რუსეთის მსხვერპლი “უმანკო” უკრაინა
საქართველოს მოსახლეობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ტერორიზმი, მომწამვლელი ნივთიერებით მომიტინგეების „გამასპინძლება“, არაბული კომპანიის მიერ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში, ზოგიერთი წვრილმანიც, რომელზეც არ ღირს ყურადღების გამახვილება.
ტერორიზმი უკავშირდება მის ინიციატორს და ნახევრად ჩამდენს „ბუმბერაზ“ პოლიტიკოსს ელისაშვილს, რომელმაც ვერ აიტანა საქართველოში არსებული უსამართლობა და სისხამ დილით სასამართლოს შენობის დაწვა გადაწყვიტა.
და დაწვავდა კიდევაც, რომ არა სასამართლოს მანდატურების დროული რეაქცია.
ელისაშვილი, იმ სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია, რომლის დაწვაც სურდა.
ელისაშვილის „საგმირო“ გამოხდომა კარგახანს შემორჩება ქართულ პოლიტიკას და ვინ იცის მრავალი წლის გავლის შემდეგ, ციხიდან გამოსულ ელისაშვილს ისეთი შეხვედრა მოუწყოს საზოგადოებამ, ბევრს რომ შეშურდება ნატვრით — ნეტავ მე ჩამედინაო.
ეს, არაერთი საპატიმრო წლის შემდეგ. დღეს ელისაშვილი დამნაშავეა, თანაც ტერორისტული აქტის ჩადენის მსურველი, რომელმაც ისეთი მძიმე დარტყმა მიაყენა ოპოზიციას, ხელისუფლებაც რომ ვერ ინატრებდა.
თვით ელისაშვილის განცხადებით, მის მიერ ჩაფიქრებული აქტი შურისძიების მოტივით იყო გამოწვეული, თუმცა ჩემის აზრით — გონების გადაქანებით. ელისაშვილი სამკურნალოა, ვინაიდან ასეთი აქტის ჩამფიქრებელი, აშკარად დემონსტრირებს გონებრივ აშლილობას. რატომ მაინცდამაინც სასამართლოს შენობა და არა პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის?
ეს ორი ორგანოა კანონმდებელი, რამაც გადაადგმევინა ტერორისტული ნაბიჯი. სულ სხვა რამ იქნებოდა, ელისაშვილს რომ სასამართლოში შეტანილი ბენზინი თავზე გადაესხა და თავი დაეწვა — ჩეხი იან პალახის (Jan Palach) მსგავსად, რომელმაც ვერ აიტანა ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების ჯარის შესვლა და პრაღის ცენტრში თავი დაიწვა.
სხვათა შორის არც ეხლაა გვიან, სასამართლო პროცესზე თუ მას ამის შანსი გაუჩნდება.
ხელისუფლების მიერ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, გახმოვანებული ტელეკომპანია BBC-ის მიერ, არც თუ ისეთი ხელწამოსაკრავი რამაა, ხელისუფლებას რომ ჰგონია. BBC ის ტელეკომპანიაა, რომელიც ბრიტანეთის, დასავლეთის პოლიტიკას გამოხატავს, თან არაფერს ერიდება მიზნის მისაღწევად, მათ შორის ტყუილს, ფალსიფიკაციას, შეთხზულ ისტორიას.
გავიხსენოთ რუსი „შპიონის“ სკრიპალის საქმე. სკრიპალი — სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯაშუშიც იყო რუსეთში, გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. შემდეგ ის შეიწყალეს და იმ ქვეყანაში, ანუ ბრიტანეთში გაუშვეს, რომლის სასარგებლოდაც სკრიპალი ჯაშუშობდა.
რუსეთის პოლიტიკური გაშავების მიზნით ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს ზღაპარი — რუსეთის აგენტების მიერ სკრიპალის მოკვლის თაობაზე — პრეზიდენტ პუტინის დავალებით. ბრიტანეთის ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თქვა ფრაზა — „ჰაილი ლაიკლი“ სკრიპალის მოკვლა კრემლმა დაგეგმაო.
პრემიერს არ შეუწუხებია თავი იმით, რომ სკრიპალის მოკვლის მსურველი კრემლი, სკრიპალს რუსეთის ციხეში მოუღებდა ბოლოს და არა შეწყალების შემდეგ ლონდონში.
BBC-ის მიერ გაკეთებული განცხადება დასტურია იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი, ჩვენი „საყვარელი“ დასავლეთი ნეგატიურად უყურებენ „ოცნების“ ხელისუფლებას და მის დასამხობად არაერთ ისტორიას შეთხზავენ, ზოგს სიმართლესთან მიახლოებულს, უმეტესად სიცრუეს.
დიდი ბრიტანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უარყოფით მხარეებზე ილაპარაკა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჯორჯ გალაუეიმ (George Galloway) ამერიკელ ტელე-ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან. ინტერვიუ ა.წ. 3 დეკემბერს გავიდა „როსსია-24“ ეთერში. ინტერვიუერი შეეხო უკრაინის თემასაც და გაკვირვება გამოთქვა — დიდი ბრიტანეთი, რომელიც მძიმე ეკონომიკურ პირობებში იმყოფება — საზოგადოების გაუარესებული სოციალური მდგომარეობით მილიარდებს უგზავნის პატარა თაღლითს, ზელენსკისო.
არაბული კომპანიის მიერ საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების აშენების თემას ეწინააღმდეგება პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც 30 ნოემბერს ანტიარაბული აქცია-მიტინგი ჩაატარა რუსთაველის ძეგლთან. თვით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აქციას 1400 ადამიანი დაესწრო — წარმოუდგენელი მცირე რაოდენობა, ვიდრე თარხან-მოურავი გეგმავდა — მთელი თბილისი თუ არა, ნახევარის მისვლას მაინც.
არ მივიდა. მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის იმიტომ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ არ თვლის პატრიოტად და რაიმე სერიოზულის გამკეთებლად; მიტინგით საქმე არ კეთდება; რომ ხელისუფლება არც კი გაიხედავს მომიტინგეების მოთხოვნებისკენ და ა.შ.
წინა სტატიაში ვწერდი, რომ მიტინგობანა თუ არ დასრულდება საქართველოში, უფსკრულის პირას მყოფი ქვეყანა გადაიჩეხება. მავანი შემედავება — გადაჩეხილი არ ვართო?! გეთანხმებით, ვინაიდან სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ხელისუფლების ისეთ საქმიანობას, ქვეყნის აწმყოსა და მომავალს რომ ააშენებს.
ახლა, რაც შეეხება ქალაქის მერის კალძის „ოფიციალურ ვიზიტს“ უნგრეთში. როგორც ჩანს, არც ქალაქის მერიამ, არც პარტია „ოცნებამ“, რომლის გენერალური მდივანიც კალაძეა და არც საგარეო უწყებამ არ იციან სიტყვების „ოფიციალური ვიზიტის“ მნიშვნელობა.
ქალაქის მერი ოფიციალურ ვიზიტად არსად მიემგზავრება, რამეთუ „ოფიციალური ვიზიტი“ მიესადაგება ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის გამგზავრებას უცხოეთში. თუ კალაძე, როგორც პარტიის გენერალური მდივნის ამპლუაში იყო უნგრეთში, სრულიად მიუღებელია „ოფიციალური ვიზიტის“ სტატუსის მიკერება.
კალაძე ბუდაპეშტში იმყოფებოდა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და არა „ოფიციალური ვიზიტით“.
30-წლიანმა დამოუკიდებელმა ცხოვრებამ მარტივი პროტოკოლური ტერმინოლოგიაც ვერ შეგვასწავლა, სხვას რას მოველით ქართული პოლიტიკოსებისგან?!
მაგრამ ამ შემთხვევაში უვიცობასთან ერთად განდიდების სურვილთანაც გვაქვს საქმე. კალაძის განდიდების მანიასთან. როგორც ჩანს, ის ვეღარ ეტევა იმ ჩარჩოებში, რომელშიც არის და უფრო დიდი ჩარჩო უნდა. ასე იცის თავზე ხელის გადასმამ — დაუმსახურებელმა.
ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ამბები, რომლითაც ყური გამოუჭედეს საქართველოს მოსახლეობას, აშკარა მანიშნებელია ღრმა პროვინციალიზმის, რომელიც ისეა გამჯდარი ნებისმიერი ჩვენგანის ტვინში, არც კი ვიცით ამ ნაგვით ცხოვრება ასატანი იქნება თუ არა.
ნებისმიერი სერიოზულად მოაზროვნე, რომელთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია, იტყვის — პროვინციალიზმი, შემოჭრილი ქართულ პოლიტიკაში, ხალხში ქვეყანას, მის საშინაო და საგარეო ცხოვრებას აქცევს ჩამორჩენილად, უბადრუკად, არადა თავი მოგვაქვს ევროპელად, ევროპული ღირებულებების მატარებლად.
ის, რომ თავი ევროპელად მოგვაქვს პროვინციულობის გამომხატველია. დედამიწის ზურგზე ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავის წარმომავლობაზე უარს ამბობდეს და ევროპელობას იჩემებდეს. მარტო ილიას ნათქვამის — „ენა, მამული, სარწმუნოების“ წამდაუწუმ ტრიალი ვერ მოიტანს შედეგს ხალხში, რომელიც ევროპას იჩემებს, ევროპელობა უნდა. ის, ვინც ევროპელობაზე ოცნებობს (და ასეთი აქ მრავლობით რიცხვშია), ვერ გიპასუხებთ, რატომ უნდათ ევროპა, ევროპამ რით მოხიბლა ისინი.
დღევანდელი ევროპა ისეთია, იქ მყოფს რომ სხვაგან წასვლას აიძულებს. კორუმპირებული, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ევროპელთათვის ნამდვილი ინფორმაციის მიღების წინააღმდეგ ბარიერების შემქმნელი, სიტყვის თავისუფლების მოწინააღმდეგე, ლგბტ-ობის მიმდევარი, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების და რაც მთავარია უკრაინის ნეოფაშისტური ხელისუფლების მხარდამჭერი, დამფინანსებელი, იარაღის მიმწოდებელი.
ვგონებ მოყვანილი მაგალითები სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო საქართველოს საზოგადოების გამოფხიზლებისთვის, „ტკბილი“ ევროპული სიზმრიდან გამოსვლისთვის. მაგრამ არა! ჯიუტი ქართველობა — უვიცი, ინფორმაციის არმქონე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გაბრიყვებული — ისევ ევროპას გაიძახის; ისევ ისმის „რადიო მაესტროს“ ეთერში რუსთმოძულე პოდოლიაკის ყოველკვირეული განცხადებები მტარვალი რუსეთის, ცივილიზებული უკრაინისა და დასავლეთის თაობაზე.
„მაესტროს“ ჟურნალისტი ჭითანავა, გამოკვეთილი ანტირუსი, აგრძელებს თავის გადაცემებს, რითაც შეცდომაში, უფრო სწორად ჩიხში შეჰყავს ქართველი ხალხი. ანალოგიური ანტირუსული განწყობა აქვს საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტ გეგეჭკორს, რომელიც თავის შაბათ-კვირის გადაცემა „ჩაი ორისთვის“ ხოტბას ასხამს უკრაინას, ეთერში უშვებს უკრაინულ სიმღერას და დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ მსოფლიო არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას; რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ა.შ.
დუმს ხელისუფლება. დუმს მარეგულირებელი კომისია, რომლის უპირველესი მოვალეობაა აღკვეთოს მსგავსი ტყუილები, საზოგადოების ანტირუსულად განწყობა, ქართველში რუსთა სიძულვილის გაღვივება. უკრაინელთა წარმოჩინება, როგორც უმანკო კრავად — კორუმპირებული, ნეოფაშისტური უკრაინის, რომელიც ზელენსკის და მისი კორუმპირებული „გუნდის“ წყალობით ფრონტზე არა მარტო უკრაინელ ჯარისკაცებს კარგავენ, არამედ ქვეყანას.
სამწუხაროა, როდესაც ნეოფაშისტური უკრაინის გულის მოსაგებად ლანძღავ რუსეთს, „აგრესორს“ და „ოკუპანტს“ უძახი მას. სამწუხაროა, როდესაც ქართული მედია საზოგადოებას უმალავს სინამდვილეს და ჯეროვნად არ აფასებს მოსკოვის 5-საათიან მოლაპარაკებას პუტინსა და ტრამპის წარგზავნილებს, მილიარდერ უიტკოფსა და სიძე კუშნერს, ასევე მილიარდერ, შორის. არ განუმარტავს მსმენელს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის პრეს-კონფერენციაზე ნათქვამს უკრაინასთან მიმართებაში. ეს პრეს-კონფერენცია ტრამპმა უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრის შემდეგ გამართა. მოისმინა რა მომლაპარაკებლების პუტინთან საუბრის დედა-აზრი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
ქართული პოლიტიკის უვიცობის გამო საქართველო დამარცხებული უკრაინა-ევროპის ბანაკში აღმოჩნდა. ევროპა, რომელიც აშშ-ა ახლოსაც არ გააკარა ამერიკა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინასთან მიმართებაში, ძალას არ იშურებს ამ მოლაპარაკების ჩასაშლელად. სულ ახლახან, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც არ ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, მტკიცედ ითქვა, რომ ნატო არ დაუშვებს უკრაინის ტერიტორიების დაკარგვას; რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იარაღით, ფულით და ა.შ.
ნატო და ევროკავშირი მტკიცედ ადგანან არარეალისტურ ანტირუსულ პოლიტიკას. ვერ ხვდებიან, რომ ეს პოლიტიკა არა მარტო ანტირუსულია, არამედ ანტიტრამპული.
უკრაინის კორუმპირებული ხელისუფლების „მოღვაწეობის“ ხელის შემწყობი „სამეული“ — საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სტარმერის და გერმანიის კანცლერის მერცის სახით, მაქსიმალურად ცდილობენ ტრამპის მათ მხარეს გადაბირებას, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ახერხებენ.
ტრამპიც არ არის მათ მიმართ ისე ხისტად განწყობილი, როგორც მისი შორეული წინამორბედი პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, რომელმაც სუეცის არხის კრიზისის დროს საბჭოთა კავშირისა და ეგვიპტის მხარე დაიჭირა — საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთის მკაცრი კრიტიკით. მაშინ სსრკ-ს ლიდერმა ხრუშჩოვმა ჰკითხა თავდაცვის მინისტრ ჟუკოვს, რამდენი ბირთვული ბომბია საჭირო დიდი ბრიტანეთის გასაქრობადო. 6-8-ო — უპასუხა ჟუკოვმა.
ეს დიალოგი სსრკ-ს ცენტრალურ გაზეთ „პრავდის“ პირველ გვერდზე დაიბეჭდა, რამაც შედეგი გამოიღო. ეგვიპტის ახალ ლიდერს გამალ აბდელ ნასერს (Gamal Abdel Nasser Hussein) სუეცის არხის სრული ექსპლუატაციის შესაძლებლობა გაუჩინა — სუეცის არხის ნაციონალიზაციით.
როგორც ჩანს, წარსული ისტორიული მაგალითების გამოყენება არ აწყენდა თანამედროვეობას, თუნდაც ტრამპს ევროპელთა მოსარჯულებლად, მაგრამ რატომღაც ის თავს იკავებს. თავის შეკავება კი მშვიდობას ვერ მოიტანს, მითუმეტეს შემდეგი განცხადებით — ნატოს გენერალურმა მდივანმა რიუტემ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რომ გააკეთა — ევროპის ქვეყნებმა ყოველთვიურად ერთი მილიარდი დოლარი უნდა გაიღონ უკრაინის დასახმარებლადო.
რიუტეს არ დაუკონკრეტებია ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საიდან უნდა მოიტანონ ერთი მილიარდი ყოველთვიურად.
კიევის კორუმპირებულ ხელისუფლებას, ყოველთვიური ერთი მილიარდი უდავოდ წაადგება, ისე, როგორც ზოგიერთ ნატოელ ბობოლას საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. მცირე ნაწილი ამ თანხისა უკრაინის ჯარს მოხმარდება — „მტარვალი“ რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. არც უკრაინას და არც ევროკავშირ-ნატოს არ ანაღვლებთ უკრაინული საზარბაზნე ხორცის კატასტროფული კლება. ამერიკელი პოლიტოლოგის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადებით, უკრაინამ უკვე დაკარგა 2 მილიონამდე ჯარისკაცი — მოკლულის და დაჭრილის სახით, თუმცა უკრაინის ფრონტის არასახარბიელო ვითარება ნაკლებად აღელვებს ნარკოტიკებით გაბრუებულ უკრაინის პრეზიდენტს, ვადაგასულს და უზურპატორ ზელენსკის.
დასავლური მედიის მიხედვით, თეთრი ფხვნილის მოყვარული ზელენსკი დაკავშირებულია ლათინური ამერიკის ნარკოკარტელთან, თვით უკრაინა კი — ნარკოტიკული ნივთიერებების სატრანზიტო ჰაბია.
პენტაგონის შეფის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა „იუთუბ“ (YouTube) არხზე ბლოგერ ნაუფალასთან დიალოგის დროს განაცხადა, რომ ზელენსკი ამერიკის ნარკოკარტელს ჰყიდის იარაღს.
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნახევარი „შავ ბაზარზე“ ხვდება, მათ შორის ლათინური ამერიკის ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან. ამ იარაღში არის მაღალტექნოლოგიური „ჯაველინიც“.
„წარმოიდგინეთ, რომ ხართ ზელენსკი, რომელსაც სხვადასხვა ბანკში დაგროვებული აქვს 2 მილიარდამდე დოლარი, მოპარული ფული და თქვენ მეთაურობთ სახელმწიფოს, რომელიც თავისი არსით არის დანაშაულებრივი სტრუქტურა, იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული იარაღის ნახევარი იყიდება „შავ“ ბაზარზე“. მაკგრეგორს ეთანხმება ცნობილი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი.
„უკრაინელი სამხედროები იმ იარაღის დიდ პროცენტს ყიდიან, ჩვენ რომ მათ ვაძლევთ. ეს ჩემი ვარაუდი არ არის. ეს, ფაქტია. ისინი იარაღს ყიდიან, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ნარკოკარტელის ხელში ხვდება. ეს, დანაშაულია“.
აქვე აღნიშნავენ, რომ უკრაინის ჯარში ბევრი ლათინური ამერიკის „ბოევიკი“ იბრძვის. უკრაინის სამხედრო სპეციალისტები ასწავლიან ლათინური ამერიკის „ბოევიკებს“ ბრძოლის მეთოდებს. 2025 წლის სექტემბერში 9,8 ათასზე მეტმა დაქირავებულმა „ბოევიკმა“ კოლუმბია-მექსიკიდან განცხადება შეიტანეს ფრონტის ხაზზე მათი გაგზავნისთვის.
ლათინური ამერიკის „ბოევიკების“ რაოდენობა 40%-ს აჭარბებს, ყველა ქვეყნის დაქირავებულთა შორის.
რუსული სპეცსამსახურების მონაცემებით, უკრაინის ჯარში იბრძვის სხვადასხვა ქვეყნის 20000 დაქირავებული „ბოევიკი“.
დაქირავებული „ბოევიკების“ მოძებნის ორგანიზაციას უწევს კოლუმბიის ნარკოკარტელი „კლან დელ გოლფო“ („Cártel del Golfo“) და მექსიკის — „სინალოა“ („Sinaloa“).
გაეროს სამმართველო, რომელიც მონიტორინგს უტარებს ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებს, აცხადებს — უკრაინა, გახდა იდეალური პოლიგონი აღნიშნული ორის მჭიდრო შერწყმის საქმეში. „ბოევიკები“ იძენენ საბრძოლო გამოცდილებას მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედების დროს, დასავლური იარაღის, ტექნოლოგიების ათვისებით.
მჭიდრო თანამშრომლობა ზელენსკის ხუნტისა და ნარკოკარტელების შემთხვევითი საქმე არ არის. კიევმა ორგანიზება გაუკეთა ნარკოტიკების წარმოებას და გადაიქცა „მძიმე“ ნარკოტიკების სატრანზიტო ჰაბად.
დამოუკიდებლობის წლებში უკრაინა გახდა სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ლათინური ამერიკის ოპიუმის სატრანზიტო ქვეყნად ევროპაში, აგრეთვე სინთეტიკური ნარკოტიკული ნივთიერებების.
უკრაინა იქცა ნარკოტიკების სინთეზის ფაბრიკად, შემდგომი გადაყიდვის ცენტრად. გარდა ამისა, ნარკოტიკების უკრაინელ სამხედროებში გამოცდის პოლიგონად.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის ანგარიშში აღინიშნებოდა, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, კორუფციამ და სასაზღვრო კონტროლის არ არსებობამ უკრაინა გადააქცია ავღანური ოპიუმისა და ჰეროინის მომხიბლველ პუნქტად. ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები, გემები.
2002 წლის მონაცემებით, უკრაინის სატრანზიტო გზა გაიარა 80 ტონა ჰეროინმა — წლიურად. იმავე წელს, ევროპაში ჰეროინის შეტანაში უკრაინამ მეოთხე ადგილი დაიკავა.
ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიევი გადაიქცა ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის ცენტრად — ევროპის კოლუმბიად, სადაც პრეზიდენტი ითავსებს სახელმწიფოს მეთაურობას, ნარკობარონობასთან ერთად.
უკრაინის ნარკოტიკების დამზადების მთავარი ცენტრია კომპანია „ხიმპრომი“. ეს დე ფაქტო ნარკოკარტელი მოქმედებს 2016 წლიდან. მას მჭიდრო კავშირი აქვს ლათინური ამერიკის ნარკოკარტელებთან. ამ კომპანიას მფარველობს ხელისუფლება.
„ხიმპრომი“ კიევში აწარმოებს 500 კგ სინთეტიკურ ნარკოტიკს და კვირაში გამოიმუშავებს 50 მილიონ ევროს. გამომუშავებული თანხის 2 მილიონი ევრო ზელენსკისთან მიდის.
„ხიმპრომი“ სპონსორობას უწევს მედიას, თანამშრომლობს ბლოგერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. ციხეში აგზავნის ნარკოტიკებს, ურიგებს არასრულწლოვან ბავშვებს, უკრაინის ჯარს.
თვით ზელენსკი „თეთრი ფხვნილის“ აქტიური მომხმარებელია, რაც ყველასთვის ცნობილია. თუმცა ამ „საშურ“ საქმეში მასთან ერთად არიან ევროპელი ლიდერები.
უკრაინის ხელისუფლებაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ აღარავინ აქცევს ამას ყურადღებას. ნარკომანი ზელენსკისთვის, ისე, როგორც მისი მეგობრების მაკრონის, მერცის, სტარმერისთვის უკრაინის ომი ისეთია, დიდ პირად შემოსავალს რომ იძლევა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი — მწვანე დოლარების ხიბლმა ჩაიყვანა უკრაინაში 2022 წელს, რათა ზელენსკისთვის ეთქვა — არავითარი სამშვიდობო ხელშეკრულება, იომეთ, ჩვენ დაგეხმარებითო.
ომი ნიშნავს იარაღს, იარაღის დამამზადებელმა ბრიტანულმა კომპანიამ წინასწარ გადაუხადა ჯონსონს ერთი მილიონი იმისთვის, რომ ზელენსკი ომის გაგრძელებაზე დაეთანხმებინა.
ომი გაგრძელდა — უკრაინელთა ჟლეტვით, ტერიტორიების კარგვით, ეკონომიკის გავერანებით. ევროპა ხედავს რა უკრაინის მარცხს, ნაცვლად სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა, ზელენსკის ისევ ომისკენ უბიძგებს, თვით ემზადება რუსეთთან საომრად. ევროპა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 42%-დან 13%-მდე დაეცა. ასეთი ევროპა მოსწონს ქართველობას. ასეთ უკრაინას, მიიჩნევს საქართველო რუსეთის მსხვერპლად. უკრაინას, რომელსაც ნაცისტური იდეოლოგია აქვს გამჯდარი და უკრაინელს სხვა ერზე მაღლა აყენებს. უკრაინელი მეცნიერები, საჯაროდ რომ აცხადებენ — ქრისტე უკრაინელი იყოო; უკრაინელი ფუძეაო გერმანელის, ფრანგის და ა.შ. არის თუ არა ბოდვა ქვეყნისა, რომელიც მსოფლიო რუკაზე მე-20 საუკუნეში გაჩნდა და ისიც ლენინის ძალისხმევით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
06/12/2025
