ისევ მიტინგები

საქართველოში მიმდინარე პროცესები აშკარა მაჩვენებელია იმისა, რომ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ცხოვრება, გასული საუკუნის 80-იან წლებში გაკვალულ გზას მტკიცედ მიჰყვება. აქვე ვიტყვი — ნეტავ ასეთი სიმტკიცე ქვეყნის მშენებლობაში გამოგვეჩინა. მაგრამ არა! ქვეყნის მშენებლობას ჭკუა-გონება, პატრიოტიზმი, პატიოსნება, მუყაითი შრომა და კიდევ მრავალი დადებითი თვისება სჭირდება, რაც ქართველს არ აღმოაჩნდა. რას შეიძლება დავაბრალოთ ეს მძიმე დიაგნოზი?!

ქვეყნისა და საკუთარი თავის, ოჯახის მომხდურთაგან დაცვას? ერთმანეთს შორის გაუთავებელ კინკლავს, სისხლიან დაპირისპირებას? ალბათ, ყველაფერს ეერთად და კიდევ სხვას, რომლის თაობაზე შემდეგ წერილებში მოგახსენებთ.

ზემოთ მოვიყვანე ის დადებითი თვისებები ადამიანისა, ქვეყნის აშენებას რომ სჭირდება, მაგრამ არ მითქვამს იმაზე, რაც მშენებლობას აბრკოლებს, მიუწვდომელს ხდის: გაუნათლებლობა, სიხარბე, შური, უმადურობა, დაუნახავობა, სახელმწიფო ხაზინის ქურდობა, საკუთარის, სახელმწიფოზე გაცილებით მაღლა დაყენება და სხვა.

როგორც ისტორია გვკარნახობს, უარყოფითი თვისებები არასდროს ყოფილა ქართველისთვის უცხო, პირიქით ღვიძლი შვილივით იყო მასში შესისხლხორცებული, თუმცა იყო ხანმოკლე პერიოდი — 70-წლიანი კომუნისტური მმართველობა, რომელმაც ქართველთა ნეგატიური თვისებები განზე გასწია, უკან ჩამოიტოვა და პატრიოტობა აღადგინა მის ტვინსა და გონებაში.

რა გზით მოახერხეს ეს კომუნისტებმა, სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის ქვეყნის შენებას დისციპლინა, ერთ მუშტად შეკვრა, სახელმწიფო საქმის პირადზე მაღლა დაყენება სჭირდება და არა დაქსაქსულობა, „დემოკრატიული“ პარლამენტის უსაგნო კამათი, მედიაში, პოლიტიკური პარტიების ტყუილი დაპირებები, ლაქლაქი, ლაქლაქი, გაუთავებელი ლაქლაქი.

ამ პროცესს „დემოკრატიას“ არქმევენ დასავლელი პარტნიორები, მაგრამ არა ჩინელები — არანაკლები ისტორიისა და წეს-ჩვეულებების მატარებლები. ქვეყნის მათეულმა მართვამ მთელს მსოფლიოს აჩვენა სოციალიზმის, კომუნისტურად შეფერილის პრიორიტეტულობა კაპიტალიზმთან შედარებით.

ჩინეთი, ეკონომიკური პარამეტრებით უსწრებს კაპიტალიზმის ბუდეს — აშშ-ს და ხუთი წლის შემდეგ პირველი იქნება მსოფლიოში თითქმის ყველა იმ დარგში, რაც დღემდე აშშ-სად ითვლება. დგება დრო, კაპიტალიზმის მზის ჩასვენებისა და კომუნისტური სისტემის აღზევებისა.

ჩინეთმა შეძლო ის, რაც კაპიტალიზმმა საბჭოთა კავშირს არ შეაძლებინა — საბოტაჟით, ეკონომიკური სანქციებით, ქვეყნის შიგნით განხორციელებული ძირგამომთხრელი, დივერსიული მუშაობით, ომის გაჩაღებით, … ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

სამამულო ომამდელი ხანმოკლე პერიოდი გახდა საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს წარმატებული მშენებლობის დამადასტურებელი. წლები, რომლებმაც მსოფლიო ეკონომიკაში მანამდე არნახული შედეგი აჩვენა კაცობრიობას, უპირველესად კაპიტალისტურ სისტემას. ძლიერ მრეწველობასა და ასევე ძლიერ სოფლის მეურნეობაზე დაყრდნობილმა კომუნისტურმა სისტემამ საფუძველი ჩაუყარა ყველა სხვა დარგის განვითარებას. მაგრამ მსგავს არ ექნებოდა ადგილი, რომ არა სახელმწიფო დისციპლინა, პატიოსანი შრომა, თავგანწირვა.

საბჭოთა კავშირის ძმურ (არ ვაჭარბებ) ოჯახში შემავალი საქართველო იძულებული იყო თავით გადაშვებულიყო ერთიანი ოჯახის მშენებლობის საქმეში, რამაც მანამდე არნახული წარმატება არგუნა ერთ დროს გაღატაკებულ, წერა-კითხვის უცოდინარ საქართველოს.

საქართველოს ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქვეყანას არ მიუღწევია ისეთი პროგრესისთვის, რასაც კომუნისტური 70 წლის განმავლობაში მიაღწია. ამაზე თვალის დახუჭვისა და საბჭოურის გაკილვის მიზნით ზღაპრების მოყოლა მიუღებელი უნდა ყოფილიყო ქართველისთვის. მაგრამ არა. ახალი პატრონის ბრძანებით მან მიაფურთხა დიად წარსულს, რითაც მიაფურთხა საკუთარ თავს, საკუთარ წინაპრებს და ოკეანისგადაღმიდან ნაჩუქარ საღეჭ რეზინებზე გაყიდა სული, სინდის-ნამუსი.

30 წლის წინათ დაწყებული პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს კარგა ხანს გაგრძელდება, ვიდრე ბოლო ქართველი არ მიატოვებს საკუთარ კარ-მიდამოს, სამშობლოს და სამათხოვროდ სხვა გზას არ გაუდგება.

თავისუფლების, დემოკრატიის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვის მოლოდინში მყოფ ქართველობას ხელში შემოგვრჩა ქაოსი, განუკითხაობა, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის უნიათობა, სახელმწიფო მოხელეთა და ბიზნესმენთა თავგასულობა, ბოროტება — ერთმანეთის და სახელმწიფოს მიმართ გამოვლენილი, სიდუხჭირე, შიმშილი; თითზე ჩამოსათვლელი მდიდრობა და დაბეჩავებული, ნაგვის ყუთებში ჩაყუდებული უმრავლესობა; ბუნტი, ამბოხი, სამოქალაქო ომები, ტერიტორიების დაკარგვა, გაყალბებული არჩევნები და ის მავნე ტრადიცია, რომელსაც წერილის თავში შევეხე.

რა მავნე ტრადიციაა ასეთი, ქვეყანამ რომ ვერ დაძლია? ვერ დაძლია თვით საკუთარ თავში ჩაბუდებული მანკიერი სენი. და რომ ვერ დაძლია გარეთ გამოუშვა. შამპანიური ღვინის ბოთლიდან ამოხეთქილი გაზის სადარია ქართველთა აფეთქება — ერთჯერადი! და ამ აფეთქებით ცვლის ის ხელისუფლებას.

სხვა გზა მან არ იცის. ვერ ისწავლა. ვერ ისწავლა შენობის შიგნით, დარბაზში, პარლამენტისას რომ უძახიან, აზრთა შეჯერება. და ვერ ისწავლიდა, ვინაიდან ქვეყნის სათავეში მყოფნი — ტკბილ ცხოვრებას მიჩვეულნი, ვერ ეგუებიან არჩევნებში მოსალოდნელ დამარცხებას და ხალხის მოქრთამვით, დაშინებით იმტკიცებენ ხელისუფლებას, რაც თავისთავად აჩენს პროტესტს მოპაექრე პარტიებში — ტორტის ნაჭრის მიღების მსურველებში.

თვალი გადავავლოთ დამოუკიდებლობის წლებს და ვაღიაროთ, რომ ყველა სერიოზული ცვლილება სახალხო მიტინგებისა და გამოსვლების შედეგი იყო. არენა? რუსთაველის პროსპექტი, პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორია. მიტინგებით, ზარბაზნებით დავამხეთ გამსახურდიას ხელისუფლება, შემდეგ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის, ამჯერად ვამხობთ ივანიშვილის.

მიტინგების ტალღა საქართველოს გასული საუკუნის 88 წლიდან დასჩემდა და იქიდან მოყოლებული ტრადიციას არ ღალატობს. დასტურად 11 ივლისის ხალხმრავალი მიტინგიც კმარა — ჟურნალისტის სიკვდილით გამოწვეული, მაგრამ არა მარტო.

მიტინგზე გამომსვლელები შეეხნენ მმართველი პარტიის სიბინძურეებს, სიხარბეს, კორუფციას, ყოვლისშემძლეობას და მოუწოდეს მას გადადგომისკენ. ეს მოწოდება ძალიან, ძალიან მკაცრად ჟღერდა და მასში 9-წლიანი უნიათო მმართველობის სიბინძურეები ჩანდა.

მომიტინგეებმა შეუტიეს ეკლესიას და ჰოი საოცრებავ — ივანიშვილსაც კი, რომელსაც მანამდე ზედაპირულად თუ ეხებოდნენ, საქართველოს პატრიარქს. „ივანიშვილის ბატონობა უნდა დასრულდესო“ — გაიძახოდნენ ორატორები. ისაა ბოროტების ბუდეო და ა.შ.

როგორც იქნა ეს სინამდვილე ითქვა მთავარ მიტინგზე, ანუ პარლამენტის შენობის წინ მოწყობილზე. საინტერესოა რა პასუხს გასცემენ ამ მოწოდებას ივანიშვილის გულშემატკივრები? ალბათ იმას, რომ მან სამება ააშენა, თეატრები გაარემონტა, ინტელიგენციას სტიპენდიას აძლევს და ა.შ.

აი, ამ ჩამონათვალში არსად ჩანს საქართველო. არვინ ამბობს, რომ ივანიშვილმა ააშენა ფაბრიკა-ქარხნები (შეპირებით, შეპირდა ხალხს, მაგრამ …), სკოლები, გზები, დაასაქმა ადამიანები, ქვეყანას წინსვლა-განვითარება მოუტანა. არადა დაპირება უხვი იყო და როდესაც ვერ შეასრულა ან არ შეასრულა, ხალხს სიბრმავეში და სიყრუეში დასდო ბრალი — ყველაფერი კეთდება, თქვენ ვერ ხედავთო.

ჟურნალისტიკამ კი ნამდვილი, თანამედროვე ვითარება დაგვანახა — ივანიშვილის მიერ დათრეული მიწის ნაკვეთები, ქვეყნის სიმდიდრეები, მის ნათესავებსა და მეგობრებზე გაცემული ქვეყნის დოვლათი. ბოროტ ადამიანთა ზეიმი, სახელმწიფო ბიუჯეტის სისტემატური ქურდობა. ეს რომ ასე იქნებოდა, იმწუთასვე ვთქვი, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა.

დაღუპავს ქვეყანასთქო — იყო ჩემი სატელევიზიო განცხადება ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში და იყო სტუდიაში შემოსული სალანძღავი ზარები — მხსნელი გამოჩნდა, თქვენ კი ლანძღავთო!

არ ვლანძღავ,  გაფრთხილებთ, მილიარდერი ქვეყანას ვერ ააშენებსთქო. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ივანიშვილმა არათუ წინ წასწია ქვეყანა, არამედ ერთ ადგილას გაყინა, რასაც უკუსვლა მოჰყვა.

სად იყო ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ი? მან მშვენივრად გამოძებნა ივანიშვილთან საერთო ენა. სხვაგვარად ვერც ვიფიქრებთ, ვინაიდან ივანიშვილის შექმნილი „სახელმწიფო მართვის სისტემა“ ერთი ბობოლის ირგვლივ ტრიალს ეფუძნება და შორს არის თუნდაც იმ დემოკრატიისგან, ამერიკული რომ ჰქვია.

ამერიკამ მოძებნა კაცი — ავტორიტეტი, რომელიც ჩაუყენა სათავეში „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ საქართველოს და ქვეყანაც „შედგა“. განა რა ძნელი დასანახია ამერიკელი დიპლომატების მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესები?

არ აწყობთ და არ ხედავენ! დარწმუნებული ვარ გაივლის რაღაც დრო და აშშ-ს პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორიც ამჟამინდელმა ბაიდენმა გააკეთა ავღანეთის მიმართ — ჩვენ არ ვართ ვალდებულნი მათ სახელმწიფო ავუშენოთო! ახლა? 20 წლის შემდეგ?!

1988 წლიდან დაწყებული ბედკრული საქართველო მიტინგების არენად არის ქცეული. მაშინდელი პატარები, მშობლებს რომ მიჰყავდათ მიტინგზე, ზრდასულები არიან და ახლა მათ დაჰყავთ შვილები მიტინგებზე.

30 ე.წ. დამოუკიდებლობის წლებმა რაც მოუტანეს საქართველოს — მიტინგებია! მიტინგებით ქვეყანა არ აშენდება. არც სხვათა მოიმედებით, აშშ და ევროკავშირი მაქვს მხედველობაში. საკუთარი ქვეყნის აშენებას, საკუთარი ხელის განძრევა ესაჭიროება. ამას გვასწავლის მსოფლიოს როგორც ძველი, ისე ახალი ისტორია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/07/2021