შემატყობინეთ ბრმას და ყრუს!
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო …“
სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე 80-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და გულახდილად გეტყვით, 79000 კვ. კილომეტრზე არსებულ ქვეყანაში ისეთი ბუნებრივი მრავალფეროვნებაა, რასაც სხვაგან ვერსად იხილავთ.
79000 კვ. კმ-ს საქართველო სანატრელი გაგვიხადა ჩვენსავე არჩეულმა ქარაფშუტა, გონგამოცლილმა, აგრესიულმა, ბოროტმა მმართველმა, ე.წ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავანტიურისტული ქმედებით, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველო-სამხრეთ ოსეთის ომი, გადაზრდილი საქართველო-რუსეთის ომში.
შორეულ მომავალში საქართველოს ისტორიის წამკითხველს უეჭველად გაუჩნდება კითხვა — რამ ან ვინ ჰკრა ხელი საქართველოს ხელისუფალთ საკუთარი ქვეყნის ნაწილზე ომის გაჩაღებაში და ამით უდიდესი სახელმწიფო, მეზობელი რუსეთის ჩათრევაში?
ჭეშმარიტ პასუხს მკითხველი ვერ მიიღებს — მიზეზთა გამო. პირველი ისაა, რომ ისტორიკოსი, რომელიც დღეს წერს, გასული საუკუნის 90-იანი წლების ისტორიის მიმართ სუბიექტურად არის განწყობილი, განსაკუთრებით ოსებისა და რუსების — ყველა უბედურებას, რაც საქართველოს გადახდა თავს რუსეთს აწერს, ისე, როგორც უმადურ ოსებს, რომლებიც ქართველებმა შევიფარეთ, ვაჭამეთ, ვასვით, მათ კი ბოროტად გადაგვიხადეს პატივისცემა.
მეორე, სინამდვილის მთქმელნი, რომლებიც თბილის-ცხინვალის ომს შევესწარით, საიქიოს ვიქნებით და იქიდან ყვირილიც კი არვის სმენია, არათუ ნათქვამი.
მომავალი ქართველი მიიღებს ისტორიის ისეთ სახელმძღვანელოს, რომელიც აიძულებს მას იყოს მეზობელი „ბარბაროსი“, „მტარვალი“ რუსეთის მიმართ მუდამ მტრულად განწყობილი.
მომავალი ქართველი — დაბრმავებულ-დაყრუებული, დასავლეთისადმი წარმოუდგენელი სიყვარულით განმსჭვალული, ევროპელობის მსურველი, საკუთარი ისტორიისა და წეს-ჩვეულებების მოქილიკე ვერ შექმნის ქვეყანას.
რაღა მომავალში, აწმყოში ვერ ქმნის, ცუდ მოცეკვავესავით ტესტიკულები უშლის ხელს.
1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების აქტიურმა შემოქმედმა იოსელიანმა, ბრძანა — პელე გყავდეს, შევარდნაძის სახით და ნოდიას ათამაშებდე შეცდომა არისო. ჯაბამ, პოლიტიკა ფეხბურთს შეადარა — საზოგადოების ნეგატიური განწყობის, პოზიტიურისკენ შემოსაბრუნებლად.
პელე-შევარდნაძის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება უარყოფითი იყო, თუმცა „სამეულს“ — სიგუა-კიტოვან-იოსელიანს მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში ცნობილი შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში აუცილებლად მიაჩნდათ — საზღვარგარეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით.
სამშობლოში დაბრუნებულ შევარდნაძეს, ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება დახვდა — ეკონომიკურად განადგურებული, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული, ცენტრიდან განდეგილი ავტონომიებით. მან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენა შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბევრს მიაღწია, მაგრამ ქვეყნის ერთიანობას ვერ შეწვდა — პარტიულმა ამბიციებმა არ მისცეს ამის საშუალება.
შევარდნაძე — სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროს წევრი, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი, დაშლილი საბჭოთა კავშირის მებაირაღე, ახალი ცხოვრების , ახალი პოლიტიკური წყობისა და სისტემის პირისპირ აღმოჩნდა, რომლის დაძლევა ვერ შეძლო — პირადი ცხოვრებისეული ტვირთის სიმძიმის გამო.
მისთვის, კომპარტიის უმაღლესი მოხელისთვის უჩვეულო იყო შეპასუხებაც კი და ამ დროს გინება ოპონენტთა მხრიდან.
შევარდნაძეს დახვდა საქართველო, შეცვლილი აზროვნების ადამიანებით, ნაკლებად კანონმორჩილით, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნეგატიურად განწყობილით, მრავალპარტიული „სიკეთეგამოვლილით“. ეს, ის არ იყო, რაც მისი საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნობის დროს.
საქართველო, არჩეული პრეზიდენტის ძალისმიერი დამხობის ადგილი, არ გააწევრეს გაეროში, ისე, როგორც ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტმა ვერ გაჭრა, მას ულტიმატუმის მსგავსი წინადადება წაუყენეს — დანიშნე ახალი რიგგარეშე არჩევნები და გზას გაგიხსნით გაეროსკენო.
არჩევნებიც დაინიშნა. 1992 წლის ივლისში საქართველოც გაწევრიანდა გაეროში. აგვისტოში ომიც დაიწყო აფხაზეთში — არჩევნების ჩატარებამდე. საპარლამენტო არჩევნების გამართვის შემდეგ, შევარდნაძემ მიმიწვია და მთხოვა კონსტიტუციის შემცვლელი მთავარი კანონის შემუშავება, რასაც თავი გავართვით — პროფესიონალ იურისტთან თედო ნინიძესთან, უზენაესი საბჭოს იურიდიული განყოფილების გამგე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად.
შევქმენით კანონპროექტის სამი ვარიანტი, რომელთა შეჯერება ხდებოდა „იმელში“ არსებულ შევარდნაძის კაბინეტში ახალარჩეულ პარლამენტის წევრებთან, რომლებიც სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენდნენ.
განხილვა მიმდინარეობდა მწვავე კამათისა და დაპირისპირების ფონზე, რომლის დროს შევარდნაძეს ისე მიმართავდნენ, როგორც მათ ტოლს — მოურიდებლად და არა ისე, ქვეყნის პირველ პირს რომ შეეფერებოდა და რასაც ის მიჩვეული იყო.
საბჭოეთის დროს მედასავლეთე ყოფილმა კომპარტიელმა, დასავლეთით მონუსხულმა, ვერ გათვალა კურსი ქვეყნისა. იძულებული იყო რუსეთთანაც ჰქონოდა ურთიერთობა, პარალელურად დასავლეთთან. მას მიაჩნდა, რომ ნატოში შესვლა და ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ევროკავშირში გაწევრება გადაარჩენდა ქვეყანას. და არათუ გადაარჩენდა, მოწინავედ აქცევდა ევროპის ქვეყნებს შორის, რის შესახებაც ის საჯაროდ აცხადებდა. და ამ განცხადებაში გულწრფელი იყო, არავითარი ფარსი. მას სჯეროდა დასავლეთის კეთილშობილების, დასავლეთის საქართველოსადმი და პირადად მისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების.
შევარდნაძე დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირის დამანგრეველს მოწიწებით და პატივით მოეპყრობოდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეც იყო, მაგრამ ამერიკა-ევროპაში ახალი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მისვლისთანავე შევარდნაძის „დამსახურებამ“ მეორე პლანზე გადაინაცვლა, მოგვიანებით კი მივიწყებას მიეცა.
შევარდნაძე, პატარა, დასავლეთისთვის უცნობი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არა დაშლილი გიგანტის — საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. მივიწყებას მიეცა მისი სიტყვებიც ნატოს კარზე მიკაკუნებასთან დაკავშირებით, ისე, როგორც საქართველოს შვეიცარიად ან ავსტრიად გადაქცევა.
შევარდნაძემ ვერ გათვალა რუსეთთან სამომავლო ურთიერთობა, მისი საარსებო მნიშვნელობა საქართველოსთვის. ვერ გაიაზრა დასავლეთის ფარისივლობა, აჰყვა მის მოთხოვნებს, რითაც დააზიანა საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, ლამის ნათესაურში გადასული.
შევარდნაძის დროს გაწყდა ეკონომიკური კავშირები, როგორც რუსეთთან, ისე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. გაიყიდა უნიკალური კიროვის სახელობის ჩარხთმშენებელი ქარხნის დანადგარები; წერტილი დაესვა სამრეწველო კავშირებს, ისე, როგორც სხვას, მათ შორის სამეცნიეროს, კულტურულს, სპორტულს, რამაც მძიმე დარტყმა აგემა ქვეყანას, მის დემოგრაფიას, რამეთუ უმუშევრად დარჩენილმა ხალხმა ლუკმა-პურის საშოვნელად რუსეთს მიაკითხა. ასეთთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
მახსოვს, თურქმენეთში ჩატარებული საკონსულო მუშაკების თათბირი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საგარეო უწყებათა დიპლომატების მონაწილეობით, რომელსაც მეც ვესწრებოდი — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი. მაშინ, თურქმენეთში საქართველოს ელჩი არ ჰყავდა და მის ფუნქციებს ასრულებდა ე.წ. სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი, შსს ყოფილი მუსაკი პატარაია, რომელიც მასპინძლობას მიწევდა.
მისი თხოვნა იყო, რომ ქართულ ბიზნესს ყურადღება მიექცია თურქმენეთისთვის, რომელიც ითხოვდა ქართული ჩაის მიწოდებას და გვპირდებოდა ჩაიში ჩვენი მილიონობით დოლარის ვალის გაქვითვას. თურქმენეთი მზად იყო დაუფასოებელი, უხარისხო ჩაის მისაღებად, რაც ვერ მოვახერხეთ. მიზეზი?
პრიმიტიული — ევროპის მიზიდულობა და სურვილი იმისა, ევროპასთან გაგვეჩაღებინა ვაჭრობა.
საქართველოში არ მოიძებნა დასავლეთის, ევროკავშირის მცოდნე არც პოლიტიკოსი და არც ეკონომისტი, რომელიც ქართველთა აბსტრაქტულ ბოდვას წერტილს დაუსვამდა. აუხსნიდა საქართველოს ხელისუფალთ, რომ ევროპის ბაზარზე მოხვედრა ქართული პროდუქციისთვის, ევროპაში არსებული „საცრის“ გავლის გარეშე შეუძლებელია და რომ ამ „საცერის“ გავლას წლები დასჭირდება — შესაბამისი რეორგანიზაციის სამუშაოს ჩატარებით. და ეს არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ეხება, არამედ პოლიტიკურს, სამეცნიეროს, კულტურულს და ა.შ.
ისტორიას ჩაბარდა ბრიყვ ქართველთა „გონივრული“ ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საქართველო „ბორჯომით“, ქართული ღვინით, ჩაით და კურორტებით იცხოვრებს; რომ ჩვენი მინერალური წყალი და ღვინოები უნიკალურია და ევროპის ბაზარზე გამოჩენისთანავე ხელში ჩაგვაღლეტენ. ხილზე, ბოსტნეულზე, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე ლაპარაკიც კი არ ღირს — იმდენად კონკურენტუნარიანია.
გაუმართლებელმა, დაუმსახურებელმა ყოყოჩობამ დაგვანგრევინა ქვეყანა — საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკა ყველა დარგში. მაშინ 5-მილიონიან ქვეყანას ჰქონდა განვითარებული მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, ავტომშენებლობა, ელმავალმშენებლობა, ავიამშენებლობა, მეტალურგია, ჩარხთმშენებლობა; საფეიქრო, ქიმიური, კვების მრეწველობა, განვითარებული სოფლის მეურნეობა, მსხვილფეხა და წვრილფეხა მეცხოველეობა, სხვა მრავალი, რომელთაც ქართველი მეცნიერები, ინჟინრები, პედაგოგები, განსწავლული ხალხი უძღვებოდა. საქართველო განათლების დარგში მოწინავე საბჭოთა რესპუბლიკა იყო და არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში.
საქართველოში 20 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებდა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სასოფლო-სამეურნეო, ვეტერინარული, პედაგოგიური ინსტიტუტები, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თეატრალური ინსტიტუტი, სამედიცინო ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერებათა ინსტიტუტი, სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების განათლებაზე აისახებოდა.
უმაღლესი განათლების, ისე, როგორც პროფესიონალურ-ტექნიკური სასწავლებლის განათლების მატარებელი ადამიანების ერთობა ერის განათლების გამომხატველია. განათლებული ადამიანები ერის, ქვეყნის ფუნდამენტის სიმკვრივის ამსახველია.
შევარდნაძემ, ორ სკამზე მჯდომმა, ვერ გათვალა მარტივი რამ, ის, რაც ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო დასავლეთისკენ არ იყურებოდა, ვინაიდან იცოდა, რომ მასთან ეკონომიკური კავშირი შეუძლებელი იქნებოდა.
ლუკაშენკომ საბჭოეთის დროინდელი კავშირები ამჯობინა ახალს, აბსტრაქტულს და ენერგიული, დაუღალავი შრომით გააგრძელა ბელორუსულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები, რამაც წარმატება მოუტანა ბელორუსს — ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე წარმატებულს.
შევარდნაძემ გაწყვიტა ურთიერთობები, რამაც უმძიმესი შედეგი მოგვიტანა. შევარდნაძე არ გამოდგა შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. ანდა რა შორსმჭვრეტელობა უნდოდა ცხვირწინ არსებულის დანახვას?
ოქროს საბადო გქონდეს წინ და შორეული ნაგვისკენ იმზირებოდე — სიბრმავესთან ერთად, უჭკუობის დასტურია.
უკიდეგანო მეზობელი რუსეთი, უკიდეგანო გასაღების ბაზრით, უკიდეგანო პოტენციალით, განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით და ა.შ. ვერ დაინახო და ტრადიციულად ევროპისკენ იმზირო შეცდომა კი არა, გონების გამოფიტვაა, ისეთი ალცჰეიმერის დაავადებით შეპყრობილს რომ ემართება.
ცხადია, ეს მარტო შევარდნაძეს არ ეხება. ეს თანამედროვე ხელისუფალთა სენია, რომელიც შევარდნაძის დროს დაიწყო, სააკაშვილის დროს გაგრძელდა და ივანიშვილის დროს გრძელდება.
ივანიშვილმა და „ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაჟღერებულ დაპირებათა მრავალფურცლიანი სიიდან არც ერთი არ შეასრულეს. მათ შორისაა რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“. ეს სიტყვა ივანიშვილის მწირ ლექსიკონს ეკუთვნის.
14 წელი ვიმყოფებით „დალაგების“ მოლოდინში, მაგრამ არც რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ ჩანს და არც საქართველოს „დალაგება“. რაც ჩანს, საყოველთაო კორუფციაა — ნებისმიერ ქართველის ძვალ-რბილში გამჯდარი. არიან გამონაკლისებიც, მაგრამ უმნიშვნელო.
ივანიშვილი და „ოცნება“, მწირი განათლებისა და თვითშეგნების უქონლობის გამო ისევ ევროპისკენ იყურებიან და იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი, რომელიც უაღრესად უარყოფითად არის განმსჭვალული ივანიშვილ-„ოცნების“ და აქედან გამომდინარე საქართველოს მიმართ, შეიცვლება. შეცვლილი კი ფართოდ გაგვიღებს კარს ევროკავშირისას და გვეტყვის — „ჭკვიანო“, დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელო ერო, თქვენ რა ევროკავშირის წევრი არ ხართ? მომიკვდეს თავი, როგორ გამომრჩით და შემობრძანდითო — გვეტყვის.
გაევროპელებულმა პრემიერმა კობახიძემ და მისმა მთავრობამ, ისე, როგორც პარლამენტმა, როგორც ჩანს არც არაფერი იციან ევროკავშირის შესახებ. არ იციან ერთნაირსქესიანთა სავალდებულო კანონის თაობაზე, რომელიც აიძულებს ყველა ევროკავშირელს შეასრულოს ის, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებით დაისჯება.
მათ არ იციან, რომ ევროკავშირის შტაბ-ბინის მიზანია უეროვნებო კავშირის ჩამოყალიბება, ანუ ევროკავშირის, ისეთის, რომლის წევრი ეროვნული სახელმწიფოები ნებაყოფლობით უარს იტყვიან რუმინელობაზე, ბულგარელობაზე, ფრანგობაზე, … ევროკავშირელობის სანაცვლოდ. მათ არ იციან, რომ ევროკავშირი კორუფციული ჭაობია, რომლის თავში კომისიის თავმჯდომარე კორუმპირებული ურსულა ფონ დერ ლაიენია, მოადგილე კი გაუნათლებელი ფაშისტი კაია კალასი, რომელმაც ერთი თვის წინ გაიგო, რომ ფაშიზმის დამარცხებაში სსრკ-ჩინეთს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.
მათ არ იციან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია უკრაინის კრიტიკა ან მასზე სინამდვილის თქმა; აკრძალულია სიტყვის თავისუფლება. ყვავის უკრაინის ნეოფაშისტური რეჟიმისთვის მხარდაჭერა — ფინანსურად, იარაღით, მოწოდებით — იომეთ ბოლომდე, რუსეთის დამარცხებამდე. მათ არ იციან პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ახალი განცხადება, რომ მე-2 მსოფლიო ომი ჰიტლერმა და სტალინმა დაიწყეს. მათ არ იციან, რომ პოლონელი პრეზიდენტის ნათქვამი საქართველოსაც ეხება — საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას. მათ არ იციან, რომ კაია კალასი ბრალს სდებს საბჭოთა კავშირს ევროპის 19 ქვეყანასთან ომის გაჩაღებისთვის. მათ არ იციან, რომ კალასის ნათქვამი ჩვენც გვეხება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და რეაგირებას არ ვახდენთ.
მათ ბევრი რამ არ იციან იმ კავშირის შესახებ, საითკენაც გარბიან. არც ის იციან, როგორ ლანძღავს ევროპას ტრამპი დემოკრატიის უგულებელყოფისთვის, უმძიმესი ეკონომიკური ჩავარდნებისთვის, უპრინციპობისთვის და ა.შ.
ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ ევროპის „ქება“ მაინც დაიჯერეთ!
ერთ ისტორიას გავიხსენებ. საქართველოში ფრენებს ახორციელებდა ბრიტანეთის ავიახაზები, რომელსაც თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმებისთვის დაქირავებული ჰყავდა ბულგარელი ინჟინერი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და „ბრიტიშ ეარვეის“ თვითმფრინავს ტექნიკურ დათვალიერებას უტარებდა. მას ვიცნობდი და კარგი ურთიერთობაც მქონდა. როდესაც ვეკითხებოდი ბულგარეთზე და მის ყოფნაზე ევროკავშირში, გაწიწმატდებოდა და ისეთი რუსული გინების კასკადს აფრქვევდა, რუსსაც რომ გააკვირვებდა.
„ევროკავშირმა მოსპო ჩვენი ქვეყანაო, რაც გვქონდა და რასაც ვაკეთებდით, ყველაფერზე უარი გვითხრა — ჩვენ ეს არ გვჭირდება, ყველაფერი გვაქვსო. ასე დაგვაქცევინეს სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი კომბინატები, მთელი რიგი საწარმოები. უმუშევრად დარჩენილმა ხალხმა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს მიაშურესო“.
სოციალისტურ ბულგარეთში, საბჭოთა კავშირის დროს რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ზღვის კურორტ „ზოლოტიე პესკიზეც“ ვისვენებდი. ბულგარეთის ღირსშესანიშნაობებსაც ვეცნობოდი — ერთობ საინტერესოს და წარმატებულს.
ბულგარეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომმარაგებელი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის, ისე სოციალისტური ქვეყნებისთვის, ამასთანავე ის იყო ტურისტული სავანე ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, სადაც თავს იყრიდნენ არა მარტო სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ტურისტები, არამედ კაპიტალისტურის.
დღევანდელი ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა, ისე, როგორც რუმინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები.
ეს უკანასკნელნი მოსახლეობიდან ისე დაიცალნენ, რომ სუნთქვაც უჭირთ. არადა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირის ცხოვრების ამსახველი გაჩახჩახებული ვიტრინა იყო — მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, განსაკუთრებით მეცხოველეობით. რიგის გამოშვებული ტრანზისტორი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში.
დღეს, სამივე ანტირუსული პროპაგანდის ნაკრძალია, ნეოფაშისტური სულისკვეთებით გაჯერებული. სამივე ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ მოსახლეობისგან დაცლილი — ევროკავშირული პერიფერია, რომელიც მომაკვდავს უფრო ჰგავს, ვიდრე ჯან-ღონით სავსეს.
ზემომოყვანილი ისტორია გონებაგახსნილ ადამიანს უნდა ახსენებდეს, რომ ქვეყნის კეთილდღეობა მარტო დასავლეთისკენ ყურებით არ მოიპოვება, მითუმეტეს თუ დასავლური კეთილდღეობა კარგა ხანია აღარ არსებობს და ისტორიას ჩაბარდა, ისე, როგორც ყბადაღებული ევროპული ფასეულობა.
მაინც რა აქვთ მხედველობაში ევროპული ფასეულობების მოტრფიალეებს?
ალბათ ის, თუ როგორ ყვლეფდა ევროპელი კოლონიზატორი აზიას, აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ლათინურ ამერიკას?
ალბათ ის, რომ ევროპამ შვა ორი ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი. ამ ორმა უბედურებამ გადაფარა ყველა ის, რაც ევროპამ შექმნა პროზაში, პოეზიაში, მუსიკაში, ფერწერაში. ევროპამ შუა გენიოსები და ევროპამ შვა ბარბაროსები, კაცთმოძულე კაციჭამიები. და როდესაც ევროპულ ფასეულობებზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რაც ზემოთ ვთქვი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ფასეულობა უფასოა, იმდენად ნაკლებად ღირებული, ფასეულობაში რომ არ გადის?
ხალხი, რომელიც ბრმად შეჰხარის სხვის ფასეულობას, სხვის ცხოვრებას და თავისას არაფრად აგდებს — ქვეყანას ვერ შექმნის. ასეთი განათლებასაც მოსპობს — ე.წ. ოპტიმიზაციის გულისთვის, რათა იმ ევროპამ შეგიფასოს, მხარზე ხელი მოგითათუნოს და გითხრას — ყოჩაღ, ნამდვილი ევროპელი ხარ და მომავალში აუცილებლად ჩაგიხუტებ გულში გაუნათლებელ მუშებს, ვინაიდან შავი სამუშაოს შემსრულებლები გვჭირდებაო.
დღევანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება განათლებული ადამიანი, მითუმეტეს ტექნიკური განათლების მქონე. მას სჭირდება მიმტანი, მძღოლი, დამლაგებელი, დალაქი, ტურისტების მომსახურე. ქვეყანა, რომლის ეკონომიკა, სავალუტო შემოსავლები ტურისტების ნაკადსა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ თავიანთი ნათესავებისთვის გადმორიცხულ თანხებზეა ჩამოკიდებული — სახელმწიფო არ არის; ქვეყანაა, გეოგრაფიული მდებარეობაა, რომელსაც ეკონომიკური სისუსტის და უპერსპექტივობის გამო არსებობის სერიოზული პრობლემები შეექმნება — მეტიჩარა ქართველების ენაზე — ეგზისტენციალური.
დასავლეთის მოტრფიალე ქართველმა (ქართველებმა) დაწიხლეს არა მარტო რუსეთი, საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი დამხმარე, ხელი გამომწვდენი, არამედ საკუთარი წარსული ისტორია, საბჭოთა პერიოდისა, რომელმაც სახელმწიფოებრიობა აღგვიდგინა, შეგვიქნა მეცნიერება, გაგვანათლა, გვაგრძნობინა ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობა.
ისინი ვერ ხედავენ და ვერც მომავალში დაინახავენ, ჩაწვდებიან დასავლეთის მანკიერებას, სიხარბეს, სხვათა სიმდიდრის მიტაცების სურვილს. ისინი ყოველთვის აღტაცებით შეხვდებიან კოლონიზატორ დიდ ბრიტანეთს, რომელმაც კოლონია ინდოეთიდან 40 ტრილიონი დოლარის სიმდიდრე მიიტაცა.
კოლონიალიზმს დაჩვეული ევროპა, რომ საქართველოს მხოლოდ მომხმარებლის თვალით აფასებს, გასაკვირი არ არის, რამეთუ მტაცებლობა მისი ბუნებაა. ქართული ანდაზა — „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ მიესადაგება ნებისმიერ დასავლელს, რომელიც არის და ყოველთვის იქნება საქართველოს და მსგავსი ქვეყნების მიმართ, როგორც მესამეხარისხოვან ადამიანთა ქვეყნისადმი განწყობილი, ზემოდან დამყურე.
აღნიშნულის საილუსტრაციოა მათ მიერ დამოუკიდებლობის პირველ წლებში შემოგდებული განათლების სისტემა — ერთნაირი აფრიკის ქვეყნებისა და ჩვენის მსგავსის.
დასავლეთს არ სჭირდება საქართველო — განათლებული, პროფესიონალი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული, განვითარებული ხელოვნებით, კულტურით. მას შავი მუშა სჭირდება, მომსახურე პერსონალი და ამ საქმეში ისეთი პარტნიორი, ხელისუფლების სახით, რომელიც იზიარებს დასავლურ იდეებს, პროგრამას, მაქსიმალურად ცდილობს აამოს მას.
ეს გზა დამღუპველია ქვეყნისთვის, ერისთვის. თუმცა მისთვის, ვინც თავშია ერი და სახელმწიფო აბსტრაქტული მცნებებია.
30 წელზე მეტია, რაც დამოუკიდებლები ვართ და მერე რა?
არც არაფერი! რამეთუ არც რეალური დამოუკიდებლობა გვაქვს და არც ეკონომიკური გამართული მდგომარეობა, ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ თავი დამოუკიდებლად ვიგრძნოთ.
საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი, რომელიც წარსულ საბჭოურს დღევანდელ აბდაუბდას ადარებს, იმედგაცრუებულია, ეს არ არის საბჭოურისადმი ნოსტალგია. ეს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის შედეგად გაჩენილი ნოსტალგიაა — წარმატებული ეკონომიკის, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის.
არადა ყველაფერი აღნიშნულის ხელით შეხება შესაძლებელი იყო, ნაცვლად ვირტუალური დასავლური ფასეულობებისა. არც დღეს არის გვიან. მაპატიეთ, დაგვიანებულია, მაგრამ, რომ იტყვიან — „სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“. სხვა გამოსავალი არ ჩანს. ხედავთ სხვა გამოსავალს?
თუ ხედავთ, შემატყობინეთ ბრმას და ყრუს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
03/02/2026
