ისევ ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო

30 ოქტომბერს აფხაზეთმა რესპუბლიკის დღე აღნიშნა. 30 ოქტომბერს „ობიექტივის“ რადიოეთერში მოვისმინე ლომიას, ყოლბაიას, ჯოჯუას ხანგრძლივი ლაპარაკი ყოფილ ავტონომიასთან დაკავშირებით. მოვისმინე, მაგრამ ახალი ვერაფერი გავიგე. ისევ ძველი აზროვნება, თუმცა შიგადაშიგ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით ნათქვამი. იყო მინიშნება მუდამ „უკვდავ“ თემაზე, ანუ დაკარგულის დაბრუნებაზე, ძიება იმისა, სად დევს აფხაზეთის დაბრუნების გასაღები. მოსკოვშიო — ითქვა, თუმცა ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ თქვა, რომ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკის ცვლილების გამო, დაბრუნების თემა დასავლეთთანაც უნდა შეთანხმდესო და ა.შ.
„ტრიოს“ ლაპარაკმა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ნოდარ ნათაძე გამახსენა, რომელიც კატეგორიულად აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო სისტემის უნიტარულობის თაობაზე — არავითარი კონფედერაციაო — ამბობდა ის და მის მოსაზრებას ბევრი ეთანხმებოდა. და ამას ნათაძე აცხადებდა მაშინ, როდესაც აფხაზეთის ავტონომია ფაქტიურად გამოყოფილი იყო საქართველოდან და არავითარ შემობრუნებას „დედა სამშობლოში“ არ აპირებდა.
ნოდარს ახლოს ვიცნობდი, რაც მაძლევდა საშუალებას ყოველგვარი რევერანსების გარეშე მესაუბრა მასთან. ერთ-ერთის დროს ვუთხარი — ბატონო ნოდარ, რეალობა უნდა აღიქვა არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულად. აფხაზეთი თვლის, რომ წასულია და ნებაყოფლობით მისი დაბრუნება შეუძლებელია. ასეთი მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. მაგრამ ძალაც გამოვიყენეთ, თუმცა უშედეგოდ. ასე რომ თუ აფხაზები დაგვთანხმდებიან კონფედერაციაზე, როგორც მათ უნდოდათ — რამდენიმე წლის წინათ უნდა გავიზიაროთთო.
ყურადღებით მომისმინა და მტკიცედ, ჯიუტად მითხრა — არავითარი კონფედერაცია, მხოლოდ უნიტარული სახელმწიფო. „ობიექტივის“ ეთერში მოლაპარაკეთა მოსაზრებაც ისეთივე მოძველებულად მომეჩვენა, როგორც ნათაძის. ამ უკანასკნელის მოსაზრება იმ პერიოდისთვის მთლად ნაფტალინდაყრილად არ გამოიყურებოდა, მაგრამ „ობიექტივის“ მოლაპარაკეთა ნათქვამი სამგზის ნაფტალინდაყრილად მომეჩვენა — 2025 წლის მიწურულს, ახალი თაობის ქართველთა და აფხაზთათვის.
ქართველთა და აფხაზთა გაყრაში ორივემ „მტკიცე“ ხასიათი გამოავლინა, ურთიერთ აუტანლობით გაჯერებული. შეცდომები დავუშვით ორივემ, მაგრამ ამჯერად ჩვენს შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას. მათი შეცდომები დაე თვით აღნიშნონ, თუმცა ასეთს დღეს უდავოდ არ ექნება ადგილი.
გამარჯვებული არასდროს ლაპარაკობს შეცდომებზე. ის, რომ აფხაზეთი გამარჯვებულია — საეჭვო არაფერია, მაგრამ აფხაზეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქართველები ისეთ ადგილს ვჩხრიკავთ, სადაც გამოსაჩხრეკიც არაფერია. ვეძებთ ბზარს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში და ბუზის, სპილოდ გადაქცევას ვლამობთ, იმის იმედად ვართ, რომ აფხაზი გულს აიყრის რუსეთზე და დაგვიბრუნდება.
აფხაზს გული მართლაც ააყრევინეს მოსკოვზე, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, სხვაგვარი ურთიერთობა რუს, ქართველ და აფხაზ ბოლშევიკებს შორის. მაშინ სოციალისტური, კომუნისტური, ბოლშევიკური იდეები იყო მამოძრავებელი ძალა და არა ნაციონალური. მაშინ ბოლშევიკთა ბელადი ვლადიმერ ლენინი საბჭოთა კავშირის შექმნას დროებით ეტაპად მიიჩნევდა — მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის მსურველი. მაშინ შექმნილი ლოზუნგი — „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“ — მარტო ლოზუნგი არ იყო, მას უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო ქვეყნების პროლეტარების შეერთება.
ლენინის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებიც ისე უნდა გაწითლებულიყვნენ, როგორც რუსეთის იმპერია. ასე რომ, სად იქნებოდა აფხაზეთი — ცალკე საბჭოთა რესპუბლიკად თუ საქართველოს სსრ-ში შემავალი აფხაზი ბოლშევიკებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ გქონდა, თუმცა აფხაზეთში მცხოვრებნი აფხაზეთის სსრ-ს შექმნის აუცილებლობას პრიორიტეტულად მიიჩნევდნენ.
საბჭოთა კავშირში შესულ საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში აფხაზეთი არ შედიოდა, ვინაიდან აფხაზი ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ სოციალისტურ რევოლუციაში მათი წვლილი არ ჩამოუვარდებოდა ქართველ ბოლშევიკთა წვლილს.
ცენტრში გამართული კამათის შედეგად გადაწყდა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა, რომელიც სამოკავშირო ხელშეკრულებით იქნებოდა დაკავშირებული საქართველოს სსრ-თან. ასეთი სტატუსის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა. ამ სტატუსით აფხაზეთმა თითქმის 10 წელი იარსება და ბოლოს შევიდა საქართველოს სს რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური სსრ-ა.
10 წლის განმალობაში სტალინს მუდმივი დიალოგი ჰქონდა მის ბოლშევიკ მეგობართან, აფხაზთა ლიდერ ნესტორ ლაკობასთან. მცდელობამ შედეგი გამოიღო. ნესტორ ლაკობამ აფხაზ კოლეგებს და ხალხს უთხრა — სამოკავშირო ხელშეკრულებით მაინც საქართველოსთან ვართ და უმჯობესია გავხდეთ ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაშიო.
აფხაზები თვლიან, რომ ნესტორ ლაკობას გადაწყვეტილება სულაც არ ყოფილა ნებაყოფლობითი. მასზე იმოქმედეს სტალინმა და ბერიამ — დაბადებულმა აფხაზეთში.
თუ რატომ გახდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სადისკუსიო, მითუმეტეს საკამათო თემა, საქართველოს ისტორია უნდა გავიხსენოთ. 1499 წელს, მონღოლთა შემოსევის შედეგად დასუსტებული ცენტრალიზებული საქართველოს სამეფო დაიშალა პატარ-პატარა სამთავროებად.
1555 წელს მოხდა საქართველოს გაყოფა სპარსეთსა და ოსმალეთს შორის. დასავლეთი — ოსმალეთს, აღმოსავლეთი — სპარსეთს. იმერეთის სამეფო ცალკე, ისე, როგორც ქართლ-კახეთის სამეფო, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის სამთავრობოები.
სამეგრელოს სამთავროს თავისი ელჩებიც ჰყავდა ოსმალეთის სულთანის კარზე. იტალიელი მოგზაური, მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, წერს სამეგრელოს ელჩის ოსმალეთში გამგზავრებაზე თავისი დიდი ამალითა და ოჯახის წევრებით, რომლებიც ოსმალეთში გაჰყიდა და მხოლოდ თითო-ოროლა მოჯამაგირით დაბრუნდა სამეგრელოში.
იმჟამად დასავლეთ საქართველოში ადამიანებით ვაჭრობა ჩვეულებრივი რამ იყო. ჰყიდდნენ ცოლებს, შვილებს, მშობლებს, ნათესავებს. ადამიანთა ვაჭრობა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ძალისხმევით აღმოიფრქვა.
აფხაზეთის სამთავრომ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა რუსეთის იმპერიასთან, ოსმალეთთან. თბილისთან განშორება საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა. ასე რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას აფხაზეთს რომ დიდი მეზობლისკენ, და არა პატარა, სუსტი საქართველოსკენ ჰქონოდა კისერი მოღერებული, სულაც არ არის გასაკვირი.
საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიად შემოსულმა აფხაზეთმა დემოგრაფიული მატებაც განიცადა — საქართველოს კუთხეებიდან ჩასახლებული ხალხით — გაცილებით მეტით, ვიდრე აფხაზი მოსახლეობა. ჩასახლების ინიციატორები სტალინი და ბერია იყვნენ. თითქმის 400 ათასი მოსახლიდან, აფხაზი 60 ათასი იყო, დანარჩენი სხვა ერების წარმომადგენლები — სომხები, ბერძნები, ჩრდილო კავკასიელები, და ცხადია, უდიდესი უმრავლესობა ქართველები.
იყვნენ აფხაზები თავიანთი ბედით უკმაყოფილონი?
ცხადია, იყვნენ, მაგრამ საჯაროდ ამას არვინ აცხადებდა. მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში, სტალინის გარდაცვალების და ხრუშჩოვის მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი აფხაზი უხუცესების შეკრებას სოფელ ლიხნში, რომელმაც წერილობით მიმართა ხრუშჩოვს — რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად.
ხრუშჩოვის პასუხი იყო შემდეგი — სოხუმში ჩამოვაყენებთ მატარებელს და რუსეთთან შესაერთებლად ციმბირისკენ გაგაგზავნითო. პასუხმა დააშინა სეპარატისტი აფხაზები მრავალი წლით. და როდესაც ედუარდ შევარდნაძე გახდა საქართველოს სსრ კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სეპარატიზმმა კვლავ იჩინა თავი, რაშიც უარყოფითი წვლილი შეიტანა თვით შევარდნაძის შიდა პოლიტიკამ, განსაკუთრებით კადრების ცვლის სახით.
დღიდან საქართველოს ხელმძღვანელად გახდომისა მან დაიწყო წინამორბედი ვასილ მჟავანაძის კადრების შეცვლა არა მარტო თბილისში, არამედ ავტონომიურ ფორმირებებში. ძველი კადრები ჩანაცვლდა თბილისიდან მივლინებული ახალგაზრდა პარტიული მუშაკებით, რომელთა გამოუცდელობამ, საკუთარი თავის პარტიული ღმერთის შევარდნაძის მოციქულად წარმოჩენამ, აფხაზ მოსახლეობასთან საერთო ენის ვერ გამოძებნამ, გამოაღვიძა ლიხნი — თავისი შეკრებით. ისევ დაიწერა წერილი სსრკ-ს ხელმძღვანელ ბრეჟნევისადმი — შევარდნაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
პოლიტბიურომ იმსჯელა და ვითარების შესასწავლად საქართველოში მოავლინა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კუზნეცოვი. სტუმრის მიღების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს პავლე გილაშვილს. მე, მაშინ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედ ვმუშაობდი და სტუმრის მიღების პროგრამაც შევიმუშავე.
სტუმარმა მოინახულა საწარმო ობიექტები, შეხვდა მოსახლეობას — რაიონებში მოგზაურობისას. ყოველი დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ვახშმის დროს სტუმარი უზიარებდა თავის შთაბეჭდილებას შევარდნაძეს, გილაშვილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანს თამარ ლაშქარაშვილს, დამსწრე ვიწრო წრეს, რომელთა შორის იყო თქვენი მონამორჩილიც.
მოსკოვში კუზნეცოვის დაბრუნების შემდეგ პოლიტბიურომ იმსჯელა მის მოხსენებით ბარათთან დაკავშირებით და მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება, ნაცვლად გათავისუფლებისა, რისი იმედიც ჰქონდათ ლიხნის წერილის ხელმომწერებს, შევარდნაძე დააწინაურეს — გახადეს რა სსრკ ცკ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი და დაავალეს მას იმ საკითხების მოგვარება, რაც აღნიშნული იყო ლიხნის წერილში.
აფხაზთა საპროტესტო გამოსვლებს ადგილი აღარ ჰქონია საქართველოში ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მოსვლამდე.
გამსახურდიას მოღვაწეობის დროს იყო ხელისუფალთა ვერბალური კამათი, რაც ისეთ კულმინაციას არ აღწევდა, რასაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი. გახსოვთ ალბათ, მდინარე ღალიძგასთან შეიარაღებული ორივე მხარის პირისპირ დგომა და მერაბ კოსტავას მიერ გაწეული შუამავლობა. მაშინ ქართველებმა და აფხაზებმა ცეცხლის გახსნას, მოლაპარაკება ამჯობინეს.
აფხაზთა მიერ უკმაყოფილების გამოხატვას მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც ცენტრში, ანუ თბილისში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები იყო, ისე, როგორც მოსკოვში.
ლიხნის პირველი თავყრილობა სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, განსაკუთრებით სტალინის პიროვნების კულტის ხრუშჩოვის მიერ დაგმობის, რამაც თბილისში გულისწყრომა გამოიწვია — მასობრივი დემონსტრაციებით, სტუდენტთა მიტინგებით — სტალინის დასაცავად.
1956 წლის მარტში, როდესაც ანტისაბჭოური ელემენტების წაქეზებით სტუდენტები შეეცადნენ კავშირგაბმულობის სახლის დაკავებას და მსოფლიოსთვის საქართველოს დამოუკიდებლობის გახმოვანებას, ჯარმა ცეცხლი გახსნა. იყო მსხვერპლი.
თბილის-მოსკოვის პოლიტიკური დაძაბულობით გაყოჩაღებულმა აფხაზმა უხუცესებმა საქართველოდან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების წერილით მიმართეს ცენტრს.
მეორე წერილის თაობაზე ზემოთ მოგახსენეთ — რაც წახალისებული იყო შევარდნაძის არაკვალიფიციური საკადრო პოლიტიკით, რომელსაც ის ახორციელებდა წინამორბედი მჟავანაძის ჩანაცვლების დროს. მაშინაც რთული პოლიტიკური ვითარება სუფევდა თბილისში, რამაც აფხაზ უხუცესებს ხელი ჰკრა ლიხნის წერილის შედგენისკენ.
რას ითხოვდნენ შევარდნაძისგან აფხაზები?
აფხაზური უნივერსიტეტისა და ტელევიზიის გახსნას; საკადრო პოლიტიკის შეცვლას, ანუ თბილისიდან გაგზავნილი პარტიული კადრების თანამდებობებზე დანიშვნის ნაცვლად, აფხაზეთში მცხოვრები პარტიული კადრების გამოყენებას; სახელმწიფო ბიუჯეტში აფხაზეთიდან შესული თანხების უკან დროულ დაბრუნებას.
ცნობისთვის: ავტონომიებიდან და რაიონებიდან შესული თანხები თანაბრად ნაწილდებოდა ყველა რეგიონზე, მიუხედავად იქიდან ცენტრში გაგზავნილი თანხების რაოდენობისა.
სხვათა შორის, ანალოგიური პრობლემა იყო დამოუკიდებლობის პერიოდშიც აჭარის ავტონომიასთან მიმართებაში. აჭარის ავტონომიაში შესული თანხები გაცილებით აჭარბებდა ქვეყნის სხვა რეგიონებში შესულ თანხებს. საქართველოს ბიუჯეტის განაწილების დროს აჭარას დროულად და რაოდენობრივად უნდა დაბრუნებოდა თანხა, რაც არ ხდებოდა. აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, თბილისში გამოსაგზავნი თანხა ბათუმში რჩებოდა — აჭარის ავტონომიის სამეურნეო საკითხების დასაფინანსებლად, რამაც სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია ცენტრსა და აჭარას შორის.
დღევანდელი გადასახედიდან აფხაზეთის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გადაუჭრელ პრობლემად არ ჩანს, მაგრამ შევარდნაძეს სხვაგვარად ეჩვენებოდა — აფხაზეთში სეპარატიზმის გაღვივებად.
სეპარატიზმის ბაცილისგან თავის დაღწევის მიზნით თბილისი შეეცადა აფხაზეთის ხელისუფალთა მიერ შეცვლილი ტოპონიმიკის გაუქმებას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჩატარდა ქართველი მეცნიერების შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვალერიან კობახიასთან, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას, მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ურჩია ჩასულიყვნენ აფხაზეთში და იქაურ მეცნიერებთან ერთად გაერკვიათ საკითხი.
რჩევა ქართველმა მეცნიერებმა არ გაიზიარეს და მბრძანებლური ტონით განუცხადეს კობახიას — დააბრუნეთ ძველი სახელები და შეგვატყობინეთო.
საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილებაში მუშაობის დროს სისტემატურად ჩავდიოდი აფხაზეთში უცხოელ ტურისტებთან ერთად. სოხუმის „ინტურისტის“ განყოფილება ყოველთვის დიდის ყურადღებით და პროფესიონალიზმით გვიწევდა მასპინძლობას.
აფხაზეთის ავტონომიური სსრ მონახულების პროცესი გაგრძელდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჩემი მუშაობის დროსაც, რამაც მომცა საშუალება ახლოს გავცნობოდი რესპუბლიკის პარტიულ და სამეურნეო მუშაკებს.
თვალშისაცემი იყო ორად გაყოფილი საზოგადოება — ქართველები ცალკე, აფხაზები ცალკე. მათ შორის არ იყო დაძაბულობა, ურთიერთსიძულვილი, თუმცა მეგობრულსაც ვერ დავარქმევდი.
სტალინ-ბერიას გეგმა აფხაზთა ასიმილაციის თაობაზე იქ ჩასახლებული ქართველებით, დიდი გაჭირვებით სრულდებოდა, რაც თვით ჩასახლებულთა მხრიდან, აფხაზი მოსახლეობისადმი ქედმაღლური დამოკიდებულებით უნდა ავხსნათ.
რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე მიმდინარე თოქ-შოუს დროს რუსმა მეცნიერმა, პროფესორმა ნარაჩნინსკაიამ გაიხსენა პარიზის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა იქ მცხოვრები ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი, რომელსაც, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების განხილვის დროს უთქვამს — კავკასიის მთებიდან სამაჩაბლოში ჩამოსახლებული ოსების შესახებ, როგორც გაუნათლებელ, არაცივილიზებული ხალხის მოძალება საქართველოზე.
ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ ალბათ ის ეპითეტები, რითაც ვითომ ხუმრობით ვამკობდით საქართველოში მცხოვრებ ოსებს და აფხაზებს. ოსებს „კუსოჩნიკებს“ ვუწოდებდით, ავტოინსპექციაში მუშაობის დროს მძღოლებისგან ფულის გამოძალვის გამო, ხოლო აფხაზებს „თხისთავიანებს“, ანუ უჭკუოს, როგორც ოთხფეხა ცხოველს.
ეროვნული ხელისუფლების დროს ხომ ჩვეულებრივად იყო ქცეული გამოთქმა „ჩამოთრეული აფსუები“.
საბჭოთა ხელისუფლებამ მეტნაკლებად შეძლო ეროვნული უკმაყოფილების, ერთმანეთთან შეუთავსებლობის მოგვარება, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლა, გულის სიღრმეში ჩაგუბებული გაუტანლობის, როგორც ვულკანის ამოსაფრქვევად.
1992 წელს მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძეს წერილით მომართა აფხაზთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ, რომელიც თხოვდა მას რეალობის გათვალისწინებით სოხუმ-თბილისს შორის ახალი სახელმწიფო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. როდესაც შევარდნაძემ მას პასუხი არ გასცა, არძინბამ მეორე წერილი გამოუგზავნა — იგივე თხოვნით, მაგრამ შევარდნაძემ არც მეორეს უპასუხა.
ორივე წერილი შევარდნაძეს პირადად გადავეცი.
როგორც ჩანს, თბილისში დაბრუნებული შევარდნაძის წინაშე მდგარმა უამრავმა პრობლემამ, ახალდამთავრებულმა თბილისის ომმა, სამხრეთ ოსეთთან წამოჭრილმა დაპირისპირებამ, ისე, როგორც აფხაზეთთან და ყოფილი პრეზიდენტის გამსახურდიას მომხრეებთან არ მისცა მას საშუალება სხვა თვალით შეეხედა ავტონომიებთან ურთიერთობისთვის და არა ძალისმიერით. მან ძალისმიერი არჩია. ჩათვალა, რომ ასეთით იოლად მოახერხებდა ავტონომიების დამორჩილებას.
ვერ მოახერხა, ვინაიდან კრემლის ცხოვრებიდან გამოსული ადამიანისთვის აღქმა ახალი, არასაბჭოური ცხოვრებისა ძნელად გასაზიარებელი გამოდგა. საბჭოური ცხოვრება პარტიულ ხელმძღვანელს, თანამდებობის პირს ისეთ პიედესტალზე აყენებდა, როგორც პატივსაცემ ძეგლს, რომლის მიმართ დამოკიდებულება ყვავილების მიტანაში და არა დედის გინებით გამოიხატებოდა.
1992 წლის უზენაესი საბჭოს (შემდგომში პარლამენტის) არჩევნების ჩატარების შემდეგ ცნობილ იურისტ თედო ნინიძესთან ერთად კონსტიტუციის შემცვლელი მთავარი კანონპროექტის ჩამოყალიბება დაგვევალა.
ვმუშაობდით „იმელის“ შენობაში, სადაც შევარდნაძის სამუშაო კაბინეტი იყო. ჩვენს მიერ შემუშავებულ ვარიანტს ვაცნობდით მას და უკვე არჩეული უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენაც არ ჰქონდათ საბჭოური სახელმწიფოებრივი იერარქიული სისტემის, ისინი ისე ეპაექრებოდნენ შევარდნაძეს, როგორც თავიანთ ტოლს. და ეს მაშინ, როდესაც თვით შევარდნაძე თავს ისევ სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროს წევრად, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად მიიჩნევდა. ის საბჭოური ზეციდან მიწაზე დაშვებულიც არ იყო.
შევარდნაძე იყო ინიციატორი აფხაზეთში საქართველოს ჯარის შეყვანის, რკინიგზაზე მატარებლების ძარცვის ალაგმვის მიზნით, რომელიც საქართველოს ფაქტიური დაშლით დამთავრდა.
შევარდნაძემ არ მოინდომა აფხაზეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რისი შანსი მას ცნობილმა რუსმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ევგენი პრიმაკოვმა მისცა. ის აფხაზეთში ჩავიდა, მოელაპარაკა არძინბას, დაითანხმა თბილისში, შევარდნაძესთან შეხვედრაზე, რომელიც შედგა, თუმცა არა საქართველოს სასარგებლოდ.
პრიმაკოვმა ამ მოლაპარაკების შემდეგ დაწერა — შევარდნაძეს სურვილი ჰქონდა ხელშეკრულებაში ჩაწერილიყო სიტყვა „ერთიანი“ სახელმწიფო, არძინბას — „საერთო“. ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკების დასასრულს ერთ-ერთ რესტორანში გაგრძელდა საუბარი. იყო სადღეგრძელოები, ურთიერთპატივისცემის გამომხატველი.
პრიმაკოვის ძალისხმევამ შედეგი არ მოიტანა, ისე, როგორც ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსთა ე.წ. შლაინინგის პროცესმა.
პროცესს საფუძველი ჩაეყარა გერმანელი, ბრიტანელი კონფლიქტოლოგების ინიციატივით და ქართველი კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის თაოსნობით. პირველი შეხვედრა ავსტრიის დაბა შლაინინგში გაიმართა. 2-3 წლის განმავლობაში, წელიწადში 2-ჯერ მხარეები ვხვდებოდით ერთმანეთს ხან ავსტრიაში, ხან გერმანიის ქალაქებში, ერთხელ დიდ ბრიტანეთში.
შევიმუშავეთ ერთმანეთთან კავშირების აღდგენის გეგმაც. აფხაზეთის მხარე მზად იყო ჩვენსკენ გადმოსადგმელი ნაბიჯისთვის, რასაც საქართველოს ხელმძღვანელობამ ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია. ბოლო შეხვედრამ 2003 წლის შემოდგომით გაიმართა, რასაც საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა — „ვარდების რევოლუციით“ და ხელისუფლების შეცვლით.
სააკაშვილის ამბიციურმა, ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ ავტონომიების მიმართ ქვეყანა ომის ცეცხლში გაახვია — ავტონომიური ფორმირებების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა გამოიწვია. ისინი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უარი თქვა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მათი საქართველოს შემადგენლობაში პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრაზე.
ზემოთ მოგახსენეთ საქართველოს მხრიდან დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც დააშორა ერთმანეთს აფხაზი და ქართველი ხალხები; ისიც ვთქვი, რომ თურმე მათი უკან შემობრუნების გასაღები, როგორც ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსი აცხადებს მოსკოვშია. სცდებიან ე.წ. პოლიტიკოსები, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი.
სცდებიან?
ვითომ სცდებიან, ვინაიდან სიზარმაცისა და ზერელეობის, ისე, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკების პოზიტიურად წარმართვის ტექნიკის არქონის გამო თავიანთ გასაკეთებელ საქმეს სხვას ავალებენ — ევროკავშირს, აშშ-ს, რუსეთს, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოებას. მაინც ვის და რის გულისხმობენ აბსტრაქტულ მცნებაში — „საერთაშორისო საზოგადოება“ ჩემთვის გაურკვეველია.
გასაღები თუ მართლა კრემლშია, რატომ არ ლაპარაკობენ მასთან; რატომ არ ასრულებენ დაპირებას, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ რომ გააკეთეს?
შეგახსენებთ. მაშინ „ოცნება“ დაგვპირდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა „ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისადმი“ — მერამდენედ გვესმის ამ ტრიბუნიდან. და მერე რა?
არც არაფერი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი და გუშინდელი არ არის და არც იყო მზად ჩვენგან წასულ ყოფილ ავტონომიებთან საერთო ენის გამოსაძებნად. ისინი უახლოეს მომავალში არ დაბრუნდებიან. შორეულ პერსპექტივაში კი მათთან კონტაქტების არქონის პირობებში, საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.
პრობლემა ჩვენშია და არა რუსეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
04/10/2025