29.12.2025

ასე იცის უჭკუო პოლიტიკამ

დღე ისე არ ჩაივლის, რაღაც სასიამოვნო არ გვითხრას ხელისუფლებამ. და ჩვენც, ამ სასიამოვნოს მომსმენნი, ვიცით რა, რომ ზღაპარს ვისმენთ, მაინც კმაყოფილნი ვართ, ვინაიდან ზღაპარი ლანძღვაზე უკეთესია.

მეზღაპრე ხელისუფლება, თავისი „მოღვაწეობის“ დადებითად წარმოჩინებას ცდილობს, ხალხის დარწმუნებას, რომ მისი კეთილდღეობისთვის ზრუნავს  —სუპერ-მარკეტების წარწერების მსგავსად — 7/24 საათიან რეჟიმში.

 ბოლო ასეთი ზღაპარი, მაპატიეთ, ხალხისთვის ზრუნვა, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სულ ახლახანს გაგვიმხილა — 2030 წლისთვის საქართველოს სოციალური მდგომარეობის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონემდე მიყვანა. ევროკავშირი კი ნებისმიერ ქართველში ისეთ აღმაფრენას იწვევს, როგორც კარგ დუქანში ხინკლის ჭამა, აი, ისეთში, ქუთაისში რომაა და რომელშიც პრემიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ისადილეს.

2030 წლისთვის თუ საქართველოს ეკონომიკას ისეთი პროგრესი ექნება, ევროკავშირს რომ გაუსწორდება, რაღა გვინდა ევროკავშირში?

ევროკავშირში შესვლა ხომ იმისთვის გვინდა მხართეძოზე წამოწოლილმა ევროკავშირული სოციალური სიკეთეებით ვიცხოვროთ?

მივიღოთ ბრიუსელური ფინანსური დახმარება, თუნდაც თავმოყვარეობის, თავისუფლების დაკარგვით, ლგბტ-ობის გაზიარებით, სხვა იმ „სიკეთეების“, ეს კავშირი რომ ცნობილია.

ფულით და სხვის მიერ საქმის კეთებით გვიზიდავს ევროკავშირი — ასე გვგონია ჩვენ, სრულიად უცოდინართ ევროკავშირული ცხოვრებისა. კობახიძის ზღაპარში მთავარი ისაა, გადაფაროს მის მიერ ნათქვამი — ევროკავშირთან ურთიერთობის 2030 წლამდე გაყინვასთან დაკავშირებით, რამაც ევროკავშირით აღგზნებულ, მე ვიტყოდი ახურებულ ქართველებში რისხვა გამოიწვია — როგორ თუ ვაჩერებთ ჩვენს სვლას ევროკავშირისკენ, ჩვენი სახლისკენო.

ევროპა ჩვენი სახლიაო — ასე არ გვეუბნებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ამ სისულელის პარალელურად  მილიონობით ფულს ტეხდა, ოქროს ზოდებთან ერთად, როგორც ნებისმიერი მიწიერი ქართველი, არა მეოცნებე, არამედ პრაქტიკულად მოაზროვნე. ასეთთა რაოდენობა ხომ ჭარბადაა „ოცნების“ ხელისუფლებაში?!

კობახიძე თავს იკავებს ევროკავშირში, როგორც საქართველოს სახლში დაბრუნებაზე, რაც აღაშფოთებს ქართველს. და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, გვამშვიდებს, რომ საქართველო სულ რაღაც 4 წელიწადში, ცხოვრების დონით ისეთი იქნება, როგორც ევროკავშირში. ქართველსაც ხომ ეს უნდა — „დარმაედულად“ ცხოვრება — რუსულ სიტყვას ვიყენებ, რომ კარგად მოვარგო დღევანდელ მომხმარებელ ქართველს.

ახლა კი სერიოზულად მივუდგეთ კობახიძის განცხადებას და დავსვათ კითხვა —შეძლებს თუ არა უეკონომიკო ქვეყანა კობახიძის ვირტუალური ოცნების შესრულებას. როგორც ჩანს, კობახიძე ცდილობს ხალხის მოტყუებას ან თუ ეს მიზანი არ აქვს და გულწრფელად გვეუბნება, კარგად არ ყოფილა მისი საქმე. და რატომ?

იმიტომ, რომ პროფესიით ჰუმანიტარი, შორს მყოფი ეკონომიკისგან იტყვის იმას, რაც მან თქვა. როგორც ჩანს, მან არც ქვეყნის ასავალ-დასავალი იცის, არც ეკონომიკა, არც ის, რომ მარტო ტურიზმიდან შემოსული ფული, რაც არ უნდა დიდი იყოს, ვერ განავითარებს ქვეყანას ევროკავშირის დონემდე. გარდა ამისა, ტურიზმიდან შემოსული ფული არ არის სტაბილური. მასზე სერიოზულ გავლენას ახდენს საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები, სხვადასხვა სახის დაავადებები, არასტაბილური ვითარება არა მარტო ქვეყანაში, არამედ მეზობელ ქვეყნებში და სხვა. გავიხსენოთ „კოვიდ-19“-ს ისტორია, რამაც არა მარტო ტურიზმი ჩაკეტა, არამედ ადმიანიც საკუთარ სახლში.

მსოფლიოში, ტურიზმით ცნობილი ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ა.შ. ამ დარგის გარდა მრეწველობით, ავტომშენებლობით, სოფლის მეურნეობით არიან ცნობილნი. ტურიზმი მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მეტად, ვიდრე სხვა დარგები. საქართველოს არც მრეწველობა აქვს, არც სოფლის მეურნეობა, არც ეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი დარგები. მარტო ხაჭაპურით, ჩურჩხელით, ბორჯომით, ღვინით ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი ვერ მიიღწევა.

კობახიძეს თავში ჰქონდა საქართველოს სოციალური პირობების გაუმჯობესება ევროპელთა დონემდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული ხელფასები იყოს საქართველოში, ისე, როგორც პენსიები. ევროპული ხელფასები აქვთ პარლამენტარებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ბანკირებს და ა.შ. მაგრამ პროცენტულად ეს ჯგუფი ჩამოუვარდება ხალხის რაოდენობას, უბრალო მომაკვდავებს, როგორც ხელისუფლება თვლის მათ.

რა ვუყოთ პენსიონერებს, რომელთა რაოდენობა ლამის 900 ათასია, მათი მიზერული პენსიით?

შეძლებს ქვეყნის ბიუჯეტი მათი პენსიების ევროპულ დონეზე გაზრდას მომავალი 4 წლის განმავლობაში?

პენსიის ოდნავი მომატებაც კი კატასტროფულ ინფლაციას რომ გამოიწვევს, კობახიძისთვის უცნობია?

მოიმატეს ხელფასები პარლამენტარებმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და იმავე დღეს კვების პროდუქტებიდან დაწყებული, ყველაფერზე მოიმატა ფასებმა.

ევროპული სოციალური პირობების შექმნა საქართველოში შეუძლებელია. არის ერთი გამოსავალი, ქართველების ევროპაში გადასახლება, რასაც აქვს ადგილი კიდევაც.

საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესები გვეუბნება, რომ სხვაგვარად უნდა ვიაზროვნოთ — პრაგმატულად, ამ პროცესების გათვალისწინებით. ჩვენს მეზობლებში მეოთხე წელია მიმდინარეობს ომი, რამაც უსერიოზულესი გავლენა იქონია ევროპა-ამერიკაზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენ, რატომღაც მზის სათვალეებით ვუყურებთ მოვლენებს და ტურიზმის განვითარების იმედი გვაქვს. წამითაც არ ვფიქრობთ, რომ მეტნაკლებად მშვიდი ცხოვრება წამში შეიძლება გაქრეს. ვართ კი ამისთვის  მზად? არის ხელისუფლება მზად ვითარების გაუარესებისთვის?

ევროპა ომისთვის ემზადება, რუსეთთან 2030 წელს ომის დაწყებისთვის. და თუ ამას ექნა ადგილი ჩვენ, რუსეთის მეზობლად მყოფს არ შეგვეხება?

კობახიძის ზღაპარი მაშინ ახდება — თითქმის მილიონამდე პენსიონერს ხელისუფლება თუ დროულად გაუყენებს საიქიოს. ახალგაზრდებს — ევროპისკენ, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.

გაგიგიათ ალბათ „დიპ სტეიტის“ პროექტის „ოქროს მილიარდის“ შესახებ. პროექტით გამიზნულია მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მილიარდამდე დაყვანა. ამერიკული ვირუსოლოგების მიხედვით, „კოვიდ-19“-იც ამ გეგმის განხორციელებისთვის იქნა შექმნილი, თუმცა შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც „დიპ სტეიტი“ გეგმავდა — სულ რაღაც 20 მილიონი მსხვერპლი.

დასავლელი ექსპერტების, სოციოლოგების მიხედვით, ლგბტ-ობაც იმიტომ იქნა შემოღებული, რათა შემცირებულიყო შობადობა. საქართველოში ლგბტ-ობამ ვერ იხარა, ისე, როგორც ტრანსვესტიტობამ, მაგრამ ევროკავშირთან დაახლოებამ სრული შესაძლებელია, რომ ვითარება შეცვალოს — ამ „მოძღვრების“ სასარგებლოდ.

ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც ღრუბლებში დაფარფატებს აბსტრაქტული გეგმებით და მეორე მხარესაა ხალხი — ამ ხელისუფლების ხუშტურებით დაპრესილი. ხალხი, რომელიც მოთმინებით ეგუება შუქის, წყლის, ხანდახან გაზის გამორთვას. თბილისელები ეგუებიან ქალაქის მერის მიერ გაღებულ საახალწლო „საჩუქარს“ ავტომანქანების სავალ გზაზე საახალწლო „ქალაქის“ მოწყობით, რაც 24-საათიან საცობს იწვევს რუსთაველის პროსპექტზე — მძიმე გამონაბოლქვით, მძღოლებისთვის პრობლემების შექმნით.

იმ საზარელ საბჭოთა კავშირში, როგორც დღევანდელი პოლიტიკოსები უწოდებენ წარსულს, ნაძვის ხის ზეიმი იმართებოდა სპორტის სასახლეში, სხვადასხვა დახურულ სივრცეში; ბავშვებს ურიგდებოდათ მოსაწვევი ბარათები და საახალწლო საჩუქრები.

საბჭოური საახალწლო ზეიმი ისტორიას ჩაბარდა. მის ნაცვლად შემოვიდა კომერცია — აი, ასეთი, რესპუბლიკის მოედანზე აშენებულ საახალწლო ქალაქში — ბავშვთა მატარებელიც დადის — ბილეთი 10 ლარი.

ნუთუ არ შეიძლებოდა საახალწლო ქალაქის კიროვის ბაღში, მუშტაიდში, „პესკებზე“, სხვა ღია სივრცეში მოწყობა? დახურული კი სპორტის სასახლეში, ფილარმონიაში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის დარბაზში?

შეიძლებოდა, მაგრამ არა. მაშინ ქალაქელები არ შეწუხდებოდნენ, რაც ქალაქის მერიის გეგმაში არ შედის. ქალაქის მერის და მერიისთვის მთავარი ქუჩის გადაკეტვაა, ხალხი რომ შეწუხდეს, ყურადღება რომ მიაქციოს მერიის შემოქმედებას. ტყუილად კი არ იწონებს თავს მერი კალაძე — ნახეთ რა საახალწლო საჩუქარი გავუკეთეთო ხალხს?!

კობახიძის მიხედვით, საქართველო ევროკავშირისკენ მიდის და 2030 წელს გაწევრებას აპირებს. ქალაქის მერი და „ოცნების“ გენერალური მდივანი კალაძე კი ისე ლანძღავს ევროკავშირს, როგორც უპირველეს მტერს, რაც ერთს ნიშნავს — ევროკავშირისთვის ზურგის შექცევას.

პარტიის ხელმძღვანელსა და გენერალურ მდივანს შორის აზრთა სხვაობა ნათლად მეტყველებს თვით პარტიის ჩამოუყალიბებლობაზე ისეთ საკითხში, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრება.

უჭირს პარტიას თქმა იმისა, რომ ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც საქართველო უნდა იყოს. კალაძემ ბრძანა — ევროკავშირს არასდროს უფიქრია ქართველ ხალხზე, ის საკუთარ თავზე ფიქრობდაო.

ჰოდა, თუ ასე ფიქრობთ, პატივცემულო ხელისუფლებავ, დროულად გადმოდგით ნაბიჯი უკან და დაიწყეთ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა  არა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, არამედ ხალხის მოთხოვნით. ხალხის, რომელიც მიუხედავად 30-წლიანი ანტირუსული ზეწოლისა, მაინც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ითხოვს. რუსი დიპლომატის განცხადებაზე, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა, პაპუაშვილმა უპასუხა — ჩვენც გვინდა, მაგრამ მას შემდეგ, როცა რუსეთი გააუქმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასო. არის რამე ახალი პაპუაშვილის პასუხში?

არც არაფერი! რას ნიშნავს ეს?

2008 წლიდან მოყოლებული ერთი ადგილის ტკეპნას — ქვეყნისთვის და ხალხისთვის მიუღებელს.

პაპუაშვილს და მის კოლეგებს ჰგონიათ, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებას არ მოჰყვება მისი მხრიდან საქართველოზე მავნებლური ზეწოლა. ასეთ დროს ზურგს უნდა გიმაგრებდეს „დათვი“, რომლის შიშით და რიდით ბრიუსელი ვერაფერს გაგიბედავს. სამეზობლოში „დათვი“ რუსეთია — ევროპელი ლიდერებისადმი ხისტად განწყობილი.

რაც შეეხება დაკარგული ავტონომიების დაბრუნებას — აბსტრაქციაა და მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აუხსნას ხალხს, რომ ყოფილი ავტონომიების დაკარგვა საქართველოს ხელისუფლების ბრალია და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მმართველი პარტიის. ხელისუფლება ხალხს დაპირდა აღნიშნული ორგანიზაციის კანონგარეშედ გამოცხადებას, მაგრამ დანაპირების ასრულება არ ჩანს. წელი კი თავდება.

დამნაშავეა „ნაციონალური მოძრაობა“ ომის გაჩაღებაში, რასაც ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. დამნაშავეა პირადად მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც არა მარტო ომი გააჩაღა, არამედ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან ამოიღო პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს მოლაპარაკება უნდა დაეწყო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მათი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის სტატუსის  განსასაზღვრად.

მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა სააკაშვილს — რატომ გააკეთა ეს, გაუგებარი პასუხი მიიღო. ეს პუნქტი რუსეთის მიერ იყო შეტანილი ხელშეკრულებაში. ნაცვლად ამისა სააკაშვილმა ისევ მუქარა დაიწყო — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რამაც აიძულა რუსეთი ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა, რათა თავიდან აეცილებინა ახალი ომი.

რუსეთს უდავოდ არ აწყობდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მას ერთიანი საქართველო, რუსეთთან ურთიერთობაში მყოფი ხიბლავდა.

რა გაეწყობა, „ჭკვიანმა“ ქართველებმა გავაკეთეთ ყველაფერი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაკარგად და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ, უდანაშაულოს ვდებთ ბრალს.

რაც ზემოთ გითხარით და რასაც ქვემოთ გეტყვით,  სხვისი ნათქვამის გამეორება არ არის, საკუთარი გამოცდილებაა, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, შემდეგ საქართველოს უზენაეს საბჭოსა და პარლამენტში მუშაობის დროს შევძინე.

საბჭოთა პერიოდში ყოფილ ავტონომიებში მეტნაკლებად მოგვარებული იყო სოციალური საკითხები, მაგრამ იყო ისეთიც, რომელიც სერიოზულ დაფინანსებას მოითხოვდა. მათ შორის ცხინვალის სასმელი წყლით მომარაგება. ცხინვალს წყალი მიეწოდებოდა, მაგრამ სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო, მას შეერია ფეკალური წყალიც. ავტონომიის ოლქის ხელმძღვანელი ფელიქს სანაკოევი აყენებდა ამ საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. გადაწყდა ცხინვალის წყალგაყვანილობის გამოცვლა.

 ფელიქს სანაკოევმა ერთხელ კიდევ შეახსენა საკითხი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს გიორგი ძოწენიძეს — ჩრდილო ოსეთისკენ ავტომანქანით მგზავრობის დროს.

ძოწენიძე, სანაკოევთან ერთად, ჩემი თანხლებით, მიწვეული იყო სამხრეთ ოსეთის გასაბჭოების 50-წლისთვის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ძოწენიძე დაპირდა სანაკოევს საკითხის დაჩქარებას.

წყალსადენის რეკონსტრუქცია დაიწყო, მაგრამ გაჭიანურდა მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული პრობლემებით, ქაოსით, რომელიც შეიქმნა ყოფილ საბჭოთა სივრცეში — ნაციონალური მოძრაობის გააქტიურებით; ნაციონალისტურად, სეპარატისტულად მოაზროვნე სამხრეთ ოსეთელი პარტიების მიერ ოსთა ანტიქართული განწყობის დაღვივებით; საქართველოს ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნეგატიური ნაბიჯებით და ა.შ.

 სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე არაერთ სისხლიან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თბილისს, სოხუმს, ცხინვალს შორის. დაპირისპირების შეჩერება რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა შეძლო.

გადაწყდა, რომ სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის შეტაკებებს წერტილი დაესმებოდა.

დაპირების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნა სამშვიდობო ძალები რუსი და ქართველი სამხედროებისგან, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ე.წ. საზღვარი საქართველო-სამხრეთ ოსეთ შორის. ხელშეკრულების საკონტროლოდ ეუთომ გამოჰყო დამკვირვებლები. ეუთომ, რუსეთთან ერთად ითავა თბილის-ცხინვალის პრობლემების გადაჭრა.

საკითხის მოგვარებამდე, სამხრეთ ოსეთი რჩებოდა საქართველოს კანონმდებლობიდან გასულ რეგიონად. სააკაშვილმა, აშშ-ს ზოგიერთი პოლიტიკოსის კარნახით გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნება. აგრესიის დაწყებისთანავე დახოცილ იქნენ რუსი მშვიდობისმყოფელები, ისე, როგორც ცხინვალში მცხოვრებნი. აგრესიულმა ნაბიჯმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს გადააწყვეტინა ცხინვალში ჯარის შეყვანა.

გასულ ზაფხულს ქართველმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინს. ამ უკანასკნელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთს, სრული უფლება ჰქონდა ჯარის შემოყვანის საკუთარი მშვიდობისმყოფელების დასაცავად.

მაშინაც და დღესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს ჰქონდა კანონიერი უფლება სამხედრო ძალით შესულიყო ცხინვალში, ვინაიდან სამხრეთ ოსეთი ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყოო.

სცდებიან! სამშვიდობო ძალების ჩაყენება და აღნიშნული პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება ითავა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც დააფიქსირა გაერომ. სამხრეთ ოსეთი იმჟამად, ჩვენი გაგებით, ითვლებოდა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ რეალურად საკამათო საკითხი იყო, რომელიც უნდა დაერეგულირებინა მოლაპარაკებას.

რა ამოძრავებდა სააკაშვილს აგრესიის დაწყების წინ? ნუთუ ის, ისეთი ბეცი იყო, რომ ვერ ვარაუდობდა რუსეთის სამხრეთ ოსეთისადმი გამოსარჩლებას?

სრული შესაძლებელია, რომ მას არ ეფიქრა ამის თაობაზე, ვინაიდან ალბათ დარწმუნებული იყო რუსები თავიანთი „ჟანგიანი“ ტანკებით (ოქრუაშვილის განცხადება) ვერ გაბედავდნენ საპასუხო სამხედრო ნაბიჯის გადადგმას.

რა იყო სააკაშვილის მიზანი — სამხრეთ ოსეთის დაბრუნება თუ აშშ-ს სენატორის მაკკეინისადმი მხარდაჭერა?

იკითხავთ — მაკკეინი რა შუაშიაო?

2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა აშშ-ი, რომლის დროს გამოიკვეთა 2 ფავორიტი, ობამა და მაკკეინი. მაკკეინის საგარეო პოლიტიკის გამოსახატავად საჭირო იყო აშშ-ს მიერ მტრად მიჩნეული რუსეთის კრიტიკა და ამ კრიტიკით სასურველი ქულების დაგროვება. მძაფრი კრიტიკისთვის კი საჭირო იყო საბაბი — რუსეთის აგრესიის ამსახველი მეზობელი ქვეყნის, საქართველოს მიმართ, რაც სააკაშვილმა პირნათლად შეასრულა ამერიკელი სენატორის დასახმარებლად.

ცხინვალში, რუსული ტანკების შემოსვლას მოჰყვა ენით აუწერელი კრიტიკა. არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი პოლიტიკოსი, ვისაც რუსეთის მოქმედება არ გაემათრახებინა. კრიტიკოსთა შორის იყო სენატორი მაკკეინიც, რომელმაც მკაცრი კრიტიკით ამერიკელ ამომრჩეველთა გარკვეული მხარდაჭერაც მოიპოვა, მაგრამ დროებით.

სააკაშვილმა, საკუთარი ქვეყნის ხარჯზე ჩაატარა რუსეთის გამოცდა, ასერიგად რომ აინტერესებდა დასავლეთს — გასცემდა თუ არა რუსეთი პასუხს საქართველოს და რა მასშტაბისა იქნებოდა ის.

სააკაშვილის გაიძვერული მოქმედება მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, რასაც დღეს იმკის ტერიტორიებდაკარგული ქვეყანა. კითხვა — შეძლებს საქართველო დაკარგულის დაბრუნებას?

ვერ შეძლებს! და რომ ვერ, ხელისუფლებამ უნდა უთხრას ხალხს.

ტერიტორიების დაბრუნებას სჭირდება ომი. ომით დაკარგული, ომით ბრუნდება და არა მოლაპარაკებით. ჩვენ ომით  დავკარგეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოგებულნი არიან. მოგებული, მოგებულს თავისთან იტოვებს. წაგებულს არაფერს უბრუნებს და თუ ასეთ ნაბიჯს გადადგმას, საკუთარი ხალხის აღშფოთებას გამოიწვევს.

საერთაშორისო მოლაპარაკებით, ზეწოლით და ა.შ. აიძულებენ სოხუმსა და ცხინვალს დაუბრუნდნენ საქართველოს?

ვერ აიძულებენ! მხოლოდ ძალისმიერი გზით არის შესაძლებელი იძულება. ძალა კი საქართველოს არ გააჩნია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისა და თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნების მიერ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოებია. ამ მაღალი სტატუსიდან საქართველოში ავტონომიის მიღების მიზნით დაბრუნება, რაც არ უნდა „ფართო“ ავტონომია უნდა იყოს — აბსურდია.

ვერც რუსეთი, ვერც აშშ,  ვერც ევროკავშირი ვერ აიძულებენ წასულებს დაბრუნებას. ასე რომ, ტყუილია მტკიცება იმისა, რომ ე.წ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დაგვიბრუნებენ დაკარგულს. მათ დრო გაჰყავთ — ახალი თაობის, ახალი პოლიტიკოსების მოსასვლელად საქართველოში, რომელთა დამოკიდებულება ყოფილი ავტონომიების მიმართ შერბილებული იქნება.

თუ რუსეთი არ დაგვეხმარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში, რატომღა უნდა აღვადგინოთ მასთან პოლიტიკური ურთიერთობები? — ასეთი კითხვაც ისმის აქ.

იმიტომ პოლიტიკოსებო, რომ დაკარგულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სხვა არ მივუმატოთ. რუსეთთან ურთიერთობით სტაბილურობა უნდა მოვიტანოთ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერვინ ივარაუდებს აღნიშნულ მეზობლებთან ჩვენს ხვალინდელ ურთიერთობებს.

საქართველო, ისრაელი არ არის, რომელიც მტრულ არაბულ გარემოცვაში ცხოვრობს აშშ-ს დახმარებით. აშშ-ს შიშით ისრაელს ხმას ვერვინ უბედავს. ვინც გაუბედა — ამერიკული „სამშვიდობო ბომბი“ მიიღო საკუთარ სახლში, ირანი მყავს მხედველობაში.

ჩვენი ერთადერთი დამხმარე რუსეთია. ასე იყო საუკუნეთა განმავლობაში. ასე იქნებოდა დღესაც, ჩვენ რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები გვქონოდა რუსეთთან.

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში დავით თარხან-მოურავმა ბრძანა — აფხაზებს და სამხრეთ ოსეთელებს არ სურთ ჩვენთან ცხოვრებაო. იქ ბავშვობიდან ზრდიან თაობას საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილსო.

სხვა მოლოდინი არც შეიძლებოდა გვქონოდა ომის გამჩაღებლებს. ისინი ისე იქცევიან, როგორც ჩვენ. ჩვენც ხომ 1989 წლიდან გვძულს რუსეთი და საზოგადოებასაც რუსთა სიძულვილით ვზრდით?!

თარხან-მოურავის საჭირბოროტო თემას „არაბულ სოფლებთან“ დაკავშირებით არ მოჰყოლია მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა. მიტინგი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა რუსთაველის ძეგლთან, უბადრუკად გამოიყურებოდა — ხალხის სიმცირის გამო. გავაგრძელებთ საპროტესტო გამოსვლებსო — გვეუბნებიან „პატრიოტები“, თან იმასაც ამბობენ, რომ მათი მიზანი ევროკავშირში შესვლაა. იმ კავშირში, რომელიც სისტემატურად ლანძღავს საქართველოს — კანონების მიღებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ფილოსოფიას.

მაქვს კითხვა — ხალხს, რომ ტვინს უბურღავთ — მიზანი ევროკავშირში შესვლააო, უბრალო სიტყვის მასალაა თუ თქვენი გულწრფელი სურვილი?

მეორის შემთხვევაში, თქვენც იმ პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, რამაც გადააგვარა ქართველი,  დაავიწყა რეალური ცხოვრება და ნაცვლად  ვირტუალურში გადაიყვანა — ქართველს, პარტია „ქართული ოცნების“ მოჩვენებითი ოცნება გადააფარა, მოჩვენებითი მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მაგრამ საკუთარი თავისთვის სრულიად ხელშესახები. აი, ასეთი, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ რომ ბრძანა — უძვირფასესი ავტომანქანა „ფერარის“ მაღაზიის გახსნაზე:

„ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში „ფერარის“ მაღაზია გაიხსნებოდა, დღეს ეს რეალობაა, ვინაიდან ხალხის შემოსავალი გაიზარდაო“. „ხალხში“ კობახიძე თავის კოლეგა მთავრობის წევრებს გულისხმობდა, თორემ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის „ფერარი“ ისეთი მიუწვდომელია, როგორც პლანეტა მარსი. ამ ავტომანქანის შეძენას პენსიონერთა მთელი შემადგენლობა, ერთად აღებული ვერ შეწვდება.

თვით კობახიძე და მისი კოლეგები უდავოდ მოახერხებენ. გაძვალტყავებულ ქვეყანაში, რომ ძვირადღირებული ავტომანქანის მაღაზია გაიხსნება და პრემიერ-მინისტრი სიამაყით დააფიქსირებს ფაქტს, ხომ არ გამოიწვევს ისედაც გაჭენებული სახელმწიფო კორუფციის თავდავიწყებულ ჭენებას; ხელისუფლებიდან ყველას ერთმანეთის „თვალის დასაბრმავებლად“ ხომ არ მოუნდება „ფერარით“ კუნტრუში თბილისის დანგრეულ ქუჩებზე?

„ფერარისტების“ წყალობით  ხომ არ გაფართოვდება უფსკრული ერთ მუჭა მდიდრებსა და უპოვარ დანარჩენ მოსახლეობას შორის?!

როგორც ჩანს, კობახიძე საკუთარ აზრს პირიდან ისვრის, ტვინში გაუტარებლად.

დასკვნისთვის. 30 წელზე მეტია ვებრძვით რუსეთს, ვლანძღავთ, რას არ ვუწოდებთ მას; ვეხუტებით თურქეთს და ამ სექსუალურ ხვევნა-კოცნაშიო ვკარგავთ აჭარას. აქვე ვიტყვი — აფხაზეთი რომ ჩვენი ყოფილიყო, მასაც თურქეთი წაგვლეჯდა  — უტყვიოდ, სიტყვით, ლოცვით.

არ გვინდოდა და არ გვინდა რუსეთი, ერთმორწმუნე, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი დამცველი. ნაცვლად ვიღებთ არაბულ დასახლებებს. ასე იცის უჭკუო პოლიტიკამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

22/12/2025