გამუდმებული კრიტიკის მიუხედავად — წიგნებში, სპექტაკლებში, კინოფილმებში, სატელევიზიო თოქ-შოუებში.

მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მთხრობელის ნაამბობს. დავიწყოთ 9 მარტით. 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ისე გახელდა ბრძოლა პირველობისთვის, რომ ქვა-ქვაზე არ დარჩა — როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე. გამოიკვეთა ლავრენტი ბერია, რომლის გაპირველება ხელმძღვანელობიდან ბევრს არ მოსწონდა, ვინაიდან სპეცსამსახურების ხელმძღვანელი, ბირთვული იარაღის შექმნის ორგანიზატორი, სამამულო ომში სახელმოხვეჭილი მარშალი, რომელმაც მოახერხა ფაშისტური გერმანიის წინსვლის შეჩერება კავკასიაზე, განსაკუთრებით ბაქოს ნავთობის ხელში ჩასაგდებად, მიზანმიმართული, გამოცდილი პროფესიონალი, პირველობის შემთხვევაში გამოიწვევდა მათი სახელმწიფო სავარძლების რყევას.

ბერია იმდენად იყო თავდაჯერებული საკუთარ ძალაში, რომ დაეთანხმა კოლეგების დავალებას გაფრენილიყო გდრ-ში იქ აფეთქებული სახალხო ანტისაბჭოური გამოსვლების ჩასაცხრობად.

ბერიას არყოფნით ისარგებლეს მისმა მოწინააღმდეგე კოლეგებმა, განსაკუთრებით ხრუშჩოვმა, რომელმაც ოდესასა და ოდესის ოლქში მომუშავე მარშალი ჟუკოვი დააბრუნა მოსკოვში სსრკ თავდაცვის მინისტრად იმ პირობით, რომ არმიის გამოყენებით უზრუნველყოფდა ბერიას ნეიტრალიზებას.

მოსკოვში დაბრუნებული ბერია დააპატიმრეს და მოგვიანებით სასამართლო პროცესიც გაუმართეს.

იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პარტიული მუშაკების მიხედვით არავითარ სასამართლო პროცესს ადგილი არ ჰქონია. ბერია ჩამოსვლისთანავე მოკლეს აეროპორტში.

ეს ისტორია იმიტომ მოგიყვანეთ, რომ წარმოდგენა გქონოდათ მაშინდელ ვითარებაზე. ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ხრუშჩოვმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა თავდაცვის მინისტრი ჟუკოვი. მაგრამ, როდესაც ხრუშჩოვმა პოზიციები გაიმყარა,  ჟუკოვი პენსიაზე გაისტუმრა.

ახალი საბჭოთა ლიდერის დამოკიდებულება სტალინის მიმართ იყო ნეგატიური, პირადულიდან გამომდინარე. ხრუშჩოვს, გარდაცვლილზე შურისძიებისთვის სკკპ ცკ-ს წევრების მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, იმ პარტიელების, რომლებიც სტალინს ღმერთთან გატოლებულ ბელადად აღიქვამდნენ. მათი მოსაზრების, სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულების უარყოფითისკენ შესაცვლელად ხრუშჩოვმა ერთობ სარისკო გეგმა შეიმუშავა — სტალინის დისკრედიტაცია, სტალინის პიროვნების კულტზე აქცენტირება, რამაც ძლიერი დარტყმა მიაყენა კომპარტიას, საბჭოთა სახელმწიფოს მდგრადობას.

ჩემს მეხსიერებას შემორჩა უამრავი ხალხი შეკრებილი ბერიას მოედანზე სტალინისთვის პატივის მისაგებად. შემდგომში არასდროს მინახავს ამ რაოდენობის ადამიანების მასობრივი ტირილი ბელადის გარდაცვალების გამო. აი ასეთ ადამიანებს, რომ ეტყვი — ბელადი ტირანი და რეპრესიების ავტორი იყოო, რისხვას გამოიწვევ მათი მხრიდან — 1956 წლის 9 მარტიც ამის შედეგი იყო. მიტინგები სტალინის ძეგლთან, სტუდენტთა მგზნებარე სიტყვები და ბოლოს 8-9 მარტს მოწოდებები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ, საორგანიზაციო კომიტეტის შექმნა „ქეთოს“ სახელწოდებით — ქართველი ერის განმანთავისუფლებელი ორგანოს.

სწავლა შეწყვეტილი იყო და ჩვენ სკოლის მოწაფეები სისტემატურად დავდიოდით მიტინგებზე. 9 მარტს, მიტინგიდან წამოსულებმა გადავწყვიტეთ რუსთაველის კინოთეატრში, საღამოს სეანსზე კინოფილმის ნახვა. კინოდან გამოსულებს რუსთაველის პროსპექტზე სამარისებული სიჩუმე დაგვხვდა, ისეთი ქარიშხლის შემდეგ, არემარეს რომ ეფინება. იშვითმა გამვლელ-გამომვლელმა ჩურჩულით გვითხრა „დომ სვიაზთან“ დატრიალებული საზარელი ამბის შესახებ.

არვინ  იცის, რამდენი ადამიანი შეეწირა მე-8 პოლიკის მიერ ნასროლ ტყვიებს. ზუსტი ციფრი დღესაც უცნობია, რაც ბევრს აძლევს გაზვიადებული რაოდენობის მსხვერპლის დასახელების საბაბს. მათ შორის პირველობას ვერვინ შეეცილება ნოდარ ნათაძეს, ტანსაცმლიან ანტისაბჭოელს, ანტირუსს, რომელიც დაბეჯითებით აცხადებდა ათასობით ადამიანის მტკვარში გადაყრის თაობაზე.

ნოდარ ნათაძის პიროვნების შესახებ ზედმიწევნით მისადაგებული დიაგნოზი დასვა ყოფილმა დისიდენტმა, შესანიშნავმა პიროვნებამ, ღრმად განსწავლულმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ბატონმა ვიქტორ რცხილაძემ თავის წიგნში „ძაგება“. ამონარიდი ამ წიგნიდან ერთ-ერთ წინა სტატიაში გაგაცანით, თუმცა არც ამ სტატიისთვის იქნებოდა ურიგო მოკლე გამეორება:

„ამის დამწერი გულწრფელად შემებრალა“, ანუ ნათაძე, რომელმაც თავის წიგნში „რაც ვიცი“ დაწერა მომხრე ვარ (გამსახურდიას) მისი მოთავსებისა ისტორიულ ფიგურათა პანთეონში …, რომელთაც თავდადება გამოიჩინეს საქართველოსთვის და შედეგს მიაღწიეს“.

ვინ, ვინ და ნათაძე, ათჯერ და ასჯერ შეურაცხყოფილი პირადად გამსახურდიას მიერ, ისე, როგორც ზვიადისტების ესოდენ უსაფუძვლო შეფასებას მისცემს ქვეყნის ხელმძღვანელს, რომელმაც ენით აუწერელი უბედურება მოუტანა საქართველოს, ვერადავერ იქნება სიმართლის მთქმელი 9 მარტის მოვლენასთან მიმართებაში. ნათაძესა და გამსახურდიას ერთი საერთო რამ ჰქონდათ — რუსეთის სიძულვილი.

დავუბრუნდები რადიოში მოსმენილი მავანის ანტისაბჭოურობას, ანტისტალინობას. ხრუშჩოვმა სსრკ კპ მე-20 ყრილობაზე დაგმო სტალინის პიროვნების კულტიო. დაგმობას ადგილი ჰქონდა არა მე-20 ყრილობაზე, არამედ სხდომაზე, ე.წ. საორგანიზაციო კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა ყრილობაში მონაწილე დელეგატთა ნაწილი. დანარჩენებმა ყრილობა დატოვეს დამთავრებისთანავე.

სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაციას ადგილი არ ჰქონია. დღემდე არვინ იცის, ვინ ესწრებოდა სხდომას. სხდომის სტენოგრამა არ მიმდინარეობდა, ამდენად გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩაწერილი — მოხსენებას ახლდა მხურვალე აპლოდისმენტები სიყალბეა. თვით ზოგიერთი დამსწრეს ნაამბობით, არავითარი ოვაციები, მომხსენებლის მხარდაჭერა ტაშით არ ყოფილა.

კრებამ მოხსენება მოისმინა დაძაბულ ვითარებაში, სამარისებულ სიჩუმეში. ისეთი შეგრძნება სუფევდა, რომ დარბაზი იფეთქებდა და პრეზიდიუმს წალეკავდა.

ხრუშჩოვის მოხსენების დასრულებას ტაში არ მოჰყოლია. სხდომის თავმჯდომარემ ბულგანინმა განაცხადა: „ამხანაგებო, რეზოლუციას ნუ მივიღებთ. დავავალოთ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმს შეისწავლოს საკითხი და მიიღოს თავისი დადგენილება აღნიშნულზე“.

დადგენილება მკვეთრად განსხვავდებოდა ხრუშჩოვის მოხსენებისგან და იყო გაცილებით რბილი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პარტიულმა ორგანიზაციებმა ნეგატიურად აღიქვეს ის.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ პარტიის წევრთა 10-15% დაუჭირა მხარი შერბილებულ დადგენილებას.

ხრუშჩოვის ბრძანებით, მედიას, მწერლებს, ხელოვნების მუშაკებს დაევალათ პიროვნების კულტის დაგმობა, სტალინის კრიტიკა, რაც დღემდე გრძელდება. ტელეკომპანია „როსია-1“ ღამის თოქ-შოუში მონაწილე იაკობ კედმიმ, ისრაელის ერთ-ერთი სპეცსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნის დროს მთავარსარდალი სტალინის როლის არაჯეროვან გაშუქებაში.

კედმიმ უკმაყოფილება გამოხატა ვოლგოგრადისთვის, სტალინგრადის სახელის არდაბრუნების გამო. სტალინგრადი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ბევრი ქალაქი ან ქუჩა სტალინგრადის სახელს ატარებსო.

მან ისიც თქვა, რომ ძირფესვიანად არის შესასწავლი პარტიული არქივები, რათა დადგენილ იქნას რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა და ის, თუ რამდენად იყვნენ ისინი უდანაშაულონი.

კედმი ლავრენტი ბერიას პიროვნებასაც შეეხო და თქვა, რომ არა ბერია, საბჭოთა კავშირი არ იქნებოდა. ბერიას შეუპოვარმა მუშაობამ შეაქმნევინა საბჭოეთს ატომური და წყალბადის ბომბები. და რომ არა ეს იარაღი, აშშ-ს გეგმის მიხედვით, საბჭოთა კავშირი ამერიკული ატომური ბომბებით განადგურდებოდა. ბერია დღესაც არ არის რეაბილიტირებული. მას ადანაშაულებენ ინგლისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, რაც სრული აბსურდიაო.

იაკობ კედმის ვიდეო-გამოსვლის ხილვა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამავე საიტზე.

დავუბრუნდეთ 1956 წლის 9 მარტის ამბოხს და მეამბოხეთა დახვრეტას. უდავოდ საზარელი ფაქტია, რაც არ და ვერ ამართლებს საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრეს გადაწყვეტილებას. თუმცა მას  ჰქონდა თავისი გასამართლებელი არგუმენტი — ხელისუფლების გადარჩენა ამბოხისგან, რაც უცხო არ იყო და არის უცხოეთში — „დემოკრატიით“ სახელგანთქმულ ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-ი.

1956 წლის მოვლენების შემდეგ ანალოგიურს ჰქონდა ადგილი 1989 წლის აპრილში, როდესაც 1956 წლის 9 მარტის მეამბოხეთა მსგავსად, ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგებზე გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა და ნატოში გაწევრება.

ეროვნული მოძრაობის ლიდერები მიტინგს გაეცალნენ და შეკრებილი ხალხი ჯარს შეატოვეს — მსხვერპლად. საბჭოთა ხელისუფლებას ისე, როგორც 1956 წლის 9 მარტს „მყარი არგუმენტი“ ჰქონდა — საბჭოთა სისტემის დაცვა.

თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც არაერთხელ გავხდით მეამბოხეთა მიერ ხელისუფლების დამხობის მოწმენი. განა ასე არ მოვიდა ქვეყნის მმართველად სააკაშვილი, თავისი „ნაციონალური მოძრაობით“. განა ხელისუფლებაში მოსული „ოცნება“ არ იცავდა თავს ეგზალტირებული მომიტინგეების პარლამენტში შეჭრისგან.

ამ აქტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ მოჰყვა მომიტინგეთა დაპატიმრება. იმ მომიტინგეთა, რომლებიც ცეცხლს უშენებდნენ პარლამენტის შენობას და სამართალდამცველებს, წვავდნენ პოლიციის ავტომანქანებს. ოპოზიცია და ინტელიგენცია დაბეჯითებით ითხოვენ „პოლიტიკურ პატიმრებად“ შერაცხული ხულიგნების, კრიმინალების ციხიდან განთავისუფლებას.

რადიო-ეთერში მოსმენილი მავანი მეზღაპრის მიხედვით, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მიაღწია საწადელს ზვიად გამსახურდიას კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ გაჩაღებული მედგარი ბრძოლით, რომელიც უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებით დასრულდა.

მეზღაპრემ არ იცის, რომ ოპოზიციის გამარჯვება კრემლში დაგეგმილი პროექტი იყო, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტის რეიგანის უკანალში შესაძრომად სჭირდებოდათ გორბაჩოვს, იაკოვლევს, შევარდნაძეს, სობჩაკს — იმის დასამტკიცებლად, რომ საბჭოთა კავშირი ადგას დემოკრატიის გზას; ატარებს რა მრავალპარტიულ არჩევნებს საქართველოს სსრ-ში.

მახსენდება ავთანდილ მარგიანის სიტყვები, იმჟამინდელი საქართველოს კპ ცკ-ს მდივნის მოსკოვში შევარდნაძესთან საუბრის შემდეგ — გამსახურდიას ხელი შეუწყვეთ და დაეხმარეთ, რათა მან შეძლოს არჩევნებში წარმატების მიღწევასო.

თვით გამსახურდიამ არაფერი იცოდა კრემლის გეგმის თაობაზე, რომლის მიხედვით, ის თოჯინა იყო, ანუ მარიონეტი, რომელსაც ნებისმიერ დროს მოისვრიდნენ  პოლიტიკურ სანაგვეზე. რაც მოხდა კიდევაც.

წინა სტატიაში მოვიყვანე ბატონი ვიქტორ რცხილაძის სიტყვები გამსახურდიასთან დაკავშირებით, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, ვინაიდან სიმართლეა ისეთი, წყალი რომ არ გაუვა:

„თავისი ტვინდახშული ეგოიზმით ზ. გამსახურდიამ საქართველო ისე მართა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და ომი გამოიწვია — უდიდესი მსხვერპლით, შემდეგ დაფრთხა, გაიქცა და ოჯახთან ერთად თავი შეაფარა ჯოხარ დუდაევს“.

არავითარ 9 აპრილს ადგილი არ ექნებოდა მომიტინგეთა მოთავეებს, უპირველესად გამსახურდიას, კოსტავას, წერეთელს, სხვებს, რომ კათალიკოს პატრიარქის ილია მეორისთვის დაეჯერებინათ და პარლამენტის წინა მოედნის ნაცვლად სალოცავად ქაშვეთის ეკლესიაში გადასულიყვნენ.

არაო! — ბრძანა გონებაჩლუნგმა წერეთელმა. გასულელებულმა მომიტინგეებმაც — არაო — უპასუხეს კათალიკოს პატრიარქს. მიტინგის მოთავეებს სისხლი სწყუროდათ — საბჭოთა კავშირის დისკრედიტაციისთვის, საკუთარი აღზევებისთვის. იქ დაღვრილმა სისხლმა და კიდევ იმან, რაც მოგახსენეთ, მოიყვანა ხელისუფლებაში ოპოზიცია — გამსახურდიას მეთაურობით.

მავანი მეზღაპრე სიყვარულით ყვებოდა მენშევიკური ხელისუფლების პერიოდზე. მიიჩნევდა რა უაღრესად წარმატებულად, რომელსაც წერტილი დაუსვა ბოლშევიკურმა აგრესიამ — ორჯონიკიძის მეთაურობით.

მეზღაპრეს არ უთქვამს მენშევიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ოსმალეთს გადაეცა ბათუმი და ბათუმის ოლქი, რომელიც მეფის რუსეთმა მოიპოვა თურქეთთან ომის შედეგად.

რა მიიღო სანაცვლოდ მენშევიკურმა ხელისუფლებამ?

თურქეთის მიერ კანონიერ ხელისუფლებად აღიარება. მარტივად რომ ვთქვათ, პირად ამბიციებზე გაცვალეს ბათუმი და მისი შემოგარენი. და რომ არა ბოლშევიკური რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის დაჟინებული მოღვაწეობა, აჭარა თურქეთის შემადგენლობაში იქნებოდა.

სხვათა შორის, მენშევიკებმა, რაც რამე სიმდიდრე იყო საქართველოს ეკლესიებში ტომრებში ჩაყარეს — ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე და ფრანგულ სამხედრო გემს გაატანეს მარსელისკენ. იქ ჩასულმა მენშევიკებმა, განძი მარსელის ბანკს ჩააბარეს შესანახად. დროდადრო გამოჰქონდათ იქიდან და ჰყიდდნენ.

როდესაც საფრანგეთმა სცნო საბჭოთა კავშირი და გაწყვიტა ურთიერთობა საფრანგეთში მყოფ საქართველოდან გაქცეულ მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქართული განძი პარიზში გადაიტანეს — საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს საცავში. მხოლოდ სტალინის თხოვნით პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დაუბრუნა საქართველოს განძი, ცხადია მენშევიკების ძალისხმევით განახევრებული.

„სტალინი რუსი იყოო და მას საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო“. რუსმა სტალინმა ქართველი მეცნიერების თხოვნა დააკმაყოფილა და საქართველოს სსრ კონსტიტუციაში ჩაწერა — „სახელმწიფო, ენა ქართული“. მსგავსი ჩანაწერი არც ერთი საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ იყო.

სტალინის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ გახდა ინდუსტრიულ-აგრარული რესპუბლიკა, მეტალურგიული და ქიმიური ქარხნებით. ქ. რუსთავიც სტალინის  განკარგულებით აშენდა, ისე, როგორც კიროვის სახელობის ჩარხთმშენებელი და ელმავალმშენებელი ქარხნები. მეცნიერებათა აკადემიაც სტალინის განკარგულებით დაფუძნდა; პოლიტექნიკური და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტები, მეღვინეობა-მევენახეობის კვლევითი ცენტრი, ზოოვეტერინალური ინსტიტუტი; თბილისის ირგვლივ ვარკეთილისა და სამგორის საბჭოს მეურნეობები. თბილისის ზღვაც მისი განკარგულებით გაშენდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

დამისახელეთ თუნდაც ერთი საწარმო, ქარხანა, სამეცნიერო დაწესებულება, ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი, საჯარო დაწესებულება, რომელიც ე.წ. დამოუკიდებლობის დროს აშენდა. ვერ დამისახელებთ, ვინაიდან მსგავსი არ არის და არც იქნება, ვინაიდან საქართველო „ოფიციანტებისა“ და უცხოელი ტურისტების „საგრიალო“ ზონად არის გათვლილი. „გრიალს“ კი კაზინოები და ბოზები სჭირდება და არა ინჟინრები, მეცნიერები, კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი.

ტურისტული საქართველოს პროექტი იმ დასავლეთმა შეთხზა, საითკენაც დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლება გარბის და გარბოდა — „დემოკრატიული დასავლეთისკენ, რომელსაც დემოკრატიისა არაფერი სცხია. დემოკრატიისკენ, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ვითომ არადემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ ომის წარმოება.

განა, ამას არ აქვს ადგილი ახლო აღმოსავლეთში, სადაც აშშ-ი და ისრაელი, ყოველგვარი საბაბის გარეშე ანადგურებს ირანს?  ხოცავს ირანის მშვიდობიან მოსახლეობას?

აშშ-ს პრეზიდენტის გამოუცნობმა მიზანმა, რომელმაც ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიო ეკონომიკური პრობლემები შექმნა, რომელიც ომის გაჭიანურების შემთხვევაში, ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, საიდანაც გამოსვლა, თუნდაც ომის დამთავრების შემთხვევაში, მრავალი წლის განმავლობაში გაჭირდება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პოლიტიკას, საზოგადოებას მაინც ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი უნდა. შეგარგოთ — ჩვენი გამოკლებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

16/03/2026