22.09.2025

ძველი პრობლემებით არჩევნებისკენ

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა საქართველოს ცხოვრება ისე მიედინებოდა, როგორც მტკვარი — ბედკრული ქვეყნის ისტორიის მომსწრე. მაშინ ვერვინ იფიქრებდა, რომ ყოველმხრივ გაზომილი ცხოვრება, კომპარტიისა და მთავრობის რეცეპტით გამოწერილი, მალე დასრულდებოდა და გზას დაუთმობდა ე.წ. დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის ყბადაღებულ ლოზუნგურ არსებობას. საერთო ჯამში არაკომპეტენტურობას, დილეტანტიზმს,  ქაოსს, ხალხის შეგნების დეგრადაციას, ქვეყნის, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს.

80-იან წლებში პარტიის ერთ-ერთ პლენუმზე, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ტარდებოდა, სიტყვით გამოსულმა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილმა განაცხადა — „დამჭერებშიც ბევრია დასაჭერიო“. პლენუმი მიძღვნილი იყო სამართალდამცველი ორგანოების მუშაობისადმი და ყველა მომხსენებელი აღნიშნავდა კორუფციასთან მიმდინარე ბრძოლაში გაწეული მუშაობის თაობაზე.

პლენუმზე დამსწრეს მეხსიერებაში აღმებეჭდა გილაშვილის ნათქვამი, იმჟამინდელი ცხოვრებისთვის უჩვეულო კრიტიკა ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერისგან — მოკლე, კონკრეტული, დასამახსოვრებელი.

40 წელზე მეტი გავიდა იმ პლენუმიდან დღემდე, მაგრამ კორუფციის დამარცხება ვერც მაშინ მოხერხდა და ვერც დღეს — გადასხვაფერებულ საქართველოში. უფრო უარესიც, კორუფციამ ისეთი სახე შეიძინა, რომ საბჭოური, საბავშვო ბაღის აღსაზრდელის დონეზე მოგვეჩვენება — პარალელების გავლების შემთხვევაში.

იჭერენ იმას, ვისაც სიტყვის თქმასაც ვერ უბედავდნენ — თავდაცვის მინისტრს, სახელგანთქმულ მოკრივეს, მაღალი რანგის მოხელეებს და ა.შ. მმართველი პარტიის ყოფილ წევრებს, მოარული ხმებით ქვეყნის ყოფილ ლიდერებსაც ემუქრებიან დაჭერით, „ოცნებელები“, ისინი, ვინც ჯერ არ დაუჭერიათ. დაჭერობანა გრძელდება — განსაკუთრებით გაცხოველებით ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე მიძღვნილი.

ჩაივლის არჩევნები და შარშანდელ საპარლამენტო არჩევნების კრიტიკას, წლევანდელი ადგილობრივის კრიტიკაც დაემატება. მედიას ახალი სალაპარაკო გაუჩნდება — 24-საათიან რეჟიმში. ხელისუფლების გარეთ დარჩენილები გააგრძელებენ ხელისუფალთა ლანძღვას; ხელისუფალნიც, თავიანთ მხრივ ოპოზიციის. და დაიწყება ახალი რაუნდი — ქართული გამოთქმის მსგავსად — „შე დრუნჩიანოო“. არადა, ოთხფეხა შინაური ცხოველივით ორივეს უყვარს ჭამა — უზომო. მომიტევეთ, შევცდი — იმ ოთხფეხამ იცის ზომა ჭამაში, ამათ არ იციან.

ზემოთ, გასული საუკუნის 80-იანი წლები ვახსენე საბჭოური ცხოვრებისა, რომელიც კორუფციული მადიანობით ვერაფრით გაუტოლდება დღევანდელ პოლიტიკოსთა მადას, რომელმაც კარგა ხანია ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრებიც გადაკვეთს და ისეთ შორეულ ქვეყნებშიც დაიდო ბინა, უძრავ ქონებას რომ უძახიან, კომუნისტები სიზმარშიც ვერ იხილავდნენ.

ხელისუფლებაში მყოფნი ყველა ღონეს , ხერხს მიმართავენ ხელისუფლებაში დასარჩენად, ოპოზიციაც ყველაფერს იღონებს ხელისუფლებაში მოსახვედრად. მიზანი მარტივია — ქვეყნის გამოხვრა. არც ერთს ქვეყანა არ სტკივა. არ იღვწის მისთვის — მისი აწმყოს და მომავლისთვის. ეტყობა რამე ამ ქვეყანას ამ ორის ნაღვაწი?

როდესაც მერობის კანდიდატი, დღევანდელი თბილისის მერი მესამედ ძალობს გამერებას და მთელ თბილისს საკუთარი პორტრეტებით ავსებს — ერთობ ძვირადღირებულით, საქვეყნო საქმეს ნიშნავს, ქვეყნის დედაქალაქის სიკეთეს?

როდესაც მედიაში, 24-საათიან რეჟიმში ისმის მისი სახელი, კომენტარი ნებისმიერ საკითხზე, ქუჩების სიგანეზე გადაჭიმულია მისი ფიზიონომია — ფულის განიავებაა — სახელმწიფო ფულის. ქალაქის და ქვეყნის მოჭირნახულე ნაკლებს ილაპარაკებდა და მეტს გააკეთებდა, მაგალითად რუსთაველის მოკლე პროსპექტსა და შემოგარენ ქუჩებზე არსებული სახლების ფასადებს მაინც, სახლების შიდა ეზოებს, აღარაფერს ვამბობ სხვა უბნების სახლების ფასადებზე, ჩამოცვენილ ბათქაშზე, საწვიმარი წყლის დაზიანებულ მილებზე, შენობის ფასადებზე გაწყვეტილზე, საიდანაც ჩანჩქერივით ჩამოედინება წყალი, და არა მარტო ფასადს ანადგურებს, არამედ საძირკველსაც.

ქალაქში მოუწესრიგებელია განათების სისტემა — ცასში ატყორცნილი, მაგრამ ქუჩის განათებისთვის მოუხერხებელი. ქუჩის გასანათებლად ლამპიონების დამოკლებაა საჭირო და არა ავტომანქანის სავალ ნაწილზე ხელოვნური ბუჩქებისა და მცენარეების დარგვა ან მიწისქვეშა გადასასვლელთან მიწისზედა გადასასვლელის მოწყობა. იხილეთ ფილარმონიის წინამდებარე სივრცე და სხვა მრავალი.

ქალაქი უნდა გიყვარდეს. ქალაქი უნდა გტკიოდეს, უნდა განიცდიდე მის ყოველდღიურ ცხოვრებას — მითუმეტეს  ისტორიულს, რითაც შენი ქალაქი სხვა ქალაქისგან გამოირჩევა. აბანოთუბანში, ქედზე, ნარიყალას გვერდით რომ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს წამოჭიმავ — ვერაფრით დაამტკიცებ, რომ შენ, ქალაქის მერი მოკრძალებით, საქმის ცოდნით ეპყრობი ქალაქს.

რადიოში მოვკარი ყური თბილისში ხუროთმოძღვართა ფორუმი იმართება და მასში უცხოელი არქიტექტორებიც იღებენ მონაწილეობასო. მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხედავ თბილისში მოღვაწე არქიტექტორებს. ნუთუ არიან ასეთები? და თუ არიან, რატომ აქვს ადგილი ესოდენ ქაოტურ მშენებლობას?

რატომ არის გატაცება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობით?

არის თუ არა გათვალისწინებული სეისმურობა, მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება და სხვა ბუნებრივი მოვლენები?

14 წელია „ოცნება“ მართავს ქვეყანას. სიტყვა „მართვა“ ხმამაღალი ნათქვამია. ქვეყანა თვითმართვაზეა გადასული. ხელისუფლება საკუთარი ცხოვრების მოწყობაში გართული, ზოგი სასახლეებს იშენებს შინ და გარეთ, ბინებს ყიდულობს მრავლობით რიცხვში, დრო აღარ რჩებათ საქვეყნო საქმისთვის, ისეთის, როგორებიცაა საწარმოების შექმნა, ხალხის დასაქმება, დემოგრაფიული პროცესის მოგვარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა მრავალი.

„ოცნება“ არ წუხს ქვეყნიდან ხალხის გადინებაზე — ლუკმა-პურის საშოვნად, თბილისის მოსახლეობის გაზრდაზე. სოფლიდან და რაიონებიდან ჩამოსული ხალხის გამო, რომელთა დასაქმება, ისედაც დაუსაქმებელი თბილისელების ფონზე შეუძლებელია. თბილისის მერი, რომელსაც გაუტკბა მერობა, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, საკუთარ თავს ტენის თბილისელებს.

როდესაც თბილისის ყველა კუთხე-კუნჭულში, იქაც, სადაც 8 წლის მერობის დროს, მერის ფეხს არ გაუვლია, მერის „ზესერიოზული“ პორტრეტი, ძროხაზე უნაგირს მაგონებს. არავითარი მოკრძალება, თბილისელთა მიმართ პატივისცემა, ძალისმიერი ქცევა — მე ვარ მერი და მერი უნდა ვიყოო — იკითხება მისი პორტრეტიდან.

ელექტრონული მედიიდანაც კალაძის დიდაქტიკური სიტყვები გვესმის — დასავლეთის გინებით — ყველაფერი სიბინძურე იქიდან მოდისო. საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილმა თუ იცის ბინძური დასავლეთის შესახებ. დანარჩენმა, ქართული ტელეარხების შემყურემ დასავლური „სიკეთეების“ მეტი არაფერი იცის. რეალური სურათი დასავლეთისა, მისი ცხოვრება უცნობია საქართველოს მოსახლეობისთვის, რაშიც ბრალი „ოცნებასაც“ მიუძღვნის, რომელმაც დასავლელთა ბრძანებით ხალხს წაართვა რუსული ტელეარხების ყურების საშუალება. არადა, მათი ყურების შემთხვევაში აღარ დაჭირდებოდა „ოცნებას“ მტკიცება იმისა, თუ რა მტარვალია დასავლეთი; რომ დასავლეთი ეგოისტია, საკუთარ თავზე ფიქრობს და არა საქართველოზე ან მის ხალხზე.

დასავლეთი, რომელიც საკუთარ ხალხზე არ ფიქრობს, საქართველოზე იფიქრებს?

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დაარწმუნეს ხალხი ამაში — ბოლო 2 წლის გამოკლებით. ხელისუფლება და ოპოზიცია ტანდემში მადლობისა და ქების სიტყვებს არ იშურებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბრიუსელის შტაბ-ბინის, ამერიკელი კონგრესმენების მიმართ. ორივენი ლანძღვა-გინების სიტყვებით მოიხსენიებდნენ რუსეთს ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე — ოკუპანტი, აგრესორი, საქართველოს გამაჩანაგებელი, რომელიც ყოველდღიურად ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და სურს ისევ ჩაგვითრიოს რუსული დიქტატურის ჭაობშიო.

დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტი ყაველაშვილიც, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ავსიტყვაობას არ დაიშურებს რუსეთის მიმართ.

ოპოზიციონერთა ერთი ფრთა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ვაშინგტონში იმყოფება და ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება — საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით. ერთ-ერთმა იქიდან გვაუწყა თუ როგორ უკაკლავენ კონგრესმენებს ხელისუფალთა კავშირებზე ჩინეთთან, ირანთან და ცხადია რუსეთთან; როგორ ლანძღავს „ოცნება“ აშშ-ს, ტრამპის ადმინისტრაციას და თხოვენ მათ „ოცნების“, ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ კონგრესის დოკუმენტის მიღებას.

მეორე ფრთა, ხაზარაძისა და მისი გუნდის სახით ბრიუსელშია და იქაურ მოხელეებს ხვდება, ცხადია ისეთივე მიზნით, როგორიც ნაცებს აქვთ.

დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, წინა დემოკრატიულის მსგავსად, გულზე არ ეხატება ივანიშვილი და „ოცნება“, და ყველაფერს გააკეთებენ მათი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. მცდელობაც ჰქონდათ დემოკრატებს, მაგრამ ვერ შეძლეს.

აშშ-ს სახელმწიფო მანქანა მუდამ მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გუშინ არ გამოუვიდა სხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, დაივიწყებს და თავს დაანებებს მცდელობას?

 აშშ-ი ისაა, ვინც წარუმატებლობის გამო საგონებელში არ ვარდება. პირიქით, ახალი შემართებით ქსოვს ბადეს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების გასახვევად, მის ნაცვლად პროამერიკულის მოსაყვანად.

მაგალითი ამისა ბელორუსი გახლავთ. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელთა მიერ მტრად შერაცხული. გაერთიანებული ევროატლანტიკური სივრცე ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ევროპის ბოლო დიქტატორს უწოდებდა. ევროპა-ამერიკა-ბელორუსს შორის გაწყდა ყოველგვარი კავშირი. და როდესაც ყველას ეგონა, რომ ბელორუსისკენ დასავლელი აღარასოდეს გაიხედავდა, მოხდა სასწაული — ტრამპმა ბელორუსული ფურთხი ჩამოირეცხა და გენერალი კელოგი — უკრაინასთან მომლაპარაკებელი აფრინა მინსკს.

გახარებულმა ლუკაშენკომაც დაივიწყა ამერიკული „ქება“ და კელოგი ისე ჩაიხუტა, როგორც დიდი ხნის უნახავი ძმა. და არა მარტო დაივიწყა, დაჭერილი ოპოზიციონერები, მათ შორის უცხოელები უმალ გამოუშვა ციხიდან.

ვაშინგტონი მინსკს დაჰპირდა ბელორუსული ავიაკომპანიის „ბელავიას“ ფრენის აღდგენას აშშ-ი. იყო სხვა დაპირებებიც, მაგრამ ამერიკამ არ შეასრულა, უფრო სწორად ბელორუსს მოსთხოვა რუსეთში, ჩინეთში, ირანში, სხვაგან ფრენების გაუქმება, რის შემდეგ დართავს „ბელავიას“ აშშ-ი ფრენის უფლებას.

ჩვენს „პოლიტიკოსებს“ „ბელავიას“ მაგალითი არაფერს ეუბნება, ისე, როგორც ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის დაპირება. ჩვენ ისევ ევროკავშირი გვინდა. ამ „ჩვენში“ ორივე იგულისხმება — ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ოპოზიციას დღესვე უნდა ევროკავშირში შესვლა, ხელისუფლებას — 2030 წლისთვის. არც ერთი არ ფიქრობს რას შემატებს საქართველოს ევროკავშირი დღეს ან ხვალ.

არ ფიქრობს?

არ ფიქრობს იმიტომ, რომ ფიქრის აპარატი ქონით აქვს დაფარული. ქონი კი ზედმეტი ჭამით არის გამოწვეული — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ერთხელ კობახიძემ ბრძანა — „ოცნებელმა“, სადმე დადებული ფული რომ ნახოს, ხელს არ ახლებსო. არადა ამ „სიბრძნის“ შემდეგ რამდენმა „ოცნებელმა“ გაისვარა ხელი?

კობახიძეს ჰგონია, რომ პარლამენტართა ხელფასი, რომელიც თითქმის იგივეა, როგორიც ევროპარლამენტარის, არ უნდა აძლევდეს უფლებას პარლამენტარს არათუ „უპატრონოდ“ დადებული ფულის აღების, არამედ სხვა გზით, „შავს“ რომ უძახიან.

რამდენი „ოცნებელი“ „გაშავდა“ ამ „შავი“ ფულით?

ერთ-ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ასე რომ, ხელფასებს მოვუმატებთ პარლამენტარებს, საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებს იმიტომ, რომ „უპატრონოდ“ დადებული ფულისკენ ხელი არ გაიწვდინონ — ფუჭი ვარაუდია, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა საფეხურებმა იხეირეს, მაგრამ „უპატრონო“ ფულის ჯიბეში ჩადების პროცედურას წინ არაფერი დაუდგა.

რა მიიღო მოსახლეობამ — რიგითი რომ ჰქვია?

გაჭენებული ფასების მატება ყველაფერზე, უპირველესად კვების პროდუქტებზე. ქართული სამზარეულო სხვა კერძებთან ერთად თუ რით არის განთქმული — ხაჭაპურია, რომელიც ყველა სუპერმარკეტში, კვების ობიექტშია სხვადასხვა სახის — ფენოვანი, იმერული, აჭარული, მეგრული, მაგრამ ხაჭაპურია?

ნამდვილი ხაჭაპური, ყველიანი და არა მაკარონიანი — 20-25 ლარია, ასეთს პენსიონერი ვერ იყიდის. და თუ იყიდა, სხვას ვერაფერს იყიდის, პენსია არ ეყოფა.

ხაჭაპურის ქვეყანაში ნამდვილ ხაჭაპურს მავანმა „შეხვედრა წარსულთან“ შეარქვა — იაფად რომ ყიდულობდა ყველიან ხაჭაპურს.

არის ასეთი მომღერალი „უცნობი“, რომელმაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრძანა — საქართველო თავისი ისტორიით, მდიდარი კულტურით, უნიკალური წეს-ჩვეულებებით გაამდიდრებს ევროკავშირსო; ჩვენ ჩვენი ქუდით უნდა შეგვიშვან ევროპაშიო — იყო მისი ნათქვამის შინაარსი. გაჩეჩილაძეს, ანუ „უცნობს“ თავში აზრადაც არ მოსვლია უნდა თუ არა ბრიუსელს დიდი ისტორიის და ტრადიციების მატარებელი საქართველო თავის რიგებში?

ან რით ვართ ევროკავშირის სხვა წევრებზე მაღლა მდგომი — ისტორიით, კულტურით? ან ის ევროკავშირი ისეთია, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, მუსიკიდან?

ფულზე გაგიჟებული ევროკავშირი, რომ „შავ ტარაკანას“, უკრაინელ ზელენსკის გულში ჩაიკრავს და მტლაშამტლუშს გაუმართავს იმისთვის, რომ მისგან „ატკატი“ მიიღოს — რა ევროპაა?

 საქართველოს „პოლიტიკოსებს“ სურთ ევროკავშირში გაწევრება. იკითხავთ — რატომ? იმიტომ, რომ სისტემატურად იკუნტრუშონ წინ და უკან, ხელი გამოჰკრან თანამდებობას. რით ვართ ნაკლები ევროპარლამენტის თავმჯდომარე მეცოლაზე — მალტელ ქალბატონზე?! ან ბრიყვ ესტონელ კაია კალასზე. ურსულა ფონ დერ ლაინზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა უთხრა მას სხდომაზე — თქვენ, თქვენი უცოდინრობით დაანგრიეთ ევროკავშირიო.

ევროპარლამენტარები ხედავენ ევროკავშირის ნგრევას, დაპირისპირებას წევრ-ქვეყნებს შორის, ბრიუსელელი მოხელეების მიერ წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებელი აზროვნების ფეხქვეშ გათელვას, თანაც ისეთი, ქვეყნების, რომელთა ევროკავშირული წევრობა ათეულობით წელს მოითვლის. წარმოვიდგინოთ იქ გაწევრებულ საქართველოს რა დღეში ჩააგდებენ ურსულას მსგავსი „ბოსები“, მაგრამ იქ კუნტრუშს მოწყურებული აქაური „პოლიტიკოსი“ არასდროს მიაქცევს საკუთარი ქვეყნის დამცირებას ყურადღებას.

აქაური „პოლიტიკოსები“ ხალხს ჰპირდებიან ევროკავშირში შეყვანით იქაური კეთილდღეობის მიღებას. მაინც რაზეა ლაპარაკი? — სოციალურ კეთილდღეობაზე? თუ ასეთი არსებობს იქ, რამ გამოიყვანა მილიონი ფრანგი ქუჩაში? რამ დაატაკა ის პოლიციასთან, რამ დააწვევინა მას ავტომანქანები, ჩაამსხვრევინა მაღაზიების ვიტრინები?

მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ლონდონისა და ბრიტანეთის სხვა ქალაქების ქუჩებში ხელისუფლების წინააღმდეგ, სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ იქ ექიმთან მოსახვედრად მრავალთვიანი, ხშირად მრავალწლიან რიგში უნდა ჩადგე.

გამოსვლები იყო ბელგიაში, ნიდერლანდებში, ევროპის სხვა ქვეყნებში. პროტესტანტები მოითხოვდნენ ნორმალური სოციალური პირობების შექმნას, უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებაზე უარის თქმას და უკრაინისთვის გამიზნული მილიარდების საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის მოხმარებას.

ლონდონის მასობრივი გამოსვლები აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის სახელმწიფო ვიზიტს დაემთხვა. მასპინძელმა დიდმა ბრიტანეთმა ამერიკელი მაღალი სტუმრის მიღებისთვის ლამის ტყავი გაიძრო და ისეთი სპექტაკლი დადგა, ზღაპარს რომ ჰგავდა — ისტორიულ ზღაპარს, წარსულიდან დღევანდელობაში გადმოსულს — მოოქროვილი ეტლებით („კარეტებით“), სპეცფორმაში  გამოწყობილი საპატიო ყარაულით, ცხენოსანი გვარდიის ესკორტით, მეფის სასახლეში გამართული მიღებით, სუფრით, რომელიც გამორჩეული სამეფო ჭურჭლით იყო დამშვენებული.

მედიის მიხედვით, ტრამპის ვიზიტი 15-17 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. და მერე რა?

არც არაფერი, გარდა ტრამპის მიერ ბრიტანეთის სამეფო კარის პროტოკოლის უგულებელყოფისა, რომლის მიხედვით ბრიტანეთის მეფე ხელშეუხებელია — პირდაპირი მნიშვნელობით. მისი შეხება აკრძალულია.

იცოდა თუ არა ტრამპმა ამის შესახებ?

უდავოდ იცოდა, მაგრამ ფეხებზე დაიკიდა, ვინაიდან ის თვლის, რომ მსოფლიოს იმპერატორია და დიდი ბრიტანეთის მეფეზე მაღლა დგას. და აი ამ სიმაღლიდან, როგორც ძმაკაცს, ისე უტყაპუნა ხელი ზურგზე — გასამხნევებლად, საპატიო ყარაულის ჩამოვლის დროს მეფეს გაუსწრო, რომელიც საწყლად უკან მიჩანჩალებდა.

ტრამპის მიხედვით, აშშ-ია დიდი, ყველაზე დიდი მსოფლიოში და მასთან ვერაფრით მივა „დიდი ბრიტანეთი“.

ტრამპი მართალია. სინამდვილეში „დიდი ბრიტანეთი“ დღეს მხოლოდ დასახელებაა და ისეთივე ანტიკვარულია, როგორიც ტრამპის მიღების ცერემონიალი. „დიდი ბრიტანეთი“ — ისტორიული მაშინ  იყო დიდი, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ფლობდა, როგორც კოლონიზატორი. მარტო ინდოეთი რად ღირს?!

ტერიტორიით და წიაღისეულით მცირე „დიდმა ბრიტანეთმა“, სხვა ქვეყნების დაპყრობით და სიმდიდრეების ძარცვით გასული საუკუნის 60-იან წლებამდე მოატანა — ანტიკოლონიური მოძრაობის ფართოდ გაშლამდე.

მე-2 მსოფლიო ომმა კაპიტალიზმს ახალი ლიდერი გაუჩინა — აშშ-ს სახით, რომელმაც მსოფლიო ჰეგემონის სახელიც მოიპოვა. ასე რომ ერთ დროს „დიდი ბრიტანეთი“, დღეს „მცირე ბრიტანეთია“, თუმცა მსოფლიო პოლიტიკაში ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდების დიდოსტატად დარჩენილი. ბრიტანეთის სპეცსამსახურები, მუხანათობით განთქმულნი, ისევ იმ საქმეს აკეთებენ, რასაც „დიდი ბრიტანეთის“ დიდობის დროს. სად და რაში არ არის მისი ხელი?

უკრაინაში, ომის გახანგრძლივებაში დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. სწორედ მან ააღებინა ხელი ზელენსკის რუსეთთან მიღწეული შეთანხმებიდან  და ნაცვლად ზავისა, უბრძანა ომის გაგრძელება.

ბრიტანეთის სპეცსამსახურების გავლენით და წაქეზებით ისრაელი შევიდა აზერბაიჯანში და პრორუსი ალიევი, ანტირუსად გადააქცია.

ბრიტანეთმა, აშშ-ნ ერთად გადააგვარა სომხეთის ხელისუფლება და რუსოფობად აქცია.

ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო იქ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იგრძნობა ბრიტანული სპეცსამსახურების ღია თუ გახსნილი მუშაობის კვალი. ბრიტანეთი შემცირებულია, მაგრამ მზაკვრობით ანგარიშგასაწევი.

ევროატლანტიკური სივრცე, ენერგეტიკული კრიზისიდან გამომდინარე, უნიათო, არაპროფესიონალი პოლიტიკოსების წყალობით სწრაფად მიექანება დაღმა, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში, დემოგრაფიაში. მიგრანტებმა წალეკეს ამერიკა-ევროპა, დასცეს ეკონომიკური ზრდის ტემპი, გააუარესეს სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ამას ქართული პოლიტიკა ვერ ხედავს. მას ევროპაში ყოფნა სურს , იმ ევროატლანტიკურ სივრცეში, რომელმაც ცუდის მეტი ვერაფერი გვარგუნა — ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ისე, როგორც სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეცნიერება, განათლება. ნაცვლად მათხოვრობა გვასწავლა — მსოფლიოში ხელგამოწვდილი სიარული, ქართველი მოწყვიტა თავის ფუძეს და ცხრა მთას იქით წაიყვანა ლუკმა-პურის საძიებლად. ასეთს არასდროს ჰქონია ადგილი ჩვენს ისტორიაში, რასაც ჰქონდა, ძალით გადასახლება იყო, მაგრამ ნებაყოფლობითი, რასაც 34 წლის განმავლობაში აქვს ადგილი — არასდროს.

ევროატლანტიკურმა სივრცემ გახიზნა საქართველოდან აბორიგენი მოსახლეობა და ნაცვლად ინდოელი, აფრიკელი, სირიელი, … ჩამოასახლა.

20 სექტემბერს ჩვენგან წასულმა სამხრეთ ოსეთმა რესპუბლიკის დღე აღნიშნა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს მიულოცა ღირსშესანიშნავი თარიღი და დაჰპირდა უსაფრთხოების დაცვაში, ისე, როგორც სოციალური და სხვა საკითხების მოგვარებაში. პუტინმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთმა თავისი ბრძოლით, თავგანწირვით მიაღწია დამოუკიდებლობას.

პუტინის მისასალმებელმა წერილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი თავში აზრადაც არ გაივლებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას. არადა იყო ამის შანსი 2008 წლის ომის შემდეგ, მაგრამ სააკაშვილმა, ივანიშვილმა არაფრად ჩააგდეს საქართველოს გამთლიანებისთვის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დაწყება.

პირიქით, დასავლელთა წყალობით, სააკაშვილმა დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტა. მაშინაც და დღესაც ხელისუფლებას ეგონა და ჰგონია, რომ დასავლეთის დახმარებით დაგვიბრუნდებოდნენ ყოფილი ავტონომიები. მაშინაც ვისმენდით და დღესაც ვისმენთ მის დაპირებას წარსულების დაბრუნების თაობაზე, საქართველოს აღდგენილ ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ ისევ აღუდგენელია. ისევ ტყუილი დაპირება, სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა უშედეგო. ერთხელ, პარლამენტის სხდომაზე ჩვენი ფრაქციის წევრმა აკადემიკოსმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა ბრძანა — ონანიზმი სასიამოვნოა, მაგრამ შედეგი არ ახლავსო. დასავლეთის დაპირებაც ამას ჰგავს.

„ოცნების“ ხელისუფლება წუხს — ოპოზიცია ამერიკა-ევროპაში დარბის ინსტრუქციების მისაღებად, საქართველოში ბუნტის ასაგორებლადო. შეშურდა! არადა, თვით „ოცნება“ და მისი ლიდერი ივანიშვილი დასავლეთმა არ მოგვიყვანა?

მოგვიყვანა, თან გვითხრა საძულველი ნაცების ყოფნა უნდა აიტანოთო, ამისთვის კოჰაბიტაცია უნდა გამოიყენოთო, ანუ „ოცნებამ“, ნაცებთან თანაცხოვრება უნდა დაიწყოსო.  და „ოცნებაც“ დაეთანხმა.

უფრო მეტიც, „ოცნებამ“ დასავლეთის დაკრულზე აცეკვებულმა, კონსტიტუციაშიც ჩაწერა საქართველოს გზა ნატოში, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრებააო. ასე რომ, იმას, რასაც ოპოზიცია აკეთებს, „ოცნებამ“ უკვე გააკეთა და ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორება საქართველოს მიერ მიღებული კანონების სანაგვე ყუთში ჩაყრაზე გადის, რუსეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობის უკიდურეს დაძაბვაზე, მისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე და რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პროვოკაციების მოწყობაზე. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დასავლელთა ბრძანებების შესრულებას. ის ჩიხშია მოქცეული.

დასავლეთმა მოათვინიერა აზერბაიჯან-სომხეთი, ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ დაგვიმორჩილა ბოლომდე. დასავლეთში, საქართველოს მოკავშირე არ ჰყავს, როგორც ჩანს არც სამეზობლოში. სომხეთ-აზერბაიჯანის პოტენციალი არაფერში გამოგვადგება, უსაფრთხოებაში განსაკუთრებით.

ერთადერთი ქვეყანა, ვისაც დასავლეთის წინააღმდეგ შეუძლია დგომა, რუსეთია და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც „შოსი“ და „ბრიკსია“. მათთან უნდა გვქონდეს კავშირი და არა მტაცებელ დასავლეთთან, რომელიც ფიქრობდა, ფიქრობს და იფიქრებს საკუთარ კეთილდღეობაზე და სხვის გაგლეჯვაზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

22/09/2025