კორუმპირებულები უსწრებენ მოსახლეობის რაოდენობას?!
                „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“ — ილია ჭავჭავაძის ბრძნული ნათქვამი დღესაც აქტუალურია, უფრო მეტიც, დღეს და არა 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის დროს.
სწორედ იმ 70-ა კომუნისტურმა წლებმა ააშენა საქართველო — ეკონომიკურად, კულტურულად — „მცოდნე, გულანთებული, გონებაგახსნილი“ კაცების ძალისხმევით.
იმ 70 წლის განმავლობაში საქართველოს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მანამდე პრიმიტიულ დონეზე არსებული.
იმ 70 წლის განმავლობაში, კომუნისტური პარტიის მთავარი საზრუნავი იყო კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, მწერლობის, მხატვრობის, მუსიკის, კინემატოგრაფიის, სპორტის განვითარება. განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელმაც სსრკ-ს დიდი სამამულო ომიც მოაგებინა და ბირთვული იარაღიც შეაქმნევინა, კოსმოსის ათვისებაც დააწყებინა და პირველი კოსმონავტის კოსმოსში გაშვებაც შეაძლებინა.
საერთო სახელმწიფოში, საბჭოთა კავშირად წოდებულში, თავისი წვლილი შეჰქონდა საბჭოთა საქართველოს — განათლებული, გულანთებული პატრიოტი კაცებით.
დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საქართველოც — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირი — ტერიტორიულად, გადატანითი — მენტალურად. ერთიც და მეორეც ქვეყნისთვის ტრაგედიაა, მაგრამ ჩემი გაგებით მენტალური დეგრადაცია გაცილებით საშიშია, ვიდრე ტერიტორიული, რამეთუ მენტალურად დაშლილი, შემორჩენილი ტერიტორიების დაკარგვის საწინდარია, ისე, როგორც ქართული სულის, რომელმაც ასეულობით წელი გამოგვატარა და ფიზიკური გადარჩენისაგან თავის დახსნის მიზნით მძლავრი რუსეთის კარიბჭესთან მიგვიყვანა.
დამოუკიდებელი ქვეყნის, სუვერენულის და თავისუფალის შვილებს ლიტერატურიდან ამოკითხული ევროპული „სიკეთეებისკენ“ გაგვაწევინა — დაუფიქრებლად, აუწონ-დაუწონავად. აფორიაქებული ქვეყნის პოლიტიკაში მოსულმა ნაკლებად მცოდნე, ნაკლებად გონებაგახსნილმა, ნაკლებად გულანთებულმა ხალხმა, რატომღაც (უცოდინრობის გამო) დასავლური ლიტერატურა იქაურ აწმყოდ ჩათვალა და რომანებში ჩაწერილი ფერად-ფერადი სიტყვები, რეალობად მიიჩნია.
არადა, გლობალიზაციის პროცესი კარგა ხნის დაწყებული იყო. გლობალიზაციის, რომელიც შორს არის პატრიოტიზმისგან, ქრისტიანობისგან, სამშობლოს მცნებისგან.
ამ სამიდან არც ერთი არ არის ნახსენები დღევანდელი ევროკავშირის დოკუმენტებში. ლიბერალიზმი — ახალი ძალით ამოქმედებული — აგრესიული, პატრიოტიზმისა და ეროვნულობის წინააღმდეგ, ანადგურებს ყველას და ყველაფერს, ვინც და რაც წინ უღდგება იმპერიალიზმის განსამტკიცებელ მოძღვრებას, ლიბერალიზმად წოდებულს და ჩვენც, ჩვენი უცოდინრობის შედეგად იქ ვართ, იმ პროცესში, იმ ჭაობში, რომელსაც ევროკავშირული ლიბერალიზმი ჰქვია.
ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით ნაცმოძრაობა — დასავლეთიდან დაფინანსებული და დასავლეთის პროპაგანდისტები, რომლებიც თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, მალე გამოგვემშვიდობებიან — კანონგარეშედ გამოცხადებულნი.
ნაცმოძრაობა და მისი ბედის გამზიარებელი სხვა პარტიებიც იატაკქვეშა „მოღვაწეობას“ გააგრძელებენ და ნელ-ნელა დაიშლებიან. პოლიტიკური ველი ახალი პარტიებით შეივსება. რა ორიენტაციისა იქნებიან ისინი? ისევ პროდასავლური?
„ოცნების“ მიერ განხორციელებულ ანტიპარტიულ მოქმედებას, ადრე რომ ჰქონოდა ადგილი, ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა. „ოცნებამ“ ვერ გარისკა — დასავლეთით შეშინებულმა და „ნაცებთან“ კოჰაბიტაციას შეეგუა, რამაც ქვეყანა უკან დასწია, თუნდაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით.
ქართველ „პოლიტიკოსთა“ შორის ბელორუსის და მისი პრეზიდენტის ლუკაშენკოს ხსენება მხოლოდ ქილიკით და ლანძღვით აღინიშნება. „დიქტატორია ლუკაშენკო“ — ასე ამბობენ ისინი და წამითაც პარალელს არ ავლებენ საქართველოს მმართველობასთან. ლუკაშენკო და ბელორუსი დიქტატორი და დიქტატორულია, რომელმაც მიაღწია ისეთ პროგრესს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, მეცნიერებასა და განათლებაში, საქართველოსთვის რომ მიუღწეველია. ასეც იქნება მომავალში, კარგა ხნის განმავლობაში.
ბელორუსს მრავალ ქვეყანასთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ქვეყანა კონკურენტუნარიან პროდუქციას უშვებს — სამრეწველოს, სოფლის მეურნეობის, სადაც დასაქმებულია ბელორუსის მოსახლეობა. სოციალური მდგომარეობით ბელორუსი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირის წევრი მეზობელი ბალტიისპირა ქვეყნები, სხვები.
ჩვენ ბელორუსს დავცინით, არადემოკრატიულს ვუწოდებთ. ანალოგიურად ვაფასებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს. არადა, მათ ისეთი ეკონომიკური ნახტომი გააკეთეს, ჩვენ რომ ვერც ვიოცნებებთ.
ორი კვირის წინ, ტაჯიკეთში დსთ-ს დიდი ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა — მოლდოვის, საქართველოს, უკრაინის, ბალტიისპირა რესპუბლიკების გამოკლებით.
გამაოცა სტუმრების მიღების ცერემონიალმა — აეროპორტში დახვედრა-გაცილებიდან დაწყებული, პრეზიდენტის სასახლეში ჩატარებული სხდომებით დამთავრებული.
ტრაპიდან, აეროპორტის შენობამდე, სტუმარი ყვავილების დერეფანში მიდიოდა, ყვავილები კი განიერ, მოძრავ ყუთებში იყო ჩალაგებული. თვით პრეზიდენტის სასახლის ბაღში, გზის ორივე მხარეს ხილის პირამიდები, მრავალფეროვანი და გემოვნებით დალაგებული — ენით აუწერელ შთაბეჭდილებას ჰქმნიდა.
ქვეყანა, რომელმაც მსგავსი მასპინძლობა გაუმართა სტუმრებს, უყურადღებოდ არც საკუთარ ხალხს დასტოვებს. და ეს პატარა, არცთუ მდიდარ ტაჯიკეთში.
ახლა ვნახოთ რა პროგრესია უზბეკეთში, თურქმენეთში, ყაზახეთში და შევადაროთ საქართველოს.
ტაჯიკეთის პრეზიდენტის სასახლემ, სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლე გამახსენა, რომელიც კარიკატურულია პირველთან შედარებით. ამ სასახლეს დღემდე არვინ იყენებს დანიშნულების მიხედვით, ვინაიდან სააკაშვილის მიერ არის აშენებული. ქართულ პოლიტიკას რუსეთი არ უყურებს, და რახან ასეა, რუსეთის მიერ აშენებული სახლებიც არ უნდა გვინდოდეს. დავანგრიოთ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“ — მეფის რუსეთის ნაცვლის რეზიდენცია თბილისში. დავანგრიოთ რუსთაველის პროსპექტზე არსებული სახლები, რომელთა უმრავლესობა მეფის რუსეთისა და საბჭოთა პერიოდშია აშენებული. დავანგრიოთ პრეზიდენტის დღევანდელი სასახლეც, ისიც ხომ მეფის რუსეთის ჟამს არის აშენებული. მიწასთან გავასწოროთ ოპერისა და ბალეტის თეატრის, რუსთაველის თეატრის შენობები. რუსთაველის კინოთეატრს ხომ მოვუღეთ ბოლო და არაბულ კომპანიას გადავეცით?!
„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“ — ისევ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომელიც ჩვენზე არ ჭრის. პრემიერ-მინისტრი გახლდათ არაბებისთვის გადაცემულ ისტორიული კინოთეატრის ყოფილ შენობაში და გვამცნო, რომ თურმე ეს არაბული კომპანია აჭარაში, გონიოში დიდ დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს, რომელშიც რამდენიმე მილიარდ დოლარს ჩადებსო. მერედა, ვინ იმუშავებს, ვინ იცხოვრებს იქ?
დაცარიელებულ საქართველოში „ოფიციანტიც“ დეფიციტია, მზარეული ხომ ათჯერ მეტი დეფიციტი. „ოცნება“ და მისი შემქმნელი ივანიშვილი იმით იწონებენ თავს, რომ ხალხი დაასაქმეს იქ, უცხოეთში და არა აქ, სამშობლოში.
საქართველოში ისეთი ვითარებაა, საწარმოებიც რომ გაიხსნას ინჟინერ-ტექნიკური პერსონალიც და მუშაც საძებნი იქნება. რაც შეეხება სასტუმროების მშენებლობით გატაცებას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სასტუმროა. არავითარი სხვა სახის დაწესებულება — სასტუმრო, რესტორანი, საცხოვრებელი სახლი. ეს უკანასკნელი იმდენი — ვგონებ მოსახლეობის რაოდენობას რომ აჭარბებს. მაშ რაზეა გათვლილი, ან ვისზე?
ძნელი გამოსაცნობი არ არის — ხელისუფლებაზე, თავისი უზომოდ გაზრდილი მადით და უცხოელებზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ბინის პატრონები არიან. უძრავი ქონებაა და ვინ იცის რა დროს და როდის გამოადგებათ?
10-15 ბინის, ფეშენებელურის, რამდენიმე სახლის პირად საკუთრებაში ქონა აღარავის უკვირს, ისე, როგორც სასტუმროების ცვენა. საინტერესოა ხელისუფლებას აქვს თუ არა გათვლილი რამდენი სასტუმრო სჭირდება ქვეყანას, ვინ იმუშავებს იქ მოსახლეობის კატასტროფული შემცირების დროს?
სასტუმროს ვარგისიანობა არა მარტო ინტერიერ-ექსტერიერით ან რესტორნის გამართული მუშაობით იზომება, არამედ მაღალკვალიფიციური მომსახურეობით. მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უზრუნველყოფს დიდი საშტატო ერთეული, კვალიფიციური, გაწვრთნილი. როდესაც ასეთი მიზანი ჰაერში გამოეკიდება, სასტუმროს მეპატრონე იძულებული იქნება სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაასაქმოს. რას გამოიწვევს ეს, თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლებას?
არაბულ საამიროებში — სიმდიდრით გამორჩეულში, „ევროპელი „თეთრი მონები“ ასრულებენ მთელ რიგ სამუშაოებს. ისინი იქაური კანონმდებლობით ვერასდროს გახდებიან საამიროების მოქალაქეები.
საამიროებში მცხოვრები არაბები, რომლებიც რაოდენობით ჩამოუვარდებიან „შავი სამუშაოების“ შემსრულებელ ინდოელებს, პაკისტანელებს, ევროპელებს, სხვებს შეინარჩუნებენ პრიორიტეტულობას საკუთარ ქვეყანაში.
საქართველოში, კერძოდ აჭარაში ისე გაიდგა ფესვი თურქულმა ბიზნესმა და აქედან გამომდინარე „სიკეთეებმა“, რომ აწმყოსა და მომავალში გასაკვირიც არ იქნება საქართველოს მოქალაქეობამიღებული თურქების საკანონმდებლო ორგანოებში — ადგილობრივში, ავტონომიურში შეღწევა. საქართველოს პოლიტიკა შეშფოთებას გამოთქვამს რუსთა მიერ უძრავი ქონების შესყიდვაში, ბიზნესის ამოქმედებაში, მაშინ, როდესაც უყურადღებოდ ტოვებს მეზობელი თურქეთის, არაბული ქვეყნების მოქმედებას.
საქართველოს პოლიტიკა ბოლო 14 წლის განმავლობაში, რით იყო დაკავებული გამოკვეთა მაღალჩინოსანთა დაჭერებმა. დამოუკიდებლობის წლების მთავარი არსი მდგომარეობდა და მდგომარეობს უკანონო გზით ფულის კეთებაში, კორუფციაში. გამსახურდიას ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად იყო ამ საქმეში ჩართული, ვინაიდან მცირე ხნით ქვეყნის სათავეში ყოფნამ და შექმნილმა არასასურველმა დაპირისპირებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ დაუტოვა მას შანსი მშვიდი ცხოვრების, ხელისუფლებით ტკბობის.
გამსახურდიას ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის გაგრძელების შემთხვევაში კორუფციული მომენტი წინა პლანზე წამოიწევდა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის კონტროლს გარეშე დარჩენილი საქართველო და მისი პოლიტიკა — თავაშვებული დააცხრებოდა ქვეყნის ბიუჯეტს, გაასხვისებდა მის სიმდიდრეს, ქარხნებს, ჩარხებს და ა.შ., რასაც ადგილი ჰქონდა შევარდნაძის მმართველობის დროს, შემდეგ სააკაშვილის, რომელმაც ისე დახვეწა პროცესი, მტერიც რომ ვერ ინატრებდა საქართველოს დასაქცევად.
პოლიტიკოსთა მადას, უცხოელ პარტნიორთა მადაც დაემატა და ქვეყანა, სახელმწიფო დონეზე აღებ-მოცემობამ მოიცვა. ისმენ სამართალდამცველთა ყოველდღიურ ინფორმაციას ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბურჭულაძის, მისი კორუმპირებული „თანამებრძოლების“, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის, უსაფრთხოების ყოფილი სამსახურის უფროსის ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის და სხვათა კორუფციულ „თავგადასავლებს“ და გებადება ობიექტური აზრი — კორუმპირებულთა რაოდენობა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ტოლია, შეიძლება მეტიც. ის, ვინც არ იპარავს უბრალოდ ისეთ სამსახურშია, სადაც მოსაპარიც არაფერია.
საყოველთაო ქურდობის ქვეყანასთან გვაქვს საქმე — დამოუკიდებლობის, სუვერენულობის, ევროატლანტიკურ სივრცესთან მჭიდრო კავშირების პერიოდში. ახალი თაობა — კორუფციულ ვითარებაში გაზრდილი პატიოსნობაზე, პატრიოტიზმზე, სამშობლოზე იფიქრებს თუ საკუთარ კეთილდღეობაზე?
კითხვაც უადგილოა.
„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი“, — ამბობდა ილია. ამბობდა და მერე რა? ვინმემ, დღევანდელმა გაიზიარა მისი ნათქვამი?
არც არავინ. და არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომც სცოდნოდათ, მაინც კორუფციისკენ გაიხედავდნენ.
მოდის გამო ეკლესიაში სიარული, ვერც სულიერებას, მითუმეტეს პატიოსნებას ვერ არგუნებს თანამედროვე გადაგვარებულს.
კორუფციული დაავადება უცხო არ არის მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცისთვის. თანაც რა თანხებზეა ლაპარაკი?!
ათასებზე და ათეულ-ათასებზე კი არა, მილიონებზე. მარტო ის რად ღირს, ევროპარლამენტარებმა, სხდომის დროს სახეში რომ მიახალეს ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს — თქვენ აქ კი არა, ციხეში უნდა იჯდეთ „კოვიდ-19“ დროს გაკეთებული „ლევი“ მილიონებისთვისო!
უკვე რამდენი წელია ევროკავშირი ლაპარაკობს ურსულას კორუმპირებულობაზე, იმპიჩმენტის საკითხსაც აყენებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ — ხმები არ ყოფნით. რას ნიშნავს ეს, თუ არა მარტივ ჭეშმარიტებას — კორუმპირებული ურსულას დაცვას?!
იცავენ ისინი, ვინც კორუმპირებულები არიან.
კორუფციით არა მარტო ევროკავშირია „სახელოვანი“, არამედ აშშ-ს კონგრესი. ამერიკელი მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მხარს უკრაინას უჭერენ. მათ შორის გამოკვეთილია სენატორი ლინდსი გრემი — ახალგაზრდობაში ქალის კაბებში მოკუნტრუშე. უკრაინის მხარდაჭერა ფულით არის გამოწვეული — ათეულ-ათასობით დოლარით, ის და მისი კოლეგები ხელფასის მსგავსად, ყოველთვიურად რომ იღებენ უკრაინიდან. „რუსეთის აგრესია უნდა შეწყდეს, რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, დაზარალებული უკრაინის აღსადგენად მილიარდები უნდა გადაიხადოსო“, — ამბობენ ისინი.
რუსოფობია, კორუფციით მოტანილი ჟღერს კონგრესში, მედიაში და მყარ იმპულსს ქმნის ომის გასაგრძელებლად. გაჭიანურებული ომი აწყობს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ვინაიდან ორ კურდღელს კლავს — ასუსტებს რუსეთს, ანუ მის მთავარ მეტოქეს და უქმნის მას (რუსეთს) გავერანებული სახელმწიფოს იმიჯს.
ზედაპირულად, საჯაროდ ტრამპს სურს რუსეთ-უკრაინის დაზავება, ცეცხლის შეწყვეტა — ყოველგვარი წინაპირობის გათვალისწინების გარეშე, რასაც მოჰყვება PR-ი მშვიდობისმყოფელობასთან დაკავშირებით.
ტრამპის ყველა საჯარო გამოსვლა გვამცნობს მის მიერ შეჩერებული ომების თაობაზე. რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისთანავე ბრძანებს, რომ მეცხრე ომი შეაჩერა, რისთვისაც მას ნობელის პრემია ეკუთვნის.
ახლახან, იაპონიაში ვიზიტის დროს, მან იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, იაპონიის ისტორიაში პირველ ქალ პრემიერს ათქმევინა, რომ ტრამპი ღირსია ნობელის პრემიის.
ტრამპი მართლაც ღირსია ნობელის პრემიის არა მშვიდობის განმტკიცებისთვის, არამედ იმისთვის, იაპონია რომ აიძულა აშშ-ი დამზადებული იაპონური ავტომობილების, იაპონიაში იმპორტით, იაპონიის მიერ აშშ-ი 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაში.
აშშ-ს მიერ ოკუპირებული იაპონია თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ითვლება და ამ „თავისუფლებას“ 47000 ამერიკელი ჯარისკაცი გუშაგობს. იაპონიის პოლიტიკა, რომელიც მჭიდრო მოკავშირეა აშშ-ს, თავში აზრადაც არ ივლებს აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის შემცირებას. მას გულწრფელად მიაჩნია, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზები იცავენ იაპონიის სუვერენიტეტს მეზობელი ჩინეთისგან, ჩრდილო კორეისგან, რუსეთისგან.
მშვიდობისმყოფელი ტრამპის აღქმა მშვიდობისა თავისებურია. იაპონიაში ყოფნისას მან ბრძანა, რომ აშშ-იაპონიას შორის იყო მცირედი დაპირისპირება, რასაც მოჰყვა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა. არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს ბოდიშიც არ მოუხდია იაპონელი ხალხის წინაშე ხიროსიმასა და ნაგასაკში ბირთვული ბომბების ჩამოყრისთვის, იაპონელთა მასობრივი ხოცვისთვის. იაპონელიც გაყუჩებულია. მე-2 მსოფლიო ომში კაპიტულირებული იაპონია სხვა ცხოვრებით ცხოვრობს — სხვა აზროვნებით. იაპონიის სკოლის სახელმძღვანელოებში გაკვრით არის მოხსენიებული ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია და საერთოდ არ არის ნახსენები აშშ-ი — ამ ტრაგედიის შემოქმედი.
აშშ-ს მიერ გაზრდილი იაპონელი ისაა, ვინც ოფიციალური წერილით მიმართავს ნობელის პრემიის კომისიას ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭებისთვის. ტრამპელები, რომლებიც მას „მშვიდობის მტრედობას“ აბრალებენ, იმ მექოთნეებს გვანან, ქოთანს რომ ყურს იქით მიაბამენ, საითაც გაუხარდებათ.
ტრამპის და ტრამპელების გამოგონილია ტერმინი „ძალის გამოყენებით“ მშვიდობის დამყარება. ეს მეთოდი ტრამპმა ირანის წინააღმდეგ გამოიყენა — ირანის ბირთვული ლაბორატორიების დაბომბვით, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა არა მარტო რეგიონი, არამედ მსოფლიო.
საბედნიეროდ, ირანის სულიერი ლიდერის და ქვეყნის მმართველის აიათოლა ჰამენეის გადაწყვეტილება იყო გონივრული. ის არ აჰყვა ტრამპის ემოციას და თავი შეიკავა პასუხისგან. მაგრამ, როგორ შეაფასა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ?
ჰეგემონის გამარჯვებად. ტრამპის აზრით, ჰეგემონი ამერიკაა და ასეთად დარჩება მომავალში. შეესაბამება თუ არა ტრამპის ამბიცია ჰეგემონობას თანამედროვე მსოფლიო ვითარებაში?
ვეჭვობ, რომ შეესაბამებოდეს!
ჩინეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით წინ არის ჰეგემონზე — თითქმის ყველა პარამეტრით; რუსეთი — შეიარაღების თვალსაზრისით უსწრებს აშშ-ს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ ჩატარებულმა 2 გამოცდამ — ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ და საზღვაო წყალქვეშა „პასეიდონის“, მსოფლიოს დაანახა შეიარაღების ახალ სტადიაზე გადასვლა, რაც ძველის სრული განეიტრალების საფუძველი გახდება.
„ბურევესტნიკს“ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია აშშ-ს „ოქროს გუმბათისთვის“ გვერდის ავლა და სამიზნის განადგურება. ეს ფრთოსანი რაკეტა სწრაფი და უხილავია. ის, ბირთვულ ენერგიაზე მუშაობს. რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი რაკეტები მრავალი წლის განმავლობაში დარჩება როგორც უნიკალური, ერთადერთი.
გააკეთებს აშშ-ს პრეზიდენტი, ადმინისტრაცია შესაბამის დასკვნებს?
ვეჭვობ, რომ გააკეთოს, რაც დაძაბავს ურთიერთობას არა მარტო მათ შორის, არამედ მის მოკავშირეებსა და რუსეთს შორის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპს ტყუილ ინფორმაციას აწვდიან დემოკრატებთან ურთიერთობაში მყოფი რესპუბლიკელები. დემოკრატების მიზანი კი ტრამპის დისკრედიტაციაა. ტრამპს ისედაც არ აკლია ემოციური განცხადებების გახმოვანება, ხშირად ფალსიფიცირებულის და ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციამ რეალობით კვებოს პრეზიდენტი, სიცრუით კვებავს.
მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ბესენტი, რომელიც აცხადებს, რომ რუსული კომპანიების „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ დასანქცირება პრობლემებს შეუქმნის რუსეთის ეკონომიკას და რუსეთს აიძულებს დაეთანხმოს აშშ-ევროკავშირის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
სანქციები არ აიძულებს რუსეთს მიიღოს უკრაინასთან დაზავების პროდასავლური პროექტი, ვინაიდან თვლის, რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობას აქვს ადგილი.
ბესენტი, აშკარად გაუთვითცნობიერებელი მსოფლიო ეკონომიკასა და ფინანსებში, არ ითვალისწინებს, რომ აღნიშნული რუსული კომპანიების მიერ მოპოვებული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვის შემცირება გაზრდის ნავთობის ფასებს — ყველგან, მათ შორის აშშ-ი.
ტრამპი, რომელიც იბრძვის ლგბტ-ს და სოროსის წინააღმდეგ, იტანს გეი ბესენტს, მრავალი წლის განმავლობაში სოროსის სამსახურში მყოფს.
ჰიტლერი, რომელიც ებრაელებს მუსრს ავლებდა, ზოგიერთთა მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. მათ ასეთი სახელი შეარქვეს — „სასარგებლო ებრაელები“. ალბათ, ბესენტიც ასეთი სახელით სარგებლობს ტრამპის კარზე.
როგორც ჩანს, კრემლმა უნდა შეცვალოს თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ტრამპის მიმართ — რეალისტურით. ემოციური, ეიფორიული განწყობა პუტინისა აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ უფრო ნეგატიურის მომტანია, ვიდრე პოზიტიურის. აშშ-ს პრეზიდენტი, ტრამპი იქნება თუ სხვა გაატარებს პოლიტიკას, რომელსაც საფუძვლად ედება ჰეგემონიზმი. განა ტრამპის ლოზუნგი —„გადავაქციოთ ამერიკა დიადად“ ამას არ ნიშნავს?
მოდით დავსვათ კითხვა — ვინ ეკითხება აშშ-ს უკრაინაში ომის დამთავრებას? რატომ თვლის ტრამპი, რომ მან უნდა დაუსვას წერტილი ომს? ვინ თქვა, რომ აშშ მსოფლიო არბიტრი უნდა იყოს? ვინ თქვა, რომ მსოფლიო საკრებულო — 193 ქვეყნის სახით, გაეროდ წოდებული, ერთმა ფიზიკურმა პირმა უნდა ჩაანაცვლოს?! ვინ დაავალა აშშ-ს ნარკობიზნესთან ავიამზიდებით ომი და ამ მიზნით ვენესუელის ნაპირებთან კბილებამდე შეიარაღებული ამერიკული ჯარის მიყენება?
„მშვიდობის მტრედი“ აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს დამხობით, აშშ-ს ნარკოტიკებისგან გადაარჩენს.
ამერიკელი სენატორები რჩევას აძლევენ მადუროს — დატოვოს ხელისუფლება და საცხოვრებლად რუსეთში ან ჩინეთში წავიდეს.
აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც ვენესუელის სიმდიდრეების, განსაკუთრებით ნავთობის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებს, ნარკოტრეფიკის თემას იშველიებს და თუ გაუვიდა, სხვა ქვეყანასაც მიადგება მის მიერ შეთხზული ზღაპრებით.
ასეთთან ურთიერთობა სახიფათოა, ვინაიდან თუ თვალში მოუხვდით, ისეთს დაგაბრალებს, თავის მართლებაც რომ ამაო იქნება. „მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო“ — სკოლაში ნასწავლი სიბრძნის გაზიარება მოუწევს ყველას, მათ შორის ჩვენც — ტრამპის ამბიციების მიხედვით.
საერთაშორისო ვითარება გვკარნახობს ტვინის განძრევას, მაგრამ 2 მთავარი ფაქტორი გვიღობავს გზას — ტვინის დეფიციტი და უკიდეგანო ღორმუცელობა, თანამედროვე ენაზე მას კორუფცია ჰქვია. მაინც როგორ მოვახერხეთ 30 წლის განმავლობაში კორუმპირებულებსა და ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას შორის ტოლობის მიღწევას?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
02/11/2025
