„საამური“ 2025 წელი
მოვიშველიებ ქართულ გამოთქმას — როგორც იქნა ჩავაძაღლეთ 2025 წელი — სხვა შესატყვისი სიტყვა ვერ მოვძებნე გასული წლის შესაფერისი. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის 90% გაიზიარებს ჩემს ნათქვამს.
სხვაგვარი, საპირისპირო მოსაზრება აქვს ხელისუფლებაში მყოფთ და იმათ, ვინც ხელისუფლების „გარნირია“. რუსული სიტყვა ვიხმარე, კულინარიაში პოპულარული, მთავარ კერძს რომ ბოსტნეულს შემოუწყობენ დასამშვენებლად.
ხელისუფლება და „გარნირი“, რაოდენობით რომ აგებს უმრავლესობასთან, ცნობილი ფაქტია, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელისუფლება და „გარნირი“ მოგებულია, თანაც დიდი ანგარიშით. ანგარიში კი ფულით იზომება, განსაკუთრებით უცხოურით — დოლარით, ევროთი, სხვა ვალუტით, გარდა ამისა ოქროს ზოდებით.
ერთი უნცია (28.349523125 გრამი) ოქრო 4500 დოლარი ღირს. თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც ჯერ-ჯერობით თავისუფლებაზე და არა ციხის საკანში.
ტრადიციულად, წლის ბოლოს, განვლილი თვეების ცხოვრების ანალიზი კეთდება, როგორც ხელისუფლებაში, ისე პირადში. და რახან ასეა, ჩვენც ნუ დავარღვევთ მას, შევხედოთ ჩვენსა და ქვეყნის ყოფას — კრიტიკულად თუ ნაკლებად, ჩვენივე მსოფლმხედველობის კარნახით. ვთქვათ ობიექტურად, ერთხელ მაინც გავუმხილოთ საკუთარ თავს — ვგრძნობთ თუ არა სიკეთეს, თავზე რომ დაგვაბერტყა განგებამ.
მაშ ასე — რა იყო აქ ა.წ. იანვრიდან, დღემდე, ანუ შინ და რა იყო გარეთ, რომელმაც მეტნაკლებად იქონია გავლენა ქვეყანაზე, ნებისმიერ ჩვენგანზე.
ხელისუფალთა წყალობით, გასული წელი ისეთივე უღიმღამო იყო, როგორც წინა წლები. ქვეყანა ებრძოდა გარე მტრებს — თავისი გაგებით და ამ ბრძოლაში ერთი საინტერესო მომენტი გამოიკვეთა — ტრადიციულ მტერთან ბრძოლას, ახალი მტერი დაემატა. ტრადიციული რუსეთია, ახალი — ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე. რას ნიშნავს ეს? და ნიშნავს თუ არა საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლას — უცნობია. და უცნობია არა მარტო მომაკვდავთათვის, არამედ ხელისუფალთათვის.
გასულ წელს, მხედველობაში 2025 წელი მაქვს, მმართველმა „ოცნების“ ხელისუფლებამ საჯაროდ, მიზანმიმართულად ლანძღა ევროკავშირი, ამ კავშირის შტაბ-ბინაში მომუშავე მოხელეები, მათ ხელმძღვანელები — „ოცნების“ ზომაზე მეტად კრიტიკის გამო, რამაც მოთმინებიდან გამოიყვანა ბრიუსელი.
რას გვიქადის გაბრაზებული ევროკავშირი?
ერთადერთი სიკეთის (თუკი ის სიკეთედ ჩაითვლება) —უვიზო მიმოსვლის გაუქმებას. ევროკავშირის გადაწყვეტილებით — უვიზო მიმოსვლა გაუუქმდებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე სახელმწიფო მოხელეებს და თუ ისინი არ შეასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს — უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ მიეცემათ საქართველოს მოქალაქეებს.
ოპოზიციის მიხედვით, დაისჯება ხალხი — საქართველოს ხელისუფლების ცუდი პოლიტიკის გამო.
შეგახსენებთ — უვიზო მიმოსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ბრიუსელში გამართული საზეიმო ღონისძიებაც გემახსოვრებათ — ახალგამომცხვარი ბიძინელი „პოლიტიკოსები“, რომ კუნტრუშობდნენ „შალახოს“ მელოდიაზე.
ერთადერთი რაც ხალხს არ მოეწონა „შალახო“ იყო — ასეთ მაღალ ზეიმს — ევროპის ცენტრში გამართულს, როგორ აკადრეს „შალახოო“. რაც ბიძინელებისთვის იყო მშობლიური, ის დაუკრეს — ეს იყო და ეს. ბიძინელებს სხვას ვერაფერს მოვთხოვდით მაშინ და ვერ მოვითხოვთ დღეს — საერთო კულტურის არმქონეთ.
„შალახო“ არ მოგვეწონა და ხმამაღალი საყვედურიც გამოვთქვით — ზოგმა ელექტრონულ მედიაში, ზოგმაც ეთერში, მაგრამ არავის უთქვამს რას მოვაწერეთ ხელი. ერთადერთი, ვინც იკითხა — მე გახლდით, „ობიექტივის“ ეთერიდან და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული სტატიებიდან.
რატომ ვიკითხე?
მარტივი მიზეზის გამო — ინგლისურ ენაზე დაწერილი 1500-გვერდიანი ხელშეკრულების წამკითხავ-გამგები საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს არათუ წაკითხული, არამედ ხელშიც არ ჰქონდა აღებული ხელშეკრულება. დარწმუნებული ვიყავი, რომ მინისტრის პირველ მოადგილე ზალკალიანს, ისე გააკეთებინეს ტექსტის პარაფირება — წაკითხულიც რომ არ ჰქონდა.
იურიდიული ტექსტი, თანაც ინგლისურ ენაზე ძნელი გასაგებია, სპეციფიურია და მას ისეთი ენის სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც იურისპრუდენციასთან, საერთაშორისო სამართალთან „თქვენობით“ კი არა, „შენობით“ არიან. ასეთი საქართველოში არც მაშინ იყო და არც დღეს არის.
ევროკავშირმა შემოგვტენა ხელშეკრულება და მასთან ერთად „სტაფილო“, ბრიუსელთან მისაბმელად, დასამონებლად, „სტაფილო“ — დასამშვიდებლად, გულის მოსაგებად.
გავიხსენოთ უკრაინის ისტორია. ხელშეკრულების ხელის მოწერამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაინტერესდა ხელშეკრულების ტექსტით და დაავალა ეკონომისტებს შეესწავლათ ის. ეკონომისტებმა, თვალის ერთი გადავლებით დაადგინეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება უკრაინის სამრეწველო-ეკონომიკური, სოციალური დაქცევის ტოლფასი იქნებოდა.
უკრაინის ეკონომიკას ყოველგვარი კავშირები უნდა გაეწყვიტა რუსეთის ეკონომიკასთან, რაც გამოიწვევდა გიგანტური ქარხნების დახურვას, უმუშევრობას და ა.შ.
იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელის მოწერაზე, რასაც მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, „მაიდანის“ რევოლუცია, იანუკოვიჩის დამხობა.
ყოველივე აღნიშნული, დასავლეთის მიერ მოწყობილი „ფერადი რევოლუცია“ იყო. მიზანი მისი — უკრაინის ასოცირებული წევრობა და დასავლეთზე, კერძოდ ნატო-ევროკავშირზე მიბმა.
დასავლეთი, დაინტერესებული უკრაინის სიმდიდრეებით, მზად იყო უკიდურესი გადაწყვეტილების მისაღებად, რაც განახორციელა კიდევაც. ასე რომ, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს უვიზო მიმოსვლით დახარბება, ანუ „სტაფილოთი“ ემსახურებოდა ამ ქვეყნების დაპყრობას, მთავარი მიზნის — რუსეთის დასაშლელად. დაშლილი ნაწილების ევროკავშირ-აშშ-ს დაქვემდებარებაში მოსაქცევად.
ბრიუსელში გამართული ზეიმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა მივიღეთ?!
ქართული გამოთქმისა არ იყოს —„ბუს კვერცხები“. ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც შორსაა ეკონომიკისგან, მრეწველობისგან, სოფლის მეურნეობისგან, მეცნიერებისგან, ხელოვნებისგან და ა.შ. ყოველივე იმისგან, რაც საბჭოთა კავშირში გვქონდა.
საქართველოს მოსახლეობის ცოდნა-განათლების დონეც კატასტროფულად დაშორდა საბჭოურის დონეს. თანამედროვენი „შენობით“ არიან ძარცვა-გლეჯვასთან, ქვეყნის ბიუჯეტში ხელის ფათურთან, განუკითხაობასთან, იოლი გზით ფულის შოვნასთან, ერთმანეთს შორის არაადამიანურ დამოკიდებულებასთან, ტყუილთან, თვალთმაქცობასთან. და ამ ფონზე პრემიერ-მინისტრ კობახიძის მონოლოგი ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით აბსურდულია.
2025 წელი თუ რამით გაგვახსენდება — გაუთავებელი მიტინგებით, პოლიციასთან მომიტინგეების შეხლა-შემოხლით, ხულიგანი მომიტინგეების დაჭერით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მუდმივი ლანძღვით და სხვა ნეგატივით, ჩამოთვლაც რომ გაგვიჭირდება — სიუხვის გამო.
2025 წელი უფრო მეტად კი იმით გაგვახსენდება, კორუფცია რომ ჰქვია და რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლების განმარტებით — ხმალამოღებული ვებრძვით. თუ როგორ, ფაქტებმა გვაჩვენა. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების ხელმძღვანელი, სხვა მაღალ-დაბალი ჩინოსნები მექრთამეობაში მხილებულნი არიან, ანუ ისინი, ვინც ხმალამოღებული ებრძოდა მექრთამეობას — სიტყვით, მაგრამ საქმით ხელს უწყობდა კორუფციის გაფურჩქვნას სახელისუფლო უმაღლეს საფეხურებზეც კი, რაც მიმანიშნებელია მატყუარა ხელისუფლების სიხარბეზე, თანაც ზომაგადასულზე.
ხელისუფლებამ, რომ განაცხადა — მაგრები ვართ, პატიოსნები და კატეგორიულად ვებრძვით მექრთამეობას ჩვენს რიგებშიო — სრული დემაგოგიაა. პატიოსნებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ლაპარაკობენ, ისინი, ვინც ჯერ-ჯერობით თავისუფლებაზეა, საწინააღმდეგოზე მეტყველებს. საზოგადოებას ვერაფრით დააჯერებთ კალაძის პატიოსნებას, კორუფციის საწინააღმდეგო ხისტ განწყობას.
ერთხელ მოვიშველიე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პავლე გილაშვილის ნათქვამი საქართველოს კპ ერთ-ერთ პლენუმზე — დამჭერებშიც, ბევრია დასაჭერიო. კალაძის „პატიოსნებაზე“ ნეგატიურად გუგუნებს ხალხი და მოითხოვს მის ღარიბაშვილ-ლილუაშვილის გვერდში მისმას. მაგრამ ხალხი საქართველოში — დაბეჩავებული და მშიერი არაფრის გადამწყვეტია. გადამწყვეტი ივანიშვილია — თვით ამ ხალხის მიერ სათაყვანებელ კერპად ქცეული.
2025 წლის ყველაზე საზარელი შედეგი არა მარტო უმაღლესი ხელისუფლების კორუმპირებულობაა, არამედ საზოგადოების გონებრივი, სულიერი დეგრადაცია, ერთმანეთის გაუტანლობა, ფულისადმი თავდავიწყებული თაყვანისცემა, მომხმარებლური ფილოსოფიის სიღრმისეული გავრცელება იყო ყველასა და ყველაფერში.
საქართველოს ხელისუფლებამ, იმან, ვინც დღეს გვმართავს, ხელი კრა ქვეყანას ევროკავშირისკენ. მაშინდელმა „ოცნებამ“, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა ევროკავშირის ავ-კარგზე, უვიზო მიმოსვლით დახარბებულმა მიიღო ბრიუსელური „სტაფილო“, ოთხფეხა წვრილფეხა შინაური ცხოველის მსგავსად, მიიღო და ეგონა, რომ პროცესი მარადიული იქნებოდა — ბრიუსელი მოგვცემდა „სტაფილოს“, ჩვენ ჩავახრამუნებდით, სანაცვლოდ არაფერს მივცემდით.
ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩადებული „სტაფილოს“ სანაცვლოდ თავისუფლების, სუვერენიტეტის, კანონშემოქმედების მისთვის გადაცემა. საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაავალეს აქაური კანონების გაუქმება და მათი იქაურით შეცვლა — პასუხობს ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს, რომელიც არათუ ხალხმა, ხელისუფლებამაც არ იცის.
რატომ არ გვაწევრიანებენ ევროკავშირში, ჩვენ ხომ ყველა მათ დავალებას ვასრულებთო — ბრძანებდა ხელისუფლება. ხელისუფლების, ქართული გაგებით ყველა დავალება შესრულებულია. ჯერი ბრიუსელზეა და იმედოვნებს, რომ 2030 წელს ევროკავშირის ჩარაზული კარი ფართოდ გაიღება საქართველოსთვის. ევროკავშირი სხვა იქნება — ჩვენდა სასიკეთოდ შეცვლილი.
ხელისუფლება ხუმრობს, სხვას ვერაფერს ვიტყვი მასზე — ევროკავშირის სულისკვეთების შეცვლის მომლოდინეზე. შეცვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ დაშლის პერსპექტივა რომ აქვს ევროკავშირს — აღარავის აკვირვებს. პროცესი ფაქტიურად დაწყებულია, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულების ბრალიცაა. ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც არ წყალობდა ევროკავშირს, მიიჩნევდა რა მას კონკურენტად — სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. ევროკავშირის მხარდაჭერა „მწვანე რევოლუციისადმი“ მთავარი გამაღიზიანებელი გახდა ტრამპისთვის.
ევროკავშირმა უარი თქვა ნავთობზე, გაზზე, ქვანახშირზე, სხვა საწვავზე ბუნების, ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან ასაშორებლად და ყურადღება გაამახვილა ქარის დახმარებით წარმოებულ ენერგიაზე. ტრამპი, რომელიც ცდილობს აშშ-ს ეკონომიკურ აღორძინებას, არ იზიარებს ეკოლოგების პოზიციას, ეწინააღმდეგება მას, ვინაიდან „მწვანე ენერგიის“ პროგრამამ უმძიმესი შედეგი მოუტანა ევროპას, სხვას — ელექტროენერგიაზე ფასების ზრდით, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესებით, ეკონომიკური ტემპის მკვეთრი შემცირებით და სხვა.
ევროკავშირისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო „ჩრდილოეთის ნაკადის“, ანუ რუსული გაზის მილსადენის აფეთქება და იაფი რუსული გაზის არ მიღება, მაგრამ პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ გადაფარა ენერგეტიკული საკითხი. რუსეთი ჩაითვალა მიუღებელ ქვეყნად, აგრესორად, უკრაინაში ომის გამჩაღებლად.
2025 წელი ამ თვალსაზრისით უფრო გამოკვეთილი იყო 2023, 24 წლებთან შედარებით, ვინაიდან 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რესპუბლიკელმა ტრამპმა, წინამორბედ დემოკრატ ბაიდენისგან განსხვავებით სურვილი გამოთქვა უკრაინის ომის დასასრულებლად.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი მიზანმიმართულად ადანაშაულებდა ბაიდენს უკრაინის ომის დაწყებაში და აცხადებდა — ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომს ადგილი არ ექნებოდა.
ა.წ. იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ომს სწრაფად დაამთავრებდა — 24 საათში, ერთ კვირაში, ერთ თვეში და ა.შ. ძნელია განმარტება იმისა, რას ეფუძნებოდა ტრამპის ოპტიმიზმი. ექსპერტები თვლიან, რომ ტრამპის განცხადებები საცდელი ნაბიჯია, რომელსაც მოჰყვება აზრთა გამოთქმა, როგორც აშშ-ი, ისე მსოფლიოში, რაც ტრამპის გუნდს საშუალებას მისცემს ვითარების სიღრმისეული შესწავლის და შესაბამისი დასკვნების გაკეთების.
2025 წელი თავდება. ომს დასასრული არ უჩანს, მიუხედავად ვაშინგტონ-მოსკოვ-კიევს შორის პერმანენტული მოლაპარაკების.
ვაშინგტონ-მოსკოვს შორის ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაჩენილი ბუტიაობა შეცვალა ტრამპის სურვილმა კონტაქტები დაემყარებინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. გაიმართა პირისპირ შეხვედრაც ალიასკაზე, ანკორიჯში. თუ რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი ყველასთვის უცნობია.
ცნობილია ტრამპ-ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შედეგები, ნაკლებად დამაიმედებელი ომის შესაწყვეტად. უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით ვაშინგტონში გაიმართა ევროპელი ლიდერების, ზელენსკის მოლაპარაკება ტრამპთან. გარდა ამისა სისტემატურად მიმდინარეობს მათ შორის სატელეფონო კონსულტაციები.
უკრაინის საკითხში ამერიკა-ევროკავშირის განსხვავებული პოზიცია თვალშისაცემია, რაც იწვევს ორ მოკავშირეს შორის სერიოზულ განხეთქილებას, სხვა საკითხებთან ერთად. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, იარაღით, უკრაინელი სამხედროების წვრთნით, სხვა აუცილებელი პარამეტრებით, რაც ომის წარმოებას უკავშირდება.
აშშ-ს პოზიცია კარდინალურად განსხვავებულია — არავითარი დახმარება. საკმარისია ის, რაც ზელენსკიმ მიიღო ბაიდენისგან — 350 მილიარდი დოლარი. არც იარაღის მიწოდებისთვის არის მზად ტრამპი. იარაღს მივყიდით ნატოს, მას კი თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია ამ იარაღის გამოყენება, უკრაინისთვის მიწოდებაც — თქვა ტრამპმა.
ნატოს რა იარაღიც ჰქონდა, უკვე გადასცა უკრაინას, სხვა მას არ აქვს, ამერიკისგან უნდა იყიდოს — მომატებულ ფასებში. აღარც ფული აქვს ევროკავშირს უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ერთადერთი გზა ფულის შოვნისა გადის ქურდობაზე — ევროპაში არსებული რუსული აქტივების (ფულის) მითვისებაზე, ნაწილის უკრაინისთვის გადაცემაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ევროპელთა მცდელობას ქურდობა კი არა, ბანდიტობა შეარქვა. ქურდობა ისაა, როდესაც მალურად იპარავ, ამ შემთხვევაში დამალვას ადგილი არ აქვს. დღისით, მზისით სხვისი ფულის საკუთარ ჯიბეში ჩადებას ბანდიტიზმი ჰქვიაო.
იკითხავთ — რა ფულზეა ლაპარაკი? რა რაოდენობაზე?
ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდან მიღებული ფულის, ევროპის ქვეყნებში არსებულ ბანკებში განთავსებულის მითვისებაზე, ჯამურად — 270 მილიარდ დოლარზე.
ეკონომისტების, ფინანსისტების, პოლიტიკოსების მიხედვით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სხვისი ფულის მითვისებასთან დაკავშირებით, უპრეცედენტო რამაა მსოფლიო საფინანსო ისტორიაში. ასეთს, მართლაც-და ბანდიტიზმს მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ჰქონია ადგილი. მაშინ არვის მოსვლია თავში შვეიცარიის ბანკებში არსებული ფაშისტური გერმანიის ფულის მოპარვა.
დღევანდელი ევროკავშირელი ლიდერები, თავიანთ ფაშისტ წინაპრებთან შედარებით განსხვავებული აზრისანი არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ რუსეთის კუთვნილი მილიარდების მითვისებაზე. 2025 წლის განმავლობაში ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ დააყენა საკითხი ამ ფულის მითვისებისთვის. რა გზას არ მიმართა, რომ ეს საკითხი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან შეეთანხმებინა. ბოლოს და ბოლოს ა.წ. დეკემბერში ევროკავშირის სამიტმა 2 დღე იმსჯელა და კენჭი უყარა. შედეგი იყო ურსულასთვის მომაკვდინებელი. მთელმა რიგმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს ბანდიტიზმზე იმის შიშით, რომ რუსეთი გაასაჩივრებს ამ საკითხს, უდავოდ მოიგებს. ქვეყნებს, რომელთა ბანკებში ინახება რუსეთის კუთვნილი ფული, მოუწევთ მიტაცებულის დაბრუნება — მათთვის არასახარბიელო პირობებით.
ურსულას მხარს გერმანიის კანცლერი მერცი უჭერდა. მანაც, ურსულასთან ერთად იგემა დამარცხება.
ერთ დროს ევროკავშირის ლოკომოტივად მიჩნეული გერმანიის ეკონომიკა კისრისტეხით მიექანება უფსკრულისკენ. სულ ახლახანს, 88 წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, გერმანიის ქ. დრეზდენში დაიხურა „ფოლკსვაგენის“ ავტოწარმოების ქარხანა. 30000 ადამიანი, ამ ქარხანაში მომუშავე, ქუჩაში აღმოჩნდა.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ეკონომიკური კრიზისია, რაზეც ციფრები მეტყველებს. თუ 1990 წელს ევროკავშირის წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში 27% იყო, დღეს — მოკრძალებული 14%-ია.
რამ გამოიწვია დეგრადაცია?
უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური საკითხების პოლიტიკურით გადაფარვამ; რუსეთის ეკონომიკასთან კავშირების გაწყვეტამ; რუსულ იაფ გაზზე უარის თქმამ, რამაც იურიდიულ პირებს, ანუ წარმოებას გაუზარდა გადასახადი ელექტროენერგიაზე; რუსეთის მტრად გამოცხადებამ და ეკონომიკური შესაძლებლობების უკრაინისკენ გადასროლამ, რათა უკრაინას ეომა რუსეთთან.
აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი ნეგატიურია. აშშ-ს არ სურს კონკურენტი ევროპა, მითუმეტეს მისკენ ხელგაწვდილი. აშშ-ევროკავშირის გაყრის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
რაც შეეხება თვით აშშ-ს, რამდენად არის მზად უკრაინაში ომის დასრულებისთვის? სურს თუ არა ტრამპს პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან?
ამ კითხვებზე პასუხი ჯერაც გაუცემელია. ტრამპი არ იჩენს ისეთ კატეგორიულობას უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც ნარკომან ზელენსკის და მის „ბანდას“ გონს მოიყვანდა.
აშშ-ი აგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიწოდებას. თუ ტრამპს სურს ომის შეწყვეტა, ამისთვის მას შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა; ნატოსთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა, იმისთვის, რომ ნატომ ეს იარაღი არ გადასცეს უკრაინას; უკრაინული კორუფციის დროული შესწავლა და დამნაშავე მაღალჩინოსნების, მათ შორის ზელენსკის ხელისუფლებიდან განდევნა.
ზელენსკის და მისი მეუღლის, ისე, როგორც ხელისუფლების კორუმპირებულობის ამბავი მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი ორი დღის წინანდელ ინტერვიუში აცხადებდა, თუ რამდენად კორუმპირებულია უკრაინა; რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეწარმავლების ბუდეა; რომ თავს დამნაშავედ გრძნობს უკრაინაში ბიზნესის წარმოებაში და ა.შ.
უკრაინამ გამოავლინა მთელი რიგი სიბინძურეები, რომლებიც კორუფციას უკავშირდება:
მცირეწლოვანი ბავშვების უცხოეთში გაყიდვა, ამ საქმეში ჩართულია ზელენსკის მეუღლის ელენას ფირმა. ბავშვებს ევროპელ პედოფილებზე ჰყიდიან, ისე, როგორც დახურულ სექს-კლუბებზე. ფრონტზე დაჭრილი მეომრებისთვის სასწრაფო ოპერაციის ჩატარება — შინაგანი ორგანოების, გულის, ფილტვის, ღვიძლის და ა.შ. ამოჭრის და 10 საათის განმავლობაში ევროპაში გადატანისთვის, სადაც ფულიანი დაავადებული ადამიანები ელიან უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებს. უკრაინელი სამხედრო კომისარიატების მიერ უკრაინელთა ქუჩაში დაჭერა და ფრონტზე ძალით გაგზავნა. ვისაც არ სურს ომი, მან 25000 დოლარი უნდა გადაიხადოს თავის გადასარჩენად. უკრაინული საშინელებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ყოველივე აღნიშნული იცის ტრამპმა, იციან ევროპელებმაც. მათ ისიც იციან, რომ ამერიკა-ევროპიდან მიღებული ფული ზელენსკიმ და მისმა „ბანდამ“ ჯიბეში ჩაიდეს. სრული შესაძლებელია, რომ ზელენსკი ფულის ნაწილს ევროპელ ლიდერებს მაკრონს, მერცს, სტარმერს, ფონ დერ ლაიენს უყოფდეს. ამის შესახებ სისტემატურად იწერება დასავლურ პრესაში.
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებდა, რომ კანში ყოფნის დროს ნახა უძვირფასესი ავტომანქანები, უკრაინული ნომრებით.
კორუმპირებული უკრაინელი მოხელეები ევროპის ქვეყნებში, აშშ-ი ყიდულობენ უძვირფასეს ვილებს. ერთ-ერთი უმეროვის ვიხილეთ ტელეეკრანზე. უმეროვი — უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, აშშ-ს მოქალაქეა. მისი ოჯახი აშშ-ი ცხოვრობს. თვით ზელენსკის ვილები გააჩნია ინგლისში, აშშ-ი, იტალიაში, საფრანგეთში, ისრაელში. ფული და განუზომელი სიმდიდრე ზელენსკის ომმა მოუტანა. ამიტომაც არ სურს მას ომის დასრულება. ომმა ფული ევროპელებსაც მოუტანა. არც მათ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
სურს თუ არა ტრამპს ომის დასრულება, ძნელი გამოსაცნობია. სიტყვით სურს, საქმით არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზელენსკის, მის ევროპელ პარტნიორებს „ყურები აუწიოს“. ტრამპს აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ იყენებს, რაც მაფიქრებინებს, რომ მას ომის დასრულებაზე მეტად, ომის გაგრძელება აწყობს.
ტრამპისთვის, რუსეთი მეტოქეა. და რახან ასეა, ის ისურვებდა, ომის გაგრძელებით, რუსეთის დასუსტებას, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მსგავსზე არსად არის ნათქვამი.
აშშ-ს ისტორიაში პირველად, კონცეფციაში არ არის ჩაწერილი რუსეთის, როგორც მტრის შესახებ.
ტრამპის მშვიდობის მტრედობას ჩრდილს აყენებს ვენესუელის ბლოკადა, გრენლანდიის საკუთრებად გამოცხადება, ნიგერიის დაბომბვა, მეზობელი კანადის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების გასაჯაროება.
ტრამპი, სხვისი ტერიტორიებისკენ მომზირალი, ვერ გახდება მშვიდობის მებაირაღე. ამ მიზნის მისაღწევად მან და მისმა ადმინისტრაციამ უნდა დაივიწყონ ლოზუნგი — „მშვიდობა, ძალისმიერი გზით“ ან ნარკოტრეფიკის აღსაკვეთად ვენესუელის ბლოკადა.
დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემებს, რომელმაც თავი იჩინა 2025 წელს, თუმცა ამის შესახებ ყველამ ვიცით, მათ შორის ხელისუფლებამაც. კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე, თითქმის ყველაფერზე რომ ასტრონომიული ფასებია, დღეს გაიგო ხელისუფლებამ?
გაქანებული ინფლაცია, რომ არის წლების განმავლობაში და სტატისტიკური სამსახური რომ გვატყუებს — ყველაფერი ნორმაშიაო, არ იცოდა ხელისუფლებამ?
ხელფასებს რომ იმატებდნენ, არ იცოდნენ რომ ფასების ზრდას გამოიწვევდა?
ხელფასიც არის და ხელფასიც, მაგრამ გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც პენსია 400 ლარს არ აღემატება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ვიღაც ბექაურს რომ ხელფასი 18000 ლარი აქვს, ხელისუფლებამ არ იცოდა? არც ის იცოდა, რომ მას 22 ელიტარული ბინა, მიწის ნაკვეთები, 8 ძვირადღირებული ავტომანქანა ჰყავს და სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ წილის 33%-ს მფლობელია — ესეც არ იცოდა?
ამ მაღაზიების ქსელიდან მისმა ჯიბემ, 2 წლის განმავლობაში მოგების სახით 41 მილიონი ლარი მიიღო — არც ეს იცოდა?
ბექაური, სახელმწიფო მოხელეა — უამრავი ბინების პატრონი. იმ სახელმწიფოს, სადაც აფხაზეთიდან ლტოლვილები ცხოვრობენ, მაგალითად ყოფილ სასტუმრო „უშბის“ ნომერში, არაუმეტეს 10 კვ.მ-ში ოჯახი, და ამ დროს მოხელე ბექაურს 22 ბინა. ვის-ვის, და სახელმწიფო მოხელეს თუ სინდის-ნამუსი არ გააჩნია, ხელისუფლებას ხომ უნდა ჰქონდეს?
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თურნავას ხელფასი 38000 ლარია — არ იცის ხელისუფლებამ?
საზოგადო ტელევიზიის დირექტორმა, 18000 ლარი რომ დაინიშნა თვირ ხელფასად, არ იცის ხელისუფლებამ?
როგორც ჩანს ხელისუფლებამ არც ის იცის, ხელფასები რომ მოუმატა საკუთარ თავს.
მტაცებელი ხელისუფლება, პატარა შანსსაც არ უტოვებს ადამიანებს და ქუჩაზე, თანაც მეათეხარისხოვანზე დახაზული ავტოსადგომის გზით მილიონებს იღებს მათ ჯიბიდან. დაარღვევ — დაჯარიმდები, თანაც ისეთი თანხით, მთელმა ოჯახმა რომ უნდა იხადოს, ჯარიმის გასაქვითად.
ხელისუფლება, რომელიც ჯარიმიდან ავსებს ბიუჯეტს, ვერაფრით ჩაითვლება საკუთარი მოქალაქეების მხრიდან ჰუმანურად.
მძიმე იყო 2025 წელი, რაც გვაფიქრებინებს, რომ 2026-ც მას დაემსგავსება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
28/12/2025
