სხვისი ფულით მოხიბლული ხალხი
საქართველოს დღევანდელი თაობა მოესწრება მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სისტემის კარდინალურ ცვლას. ინიციატორი აღნიშნულისა აშშ-ი და მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია — ბიზნესმენი, მილიარდერი, მსოფლიო პოლიტიკაში ნაჯახივით შემოჭრილი.
ტრამპზე ძნელია თქვა, რომ ის ბიზნესმენია და არა პოლიტიკოსი, რომელსაც 4-წლიანი ერთი საპრეზიდენტო ვადა უკვე გავლილი აქვს. ტრამპი — ბიზნესმენი ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატების მქონე, შემთხვევით არ გახდა პოლიტიკოსი, მას მუდამ იზიდავდა ეს დარგი, იბრძოლა და მიაღწია პრეზიდენტობას ქვეყნისას, რომელიც დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო ჰეგემონის სახელს, ინარჩუნებს ძველი ავტორიტეტით, შექმნილით მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. ახალი მას არაფერი შეუქმნია.
ერთპოლუსიანი მსოფლიოს თავშიც აშშ-ი, საბჭოთა კავშირის დაშლის და მსოფლიოში მიმოფანტული 800-მდე სამხედრო ბაზის წყალობით მოხვდა. ისტორიას ვარაუდებით ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ თქმა იმისა, რომ ამერიკა მსოფლიო ჰეგემონობას ვერ მიაღწევდა კონკურენტი საბჭოთა კავშირის არსებობის შემთხვევაში, ისეთია, უდავოდ რომ შეეფერება სინამდვილეს.
ზოგს მიაჩნია, რომ აშშ-ა მსოფლიო პირველობისთვის ბრძოლაში დაამარცხა საბჭოთა კავშირი, რაც ამ ქვეყნის სიძლიერეზე მეტყველებს. მიუხედავად ანტისაბჭოური მეცადინეობისა, ღია თუ ფარულ, საიდუმლო ფორმატში, აშშ-ი ვერ დაამარცხებდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი დაამარცხეს თვით საბჭოელებმა, კომპარტიის მაღალ საფეხურზე მყოფმა, ქვეყნის მოღალატეებმა.
საბჭოთა კავშირი შიგნიდან გატყდა ისე, როგორც ციხესიმაგრე — ისტორიიდან რომ ვიცით. აშშ-ს პრაგმატულობა კი ისაა — გატეხილ ციხესიმაგრის ალაყაფთან, პირველი რომ მივიდა, მაგრამ იყო სხვა, ვინც აშშ-ს დაასწრებდა ციხის ღია ალაყაფში შესვლას?
არც არავინ.
ევროპის ქვეყნები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — ამერიკული „მარშალის გეგმით“ ფეხზე დამდგარი, მაგრამ აშშ-ს პოლიტიკური დიქტატის ქვეშ მყოფი, ვერც კი შეუბედავდა აშშ-ს კონკურენტობას, საბჭოეთის ღია კარში შესავარდნად.
აშშ-ა, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ლანგრით მორთმეული ჰეგემონობა მიიღო, შეირგო და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე მშვენივრად გრძნობს თავს ჰეგემონის სავარძელში.
გრძნობდა, მაგრამ დღეს ვეღარ გრძნობს. და რომ ვერ, ტრამპი ცდილობს ისტორიის ჩარხის ტრიალი შეცვალოს — არა მსოფლიო ჰეგემონის, არამედ ახალი მსოფლიო კავშირის გავლენიანი ავტორიტეტული წევრის ამპლუაში, რაზეც ღაღადებენ ბოლო დღეების ამერიკული გაზეთები, რომლებიც ვარაუდობენ მსოფლიოს ახალი კავშირის შექმნაზე, ნაცვლად „შვიდეულისა“ ასეთი შემადგენლობით — აშშ-ი, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, იაპონია.
გაზეთებში, როცა ასეთი კავშირის ჩამოყალიბებაზე ჩნდება სტატიები, ვარაუდია თუ საცდელი გასროლა, რომლის მიზანი მსოფლიო საზოგადოების მიპყრობაა ახალი მსოფლიო გადანაწილებაზე?
პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკამ, მისმა ვითომ გაუგებარმა ტაქტიკურმა თამაშმა მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე, ხომ არ გაუკეთა ინიცირება ამგვარი ვარაუდების გამოქვეყნებას?
ვგონებ კითხვაც უადგილოა.
უკრაინის ომმა, რუსეთის მიერ წარმოებულმა, ამ ომისადმი ევროკავშირ-ნატოს მიდგომამ, უკრაინისთვის მხარდაჭერამ, რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის ტერიტორიების საკმაო ნაწილის დაკავებამ, რუსეთის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სიმკვრივემ, ჯარისთვის ახალი სმხედრო ტექნიკის მიწოდებამ, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში ვერ მოქცევამ, აიძულა ტრამპი გადაედგა ნაბიჯი, რომელიც მსოფლიოს ახალი გადანაწილების მომასწავებელი იქნება. დავუმატოთ ამას „შოსის“, „ბრიკსის“ პოპულარობის ზრდა მთელს მსოფლიოში, მათი მხრიდან მწვავე კონკურენცია „დიდ შვიდეულთან“, „დიდ ოცეულთან“ — ეკონომიკური მონაცემებით გამყარებული.
პოლიტიკაში ჩახედულთათვის გასაკვირი არ იყო ტრამპის განცხადება, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო „დიდ შვიდეულში“ მერვე წევრად, ანუ „დიდი რვიანი“ უნდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ობამას და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტრიუდოს დაჟინებული მოთხოვნით რუსეთი გააძევეს „დიდი რვიანიდან“, რის შემდეგ ის, ისევ იქცა „დიდ შვიდეულად“.
ტრამპმა თქვა, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ამ ფორმატს. და არა მარტო რუსეთი, ჩინეთიც უნდა იყოს „დიდ ცხრიანში“.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გამოთქვა, მაგრამ თავი შეიკავა თანხმობაზე კომენტარით — რატომ ჰქვია „დიდ შვიდეულს“ დიდი, რით არიან ქვეყნები, „შვიდიანის“ წევრები სხვაზე დიდი — ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა თვალსაზრისით?
აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, იაპონია, იტალია კარგა ხნის წინათ რაღაცას წარმოადგენდნენ — ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ დღეს?
სუსტი ეკონომიკური ზრდის ტემპით, სხვა პარამეტრებით მათ დაკარგეს კონკურენტუნარიანობა და მასთან ერთად ავტორიტეტი.
ტრამპი ხედავს ყოველივე აღნიშნულს და პოლიტიკოს-ბიზნესმენის, ბიზნესმენ-პოლიტიკოსის გონებით ცდილობს გამოსავლის მოძებნას. ამას უკავშირდება ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ნატოში ყოფნა-არყოფნის შესახებ ან ნატოს დაშლის თაობაზე, ევროკავშირიდან მთელი რიგი ქვეყნების გასვლის და ევროკავშირის დაშლის შესახებ. სტატიები ევროპა-აშშ-ს ურთიერთობებს ეხება და მათ შორის გაჩენილ უფსკრულს, ერთმანეთის მიუღებელი სიტყვებით შემკობას.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ტრამპმა სინანულით განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს სუსტი ხელმძღვანელები ჰყავთ, ამასთანავე სულელები.
ტრამპს არ მოსწონს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გერმანიის კანცლერი მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი იმიტომ, რომ არ იზიარებენ ტრამპის სამშვიდობო გეგმას უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ტრამპს არ აწყობს ევროპის პოზიცია უკრაინის მუდმივ შეიარაღებასთან და ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შიშობს, რომ რუსეთი მთელს უკრაინას დაიპყრობს. და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, ნატო და ევროკავშირი ომს დაუწყებენ რუსეთს, რაც მე-3 მსოფლიო ომის გაჩაღება იქნება — ბირთვული იარაღის გამოყენებით.
ტრამპმა იცის, რომ ევროპა ამ ეტაპზე ვერ გაუმკლავდება რუსეთს სუსტი სამხედრო ძალებით და აიძულებს აშშ-ს ჩაერთოს რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში.
ტრამპს არავითარი სურვილი არ აქვს იომოს რუსეთთან, რომლის უახლესი სამხედრო იარაღი, განსაკუთრებით ბგერაზე 20-ჯერ სწრაფი და დიდი მანევრირების მქონე რაკეტები მომაკვდინებელ დარტყმას აგემებენ ამერიკას, გაანადგურებენ დიდ ბრიტანეთს, სხვა ევროპულ ქვეყნებს, ისე, რომ მომლაპარაკებელიც აღარ იქნება. — აღნიშნულის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა ჟურნალისტებთან.
წინა სტატიაში გითხარით სუეცის არხის კრიზისთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ანტიეგვიპტური სამხედრო ინტერვენციის განხორციელების თაობაზე, რომელმაც გაახელა სსრკ-ს მეთაური ხრუშჩოვი თავდაცვის მინისტრ ჟუკოვისთვის დასმული შეკითხვით — რამდენი ატომური ბომბი დასჭირდება ბრიტანეთის ჩასაძირად?!
6-8 — იყო ჟუკოვის პასუხი.
რუსულ რაკეტას, ზებგერითს და მაღალი მანევრირების მქონე „სარმატს“ 10 ბირთვული რაკეტა მიაქვს, თითოეულის დამანგრეველი ძალა 10-ჯერ და მეტად აღემატება ამერიკელების მიერ იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში 1945 წელს ჩაგდებულ ბომბებს.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების გაანგარიშებით, რუსეთის ახალი წყალქვეშა რაკეტა, რომელიც წყალში ღრმად ცურავს, თანაც დიდ მანძილზე, იწვევს ხელოვნურ ცუნამს — 6-8 მეტრიანი ტალღებით, რაც სრულიად საკმარისია აშშ-ს, სხვა ქვეყნების ზღვასა და ოკეანის-პირა ქალაქების განადგურებისთვის.
პრეზიდენტმა ტრამპმა იცის აღნიშნულის შესახებ და იძულებულია რუსეთის მიმართ შემრიგებლური ნაბიჯი გადადგას, რასაც არ იზიარებენ ევროპული ლიდერები, რომელთა მიზანი უცვლელია — რუსეთის წინააღმდეგ სხვისი ხელით ომი, ანუ უკრაინის. გარდა ამისა, თვით ისინი ემზადებიან რუსეთთან საომრად 2030 წლისთვის, ვინაიდან მაშინ ეყოლებათ ევროპის შესაბამისი ჯარი, აღჭურვილი ახალი იარაღით, მანამდე საზარბაზნე ხორცად უკრაინელი გამოიყენება.
ტრამპს არ ხიბლავს შავ-ბნელი პერსპექტივა და თვლის, რომ ევროპა გონს უნდა მოეგოს, შეეშვას დამღუპველ პოლიტიკას, იფიქროს დიპლომატიაზე და არა მილიტარიზმზე. და როდესაც ხედავს, რომ ევროპა ბინძურ საქმიანობას არ ეშვება, სულელს უწოდებს მას.
ევროპელთა მიერ წაქეზებული უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი არ იზიარებს ტრამპის სამშვიდობო გეგმას, არ აპირებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას, რასაც დაბეჯითებით ითხოვს ტრამპი; არ აპირებს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ყირიმის, დონბასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს რუსეთის კუთვნილებად აღიარებას.
ზელენსკი, ტრამპისგან ითხოვს უსაფრთხოების ისეთ გარანტიებს, როგორიც უკრაინას ნატოში ყოფნის შემთხვევაში ექნებოდა, ანუ უსაფრთხოების დარგში უკრაინის აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარება. ასეთი აშშ-ს აქვს ისრაელთან.
ტრამპს, როგორც ჩანს არ აწყობს უკრაინის „შვილად აყვანა“ და მოუწოდებს ზელენსკის გონიერებისკენ.
აი, ასეთ გაწევ-გამოწევას აქვს ადგილი ტრამპის ადმინისტრაციას, ევროპასა და უკრაინას შორის.
ევროპა-უკრაინა დროის გაყვანის პოლიტიკას ადგანან. ორივეს სურს ომის გაგრძელება, მეტი შემოსავლის მიღებისთვის, პარალელურად რუსეთის დასუსტებისთვის. ორივესთვის ომი საკუთარი პოზიციების და სავარძლების შენარჩუნებაა, მაგრამ სადამდე?
ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე — პროგრამა მაქსიმუმი, მომავალი წლის შუალედურ არჩევნებამდე — პროგრამა მინიმუმი. მათი აზრით, კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელები დამარცხდებიან, რაც ტრამპს არ მისცემს თავისუფალი მართვის საშუალებას. შემდეგ კი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ტრამპი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.
წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო — ისეა ევროკავშირ-უკრაინის საქმე. ევროკავშირმა თავისი ცუდი მუშაობით აიმხედრა ყველა, უპირველესად აშშ-ი. იმდენად გააუარესა ურთიერთობა რუსეთთან, რომ მინიმალური პერსპექტივა გამოსწორებისა აღარ დატოვა.
ევროკავშირი თავისი ბრუსელური შტაბ-ბინით იქცა „მეოთხე რეიხად“. თვით ევროპარლამენტართა მიხედვით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების პირველ დამრღვევად, წევრი ქვეყნების მიმართ მკაცრი, სადამსჯელო ზომების გამტარებლად, ყოველივე ეროვნულის დამთრგუნებლად, უაღრესად კორუმპირებულ ორგანიზაციად, ლგბტ მოძრაობის დამცველად და პროპაგანდისტად, ბალტიისპირა ქვეყნებისა და უკრაინის ნეოფაშიზმის გამზიარებლად.
ჩამონათვალი მინიმალურია იმისა, რასაც ევროკავშირი სჩადის. და ასეთ დროს ევროსაბჭოს თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის საყვედური აშშ-ს მიმართ უადგილო და საკუთარი სიმახინჯის გადაფარვის მომასწავებელია.
ურსულამ ბრძანა — აშშ-ი არ უნდა ერეოდეს ევროკავშირის საშიაო საქმეებში, ვინაიდან არადემოკრატიულია სხვის ცხოვრებაში ჩარევაო. და ამას ამბობს ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ისე ჩაერია რუმინეთისა და მოლდოვის არჩევნებში, თითქოს არაფერი. რუმინელებს უარი ათქმევინა თავიანთ კანდიდატზე, რომელმაც მოიგო არჩევნები და ევროკავშირის მიმართ მონურად განწყობილი გააპრეზიდენტა.
მსგავსი იყო მოლდოვის არჩევნებისადმი გადაწყვეტილება. რომ არა ურსულა, სანდუ ვერ გახდებოდა პრეზიდენტი.
ურსულას მოსწონს ნეონაცისტი ზელენსკი — კორუმპირებული ნარკომანი, მილიარდობით დოლარისა და ევროს მიმთვისებელი. მოსწონს იმიტომ, რომ საკუთარ სახეს ხედავს ზელენსკში.
ურსულა ის ქალბატონია, რომელმაც მეუღლესთან ერთად მილიარდობით დოლარი გამოადნო საკუთარი ჯიბისთვის — „კოვიდ-19“ დროს ამერიკული ვაქცინების შეძენით. ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან ევროკომისიის თავმჯდომარეობა უშლის ხელს.
აი, ასეთ ევროკავშირში გვსურს თავის შეყოფა?
იქ შესვლა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაკარგვაა, მაგრამ ვინ არის გამკითხავი?!
ევროკავშირი გვედავება მთელ რიგ საკითხებში და უნდა, რომ შევასრულოთ. უნდა არა საქართველოს კეთილდღეობისთვის, არამედ დამონებისთვის. ის, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე ოცნებობს ან სულელია, ან ბოროტებით აღვსილი საკუთარი ქვეყნისადმი.
სადავო საკითხებიდან, ბრიუსელი რომ შესრულებას გვაიძულებს, არც ერთი არ არის მისაღები, გარდა ერთისა — ეს ერთი საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემაა.
ევროკავშირს ვერ გაუია წყობა, რომელიც ჩვენშია — მონათმფლობელურია, ფეოდალურია თუ რაღაც გაურკვეველი — მსოფლიოში ჯერ არ არსებული. საქართველოს მმართველი პარტია „ოცნება“ საკუთარ მმართველობას დემოკრატიულს უწოდებს, სხვათა შორის მოსახლეობის უმრავლესობაც, რაც ქვეყნის და მისი ხალხის ფიზიკურ-მენტალური დეგრადაციის მაჩვენებელია.
წინა სტატიებში არაერთხელ დავწერე (ვწერდი სჯობია???) საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემის შესახებ და გავიმეორებ. საქართველოს, დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად ჰყავს ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ა.შ. ჰყავს პარლამენტარებიც — თავმჯდომარით, ჰყავს აღმასრულებელი ორგანო მინისტრებით, პრემიერ-მინისტრით. ჰყავს პრეზიდენტიც, ამჯერად პარლამენტის მიერ არჩეული.
სადავო არაფერია — ერთის შეხედვით, მაგრამ ფასადიდან, ინტერიერში გადანაცვლებისთანავე, უმალ შეხვდებით „უხერხულობას“ (რბილად ვამბობ). აი, ასეთს, ყველა ზემოთ „არჩეული“ არჩევნების გზით — ერთი კაცის დანიშნულია. ე.წ. არჩევნებიც იმ ერთი კაცის მიერ არის კონტროლირებული. მაღალი თანამდებობებიც მის მიერ არის განაწილებული მორჩილ „ბავშვებს“ შორის.
ქვეყნის საკითხებს — მთავარს და მნიშვნელოვანს ერთი წყვეტს, მაგრამ ახმოვანებენ ზემომოყვანილი თანამდებობების დროებით მქონენი. „დროებით“ იმიტომ ვამბობ, რომ არვინ იცის რას გადაწყვეტს ის ერთი — დილით საწოლიდან ადგომის შემდეგ.
იმ ერთის გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, სხვა მაღალი თანამდებობის პირების თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა.
რა ჰქვია ასეთ ქვეყანას და არის თუ არა დამნაშავე ხალხი ასეთი „სახელმწიფო სისტემის“ შექმნაში?!
პასუხი თქვენთვის მომინდვია. ქართველი ხალხის თვისება, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ქმედებაში არაერთხელ გამოჩნდა, რაც მაფიქრებინებს, რომ ქართველის ყველაზე დიდი მტერი — ქართველია. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ისტორიული მაგალითების მოყვანას არ შევუდგები, ვინაიდან უამრავს ჰქონდა ადგილი. მოვიყვან თანამედროვე მაგალითებს, რომლებმაც ძირფესვიანად შეცვალეს ქვეყნის ცხოვრება — გაუარესებისკენ და ის უფსკრულის პირას მიიყვანეს. ჯერ იყოდა რევოლუციურ აღმაფრენას აყოლილმა ხალხმა ფურთხით ავავსეთ საკუთარი წარსული, უმალ დავივიწყეთ უამრავი სიკეთე 70-წლიანი საბჭოური ცხოვრების მიერ მოცემული, 9 აპრილი გავიხადეთ საბჭოური, რუსული ბარბაროსობის ამსახველ ისტორიად.
გვეწყინა, მოსკოვის ბრძანებით მეამბოხეთა დაშლა პარლამენტის შენობის წინ. ნიჩბები არ გვაკმარეს რუსმა ჯარისკაცებმა და მომწამვლელი ქიმიური გაზებით დაგვიწყეს ბრძოლაო.
რა არ ითქვა მაშინ მოსკოვის და რუსეთის წინააღმდეგ. რა გვაქვს დღეს?
მეამბოხეთა პროვოკაციული აქციების წინააღმდეგ პოლიციელთა მიერ წყლის ჭავლის გამოყენება მომწამვლელი ქიმიური სითხით გაჯერებული, აგრესიულ მომიტინგეთა დაპატიმრება და ა.შ.
9 აპრილს რუსი გვებრძოდა, დღეს — ქართველი იბრძვის ქართველის წინააღმდეგ. მაშინ ხელისუფლება იცავდა თავს ქუჩის შეტევისგან — მართლწესრიგის დასაცავად. დღესაც, ხელისუფლება იცავს თავს მომიტინგეებისგან — აგრესიულად განწყობილთაგან ხელისუფლების მიმართ.
ხელისუფლება, როგორც პირველ შემთხვევაში, ისე თანამედროვე ვითარებაში ვალდებულია თავიც დაიცვას და მართლწესრიგიც. ასე იქცევა ხელისუფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ასე რომ, გასაკვირი არაფერია. ეს, უბრალოდ შეხსენებისთვის.
საქართველოს მოსახლეობა პირველი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, ვინც ერთპარტიული არჩევნების ნაცვლად მრავალპარტიული ჩაატარა — წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა რას ნიშნავდა ან რას მოუტანდა ქვეყანას მრავალპარტიული არჩევნები. ჩვენ, დღესაც არ გვაქვს გაანალიზებული მრავალპარტიულობის მნიშვნელობა სუსტ, ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანაში.
სინგაპურის მაგალითს მოვიყვან. მალაიზიიდან გამოყოფის დროს ქალაქი-სახელმწიფო გავერანებული წუმპე იყო, რომლის მეთაურობა ითავა ჭკვიანმა პოლიტიკოსმა ლი კუან იუმ. 20 წლის განმავლობაში მართავდა ის ქვეყანას და წუმპიდან, ედემის ბაღად აქცია — ერთპარტიული სისტემით. და როდესაც სინგაპური ეკონომიკურ „ვეფხვად“ იქცა, მრავალპარტიულობა იქნა დაშვებული.
განვლილი 20 წლის გამოცდილებამ სინგაპურის პარტიებს ასწავლა, რომ საპარლამენტო ლაქლაქით ქვეყანა არ აშენდებოდა, ნაცვლად საქმიანი, საგნობრივი დებატები იყო საჭირო, რასაც დღეს აქვს ადგილი.
ქართველებს თავი მოგვქონდა მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებით და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით. ოპოზიციის, რომელსაც ქვეყნის მართვის არაფერი გაეგებოდა. მარტო პატრიოტიზმი საკმარისი არ გამოდგა ქვეყნის სამართავად. დისიდენტურმა ხელისუფლებამ არათუ ვერ გაამართლა, სამოქალაქო ომიც გამოიწვია, რასაც მოჰყვა დაპირისპირება, თანაც სისხლიანი — აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
იყო თუ არა 1992 და 2008 წლები სამკვდრო-სასიცოცხლო შეცდომა ქართველი ხალხის?
ამ კითხვაზე პასუხი დღემდე გაუცემელია. გვიჭირს სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. გვიჭირს, აღიარება იმისა, რომ ამ ორმა დაპირისპირებამ, განსაკუთრებით 2008 წლის — რომ დაგვაკარგვინა ტერიტორიები. გვიჭირს იმის თქმაც, რამ გამოიწვია ჩვენი გონების ისეთი გადატრიალება, რომელმაც ქვეყნის მმართველად აგვარჩევინა სააკაშვილი. გვიჭირს იმის თქმაც, რატომ გადავდგით ნაბიჯი პიროვნებისკენ, რომელსაც ხეირიანად არცკი ვიცნობდით. დღეს კი ვნანობთ.
მოდით დავსვათ კითხვა — ნდობა უცნობი მილიარდერის მიმართ იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ ყველა ჩვენგანი მისი ფულიც იმედად იყო?
არა პიროვნების, არა პოლიტიკოსის, არამედ ფულის. სხვისი ფულისადმი ლტოლვა ისე გაჯდა ხალხში, რომ წამითაც არ ფიქრობს (ფიქრობდა) ვისი იყო ის ფული. ფულმა დაავიწყა ხალხს ფულის პატრონის საქმიანობა, ფულის პატრონის ვინაობა, ფულის წარმომავლობა და ის, რომ ფულის უკან იდგა კაცი კრიმინალური ცხოვრებით.
ახლახანს, მოვისმინე ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედზე“. ივანიშვილის „ბინძურ“ საქმეებზე ლაპარაკობდა, რომლის დროს გაიხსენა ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრა. და გაიხსენა ისეთი მოწიწებით და პატივისცემით, თითქოს ჩერჩილს, რუზველტს, სტალინს შეხვედროდა. მისი სახის გამომეტყველება ასეთ მოკრძალებას აფრქვევდა ტელეეკრანიდან.
აი, ამ გამომეტყველებამ მიიქცია ჩემი ყურადღება და არა მისმა ნათქვამმა, პატარკაციშვილს რომ გაუფრთხილებია — ივანიშვილი გეგმავს ჩვენს მოკვლას, რაღაც მომწამვლელი სითხით, ბერიას რომ გამოუგონებია, „კგბ“-ს აგენტი ხელზე რომ წაისვამს და მიზანში ამოღებულ ადამიანს ხელს ჩამოართმევსო. ის ადამიანი იღებს ისეთ მომწამვლელ ნივთიერებას, ხელის გულიდან მთელს ორგანიზმში შეღწეულს, რომ გულის ინფარქტით ავადდება და კვდებაო.
ნათელაშვილმა თქვა, რომ ბადრის გაფრთხილებიდან ცოტა ხნის შემდეგ ის გარდაიცვალაო — გულის შეტევით, მანამდე კი მეც კინაღამ მოვკვდი, რომ არა ავსტრიელი ექიმის ძალისხმევა, რომელმაც გულის ოპერაცია გამიკეთაო. და ეს „შპიონომანიური“ ბოდვა ნათელაშვილმა „კგბ“-ს დაუკავშირა. აი, ასეთი მზაკვარია ივანიშვილი, რუსეთის სპეცსამსახურებთან შეკრულიო.
ნათელაშვილმა მოყოლილი ზღაპრით ორი კურდღელი მოკლა — მტარვალი რუსეთის და არანაკლები მტარვალი ივანიშვილის სახით. მსმენელი, მაყურებელი, ვინც ეს ინტერვიუ იხილა შესაძლოა დარწმუნებულიყო ამ ზღაპრის სინამდვილეში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ — თაყვანისცემა ფულიანი კაცის, პატარკაციშვილის მიმართ.
საიდან, რა გზით იშოვა ფული პატარკაციშვილმა ნათელაშვილს არ აინტერესებს. შესაძლოა იცის, მაგრამ არ გვიმხელს. პატარკაციშვილი, ცნობილი ბანდიტის, ოლიგარქის ბერეზოვსკის მარჯვენა ხელი იყო. მათ ჩაიგდეს ხელში „ვაზის“ ქარხანა, მრავალი სხვა სამრეწველო ობიექტი, გასული საუკუნის 90-იან წლებში, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა რუსეთის თანამედროვე ისტორიაში.
ბერეზოვსკი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, უკიდურესი ხერხის გამოყენებითაც კი იშორებდა კონკურენტებს და ამ „საშურ“ საქმეს პატარკაციშვილი ასრულებდა. ბერეზოვსკისა და მისი გარემოცვის შავბნელი საქმიანობა აღწერა დოკუმენტურმა ვიდეო-ფილმა (რამდენიმე სერიამ), რომელიც იხილა არა მარტო რუსმა მაყურებელმა, არამედ სხვა ქვეყნების. ფილმში ხაზგასმითაა ნათქვამი პატარკაციშვილზეც, როგორც ბერეზოვსკის შავბნელი შეკვეთის შემსრულებელზე, „ქილერზე“, ქართულად მკვლელზე.
„შავი“ გზით მოიპოვა დიდი ფული პატარკაციშვილმა და როდესაც ელცინის შემდეგ არც მას და არც ბერეზოვსკის რუსეთში არ დაედგომებოდათ, ლონდონს მიაშურეს — იქ დაიდეს ბინა. შემდეგ პატარკაციშვილმა სამშობლოც გაიხსენა, ჩამოვიდა როგორც გმირი, დიდფულიანი ადამიანი და დაიწყო სანდო ხალხის შემოკრება. და დადგა გრძელი „ოჩერედი“ ე.წ. ქართველი პოლიტიკოსებისა, მაღალი რანგის მოხელეების ბადრი პატარკაციშვილის სასახლესთან.
ვის არ ნახავდით იქ. ფულს დახარბებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ეცილებოდნენ „გმირისთვის“ ხელის ჩამორთმევაში. ისე აქეს და ადიდეს პატარკაციშვილი, რომ დაარწმუნეს ერის ლიდერობაში. და მანაც არ დააყოვნა, პრეზიდენტობაზე კენჭი იყარა.
ფულზე დახარბებული იყვნენ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ე.წ. ინტელიგენცია, საზოგადოების სხვადასხვა ფენა.
პატარკაციშვილის ისტორია მისი მოულოდნელი გარდაცვალებით დასრულდა, თუმცა სხვისი ფულის მიღების სურვილი დარჩა — მისამართშეცვლილი, ახალი ფულიანის ივანიშვილისკენ. და დადგა რიგი ივანიშვილის სოლოლაკის მინის სასახლესთან. უცნობ პიროვნებასთან, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
ივანიშვილიც იმ ქვეყნიდან ჩამოვიდა, რომელშიც პატარკაციშვილი „მოღვაწეობდა“. ორივე მათგანმა დიდი ფული გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში შექმნილი ქაოსის შედეგად იშოვა — თაღლითობით, კონკურენტთა გზიდან ჩამოშორების აშკარად მიუღებელი ხერხებით. სხვაგვარად, დროის მცირე მონაკვეთში, მილიარდების შოვნა წარმოუდგენელია.
ორივეს, სხვაზე მეტად აღმოაჩნდათ მღვრიე წყალში თევზის ჭერის უნარი, დაჭერილმა „თევზმა“ სხვაგვარად დაანახა ორივეს ქვეყანა — ახალი საცხოვრებელი ადგილი. ფულმა, მითუმეტეს დიდმა, პოლიტიკური მადაც გააღვივა ორივეში — ქვეყნის მართვის სურვილი.
ერთს, უცბათ მოუნდა ქვეყნის მეთაურის სავარძელში ჩაჯდომა, მაგრამ არ გამოუვიდა. მეორემ სხვა გზა აირჩია — სხვათა, ანუ დაქირავებულთა ხელით მართვა. და გამოუვიდა, ვინაიდან ე.წ. ინტელიგენცია, მშიერი და მწყურვალი დააპურა, სტიპენდია დაუნიშნა. არ დაასაქმა, რამეთუ დასაქმებული თავს დამოუკიდებლად ჩათვლიდა. დამოუკიდებელი ადამიანი კი ნებისმიერი მმართველისთვის თავის ტკივილის გამომწვევია.
არც ზარმაცი ინტელიგენცია ითხოვდა დასაქმებას. სახლში, მხართეძოზე წამოწოლილს ივანიშვილის სტიპენდია არჩენდა. უფრო მეტიც, არც ინტელიგენციას და არც ე.წ. პოლიტპარტიების ლიდერებს, წევრებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ რაღაც მაინც გაეგოთ პიროვნებაზე, რომელიც უგვირგვინო მეფე გახდა. ხმა ამოეღოთ იმ შეცდომებზე, რომელსაც ფულით გამომცხვარი „მეფე“ უშვებდა.
საზოგადოებამ ჩვეულებრივად აღიქვა „მეფის“ ავადმყოფური მიდრეკილება სასახლეში ზვიგენის და პინგვინის ყოლის სახით; აკვიატებული გეგმა ზღვისპირა პარკის გაშენების და ამ პარკში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ისე, როგორც უცხოეთიდან უნიკალური ხეების გადმორგვის, სხვა მრავლის.
ინტელიგენცია, ისე, როგორც საზოგადოების უმრავლესობა შეეგუა ვითარებას — შექმნილს ივანიშვილის მიერ. შეეგუა ივანიშვილის მიერ მაღალ თანამდებობებზე დანიშნული არაპროფესიონალი, გამოუცდელ, სახელმწიფო მართვის საქმეში ჩაუხედავ კადრებს. შეეჩვია ივანიშვილის მოჯამაგირეების მიერ თავნებობას, კორუმპირებულობას, უცოდინრობას და ყველა ნეგატიურ თვისებას, რითიც „დაჯილდოვებულია“ ე.წ. ხელისუფლება.
დარწმუნებით გეტყვით, ოპოზიცია, რომელიც ლანძღავს ივანიშვილს, მშვენივრად აიტანდა განუკითხაობას, ივანიშვილს რომ მისთვის კარი გაეღო. ყველას ვერ გაწვდებოდა. ყველას არ და ვერ მისცემდა გამდიდრების შანსს — კორუფციული გზით. გამდიდრებული, თანაც მრავლობით რიცხვში მისი მეფობისთვის პრობლემების გამომწვევი იქნებოდა.
რა მივიღეთ?
ერთი კაცის ბატონობა. მის მიერ დანიშნული მოხელეების ზეწოლა ხალხზე, ქვეყანაზე, ენით აუწერელი პროექტების გაჟღერება და მათში სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვა. ერთ-ერთი ასეთი სამთავრობო კომპლექსის მშენებლობაა — პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, მერიის, სამინისტროების გადატანით. ძველი შენობების გაყიდვა და შემოსული ფულით ახლის აშენება.
იკითხავთ — ძველ შენობებში ვერ ეტევიან?
პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, ახალს ააშენებენ იქ დასაქმებული მოხელეებისთვის ნორმალური სამუშაო პირობების შესაქმნელად.
პარლამენტის შენობაში 540 ოთახია და რამდენიმე დარბაზი, დიდი სასადილო დარბაზი, სალოცავი — ყველა იმ კომფორტით აღჭურვილი, რაც მუშაკის მოთხოვნების გათვალისწინებით სანიმუშოა არა მარტო ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არამედ ამ სივრცის გარეთ. გარდა ამისა შენობა გრანდიოზულია თავისი შესახედაობით და ნიმუშია ქართული ხუროთმოძღვრების, ინტერიერში არსებული კოლონებით, დამშვენებულით ქართული ჩუქურთმებით.
პარლამენტის შენობა გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა გერმანელი ტყვეების და არქიტექტორების ლეჟავასა და კოკორინის მიერ — სწორედ პარლამენტისთვის. მსგავსი მონუმენტური შენობა არ არის საქართველოში. ეს შენობა შესულია საბჭოთა პერიოდის საუკეთესო სახელმწიფო შენობა-ნაგებობათა ოცეულში.
პარლამენტის შენობის ინტერიერი და ექსტერიერი ყოველთვის იწვევდა ნებისმიერ უცხოელში განცვიფრებას.
საქართველოს არ ჰქონია ისეთი სახელმწიფოებრივი სიმბოლო, როგორებიცაა კრემლი, აშშ-ს კონგრესის შენობა, ვერსალი, ბრიტანეთის პარლამენტი, … საბჭოთა პერიოდში აშენებულმა პარლამენტის შენობამ ითავა სახელმწიფოს სიმბოლოს ფუნქცია — თავის გრანდიოზულობით, შესანიშნავობით. მისი გაყიდვა ნიშნავს ქვეყნის გაყოფას — მისი ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოებრიობის.
გადაიტან პარლამენტის შენობას სხვაგან და ქვეყანა, დედაქალაქი დაკარგავს ცენტრის სახეს.
პარლამენტი და დედაქალაქის მთავარი პროსპექტი ორგანულად არის შერწყმული ერთმანეთთან. დაშლი ამ ჰარმონიას და დაიშლება ქვეყანა, ისე, როგორც სააკაშვილის დროს, როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს. დათვალა ვინმემ, რამდენი დაუჯდა ქვეყანას პარლამენტართა, სახელმწიფო მოხელეთა სისტემატური აქეთ-იქით მოგზაურობა. აღარაფერს ვამბობ იქ აშენებულ მინის პარლამენტის ხარჯებზე, დღესაც რომ უფუნქციოდ არის დატოვებული.
საქართველოს წინაშე უამრავი გადაუჭრელი საკითხია, მათ შორის დემოგრაფიული, დაუსაქმებლობა, საწარმოების არ არსებობა, ისე, როგორც სოფლის მეურნეობის, … ყველას ჩამოთვლას ტომები არ ეყოფა. და ამ დროს ახალი სამთავრობო კომპლექსის მშენებლობა?
მხოლოდ გონგამოცლილს, უპასუხისმგებლოს უნდა მოუვიდეს თავში ეს გაფრენილი იდეა.
კობახიძემ ბრძანა — ჩვენ ვიმსჯელეთ და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ გეგმის განხორციელებაო. ვინ თქვენ? თქვენ ვინ ხართ?
ხელისუფლებაში დროებით მოსულთ ამის თქმის უფლებაც არ გაქვთ, არათუ პრაქტიკული გახორციელების — ხალხის გარეშე!
ეს, ის საკითხია, ხალხმა რომ უნდა გადაწყვიტოს და არა ფუნქციონერმა! და რა იქნება პარლამენტის შენობაში? რომელიღაცა არაბული კომპანია ხომ არა?!
ერთმა, უკვე ხელში ჩაიგდო ისტორიული რუსთაველის კინოთეატრის შენობა, ახლა ჯერი პარლამენტის და სახელმწიფო შენობებზეა.
რას ნიშნავს ეს, თუ არა სახელმწიფოებრიობის წაშლას?!
კობახიძის განცხადებას არავითარი საპროტესტო მოსაზრება არ მოჰყოლია ქართულ მედიაში. ე.წ. ინტელიგენცია — ნაყიდი ივანიშვილის მიერ, დუმს. დუმს ე.წ. ოპოზიციაც. დუმს ხალხიც, რომელიც ფიქრობს, რომ ეს საკითხი მას არ ეხება.
„ოცნებელი“ პარლამენტარები, რომლებსაც მხარდაჭერა დაავალეს, აქტიურობენ იმის მტკიცებით, რომ სხვა ქვეყანაშიც აქვს ადგილი პარლამენტის გადატანას.
სხვა, სხვაა. ჩვენ, ჩვენ ვართ, ჩვენი ისტორიით, ტრადიციებით. თუმცა ჩვენი ისტორიის, ღირსშესანიშნაობების არასათანადო დამფასებლები.
ჩვენს თვალწინ განადგურდა იპოდრომი, დაინგრა „ზაკვოს“ და ფიზკულტურის ინსტიტუტის ფუნდამენტური შენობები. დამახინჯდა ჭავჭავაძის პროსპექტი, სხვა მრავალი, მაგრამ სიტყვაც არ ამოგვიღია ბარბაროსობის საწინააღმდეგოდ.
ხვალ რომ კობახიძემ გვითხრას — მოვილაპარაკეთ და სვეტიცხოველს ვყიდითო. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება დუმილით შეხვდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
17/12/2025
