მშვიდობა პალესტინის მიწაზე?
საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებს, ვინც პოლიტიკით იყო და არის დაინტერესებული კარგად ახსოვთ სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს ყოფილი წევრის და სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში.
თბილისის ომი ახალდამთავრებული იყო, თუმცა მღელვარება საქართველოში გრძელდებოდა. დამხობილი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნოში იმყოფებოდა — სეპარატისტი ჩეჩენი გენერლის და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯოხარ დუდაევის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ.
ტრიუმვირატი — სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი, საქართველოს საერთაშორისო სუბიექტად აღიარების გზაზე სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, მათ შორის აშშ-ა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ავტომატურად ერგოთ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და გაეროს წევრობა, გარდა საქართველოსი. უარის მიზეზი იყო მარტივი — საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, ხელისუფლების დამხობა.
გამარჯვებულმა „სამეულმა“ გადაწყვიტა მოსკოვში მყოფი ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსნის ედუარდ შევარდნაძის საქართველოს საქმეებში ჩართვა და თბილისში ჩამოყვანისთანავე მისთვის ქვეყნის მართვის სადავეების ჩაბარება.
შევარდნაძეს კარგად იცნობდნენ საერთაშორისო არენაზე, დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დამანგრეველი და ეგონათ იოლად მოახერხებდა რეპუტაციადაკარგული ქვეყნის სახელის აღდგენას.
ერთი იყო დიდი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობა, და მეორე საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის, ნაკლებად ცნობილის ხელმძღვანელობა, თანაც „სამეულის“ მიერ შერჩეული, რომელსაც ზურგს არ უმაგრებდა საყოველთაო არჩევნები.
„სამეული“, კვარტეტად გადაკეთდა ე.წ. სახელმწიფო ორგანოდ — არვის მიერ არჩეულად, ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიმთვისებლად.
გაეროს პასუხი იყო ასეთი — ჩაატარეთ საპარლამენტო არჩევნები და მერე იფიქრეთ გაეროში გაწევრებაზეო.
შევარდნაძის სახელმა გაჭრა. საქართველო გაეროს წევრი გახდა 1992 წლის ივლისის ბოლოს შევარდნაძის დაპირების შემდეგ, რომ საპარლამენტო არჩევნებს იმავე წლის შემოდგომით ჩაატარდებოდა.
ამ ისტორიას თითქოს არავითარი კავშირი არ აქვს ახლო აღმოსავლეთის პრობლემებთან, მაგრამ თვით შევარდნაძეს, როგორც ყოფილი დიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა.
საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, რომელმაც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დიდი წვლილი შეიტანა ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში. ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი და მხარდამჭერი საბჭოთა ბელადი სტალინი იყო.
მაშინდელ საბჭოთა კომპარტიას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ებრაელ პოლიტიკოსებთან, რომლებიც, საბჭოეთის ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, დიდი სიმპათიით იყვნენ განმსჭვალულნი მის მიმართ.
საბჭოთა ხელძღვანელობა მიიჩნევდა, რომ ისრაელის სახელმწიფო, მჭიდრო პოლიტიკურ კავშირებში მყოფი საბჭოთა კავშირთან, მყარი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთში.
1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს შექმნისთანავე, ისრაელის პოლიტიკამ კურსი შეიცვალა და ნაცვლად საბჭოთა კავშირისა, მჭიდრო კავშირები დაამყარა აშშ-სთან, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს აშშ-ი მცხოვრებმა ებრაელებმა.
ახალშექმნილი მსოფლიო ორგანიზაციის — გაეროს გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე, სადაც პალესტინელი არაბები ცხოვრობდნენ, ორი სახელმწიფო უნდა შექმნილიყო — ისრაელის და პალესტინის. პალესტინელთა სამწუხაროდ, შეიქმნა ერთი — ისრაელი, მეორე, დღემდე არ შექმნილა, რაც საბაბი იყო და არის ერთმანეთთან სისხლიანი დაპირისპირების, ომის.
80 წელია გრძელდება პალესტინელი არაბებისა და ისრაელის კრიზისი — არაბული ქვეყნებისა და მსოფლიოს თავსატკივარი. პალესტინელები მოითხოვენ დანაპირების შესრულებას, ანუ სახელმწიფოს, რასაც ეწინააღმდეგებიან ისრაელი, აშშ-ი და მსოფლიოში მცხოვრები ებრაელები.
ახალი ომი, რომელიც პალესტინელთა ტერორისტულ აქტს მოჰყვა ისრაელის წინააღმდეგ 2 წლის წინათ, ძველი ისტორიის და დაპირების შეუსრულებლობის შედეგია. და არა მარტო შიშველი ტერორიზმის, რასაც სისტემატიურად ვისმენთ მსოფლიო პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით დასავლელთა და მედიის მხრიდან.
თითქოს ყველამ იცის ამ ტერორისტული აქტის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად არვინ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს. კონკრეტული კი — პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა. აი, ახლაც აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ინიციატივით და ძალისხმევით ჩამოყალიბებულ 20-პუნქტიან დოკუმენტში — ისრაელ-პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორის აღორძინებასთან დაკავშირებით, გაკვრით არის ნათქვამი სახელმწიფოებრიობის თაობაზე და არა კონკრეტულად, რაც ჩემი ვარაუდით, და არა მარტო ჩემი, არამედ დასავლელი პოლიტიკოსების, ექსპერტების ახალი დატაკების საბაბი გახდება.
ისრაელსა და ღაზის სექტორში ზეიმია — ტრამპის ძალისხმევით მოტანილი ზეიმი, რომელმაც შეაჩერა ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის ნგრევა, პალესტინელთა ხოცვა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პალესტინელი ხალხის გენოციდად არის მოხსენიებული.
2 წლის განმავლობაში ისრაელის არმია „ცახალმა“ 60-ათასზე მეტი პალესტინელი დახოცა — ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიკვიდაციის მიზნით. ამ შემთხვევაში არ გამოდგება რუსული გამოთქმა — ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა. ისრაელისთვის პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰამასი“ ხეა, ნაფოტები კი — პალესტინელები. ისრაელმა არაერთი „ჰამასელი“ გაანადგურა და მათთან ერთად „ჰამასელი“ ლიდერები, მაგრამ ვერ მოახერხა ორგანიზაციის ლიკვიდაცია.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ის ხალხის მიერ არჩეული ორგანიზაციაა და სრული უფლება აქვს აქტიურად იყოს ჩართული პალესტინელთა ცხოვრებაში.
ტრამპის ინიციატივით შეწყდა ცეცხლი, ისრაელს დაუბრუნდა მძევლები, „ჰამასს“ —- ისრაელის ტყვეობაში მყოფი პალესტინელები, მათ შორის 250 „ჰამასელი“, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმიდან, ორი შესრულდა ოპერატიულად, რაც მშვიდობის, თანაც ხანგრძლივის საბაბი უნდა გახდეს. რაც შეეხება ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპის, არაბული ქვეყნების და იაპონიის ლიდერები, თურქეთისა და ინდონეზიის ხელმძღვანელები უფრო თეატრალური წარმოდგენა იყო, რომელმაც დააფიქსირა სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღება.
ტრამპმა წადილი აისრულა — ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელ-პალესტინას შორის მშვიდობის დასადგურება. მარჩიელობა, წინასწარმეტყველება იმისა, რამდენად მყარი იქნება მშვიდობა — ძნელია. პრობლემა ისევ რჩება პრობლემად, ანუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. და ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება, დაპირისპირება მოსალოდნელი იქნება.
ამჯერად ვითარება ემოციურ ტალღაზეა აწყობილი. ისრაელის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ქნესეთმა, ფართო საზოგადოებამ ოვაციებით უმასპინძლა ტრამპს. ქნესეთში (პარლამენტში) გამოსვლის დროს ტრამპის ყოველ წინადადებას ახლდა პარლამენტარების ტაში — ფეხზე ადგომით.
ტრამპის მიმართ კეთილ სიტყვებსა და შეძახილებს არ იშურებდნენ ღაზელი პალესტინელებიც, რომლებიც უბრუნდებიან საცხოვრებელ ადგილებს — დანგრეულს, მიწასთან გასწორებულს. მათ კარგა ხნის განმავლობაში მოუწევთ კარვებში ცხოვრება.
ტრამპის გეგმით, ღაზის სექტორი უნდა გადაიქცეს საკურორტო ზონად, სადაც აშენდება სასტუმროები, საზოგადო დანიშნულების სახლები, სკოლები, საავადმყოფოები.
გეგმის მიხედვით, პალესტინელები თავიანთ მიწაზე დარჩებიან, იქ დასაქმდებიან. მათ არვინ აიძულებს სხვაგან გადასახლებას. არადა იყო ასეთი გეგმა ისრაელში — ღაზის სექტორის პალესტინელთაგან გათავისუფლება და ტერიტორიის ანექსია. როგორც ჩანს ტრამპმა ნეთანიაჰუს — ისრაელის პრემიერს შეაგნებინა, რომ ორი მილიონი ღაზელის განდევნა საკუთარი მიწიდან მუდმივი ომის საბაბი გახდება. გარდა ამისა, არც ეგვიპტე და არც რომელიმე სახვა არაბული ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა პალესტინელი ლტოლვილების მისაღებად.
დავუბრუნდეთ შევარდნაძეს და მის საქართველოში ჩამოსვლის თემას. დაბრუნებისთანავე მაშინდელმა საქართველოს რადიო-ტელევიზიამ არაერთხელ აღნიშნა შევარდნაძის დაბრუნების ისტორიულობაზე არა საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან მას დავალებული ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება. და ამის გაკეთება საქართველოდან უფრო მოსახერხებელი იყო არა მარტო გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკურის. შევარდნაძე პატარა საქართველოს და არა საბჭოთა კავშირის ლიდერი იყო.
მახსოვს, ტელეჟურნალისტის მამუკა არეშიძის ნათქვამიც, რომ შევარდნაძე „იქ“ მიღებული პროექტის შესრულებისთვის იყო მოვლენილი საქართველოში. და როდესაც აქაურს მოაგვარებდა, თანაც სწრაფად და იოლად, უმალ შეუდგებოდა ისრაელ-პალესტინის საკითხის მოგვარებას.
ჟურნალისტი ისე გვესაუბრებოდა, თითქოს რაღაც საიდუმლო იცოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ამბობდა ვითარების გათვალისწინებით. მსგავსი რიტორიკა მას დღემდე შემორჩა, განსაკუთრებით კავკასიის საკითხებთან მიმართებაში.
ვერ გეტყვით, რამდენად იყო დაკავშირებული შევარდნაძის სამშობლოში დაბრუნება ახლო აღმოსავლეთის საკითხების მოგვარებასთან, ან ვინ იგულისხმებოდა „იქ“-ში, მასონური ორგანიზაცია თუ ე.წ. მსოფლიო, რომელსაც დღეს „დიპ-სტეიტს“ — სიღრმისეულ სახელმწიფოს ვუწოდებთ.
ყოველივე აღნიშნული გაზვიადებულ აბსტრაქციას, უფრო სიცრუეს ეფუძნებოდა, დაახლოებით ისეთს, რასაც სკოლის ასაკში ვისმენდით — ანეგდოტის მსგავსის — რომელიც ჰიტლერს უკავშირდებოდა.
ზღაპრის მიხედვით, ჰიტლერს იმერელი ცოლი ჰყოლია, რომელმაც, რომ გაიგო ფაშისტური გერმანიის ჯარების კავკასიაზე შეტევა, ქმარს უთხრა — არ გაბედო საქართველოს დაბომბვა, ამას გაუფრთხილდიო, დაორსულებულ მუცელზე ხელის გადასმით.
შევარდნაძემ ვერ შეასრულა „იმათი“ დავალება, ვინაიდან თავით-ფეხებამდე შეისრუტა საქართველოს პრობლემებმა. მაშინ პარლამენტის აპარატის უფროსი გახლდით და სისტემატურად მქონდა თავმჯდომარესთან შეხვედრები, არა მარტო პარლამენტის სხდომების დროს, არამედ გვიან ღამით, როდესაც პარლამენტში შემოსულ ფოსტას ვაცნობდი.
ღამის ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვუთხარი, რომ აფხაზეთთან ისე, როგორც სამხრეთ ოსეთთან დაპირისპირების საკითხი დსთ-ს სივრცეშია განსახილველი და არა ევროპა-ამერიკაში.
შევარდნაძეს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. მისი პასუხი იყო მოკლე — ვიცი, რასაც ვაკეთებო.
შევარდნაძე აღარ არის, მაგრამ მისი გადაწყვეტილებით დასავლეთში გატანილი საქართველოს ყოფილი ავტონომიების საკითხი, ისე, როგორც ქვეყნის გამთლიანების ისევ იქ არის — იგივე დასავლური რიტორიკით, ფარისევლობით.
იცვლებიან პოლიტიკოსები, რომლებიც სერიოზული სახეებით „იხილავენ“ საკითხს. „იხილავენ“ და „იხილავენ“ — უშედეგოდ.
მოარული ხმების მიხედვით, დასავლეთში გატანილი საშინაო პრობლემები უნდა ყოფილიყო შევარდნაძის, როგორც მშვიდობისმყოფელის ტირაჟირება იქაურ საზოგადოებაში, რაც გააჩენდა შანსს შევარდნაძისთვის გაეროს სტრუქტურაში ადგილის გამოძებნის — მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის ამპლუაში, ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი ის მოაგვარებდა ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობას.
არ გამოუვიდა. და შევარდნაძის ახლო აღმოსავლური შუამავლობაც ისტორიას ჩაბარდა.
ის, ვინც შევარდნაძეს ავალებდა ისრაელ-პალესტინის პრობლემის მოგვარებას 2025 წლის 13 ოქტომბრამდე არ გამოვიდა, ე.ი ტრამპის მოსვლამდე.
ომის შეჩერებაც უდიდესი მიღწევაა, ვინაიდან შეჩერდა ომით გამოწვეული ხალხის ხოცვა, ნგრევა, მოსახლეობის უსახლკარობა, უწყლობა, უშუქობა, კვების პროდუქტების, მედიკამენტების არ არსებობა და ა.შ.
ზეიმობენ ებრაელები. ზეიმობენ პალესტინელები. ზეიმობენ დღევანდელობას და იმედოვნებენ, რომ მშვიდობა გაგრძელდება. სამომავლო წლებზე გათვლილი მშვიდობა მაინც რა ხანგრძლივობის იქნება? ერთი წლის, ორის, სამის თუ სამარადისო?
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპს — რა იქნება მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების, ანუ 3 წლის შემდეგ? პასუხი იყო მოკლე, კონკრეტული — არ ვიცი!
არათუ ტრამპმა, არამედ შარმ-ალ-შეიხში შეყრილმა 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა არ იცის რა იქნება 3 წლის შემდეგ, არამედ უახლოეს მომავალში, ვინაიდან ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმიდან ჯერ-ჯერობით 2 შევიდა ძალაში — „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება, ისრაელის მიერ დატყვევებული პალესტინელების, მათ შორის „ჰამასელთა“ გათავისუფლება; ცეცხლის შეწყვეტა და „ცახალის“ მიერ დაკავებული პალესტინის ტერიტორიიდან გამოსვლის დაწყება.
გეგმის მიხედვით, „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს და ღაზის სექტორის მართვაზე ხელი აიღოს. ღაზის სექტორი უნდა მართონ ე.წ. ტექნოკრატმა პალესტინელებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რის წინააღმდეგ გამოდის „ჰამასი“. მისი აზრით, ღაზის სექტორი პალესტინელებმა უნდა მართონ და ამ პროცესში „ჰამასის“ როლი გადამწყვეტი იქნება.
ისრაელის მიერ გათავისუფლებულმა „ჰამასელებმა“, ღაზის სექტორში დაბრუნებისთანავე იქ მცხოვრებ პალესტინელებს დაანახეს — ვინ არის მმართველი. ღაზის სექტორში ისეთი ვითარება შეიქმნა, როგორიც სირიაში იყო და დღემდე რჩება — იმ პალესტინელთა მიმართ ანგარიშსწორება, ვინც ისრაელთან თანამშრომლობდა „ცახალის“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჰამასი“ უმოწყალოდ ხოცავს გამყიდველებს. „ჰამასი“ არც იარაღის დაყრას აპირებს და არც პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას. არადა, ამ საკითხების გადაუჭრელად მტკიცე მშვიდობაზე ლაპარაკი მიამიტობაა.
მაშ რა იყო შარმ-ელ-შეიხში?
ტრამპის მიერ მოწყობილი შოუ, რომელიც პირადი განდიდების ავადმყოფური სურვილით იყო გამოწვეული.
საბჭოთა კავშირის დროს პარტიისა და სახელმწიფო ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინს „პიროვნების კულტის“ ტიტული მიანიჭა, რაც დანაშაული იყო, თუმცა მას არ გამოუწვევია კომპარტიაში ანტირეაქცია — ხრუშჩოვის პიროვნების დასასამარებლად, მოგვიანებით ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა გადაწყვეტილებებმა და უამრავმა დაშვებულმა შეცდომამ პარტიული ამხანაგები აიძულეს ჩამოეგდო ხრუშჩოვი.
ხრუშჩოვის დროს, ტრამპი ან მისი მსგავსი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო სსრ კავშირში, 10 გზის პიროვნების კულტის სახელს დაიმკვიდრებდა.
ტრამპი ნარცისია, თავის თავში უზომოდ შეყვარებული პიროვნება, რომელსაც აჩემებული აქვს მშვიდობის მტრედობა. სწორედ ამან უბიძგა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჩუქებინა მისთვის „ოქროს მტრედის“ ქანდაკება.
ტრამპი აცხადებს, რომ 8 ომი შეაჩერა; რომ შეაჩერა ისრაელ-არაბთა 3000-წლიანი სისხლიანი დაპირისპირება და მზადაა შეაჩეროს რუსეთ-უკრაინის ომი. მისი აზრით, პოლიტიკოსი, აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც თავისი პრეზიდენტობის 8 თვის განმავლობაში 8 ომს აჩერებს — არ არის ნობელის პრემიის ღირსი?!
ღირსია, ღირსიაო — აცხადებდნენ ყველა ისინი, ვინც შარმ-ელ-შეიხში ესწრებოდა ტრამპის კონფერენციას — მლიქვნელების არმია, ტრამპის განმდიდებლები, ტრამპის მეხოტბეები და არა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო საქმეში, რაღაც წვლილის შემტანნი.
ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, აზერბაიჯან-სომხეთის ხელმძღვანელებს ვინ მიიწვევდა ეგვიპტის ცერემონიალზე?
ალიევმა და ფაშინიანმა ტრამპთან თეთრ სახლში მიღების დროს საჯაროდ განაცხადეს, რომ ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტს ოფიციალური წერილით მიმართავენ ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭებისთვის — სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებისთვის.
ბევრი ვეცადე გამეგო აზერბაიჯან-სომხეთის წვლილის თაობაზე ისრაელ-პალესტინის საკითხებში ჩართულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსს ვერაფერს მივაგენი. იქ მიწვეული ქვეყნების უმრავლესობა თურქეთის, ყატარის, ეგვიპტის გამოკლებით ისეთივე „მუყაითობით“ გამოირჩეოდნენ, როგორც ალიევ-ფაშინიანი.
სამშვიდობო თავყრილობა იყო პასუხი ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ — არ მომეცით პრემია, მაგრამ მსოფლიო ლიდერები, რომლებიც კონფერენციას ესწრებიან მხარდაჭერას გამოხატავენ მსოფლიოს მშვიდობისმყოფელის ტრამპის მიმართ.
კონფერენციას არ უმსჯელია ტრამპის 20-პუნქტიან გეგმაზე. იქ დამსწრე ქვეყნების მეთაურები ტრამპის ზეიმზე სტატისტების როლში იყვნენ. შარმ-ელ-შეიხის „ზეიმის“ შემხედვარეს დამებადა აზრი — ტრამპი ბელადომანიით, მსოფლიო იმპერატორობის მანიით არის დაავადებული, რაც გაცილებით მძიმე დაავადებაა, ვიდრე მისი წინამორბედის ბაიდენის დემენცია.
ტრამპის აზროვნება სლალომის, თანაც გიგანტურის მსგავსია, თოვლზე მოსრიალე სპორტსმენის აქეთ-იქით გადაქანებით, მაგრამ ის, რაც დაშვებულია სპორტში, დაუშვებელია პოლიტიკაში.
ტრამპმა გაილაშქრა USAID-ის წინააღმდეგ და გააუქმა ის. ტრამპმა გაილაშქრა ლგბტ-ს წინააღმდეგ და გარკვეულ პროგრესს მიაღწია ამ საქმეში. ტრამპმა აკრძალა ლგბტ-ობა აშშ-ს არმიაში, ტრანსვესისტობა და სხვა მრავალი გადაქანება. ტრამპი ტრადიციული ოჯახის მებაირაღეა, რისთვისაც მას უდავოდ ეკუთვნის ნობელის პრემია, მაგრამ ანტიგლობალისტს, ლგბტ-ობის წინააღმდეგ მებრძოლ ტრამპს ვინ მისცემს ნობელის პრემიას?
ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტი სწორედ ისაა, ვინც მხარს უჭერს გლობალისტობას, ლგბტ-ობას და ა.შ. ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ ტრამპის მიერ გადადგმული დადებითი პოლიტიკური ნაბიჯია, რისთვისაც მას დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს ყველამ, ვინც მის პოლიტიკას იზიარებს. მაგრამ ვინ არის დამნაშავე იმაში, ვინც 2 წლის განმავლობაში გულგრილად უმზირა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ნგრევას, პალესტინელთა ხოცვას?
ოფიციალური მონაცემით, ისრაელმა 62000-ზე მეტი პალესტინელი დახოცა, რაც გენოციდის ტოლია. აშშ-ი, ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია — სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აშშ-ი, ისრაელს აწვდის იარაღს, ეხმარება ეკონომიკურად, მორალურად, პოლიტიკურად. რომ არ ყოფილიყო აშშ-ს უკიდეგანო დახმარება, ისრაელი შეწყვეტდა ომს. რომ არ ყოფილიყო აშშ-ს სიჯიუტე, კარგა ხანია იარსებებდა პალესტინის სახელმწიფო.
80 წელია აშშ-ი პოზაშია, რის გამოც არ იქმნება პალესტინის სახელმწიფო. პალესტინელთა არაერთ თაობას, გაღიზიანებულს აშშ-ს და ისრაელის მოქმედებით, ტერორისტული ანტიისრაელური გამოხდომების გარდა აღარაფერი რჩება.
რამდენი ომი უნდა გადაიტანოს პალესტინამ ლეგიტიმური მიზნის — სახელმწიფოს შექმნის მისაღწევად?
თითქოს იყო რაღაც იმედი მშვიდობის დასასადგურებლად. მაშინ პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი, ისე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ პერესი ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. და მერე რა?
მშვიდობა მოკლე გამოდგა. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ტრამპის „მშვიდობის მტრედობა“ უფრო ხანგრძლივი პერიოდისა იქნება, ვიდრე პრეზიდენტ კლინტონის პერიოდში დამყარებული, რომელსაც მოჰყვა ზემოხსენებულთა ნობელის პრემიის ლაურეატობა.
ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ახლო აღმოსავლეთი კი გაიხსენა, მაგრამ არა პალესტინელთა სასარგებლოდ, პირიქით, ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ყველას მიერ საერთო ებრაულ და არაბულ ქალაქად იყო აღიარებული, ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა — აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის თელავივიდან იქ გადატანით.
პალესტინელი არაბების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა და მერე რა? შეაკრთო ამან ტრამპი?
ტრამპს მჭიდრო კავშირები აქვს აშშ-ი არსებულ ებრაულ დიასპორასთან, გავლენიან და ფულიან ებრაელებთან. ტრამპის სიძე, ქალიშვილის ივანკას მეუღლე ებრაელი, ჯარედ კუშნერია — ბიზნესმენი, ფულიანი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ისრაელთან პოლიტიკურ საკითხებსაც კურირებდა. კუშნერი ამჯერადაც ჩართულია ისრაელთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესში. ის, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის პირად ემისართან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ასევე ებრაელ უიტკოფთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან.
კუშნერი, ტრამპის მიერ გამოცხადებული 20-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იქნება, რომლის მიხედვით, ღაზის სექტორი საკურორტო ედემად უნდა გადაიქცეს.
ცნობისთვის. 20-პუნქტიანი გეგმა შემუშავებულია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბლერის მიერ, რომელიც კუშნერის დახმარებით ისევ აქტიურობს და ცდილობს ტორტის ნაჭრის მოპოვებას — 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელების შემთხვევაში.
რას ნიშნავს „ებრაული დიასპორა“? ეს, ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილია, რომელმაც ნება დართო ებრაელებს ეცხოვრათ იქ. „ებრაული დიასპორა“ ჩამოყალიბდა მრავალი საუკუნის წინ — ქრისტემდე მე-7 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ასირიელებმა გაანადგურეს ებრაელთა სამეფო და ებრაელობა აიძულეს დაეტოვებინათ მშობლიური ტერიტორიები.
შემდეგ იყო იუდეის ებრაელების ბაბილონის მიერ ტყვეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად — პირველი და მეორე ებრაული ომები, რომაელებმა აღგავეს ებრაული სახელმწიფო. ებრაელები მოედნენ მთელ მსოფლიოს, შექმნეს რა სხვა ქვეყნებში თავიანთი დიასპორები.
18 საუკუნის შემდეგ ებრაელებმა გაიხსენეს თავიანთი ისტორიული მიწა — პალესტინა და იქითკენ გასწიეს. პროცესი მე-19 საუკუნეში დაიწყო სიონიზმის წარმოშობასთან ერთად. რეპატრიაციამ სახელიც შეიძინა „ალია“. 1948 წლამდე 600000 ებრაელი ჩასახლდა პალესტინაში.
1948 წელს, როდესაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, ყველა ფიქრობდა, რომ მსოფლიოში არსებული ებრაული დიასპორებიდან მასობრივი ჩასახლება დაიწყებოდა ახალშექმნილ ისრაელის სახელმწიფოში.
ვარაუდი არ გამართლდა. „ებრაული დიასპორები“ დარჩა. 2003 წლის მონაცემებით, ისრაელში 8 მილიონამდე ებრაელი ცხოვრობს, 9 მილიონამდე კი — ისრაელის გარეთ არსებულ „ებრაულ დიასპორებში“. ე.ი. დიასპორებში 54%, ისრაელში — 46%. ყველაზე მეტი ებრაელი აშშ-ი ცხოვრობს — 6,3 მილიონი, საფრანგეთში — 440000, კანადაში — 368000, დიდ ბრიტანეთში — 312000, არგენტინაში — 171000, რუსეთში — 132000, გერმანიაში — 125000.
ისრაელში ჩასახლებულთა შორის გაჩნდა ისრაელიდან ისევ ძველ საცხოვრებელში დაბრუნების სურვილი. როგორც ჩანს, ისინი ბევრს ელოდნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოსგან, მაგრამ როდესაც ვერ მიიღეს, დაიწყეს „ურიდა“, რაც ივრითზე ნიშნავს დაშვებას, ანუ ემიგრაციას ისრაელიდან.
საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ რუსეთიდან ისრაელში გადასახლდა 2 მილიონი ებრაელი, რომლისგან ისრაელში დარჩა 1163000, ანუ დაახლოებით 60%, დანარჩენი გადავიდა აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში.
2018 წლის ჟურნალისტური გამოკლევის მიხედვით, აშშ-ს 89% სენატორს და კონგრესმენს ორმაგი მოქალაქეობა აქვს — ამერიკულ-ისრაელური. არჩეული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან დაამტკიცონ აშშ-ს მოქალაქეობა, მაგრამ არ არიან ვალდებულნი განაცხადონ აქვთ თუ არა მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
მყარია ისრაელის მოქალაქეების პოზიციები ამერიკულ ბიზნესში. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ებრაული მოქალაქეობის მქონე მილიარდერთა რაოდენობამ მსოფლიოში 169 შეადგინა. ნახევარი მათგანი აშშ-ი ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე არის რამე გასაკვირი იმაში, რომ ებრაული ლობი გავლენით სარგებლობს აშშ-ს პოლიტიკაზე?!
მოდით თვალი შევავლოთ ტერიტორიებს, რომლებიც, ტრამპის მიხედვით 3000 წელია განხეთქილების საგნად ითვლება ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის.
ღაზის სექტორი ხმელთაშუა ზღვას ესაზღვრება. ღაზა პალესტინის ნაწილია, ისე, როგორც მისგან დაშორებული მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპირო. ღაზის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ისრაელს ეკვრის. მათ შორის სასაზღვრო ზოლი და საკონტროლო-გამშვები პუნქტებია.
სამხრეთ-დასავლეთით ღაზა ეგვიპტეს ესაზღვრება, რომლისგან ბეტონის კედლით არის გამოყოფილი.
ღაზის სექტორის სიგრძე 40 კმ-ა, სიგანე — 6, ზოგან 12 კმ. საერთო ტერიტორია 360 კვ.კმ შეადგენს. დედაქალაქის სახელი ღაზაა. მოსახლეობა 2141643 — 2024 წლის მონაცემების მიხედვით. შობადობა ღაზის სექტორში ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მოსახლეობის 40% 14 წლის ასაკის ქვევითაა. მოსახლეობა ყოველ 20 წლის განმავლობაში ორმაგდება.
პალესტინის სახელმწიფო, დე-იურედ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოდ ითვლება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც სრული სახელმწიფოებრიობის აღიარების პროცესშია.
პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ა.წ. სექტემბერს აღიარა გაეროს 193 წევრი სახელმწიფოსგან 157.
პალესტინის სახელმწიფო გამოცხადდა 1988 წელს ალჟირში — პალესტინის ეროვნული საბჭოს სხდომაზე. საბჭო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოა. ამ აქტს მხარი დაუჭირა 253 დამსწრემ, წინააღმდეგი იყო 46, თავი შეიკავა 10-მა.
1994 წელს, ქ. ოსლოში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა და ისრაელს შორის შეთანხმების შედეგად შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია.
შეთანხმება არ ითვალისწინებდა სახელმწიფოს შექმნას. ორივე მხარემ იკისრეს ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება.
დე-ფაქტოდ პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს. მას არ გააჩნია რეალური სუვერენიტეტი. სახელმწიფოებრივი სტრუქტურები მხოლოდ ნაწილობრივ არის ჩამოყალიბებული.
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილს ნაწილობრივ ისრაელი აკონტროლებს. აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც პალესტინის ტერიტორიად მიიჩნევა, ისრაელის სრულ კონტროლქვეშაა, ისე, როგორც მთელი ქალაქი.
ისრაელი აკონტროლებს პალესტინელთა საზღვრებს, მათ შორის ღაზას სექტორის საზღვარს ეგვიპტესთან — 2024 წლის მაისიდან.
გაეროს მიერ პალესტინის ტერიტორიები ითვლება ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად. თვით პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, პალესტინას ისრაელის მიერ ოკუპირებულად აცხადებს.
პალესტინის ეროვნული გათავისუფლების ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაჰმუდ აბასმა, 2013 წლის 5 იანვარს გამოაცხადა — ნაცვლად „პალესტინის ეროვნული გათავისუფლების ადმინისტრაციისა“, გამოყენებულ იქნას „პალესტინის სახელმწიფო“. აშშ-ა, ისრაელმა და რამდენიმე ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს.
ქვეყნებში, რომლებმაც აღიარეს „პალესტინის სახელმწიფო“, გახსნილია დიპლომატიური წარმომადგენლობა — „პალესტინის სახელმწიფოს საელჩო“-ს სახელწოდებით.
დასავლეთის სანაპიროსა და ღაზის სექტორის ტერიტორია 6020 კვ.კმ-ა, 5227193 მოსახლეობით, სიმჭიდროვე — კვადრატულ კილომეტრზე 734 ადამიანი. პალესტინა მსოფლიო ქვეყნებში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიად ითვლება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
20/10/2025
