25.10.2025

ტრაგედიას, რომელსაც ზერელედ ვუყურებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ლილუაშვილის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა სახლების ჩხრეკვა, იქედან ამოღებული ფული, ძვირფასი სამკაულები, მაჯის საათები, ოქროს ზოდები, ფასიანი სხვა ნივთები — დასტურია საქართველოს ხელისუფლების კორუფციასთან ბრძოლის.

მან და სხვა პარტიელებმა დაბეჯითებით თქვეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებში, საქართველომ მოწინავე ადგილი უნდა დაიკავოსო.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებული თანხის რაოდენობა 6,5 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს; ოქროს ზოდების, ძვირადღირებული მამაკაცის საათებისა და ოქროს სხვა სამკაულების ღირებულებაც თუ არა მეტი, არც ნაკლებია დოლარების რაოდენობაზე. ლარებზე ლაპარაკი არ ღირს, იმდენად „უმნიშვნელოა“ — 160000-სი. დანარჩენი მილიონი დოლარი გაჩხრეკილთა 20-ზე მეტ სახლსა და ბინაზე მოდის — მათ კუთვნილებაში არსებულზე.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დოლარები და ლარები სახარჯო ფული იყო და არა, რასაც სათუთად ეპყრობიან, უცხოეთის ბანკებში ამწესებენ, სამომავლო უზრუნველი ცხოვრებისთვის, შვილების, შვილიშვილებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება კვალს მიაგნებს და „დამაიმედებელი“ განცხადებითაც გაგვახარებს, საქართველოს მმართველი პარტია „ოცნების“ მიღწეულ „წარმატებებზე“ — კორუფციასთან ბრძოლაში.

კორუფციაში ეჭვმიტანილებს შესაბამის განაჩენსაც გამოუტანენ, რითაც სეირის მაყურებელთა შურისძიების მსგავს სურვილსაც დააკმაყოფილებენ. ცხოვრება კი  გაგრძელდება, ისე, როგორც დღემდე. მტკვარიც ისე მდორედ გააგრძელებს თავის დინებას კასპიის ზღვისკენ, როგორც საუკუნეთა განმავლობაში.

მაინც რამდენის მომსწრეა ეს დალოცვილი?! მას რომ ენა ჰქონდეს, რამდენს გვეტყოდა ჭკუის დასარიგებლად?!

მან გაბრაზებაც იცის. ერთხელ, ჩემი სკოლაში სწავლის დროს შევესწარი მის „გაბრაზებას“, როდესაც აქაფებულმა, ჩვენი ქცევით უკიდურესად გაღიზიანებულმა ნერვები ვერ მოთოკა და ისე გაასწორა ე.წ. პესკები, იქ არსებული ისტორიული, ძველისძველი დასახლება, რომ კარგა ხნის განმავლობაში ვერც კომუნისტებმა და ვერც მათ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა „პესკების“ ათვისება.

ერთადერთი „უშიშარი“ სააკაშვილი გამოდგა, რომელმაც „ტრუბები“ გადო „პესკებზე“ — ენით აუწერელი სიმახინჯე, ძველი ქალაქის იერსახის გამანადგურებელი.

14 წელია „ოცნება“ „გვისრულებს“ ოცნებებს — სიტყვით, რომელსაც საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაგვპირდა „ტრუბებისგან“ „პესკების“ გათავისუფლებას, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა მოახერხა მილიონების სახლში წაღება.

იმ 6,5 მილიონი დოლარიდან, რაც ღარიბაშვილმა მიითვისა, მილიონი საქვეყნო საქმისთვის რომ გამოეყენებინა, „პესკებს“ უდავოდ გაათავისუფლებდა „ტრუბების“ ტუსაღობისგან.

დაენანა მწვანე დოლარები. დაენანა და თავიც სატუსაღოდ გაიხადა.

 გამოთქმას — „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ ბატონმა ირაკლიმ სიტყვა „არ“ დაუმატა და ასე ააჟღერა — „რასაც არ გასცემ შენია, თუ გასცემ დაკარგულია“.

ხუმრობა იქით იყოსდა, საკუთარ სახლში ყოველდღიურ სახარჯოდ ამდენ მილიონ დოლარს, რომ იქონებ, სახვალოდ რამდენი უნდა გადაინახო?!

არის ასეთი გამოთქმა — როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო, თუმცა არც ამ გამოთქმის სიბრძნეს ჩაწვდა ბატონი ირაკლი. ანდა რატომ უნდა ჩაწვდომოდა — შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის მაღალი თანამდებობის მფლობელი?

გაჩნდა შანსი ქურდობისა და მანაც იქურდა. იურისტები შემედავებიან — ქურდს ნუ უწოდებ, სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანიაო. დავეთანხმები, მაგრამ ჩემი თანხმობით მოპარული ფული აორთქლდება?

ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის „ოცნების“ მიერ განხორციელებული ოპერაცია — საზარელი, მძიმედ აღსაქმელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როდესაც ნორმალური ადამიანის დეფიციტია საქართველოში აღქმა და შეფასებაც არანორმალურია.

საზოგადოებამ, მისთვის უკვე ჩვეული ფრაზით — „მერე რა“-თი მიიღო მაღალჩინოსანთა ქურდობა და მტკვარივით გააგრძელა დინება, ანუ ყოველდღიური ცხოვრება, რომელსაც უფრო არსებობა ჰქვია, ჰაერის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და არა ცხოვრება.

ცხოვრობენ ზემომოყვანილი ქურდები და ისინი, ვინც ხელისუფლებაშია. დანარჩენი — სულს ღაფავს. გასამხნევებლად მას უმრავლესობა ჰქვია. ეს, უმრავლესობა, ყოველთვის უმრავლესობაში იქნება, უმცირესობის გამო. ეს, უმრავლესობა, რომ პარლამენტის უმრავლესობას ჰგავდეს, მის ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა.

 პარლამენტის უმრავლესობის წყალობით ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გაუსაძლისად. არადა, 2012 წელს რა დამაიმედებელ განცხადებებს ვისმენდით მომავალი ხელისუფლების მხრიდან?

 დღეს, დაპირებებსაც აღარ ვისმენთ. როგორც ჩანს მათაც მობეზრდათ აუსრულებელი „ოცნების“ დაპირება და ჩვენც მივხვდით, რომ ლაპარაკის უკან დაპირებაა — ტყუილი, ფარისეველური და არავითარი რეალობა.

„ოცნებას“ მაზოხიზმი რომ არ შეპყრობოდა და „შინ“, ანუ მის რიგებში არსებული კორუფციული მომენტი საჯაროზე არ გამოეტანა, ვერ მივხვდებოდით, რომ ამ პარტიასაც ისეთივე მღრღნელები ჰყავს, როგორც წინამორბედ ნაცებს?

რა მიხვედრა უნდა, როდესაც მრავალათასიან უძვირფასეს ავტომანქანებს ხედავ ყოველდღიურად ან ქანდაკებებით დამშვენებულ საცხოვრებელ სასახლეებს?

აღარაფერს ვამბობ მათი შვილების უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლაზე და მშობლების მიერ მათ სისტემატურ მონახულებაზე. ერთ-ერთი ასეთის მაგალითი არ იყო პრემიერ ღარიბაშვილის სამთავრობო თვითმფრინავით ვაჟიშვილის ევროპაში ჩაყვანა, იქედან კი აშშ-ი. მაშინ ტუტუცმა ჟურნალისტებმა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილებმა საყვედურით გვითხრეს — მერე რა, რა დაშავდა იმით, ღარიბაშვილმა თავისი პირადი საქმისთვის სახელმწიფო თვითმფრინავი ხომ გამოიყენაო? ქვეყნის მმართველ პირველ პირს უფლება აქვს სახელმწიფო საკუთრების საკუთარ თავზე მორგებისო.

მაშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში კამათი მომივიდა გადაცემის წამყვან ჟურნალისტთან, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის საკუთარ საქმეებში გამოყენება არავითარი დანაშაული არ არისო. და ამას მიმტკიცებდა ჟურნალისტმა, რიგით მოქალაქესთან შედარებით პოლიტიკურ-საზოგადო ცხოვრებაში გათვითცნობიერებული.

რა მაგალითი არ მოვიყვანე საბჭოური თუ უცხოური ცხოვრებიდან, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვუთხარი ისიც, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილ თავმჯდომარეს ქალბატონ რიტა ზიუსმუტს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, როდესაც მან პერსონალურ სახელმწიფო მანქანაში მეუღლე დაიმგზავრათქო.

ზიუსმუტი გადაურჩა გათავისუფლებას, ვინაიდან თავმჯდომარეობის ვადა ეწურებოდა.

როდესაც ღარიბაშვილის ცხოვრებიდან ამ „უმნიშვნელო“ ამბავს არვინ მიაქცია ყურადღება — არც ბერმა და არც ერმა, წახალისდა ბატონი ირაკლი სხვა საგმირო საქმეების კეთებაში. შედეგი?

შედეგი ჩხრეკით გამოვლენილი ქონება.

ნეტავ, რამდენი ასეთი „ყოჩაღი“ ბუდობს „ოცნებაში“? უმრავლესობა ხომ არა?!

უნდა ვიმედოვნოთ, რომ მალე მათი სახელებიც ცნობილი გახდება! ვაშა კორუფციასთან მებრძოლ „ოცნებას“, რომელმაც სახელმწიფო ქონების მითვისების საქმეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია!!! წინამორბედ ნაცებთან და მათ ლიდერ სააკაშვილთან შედარებით, რომელიც „კოსტუმების“ სახელმწიფო ფულით შეძენისთვის და სხვა „წვრილმანისთვის“ კლინიკა „ვივამედშია“ გამომწყვდეული, თანაც 3-ოთახიანში, გაცილებით დიდში და კომფორტულში, ვიდრე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, რომელსაც პარიზის პრესტიჟულ ციხეში გამოუყვეს 11 კვ.მ საკანი, სანიტარული კვანძით, კედელზე ჩამოკიდებული ტელეფონით, პატარა მაცივრით, ტელევიზორით, რომლის ჩასართავად პატიმარმა სარკოზიმ დღიურად 14 ევრო უნდა გადაიხადოს.

 სარკოზის 5 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი იმისთვის, რომ ლიბიის ლიდერმა კადაფიმ 15 მილიონი დოლარი მისცა საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. სარკოზის სახელმწიფო ფული არ გაუფლანგავს.

ერთ-ერთ წინა სტატიაში ოპოზიციას ვუპასუხე, რომ მსოფლიო პოლიტიკაში არაჩვეულებრივად არ ითვლება ქვეყნის არჩეული პირის ციხეში გამომწყვდევა. მაგალითებიც მოვიყვანე ისრაელის, სამხრეთ კორეის, პერუს, სხვა ქვეყნების. ოპოზიცია საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში არ ამწყვდევენო. სარკოზის მაგალითი არაფერს ეუბნება მას?!

ოპოზიციის კომენტარი ჩხრეკასთან და ამოღებულ სიმდიდრესთან მიმართებაში, იყო ისეთი, როგორიც მას შეეფერება. დღემდე არვის უთქვამს, რომ ეს ტრაგედიაა.

დიახ! ტრაგედიაა. ამ რაოდენობის დოლარის, ლარის, ოქროს ზოდის, საათის, ძვირფასეულის, მობილური ტელეფონის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სახლში აღმოჩენა.

ნებისმიერი თანამდებობის პირის სახლში, სახლებში ამ რაოდენობის ქონების მიგნება — ტრაგედიაა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის — ათჯერ მეტი. ოპოზიციამ ეს ამბავი ტრაგედიად არ აღიქვა. ბესელიას, ხიდაშელის, გიგაურის კომენტარი იყო ასეთი: „ოცნებაში“ განხეთქილებაა, ისინი ჭამენ ერთმანეთს, ივანიშვილი ცდილობს მოიშოროს მისთვის არასანდო პირები და ა.შ.

არც ერთ მათგანს არ უთქვამს რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ჩვენს უდავოდ პატარა, სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. არ უთქვამს, რომ მაღალი თანამდებობების მქონე პირების მიერ მცირე დროის მონაკვეთში მოხვეჭილი სიმდიდრე აჩანაგებს ქვეყანას, მის ბიუჯეტს.

გამოვლენილი მომხვეჭელები, რომ მხოლობითში იყვნენ — ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას მრავლობითთან გვაქვს საქმე, რაც 100-ჯერ მეტი ტრაგედიაა. ესოდენ მაღალი დონის კორუფცია ქვეყნის გადაგვარების, სახელმწიფოებრივი სისტემის მოშლის საწინდარია.

იცით რას ნიშნავს ეს?

მაღალჩინოსანთა შორის სახელმწიფო საქმის კეთების დროს ნაღდი ფულის ტრიალს. ნებისმიერ სამინისტროს პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო კანცელარიაში, ზემდგომთან — ვიცე-პრემიერთან, პრემიერთან ფულის მიტანას.

მიმტანი დაინტერესებულია საბიუჯეტო თანხის გამოყოფაში, მეტადრე, ვიდრე პროექტის განხორციელებაში. პროექტისთვის მიღებული დაფინანსებიდან, მნიშვნელოვანი თანხა „მოტყდება“ — პროექტის გაიაფების ხარჯზე, საკუთარი ჯიბისთვის.

„ხელი-ხელს ბანს, ორივე პირს“ — ამ გამოთქმის ცხოვრებაში გატარებასთან გვაქვს საქმე. როდესაც ამგვარ პირისბანას სახელმწიფო სტრუქტურის ყველა საფეხურზე აქვს ფესვი გადგმული, ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკი, რასაც სისტემატურად ვისმენთ პრემიერ-მინისტრ კობახიძის, მანამდე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის მხრიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

საზოგადოება, ეკონომიკური წარმატებების შესახებ ზღაპრებს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან შეეგუა, თანაც ისე, ყურადღებასაც არ აქცევს მთავრობის განცხადებებს. მახსოვს სააკაშვილის დროს ერთ-ერთ ტელეარხზე ხელისუფლების მეხოტბე ეკონომისტს შეკითხვა დაუსვეს — ამდენი ეკონომიკური წარმატებები გვქონია და საზოგადოება, რატომ ვერ გრძნობს საკუთარ თავზეო.

პასუხი იყო ასეთი — წარმატებების შედეგს ხალხი მომავალში იგრძნობსო. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობთ.

სააკაშვილის ხელისუფლება, ივანიშვილისამ შეცვალა — უამრავი დაპირებებით, თუმცა შედეგს ვერ ვგრძნობთ — ალბათ იმიტომ, რომ სქელკანიანები გავხდით?

„ოცნებამ“ ერთხელ სიბრმავეც დაგვწამა — ვერ ხედავთ ჩვენს მიერ მოტანილ პროგრესსო.

თუ ხალხი „ოცნებელთა“ ფანტასტიკურ კეთილდღეობას ხედავს, საკუთარს რატომ ვერ ხედავს? არ არის ასეთი საქართველოს ბუნებაში და რას დაინახავს?!

„ოცნებამ“ კეთილდღეობა ლამის 14-წლიანი „შრომის“ შედეგად საკუთარ თავს არგუნა, არა მარტო ევროპული ხელფასების დანიშვნით, სხვა სიკეთეების საკუთარი თავისთვის გამეტებით, არამედ „ლევით“, ე.წ. ჩრდილოვანი ბუღალტერიით მიღებულით.

საბიუჯეტო ორგანიზაციის მოხელეებისთვის ხელფასების მომატების განმარტების დროს „ოცნებამ“ გვითხრა — ხელფასის მატება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო მოხელეს ხელი არ წაუცდეს ქრთამზეო! იმთავითვე ნათელი იყო, რომ პრიმიტიულ თავისმართლებასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ხალხის პასუხი მოხვდა „ოცნებელის“ ყურში?

რომც მოხვედრილიყო, ვინ შეცვლიდა „ბრძნულ“ გადაწყვეტილებას — პენსიონერს, დამატებით 35 ლარი, პარლამენტარს 15000, მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს 20-25000.

35 ლარი ძლივს ყოფნის ერთ კილოგრამ ყველს. ყველს და სხვა ძვირ პროდუქტს ნუ  მიეძალებითო, იაფი იყიდეთო — გვირჩია „ოცნებამ“. იაფი პროდუქტის კვალს ვერც ერთ სუპერმარკეტში რომ ვერ მივაგენით?

ხელფასების მატებამ სახელისუფლებო მოხელეთა ჭამის მადა ვერ მოთოკა, გამოდის „ექსპერიმენტი“ ჩავარდა და ჩავარდა ექსპერიმენტატორთა სასარგებლოდ?!

ერთხელ ჟიული შარტავას ვკითხე — რაიკომის მდივნები ფულს აკეთებენთქო?

ჟიული, პარტიის ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების გამგე იყო და რაიკომის მდივნების მუშაობას ხელმძღვანელობდა. „აკეთებენო, — დამიდასტურა — ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებსო“. ე.ი. იმ საბჭოური ცხოვრების ჟამსაც „აკეთებდნენ“ ფულს სახელმწიფო და პარტიული ორგანოების მუშაკები, მაგრამ მათ მიერ „გაკეთებული“ ფულის რაოდენობა, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს სახელმწიფო მოხელეებს სასაცილოდაც არ ეყოფათ.

მაშინ უცხოურ ვალუტაზე, დოლარზე ფიქრიც კი საშიში იყო. დღეს, ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძის ისტორიიდან გამომდინარე „სახარჯო“ ფულად დოლარი ითვლება. რა ლარი, რის ლარი.

ამასწინათ ჩემს ჭიშკართან ავტომანქანა „ჯიპი“ „მაზერატი“ გაჩერდა. მილიონი ეღირებათქო ეს მანქანა — ჩემთვის ჩავილაპარაკე. საჭესთან მჯდომს ფანჯარა ჰქონდა ჩამოწეული, გაიგო ჩემი ნათქვამი, მანქანიდან გადმოვიდა, ასანთი მთხოვა, თან სიამაყით დაამატა — მილიონი კი არა მილიონნახევარიო. გასიებული, მრგვალი სახის და ზომაზე მეტად გაზრდილი მუცლის მიხედვით მას ინტელექტისა არაფერი ეტყობოდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში რუსმა მწერალმა ასტაფიევმა, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა, გულდათუთქულმა აღწერა იმჟამინდელი ჩვენი ცხოვრება — ზერელე, ზედაპირული კოტიტა ხელის თითზე ავტომანქანის გასაღების ტრიალით.

მწერალი საქართველოს გმირულ ისტორიას იხსენებდა, რომლის შესახებ ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული და მის ფონზე სავალალო თანამედროვეობა სინანულს იწვევდა მასში.

საქართველოს მწერალთა კავშირმა დაგმო ასტაფიევის „ანტიქართულობა“ და კრიტიკით გამოვიდა სსრკ მწერალთა ყრილობაზე.

არადა, ასტაფიევი მართალი იყო. მის ნაწერში არაფერი იყო ანტიქართული. პირიქით, გულისტკივილი იყო გამოხატული გმირობის მწვერვალიდან დაშვების გამო.

დაშვება არა მარტო საქართველოში იყო თვალშისაცემი, არამედ თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში. შედეგი? სავალალო — საბჭოთა კავშირის დაშლა.

ზერელეობამ, განუკითხაობამ, ბაქი-ბუქმა არარსებული წარმატებების თაობაზე, თვითდაჯერებამ, კორუფციამ გამოხრა საბჭოთა კავშირი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო სისტემა. ანალოგიურ ვითარებასთან ხომ არ გვაქვს საქმე დამოუკიდებელ საქართველოში?!

ამ კითხვას ზურგს უმაგრებს ოპოზიციონერთა განცხადებები — „ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმეო, რომ ამბობენ.

პატივცემულებო, „ოცნება“ მმართველი პარტიაა, მასში არსებული კორუფცია, ქვეყანაში არსებულის გამომხატველია, რაც არა მარტო ხელისუფლების ტრაგედიაა, არამედ ქვეყნის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

24/10/2025