ტრამპმა ახალი წელი მოგვილოცა
ტრამპმა ახალი წელი მოგვილოცა „ტრამპულად“, ისე, როგორც მას შეეფერება და იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ის არის. ტრამპის გუნდის წევრმა, ომის მინისტრმა ჰეგზეტმა (Peter Brian Hegseth), ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს და მისი მეუღლის მოტაცების შემდეგ განაცხადა — აშშ-ი დაბრუნდაო. მას მარტივი რამ ჰქონდა მხედველობაში — აშშ-ი დაუბრუნდა მტაცებლურ პოლიტიკას, რომელიც მას ჰქონდა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით მე-2 მსოფლიო ომის შემდე.
ჰეგზეტს არ უთქვამს, რომ პაუზა მტაცებლობაში წინამორბედი პრეზიდენტის ბაიდენის დროს იყო. ყოფილის კრიტიკა, ახლანდელს დაუტოვა, თუმცა ახლანდელმა იმდენჯერ გალანძღა ბაიდენი, რომ სალანძღავი თემაც აღარ დარჩა.
ტრამპის პრეზიდენტობის ერთწლიან პერიოდში იმდენ ნეგატიურ გადაწყვეტილებას ჰქონდა ადგილი, თეთრი სახლის და მისი ამჟამინდელი ბინადრის ტრამპის მხრიდან, ერთი წლის წინ ნეგატიურად აღქმული ბაიდენი და მისი გუნდი გუგულებად, მშვიდობის მტრედებად შეიძლება მოგვეჩვენოს.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე განხორციელებული თავდასხმა, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი იერიში — პრეზიდენტ მადუროს და მისი მეუღლის შეპყრობა, ვენესუელიდან აშშ-ი გადაყვანა — სამხედრო თვალსაზრისით მაღალ დონეზე შესრულებული — იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას.
ცსს და შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ბლიც შეტევა მრავალთვიანი მზადების შედეგი იყო. სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ტრამპის სასახლე მარ-ა-ლაგოსში (Mar-a-Lago) გამართული პრეს-კონფერენციის დროს, აშშ-ს მაღალჩინოსანმა, სამხედრო მოსამსახურემ განაცხადა, რომ არაერთი თვის განმავლობაში კარაკასში მყოფი აშშ-ს ცსს აგენტები აკვირდებოდნენ პრეზიდენტ მადუროს მოქმედებას, გადაადგილებას, სასახლეში არსებულ ვითარებას; სწავლობდნენ მადუროს სატელეფონო თუ პირად კონტაქტებს და ა.შ.
ტრამპმა შეაქო სამხედროები კვალიფიციური ოპერაციისთვის და აღნიშნა, რომ არც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა.
მკითხველი იფიქრებს, რომ ოპერაცია უსისხლო იყო, ვინაიდან ტრამპს, პირველი პრეს-კონფერენციის დროს არაფერი უთქვამს ადგილობრივ დაღუპულებზე. მოგვიანებით თქვა, რომ მსხვერპლი იყო. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 80 ადამიანი, მათ შორის 35 კუბელი, პირადი მცველები და მშვიდობიანი კარაკასელები. ტრამპისთვის დახოცილები, სახსენებლადა არ გამოდგებიან, რახან ისინი ამერიკელები არ არიან.
ტრამპმა გაიმარჯვა! გაიმარჯვა მისმა პოლიტიკამ — მტკიცემ და დაუნდობელმა ნარკოტიკებთან ბრძოლაში.
„მშვიდობისმყოფელი“ ტრამპი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების მსურველი, მუდმივად აცხადებს „ძალით მშვიდობის“ დამყარებაზე. იქ, სადაც და ვისთანაც ტამპის ულტიმატუმის ენა არ გადის, რაკეტების ენით ლაპარაკზე.
მთელი განვლილი წლის განმავლობაში ვისმენდით ტრამპის მიერ საკუთარი თავის ქებას — 8 სამხედრო კონფლიქტის შეჩერებაზე — ნახეთ რა მაგარი ვარ, ჩავერიე და სისხლისღვრაც შევაჩერეო, იმიტომ, რომ პატივს მცემენო; რუსეთ-უკრაინის ომშიც ჩავერიე, თუმცა ჯერ-ჯერობით მიზანს ვერ მივაღწიე, კონფლიქტის სერიოზულობის გამოო, მაგრამ პროგრესი არის და მალე წერტილს დავუსვამ ამ ომსაცო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი ბაიდენის ნაცვლად, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდაო.
ძალისმიერი გზით „მშვიდობა“ აშშ თავს ირანს მოახვია, როდესაც ისრაელ-ირანის 12-დღიანმა ომმა ყველას დაანახა, რომ ისრაელი, აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირე, ომს აგებდა. ტრამპმა სარაკეტო იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ლაბორატორიებზე — მათი განადგურების მიზნით, რათა ირანს ბირთვული იარაღი არ დაემზადებინა.
ომი შეწყდა. შეწყდა არა იმიტომ, რომ ირანს შეეშინდა, არამედ იმიტომ, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, ქვეყნის მეთაურმა აიათოლა ალი ჰამენეიმ თავი შეიკავა, არ აჰყვა ტრამპს, რითაც მსოფლიო გადაარჩინა ფართომასშტაბიან ომს.
ამჯერად ირანში საპროტესტო გამოსვლებია — გამოწვეული ფასების მატებით. მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტებიც. ტრამპმა ბრძანა — თუ ირანის ხელისუფლება ძალას გამოიყენებს და პროტესტანტებს დახოცავს, აშშ-ი ჩაერევა ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
ტრამპის განცხადებას პასუხი აიათოლა ალი ჰამენეიმ გასცა — თუ აშშ-ი დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, მაშინ ირანის შეიარაღებული ძალები იერიშს მიიტანენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
მიიტანენ? რამდენჯერ იყო მუქარა ირანის მხრიდან, რომელსაც საქმე არ მოჰყვა?
ტრამპმა იცის, რომ პასუხი არც ამჯერად იქნება და გააკეთებს იმას, რაც თქვა.
ტრამპს, ისე, როგორც ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს სისხლში აქვთ გამჯდარი თავიანთ ავანტიურისტულ სამხედრო მოქმედებაზე არავითარი სამხედრო პასუხის მიღება, რაც ათავხედებს მათ.
მსოფლიოში არ ჩანს ძალა, რომელიც ტრამპს სამხედრო სილას გააწვნის და გონს მოიყვანს. სამხედრო ძალა არის და არის აშშ-ზე გაცილებით დიდი — რუსეთის, ჩინეთის, მაგრამ არ არის პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გადაწყვეტილება.
დასავლეთში, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოარული თვითდაჯერებაა, რაც არ უნდა ვლანძღოთ რუსეთი, რაც არ უნდა ტერორისტული აქტები ვაწარმოებინოთ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, კრემლი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. თავდაჯერება იმ დონემდე მივიდა, რომ უკრაინას იერიში მიატანინეს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე.
რუსეთის სპეცსამსახურებმა, უპილოტო მფრინავი აპარატების ჩამოგდების შემდეგ დაადგინეს, რომ მათ პროგრამაში დაფიქსირებული იყო მიზანი — პრეზიდენტის სასახლე. უკრაინა იერიშს ვერ განახორციელებდა ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურების გარეშე. რუსმა სამხედროებმა გააკეთეს განცხადება, რომ საპასუხო თავდასხმა იქნება. მიზანი შერჩეულია. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა. პასუხი არ ჩანს.
პასუხგაუცემლობა, რომ ნეგატიურ განწყობას აღძრავს ყველა რუსში, მტკიცება არ ჭირდება. რუსეთი მეოთხე წელია ომობს უკრაინაში და ვერ მოახერხა დონბასის დაბრუნება. თვით უკრაინელები ამბობენ დაცინვით — სტალინმა 4 წლის განმავლობაში არა მარტო სსრკ-ს დასავლური ტერიტორიები გაათავისუფლა ფაშისტებისგან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ბერლინიცო.
პუტინმა ჟურნალისტებთან თქვა — ევროპასთან ისეთი ომი არ იქნება, როგორიც უკრაინასთან გვაქვსო. უკრაინაში თავშეკავებით ვომობთო. აი, ამ „თავშეკავებულმა“ ომმა 4 წელი მოიცვა და დასრულებას ბოლო არ უჩანს.
რუსი პოლიტიკოსების აზრით, გაჭიანურებულმა ომმა არა მარტო უკრაინა დაასუსტა, არამედ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნებიც.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაბეჯითებით მოუწოდებენ უკრაინას ომისკენ. მათი მიზანი რუსეთის გამოფიტვაა. ევროკავშირსა და რუსეთს ერთნაირი მიზნები აქვთ — ერთმანეთის გამოფიტვა. ამ მიზნებში რუსეთი უკეთ გამოიყურება, მაგრამ სადამდე?
4-წლიანი ზეიმი და დროსტარებაა მომაბეზრებელი, მითუმეტეს ომი, რომელსაც მსხვერპლი ახლავს.
პუტინმა ბრძანა — რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობით, შეიარაღებით პირველია მსოფლიოში. 4 წლის საომარი, საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის არმიამ შესანიშნავი წრთობა მიიღო, მაგრამ დონბასი ვერ გაათავისუფლა. რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებამ დაარწმუნა ყველა შინაურიც და გარეულიც, რომ რუსეთი ის არის, რაც არის.
რუსეთის პოლიტიკური სიამაყე და მამაცობა ნაკლებად სცდება რიტორიკას და არ გადადის პრაქტიკულ საქმეში. უფრო უარესიც — რუსეთს მეტის თავიც არ აქვს. მოდით დავსვათ კითხვა — რუსეთის გაჭიანურებული ომი ხომ არ არწმუნებს დსთ-ს წევრ და არაწევრ ქვეყნებს, რუსეთის სისუსტეში? ამით ხომ არ არის გამოწვეული სომხეთის, აზერბაიჯანის აგდებული დამოკიდებულება კრემლის მიმართ?
ავიღოთ თუნდაც აზერბაიჯანი. გასულ წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევმა მრავალჯერ ლანძღა რუსეთი საერთაშორისო არენაზე, უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუებში. ანალოგიური იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც. ორივენი, ისე მოიხიბლნენ ტრამპით, რომ რაც დედამიწის ზურგზე საქებარი სიტყვები იყო, ყველა ტრამპს დააბერტყეს. მარტო ის რად ღირს — ზანგეზურის დერეფანს, ტრამპის სამშვიდობო დერეფანი რომ უწოდეს?!
ალიევის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და შორსმჭვრეტელობა რომ მოიკოჭლებს, არაერთხელ გამოჩნდა 2025 წელს. რუსეთთან ურთიერთობის გამკაცრება აზერბაიჯანზე უფრო იმოქმედებს, ვიდრე რუსეთზე, მაგრამ ამას ალიევი ვერ გრძნობს — დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების პროპაგანდით გაბრუებული, ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობით წახალისებული, თურქეთთან მჭიდრო ძმური კავშირებით გათამამებული, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის სხვაგვარი დატრიალება უდავოდ იქონიებს გავლენას ამიერკავკასიასა და აზერბაიჯანზე.
დიდთა თამაშში სრული შესაძლებელია ისეთი შედეგის მიღება, როგორიც მადურომ, ვენესუელამ მიიღეს.
პოლიტიკოსის ვალია არა მარტო შიდა პოლიტიკის ნორმალური წარმართვა, არამედ გარეთ არსებული ვითარების გონიერი განჭვრეტა. ამ თვალსაზრისით დიდი რუსეთის დაკნინება, მასზე დამცინავი ღიმილის მიპყრობა — აქაოდა სუსტი, ჩამორჩენილი ქვეყანააო, სარისკოა.
ანალოგიური მიდგომა რუსეთისადმი საქართველო პოლიტიკასაც აქვს და ჰქონდა, რამაც ჩვენი ქვეყნის უაღრესი ჩამორჩენილობა მოიტანა, როგორც განათლებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ისე ეკონომიკის ყველა დარგში.
ის, რომ რუსეთს უშვერი სიტყვებით მოვიხსენიებთ სამივე ამიერკავკასიის რესპუბლიკა, პუტინის რუსეთის სირბილის ბრალია. რუსეთის ადგილას აშშ-ი რომ ყოფილიყო, სამივე იატაკზე გაგებული ნოხებივით ვიქნებოდით დიდი ბატონის ტრამპის ფეხქვეშ, მაშინ გავიგებდით რა არის „ნამდვილი დემოკრატია“ ტრამპულად, სუვერენიტეტი, თავისუფლება.
ის, რაც ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ჩაიდინეს ვენესუელაში აშკარა დემონსტრაციაა დიდის და ძლიერის მიერ პატარისა და სუსტის დაჩაგვრისა, იმპერიალიზმის მტაცებლური სახის ახალი გაბრწყინებისა — ტრამპის ძალისხმევით. ასეთი ქვეყანა, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტზე რომ ილაპარაკებს — ცინიზმია.
ვენესუელის პრეზიდენტის და მისი მეუღლის გატაცება არც ერთ საერთაშორისო კანონმდებლობაში რომ არ ჯდება, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ სპეცოპერაცია, რომელიც მეკობრეობის მსგავსია, ტრამპს არ აწუხებს.
„ძალისმიერი მშვიდობა“, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ რომ გამოიყენა, ახალი ლოზუნგით შეიცვალა, უფრო სწორად „ძალისმიერს“ დაემატა. ეს ნარკოტიკების აშშ-ში შეტანის წინააღმდეგ ომია.
ნარკოტიკების დამამზადებლად და გამსაღებლად ტრამპმა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები და ლათინური ამერიკა დაასახელა — უპირველესად ვენესუელა. ტრამპის მიზანი მარტივია და მასში ნარკოტიკებთან ბრძოლა საბაბია — კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების აშშ-ს გავლენის ქვეშ მოსაქცევად, ვენესუელის ნავთობის საბადოების ხელში ჩასაგდებად, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ მადუროს წინამორბედის ჩავესის ხელისუფლებაში მისვლამდე.
ჩავესმა ვენესუელის ნავთობის ნაციონალიზაცია გამოაცხადა და აიძულა ამერიკული კომპანიები გასულიყვნენ ვენესუელიდან. ტრამპმა, რომელიც მადუროს ბრალს სდებს ნარკობარონობაში, მოურიდებლად განაცხადა, რომ აშშ-ი დაიბრუნებს ვენესუელის ნავთობს, ვინაიდან ის ჩავესმა და მადუროს ვენესუელამ მიიტაცა.
ვენესუელის წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდება სურს ტრამპს — საბაბად კი ნარკოტრაფიკი მოჰყავს. ნარკოტიკების აშშ-ი შესვლიდან თავის დასაღწევად თვით ამერიკის სასაზღვრო კონტროლია გასამკაცრებელი და არა ვითომ ნარკოტიკების მწარმოებელი ვენესუელის პრეზიდენტის გატაცება.
პრეზიდენტი ტრამპი — ნარკოტიკებთან მებრძოლი, რატომღაც თვალს ხუჭავს ნარკომან ზელენსკიზე, დღევანდელ უკრაინაზე, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოება სახელმწიფო დონეზეა აყვანილი.
აღნიშნულის შესახებ ვწერდი ჩემს წინა სტატიებში. გარდა ამისა ზელენსკის ხელისუფლება — არალეგიტიმური, უაღრესად კორუმპირებული, ტერორისტული, ყველა საშინელების ჩამდენი, ფაშისტური შესანიშნავად გრძნობს თავს.
დასტური ამისა, გასული წლის ბოლოს ფლორიდაში, ტრამპის სასახლე მარ-ა-ლაგოსში მოლაპარაკება და უკრაინის დელეგაციის (ზელენსკის მეთაურობით) პატივსაცემად გამართული სადილია.
ტრამპი ზომაზე მეტად „გულთბილი“ მასპინძელი გამოდგა იმ პირის მიმართ, ვინც არ დაეთანხმა ტრამპის სამშვიდობო გეგმის უმნიშვნელოვანეს პუნქტებს — რუსეთისთვის დონბასის გადაცემას.
იმავე დღეს უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიზანში ამოიღეს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალაქგარეთა რეზიდენცია. ტრამპის მიერ ზელენსკის თბილი მასპინძლობა და პუტინის რეზიდენციის მიზანში ამოღება ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. პუტინ-ტრამპის სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა ტრამპს უთხრა თავდასხმის შესახებ. ტრამპმა მკაცრად დაგმო უკრაინელთა საქციელი, მაგრამ „სიმკაცრეს“ მხოლოდ ვერბალური გამოხატულობა ჰქონდა და არა საქმიანი, ისეთი დაუმორჩილებელი, „ხულიგან“ ზელენსკის გონს რომ მოიყვანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მკაცრი განცხადება, საპასუხო დარტყმის შესახებ, შეუსრულებელია. არც პუტინის დამოკიდებულება ჟღერს მადუროს საქმესთან დაკავშირებით.
პუტინმა მიულოცა რუს სპორტსმენებს გამარჯვება, სატელეფონო საუბარი გამართა კალინინგრადში მცხოვრებ თინეიჯერთან, რომელსაც საახალწლო სურვილი შეუსრულა, მაგრამ „ვერ მოიცალა“ მადუროს მოტაცების ფაქტის შესაფასებლად, რაც მთელი რიგი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ვარაუდების გავრცელებას უწყობს ხელს.
პირადად მებადება კითხვა — რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა ანკორიჯში?
ოფიციალური მონაცემებით, საუბარი არა მარტო უკრაინაზე იყო, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. მსოფლიოში არსებულმა ვითარება ხომ არ გამოიწვია მომლაპარაკებლებს შორის მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე შეთანხმების მიღწევა?
რუსეთს — ყოფილი საბჭოთა სივრცე, აშშ-ს — ლათინური ამერიკა?
ყურადღებამისაქცევია ჩინეთის რეაქციაც. არ ისმის ჩინეთის ხელმძღვანელის სი ძინპინის განცხადება. არადა, ჩინეთი ვენესუელის ნავთობის მთავარი მომხმარებელია. რუსი და ჩინელი სპეციალისტები, განსაკუთრებით ჩინელი მრავლად არიან ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით ვენესუელაში.
გასული წლის შეხვედრის დროს, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართა, სი ძინპინმა განაცხადა შემდეგი — ნუ შევუშლით ხელს ერთმანეთს მოქმედებაშიო.
ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდი, რომ ჰეგემონობის ტახტის მფლობელი აშშ-ი, იმ ბებერ ლომს ჰგავს, რომელსაც ულვაშებს აწიწკნიან. დაუძლურებული, ტრამპის საშინაო პოლიტიკით გაყოფილი ამერიკა მზადაა ერთმანეთის საჯიჯგნად. ეს ქვეყანა ვეღარ დაეწევა ჩინეთს — ეკონომიკურ ზრდაში. ამერიკას მოუწევს ჰეგემონის ტახტის დატოვება, ერთპოლუსიანობის ნაცვლად, მრავალპოლუსიანობის აღიარება. ჰოდა, რახან რეალური მდგომარეობა ამერიკისა არცთუ დასამშვიდებელია მისთვის, ხომ არ დგამს ნაბიჯს მსოფლიოს ახალი გაყოფისკენ — ამ სამს შორის?
ტრამპის პრეს-კონფერენცია მადუროსთან დაკავშირებით მარტო ვენესუელით არ შემოიფარგლა. იყო მუქარა კოლუმბიის, მექსიკის, კუბის, დანია-გრენლანდიის მიმართ. „ყველა ისინი მე უნდა მიყურებდნენ თვალებში, ჩემს პოლიტიკას მხარს უნდა უჭერდნენ, თორემ მადუროს ბედს გაიზიარებენო“.
აი, ასეთია „დემოკრატიული“ ამერიკის „დემოკრატიული“ პრეზიდენტის ფილოსოფია. ტრამპი გამონაკლისი არ არის. აშშ-ს ყველა პრეზიდენტი მეტნაკლებად ასეთი იყო. და ასეთი იყო იმიტომ, რომ ქვეყანა, მისი პოლიტიკა, მისი იმპერიალისტური, მტაცებლური სახე იყო და არის ასეთი. პრეზიდენტი ვალდებულია მიჰყვეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კურსს, რომლის შედგენაში ყოველთვის ჰქონდა და აქვს პირველი სიტყვის თქმის უფლება ე.წ. დიპ სტეიტს, ანუ სიღრმისეულ სახელმწიფოს თავისი მილიარდერებით, ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირებით, გავლენიანი ადამიანებით.
ტრამპიც „დიპ სტეიტის“ წარმომადგენელია, მოჩვენებითად ვითომ მის წინააღმდეგ მებრძოლი. სინამდვილეში მისი დავალებების შემსრულებელი.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია ამერიკელი ხალხის ძალაუფლებაა“ — სტალინი. აი, სწორედ ამ ძალაუფლებას ემსახურება ტრამპი, თუმცა ამერიკელების უმრავლესობა, განსაკუთრებით ლათინური წარმოშობისანი არათუ არ იზიარებენ ტრამპის საქციელს ვენესუელის მიმართ, საპროტესტო გამოსვლებით ავსებენ აშშ-ს ქალაქების ქუჩებს.
საპროტესტო მიტინგები და გამოსვლებია სამხრეთ ამერიკის, ევროპის ქვეყნებში — აშშ-ს დროშების დაწვით, კატეგორიული მოთხოვნით გაათავისუფლონ მადურო და მისი მეუღლე.
უცხოეთისგან განსხვავებით, არავითარ მსგავს პროტესტს ადგილი არ აქვს რუსეთში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დუმს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება, პრეზიდენტი, დუმა, მინისტრთა საბჭო. ერთადერთი საგარეო საქმეთა სამინისტროა, ვინც საპროტესტო განცხადება გააკეთა და გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელი ნებენზია.
ტოვებს ლათინურ ამერიკას რუსეთი?
სრული შესაძლებელია, რომ ეს ასე იყოს. რუსეთის ისტორიაში მსგავსს უკვე ჰქონდა ადგილი — სსრკ პრეზიდენტ გორბაჩოვის დროს, შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ელცინის მმართველობის პერიოდში.
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კუბამ, ნიკარაგუამ, ბოლივიამ მძიმედ გადაიტანეს საბჭოეთთან და მის მემკვიდრე ელცინის რუსეთთან დაშორება. პუტინს დიდი ძალისხმევა დასჭირდა გაწბილებულთა შესარიგებლად. და ისევ განშორება?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
07/01/2026
