12.01.2026

გამონებული მსოფლიო?

ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს და მისი მეუღლის გატაცება აშშ-ს სპეციალური დანიშნულების დაჯგუფების მიერ კვლავ მსოფლიო მედიის, პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების მსჯელობის საგანია და ამ მსჯელობაში აშშ-ს პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის კრიტიკის შემცველი, ზოგჯერ მწარე კრიტიკის, ზოგჯერ თავშეკავებული, დაცენზურებულის.

ერთ-ერთ ასეთს თვალი მოვკარი ევროპულ ტელეარხზე, როდესაც სტუდიაში მიწვეული 2 სტუმარი ხაზგასმით აცხადებდა ამერიკელთა მიერ ჩადენილ მტაცებლობაზე, ხოლო წამყვანი ჟურნალისტი უსწორებდა — მტაცებლობა კი არა, სპეცოპერაცია იყოო.

მოვისმინე ისიც, რომ ევროპულ მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში აიკრძალა ტრამპის ლანძღვა — ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ეს, რაც ევროპის მედიას ეხება, მაგრამ რაც ევროპის პოლიტიკას — ის, როგორ არის? — იკითხავთ.

ის, როგორც მედია, განსხვავება მათ შორის არ არის. და არც შეიძლება იყოს, რამეთუ „თავისუფალ“ მედიას დირექტივებს თავიანთი ქვეყნების მმართველები აძლევენ.

ევროკავშირის კოლექტიური განცხადება ისეთია, ბეწვის ხიდზე გასვლას რომ ჰგავს — შიშით ხრამში არ გადაიჩეხონ. ხრამში გადაჩეხვა კი ნიშნავს ტრამპის ტერორისტული აქტის დაგმობას — სიტყვით მაინც, საქმით — ევროკავშირს ხომ არაფერი შეუძლია აშშ-ს საწინააღმდეგოდ?!

მადუროს გატაცებამ დაგვანახა ღრუბლებში მფრინავებს — დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების თეთრ, ქათქათა ღრუბლებში. ჩემს მიერ აღნიშნულ ამ სამი სიტყვისგან არც ერთია თეთრი, ქათქათა ღრუბლებით მოსილი, არამედ შავით, ავის მომასწავებელი ღრუბლით, რასაც კოკისპირული წვიმა, ქარიშხალი, ნგრევა ახლავს.

აი, სწორედ ასეთ ნგრევას ჰქონდა ადგილი ახალდამდგარი წლის იანვარში — 3-ში, რომელმაც გვითხრა — ის, რაც ყველა ჩვენგანს ეგონა — ცაში გაფრენილი ოცნება ყოფილა. არავითარი დემოკრატია! ძალა, სამხედრო ძალა წყვეტს ყველაფერს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ძალა, სამხედრო ძალა და არავითარი დიპლომატია, სამშვიდობო მოლაპარაკება. უპირველესად ძალა და ამ ძალის პატრონის მიერ სუსტის დაჩაგვრის შემდეგ — დიპლომატია, ვითომ მოლაპარაკება — საპიაროდ, მოსაჩვენებლად. სხვაგვარად წარმოდგენაც ძნელია.

გალახული, გამლახავთან რომ ვერ აწარმოებს მისთვის სასარგებლო მოლაპარაკებას — მსოფლიო ისტორიიდან ვიცით. ძლიერმა ამერიკამ „გალახა“ სუსტი ვენესუელა. და მერე რა?

არც არაფერი!

გაეროს, უშიშროების საბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შიშნარევი განცხადებები — ეს, რა ჩაიდინა აშშ-ო, ისეთია, სიტყვის ძალა იმ სივრცეს რომ ვერ ლახავს, სადაც მას ამბობენ.

ყველა ევროპელმა ლიდერმა თავიანთ განცხადებაში ხაზი იმას კი არ გაუსვა — რა საშინელება ჩაიდინა „დემოკრატიული“ ამერიკის „დემოკრატიულმა“ პრეზიდენტმა, არამედ „დიქტატორ“ მადუროს, როგორ ჰყავდა დამონებული ვენესუელის ხალხი. განცხადებაში აშკარა აქცენტი გადატანილი იყო „საწყალ“ ვენესუელაზე, რომელიც როგორც იქნა ეღირსა თავისუფლებას.

ამერიკელთა მიერ მოტანილი თავისუფლება და დემოკრატია მრავალი ათეული წელი იწვნია ლათინურმა ამერიკამ, განსაკუთრებით კარიბის ზღვის ქვეყნებმა —კმაყოფილმა, აღფრთოვანებულმა „ამერიკული დემოკრატიით“ — იარაღი აიღო ხელში დემოკრატიის მომტანის და მის მიერ სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანაში დანიშნული მარიონეტი მთავრობის წინააღმდეგ. ამერიკული ანტიკოლონიური ამბოხების ქარცეცხლში იყო ყველა ლათინური ამერიკის ქვეყანა, მათ შორის ვენესუელა.

აშშ-ს ადმინისტრაცია იძულებული იყო კუდამოძუებული გასულიყო ლათინური ამერიკის მთელი რიგი ქვეყნიდან. მაგრამ მარცხს არ შეეგუა. მეთოდურად, თანმიმდევრულად აწარმოებდა ფარულ ოპერაციებს — ძირგამომთხრელს, რევოლუციით მოსული ხელისუფლების გაშავების მიზნით. ვენესუელა გამონაკლისი არ ყოფილა, პირიქით ამერიკელთა მზაკვრულ გეგმაში პირველი — წიაღისეული სიმდიდრეების, განსაკუთრებით ნავთობის გამო.

ვენესუელის პრეზიდენტის მმართველობის კრიტიკა — ლანძღვაში გადასული, გამოყენებული ტრამპის ავაზაკობის გადასაფარად, ისეთ არგუმენტებს იყენებს, როგორიც უხვი ნავთობია. ნავთობით ესოდენ მდიდარი ვენესუელა, რატომ არის ღარიბი და არ არის ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთის დონეზეო.

არგუმენტი, საკენკია საქმეში ჩაუხედავი საზოგადოებისთვის. ასეთი კი არც ისე ცოტაა, როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ. აშშ-ი, გარდა იმისა, რომ სამხედრო ძალას იყენებს სხვათა დასაჩაგრავად, დასამონებლად, ეკონომიკურ ბერკეტებსაც მოურიდებლად მიმართავს. ლამის ნახევარი საუკუნეა, რაც კუბა იმყოფება ამერიკული სანქციების ქვეშ. და არა მარტო ამერიკული, არამედ უცხოური — ამერიკელთა ბრძანებით, რომლის მიხედვით აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებმა უნდა გაიზიარონ ვაშინგტონის მკაცრი დამოკიდებულება კუბისადმი და დაუწესონ ისეთივე სანქციები კუბას, როგორც ამერიკული.

ასე რომ, კუბა, ვაშინგტონის ბრძანებით სერიოზული საერთაშორისო სანქციების მსხვერპლია. და რომ არა სსრკ, მისი მემკვიდრე რუსეთი, ჩინეთი და თითო-ოროლა საღად მოაზროვნე ქვეყანა, შიმშილით სული ამოხდებოდა.

ეკონომიკური სანქციები აშშ-ს ისეთი იარაღია მიზანში ამოღებული ქვეყნის დასამონებლად, როგორც სამხედრო იარაღი, რის ნაკლებობასაც აშშ-ი არ განიცდის.

სად არ ნახავთ აშშ-ს სამხედრო ბაზებს, მიმობნეულს მთელს მსოფლიოში. სპეციალისტებს დათვლაც კი უჭირთ და სხვადასხვა ციფრს ასახელებენ. ყველა ხშირად 800-სს — ევროპის კონტინენტი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზრია, ახლო აღმოსავლეთი, ლათინური ამერიკა, აფრიკა, … ავღანეთშიც იყო — ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზაზე, ერთ-ერთ უდიდესზე, მაგრამ „თალიბანმა“ — მრავალწლიანი შეუპოვარი ომით ჭიტლაყი ამოარტყა გათუნთულებულ გავაზე და კინწისკვრით გააგდო ქვეყნიდან — პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის დროს.

  20 წელი იყო აშშ-ი ავღანეთში და „თალიბთა“ თავდადებულმა ბრძოლამ აიძულა ჩასვრილს დაეტოვებინა სამხედრო ბაზა, იქ არსებული ძვირადღირებული ამერიკული იარაღი.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ცოტაა ავღანელთა მსგავსი, სჭარბობს კონფორმიზმი, შემგუებლობა, რაც ხელს უწყობს მეკობრეობას, ისეთს, აშშ-ს ადმინისტრაცია რომ მიმართავს ათეული წლის განმავლობაში.

შემაშფოთებელია აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებები ვენესუელასთან მიმართებაში:

„ვენესუელის დროებით პრეზიდენტთან შევთანხმდით 50 მილიონი ტონა ნავთობის მიღებაზე, რომელსაც გავყიდით და შემოსულ თანხას მოვიხმართ აშშ-სა და ვენესუელისთვის. ვენესუელას არ ექნება უფლება გაყიდოს საკუთარი ნავთობი თავისი შეხედულების მიხედვით, ვინაიდან ვენესუელის ნავთობი ჩვენი საკუთრებაა. ვენესუელის ნავთობის სხვა ქვეყნისთვის მიყიდვა კარაკასს მხოლოდ ვაშინგტონის თანხმობის შემდეგ შეეძლება.

ვენესუელამ უნდა გაწყვიტოს კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან, კუბასთან. რაც შეეხება ამ უკანასკნელს — შიმშილით სული ამოხდება, ვინაიდან ვენესუელის ნავთობზე ყო ჩამოკიდებული. კუბა თავისით დაეცემა, ჩვენი იქ შეჭრის გარეშე“.

მსოფლიოს წინაშე სხვა ტრამპია — დიამეტრალურად განსხვავებული იმისგან, წინასაარჩევნო პერიოდში რომ იყო, ანუ ერთი წლის წინათ. მაშინ ტრამპი ამომრჩევლებს სთხოვდა მხარდაჭერას მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტისთვის, რომელსაც სურს მშვიდობა მსოფლიოში. ასე ახასიათებდა ის საკუთარ თავს პრეზიდენტის ამპლუაში. რა მიიღო მსოფლიომ?

აგრესორი, სხვის საქმეებში ხელის მოფათურე პოლიტიკოსი, რომელიც არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს აშშ-ს წინა ადმინისტრაციების მიერ ხელმოწერილს.

სულ ახლახანს, მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვით აშშ-ი დატოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთა დიდი ნაწილი გაეროში შედის.

ტრამპის გადაწყვეტილება მიზანმიმართულია იმაზე, რომ აშშ-ი გაეროსაც დატოვებს.

ტრამპი სისტემატურად აკრიტიკებს გაეროს და ბრალს დებს უმოქმედობაში — მე 8 კონფლიქტი გავაჩერე, გაერომ — არც ერთიო. აქვე უნდა ითქვას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა, ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია აშშ-ს მიერ უშიშროების საბჭოს სხდომებზე განხილული რეზოლუციებისთვის ვეტოს დადებით.

ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელიც წამდაუწუმ იცვლის აზრს. ასეთი გაუწონასწორებლობა დიდი ხიფათის მომტანია მსოფლიოსთვის, თვით ამერიკისთვის.

ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში აშშ-ს ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, უმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება რეალობას — ამერიკელ ეკონომისტთა განცხადებებით.

ტრამპის ერთწლიანი მმართველობის დროს თუ ვინ იხეირა — ამერიკელი მილიარდერებია, რომელთა შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით მოსახლეობის საშუალო ფენაზე, რომლის რაოდენობა მცირდება — ღარიბთა ფენაში გადასვლის გამო.

მილიარდერი ტრამპი, მილიარდერების პრეზიდენტია, თან ისეთი, რომელსაც განუსაზღვრელი ამბიციები აქვს — მტაცებლურ ბუნებასთან ერთად.

ვენესუელაში ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ ისე გაათამამა ტრამპი, რომ თავს უფლებას აძლევს განაცხადოს მთელი რიგი ქვეყნების დამორჩილების თაობაზე, მათ შორის უპირველესად კარიბის ზღვის და ლათინური ამერიკის ქვეყნების.

ტრამპი ახალი მოვლენაა საერთაშორისო ცხოვრებაში, მოულოდნელი, ამბიციური, მტაცებლური და ეს ყველაფერი ერთწლიანი მმართველობის დროს. არადა მას და მის პრეზიდენტობას წინ 3 წელი აქვს და არვინ იცის რა ხიფათს მოუტანს — ემოციური, ზიგზაგური, ქედმაღლური პოლიტიკა მსოფლიოს.

ასეთს შეჩერება უნდა, გამოფხიზლება. წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ტრამპის საპირისპირო სამხედრო ძალაც არსებობს — რუსეთ-ჩინეთის სახით, მაგრამ მათი მხრიდან არის თავშეკავება, თანაც ისეთი, უახლოეს მომავალში რომ ორივეს და მსოფლიოს ძვირად დაუჯდება.

ერთ ისტორიას გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან. ზაფხულის არდადეგებს მახარაძეში (ამჟამინდელ ოზურგეთში), ბიძაჩემის სახლში ვატარებდი. ბიცოლაჩემმა ეზოში ფრთამოტეხილი ყვავი აიყვანა, უმკურნალა, რომ იტყვიან ფეხზე დააყენა. ყვავი სარდაფში „მკურნალობდა“, ახალგამოჩეკილი ქათმის წიწილების გვერდით. როდესაც ფრთა მოურჩა და გამოჯანმრთელდა, თვალი დაადგა წიწილას და ყვავის მტაცებლური ხასიათი აამოქმედა. ბიცოლაჩემმა, რომელიც ამ სცენას შეესწრო, თავის მიერ მორჩენილი ყვავი დაიჭირა და მიწას დაანარცხა. ასე დაასრულა ხარბმა ყვავმა გამოჯანმრთელებული სიცოცხლე.

მტაცებელს, როგორც ჩანს სხვაგვარად ვერ მოექცევი. ტრამპს, ძალისმიერი სილის გაწვნა თუ მოიყვანს გონს, სხვაგვარად მისი აწყვეტილი ბუნების შეჩერება წარმოუდგენელია. ვენესუელაში შეჭრის საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. უფრო მეტიც, უკრაინის მიერ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მიტანის პასუხიც არ ჩანს.

9 იანვარს რუსეთმა დაბომბა ქ. ლვოვის ობიექტები, რომლის დროს გამოიყენა ახალი საშუალო რადიუსის რაკეტა „ორეშნიკი“, როგორც სამხედროები ამბობენ — დიდი დამანგრეველი ძალის მქონე, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის სადარი უკრაინული ობიექტი.

თავშეკავებული ოპერაცია — ასე დავარქმევდი ამას, რაც ვერადავერ შეაჩერებს უკრაინას, მის ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც ზელენსკისთან ერთად 6 იანვარს, პარიზში შეიკრიბნენ უკრაინის უსაფრთხოების პროგრამის ჩამოსაყალიბებლად.

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ზელენსკისთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ომის დასრულებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკრაინა-რუსეთს შორის, აღნიშნული ქვეყნები მზად იქნებიან განალაგონ თითოეულმა 15-15 ათასი სამხედრო კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის დასაცავად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განალაგებს უკრაინაში თავის სამხედრო ბაზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო 20-პუნქტიან გეგმაში ჩაწერილია ომის შემდგომი პერიოდისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა — 800000, რაც შენარჩუნებულია დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ამერიკელებმაც განიხილეს და პრეზიდენტმა ტრამპმაც.

ევროკავშირელთა, ბრიტანელთა და ამერიკელთა პოზიცია უმთავრეს საკითხზე, რასაც რუსეთი აყენებდა 2021 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ ბაიდენის სახელზე გაგზავნილ წერილში უყურადღებოდ რჩება.

პუტინის წერილის მიხედვით, კონფლიქტის პირველი წყაროს მოსპობის გარეშე რუსეთის მიმართ დასავლური საფრთხე ისე დარჩება, როგორც იყო.

პუტინი ითხოვდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას. 4 წლის ომის შედეგად, რომლის მიზანი იყო უკრაინის ნატოში არ შეყვანა, ნატოს სამხედრო ბაზებისა და სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში არ განლაგება, 6 იანვრის პარიზის ხელშეკრულებით უგულებელყოფილია.

რუსეთი, რომ აღნიშნულს არ დათანხმდება, ფაქტია. პუტინი ვერ მიიღებს თანხმობის გადაწყვეტილებას, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეების რისხვის საგანი გახდება. და მართლაც. 4 წელი იომო — ნგრევით, მსხვერპლით და შედეგი ვერ მიიღო, მართლაცდა რისხვის საბაბი გახდება.

რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ბაზები უკრაინაში ან 800 ათასიანი უკრაინის არმია?

მომავალ ომს! ნატოს ქვეყნების სამხედრო სპეციალისტები გაწვრთნიან უკრაინელ ჯარისკაცებს, მოამზადებენ საომრად. და როდესაც დაინახავენ, რომ უკრაინა მზადაა ომისთვის, ისევ წამოიწყებენ — დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

უკრაინა ისეთი ეკალია რუსეთისთვის, რომელიც მომავალში ყოველთვის თავს იჩენს, ვინაიდან ფაშიზმით მოწამლული ადამიანის, თუნდაც რუსის და უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსი უკრაინელები შეადგენენ, დაოკება შეუძლებელია. უკრაინელი, როგორც ერი არ არსებობდა და არც იარსებებს იქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავებული მენტალიტეტის გამო. ბანდერას იდეოლოგიაზე მათი ერთ ერად ჩამოყალიბება აბსტრაქციაა, ასრულება რომ არ უწერია.

შეძლებს რუსეთი უკრაინის, თუნდაც ისეთ დონემდე მისაყვანად, როგორსაც ვხედავთ ბელორუსის მაგალითზე?!

ვეჭვობ, რომ შეძლოს.  ამასთან დაკავშირებით პუტინს მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც სპეცოპერაციას იწყებდა. თუმცა არც დღეს არის გვიან სამხედრო მოქმედების კარდინალურად შეცვლით, ანუ ფართომასშტაბიანი ომით, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრამდე გასვლით, დამარცხებული უკრაინის ხელისუფლების გასამართლებით, მანამდე კაპიტულაციაზე ხელის მოწერით, უკრაინაში რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ხელისუფლების დასმით.

რუსეთმა მაგალითი აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპისგან უნდა აიღოს, რომელმაც გაეროს მიერ 1974 წელს მიღებულ რეზოლუციასაც დაასვარა, ყველა საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ერთი ქვეყნის მიერ, მეორის სამხედრო-საზღვაო ბლოკადაში მოქცევას. და ვენესუელა არამარტო ალყაში მოაქცია, არამედ იერიშიც მიიტანა მასზე, პრეზიდენტი და მისი მეუღლეც გაიტაცა და გამარჯვებული თავხედურად აცხადებს, თუ საჭიროდ ჩავთვლი სხვა ქვეყნის წინააღმდეგაც ისე ვიმოქმედებ, როგორც ვენესუელის მიმართ ვიმოქმედე, საერთაშორისო სამართალი ფეხებზე მკიდია — სამართალი მე ვარო.

პუტინის მიერ ცალი ხელით წარმოებულმა ომმა, თანაც გაჭიანურებულმა, ერთ მუშტად შეკრა ევროპის ქვეყნები — მცირედი გამონაკლისის გარდა და რუსეთის წინააღმდეგ აამხედრა. „ბლიცკრიგის“ (Blitzkrieg) შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ექნებოდა, ვინაიდან გონს მოსავლელად ევროპას დრო არ ექნებოდა და როდესაც გამოფხიზლდებოდა თვით უკრაინის შეცვლილი ხელისუფლება გასცემდა პასუხს.

 ტრამპის პოლიტიკამ უნდა გამოაფხიზლოს მსოფლიო, ყველა ის, ვისთვისაც თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი ლიტონი სიტყვები არ არის, სიტყვით მაინც გამოხატონ თავიანთი გულისწყრომა. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ეყოლება იმპერატორი — ტრამპის სახით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

11/01/2026