03.02.2026

შეშლილი სამყარო და გადარეული საქართველო

წინა სტატიაში აღვნიშნე ბიძინისტების თავდავიწყებული ქების შესახებ, მათი სათაყვანებელი პიროვნების მიმართ, მათ მიერ გაკეთებული ზოგიერთი მოსაზრებაც მოვიყვანე საილუსტრაციოდ  — ასეთი:

ივანიშვილმა რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა და არც სამშობლო მიატოვა, თავი გასწირა მისთვისო.

როგორც ჩანს „სექენდ ჰენდ“ ჟურნალისტებს, ყველასგან დავიწყებულებს, ხალხის საყოველთაო ანტიბიძინური განწყობის საპირისპიროდ, უპირველესად თავის გამოჩენის და ბიძინას ყურადღების მიპყრობის მიზნით სურდათ ივანიშვილის ქების მორევში მოქცევა. მათი გაგებით მოაქციეს კიდევაც, თუმცა ამ მორევს განავლის სურნელი ასდის — დაჭაობებულის.

„მეორადი ჟურნალისტების“, „მეორადი ტანსაცმლის“ მსგავსად, თბილისში რომ უხვად არის, ისეთივე შინაარსი, შესახედაობა აქვს, ავ თვალს რომ არ ენახვება. მოსმენაზე  რა გითხრათ, უინტერესო რამ არის, თან ანტირეკლამა ივანიშვილისთვის. აღნიშნულ „შემოქმედთა“ ქება, ლანძღვის მაგვარია ადრესატისა, რომელსაც ისინი ერის მხსნელად მოიხსენიებენ.

„ერის მხსნელმა“ ახალი ინიციატივით დარჩენილ საქართველოს ტერიტორიებს, მის მიერ თავის საკუთრებაში გადასული — 600000 კვ. მეტრის ფართობის ნაკვეთი დაუმატა, სადაც დიდი სასახლე აშენდება — უამრავი ოთახითა და ტუალეტით, ავტოფარეხით 15 ავტომანქანისთვის, სხვა სათავსოებით.

ამბავი ივანიშვილის სასახლისა ტელეკომპანია „ფორმულამ“ გვაუწყა — მთის კალთებზე, თბილისის თავზე, რომელიც ქალაქის მერიამ არა ივანიშვილს, არამედ მის ნდობით აღჭურვილ ნათესავს გადასცა. ერთ ლარად თუ რამდენად — უცნობია.

ყოვლის შემძლეთა მიერ ერთ ლარად მიწის შეძენის პრაქტიკა ისეა გამჯდარი თანამედროვე ბობოლების მენტალიტეტში, მრავალი წელი რომ გაჰყვება ქვეყანას. ასე იცის ქვეყნის მოჭარბებულმა „სიყვარულმა“.

„მეორადები“ შემედავებიან — მიწას და მასზე გაშენებულ შენობა-ნაგებობებს ივანიშვილი საიქიოში ხომ ვერ წაიღებს — ხალხს დარჩება, ქვეყანას დარჩებაო.

დიახ! ქვეყანაში დარჩება, მაგრამ ივანიშვილთა საკუთრებაში. ხალხისა რა მოგახსენოთ.

ზემომოყვანილი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ სინათლე შემეტანა ზოგიერთთა დაბინდულ ტვინებში, სხვას რომ ასეთად მოქცევით ემუქრებიან. „მეორადებო“ თავს ნუ გადადებთ ისეთთა ქებაში, საქებარიც რომ არაფერი აქვთ. მრავლობითი ვიხმარე, თუმცა მხოლობითი მყავდა მხედველობაში.

ახლა  კი გადავალ სტატიის მთავარ თემებზე, რომლებმაც ყურადღება მიიპყრეს გასული კვირის განმავლობაში. პირველი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბაში იყო, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთ-უკრაინის დელეგაციები — აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით. ამერიკელმა მომლაპარაკებებლებმა უიტკოფმა და კუშნერმა კონსტრუქციულად წარმართეს მედიატორობა, თან ისე, თავად რომ კმაყოფილება გამოხატეს მაგიდასთან გამართული დიალოგის და ერთობლივ ვახშამზე შექმნილი სიტუაციის მიმართ.

აბუ-დაბის შეხვედრა ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ ჟურნალისტებს შესაძლებლობაც არ ჰქონდათ შეხვედრაში მონაწილეებთან დალაპარაკების; არათუ დალაპარაკების, არამედ იმის დადგენის, სად მიმდინარეობდა შეხვედრა.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგაც, მასში მონაწილეებს სიტყვაც არ დასცდენიათ რაზე ილაპარაკეს, რაზე შეთანხმდნენ — თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი. მსოფლიო მედია ვარაუდებით მსჯელობს განსახილველ საკითხებზე, თან იმასაც გვაუწყებს, რომ ტერიტორიული საკითხი ჯერაც შეუთანხმებელიაო.

ვილნიუსში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა, რომ უკრაინა არავითარ ტერიტორიებს არ დათმობს; რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის აზრი, რისთვისაც საჭიროა რეფერენდუმის გამართვა, თუმცა ომის დროს რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელიაო.

ტერიტორიული საკითხი უმთავრესია განსახილველ საკითხთა შორის. არ დატოვებს უკრაინის ჯარი დონბასს, ხერსონესს, ზაპოროჟიეს, ანუ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციაშია შეტანილი და არ იქნება ხელშეკრულება.

არ იქნება ხელშეკრულება და არ იქნება მშვიდობა, ანუ გაგრძელდება ომი. ომს მსხვერპლი და ნგრევა ახლავს, ორივე მხარის ზარალი, მაგრამ უკრაინის გაცილებით მეტი, ვიდრე რუსეთის.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების გათვლით, უკრაინამ 1,5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, დასახიჩრებულთა რაოდენობას თვლა არ აქვს. რუსეთის არმია ათავისუფლებს სოფლებს, ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს — მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, არა ისეთი ტემპით, როგორსაც რუსეთის მოსახლეობა ითხოვს, მაგრამ მაინც.

წინსვლა თვალშისაცემია, რაც მხოლოდ ერთ გამოსავალს უტოვებს ზელენსკის — დათანხმდეს რუსეთის წინადადებებს, შეწყვიტოს ომი, გაიყვანოს ჯარი ზემოაღნიშნული ტერიტორიებიდან — რუსეთის კონსტიტუციაში დაფიქსირებულიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარესი ფაქტის წინაშე დადგება, ტერიტორიების დაკარგვის თვალსაზრისით.

ზელენსკი და მისი ნეონაცისტური ხელისუფლება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და დიდი ბრიტანეთის მიერ ზურგგამაგრებული ჯიუტად აგრძელებს ომს.

აშშ-ი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურს, მაგრამ არ დგამს კარდინალურ ნაბიჯებს აღნიშნულის შესასრულებლად, რაც პირადად მაფიქრებინებს, რომ ტრამპს სიტყვით სურს ომის დასრულება, საქმით — გაგრძელება.

ტრამპს, რომელსაც პირზე აკერია გამოთქმა — „მშვიდობა ძალით“ არ უნდა გასჭირვებოდა ზელენსკის სიჯიუტის მოთოკვა. ტრამპის განკარგულებით სიცოცხლეს გამოასალმეს ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა სამსახურის მეთაური კასემ სულეიმანი — ერაყში ვიზიტის დროს ამერიკული რაკეტის გამოყენებით.

ტრამპის ბრძანებით, შარშან დაიბომბა ირანის ბირთვული კვლევის ობიექტები — შესაბამისი ნგრევით და მსხვერპლით.

ტრამპის განკარგულებით, აშშ-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა შეტევა მიიტანა ვენესუელის პრეზიდენტის სასახლეზე. გაიტაცა პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, რომლებიც აშშ-ს ციხეში გამოამწყვდია. თავდასხმას 200-ზე მეტი ვენესუელელის მსხვერპლი მოჰყვა, ისე როგორც კუბელის. ასე რომ, როცა ტრამპს სურს, ძალის გამოყენებაზეც უარს არ ამბობს.

თუ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომისთვის წერტილის დასმა უნდა, გარდა ზემომოყვანილი მაგალითებისა, შეუძლია სხვასაც მიმართოს — უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას, რასაც ის, ნატოს გავლით ახერხებს; უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების აღკვეთა და სხვა.

ტრამპი თავს იკავებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, რაც მაფიქრებინებს, რომ ის ისეთ თამაშს თამაშობს, რომელიც ომს აჭიანურებს — რუსეთის დასასუსტებლად.

რაც შეეხება ზელენსკის, ის ისეა გათავხედებული ევროპელი კოლეგების მიერ, რომ დავოსის ტრიბუნიდან ლანძღვის კორიანტელში აყენებს ევროკავშირს, ნატოს და კატეგორიულად მოუწოდებს აქტიურად დაეხმარონ უკრაინას, რამეთუ უკრაინა იცავს მათ მშვიდ ცხოვრებას, უსაფრთხოებას. დამარცხდება უკრაინა და რუსის ჯარი ევროპას მიადგება.

ზელენსკი აშანტაჟებს ევროპას. აკრიტიკებს მას გრენლანდიაში მინიმალური სამხედრო კონტიგენტის გაგზავნისთვის — ამით რუსეთს ვერ დაუპირისპირდებითო. ზელენსკი, ქუჩურად  რომ იტყვიან, ევროპაში ქურდად ზის, ურჩევს მას საქმეებს, მოითხოვს მეტ ფულს და იარაღს უკრაინისთვის, ისევ ევროპელთა დასაცავად და დავოსში შეკრებილები, ფეხზემდგარნი, ხანგრძლივი ტაშით აჯილდოებენ მას — უმადურს, თავხედს, რომლის ბინძური პოლიტიკით ევროპა გაღატაკდა, დაეცა მისი ცხოვრების დონე.

დარბაზი ტაშს უკრავდა ზელენსკის, უმადურ ადამიანს, რომელმაც ევროკავშირიდან მილიარდობით ევრო მიიღო, ბოლოს 90 მილიარდი. იკითხავთ — რაშია საქმე? რამ გაათავხედა ზელენსკი?

იმან, პატივცემულებო, რომ ზელენსკიმ იცის გაყოფა, ფულის გაყოფა. ეს პრაქტიკა მას, როგორც გაქნილ ებრაელს, დაბადებიდანვე მოსდგამს, შემდეგ შოუ-ბიზნესში მუშაობიდან. ევროპიდან მიღებული ფულის ნაწილი ისევ მაკრონის, მერცის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სტარმერის ჯიბეებში მიდის.

ასე იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯონსონის დროს და ასე იქნება, ვიდრე ევროპელი ლიდერების ახლით ჩანაცვლება არ მოხდება. მაგრამ ახლებთან ზელენსკი ვერ გამოძებნის საერთო ენას?

ზელენსკის მიერ დაბრუნებულმა ფულმა დაამუნჯა ევროპა, ტაში დააკვრევინა ზელენსკის თავზედამსვრელი გამოსვლისთვის. ზელენსკის სიტყვის შეურაცხმყოფელი ტონი აჭარბებდა ტრამპის კრიტიკულ გამოსვლას.

ევროპამ მიიღო ის, რისი ღირსიც არის. გაუკრაინებული ევროპა, ზელენსკის მიერ დამონებული, მოსყიდული, სიტყვის შებრუნებასაც ვერ ბედავს. ერთადერთი გამონაკლისი იტალიის ვიცე-პრემიერი სალვინი იყო, რომელმაც უმადურობაში და საკუთარი ქვეყნის განადგურებაში დასდო ბრალი ზელენსკის.

იყო ორბანის მკვახე გამოძახილიც, ზელენსკის ნათქვამის პასუხად.

ზელენსკიმ, ფორუმის დროს წარმოთქმულ სიტყვაში ევროპის ქვეყნები იმაშიც დაადანაშაულა, რომ არ შეუძლიათ თავში წამოარტყან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს — ბრუსელის მიმართ დესტრუქციული მოქმედებისთვის.

ზელენსკი, დავოსის და აბუ-დაბის შემდეგ აგრესიულობის ახალ-ახალ ფორმებს ავლენს. მისი დავალება ახალდანიშნული თავდაცვის მინისტრის მიმართ არის — 50000 რუსის ხოცვა ყოველთვიურად. არავითარი ტერიტორიული დათმობა ან სამშვიდობო ხელშეკრულება უკრაინა-რუსეთს შორის. სამშვიდობო ხელშეკრულება მხოლოდ აშშ-თან — უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებით, კონგრესის მიერ კანონად მიღებულით და ა.შ.

აგრესიულობის მისამართი ბელორუსი და დნესტრისპირეთიც გახდა. ვილნიუსში ყოფნის დროს ზელენსკი შეხვდა ტიხანოვსკაიას, რომელიც თავს ისევ ბელორუსის არჩევნებში გამარჯვებულ პრეზიდენტად თვლის და აღუთქვა დახმარება ბელორუსის ოპოზიციას ლუკაშენკოს დამარცხებაში.

ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ აგრესიას განახორციელებს დნესტრისპირეთის წინააღმდეგ. დნესტრისპირეთი ანტიმოლდოვური რეგიონია, რუსეთის საფარქვეშ მყოფი, თუმცა „უსაფრთხოების ქოლგის“ სრულ გადაფარვას მასზე მოსკოვი ვერ ახერხებს — ტერიტორიული პრობლემების გამო.

დნესტრისპირეთი მოლდოვა-უკრაინას შორის „ალყაში“ მოქცეული რეგიონია, რომელსაც რუსეთი არ ესაზღვრება.

ზელენსკის რიტორიკა, ისე, როგორც საქმიანობა შორს არის იმ ეიფორიული განცხადებისგან, ტრამპი რომ აკეთებს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების დადებითად დასრულებასთან დაკავშირებით. ტრამპს აწყობს პოზიტიური განცხადებების გაკეთება საკუთარი თავის წარმოჩინების მიზნით, თუნდაც რეალური ვითარება ჯერ-ჯერობით ნაკლებად ოპტიმისტურია.

უკრაინის ომთან ერთად ტრამპი ირანზე თავდასხმის აუცილებლობასაც არ გამორიცხავს — აიათოლების რეჟიმის დასამხობად. ავიამზიდების ირანის სიახლოვესთან განლაგება და გრენლანდიიდან ყურადღების ირანზე გადატანა, უდავოდ მანიშნებელია თვით აშშ-ი ანტიტრამპული გამოსვლების გადასაფარად.

ტრამპი ცდილობს ირანზე თავდასხმის მოლოდინში ამყოფოს არა მარტო აშშ-ი, არამედ ახლო აღმოსავლეთი, მსოფლიო.

ირანი, აშშ-ს მტერია, ისე, როგორც აშშ-ი, ირანის. აშშ-ი მზადაა რევანშისთვის, ანუ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად მიღებული მარცხისა. თებერვლის პირველ დეკადაში (11 თებერვალს) ირანი ტრადიციულად აღნიშნავს ისლამური რევოლუციის თარიღს. ასე იქნება წელსაც, თუ აშშ-ა იერიში არ მიიტანა ირანზე.

ირანი, ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი ქვეყანაა, საკუთარ ეკონომიკაზე დაყრდნობილი. ამერიკულ-ევროპულმა ეკონომიკურმა სანქციებმა აიძულეს ირანი საკუთარი წარმოების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

ირანის სამხედრო შესაძლებლობებიც მნიშვნელოვანია — ზებგერითი რაკეტებით, თავდაცვის სისტემებით, რაც უნდა იცოდეს აშშ-ა. მაგრამ აშშ-ა ისიც იცის, რომ ირანი ვერ გაბედავს შეიარაღებული პასუხი გასცეს ამერიკულ თავდასხმას. ვაშინგტონს ასეთი დასკვნა გამოაქვს — ირანმა, მიუხედავად მკაცრი სიტყვიერი განცხადებისა — გენერალ კასიმ სულეიმანის განადგურებასთან დაკავშირებით, არაფერი გააკეთა ამერიკელთა საპასუხოდ.

ანალოგიურად მოიქცა გასულ წელს ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, რამაც ვაშინგტონს აფიქრებინა, რომ ახალი თავდასხმის შემთხვევაში, პასუხი არ იქნება.

ირანის ხელისუფლებამ რომ თავი შეიკავა საპასუხო დარტყმისგან, სულაც არ ნიშნავს ამ ქვეყნის სისუსტეს. ეს უფრო საყოველთაო ომისგან თავშეკავების გამომხატველი იყო. მაგრამ რა იქნება ამჯერად, თუკი აშშ-ს გაბედავს ირანის დაბომბვას?

ირანის საგარეო უწყების განცხადებით — პასუხი სარკისებური იქნება.

ირანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული აქტი მთელ ახლო აღმოსავლეთზე იქონიებს გავლენას, მათ შორის კავკასიაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

„მშვიდობისმყოფელი“ ტრამპი ერთი წელია მართავს აშშ-ს და არა მარტო მას. დიდია ტრამპის გავლენა მსოფლიო ქვეყნებზე, განსაკუთრებით ე.წ. მოკავშირეებზე, რომლებსაც ის მოკავშირეებად არ თვლის.

ერთი წელია მსოფლიო სტრესულ მდგომარეობაშია, იმის შიშით რა ხასიათზე გაიღვიძებს ტრამპი. ერთი წელია ტრამპი, როგორც კორიდაზე გაშვებული ხარი, რქებზე წამოგებით ემუქრება ტორეადორი. ზოგი წამოაგო კიდეც — ვენესუელის სახით. წამოსაგებ პოზიციაში ჰყავს ჩაყენებული დანია და მისი ნაწილი გრენლანდია.

გრენლანდიის დაპყრობის თემამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, მაგრამ თუ ხვალ ტრამპმა საგრენლანდიო „ხოშით“ გაიღვიძა — თემაც გააქტიურდება. რის საფუძველს მაძლევს მომავალი ზეიმები — ტრამპის დაბადების 80 და აშშ-ს შექმნის 250 წლისთავი. ხელცარიელი ხომ არ შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტი ესოდენ ღირსშესანიშნავ თარიღებს?

გრენლანდიის შესახებ დიდი ვნებათაღელვაა მსოფლიოში, განსაკუთრებით დანიაში, ევროკავშირში, სადაც დანიაც შედის, ნატოში, რომლის წევრიც დანიაა. გრენლანდიის საკითხს ტრამპი ისე გადაჭრის, როგორც ძლიერს სჩვევია,  სუსტის მიმართ.

აშშ-ს პრეზიდენტი სპონტანურად მოქმედებს. იღებს რა გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, სწრაფად, სხვათა აზრის გაუზიარებლად. მისთვის მთავარია საკუთარი ახალი გამარჯვების გამოცხადება, სულ ერთია სად — ღაზის სექტორში თუ გრენლანდიაში.

ამერიკელი პროფესორი ბენ სტაილი წერს: „ტრამპის იმპერიალიზმი მოკლებულია მცირედ იდეოლოგიას და არის უპრინციპო. ეს არის გაუმაძღრობისა და ძალაუფლებისკენ ლტოლვა. დასტური ამისა არის თუნდაც მისი ერთწლიანი მმართველობა. ტრამპის ეს თვისება იზიდავს ხარბ, ცრუ, მატყუარა ადამიანებს, აშშ-ს საზოგადოებას რომ შეუძლია წარმოშვას. ისინი თავიანთ ენერგიას მიმართავენ სარგებლის მოპოვებისკენ, სხვათა ძარცვის ხარჯზე, საბაზრო ძალაუფლების გამოყენებით, მოტყუებით ან პირდაპირი ექსპლუატაციით“.

უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ თავისი 80 წლის იუბილეს აღსანიშნავ ზეიმზე ტრამპი აშშ-ს გაუკეთებს საჩუქარს — 2,17 მილიონი კვ. კილომეტრის ფართობის გრენლანდიის სახით, აშშ-ს დღევანდელი ტერიტორიის 20%, სადარის, ევროკავშირის ერთიანი ტერიტორიის 50%-ს. აშშ-ს არც ერთ პრეზიდენტს ესოდენ დიდი ტერიტორია არ მიუერთებია აშშ-სთვის.

თავისი გადაწყვეტილების საბაბის გამოძებნის მიზნით ის აცხადებს: „ჩინეთს და რუსეთს სურთ გრენლანდიის ხელში ჩაგდება, დანია კი ვერაფერს გახდება. მხოლოდ აშშ-ს, პრეზიდენტ ტრამპის წინამძღოლობით შეუძლია წინ აღუდგეს მათ. ვერვინ ახლებს ხელს ამ წმინდა მიწის ნაკვეთს, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე, როგორც მსოფლიოს“.

აშშ-ი ჯარი უკვე იმყოფება გრენლანდიაში — დანიასთან 1951 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ეს, არის რადიო-კოსმოსური დაზვერვის ბაზა პიტუფიკთან (Pituffik Space Base) სიახლოვეს. ადრე იქ 6000 ამერიკელი სამხედრო იყო, ახლა — 200. რაოდენობის გაზრდა აშშ-ს ნებისმიერ დროს შეუძლია და ეს იქნება კანონიერი. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის „სურვილის“ გათვალისწინებით, კანონიერების დაცვით, სხვა ტერიტორიების დაკავებაც, დედაქალაქ ნუუკის (10000 მოსახლე) ჩათვლით. დაკანონება ამისა შეუძლია ადგილობრივ პარლამენტს, აუცილებლობის შემთხვევაში რეფერენდუმს.

არის სხვა გზაც ე.წ. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც დანიამ ჩაატარა — გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს არ სურს აშშ-ნ შეერთება. ადგილობრივი მოსახლეობა ინუიტები არიან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილო კანადასა და ალიასკაზე ცხოვრობენ, ისინი არიან დიდი პროპაგანდისტები გრენლანდიის აშშ-ს მიერთების. აშშ მცხოვრები ინუიტები აცხადებენ — „ყველა ლაპარაკობს გრენლანდიის აშშ-ს მიერ ანექსიაზე და არვინ იმაზე, რომ დანიამ განახორციელა კუნძულის ანექსია“.

გრენლანდიის ბიუჯეტის ნახევარს დანიის დოტაცია შეადგენს. აშშ-ი კი პირდება მას ამ დოტაციის 5-ჯერ გაზრდას — 3 მილიარდ დოლარამდე. ცდუნება დიდია, მითუმეტეს, როდესაც დანიასთან ურთიერთობით ინუიტები კმაყოფილები არ არიან. ინუიტები თვლიან, რომ დანიელები ხელოვნურად აფერხებდნენ მათ გამრავლებას, რათა ეკონომია გაეწიათ სოციალური ხარჯებისთვის. ათასობით ინუიტელ ქალს სამედიცინო შემოწმების დროს უტარებდნენ სტერილიზაციას. გარდა ამისა ასობით ინუიტელი გადაჰყავდათ დანიაში — შვილად აყვანის მიზნით. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ნილსენი, ისე, როგორც სხვა მაღალჩინოსანი შერეული ოჯახის პირმშოა.

ტრამპის მმართველობის პერიოდში გაიზარდა იმ გრენლანდიელთა რიცხვი, ვისაც დანიის ნაცვლად აშშ-ნ ურთიერთობა აწყობთ, შეერთების ჩათვლით. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი სპეციალურად იმყოფებოდა კუნძულზე, რათა ბოდიში მოეხადა ინუიტებისთვის წარსულში ჩადენილი სტერილიზაციის გამო, რომელიც გენოციდის მაგვარია. გრენლანდიის აშშ-ნ მიერთების საკითხი უდავოდ შეიძენს აქტიურ სახეს ზემოაღნიშნული „ზეიმის“ მოახლოების დროს.

დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე — ნაფტალინდაყრილი „სექენდ ჰენდ“ ჟურნალისტების მიერ ივანიშვილის ქებით. სტატიის წერისას ახალმა ამბავმა მომისწრო — განათლების მინისტრის განცხადებამ — სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. „ოცნებელმა“ დეპუტატმა შარმანაშვილმა ბრძანა, რომ ამდენი ინჟინერი საქართველოს არ სჭირდება, 150-ც საკმარისიაო.

საუბარი არა გაერთიანებაზეა, არამედ „გპი“-ს (GPI) დახურვაზე. რას ნიშნავს ეს, თუ არა საქართველოს ტექნიკური განათლების გაუქმებას, საქართველოს განათლების ისტორიის დახურვას?

„გპი“ — საბჭოთა კავშირის დროს განვითარდა, ისე, როგორც სხვა უმაღლესი სასწავლებლები. მაშინ საქართველოში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, ოფიციალური მონაცემებით 1 მილიონით ნაკლები. თუ 5 მილიონ ადამიანს სჭირდებოდა „გპი“-ს 35000-იანი კურსდამთავრებული, დღეს აღარ სჭირდება — თუნდაც 15000-ი?

ტექნიკური უნივერსიტეტი მარტო ტექნიკური განათლების მატარებელი ინჟინერია თუ განათლებული ადამიანი, თანაც ტექნიკური განათლების მქონე ერთობ აუცილებელი ქვეყნისთვის.

სწორედ ტექნიკური განათლების ადამიანები უნდა მართავდნენ ქალაქებს, რაიონებს, საწარმოებს და არა გაუნათლებელი ფეხბურთელები. თბილისის მერი, რომ ინჟინერი ყოფილიყო, გაუნათლებელი ფეხბურთელის ნაცვლად გაცილებით უკეთესი ვითარება იქნებოდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების თვალსაზრისით; ცენტრალურ ქუჩებზე განათებაც უღიმღამოს ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა; სახლების ფასადებიც ბათქაშჩამოცვენილი, შეუხედავი არ იქნებოდა; ბოლოსდაბოლოს პარლამენტის ფასადის კედლებიც შეღებილი იქნებოდა და ა.შ.

„ოცნებელები“ ამბობენ, „გპი“-ს გამოთავისუფლებულ შენობებს გაჰყიდიან და ბიუჯეტს „გაამდიდრებენ“, რათა ხელი ჩაჰყონ ისე, როგორც დათვი ჰყოფს თათს თაფლში სალოკავად.

„ოცნება“ ისეთ ნაბიჯს დგამს, მოსახლეობის განათლების დაცემა რომ მოჰყვება. როგორც ჩანს, მას დაუსაქმებელი ინჟინერი მტრად მიაჩნია, ვინაიდან ასეთი გაუნათლებელ ადამიანზე უკეთ აზროვნებს. განათლებული კი „ოცნებისთვის“ პრობლემაა. უპრობლემოა გაუნათლებელი, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთს ხელისუფლება ყოველთვის ეტყვის — აი, შენ, რომ უმაღლესი სპეციალური განათლება გქონდეს, აუცილებლად გამოგიძებნიდი სამუშაოსო.

„ოცნებას“ გაუნათლებელი პირუტყვები ხიბლავს — ნაკლები პრობლემების შემქმნელი.

დღეს „გპი“-ს გააუქმებენ, ხვალ კონსერვატორიას, ზეგ თეატრალურ ინსტიტუტს, შემდეგ თეატრებს. რა საჭიროა ამდენი თეატრი ერთ ქალაქში?

გააუქმებენ სამხატვრო აკადემიასაც და ა.შ. სახლებს, ხიდებს, შენობა-ნაგებობებს გინეკოლოგები, პროქტოლოგები, კონსტიტუციონალისტები, პედაგოგები ააშენებენ. გზებსაც ისინი გაიყვანენ და ვიცხოვრებთ „საამურ“ ქვეყანაში — უამრავი პრობლემით დახუნძლულში, დღეს რომ არის, ასჯერ მეტში. განა ასეთი ხელისუფლება საქებარი არ არის?!

არის, და მერე როგორი! ჰოდა, მიდით ე.წ. ჟურნალისტებო, „ოცნების“ მაქებარნო, ვითომ სამშობლოს მოყვარულო პატრიოტებო იყვირეთ — „ოცნებამ“ და ივანიშვილმა მეორე ფრონტი არ გაუხსნა რუსეთს, ქვეყანა ომს გადაარჩინაო!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

30/01/2026