დაფიქრება გმართებთ ე.წ. პატრიოტებო
გასულმა პარასკევმა ისე ჩაიარა, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დღესასწაული — 7 ნოემბერი არვის გახსენებია.
ქვეყნის მედია ტრადიციულად ევროკავშირში გაწევრებაზე და „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ კორუფციასთან ბრძოლის, დაჭერების მაგალითებზე ამახვილებდა ყურადღებას.
განსხვავებული იყო და არის ტელეკომპანია „ობიექტივის“ და მისი დამფუძნებლების დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის მრავალსაათიანი და აქედან გამომდინარე მრავალსიტყვიანი მონოლოგები — არაბთა მიერ საქართველოში არაბული დასახლებების შექმნაზე, ამ საქმეში 6 მილიარდი აშშ-ს დოლარის ჩადებაზე.
„პატრიოტთა ალიანსის“ სხვა წევრებიც „პატრიოტულად“ გვიყვებიან საშინელებაზე, რასაც ხელისუფლების მიერ მიწის გაყიდვა ჰქვია — არაბული საამიროების სამშენებლო კომპანიაზე.
ხელისუფალთა განმარტებით, არაბული პროექტების ამოქმედება დაასაქმეს ქართველობას, გაუჩენს მას შანსს აშენებულ არაბულ „სოფელში“ ცხოვრების და ა.შ.
სხვაც ბევრი იყო მედიის მიერ მოწოდებული. ყველა მათგანი აქაური დაჭაობებული პოლიტიკურ-სოციალური ყოფის ამსახველი.
მსოფლიო კი იმ თანამედროვეობით ცხოვრობდა და ცხოვრობს — ერთობ მშფოთვარედ, ლამის ბირთვულ დატაკებამდე მისულით.
უკრაინაში გრძელდებოდა და გრძელდება რუსული სამხედრო სპეცოპერაცია — ფრონტზე უკრაინის ჯარის ალყაში მოქცევით.
ორ სხვადასხვა ადგილას არიან უკრაინელი ჯარისკაცები, დაქირავებული უცხოელი „ბოევიკები“ ალყაში, საერთო ჯამში 10000-ზე მეტი.
ზელენსკი — უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, განცხადებით — ალყას გავარღვევთო. მისი ევროკავშირელ-ნატოელი პარტნიორებიც იხტიბარს არ იტეხენ და ნაცვლად რეალური რჩევის მიცემისა, პირიქით აქეზებენ — იომეთ, ჩვენ დაგეხმარებითო.
აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, რუსეთის მიერ გამოცხადებული ორი რაკეტის „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ პასუხად ბირთვული იარაღის გამოცდების განახლებით იმუქრება.
1992 წლის შემდეგ აშშ-ს ბირთვული იარაღი არ გამოუცდია, ისე, როგორც საბჭოთა კავშირს. რაც შეეხება მის მემკვიდრეს რუსეთს, რომელიც იცავს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის საერთაშორისო შეთანხმებას, თავშიც არ გაუვლია ასეთი.
ტრამპმა გაავლებინა, რუსული რაკეტების გამოცდის საპირისპირო განცხადებით. მაგრამ რუსეთს ხომ ბირთვული იარაღი არ გამოუცდია?!
რუსეთმა გამოსცადა ბირთვული იარაღის სამიზნემდე მიმტანი რაკეტები.
პოლიტიკოსები ამბობენ — ტრამპმა ვერ გაიგო რა გამოსცადა რუსეთმა და ცხელ გულზე ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ გააკეთა განცხადებაო.
„ცხელ გულზე“ გაკეთებულ განცხადებას უმალ გასცა პასუხი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა — უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. მან თქვა — მოვემზადებით ბირთვული იარაღის გამოსაცდელი სამუშაოების ჩასატარებლად. დაველოდებით აშშ-ს მოქმედებას და შემდეგ სარკისებურად ვუპასუხებთო.
პრეზიდენტის განცხადებებმა ისე დააფრთხო მსოფლიო, რომ მერამდენე დღეა მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ, ჩვენგან გამოკლებით. ქართულ პოლიტიკას, დედამიწიდან მოშორებით, სხვა პლანეტაზე მცხოვრებს, მსოფლიო კანკალის გამომწვევი მიზეზი არ აწუხებს — ევროკავშირში გაწევრებაზე იმედგაცრუებულს, თუმცა ხალხის დასამშვიდებლად იხტიბარს არ იტეხს და ოპტიმისტურად აცხადებს — მაინც შევალთ 2030 წელსო.
ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ინდური წარმოშობის, უგანდელი, 34 წლის ზოჰრან მამდანის გამარჯვებამ ხომ სიხარულით მწყობრიდან გამოიყვანა აშშ-ი მცხოვრები მუსლიმები, დაბალი ფენის წარმომადგენლები, ისე, როგორც რესპუბლიკელები და მათი ლიდერი აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი — საპირისპირო განცდით.
ახალმა მერმა საჯაროდ შეუთვალა ტრამპს — შენი მოწინააღმდეგე ვიქნები და ასეთად დავრჩები, ვიდრე აშშ-ს ყველაზე დიდი ქალაქის მერი ვიქნებიო.
ზოჰრან მამდანი დემოკრატიული პარტიის ყველაზე მემარცხენე ფრთის წარმომადგენელია, სოციალისტური იდეების მატარებელი, თანაც ისეთის, ტრამპმა კომუნისტი რომ უწოდა. და არა მარტო ტრამპმა.
ამერიკულმა ჟურნალ-გაზეთებმა მამდანის ფოტოსურათებს ხელში ნამგალი და ურო დააჭერინეს, ისე, როგორც ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებას წარწერით — „წითელი ვაშლის“ ქალაქი.
ცნობისთვის. ნიუ-იორკს მეტსახელად „დიდ ვაშლს“ (Big Apple) უძახიან.
ახალი მერი ნიუ-იორკის საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობას უფასოს გახდის; ააშენებს ეკონომ-კლასის საცხოვრებელ სახლებს; გახსნის იაფფასიანი პროდუქტების სუპერმარკეტებს და ა.შ. რამდენად არის მამდანი სოციალისტი ან კომუნისტი უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ის, რომ ასეთი იდეების მატარებელი კაპიტალიზმის ნაკრძალის ყველაზე დიდი კაპიტალისტური ქალაქის მერი ხდება — ხალხის მიერ არჩეული, რაღაცას ნიშნავს, თანაც ისეთს, ჟრუანტელს რომ უვლის ყველას.
კარგა ხნის წინ, ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი აშშ-ს ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული საკითხავი წიგნის მარქსის „კაპიტალი“-ს თაობაზე. ვწერდი არა ჩემს მიერ მოგონილს, არამედ აშშ-ი ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.
ვითომ მარტო მამდანიზე იქონია გავლენა მარქსმა, ენგელსმა, ლენინმა, სტალინმა?
ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარი შთამბეჭდავი იყო საბჭოთა სახელმწიფოს დაარსების სახით. უნიკალურმა სისტემამ დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა. და რომ არა კომპარტიაში შემძვრალი მოღალატეები, ვინ იცის რა მეტოქეობას გაუწევდა კაპიტალისტურ სისტემას, დემოკრატიულს რომ უწოდებენ დღეს.
7 ნოემბერი აქ არ ახსოვთ, იქ არათუ ახსოვთ, მიმდევრებიც ჰყავს, ახალი თაობის სახით. საბჭოთა კავშირმა დააფუძნა მცნება „საბჭოთა ადამიანი“ — საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა ერისა და ეროვნების ერთიანობის გამომხატველი.
საბჭოთა ხალხთა ერთობამ დაამარცხა გერმანული ფაშიზმი და ქვეყანა სუპერ-სახელმწიფოდ აქცია. მაშინ ეროვნულ ნიადაგზე არავითარ დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი. დღეს?
„ობიექტივის“ ეთერიდან ვისმენთ მუსლიმთა ლანძღვას; გახსენებას იმისას, როგორ ააოხრეს საქართველო არაბებმა მე-7 საუკუნეში, შემდეგ სპარსელებმა, თურქებმა — სისტემატურად, საუკუნეთა განმავლობაში.
არ გვინდა არაბული ინვესტიცია იმიტომ, რომ არაბებმა მე-7 საუკუნეში აგვაოხრესო. ამას ფსევდო-პატრიოტიზმი ჰქვია და არა ნამდვილი. ამას ქართველთა დარაზმვა ჰქვია ირანის, თურქეთის, არაბული სამყაროს, მუსლიმური ქვეყნების წინააღმდეგ. და არა მარტო მათ, არამედ თვით საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა წინააღმდეგ, იმ მუსლიმთა, რომელთა რაოდენობა მალე გაუთანაბრდება და გაუსწრებს ქართველ მართლმადიდებელთა რაოდენობას.
შეიძლება არ მოგვწონდეს „არაბული დასახლებები“, მაგრამ ისინი რა შუაში არიან?
შუაში და თავში საქართველოს ხელისუფლებაა და ვიდრე ხალხს ანტიმუსლიმური სულისკვეთებით ვკვებავთ, საკუთარ ხელისუფლებას ვკითხოთ — რით არის განპირობებული არაბული ინვესტიციების ჩადება საქართველოში.
თურქული სკოლები და მედრესები იხსნება — ითქვა. მერედა ვისი ბრალია?
იმის ხომ არა, რომ ჭამას და ქურდობას ვაზეიმებთ, ტყუილ სიტყვებს, ლოზუნგებს ვაფრქვევთ და მთავარს ყურადღებას არ ვაქცევთ, ანუ პატრიოტიზმს, რომელიც დასაცინ სიტყვად ვაქციეთ „ჭეშმარიტმა“ ქართველებმა.
შაჰ აბასის, აღა მაჰმად ხანის, სხვა მომხდურების სისტემატური ხსენება, როგორც დამრბევლების, გულის ფხანაა — ფუჭი, უსაგნო, უშედეგო.
21 საუკუნის 20-იან წლებში ქვეყნის იზოლირებული ცხოვრება შეუძლებელია. იზოლირება ერს განადგურებისგან ვერ გადაარჩენს. ერის გადარჩენა მხოლოდ განსწავლულ ხელისუფლებას, პოლიტიკას ძალუძს, პატიოსანს და მშრომელს და არა მარტო ტყუილი სიტყვების მსროლელს. არ გვინდა „არაბული დასახლებები“, მაგრამ ბრიტანული, ფრანგული, გერმანული სკოლები და „სოფლები“ ხომ გვინდა?
არაბული მომავალში შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ისინი (ევროპული) ხომ ლამის 30-წლიან არსებობას მოითვლიან?
რამდენი ბავშვი გაიზარდა სკოლებში, სადაც იმ ქვეყნების ჰიმნს ასწავლიან, იმ ქვეყნების ისტორიას, იმ ქვეყნების ენებზე და იმ ქვეყნებში აგრძელებინებენ სწავლას, ცხოვრებას, მუშაობას. ისინი პატრიოტები არიან? პატრიოტები არიან მთავრობის წევრების შვილები, რომლებიც დასავლეთში სწავლობენ?
30 წელია ისეთი საშუალო სკოლა ვერ შევქმენით, სადაც მშობელს შვილის მიყვანა სურდეს — ტყავს იძრობენ დასავლურ სკოლაში შესაყვანად.
თითქოს წვრილმანია, მაგრამ წვრილმანები შეფარული პროპაგანდის საგანია, რასაც ყურადღებას არვინ აქცევს. ჭეშმარიტი ქართველები ისე მივეჩვიეთ მაღაზიების ინგლისურენოვან აბრებს, თითქოს არაფერი; ჟურნალისტების, პოლიტიკოსების მიერ უცხო სიტყვების ჟღარუნს — აქაოდა ინგლისური უფრო გვეხერხება, ვიდრე მშობლიური ქართულიო.
თარხან-მოურავმა მუსლიმურ სახელმწიფოებს გაუმართა ომი — ცხადია სიტყვიერი, თორემ რისი მეომრებიც ვართ, 2008 წლის ცხინვალის ომში გამოვავლინეთ.
რჩევისთვის — შეეჭიდეთ იმას, რისი გაკეთების უნარი გაქვთ. ასეთია უამრავი სოციალური პრობლემები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ყურადღებას მოითხოვენ. შეებრძოლეთ თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს, რომლებიც აბრუებენ მსმენელებს, მაყურებლებს. მაგალითად, „მაესტროს“ ჟურნალისტი ჭითანავა, რომელიც რუსეთის სიძულვილის გამო ჩეჩენ ტერორისტ ახმად ზაკაევს უთმობს ეთერს, ისე, როგორც სისტემატურად, ყოველ კვირას უკრაინის ხელისუფლების მრჩეველ, პირწავარდნილ ფაშისტ პოდოლიაკს.
გასულ პარასკევს ვიღაც ქართველ ე.წ. პოლიტოლოგთან ჰქონდა საუბარი, რომლის დროს ე.წ., ვითომც არაფერი, ბრძანა — რუსეთს არასდროს ნდომებია საქართველოს კეთილდღეობა, მას ჩვენი ქვეყნის გაუსაძლისი მდგომარეობა ახარებდა და მუდამ გაახარებსო. არის თუ არა ეს სიცრუე? სიყალბის ტირაჟირება? დასავლეთის დავალების შესრულება?!
უდავოდ, არის! სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცრუ პროპაგანდის გავრცელებას. ცრუ სიტყვით არ უნდა იკვებებოდეს მსმენელი. რადიო „მაესტრო“ ახალ ამბებსაც ტენდენციურად, პროუკრაინულად გადმოგვცემს — ზელენსკის მიერ გაჟღერებული სიცრუით.
უკრაინულ ტყუილში მილიონებს ხარჯავს დასავლეთი. ამ სიცრუის მიხედვით უკრაინის ჯარი რუსეთს უგებს ომს. თურმე ერთ დღეში რუსეთმა 25000 ჯარისკაცი დაკარგა და ა.შ. აი, ასეთი ტყუილებით გვაბრუებს უკრაინული მედია, ისე, როგორც ქართული.
ამ ტყუილით აცხოვრებენ ევროპელებს, ამერიკელებს, თვით პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ხელმრუდე ამერიკელი პოლიტიკოსები — უკრაინულ „შავ ფულს“ დახარბებულები, ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რუს პოლიტიკოსთა შორის ხარხარს რომ იწვევს. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის შეხვედრა ტრამპთან.
ორბანმა კატეგორიულად გაილაშქრა უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვა ომის შეწყვეტა. „უკრაინა ომს ვერასდროს მოუგებს რუსეთსო“, — თქვა მან. ტრამპმა ჰკითხა — „მართლა აგებს უკრაინა ომსო? მე, სხვა ინფორმაცია მაქვსო“. და ეს დიალოგი გადაიცა ტელევიზიით.
რით არის გამოწვეული უკრაინულ-დასავლური ტყუილი?
ფულით! სინამდვილის თქმას მოჰყვება დასავლელი პოლიტიკოსებისა და ზელენსკის ჯიბეების შეთხელება, ვინაიდან ბრძოლებში გამარჯვებულს აძლევენ ფულს და იარაღს, და არა დამარცხებულს.
ზელენსკიმ, რომ თქვას სინამდვილე, ვინ მისცემს ფულს?!
ამერიკელები და ევროპელები, სიცრუით გაბერილები, სიმართლის გაგებისთანავე ხომ გამოვარდებიან ქუჩებში საკუთარი ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით?
უკრაინა „შავი ფულის“ კეთების შესანიშნავი ადგილია, სადაც ამერიკა-ევროპიდან შესული თანხების განაწილება ხდება დასავლელ გამგზავნელებსა და მასპინძელ უკრაინელ მიმღებთა შორის. ასეთები არასდროს იტყვიან, რომ უკრაინა ომს აგებს. პირიქით, რასაც ევროპელები ამბობენ ისაა — მიდით, იომეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართო.
პატივცემულებო, პატრიოტიზმის სულისკვეთებით აღვსილებო, ისაუბრეთ იმ სიცრუის წინააღმდეგ, რასაც ქართულ მედიაში აქვს ადგილი. ახლა არ არის დრო კოჭის გორების და იმით თავის მართლების, რომ კოლეგების წინააღმდეგ კრიტიკა მიუღებელია.
ნაცვლად მუსლიმთა მოძალების წინააღმდეგ ენის ლესვისა, ენა და ხმალი გალესეთ იმათ წინააღმდეგ, ვინც აცხადებს, რომ რუსეთს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის.
თითო-ოროლა უმადური ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უმადურობა რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის მიმართ ზღვარგადასული დეგენერატობაა. მიზეზი ამისა ყალბი პროპაგანდაა, სიცრუის ტირაჟირება, რომელსაც ვერაფერს დააკლებს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის საფუძვლიანი საუბარი საქართველო-რუსეთს შორის ისტორიულ ურთიერთობებზე რადიო „ობიექტივის“ ეთერში.
„ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“ — ასე გვასწავლის ქართული ანდაზა. მრავალი მერცხალია საჭირო, მაგრამ რომ არ არის?!
რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტის ჭითანავას გასაგებად ვიტყვი სახლში, რომელშიც ცხოვრობ, ქუჩა, რომელზეც დადიხარ, მეტრო, რომლითაც სარგებლობ, ენას, რომელსაც ხმარობ, ისტორიით და წარსულით თავი რომ მოგაქვს, საბჭოთა პერიოდის მეცნიერების სახლებს სიამაყით რომ ახსენებ, სახელმწიფო სისტემა, რომ გაქვს და სხვა მრავალი რუსთა დახმარებით, მათი შრომით არის მოპოვებული.
ადამიანს თავი მარტო ქუდის დასახურად სჭირდება?! იქნებ ხანდახან საფიქრელად, პრიმიტიული ანალიზის გასაკეთებლად?
საქართველო რუსეთის შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ საბჭოთა კავშირის, ანუ კრემლი საქართველოს თავის საკუთრებად აღიქვამდა. და რახან ასეა, რატომ უნდა გასჩენოდა მას თავისსავე ტერიტორიის უბედურების სურვილი?
დაფიქრება გმართებთ ე.წ. პოლიტიკოსებო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
10/11/2025
