18.11.2025

„ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“

„28 ნოემბერს გრანდიოზული მიტინგი გაიმართებაო პარლამენტთან, ანტისახელისუფლებოო, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოო, შარშან რომ ჰქონდა ადგილიო, კულტურის მუშაკებიც შევუერთდებით მომიტინგეებსო და ერთად მოვითხოვთ არჩევნების ქურდულად მიმტაცებელი „ოცნების“ ხელისუფლების ქვეყნის მმართველობიდან ჩამოშორებასო“.

ქვეყანა გვეღუპებაო და მის გადასარჩენად ყველა ერთად უნდა დავდგეთო — რადიოეთერში გაჰყვიროდა თეონა აქუბარდია, ჟურნალისტის მიერ პოლიტიკოსად წოდებული.

ისე, როგორც ყოველთვის ოპოზიციას თავისი „ავტორიტეტული“ ხმა შეაშველა ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თან გეგმა გაგვაცნო მოქმედებისა. მას თავში ისევ უტრიალებს ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს თავის ხელში აიღებს „ოცნების“ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე.

არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, პატიოსნად, დემოკრატიულად, ყველა პარტიის მონაწილეობითო — ითქვა ქალბატონი სალომეს პირიდან. როგორც ჩანს ქალბატონ სალომეს თავი საფრანგეთში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჰგონია, ევროპულ სტანდარტებს რომ მოითხოვს ქართველისგან.

მაინც რამდენი წელი უნდა იცხოვროს საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ზურაბიშვილმა საქართველოში, რომ ბოლოსდაბოლოს მიხვდეს, ჩაწვდეს თანამედროვე ქართველის სულისკვეთებას?

ხელისუფლებას, რომ ოპოზიცია შეუძახებს — პარლამენტის არჩევნების გამყალბებელო „ოცნებავ“ წადიო. წავა?

ძნელად წარმომიდგენია ქართველი პოლიტიკოსი, უფრო სწორად თანამდებობის პირი ან პარტია ნებაყოფლობით წასულიყო, გადამდგარიყო, ეღიარებინა არჩევნების შედეგების გაყალბება, ქურდობა.

ქალბატონ სალომეს თავის მშობლიურ საფრანგეთში ჰქონია თავი, თუმცა იქაც ვერ არის დაწყობილი პოლიტიკურ-სოციალური ვითარება . იქაც ყოველ კვირას მიტინგობენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები — ხელფასის მატების, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს გახდნენ არაპოპულარულ პრეზიდენტთან, რომლის რეიტინგი 11%-ია. ის ჯიუტად ინარჩუნებს თანამდებობას განცხადებით — საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ჩავათავებო.

არანაკლებ განცდებში არიან გერმანიის კანცლერი მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი — შესაბამისად 13,12%-იანი რეიტინგით.

უკრაინის კორუფციულმა გატაცებამ ცივი შხაპი გადაასხა ზემომოყვანილ „სამეულს“ — უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მეგობრებს.

გამოძიებას აშშ-ს „ფბრ“-ი აწარმოებს და როგორც ჩანს დაგვიანებით, მაგრამ მაინც საქმეს ბოლომდე მიიყვანს — უკრაინულ-ამერიკული კორუფციული ისტორიის გამომზეურებით.

პრეზიდენტ ტრამპის ხელში ის „კოზირები“ აღმოჩნდება, რომლითაც გაჭრის დემოკრატიული პარტიის კარტს და მომავალი წლის შუალედური არჩევნებისთვის მომგებიან ქულებს დააგროვებს.

რომ იტყვიან, ნაბან წყალს ზელენსკიც გადაჰყვება — მომწვანო მაისურში გამოწყობილი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი „გმირი“ ისტორიას ბარდება — ადრეული ეიფორიული მასპინძლობა პარლამენტარებისა არაერთ ქვეყანაში, ზელენსკის ვიდეომიმართვები პოლიტიკური თუ კულტურული კონფერენციების მონაწილეთათვის.

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. ევროკავშირის ბრიუსელური შტაბ-ბინა იხტიბარს არ იტეხს და დაბეჯითებით მოითხოვს წევრი ქვეყნებისგან უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რუსეთისთვის ახალი, მორიგი მე-20 სანქციების პაკეტის შეჯერებას, დასავლეთის ბანკებში არსებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას.

სიხარბე აიძულებს ბრიუსელელ ბიუროკრატებს თვალი დახუჭონ დანაშაულზე — სხვისი ფულისთვის ხელის შევლებაზე. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, რუსოფობიით დაავადებული მთელი არსებით გადაშვებული ევროკავშირულ კორუფციულ ჭაობში აძალებს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება რუსული აქტივების მისათვისებლად, რაც სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს ევრო-პარლამენტარებში. ერთ-ერთმა პარლამენტარმა მას ევრო-ფიურერიც უწოდა.

ევროპის ფასეულობები, რომლებიც ჩვენს „პოლიტიკოსებს“ მისაბაძი ჰგონიათ, უფასურდება. პროცეხი კარგა ხნის წინათ დაიწყო, გაჯდა ევროპულ პოლიტიკურ სხეულში ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზების მსგავსად და სიკვდილით ემუქრება კავშირს. ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ბრიუსელთან დაპირისპირება მარტო ლგბტ-ს მიუღებლობით არ არის გამოწვეული — ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის, ტრადიციების, ცხოვრების წესის გადარჩენისთვის, საკუთარი ბიუჯეტის თავისუფალი განკარგვისთვის და ბევრი ისეთისთვის, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბრიუსელის ბიუროკრატიის ყმებად აქცია.

ბრიუსელის შტაბ-ბინის ბრძანება უყოყმანოდ უნდა შეასრულონ კავშირის წევრმა ქვეყნებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიუსელი ფინანსებს შეუმცირებს ან შეუწყვეტს ჯიუტ ქვეყანას.

ავიღოთ მაგალითად უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, რომლებმაც კატეგორიული უარი თქვეს უკრაინისთვის დასახმარებელი ფინანსების გამოყოფაზე, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ გაიგო უკრაინის ე.წ. ხელისუფლების კორუფციული სქემის თაობაზე და ზელენსკისა და მისი „გუნდის“ მიერ საკუთარ ჯიბეებში ჩადებულ მილიარდებზე.

თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ გაიღებენ ფულს უკრაინისთვის, საქართველომ რატომ უნდა გაიღოს?

გარდა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება, პირადად ნაპრეზიდენტალი, კორუმპირებული ზელენსკი ლანძღავს საქართველოს ხელისუფლებას, გაღატაკებული ჩვენი ხალხის ფული რატომ უნდა მიდიოდეს უკრაინელთა დასახმარებლად?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვამცნო ამ დახმარების შესახებ — მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრო გენერატორები გავუგზავნეთ უკრაინასო. თითქოს საქართველოს მოსახლეობას პრობლემები არ ჰქონდეს ელექტროენერგიით მომარაგებაში; თითქოს ელექტროგენერატორების თემა ჩვენს ქვეყანაში ისტორიას ჩაბარდა; თითქოს სისტემატურად არ ჰქონდეს ადგილი ელექტროენერგიის გათიშვას, საზოგადო ადგილების, მაღაზიების, სავაჭრო, სამედიცინო დანიშნულების, სხვა ობიექტების უშუქოდ დატოვებას.

ვერავითარ ძმობას და მეგობრობას ვერ ვხედავ საქართველო-უკრაინას შორის. ძმობა და მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი, რასაც დღეს აქვს ადგილი საქართველოს მხრიდან. გარდა ამისა მიზანშეუწონლად მიმაჩნია ფაშისტურ, კორუმპირებულ უკრაინასთან კავშირების ქონა.

საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, თუ უკრაინას დაეხმარება, ამით ბრიუსელი ჩაიხუტებს და ევროკავშირის ალაყაფს ფართოდ გაუხსნის. „ოცნება“ ისევ ევროკავშირში შესვლაზე ოცნებობს და აკეთებს იმას, რაც ბრიუსელს მოეწონება — ასევე კორუმპირებულ, სადამსჯელო ორგანოს.

ბრიუსელ-კიევის ძმურ ჩახუტებაში ანტირუსული პოლიტიკის გარდა კორუფციული მაგალითებიც უამრავია. ბრიუსელისთვის, ისე, როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნებისთვის ზელენსკი დასავლური ფულის განაწილების საქმეში უბადლოა. დასავლურ მილიარდებს, ისევ დასავლეთისკენ აბრუნებს, ცხადია საკუთარ თავსაც უპატივცემულოდ არ ტოვებს. დასავლეთ-ზელენსკის ჩახუტება — დაფუძნებული კორუფციაზე ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას. კანონი ზელენსკიზე არ ვრცელდება. რომ გავრცელდეს, დასავლელი პოლიტიკოსები უმალ იგრძნობენ საკუთარი ჯიბის სიცარიელისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

ზელენსკისა და მისი „გუნდის“ კორუმპირებულობა არ უნდა იწვევდეს გაოცებას ან აღშფოთებას „ოცნებაში“, რომელიც ამ საქმეში არაფრით ჩამოუვარდება მათ. თვალი გადაავლეთ რამდენი კორუმპირებული „ოცნებელია“ დაჭერილი — სასამართლო განაჩენის მოლოდინში?

პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მოადგილეები და ა.შ., რომლებმაც გაღლიტეს ქვეყანა. ახლა ღლეტვის ახალ გზას მიაგნეს — არაბულ კომპანიას, რომელიც საცხოვრებელ სახლებს ააშენებს თბილისში, ბათუმში, სხვაგან. პრემიერ კობახიძის განცხადებით, 16000-სს, სადაც იცხოვრებენ აქაურებიც და იქაურებიც, თუმცა იქაურებში ვინ იგულისხმება, ძნელი ამოსახსნელია. ვარაუდით — არაბები, მაგრამ ისინიც, ვისაც ფული აქვს. ელიტარულ დასახლებაში ცხოვრება მხოლოდ დიდი ფულით არის და იქნება შესაძლებელი. აქაურების ფულის წყაროებს ვინ დაადგენს?

ვის ექნება სურვილი იმისა, „აქაურების“ შემოსავლის წარმომავლობის გამოკვლევა ჩაატაროს, როდესაც აქაურები მთავრობის წევრებია?!

„არაბული დასახლებები“ კორუფციული გარიგების ნაყოფია, როგორც მშენებლობის, ისე აშენებულში ბინის შეძენის თვალსაზრისით. და იტრიალებს ქრთამით, მაქინაციებით მიღებული ფული ბიუჯეტის გვერდის ავლით. განა ასეთ „ტრიალს“ არ ჰქონდა ადგილი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას?

წესისდამიხედვით, ის მილიონობით დოლარი, ათეულ-ათასობით ლარი ბანკში უნდა ყოფილიყო და არა ღარიბაშვილის სახლში — ოქროს ზოდებზე ლაპარაკიც ზედმეტია!

 „შავმა ფულმა“ ბანკს გვერდით ჩაუარა, არცკი შეუხედავს მისთვის და გეზი ხელისუფალთა ჯიბეებისკენ აიღო. კობახიძე გვიმტკიცებს, რომ „არაბული დასახლებებისგან“ შემოსული ფული სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შევიდა?

რა გარანტიაა, რომ კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს შევა?

რომც შევიდეს, მერე რა, ქვეყანა, ხალხი იგრძნობს მინიმალურ სიკეთეს შესული თანხისგან?

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ხალხი, რიგითი ადამიანები ვერაფერს იგრძნობენ — ტრადიციულად. ეს ტრადიცია კი 35-წლიანი დამოუკიდებელი ცხოვრების განმავლობაში ისე მტკიცედ არის ფესვგამჯდარი საქართველოში, როგორც ე.წ. პატრიოტული თამადობა.

ბიუჯეტში შესული თანხის სიკეთე მხოლოდ ხელისუფლებას აქვს გამოცდილი საკუთარ თავზე, ვინაიდან ის უფათურებს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტში, საკუთარი ჯიბის მსგავსად. ის გვეუბნება, რომ „არაბული დასახლებები“ თქვენი, ანუ ჩვენი სიკეთისთვის არის გამიზნული, ისე, როგორც ახალი სტადიონის მშენებლობა, ახალი აეროპორტის და ა.შ.

არაბული კომპანია „აგვიშენებს“ 16000 საცხოვრებელ სახლს, მაგრამ აქაური „დეველოპერებიც“ ხომ ააშენებენ?

აქამდე აქაურები არ აშენებდნენ ყოველ კუთხე-კუნჭულში?

არაბული კომპანიაც ააშენებს და აქაური კომპანიებიც. და გვექნება „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა“ — იმ  რაოდენობის საცხოვრებელი ბინები — მოსახლეობაზე მეტი. მაგრამ არა! მოსახლეობის რაოდენობაზე მეტი ბინა კი იქნება, მაგრამ უბინაო მოსახლეობის რაოდენობა არ შემცირდება მარტივი მიზეზის გამო, რასაც დღევანდელობა გვეუბნება. იმ ახალ აშენებულ სახლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს ექნებათ რამდენიმე ბინა. მაგალითები ამისა უამრავია — ერთ მოხელეზე 20/25 ბინა.

სახელმწიფო მოხელეთა გვარიანი მადიდან გამომდინარე, არაბთა მიერ აშენებულ 16000-ი ბინაც არ იქნება საკმარისი მათი ღორმუცელობის დასაკმაყოფილებლად. 35-წლიანმა დამოუკიდებლობამ მოგვიტანა ადრეული ფეოდალური ცხოვრების წესის რეანიმაცია და თანამედროვეობაზე მორგება, რაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

ავიღოთ მაგალითად ხელფასების მომატება სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ საჯარო სამსახურის მუშაკებისთვის. 14/15/16/17 ათასი ლარი, მარეგულირებელ კომისიებს — 20-25000, პენსიონერს — 350.

ხელისუფლების გაანგარიშებით, პენსიონერის კუჭი ნაკლებ საკვებს მოითხოვს, უფრო სწორად ნაკლებს უნდა მოითხოვდეს. რატომ?

იმიტომ, რომ ხელისუფლებას მეტი დარჩეს. პენსიონერს მედიკამენტები არ სჭირდება, უფრო სწორად არ უნდა სჭირდებოდეს, რატომ?

იმიტომ, რომ ხელისუფლება თვლის ასე! ხელისუფალთა გათვლით პენსიონერი ხორცს, რძის ნაწარმს არ უნდა მიირთმევდეს, ვინაიდან ვნებს ორგანიზმს. პენსიონერი ვეგეტარიანელი უნდა იყოს. კეთილი, მაგრამ ვეგეტარიანული საკები სიძვირით ხორცს, თევზს რომ უტოლდება?

ამაზე ხელისუფლებას პასუხი არ აქვს, ისე, როგორც ბევრ სხვა რამეზე, თუნდაც ასეთზე — რატომ კეტავს „დინამო“ სტადიონის შემოგარენ ქუჩებს ფეხბურთის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მაგალითად მოვიყვან საქართველოს ნაკრების თამაშს ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც 21 საათზე დაიწო. დილის 10 საათიდან დაიკეტა ტრანსპორტის მოძრაობა — არა მარტო სტადიონის ირგვლივ მდებარე ქუჩებზე, არამედ მოშორებითზეც, რამაც შექმნა მთელს ქალაქში უმძიმესი პრობლემები გადაადგილების თვალსაზრისით.

არაერთხელ აღმინიშნავს გულისწყრომით თბილისელთა მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო ქალაქის მერიის, ხელისუფლების, პოლიციის მხრიდან.

აგდებული დამოკიდებულებაა, როდესაც ხელისუფლების თავხედური ქმედებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას. 10 საათიდან 21 საათამდე მოქალაქეებს არც ცუდათ გახდომის, არც სასწრაფო დახმარების გამოძახების, არც მიცვალებულის დაკრძალვის, არც სხვა ცხოვრებისეული მოვლენების გადაწყვეტის შანსაც არ უნდა ჰქონდეს — ასე თვლის ხელისუფლება. და თვლის იმიტომ, რომ საკუთარ სიამოვნებას ხინჯი არ შეექმნას.

დილის 10 საათამდე მომიხდა იმ რაიონში ყოფნა. ყველა ქუჩა ლენტით იყო გადაღობილი — ვინმეს ავტომანქანის პარკირება რომ არ მოეხდინა. უსაფრთხოების ზომების გატარება ფეხბურთის მატჩის დაწყებამდე 11 საათით ადრე? რას ნიშნავს ეს, თუ არ ხელისუფლების დამცინავ დამოკიდებულებას ხალხისადმი?

საბჭოთა კავშირის დროს ყოველ კვირას ტარდებოდა ფეხბურთის მატჩები „დინამოს“ სტადიონზე, რომელსაც მაშინ თითქმის 80000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთით მეტი (41000) ბოლო მატჩის დამსწრე მაყურებელზე, მაგრამ ქუჩები არვის გადაუკეტავს 11 საათით ადრე.

ერთი საათით ადრე მკაცრდებოდა ტრანსპორტის მოძრაობის წესები. იმ „საზარელი“ სისტემის პერიოდში, როგორც ამჟამინდელი „პოლიტიკოსები“ მოიხსენიებენ საბჭოურ წარსულს, ხელისუფლება, სამართალდამცველები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ნაკლები პრობლემები შეექმნათ თბილისელებისთვის.

გავიხსენებ პირველი მაისისა და 7 ნოემბრის დემონსტრაციებს — ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ღონისძიებას, პარლამენტის შენობის წინ ტრიბუნის მოწყობით. პარადის დაწყებამდე მხოლოდ 1 საათით ადრე იკეტებოდა რუსთაველის პროსპექტი და პარადის დამთავრებისთანავე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იყო.

ასაწყობი ტრიბუნის ჭაჭანებაც არსად იყო პარადის დასრულებიდან 1 საათის შემდეგ. კომუნისტური ხელისუფლება პატივს სცემდა ხალხს, არ აღიზიანებდა, ისე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არაფრად აგდებს მოქალაქეთა შეწუხებას, საკუთარი კომფორტული გართობისთვის.

ფეხბურთის მატჩის მეორე დღეს ერთმა ნაცნობმა გულახდილად მითხრა — გამიხარდა ნაკრების დამარცხება, კარგა ხანს ქალაქი არ დაიკეტებაო.

დავუბრუნდეთ კორუფციის თემას, რომელსაც შემდეგი კომენტარი გაუკეთეს „ოცნებელებმა“ — კორუფცია ყველგან არის, მათ შორის ჩვენთანაც, მაგრამ განსხვავება ისაა, ჩვენ ვამზეურებთ და ვებრძვით მასო.

სხვათა შორის დაახლოებით იგივე შინაარსის რამ ბრძანა უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთმა იდეოლოგმა და საყვირმა პოდოლიაკმაც. რომ იტყვიან —  „ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“ ასეთთან გვაქვს საქმე.

   ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

18/11/2025